ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

„ხეების გადატანა, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ერთი თვის ვადაში უნდა დავასრულოთ“, – განაცხადა კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელმა ირაკლი შანავამ. მისივე ინფორმაციით, ხეების გადატანის პროცესი ერთი თვეა მიმდინარეობს. გიგანტური ხეების გატანა იგეგმება გემებით. საჭირო ინფრასტრუქტურის – ზღვამდე გზის გაყვანაზე და ხეების გადატანაზე სწორედ კომპანია „ზიმო“ მუშაობს.

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა.

12665738_1125879960770215_360139998_n

ხე, რომელიც ციხისძირიდან გააქვთ / ფოტო: ენმ

12650338_1125879910770220_797014309_n
ფოტო და ვიდეო მოგვაწოდა რეზო ხარაზმა

4 თებერვალს ონკოლოგიური საავადმყოფო ბათუმში პაციენტებს უფასოდ მოემსახურება

4 თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ბათუმში ონკოლოგიურმა კლინიკა „მედცენტრმა“ საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა ხვალ მოქალაქეებს, ონკო პაციენეტებს უფასო კონსულტაცია გაუწიოს. რა შედის უფასო კონსულტაციაში? – ამის შესახებ „ბათუმელების“ კითხვებს ექიმი-ონკოლოგი მზია ხალვაში პასუხობს.

მზია ხალვაში
მზია ხალვაში

ქალბატონო მზია, რატომ გადაწყვიტეთ ხვალისთვის პაციენტების უფასოდ მიღება?

ონკოლოგებმა გადავწყვიტეთ ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით გავერთიანდეთ და მოვემსახუროთ ონკოპაციენტებს, ასევე მათ, ვისაც ამ მიმართულებით აქვს გარკვეული ჩივილები. ჩვენ მათ აუცილებლად მოვემსახურებით უფასოდ.

თქვენი კლინიკის მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, ონკოპაციენტების მატება არის?

იცით, რომ სახელმწიფო პროგრამები არსებობს და ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტებთან ურთიერთობა. ზოგად მიმოხილვას თუ ავიღებთ, მატების ტენდენცია აღინიშნება – ზუსტი ციფრებს ვერ გეტყვით, მაგრამ, მაგალითად, საშვილისნოს ყელის სკრინინგის პროგრამა აჩვენებს, რომ არის მატება. შარშანდელთა შედარებით არის ფილტვის სიმსივნეების მატება.

ფილტვის კიბოს შემთხვევაში სიგარეტის როლი როგორია?

რა თქმა უნდა, მაღალია თამბაქოს მოხმარების როლი და ასევე ქრონიკული ანთებითი პროცესების გავლენა. ეს ყველაფერი განაპირობებს სიმსივნის ჩამოყალიბებას.

გარდაცვალების სტატისტიკა როგორია?

წინა წლებთან შედარებით ამ მხრივ ცვლილებები არ არის.

რამდენ ადამიანს ელოდებით? – ხვალ ბევრი ხალხი რომ მოვიდეს კლინიკაში, ყველასთვის მომსახურების გაწევას შეძლებთ?

ონკოლოგები ყველა ამ პროცესში ვიქნებით ხვალ ჩართული და ვფიქრობთ, რომ ამას შევძლებთ. ხვალისთვის მხოლოდ უფასო კონსულტაციები გვაქვს ჩანიშნული.

პ.ს. მედცენტრის ინფორმაციით 2015 წელში აჭარა-გურიის რეგიონში გამოვლენილია 936 ონკოპაციენტი.

მედცენტრი ბათუმში, პუშკინის ქუჩის #118-ში მდებარეობს.

მედცენტრის სტატისტიკა აჭარის რეგიონში
მედცენტრის სტატისტიკა აჭარის რეგიონში

დიდთოვლობის გამო სპეცტექნიკის დაქირავების თანხას მერია ეტაპობრივად გადაიხდის

დიდთოვლობის გამო ბათუმის მერიას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციებმა – შპს „სანდასუფთავებამ“ და შპს „ბათუმის წყალმა“ გაწმენდითი სამუშაოებისთვის  შესაბამისი სპეცტექნიკა დამატებით დაიქირავეს.  დამატებითი ტექნიკის დაქირავება მერიის დავალებით განხორციელდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, კერძო იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებს შესრულებული სამუშაოს საფასური ამ დრომდე არ მიუღიათ.

„სანდასუფთავებაში“ „ბათუმელებს“  უთხრეს, რომ ხარჯი გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ვარაუდობდნენ, თუმცა ზუსტ ციფრს ამ დროისთვის ვერ ასახელებენ. რაც შეეხება დაქირავებული სპეცტექნიკის მფლობელებისთვის ანაზღაურების გაცემას, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს შესრულებული სამუშაოების დაზუსტება/შედარების პროცესი და პარალელურად, ხორციელდება თანხის გადახდაც.

დამატებით დაიქირავა ტექნიკა შპს „ბათუმის წყალმაც“. „2016 წლის 25-29 იანვრის განმავლობაში ქ. ბათუმში მოვიდა უხვი ნალექი, თოვლის სახით, რამაც რეალური საფრთხე შეუქმნა ორგანიზაციის გამართულად ფუნქციონირებას. ორგანიზაციის მიერ აღებული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულებისათვის საჭირო გახდა 6 195 ლარის ღირებულების სხვადასხვა სპეცტექნიკის [ექსკავატორები და თვითმცლელები] დაქირავების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაუყოვნებლივ განხორციელება,“ – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„ბათუმის წყალი“ ტექნიკის დაქირავებისთვის საჭირო თანხას გამარტივებული  ტენდერის წესით გადაიხდის, რასაც შესყიდვების სააგენტოსთან ათანხმებს:  „ვითარება წინასწარ ვერ იქნებოდა განსაზღვრული, რადგანაც ამინდის ასეთი უეცარი ცვლილებისა და უხვი ნალექის [დიდთოვლიანობა] წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო… ქუჩების თოვლისა და სხვადასხვა ნარჩენებისაგან გასაწმენდად საჭიროა ექსკავატორების დაქირავება 42,5 საათის განმავლობაში; ავტოთვითმცლელების დაქირავება 125 კუბური მეტრი თოვლისა და სხვადასხვა ნარჩენების გასატანად. გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა 3 დღე, ამ პერიოდის განმავლობაში განხორციელდება გზების თოვლის მასისა და სხვადასხვა ნარჩენებისაგან გაწმენდა“.

მერის წერილი

ბათუმი, 26 იანვარი, 2016 ფოტო „ბათუმელები“
ბათუმი, 26 იანვარი, 2016 / ფოტო „ბათუმელები“

არჩილ ხაბაძე უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით კვაჭაძის შერჩევაზე

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დავით კვაჭაძის დასახელებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან ნებისმიერის დასახელების შემთხვევაში მის მიმართ იგივე პრეტენზიები ექნებოდათ, რაც ახლა აქვთ:

„ სულ სხვადასხვა განცხადებებს აკეთებდნენ, სულ მარჩიელობდნენ. პარმენ ჯალაღონია რომ ამერჩია, იტყოდნენ, მისი კაციაო. ქარცივაძეც ქართულ ოცნებასთან ასოცირდებოდა, რადგან ის პოლიტიკური პარტიის წევრი იყო და მივიღე ეს გადაწყვეტილება. ეს პიროვნება არის გამოცდილი და ამევე დროს ჩემთვის უცხო პიროვნებაა. ვერავინ იტყვის, რომ გადაწყვეტილება პირადი სიმპათიის საფუძველზე მივიღე“, – განმარტა არჩილ ხაბაძემ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით.

არჩილ ხაბაძემ არჩევანი კომისიის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის გააკეთა. მათ შორის ერთი, მისი აპარატის თანამშრომელი პარმენ ჯალაღონია, მეორე დავით ქარცივაძე – ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში, მესამე კი „არასამთავრობო სექტორიდან“ საჯარო საქტორში მუშაობის გამოცდილებით დავით კვაჭაძე იყო, რომელზეც ასევე ამბობდნენ, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია. არჩილ ხაბაძემ არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა.

დავით კვაჭაძის უსკოს თავმჯდომარედ დანიშვნის საკითხს უმაღლეს საბჭოში ხვალ, 4 თებერვალს განიხილავენ. დავით კვაჭაძეს დღეს უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების” ფრაქცია ხვდება, თუმცა 9-წევრიანი ფრაქციის მხარდაჭერა არ არის საკმარისი – დავით კვაჭაძეს უსკოს თავმჯდომარედ დანიშვნისთვის უმაღლესი საბჭოს 11 წევრის მხარდაჭერა სჭირდება. „თავისუფალი დემოკრატების” ფრაქცია მხარს არ უჭერს დავით კვაჭაძის კანდიდატურას. შესაბამისად, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაც სჭირდება.

ამ საკითხზე კონსულტაციები დღესაც მიმდინარეობს.

აჭარის მუნიციპალურ ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების ა[ა]იპ-ებში 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 4007-დან 4415 საშტატო ერთეულამდე [408 საშტატო ერთეულით] გაიზარდა,“ – ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ აქვეყნებს. ორგანიზაციამ ააიპ-ებში განხორციელებულ ცვლილებებზე ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

ანგარიშის მიხედვით, ა[ა]იპ-ებში საშტატო ერთეულების გაზრდის გამო ხელფასებზე გასაწევი საბიუჯეტო ხარჯი წლიურად 2,4 მილიონით გაიზარდა. ყველაზე მეტად, 122 შტატით, დასაქმებულთა რაოდენობა ააიპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ გაიზარდა.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მონაცემების  მიხედვით, ა[ა]იპ-ებში გამოცხადებული რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და მის შედეგად თანამშრომელთა რაოდენობა შემცირების ნაცვლად, იზრდება.

ანგარიშის მიხედვით, ა[ა]იპ-ებში დასაქმებულთა გათავისუფლება ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულია. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, საერთო ჯამში 15 მუნიციპალური არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირის [ა(ა)იპ-ის] დირექტორი გათავისუფლდა.

„მას შემდეგ, რაც მერებს/გამგებლებს უფლებამოსილება მიენიჭათ ერთპიროვნულად დაენიშნათ ან გაეთავისუფლებინათ ააიპ-ების დირექტორები, სხვადასხვა დროს დანიშნული დირექტორების მასობრივი გათავისუფლება ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მოხდა,“ – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ხაზს უსვამს იმასაც, რომ ა[ა]იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას და კონკურსის გარეშე, ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დასაქმებულთა კვალიფიკაცია ასევე ეჭვქვეშ დგას.

 

 

 

ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კრიტერიუმებს მთავრობა განიხილავს

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის მთავრობა წელს პირველად განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი სამ მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის შესრულების წესის დახვეწაზე აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ წარადგინა.

პროგრამით ისარგებლებენ აჭარის მთავრობის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამის მიხედვით, საცხოვრებელი ფართობის ღირებულებას მთავრობა, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ეკომიგრანტ ოჯახს უძრავი ქონების დარეგისტრირებისთანავე აუნაზღაურებს.

დადგენილების პროექტი, რომელიც მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სხდომაზე წარადგინა, პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილ, შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის, ბენეფიციართა შერჩევის, მათი პროგრამაში ჩართვისა და უსაფრთხო საცხოვრისის შესყიდვის პროცედურების წესს განსაზღვრავს. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართობის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი ფართობის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

ამ ჩანაწერმა მთავრობის სხდომაზე კითხვები გააჩინა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სახლების ღირებულებასთან დაკავშირებით: „ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ბენეფიციარმა მოინდომოს 100 000 ლარად ღირებული სახლის შესყიდვა და ჩვენ გვთხოვოს თანამონაწილეობა.“

სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაურ ფუტკარაძეს გაუჩნდა კითხვა: „რატომ უნდა დაეხმაროს მთავრობა ბენეფიციარს, თუ მას 100 000 ლარად ღირებული სახლის შესყიდვის შესაძლებლობა აქვს? – მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა სამთავრობო კომისიასვე მოეძიებინა შესასყიდი სახლები, რასაც დავით ბალაძე შეეწინააღმდეგა:

„მერე დადგება ჩვენი კომისია მუდმივად ეჭვის ქვეშ. გაჩნდება კითხვები, რატომ შეირჩა ესა თუ ის სახლი, ვის გააყიდინეს და ვის არ გააყიდინეს და ასე შემდეგ. ამიტომ ბენეფიციარებმა თავად მოძებნონ თავიანთი სახლები.“

მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ განმარტა, რომ პროგრამით ისარგებლებს ის პირი, რომელმაც სახლი სტიქიის გამო დაკარგა და რომელსაც ალტერნატიული საცხოვრისი არ გააჩნია. ალტერნატიულ საცხოვრისად კი ვერ ჩაითვლება სახლი, სადაც მისი მშობლები და სხვა ახლობლები ცხოვრობენ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართობის მდებარეობის მიხედვით.
ბენეფიციარი 2010 წლის პირველი იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

აჭარის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბოლო 3 წლის მონაცემებით უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა დაახლოებით 600-მდე სტიქიის შედეგად დაზარალებულ და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ ოჯახს ესაჭიროება.

ეს მონაცემები, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვირვებით, სტიქიური კატაკლიზმების გახშირების გამო ინტენსიურად იზრდება. შედეგად ასობით ოჯახს, მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარებიდან გამომდინარე, უსაფრთხო საცხოვრებლის შესაძენად ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და ცხოვრებას სტიქიური კატასტროფების ზონაში განაგრძობს, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ეკომიგრანტები, რომლებსაც შუამდგომლობს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები, როგორც მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რომლებიც 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

პროგრამის მიხედვით ბენეფიციართა შერჩევას უზრუნველყოფს უფლებამოსილი კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, ბენეფიციართა შერჩევის წესი და კრიტერიუმები აჭარის მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.

პროგრამაში ჩართვის საფუძველია საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის თაობაზე მოქალაქის განაცხადი და შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტების დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ოჯახი ექვემდებარება გადაადგილებას. პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

პროგრამაში ჩართვა განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის ფარგლებში, ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტებისა, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა; ბენეფიციარები, რომელთა საცხოვრებელი ფართობის შესყიდვის თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდება, მიეცემათ არაუმეტეს 30 კალენდარული დღე საცხოვრებელი ფართობის შერჩევისათვის. თუ ბენეფიციარი ამ ვადაში ვერ შეარჩევს შესასყიდ საცხოვრებელ ფართობს, კომისია პრიორიტეტის გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ბენეფიციარს შესთავაზებს საცხოვრებელი ფართობის მოძიებას.

ბენეფიციარის მიერ შესასყიდად შერჩეულ საცხოვრებელ სახლს, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია. საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით, უფლებამოსილი კომისია იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაკმაყოფილების თაობაზე, თუ შესასყიდად შერჩეული ფართობი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.

კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი ფართობი რეგისტრირდება დაზარალებული ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანასაკუთრებად.

ექსპერტიზის ღირებულება განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელ მხარესა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და მომსახურების ტარიფების შესაბამისად. ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს სამინისტრო.

ბენეფიციარს უფლება აქვს, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, განმეორებით წარადგინოს სამინისტროში სხვა საცხოვრებელი ფართობი, თუ:

ბენეფიციარი ვერ ფარავს ჩატარებული შეფასების შედეგად დადგენილ საბაზრო ღირებულებასა და გამყიდველის მიერ დაწესებულ ფასს შორის არსებულ სხვაობას;

დადებულ იქნა უარყოფითი საექსპერტო დასკვნა შერჩეული ფართობის ტექნიკურ მდგომარეობაზე;

წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე საცხოვრებელი ფართობის ექსპერტიზაზე გადაგზავნა ჩაითვალა არამიზანშეწონილად;

ზემოთ მითითებულ შემთხვევებში, ბენეფიციარის მიერ შესყიდვის მიზნით მეორე მცდელობაზე წარმოდგენილი ფართობის ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს სამინისტრო.

სხვა შემთხვევებში კი, მაგალითად, თუ გახდება საჭირო ბენეფიციარსა და გამყიდველს შორის შეთანხმების გაუქმება, ან სხვა მსგავს შემთხვევებში ხელახალი ექსპერტიზის ხარჯი უნდა გაიღოს ბენეფიციარმა.

„თავისუფალი დემოკრატები“ აჭარის მთიდან მიწის რეფორმას აკრიტიკებენ

ხულოს, შუახევისა და ქედის საკრებულოს წევრებმა – თემურ ავალიანმა, ოთარ ცეცხლაძემ და არმაზ ბახტაძემ პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ დღეს ბათუმში ბრიფინგი გამართეს. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ ყურადღებით მოეკიდონ აჭარაში მიწის საკუთრების პრობლემას.

„სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ ვერც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან სრულიად მოულოდნელად მან  კურსი აიღო დაურეგისტრირებელი მიწების არა კერძო საკუთრებაში, არამედ პირიქით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევისაკენ“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში.

როგორც ცნობილია, დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით მიწის რეფორმა აჭარაში არ ჩატარებულა. შესაბამისად, მიწის ფაქტობრივი მესაკუთრეების აბსოლუტურ უმრავლესობას მიწა კერძო საკუთრებაში არ აქვს დარეგისტრირებული. ახალი კანონპროექტის თანახმად, რომლის განხილვასაც პარლამენტი მალე დაიწყებს, ნებისმიერი კერძო პირის მიწა, რომელიც რეესტრში არ იქნება დარეგისტრირებული, სახელმწიფოს გადაეცემა.

„მოვლენების ამ გზით განვითარება კატეგორიულად დაუშვებელია აჭარაში, რადგან აქ მიწის რეფორმა პრაქტიკულად არ ჩატარებულა. მოსახლეობა ათწლეულების განმავლობაში თავის ფაქტიურ სარგებლობაში არსებული   მიწის ნაკვეთების უდიდეს ნაწილს ვერა და ვერ ირეგისტრირებს საკუთრების აღიარების წესში არსებული ხარვეზების გამო. ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ინიციატივა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოხდეს ამ მიწების ფაქტობრივი ექსპროპრიაცია. მოსახლეობა არ შეეგუება მის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწების დაკარგვას, რასაც შეიძლება მოჰყვეს მოვლენათა არასასურველი მიმართულებით განვითარება“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატები“.

„თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლების რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი: „ვაფრთხილებთ ხელისუფლებას გაითვალისწინოს, რომ მიწის საკუთრების პრობლემის უსამართლოდ გადაწყვეტის მცდელობა ყოველთვის დიდ წინააღმდეგობებს წარმოშობდა. ამიტომ  თავი უნდა გაანებოს ცეცხლთან თამაშს და ნაბიჯები  გადადგას სწორი მიმართულებით. კერძოდ, პირველ რიგში, საჭიროა პრობლემის  გასაჯაროვება, ამიტომაც  ტელევიზიითა და მასმედიის სხვა საშუალებებით უნდა დაიწყოს საჯარო მსჯელობა  ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ზემო აჭარის მცხოვრებთა მონაწილეობით. პარალელურად, უნდა შეიქმნას სახელმწიფო კომისიები, რომლებიც შეისწავლიან როგორც არსებულ რეალობას, ისე საკითხის ისტორიას და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშავებენ შესაბამის რეკომენდაციებს,  რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება პრობლემის არა მარტო კანონიერი, არამედ ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი გზით გადაწყვეტა“.

ენმ ბიძინა ივანიშვილს ხეების გადატანის ნაცვლად სოციალური პროექტების დაფინანსებას ურჩევს

გიგანტური ხეების ციხისძირიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადატანა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარკში დაახლოებით 40 ხეს გადაიტანს, რაც 10 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.

„ეს ინფორმაცია შემსრულებელმა კომპანიამ მოგვაწოდა. დღევანდელი აქციით გვინდა შევახსენიოთ ბიძინა ივანიშვილს მისი წინასაარჩევნო დაპირებები. 10 მილიონი ლარით, რაც ხეების გადატანას დასჭირდება, იპოთეკარების პრობლემის მოგვარება შეიძლება, ან 4444 სოციალურად დაუცველი სტუდენტის დაფინანსება, ან სამი მრავალბინიანი სოციალური სახლის აშენება“ – უთხრა „ბათუმელებს“„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა.

200-წლიანი სამი გიგანტური ხის გადატანის შესახებ ბრძანება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გასული წლის 31 დეკემბერს გასცა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ, რომელიც ოზურგეთში მოეწყობა. 21 იანვარს „ბათუმელებთან“ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ თქვა, რომ „ოზურგეთის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის შექმნის მიზნით საკრებულოს არავითარი გადაწყვეტილება და ბრძანება არ მიუღია“

ხე, რომელიც ციხისძირიდან გააქვთ / ფოტო: ენმ
ხე, რომელიც ციხისძირიდან გააქვთ / ფოტო: ენმ

დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს საჯარო რეესტრს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უძრავ ნივთზე საკუთრების, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვის რეგისტრაციას ერთობლივად განახორციელებს. ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ კი სახელმწიფოს ექნება უფლება, მოითხოვოს აღნიშნული აკრძალვის შეწყვეტა და მის საკუთრებაში არსებული ქონება გაასხვისოს კიდეც.

მთავრობაში აცხადებენ, რომ „აღნიშნული რეგულაცია შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს სახელმწიფო მიწის აქტივების სისტემური აზომვითი სამუშაოები და დაარეგისტრიროს ისინი ვალდებულების აღებით, რომ არ გაასხვისებს ან არ გასცემს სარგებლობის უფლებით ერთი წლის განმავლობაში“.

თუმცა, კანონპროექტი ამ „ერთწლიან ვადას“ სახელმწიფოს არ ავალდებულებს. პროექტში უბრალოდ აღნიშნულია, რომ ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს ნივთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. ანუ, უფლებამოსილია და არა ვალდებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ  სახელმწიფოს ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ეძლევა უფლება უაპელაციოდ დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება.

იურისტების განმარტებით, კანონის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო ირეგისტრირებს მიწებს, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრი უფლებამოსილი რჩება დაურეგისტრიროს საკუთრებაში ქონება პირს, თუ ის წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს. ერთი წლის შემდეგ კი დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ქონების ეროვნულ სააგენტოს, ვინაიდან რეესტრი აღარ იქნება უფლებამოსილი ორგანო. თუ სააგენტო წინააღმდეგი იქნება ქონების გადაცემის, მაშინ რჩება ერთადერთი გზა – სასამართლო, სადაც მოპასუხე მხარე იქნება სახელმწიფო.

„კანონპროექტის „კეთილშობილური“ მიზნები განმარტებითი ბარათიდან გასაგებია, მაგრამ თუ სახელმწიფოს მცდელობას წარმოადგენს საბოლოოდ დაასრულოს 1993 წელს დაწყებული მიწის რეფორმა საქართველოში, აღნიშნული კანონპროექტი ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ამის თვალსაჩნოებისთვის საკმარისია აჭარის რეგიონის მდგომარეობა, სადაც მიწის რეფორმა არც ერთი ხელისუფლების მმართველობის დროს არ ჩატარებულა. ვერც 2007 წლის 11 ივლისს მიღებულმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა უზრუნველყო მიწის რეფორმის დასრულება, რადგან 2009-2010 წელს საკუთრების აღიარების კომისიამ მასობრივად გააუქმა საკუთრების უფლების მოწმობები და მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ დარჩა საკუთრების გარეშე, მაგრამ ფაქტობრივი სარგებლობა მიწის ნაკვეთზე დღემდე შენარჩნულებული აქვთ, ეს, თავის მხრივ, წარმოშობს „ტიტულოვანი მესაკუთრის“ განცდას და დამოკიდებულებას მიწის ნაკვეთის მიმართ,“ – ამბობს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოში დღემდე არ დასრულებულა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესი: „შესაბამისად, შეუძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული და განკერძოებული მიწის ნაკვეთების ზუსტი ფართობების დადგენა.“

აღსანიშნავია, ისიც, რომ მთავრობა გეგმავს მიმდინარე წელს დანერგოს საამზომველო საქმიანობის ლიცენზირება, „რისთვისაც თითოეულ საამზომველო ბიუროს მიეცემა გონივრული ხანგრძლივობის გარდამავალი პერიოდი“.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ „პროექტით გათვალისწინებული რეგისტრაციის სპეციალური წესი და ვადა, აგრეთვე, განაპირობებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულების სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის უძრავი ქონების ეფექტური ადმინისტრირების საფუძველს“.

„2009 წელს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესი შეიცვალა. ამ ცვლილებებით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული აჭარის რეგიონის გეოგრაფიული განშლადობა. შესაბამისად, მიწის საკითხი დღემდე რჩება აჭარის რეგიონისთვის „აქილევსის ქუსლად“. გამომდინარე აქედან, კანონპროექტი არათუ გადაჭრის პრობლემას, არამედ ხელს შეუწყობს მოქალაქეთა კონფრონტაციას სახელმწიფოსთან. ამიტომ, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ არამხოლოდ მოახდინოს მიწის ნაკვეთების აღრიცხვა-სისტემატიზაცია, არამედ მოამზადოს საკანონმდებლო პაკეტები, რითაც ხელი შეეწყობა მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის,“ –  აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მომზადების პროცესში კონსულტაცია მიღებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან. თუმცა, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის [დაწესებულების] ან/და ექსპერტის შეფასება არ არსებობს. კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა.

„კერძო საკუთრებაში რაც შეიძლება მეტი მიწის დარეგისტრირება არის ჩვენი პრიორიტეტი. იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შეიძლება საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში, რომელიც შეიძლება ჩვენთან ინახებოდეს ყოფილ ტექბიუროს არქივებში ან სხსვაგან, რომ ჩვენ დავეხმაროთ პროაქტიულად ყველა კერძო მესაკუთრეს, შეადგინოს თავისი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს საკუთრება,“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სიახლე, გარდა მინისტრის ზემოაღნიშნული განცხადებისა, ამ ეტაპზე არაფერია.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ბოლო სავარაუდო თარიღი მიმდინარე წლის 19 თებერვალია, თუმცა „ბათუმელებს“ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განუცხადეს, რომ კანონპროექტის განხილვა ჯერჯერობით არც ერთ კომიტეტში არ დაწყებულა. სავარაუდოდ, განხილვები მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მოქალაქეთა მატერიალური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს და ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი მოვალეთა რეესტრშია და ვერ მოახერხებს ნაკვეთის რეგისტრაციას, რადგან ზოგჯერ გადასახდელი თანხა მიწის ღირებულებას ბევრად აჭარბებს.

დიდთოვლობა, მერია და ბათუმელები

ეკა გოგიბერიძე

ჩემი შვილი, გიორგი, 9 წლისაა და თოვლში გუნდაობა და თამაში ზუსტად ისე უხარია, როგორც ყველა ბავშვს, როგორც მე მიხაროდა ბავშვობაში. ბათუმში მოსულმა დიდმა თოვლმა გიორგი კი გაახარა, მაგრამ დიდი ხნით თოვლში თამაშის უფლება ვერ მივეცი. რომ გაცივდეს, როგორ წავიყვანო ექიმთან ამ უგზოობის დროს?! – ეს იყო კითხვა, რომელიც ამ დღეების მანძილზე მაწუხებდა და არა მარტო მე.

ეკა გოგიბერიძე
ეკა გოგიბერიძე
განცდა, რომ ყველაზე პრობლემურ, რთულ სიტუაციაში სახელმწიფო, ქალაქის მთავრობა ვერ მიცავს მე, როგორც ერთ, სრულიად აპოლიტიკურ მოქალაქეს, არასდროს მტოვებს და ამ დიდთოვლობისას კიდევ უფრო გამიმძაფრდა.

გათოვდა და ქალაქი სრულიად პარალიზებული გახდა: მოყინული გზები, ტრანსპორტის არარსებობა, დღეების მანძილზე გაუტანელი ნაგავი ქალაქის ქუჩებში, დამტრეული ხეები ბათუმის ბულვარში, სახურავებიდან მოწყვეტილი გაყინული თოვლის ზვავები, მაღაზიასთან გაჩენილი პურის რიგები, რაც უკვე 10-15 წელია არ მინახავს… ჩამონათვალი გრძელია და თითქმის ყველა ამ პრობლემას ეშველებოდა, ქალაქის მერიას რომ მოეგვარებინა ერთი მთავარი საკითხი – გაეწმინდა გზა. ამით ქალაქი აირიდებდა პრობლემათა გრძელ ჯაჭვს.

რა თქმა უნდა, მესმის, რომ არ ვცხოვრობთ ისეთ ზონაში, სადაც ხშირად თოვს და ამისთვის საჭირო ტექნიკა არ გვაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს უკვე ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ჯერზე ასე მოხდება და მოქალაქეების უკმაყოფილებაც გარდაუვალია.

რამდენიმე წლის წინ ვცხოვრობდი შვეიცარიაში, ისეთ ადგილას, სადაც მაისში ამაზე დიდი თოვლი მოდიოდა. იქ, სადაც ხელისუფლება მობილიზებულია, თოვლი ნაკლებ პრობლემებს ქმნის. დიდთოვლობის დროს შეგეძლო ჩვეულებრივი ბოტასით გასულიყავი ქუჩაში ისე, რომ თოვლი არ შეგაწუხებდა. გაწმენდილი იყო ტროტუარები, გზები, თავისუფლად შეიძლებოდა ფეხით და მანქანით გადაადგილება, ნებისმიერი სერვისით სარგებლობა ისე, რომ თოვლიანი პეიზაჟებით დამტკბარიყავი. როცა თოვდა, მთელი ღამის განმავლობაში ქუჩებში მოძრაობდა ტექნიკა, რომელიც ქალაქს თოვლისგან წმენდდა და კორპუსთანაც კი გაკვალული მხვდებოდა გზა დილით.

ვიცი პასუხი ამ მაგალითზე, რომ ჩვენ არ ვართ შვეიცარია, რომ საქართველო არ არის ასეთი განვითარებული ქვეყანა და ასე შემდეგ, მაგრამ თუ გვინდა, რომ ევროპული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, სწორედ მაღალი სტანდარტი უნდა ავიღოთ მაგალითად და ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, სადაც თოვლი მივარდნილ, ზღვის დონიდან 2500 მეტრ სიმაღლეზე მდებარე სოფელშიც არ ქმნის ასეთ პრობლემებს. არ მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია.

ჩემი აზრით, მთავარი დასკვნა, რაც მერიამ უნდა გამოიტანოს ამ გაკვეთილიდან, არის ის, რომ აუცილებელია საჭირო ტექნიკის შეძენა, რომ გზის გაწმენდა დროულად იქნეს შესაძლებელი. როცა ასეთი დიდი თოვლი მოდის, მისი გატანაა საჭირო, რადგან თოვლის ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყრა, როცა ასეთი ვიწრო გზებია ჩვენთან, არ არის გამოსავალი. ვიცი, რომ ძვირია მსგავსი ტექნიკა, მაგრამ ევროპაში იყიდება მეორადი ტექნიკა, რომლის შეძენაც შეიძლება. თოვლი რომ მოვა, გზის გაწმენდა უნდა დაიწყოს ღამით და არა დილით, როცა გზა უკვე მოყინულია და თოვლიც დევს. ამინდის პროგნოზის ბიურო იმისთვის არსებობს, რომ მთავრობა, მოსახლეობა მოემზადოს ამინდისთვის. გზის გაწმენდა ხსნის ყველანაირ პრობლემას, გზა რომ გაწმენდილი ყოფილიყო, ბულვარში ხეების თოვლისგან დასაფერთხად სამჯერ მეტი ხალხი მივიდოდა, დარწმუნებული ვარ. ამისთვის გვაქვს ფეხსაცმელი, საბედნიეროდ.

მე, პირადად, იმიტომ ვერ მოვახერხე ბულვარში ხეების დასაფერთხად წასვლა, რომ ბარცხანიდან, სადაც ვცხოვრობ, ბულვარში რომ ჩამოვსულიყავი ფეხით, თუ მოვაღწევდი, მეეჭვება ხის დაბერტყვის ფიზიკური ძალა შემრჩენოდა.

ძალიან მახარებს მოხალისეების აქტიურობა, მაგრამ კარგი იქნებოდა მთავრობას დროზე, დიდთოვლობის პირველივე დღესვე ეთხოვა მოსახლეობისთვის დახმარება, თუნდაც ელემენტარული პრობლემების მოგვარებისთვის. არ არის სირცხვილი მოსახლეობას სთხოვო დახმარება, როცა არასაკმარისია ადამიანური და ტექნიკური რესურსი, მოხალისეობის პრაქტიკას ევროპაშიც ხშირად იყენებენ და მოსახლეობა ასეთ დროს მზად არის დასახმარებლად.

და ბოლოს, კლიმატი იცვლება, ეს ფაქტია და ამაზე მთავრობამ უნდა იზრუნოს. გაწვიმდება და თოვლი გადნება – ამის იმედზე ყოფნა ბათუმში აღარ შეიძლება.

დავით კვაჭაძე: ბოლო პერიოდში დავინტერესდი უსკოს საქმიანობით

როგორც წინასწარ იყო ცნობილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძე შეარჩია. კანდიდატურა მან აჭარის უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად უკვე წარუდგინა. დავით კვაჭაძეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატად მოიხსენიებდნენ. ითქვა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა.

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე
ბატონო დავით, თუ უმაღლესი საბჭო თქვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს, რა სიახლეს შეიტანთ უსკოს მუშაობაში, გარდა იმისა, რაც ვიცით, რომ უსკომ არჩევნების ჩარატება უნდა უზრუნველყოს?

ბოლო პერიოდში დავინტერესდი და შევისწავლე უსკოს საქმიანობა. მაქვს პროექტი, რომელიც ალბათ განსახილველი იქნება უსკოს სხვა წევრებთან ერთად. ვიმსჯელებთ და შევჯერდებით. მთავარია, რაც შეიძლება გამარტივდეს და გამჭვირვალე გახდეს უსკოს მუშაობა. ეს იქნება ჩემი მიზანი. როცა უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მე მექნება უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, ამის შემდეგ ვისაუბრებ ამ პროექტზე.

არჩევნები, რომლის ჩატარებაც უსკოს მთავარი მოვალეობაა, ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება. სხვა დროს უსკოს ან მის თავმჯდომარეს რა საქმე უნდა ჰქონდეს?

აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქმე, სხვადასხვა ქვეყნის ბევრი მაგალითი გვაქვს. ვფიქრობ, სხვა აქტივობებშიც უნდა ჩაერთონ უსკოს თანამშრომლები, რომ უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ.

იზრუნებთ თუ არა იმ პირების გადამზადებაზე, რომლებიც ხშირად მუშაობენ საუბნო თუ საოლქო საარჩევნო კომისიებში?

განვითარება და ახალი გამოცდილება ადამიანს ყოველთვის სჭირდება. მითუმეტეს, რომ კანონმდებლობაში შედის ცვლილებები და ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდება. იცვლება ასევე მიდგომები და სამუშაოს ტემპი. ადამიანი ყოველთვის უნდა სწავლობდეს, მითუმეტეს, თუ მას აქვს პასუხისმგებლობა.

იმ წევრებს შორის, რომლებსაც ოლქი არჩევს, უმეტესწილად ერთი და იგივე სახეებია, მათ შორის ბევრს არჩევნებზე დარღვევების გამო დისციპლინარული გადაცდომაც ჰქონდა. კითხვაზე, რატომ ხვდებიან ეს ადამიანები ისევ კომისიებში, გვპასუხობდნენ, რომ მცოდნე კადრების ნაკლებობაა. როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იზრუნოს ამ მხვრივ კადრების მომზადებაზე?

თქვენ მგონი ჩემი პროექტი ან ჩემი გამოსვლა გაქვთ ნანახი. მე მომხრე ვარ, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს ამ საქმეში. მოვამზადოთ ისინი და გავზარდოთ პროფესიონალებად. ბევრს აქვს იურიდიული განათლება, მათი რესურსი უნდა გამოვიყენოთ. კადრი არ გვეყოლება, თუ არ მოვამზადეთ. მომავალზე ყველა სამსახურმა უნდა იფიქროს. ხშირად ვაწყდებით თემას, რომ მოჰყავთ ნათესავები და მერე ისინი ზიან წლობით. მე ამის წინააღმდეგი ვარ.

კომისიებში იმ ადამიანების დაბრუნებას რა ხერხით შეეწინააღმდეგებით, რომლებსაც გადაცდომების გამო დისციპლინარული სასჯელი ჰქონდათ დაკისრებული?

მე არასდროს არ გამიწევია იმ ადამიანისთვის რეკომენდაცია, რომელსაც გადაცდომები ჰქონია და არც მათ კომისიებში მოხვედრას დავუჭერ მხარს. თუ ადამიანს ორჯერ და სამჯერ შეეშალა, ამ ადამიანმა სხვა საქმე უნდა მოძებნოს.

მაინტერესებს თქვენი მოსაზრება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე, ემხრობით თუ არა?

ვემხრობი ან არ ვემხრობი ასეც არ არის, ამას დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითიც. როდესაც მივიღებ უსკოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას, ამ საკითხზე ჩემს მოსაზრებას შემდეგ დავაფიქსირებ.

თქვენ სახელისუფლებო გუნდის “ქართული ოცნების” კანდიდატად მოგიხსენიებენ. ითქვა, რომ იყავით “ქართული ოცნების” ერთ-ერთი შტაბის წევრი და ასევე შეხვედრებზეც ჩნდებოდით “ქართული ოცნების” სახელით…

“ქართულ ოცნებასთან” კავშირი მქონია ისეთივე, როგორიც მაქვს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან, ბევრი ნაცნობი მყავს როგორც პარტიებში, ასევე პოლიტიკოსებში და ბევრს ვუწევდი კონსულტაციას. “ქართული ოცნების” სახელით შეხვედრაზე არასდროს ვყოფილვარ.

ფიქრობთ, რომ უმაღლესი საბჭო დაგიჭერთ მხარს? ხომ არ გეგმავთ შეხვდეთ მათ კენჭისყრამდე?

თუ სურვილი ექნებათ, შევხვდები. ერთი ქალბატონი გამოვიდა ტელევიზიით, უმაღლესი საბჭოს წევრი და თქვა, რომ სასურველი კანდიდატი არ ვიქნები, რადგან `ქართული ოცნების~ კანიდიდატი ვარ. გული დამწყდა. არ უნდა თქვან ის, რაც არ იციან.

P.s. დავით კვაჭაძის კონკურენტები უსკოს თავმჯდომარის პოზიციაზე იყვნენ აჭარის მთავრობის ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია და ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარცივაძე. უსკოს თავმჯდომარე ირჩევა 5 წლის ვადით. უსკოს თავმჯდომარის ხელფასი 2390 ლარია.

H1N1 ვირუსი – ბოლო მონაცემებით აჭარაში 3 ადამიანია გარდაცვლილი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 3 თებერვლის 10:30 საათის მდგომარეობით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 62 ნიმუში, მათ შორის 40 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p.

11 პაციენტი რჩება სტაციონარში (მათ შორის, 3 ბათუმის რეანიმაციაში), 3 პაციენტი გარდაიცვალა, 26 გამოჯანმრთელდა.

 

სულხან სალაძე: „თუ პროცესი გართულდება, აჭარის მთავრობა იტყვის, რომ მხარე ბათუმის თვითმმართველობაა“

აჭარის მთავრობა ამბობს, რომ ბულვარს სამართავად ბათუმის მერიას უბრუნებს და მისი მართვის პროცესში აღარ ჩაერევა. მანამდე კი ბულვართან დაკავშირებით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კონცეფციის შეცვლას და მესამე ალიას შენარჩუნებას შეჰპირდა. მანვე თქვა, რომ კომპანია, რომელიც ბულვარში სამუშაოებს აწარმოებს, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე თანახმაა. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჯერი ამ ყველაფრის დოკუმენტურად გაფორმებაზე მიდგება, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას უკვე წამოწყებულ სამუშაოებზე, თუ პროცესი გაჭიანურდება ან აღმოჩნდება, რომ კონცეფციას, რომელშიც სახელმწიფო სახსრები დაიხარჯა, კომისია უვარგისად მიიჩნევს და ახლის მომზადებას მოინდომებს? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ საიას იურისტმა სულხან სალაძემ უპასუხა.

სულხან, რა გვითხრა მთავრობამ დღევანდელი გადაწყვეტილებით?

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ერთი რამ არის – მთავრობა საუბრობს, რომ სამივე ალია უნდა დარჩეს. ხელშეკრულებაში შეიძლება შევიდეს ცვლილება, თუ არის წინასწარი თანხმობა ამაზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ამის გაკეთება მოუწევს უკვე ბათუმის თვითმმართველობას და არა მთავრობას, რომელმაც თავის დროზე ხელშეკრულება გააფორმა. ასე რომ, თუ იქ დამატებით ხარჯებზე იქნება საუბარი, ვთქვათ, კომპანია თუ მოითხოვს ფინანსურ უზრუნვეყოფას ან თუ პროექტი აღარ არის გამოსადეგი და ახალი უნდა შევქმნათ, ამ შემთხვევაში რატომ იყო გაწეული ეს ხარჯები, ამაზე ვინ გასცემს პასუხებს? ეს კითხვები ჩემთვის აქტუალურია.

გარდა ამისა, რაც მათ [მთავრობის]კომენტარებში ვნახე, საუბარია ასევე იმ თანხის შენარჩუნებაზე, რომელიც გათვალისწინებული ჰქონდა აჭარის მთავრობას ბათუმის ბულვარის განვითარებისთვის და ეს თანხა იმავე მიზნებისთვის დარჩება ბათუმის მერიას. ასევე მოვისმინე კომენტარი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ პროცესში აჭარის მთავრობაც მიიღებს რაღაცა ფორმით მონაწილეობას. როგორ მოხდება ამ პროცესის მართვა, ნებისმიერ შემთხვევაში თუ ის გართულდება, აჭარის მთავრობა გაცილებით იოლად იტყვის, რომ მე არ ვარ მხარე და მხარე არის ბათუმის თვითმმართველობა.

ანუ მთავრობამ პასუხისმგებლობა აიცილა?

თუ სიტუაცია გართულდება, ვერ შეთანხმდებიან და კომპანიას ექნება გარკვეული ტიპის მოთხოვნები, მათ შორის ისეთი მოთხოვნები, რომლებსაც შესაძლოა კანონისმიერი საფუძველი ჰქონდეს, თუ მართვაზე პასუხისმგებელი იქნება არა აჭარის მთავრობა, მისი რომელიმე სტრუქტურული ერთეული, არამედ ბათუმის თვითმმართველობა, პრეტენზიები უნდა დადგეს უკვე ამ ქონების მეპატრონესთან.

ასეთი პათოსი ჰქონდა კიდეც დღეს აჭარის მთავრობას, აბა ვნახოთ რას იზამს მერია და საკრებულოო. თანაც უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლითაც საკრებულომ წლების წინ ბულვარი მთავრობას გადასცა მართვაში, არ უქმდება.

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვსაუბრობდით, მე მქონდა გარკვეული ეჭვები, რომ ეს ყველაფერი ცხადი არ იყო და მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა ცხადი, როცა ეს ყველაფერი დოკუმენტურად გაფორმდებოდა. დღეს კიდევ სულ სხვა სიახლეზე ვსაუბრობთ: არამხოლოდ მესამე ალიას  და სასეირნო ბილიკის შენარჩუნებაზე, არამედ ქონების ბათუმის თვითთმმართველობისთვის დაბრუნებაზე. ასე რომ, ბევრ სიახლეს ვიგებ ამ პროცესში და როცა ეს დოკუმენტურად გაიწერება, როცა ნათელი იქნება თითოეულ მხარეს რა ვალდებულება აქვს, რა უფლებამოსილებები დარჩება აჭარის ხელისუფლებას, რა – ბათუმის მერიას, კომპანიის ვალდებულებების ნაწილში რა დარჩება, შემდგომ გაცილებით იოლი იქნება საუბარი. ჩემთვის, პირადად, ეს პროცერსი შეწყდა.

დღეს მთავრობამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ 2016 წელი გარდამავალი იქნება. ამით რაზე მიანიშნეს – მთავრობამ უკან დასახევი გზა დაიტოვა, თუ წლის ბოლოს ისევ გაჩნდება კითხვები ბულვარის, როგორც ძეგლის მართვის ეფექტიანობაზე?

არ ვიცი რას ნიშნავს გარდამავალი პერიოდი. ეს იქნება გადათხრილი სასეირნო ბილიკები, აყრილი ქვაფენილი, თუ ყველაფერი დალაგდება და რაღაც პერიოდი იმუშავებენ ამ დოკუმენტაციაზე, კონცეფციაზე… რაზეც ისინი ფიქრობენ, რომ შეიძლება იმუშაონ და ამიტომ ჰქვია ამას გარდამავალი, თუ ჩვენ გვექნება ბულვარი იმ ფრომით, რაც ამ წუთას გვაქვს – ვგულისხმობ გარკვეულ სამუშაოებს, რომლებიც იქ მიმდინარეობს და ეს პროცესი მოიცავს გარდამავალ პერიოდს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის ეს ყველაფერი მხოლოდ მაშინ იქნება ცხადი, მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი გარკვეული ტიპის რისკებზე, სცენარებსა და განვითარებაზე, როცა ეს დაიწერება ქაღალდზე.

თქვეს კომისიაში არასამთავრობოებისა და საინიციატივო ჯგუფის ჩართვაზე – გადაწყვეტილებას 50+ 1-ის პრინციპით მივიღებთო…

მთავარია, რა ფუნქცია ექნება ამ კომისიას, რისთვის იქმნება ის… ეს არის მნიშვნელოვანი, რა გვინდა, რომ მივიღოთ ამ კომისიის საქმიანობისგან… გადაწყვეტილების მიღებისთვის ორი მესამედი იქნება უკეთესი თუ 50+1, ეს უკვე ცალკე განხილვის თემაა. მთავარია, რა გვინდა ამ კონცეფციით, რისი შეცვლა გვინდა, რა მიზანს მოემსახურება ეს კონცეფცია, ეს იქნება დაკავშირებული ბულვარის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა-განვითარებასთან და აქედან ფინანსური ინვესტიციების მოზიდვასთან, თუ ეს იქნება ძეგლის დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. ბევრი საკითხია, რაზეც უფრო მკაფიო ხედვა უნდა არსებობდეს.

ახლა რა უნდა გააკეთოს მთავრობამ,  პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში რომ მოაქციოს?

იმისათვის, რომ სამართლებრივად ეს ყველაფერი ისე გაგრძელდეს, როგორც საჭიროა და კანონის არც ერთი მოთხოვნა არ დაირღვეს, ეს იქნება ბათუმის თვითმმართველობა თუ აჭარის მთავრობა, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ბათუმის ბულვარის სტატუსი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

ართვინში ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია დასრულებულია – მემედ ალიოს თურქი

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაცია, რომლის უმრავლესობა იუსუფელის რაიონშია, დასასრულს უახლოვდება. შეიძლება ითქვას, რომ დასრულებულია. პირადად გუბერნატორი თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს ამ პროცესს. საქართველოს პატრიარქი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი და რელიგიის საკითხთა სამმართველოს თავმჯდომარეც იმყოფებოდნენ ართვინში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ართვინის გუბერნატორის მოადგილემ, მემედ ალიოს თურქიმ.

ის დღეს ბათუმში, ხელოვნების მუზეუმში, თურქი მხატვრის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა.

იშხანის მონასტრის რესტავრაცია, ართვინის გუბერნიაში

თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით,  გარკვეული პრეტენზიები ჰქონდათ კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს.  მემედ ალიოს თურქის თქმით, ის შენიშვნები, რაც ქართული მხარის მიერ იყო გამოთქმული, გაზიარებულია.

„შენიშვნები, რა თქმა უნდა, გაითვალისწინეს ძეგლების რეაბილიტაციის დროს.  7-8 თვის წინ საქართველოს დიასპორის საკითხების მინისტრიც ჩამოვიდა ართვინში და ამ ვიზიტის დროსაც დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში. მე გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ თუკი ბათუმშიც არიან სპეციალისტები, ვისაც შეუძლია რჩევების მოწოდება თურქული მხარისთვის, ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ და ვითანამშრომლოთ, რადგან ეს ძეგლები ჩვენი საერთო ღირებულებაა“, – განაცხადა გუბერნატორის მოადგილემ.

რატომ არ „გაბრწყინდა ივერია“

ავტორი: გიორგი თავაძე, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ენერგეტიკის აკადემიის  ნამდვილი  წევრი

ნანატრი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების 25-ე ახალ წელს საქართველო კვლავ ივერიის გაბრწყინებისა და დალაგებულ, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების ტრადიციადქცეული სურვილებით შეხვდა. ნორმალურ ქვეყნებად ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია იგულისხმება. უკიდურეს შემთხვევაში სინგაპური, რომელიც ძალიან პოპულარული იყო ჩვენში ნაციონალების ხელისუფლების მმართველობის დროს.

ცნებამ „სინგაპური“ დიდი ხანია დაკარგა თავისი გეოგრაფიული მნიშვნელობა და ცივილური სამყაროსთვის საკუთარი თავის რწმენისა და ადამიანური შესაძლებლობების უსაზღვრობის, უთავმოყვარეობაზე ღირსების გამარჯვების („მსოფლიო არაა ვალდებული გვარჩინოს,  ჩვენ მოწყალებით არ უნდა ვიკვებოთ“), ცოდნისა და განათლების დაფასების, მოწინავე ტექნიკისა და ტექნოლოგიების, წესრიგისა და დისციპლინის, პატიოსნებისა და თავდაუზოგავი შრომის სიმბოლოდ იქცა.

ნამდვილად მისაბაძი მაგალითია, როცა საკვები პროდუქტების, ენერგომატარებლების, სასმელი წყლისა და სასარგებლო წიაღისეულის არმქონე  უპერსპექტივო კუნძული ორ ათეულ წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული, მოწინავე და საცხოვრებლად მშვენიერი ქვეყანა ხდება.

მთავარი და ძირითადი მიზეზი სინგაპურელების წარმატებისა და ჩვენი წარუმატებლობისა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირდაპირ და არაპირდაპირ გამოყენებაში იმალება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქტატის) ოფიციალური მონაცემებით 2005–2015 წლებში, საქართველოში 13 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა: 2005 წელს – 449,8 მლნ. დოლარი; 2006წ. – 1190,4 მლნ.; 2007წ. – 2014,8 მლნ.; 2008წ. – 1564,0 მლნ.; 2009წ. – 658,4 მლნ.; 2010წ. – 814,5 მლნ.; 2011წ. – 1117,2 მლნ.; 2012წ. – 911,6 მლნ.; 2013წ. – 941,9 მლნ.; 2014წ. – 1758,4მლნ.; 2015წ (წინასწარი მონაცემი)1580 მლნ.; სულ 13 მილიარდი დოლარი. აღარაფერს ვამბობთ დაახლოებით ამდენივე თანხაზე, რომელიც წინა ხელისუფლებამ მიიღო, ძირითადად ამერიკელებისაგან, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა არხებით. ამდენი ფულით საქართველოზე ორჯერ დიდი ქვეყნის ეკონომიკის ამოქაჩვა შეიძლებოდა.

ვნახოთ როგორაა განმარტებული პირდაპირი ინვესტიცია ეკონომიკურ ლექსიკონში: „კაპიტალის დაბანდება საზღვარგარეთ, სხვა ქვეყანაში, საკუთარი საწარმოებისა და წარმოების შესაქმნელად. უშუალოდ წარმოებაში და გარკვეული სახის პროდუქციის წარმოება-რეალიზაციაზე დახარჯული თანხები“. ე.ი. უცხოელ ინვესტორებს ზემოდასახელებული 13 მილიარდი დოლარით საქართველოში საწარმოები უნდა აეშენებინათ!

ინვესტიციები ეკონომიკის ყველა დარგში შეიძლება ჩაიდოს, მაგრამ პირდაპირი ინვესტიციის ცნებაში, უპირველესად, პროდუქციის გამომშვები ახალი კაპიტალური საწარმოების მშენებლობა მოიაზრება, რომელსაც ინვესტიციების ზრდის პროპორციულად სამუშაო ადგილების ზრდა უნდა ახლდეს თან.

ეკონომიკის ექსპერტების აზრით, ერთი სამუშაო ადგილის შესაქმნელად საჭიროა 25 ათასი დოლარის ინვესტიცია. ვნახოთ რამდენი ადამიანი დასაქმდა ქვეყანაში 13 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის შედეგად და რა კავშირია ჩადებულ ინვესტიციებსა და უშუალოდ ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობას შორის, რადგან ინვესტიციები, როგორც წესი, ბიზნესში იდება.

2005 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში 388 946-დან 600 000 კაცამდე გაიზარდა, ე.ი. 211 054 კაცით, მაშინ, როცა 13 მილიარდი დოლარის ინვესტიციის შედეგად ის უნდა გაზრდილიყო 516 800 კაცით. სად გაქრა ის 305 ათასი სამუშაო ადგილი, რომელიც ზემოაღნიშნული პირდაპირი ინვესტიციების შედეგად უნდა შექმნილიყო? 211 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას უკეთეს შემთხვევაში 5275 მილიონი (ხუთი მილიარდ ორასსამოცდათხუთმეტი მილიონი) დოლარი დასჭირდა. რა იქნა დანარჩენი 7645 მილიონი (შვიდი მილიარდ ექვსას ორმოცდახუთი მილიონი) დოლარი, რომელიც, საქსტატის მონაცემებით, პირდაპირი ინვესტიციების სახით ჩაიდო საქართველოში?

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ნაჩვენები პირდაპირი ინვესტიციებისა და, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხოვნების შედარება ლეგიტიმურ ეჭვს ბადებს მართლა შემოვიდა თუ არა დასახელებული თანხის ინვესტიცია ქვეყანაში. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ მათი უდიდესი ნაწილი იყო არა პირდაპირი ინვესტიცია, რაშიც სურთ რომ დაგვარწმუნონ, არამედ სპეკულაციური ინვესტიციები. (სპეკულაციურია ინვესტიციები, როცა ხდება აქტივების ყიდვა და ერთი-ორი-სამი წლის შიგნით მათი გადაყიდვა).

მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პირდაპირი ინვესტირების დროს უნდა შენდებოდეს ახალი საწარმოო სიმძლავრეები ან ძველის სრული რეაბილიტაცია და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ჩადებული ინვესტიციების პირდაპირპროპორციულად, როგორც ეს სინგაპურში მოხდა, სადაც ინვესტიციები გემთმშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში, ფარმაცევტულ, ელექტროტექნიკურ, ქიმიურ,  მეტალურგიულ, კომპიუტერულ, ნავთობგადამამუშავებელ და სხვა დარგებში ახალი სამრეწველო საწარმოების აშენების გზით დაბანდდა. ახალი საწარმოების მშენებლობამ კი უამრავი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა და მთლიანად დაასაქმა  ქვეყნის მოსახლეობა. გაჩნდა ხელფასი, ფული და კეთილდღეობა.

სპეკულაციური ინვესტირებისას კი ადგილი აქვს ღირებული აქტივების ყიდვა–გადაყიდვას და მხოლოდ მფლობელების შეცვლას შემდგომში კაპიტალის მნიშვნელოვანი დაბანდებებისა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის გარეშე, როგორც ეს საქართველოში მოხდა, სადაც ე.წ. პირდაპირი ინვესტიციები ახალი სამრეწველო საწარმოების ასაშენებლად კი არ იქნა გამოყენებული, არამედ უკვე აშენებული, მანამდე არსებული, მოქმედი საწარმოების ყიდვისა და შემდგომ მათი სპეკულაციური გადაყიდვისთვის. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებასთან კორუფციული გარიგებების შედეგად მუშა მდგომარეობაში მყოფი ობიექტები, როგორც წესი, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით იყიდებოდა, ხოლო მათი გადაყიდვა საბაზრო (კომერციული) ღირებულებით ხდებოდა, რაშიც შინაურმა და გარეულმა „ინვესტორებმა“ უზარმაზარი ფული „მოხსნეს“, ქვეყანა კი, პრაქტიკულად, მრეწველობისა და ეროვნული სიმდიდრეების გარეშე დარჩა.

გადაყიდული ობიექტების კაპიტალიზაცია ახლა ისეთი ოდენობის თანხას შეადგენს, საეჭვოა ჩვენმა შთამომავლობამ ოდესმე მოახერხოს მათი უკან გამოსყიდვა. სპეკულაციური ინვესტიციების ტიპური მაგალითებია საქართველოს საზღვაო სანაოსნოს, მადნეულის, ჭიათურმანგანუმის, ზესტაფონის ფეროს, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ფოთისა და ბათუმის პორტებისა და ტერმინალების, „თელასის“, „ბორჯომისა“ და სხვ. საწარმოების შესაძენად ჩადებული ინვესტიციები.

ასე, სიტყვების თამაშით და სტატისტიკური ჟონგლიორობით (როცა „პირდაპირი“ სულაც არ ნიშნავდა პირდაპირს), იქმნებოდა ილუზია, რომ ივსებოდა ქვეყანა უცხოური ინვესტიციებით და საწარმოებით, ხოლო რეალურად, უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ხიბლის საფარქვეშ, ხდებოდა ქვეყნის სამრეწველო თუ წიაღისეული სიმდიდრეების მიტაცება შინაური თუ გარეული „ინვესტორების“ მიერ, რომლის შედეგად ქვეყნის შიგნით ეროვნული ეკონომიკის ალტერნატიული ეკონომიკა შეიქმნა უცხოური ფირმების მონაწილეობით, რომელიც თავისი მასშტაბებით აჭარბებს ეროვნულ ეკონომიკას.

მართალია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გარეშე ვერც ერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, მაგრამ ჯერ-ერთი, ის უნდა იყოს ნამდვილად პირდაპირი ინვესტიციები, ჩადებული ახალ სამრეწველო საწარმოებში და მეორეც, რაღაც საზღვრები უნდა იქნას დაცული. ქვეყანამ, რომლის ლამის მთავარი ეკონომიკური ფუნქცია სატრანსპორტო დერეფანია, ამ დერეფნის საკვანძო ობიექტები – ბათუმისა და ფოთის პორტები თავის ტერმინალებიანად გაასხვისა!

ასევე, „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების“ შედეგად გასხვისდა ჭიათურმანგანუმი, ზესტაფონის „ფერო“, მადნეული, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რუსთავის „აზოტი“, „ელმავალმშენებელი“, ელექტროვაგონშემკეთებელი, ელექტრომექანიკოსი, ლიტოფონი, „თელასი“, თბილსრესი, საქართველოს სადისტრიბუციო ენერგოკომპანია (ახლანდელი „ენერგო-პრო ჯორჯია“), თითქმის მთელი ქართული ჰიდრო და თბოგენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის განაწილების კომპანიები, საბანკო სექტორი, გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია, „ელექტროკავშირი“, თბილისის წყალი, ნავთობტერმინალები და ნავთობმომარაგება და ასე შემდეგ საქართველოს ეკონომიკის 250-მდე უმსხვილესი ობიექტი. ყველა ზემოჩამოთვლილი ობიექტის საყიდლად შემოსული ინვესტიციები მთავრობისა და საქსტატის მიერ პირდაპირ ინვესტიციებად ჩაითვალა, როდესაც ისინი ნამდვილად არ წარმოადგენდნენ ასეთებს.

ამიტომ არ მოიტანა საქართველოში განხორციელებულმა ინვესტიციებმა დაპირებული სიკეთე. ამიტომ არ გაბრწყინდა ივერია და გაბრწყინდა სინგაპური, სადაც პირდაპირი ინვესტიციები პირდაპირი დანიშნულებით იქნა გამოყენებული და არა სპეკულაციური გამდიდრებისთვის. ამიტომ აქვს ჩვენზე ტერიტორიით 70-ჯერ პატარა ქვეყანას 308 მილიარდი დოლარის მთლიანი შიდა პროდუქტი (საქართველოს მხოლოდ 16 მილიარდის, 19-ჯერ ნაკლები), ხოლო მშპ ერთ სულ მოსახლეზე 53 220 დოლარი (მეექვსე ადგილი მსოფლიოში), მაშინ, როცა ქართველებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 3720 დოლარია (14-ჯერ ნაკლები, 116-ე ადგილი).

13 მილიარდი დოლარი რომ მართლა პირდაპირი ინვესტიციების სახით მოხმარებოდა ქართულ ეკონომიკას, მისი ზრდის ტემპი ხუთიდან სამ პროცენტამდე კი არ შემცირდებოდა, სულ ცოტა სამჯერ ხუთი პროცენტი მაინც იქნებოდა და ლარსაც ასე არ გაუჭირდებოდა. ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული ვალუტა იმ ქვეყანაშია მყარი, სადაც რეალურად პირდაპირი ინვესტიციები ხორციელდება, სადაც ეკონომიკა დივერსიფიცირებულია,  სადაც ეკონომიკის საფუძველი – მსხვილი ფაბრიკა-ქარხნები შენდება და კონკურენტუნარიანი სამრეწველო პროდუქცია იწარმოება, სადაც ექსპორტი იმპორტზე მეტია, სადაც ბიუჯეტის შემოსავლები ხარჯებს აჭარბებს და ასე შემდეგ.

მართალია, ლარის დაგლახებაში ეროვნულ (ნაციონალურ) ბანკსაც მიუძღვის წვლილი და გარე შოკების გავლენასაც არავინ უარყოფს, მაგრამ ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სიმბოლოს დევალვაციის მიზეზები უპირველესად ჩვენს ეროვნულ ეკონომიკაში, პირდაპირი ინვესტიციების არაპირდაპირ გამოყენებაში დევს. ამის დანახვას დიდი სიბრძნე არ სჭირდება.

ავტორი: გიორგი თავაძე ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი,

ენერგეტიკის აკადემიის  ნამდვილი  წევრი

თურქი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 2 თებერვალს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში თურქი მხატვრის ქემალ ჩელიქის პერსონალური გამოფენა გაიმართა.  ცოტა ხნის წინ ბათუმმა კიდევ ერთი თურქი მხატვრის გამოფენას უმასპინძლა. გამოფენის გახსნას დაესწრნენ თურქი და ქართველი ოფიციალური პირები. სტუმრებს  ნაციონალური კოქტეილით გაუმასპინძლდნენ.

გამოფენა ხელოვნების მუზეუმის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ გახსნა:

„ჩვენი ახლო მეზობლობა ართვინთან მეგობრობაში და შემოქმედებითი ურთიერთობების გაზიარებაში გამოიხატება. პეიზაჟი ერთ-ერთი პოპულარული ჟანრია მხატვრობაში და მას ყოველთვის მოეძებნება დამთვალიერებელი. ვფიქრობ, გამოფენა წარმატებული იქნება“.

ნინო ნიჟარაძე

მხატვარ ქემალ ჩელიქის თქმით, ეს მისი პირველი გამოფენაა საზღვრებს გარეთ:

„ხელოვნება არის ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, მინდა მადლობა გადავუხადო კონსულს მხარდაჭერისთვის.  ასევე მადლობა მინდა გითხრათ სტუმრებს, ცივი ამინდის მიუხედავად გამოფენაზე  მოსვლისთვის“.

ბათუმში თურქეთის კონსულის იასინ თემიზქანის თქმით, მხატვარი ქემალ ჩელიქი წარმოშობით შავშეთიდაა, სწორედ ამიტომ შეჩერდა მასზე არჩევანი:

„მის შემოქმედებაშიც  ამიტომ სჭარბობს ართვინის პეიზაჟი.  ჩვენ პეიზაჟს ვანიჭებთ უპირატესობას“-თქვა მან.

გამოფენის გახსნას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე და განათლებისა და კულტურის მინისტრი, გიორგი თავამაიშვილიც ესწრებოდნენ.

ქემალ ჩელიქის პერსონალირი გამოფენა

ქემალ ჩელიქის გამოფენა

 

 

საახალწლო კონცერტები ტენდერის გარეშე

საახალწლო კონცერტი, რომელიც წელს ბათუმში მაყურებლის ნაკლებობით გამოირჩეოდა, ბიუჯეტს 491 228 ლარი დაუჯდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონცერტის მოსაწყობად ტენდერის ნაცვლად პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა „მიმოდრამის თეატრთან“ 2015 წლის 4 დეკემბერს.

„პირდაპირი შესყიდვა გავაკეთეთ იმიტომ, რომ ტენდერს ვერ მოვასწრებდით. საახალწლო კონცერტისთვის თანხა წლის დასაწყისში არ იყო გათვალისწინებული. ტენდერების ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლდა ფული და ეს გამოჩნდა სექტემბრის ბოლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ იყო პრობლემა ჩატარებულიყო ტენდერი ოქტომბერში და ამ გზით შესაძლოა, დაზოგილიყო ბიუჯეტიდან თანხა,  ლადო მგალობლიშვილმა გვიპასუხა: „კონცერტის ჩატარება ტენდერის გზით რთულია, შეიძლება გაგიმართლოს, შეიძლება – არა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი, მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ ეს შესყიდვა მინიმუმ სახელმწიფო უწყების დაუგეგმავად მუშაობას აჩვენებს: „ახალი წელი არაა მოულოდნელობა და ყველამ ვიცით, რომ იგი უნდა აღინიშნოს რაღაც ფორმით. ახალი წლის კონცერტისთვის თანხა უნდა ყოფილიყო გამოყოფილი წლის დასაწყისში. შესაბამისად, „დრო არ იყო საკმარისი“ – ვერ იქნება არგუმენტი. თუნდაც ოქტომბერში რომ გამოჩენილიყო ეს თანხა, საკმარისი დრო ისევ არსებობდა ტენდერის ჩასატარებლად. ასეთი მიდგომა აზარალებს ბიუჯეტს და ვერ ვიღებთ ასევე იმ შედეგს, რაც იყო ჩაფიქრებული. ცნობილია, რომ ეს კონცერტი ფორსმაჟორულად დაიგეგმა.“

აჭარის განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი საახალწლო კონცერტისთვის გამოიყენა პირდაპირი შესყიდვა – ბათუმის სხვადასხვა უბანში საახალწლო კონცერტების მოსაწყობად 15 800 ლარზე პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება სამინისტრომ „ჰეფი თაიმსთან“ გააფორმა.

„აქ იაფად რომ გამოვსულიყავით, იმიტომ აღარ გამოვაცხადეთ ტენდერი. შევარჩიეთ კომპანია, რომელსაც მოგების და სხვა გადასახადები არ ექნებოდა გადასახდელი და ასე უფრო დავზოგეთ თანხა“- განაცხადა „ბათუმელებთან“ ლადო მგალობლიშვილმა.

ევროპის მოედანზე გამართულ კონცერტებზე მაყურებლის აშკარა სიმცირე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძემ ჟურნალისტებთან დიდთოვლობას დაუკავშირა: „ძალიან ბევრს დიდთოვლობის დროს ფეხზე ჩასაცმელი არ აქვს იმისთვის, რომ თოვლ-ჭყაპში გამოვიდეს გარეთ და მითუმეტეს ყინვაში.“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი საახალწლო კონცერტებისთვის თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის თქმით, კონცერტებს მერია გამართავს, ხოლო სამინისტრო იმ შემთხვევაში დააფინანსებს კონცერტს, თუკი ბიუჯეტში ეკონომიის ხარჯზე თანხა გაჩნდება. ლადო მგალობლიშვილი არ გამორიცხავს, რომ კვლავ ტენდერის გარეშე ჩატარდეს კონცერტი. მისი შეფასებით, „ეს უფრო მარტივია და ეფექტური“.

უფასო კონსულტაციები კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

4 თებერვალს, კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 10:00 საათიდან 17:00-საათამდე კლინიკა მედცენტრის (ონკოლოგიური საავადმყოფო) ყველა ონკოლოგი ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს.

ონკოლოგიური საავადმყოფო მდებარეობს პუშკინის ქუჩის 118 ნომერში.

საკონტაქტო ნომერი – (0422) 22 60 60 / 596 22 60 60

ბათუმში კიდევ ერთი პაციენტის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი H1N1 ვირუსია

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში სავარაუდოდ H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი ანალიზით ჯერ არ არის დადასტურებული. სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, სინჯი აღებულია და გადაგზავნილია თბილისში შემოწმებაზე. პასუხი ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

რამდენიმე დღის წინ H1N1 ვირუსით ბათუმში 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, აჭარის მასშტაბით ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 57 ნიმუში, მათ შორის 16 შემთხვევაში დადასტურდა A h1. დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში, 13 გამოჯანმრთელდა.

არჩილ ხაბაძე: თურმე ბულვარში ოქროს ზოდებია და თუ ასეა, ჩვენ ვუბრუნებთ მას მერიას (ვიდეო)

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ ბიუჯეტთან ერთად გადაეცემა, რაც წელს იქ განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად იყო განსაზღვრული. ეს 11 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარის მართვაში აღარ ჩაერევა.

უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წინა ხელისუფლების დროს საკრებულომ ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ჯერჯერობით არ გაუქმდება. „რადგან ბათუმის მერიას არ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ბულვარში მაღალბიუჯეტიანი პროექტები განახორციელოს“, – განმარტეს სხდომაზე.

აჭარის მთავრობის განცხადებით, გადაიხედება კომისიის შემადგენლობაც, რომელმაც ბულვარის კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით იმუშავა. კომისიაში გაწევრიანებას შესთავაზებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრებს. არჩილ ხაბაძის განმარტებით, კომისიას გადაწყვეტილების მიღება 50+1 პრინციპით უნდა შეეძლოს.

ასევე გადაიხედება კომპანია „ლიტომთან“,  რომელიც ბათუმის ბულვარის რებილიტაციაზე უკვე მუშაობს,  გაფორმებული ხეშეკრულების პირობები. მთავრობის სხდომაზე განმარტეს, რომ კომპანია თანახმაა ბულვარის მესამე ალიას შენარჩუნებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო:

ბულვარის მერიისთვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 4 აპრილს მიიღო. თუმცა, მერია საქმის წარმოების პროცესს ამ დრომდე აჭიანურებდა და აცხადებდა, რომ ამისთვის მზად არ იყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე კი აცხადებდა, რომ ბულვარს მერიის მართვაში არ დააბრუნებდა. ამჯერად მან განმარტა, რომ მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა. ახლა კი გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნით მიიღეს.

არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ბულვარის მართვაში დაბრუნების საკითხი ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეთანხმებულია:

„ის არ გაურბის პასუხისმგებლობას და ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცილებთ პასუხისმგებლობას“.

დღეს მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ 2016 წელი გარდამავალი პერიოდი იქნება მერიისთვის ბულვარის სამართავად. კითხვაზე – რა მოხდება, თუ წლის ბოლოს ბულვარის მართვის ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ისევ გაჩნდება, დავით ბალაძემ უპასუხა: „ამაზე წლის ბოლოს ვისაუბროთ.“

დავით ბალაძე / ბულვარის მერიის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით

ვინ გადაწყვეტს ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნების საკითხს

აჭარის მთავრობის 2 სექტემბრის სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ ბათუმის ბულვარი, თავის ბიუჯეტიანად, სამართავად გადაეცემა მესაკუთრეს – ბათუმის მუნიციპალიტეტს.

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ბულვარისთვის – „ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარების ხელშეწყობისთვის“ – 10 მილიონ 368 ათას 500 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადმინისტრაციისთვის კიდევ 1 მილიონ ლარზე მეტი.

ამ თანხის ათვისება ბულვარის ადმინისტრაციას დაწყებული ჰქონდა. ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. შესაბამისად, კვლავ აქტუალური რჩება ძველ ბულვარში სამივე ხეივნის შენარჩუნების საკითხი, ვინაიდან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან აუცილებელი იქნება  მოლაპარაკების გამართვა და პროექტსა და ხელშეკრულებაში შესაბამისი  ცვლილებების შეტანა [რასაც უპირობოდ ითხოვს „ბულვარის დამცველები“]. სავარაუდოდ, ამ მისიის შესრულება ბათუმის მუნიციპალიტეტს და ბულვარის ახალ ადმინისტრაციას მოუწევს.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა. მერიაში განაცხადეს, რომ ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ.

აჭარის მთავრობა ბულვარს ბათუმის მერიას უბრუნებს

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ დღეს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინსტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებს ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეეებს თანამდებობებიდან, რის შემდეგაც ბათუმის მერიას, ბათუმის საკრებულოსთან შეთანხმებით, შეეძლება დანიშნოს ახალი ხელმძღვანელები.

ბათუმის ბულვარი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინა ხელისუფლების პირობებში გადაეცა სამართავად. მიუხედავად იმისა, რომ ბულვარის დამცველები მერიისთვის მისი ქონების ანუ ბათუმის ბულვარის გადაცემას ბოლო სამი წლის განმავლობაშიც მუდმივად ითხოვდნენ, დღემდე ამის მიღწევა შეუძლებელი იყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარს განიხილავდა როგორც საინვესტიციო ტერიტორიას.

სხდომა აჭარის მთავრობაში ჯერ კიდევ გრძელდება.

 

„ბათუმის ბულვარი“ 120 ათასი ლარით სუვენირების დახლებს შეისყიდის

„ბათუმის ბულვარი“ 30  სუვენირების დახლს შეისყიდის, რისთვისაც 120 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

დახლების შეძენაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების მიხედვით, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღის განმავლობაში ადმინისტრაციას წარუდგინოს მისაწოდებელი სუვენირების დახლის ნიმუში ბულვარის მიერ წარმოდგენილი ესკიზის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი ნიმუში არ დააკმაყოფილებს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია.

ვის და რა პირობებით გადასცემენ ახალ დახლებს, ეს ბულვარის ადმინისტრაციაში ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ. დახლების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის ბოლო ვადა 5 თებერვალია.

დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი
დახლის ესკიზი

67 ათასამდე ლარი ბათუმის მერიის ავტომობილების პარკირების მოსაწყობად

ბათუმის მერია ბათუმში, სულხან საბა ორბელიანის ქუჩა N8-ში, მერიის ავტოსატრანსპორტო საშუალებათა პარკირების მოწყობას გეგმავს. შესაბამისი  სამუშაოებისთვის მერიას 66 980 ლარი აქვს გათვალისწინებული. სამუშაოებს მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

ბათუმის მერის მოადგილეები და მერიის რამდენიმე სამსახური მიმდინარე წლიდან მუშაობას ახალ შენობაში აგრძელებენ. ამისთვის ქალაქის მერიამ ორბელიანის ქუჩაზე N10-ში მდებარე ყოფილი კონტროლის პალატის შენობა გაარემონტა.

ქ. ბათუმის მერიის ბალანსზე რიცხული ავტომობილების საბალანსო ღირებულება გასულ წელს ჯამში 292 200 ლარი იყო.

274 ათასი ლარი საჯარო ლექციების დასაფინანსებლად

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სამინისტროში საბუთების მიღება იწარმოებს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი: 2016 წლის პირველი თებერვლიდან 11 მარტამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის პირველი მაისიდან 26 ივნისის ჩათვლით.

მეორე ეტაპი: 2016 წლის 2 მაისიდან 25 ივნისამდე, იმ ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომლებიც ჩატარდება 2016 წლის 20 სექტემბრიდან 10 დეკემბრამდე.

საჯარო ლექციები გაიმართება სტუდენტების, ასევე ლექტორების, მასწავლებლებისა და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებისათვის. საჯარო ლექციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების ასპექტებს.

აჭარაში H1N1-ით დაავადებული 13 პაციენტი გამოჯანმრთელდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პირველი თებერვლის 18:00 საათის მონაცემებით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს 383-მა პაციენტმა მიმართა.

სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 124 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 7 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა 57 ნიმუში, მათ შორის 16 შემთხვევაში დადასტურდა A h1. დადასტურებული შემთხვევებიდან 2 რჩება სტაციონარში, ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 13 გამოჯანმრთელდა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით  H1N1 ვირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. მათივე ცნობით, 2016 წლის მე-4 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 357.6-ს 100 000 მოსახლეზე.
მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით, გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს – გრიპისა და გიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარონ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება.

 

 

უმაღლეს საბჭოში უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს მოუსმენენ

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე

აჭარის უმაღლეს საბჭოში დღეს ფრაქციები აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] თავმჯდომარეობის კანდიდატს, დავით კვაჭაძეს მოუსმენენ.

კანდიდატს ფრაქციები დღეს, 2 თებერვალს, სხვადასხვა დროს შეხვდებიან. ბიუროს გადაწყვეტილებით, საბჭო დავით კვაჭაძის კანდიდატურაზე ხვალ, 3 თებერვალსაც იმსჯელებს.

საკონკურსო კომისიამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი წარუდგინა: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. არჩილ ხაბაძემ კი უმაღლეს საბჭოს დავით კვაჭაძის კანდიდატურა წარუდგინა დასამტკიცებლად.

დავით კვაჭაძე 2012 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. არაოფიციალურ საუბრებში მასაც „ ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებულ პირად მოიხსენიებენ.

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია 2016 წლის 4 თებერვალსაა მოწვეული. დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია: დავით კვაჭაძის უსკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ფარული კენჭისყრით არჩევა.

ხელოვნების უნივერსიტეტში წყალი ჩამოდის

ხელოვნების უნივერსიტეტის შენობაში წყალი ჩამოდის, რის გამოც კედლები რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორის ერმილე მესხიას თქმით, წყალი შენობაში 2012 წლიდან ჩამოდის, ანუ მას შემდეგ, რაც შენობის რეაბილიტაცია დასრულდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტს 6 499 499 ლარი დაუჯდა.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სამუშაოების მწარმოებელ კომპანიას წერილობით, მაგრამ პასუხიც კი არ მიგვიღია. წყალი ყოველთვის ჩამოდის, როცა წვიმს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა გელა ბერიძემ.

ხელოვნების უნივერსიტეტიხ კედელი

კითხვაზე, რატომ არ მიმართეთ სასამართლოს, თუკი „ნიუ კონსტრაქშენი“ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებაზე უარს ამბობს, ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსმა  გვითხრა, რომ ის ამას ვერ გააკეთებდა, რადგან ქონების მფლობელი სახელმწიფოა და კომპანიასთან ხელშეკრულება აჭარის მთავრობამ გააფორმა. თავის მხრივ, აჭარის მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ უნივერსიტეტი მთავრობამ ხელოვნების უნივერსიტეტს გადასცა და ქონება მათ უნდა დაიცვან.

კანონმდებლობის მიხედვით, ქონების დაზიანებისთვის აჭარის მთავრობას უნდა მიემართა სასამართლოსთვის, რადგან ბათუმის სასწავლო უნივერსიტეტის შენობა და მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა. თუმცა შესაძლებელია იმ ხელშეკრულებით, რომელიც აჭარის მთავრობასა და ხელოვნების უნივერსიტეტს შორის არსებობს, სხვა რამ არის განსაზღვრული.

ხელოვნების უნივერსიტეტის რეაბილიტაცია 2011-2012 წლებში ჩაატარა შპს „ნიუ კონსტრაქშენმა“, რომელსაც სატენდერო პირობების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარისხზე მინიმუმ 15- წლიანი გარანტია აქვს აღებული. კომპანიის საქალაქო ტელეფონზე დღეს ჩვენ დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

2 თებერვალს ბულვარის საკითხს აჭარის მთავრობა სხდომაზე განიხილავს

აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვართან დაკავშირებული საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მომხსენებელი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძეა. სხდომა 2016 წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული.

უცნობია, კონკრეტულად რა ჭრილში დააყენებენ ბათუმის ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხს მთავრობის სხდომაზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შესულია მოქალაქეთა პეტიცია, ძველ ბულვარში სამივე სასეირნო ბილიკის [ალეა] შენარჩუნების მოთხოვნით. ჩვენივე ინფორმაციით, მთავრობაში შეთანხმებულიც არიან, რომ ამ პეტიციის საფუძველზე ძველ ბულვარში შუა ბილიკის დატოვება  შესაძლებელია, თუმცა გარკვეულ მექანიზმებზე უნდა შეთანხმდნენ – ანუ, კორდის მოწყობის ნაცვლად დაიგოს ფილები და ბილიკი შენარჩუნდეს, რაც, ბუნებრივია, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და ბულვარის ადმინისტრაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს.

სამივე ხეივნის დატოვების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ადრე, მოქალაქეთა მხრიდან აქციების პარალელურად გააკეთა.

„…საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და თანხმობა კომპანიისა, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს. იმას, თუ რა კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება, ეს არის იურისტებისა და ეკონომისტების სამუშაო – უნდა მომზადდეს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

„ბულვარის დამცველები“ აჭარის მთავრობისგან ზეპირი განცხადებების ნაცვლად კონკრეტულ  გადაწყვეტილებას ელოდებიან. მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება ბულვარის ადმინისტრაციაც.

„ბათუმის ბულვარის“ დირექტორმა არჩილ კახიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ კონკრეტული სამუშაო კომპანიასთან ხელშეკრულებაში პროექტის შეცვლაზე ამ დროისთვის არ დაწყებულა, თუმცა კონსულტაციები საუბრის დონეზე მიმდინარეობს: „გარკვეულ ეტაპებს გავდივართ, სიტყვიერი მოლაპარაკება გვაქვს საპროექტოსთანაც, მარტო კომპანიაზე ეს არ არის დამოკიდებული… მთავრობაც დააზუსტებს დეტალებს.“

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ პეტიციით აჭარის მთავრობას მიმართავს, ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. პეტიციას ამ დროისთვის ხელს 4 824 ადამიანი აწერს.

ბათუმი
ბულვარი, 1.02.2016

ხელოვნების უნივერსიტეტი მისამართს იცვლის

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი მისამართს იცვლის. უნივერსიტეტი განთავსდება გორგილაძის ქუჩაზე მდებარე პირველი სკოლის ფილიალის შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.  პროექტის შესყიდვაზე ხელოვნების უნივერსიტეტი ტენდერის გამოცხადებას მარტის ბოლოსთვის გეგმავს. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 45 ათასი ლარი იქნება. ჯერ უცნობია, მიმდინარეობს თუ არა კონსულტაციები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან. სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

„ჯერ მხოლოდ ზეპირი შეთანხმება არსებობს. პროექტი უნდა მომზადდეს და შემდეგ დამტკიცდება, გადავალთ თუ არა გორგილაძის ქუჩაზე მდებარე შენობაში,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა ერმილე მესხიამ.

მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტის შენობაში აჭარის მთავრობის აპარატი აპირებს გადასვლას. ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმაციით კი, გამოთავისუფლებულ შენობაში უმაღლესი საბჭო დაიდებს ბინას. ეს ინფორმაცია დღეს უარყვეს როგორც აჭარის მთავრობის აპარატში, ასევე უმაღლეს საბჭოში.

რაც შეეხება პირველი სკოლის ფილიალს გორგილაძის ქუჩაზე, იგი პირველი სკოლის ახალ შენობაში გადავა, რომელიც დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე, სკოლის ეზოში შენდება. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მშენებლობა მიმდინარე წელს დასრულდება.

შენობას, სადაც ჯერ კიდევ ხელოვნების უნივერსიტეტია განთავსებული, 2011 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და  6 499 499 ლარი დაიხარჯა.

 

„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ – განაცხადების მიღება დაიწყო

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ახალ პროექტში – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია.

პროექტისთვის სპეციალურად შექმნილი ვებგვერდი Recommend.ge ამოქმედდა.

ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, პროექტში მონაწილე კვებისა და განთავსების ობიექტებს, ასევე გიდებს საშუალება აქვთ საიტზე ონლაინრეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მიიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. Recommend.ge-ზე განთავსებულია დეტალური ინფორმაცია პროექტის, მასში ჩართვისთვის საჭირო პროცედურებისა და შესასრულებელი კრიტერიუმების შესახებ.

პროექტში განაცხადების მიღება Recommend,.ge –ზე პირველ მარტამდე გაგრძელდება.

განცხადებების გადარჩევის შემდეგ პროექტის მონაწილე განთავსებისა და კვების ობიექტები გაივლიან სპეციალურ ტექნიკურ შემოწმებას, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. პროექტის შედეგად გამოვლენილი ობიექტები მიიღებენ სპეციალურ ნიშას – „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“, რომელიც ტურისტებისთვის კონკრეტული ობიექტის სანდოობისა და ხარისხის ერთგვარ გარანტად იქცევა. ხარისხის ნიშნის მინიჭება წელიწადში ერთხელ ხდება და ის განახლებას ყოველწლიურად საჭიროებს.

რაც შეეხება გიდებს, პირველ ეტაპზე იგეგმება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის – მტირალას ეროვნული პარკის გიდისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება. ტურისტულ გიდად აღიარების პროცედურა ხორციელდება წელიწადში ერთხელ – შემოდგომაზე. გიდად აღიარების მსურველმა უნდა შეავსოს განაცხადი/ანკეტა ვებგვერდზე: www.recommend.ge. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას, გასაუბრებას და მოაწყობენ საჩვენებელ ექსკურსიას, რის შემდეგაც გიდებს ხარისხის ნიშანს მიანიჭებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალამოქმედებული პორტალი: Recommend.ge იქნება ერთგვარი ბაზა, სადაც ტურისტებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, დეპარტამენტის მიერ რეგიონში რეკომენდებული ხარისხიანი ობიექტების შესახებ მიიღონ ინფორმაცია.

პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტი მიერ“ მიზნად ისახავს რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, კვებისა და განთავსების ობიექტებში უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტების დამკვიდრებას. ასევე ითვალისწინებს რეგიონში ტურისტული გიდის მომსახურების გაუმჯობესებასა და გიდებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას.

საკონსტიტუციო სასამართლო სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელს განიხილავს

დღეს, პირველ თებერვალს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სარჩელის  დასაშვებობის საკითხს განიხილავს. დღეს არის მეორე განმწესრიგებელი სხდომა.  სახარების რწმენის ეკლესია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის დადგენილებას აპროტესტებს, რომელიც ეხება საბჭოთა პერიოდში რელიგიური გაერთიანებებისთვის ზიანის ანაზღაურებას.

„ჩვენ, როგორც მოსარჩელეებმა, წარვადგინეთ არაერთი საარქივო დოკუმენტი, ძველი განაჩენები, მედიამასალები, რელიგიათა საბჭოს დოკუმენტები, ენციკლოპედიური თუ სხვა ტიპის აკადემიური ნაშრომები, რომლებიც ადასტურებს ამ ეკლესიის დევნას. მეორე მხრივ, სასამართლო ჩაუღრმავდა სამართალმემკვიდრეობის საკითხს, ანუ დღეს მოქმედი „სახარების რწმენის ეკლესია“ არის თუ არა სამართალმემკვიდრე საბჭოთა პერიოდში მოქმედი 50-იანელთა ეკლესიის. ამის შეფასების მიზნით სასამართლოში ჩვენ დავაყენეთ ორი ექსპერტის დაკითხვის შუამდგომლობა და დღეს ამ მიზნით დაიკითხებიან ეკლესიის ისტორიის პროფესორი ნუგზარ პაპუაშვილი და ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი,“- ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(ENC) იურისტი.

თამთა მიქელაძის თქმით, სახარების რწმენის ეკლესია დავობს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, როცა სახელმწიფომ ზიანის ანაზღაურება მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის წინაშე აღიარა და მან ვერ დაინახა სხვა ეკლესიები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდში დევნა განიცადეს:

„ასეთი მიდგომა არის დისკრიმინაციული. გარდა ამისა, ის შეიცავს  რელიგიური ორგანიზაციების  ავტონომიურობაში სახელმწიფოს ჩარევის საფრთხეს.

ამასთან, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ იმის გამო, რომ დადგენილება ითვალისწინებს ზიანის სიმბოლურ ანაზღაურებას და არ მოხდა რეალურად ზიანის ოდენობის მასშტაბური განსაზღვრა ან რაიმე ობიექტური სამართლიანი, განჭვრეტადი კრიტერიუმების გათვალისწინება, რომლის საფუძველზეც მოახდენდა ზიანის ანაზღაურებას,“- ამბობს იურისტი.

სასამართლო სხდომა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

სახარების რწმენის ეკლესიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 11 მარტს შეიტანა

სამინისტრო მანდარინის ექსპორტის ბოლო მონაცემებს აქვეყნებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა დაასრულა. პირველი თებერვლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26579 ტონა სტანდარტული მანდარინი, 9252 ტონა კი გადამუშავებულია.  სამინისტროს ინფორმაციით, სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1892 925 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 925 222 ლარია.

ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებდა ექვსი ქარხანა: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group-ი და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers-ი, ქედაში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,, გსქ კულა“.

საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

სამინისტროს ინფორმაციით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება რუსეთში -78.05%, 20744 ტ, უკრაინაში – 14. 94%, 3969ტ, სომხეთში – 3.01%, 799ტ, აზერბაიჯანში – 1.14%, 304 ტ, ყაზახეთში – 1.68%, 447ტ და ბელორუსიაში – 0.91 % 242ტ. სხვა ქვეყნები – 0.28 % 74ტ.

ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი ბათუმში 2015 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს.

ბათუმი დიდთოვლობის შემდეგ [ფოტო]

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 თებერვალს ბათუმში იწვიმებს, ხოლო 3 თებერვლიდან 7 თებერვლამდე კვლავ მშრალი ამინდია მოსალოდნელი.

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

„16 ნარგავია სულ დაზიანებული, სამი ნარგავი გასწორდა,  შეიძლება გასწორდეს კიდევ ორი ნარგავი.  დარჩება 11 დაზიანებული ნარგავი. აქედან ოთხი მაღალტანიანი ხე იყო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ძირითადად  ფიჭვის ხეებია დაზიანებული. გადატეხილი ტოტების შეგროვება მიმდინარეობს, რომელსაც გადავცემთ მერიას. შემდეგ  ალაბთ შეშის სახით გადაეცემა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას,“- ამბობს ბულვარის დირექტორი არჩილ კახიძე.

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი

ბათუმი
ბათუმი, 1.02.2016 წელი //„ბათუმელების“ ფოტოები

აჭარის განათლების სამინისტრო უცხოენოვან სამეცნიერო თარგმანებს დააფინანსებს

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეპროგრამის ფარგლებში  დააფინანსებენ  უცხოენოვანი სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმანებს.
კონკურსის ფარგლებში პროექტის წარმოდგენა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს. სამინისტროდან მოთხოვნილი თანხა ერთი პროექტისათვის არ უნდა აღემატებოდეს 9000 ლარს.
ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია ღია კონკურსის საფუძველზე.
სამინისტროში საბუთების მიღება უცხოენოვანი სამეცნიერო/სახელმძღვანელო ლიტერატურის თარგმნის კონკურსში მონაწილეობისათვის იწარმოებს 2016 წლის 8 თებერვლიდან  21 მარტის ჩათვლით.
კონკურსში გამარჯვებული პროექტების განხორციელებას ორგანიზებას გაუწევს სამინისტროს  მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია.

შსს ინფორმაციით საქართველოში ერთ თვეში 116 369 ტურისტი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2016 წლის იანვრის თვეში ასე გამოიყურება:

2016 წლის იანვრის თვე 323 159 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,4 %-ით მეტია.

ტურისტი – 116 369 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 4,3%);

ტრანზიტი – 48 466 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 15%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -16%);

სხვა – 158 324 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 49%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 13%).

2016 წლის იანვარშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-12,4%), თურქეთიდან (-5,6%), აზერბაიჯანიდან (+16%), რუსეთიდან (+10,2%) და უკრაინიდან (+8,6%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარშიც გამოირჩევიან: საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და გერმანია (შესაბამისად 29%, 26%, 16%, 15% და 14%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (15%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (21%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (14%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები – 706%. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 7%-იანი ზრდა.

Exit mobile version