აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ ბიუჯეტთან ერთად გადაეცემა, რაც წელს იქ განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად იყო განსაზღვრული. ეს 11 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარის მართვაში აღარ ჩაერევა.
უზურფრუქტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც წინა ხელისუფლების დროს საკრებულომ ბულვარი სამართავად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა, ჯერჯერობით არ გაუქმდება. „რადგან ბათუმის მერიას არ აქვს იმის ფინანსური შესაძლებლობა, რომ ბულვარში მაღალბიუჯეტიანი პროექტები განახორციელოს“, – განმარტეს სხდომაზე.
აჭარის მთავრობის განცხადებით, გადაიხედება კომისიის შემადგენლობაც, რომელმაც ბულვარის კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით იმუშავა. კომისიაში გაწევრიანებას შესთავაზებენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საინიციატივო ჯგუფის წევრებს. არჩილ ხაბაძის განმარტებით, კომისიას გადაწყვეტილების მიღება 50+1 პრინციპით უნდა შეეძლოს.
ასევე გადაიხედება კომპანია „ლიტომთან“, რომელიც ბათუმის ბულვარის რებილიტაციაზე უკვე მუშაობს, გაფორმებული ხეშეკრულების პირობები. მთავრობის სხდომაზე განმარტეს, რომ კომპანია თანახმაა ბულვარის მესამე ალიას შენარჩუნებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდეს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო:
ბულვარის მერიისთვის დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 4 აპრილს მიიღო. თუმცა, მერია საქმის წარმოების პროცესს ამ დრომდე აჭიანურებდა და აცხადებდა, რომ ამისთვის მზად არ იყო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე კი აცხადებდა, რომ ბულვარს მერიის მართვაში არ დააბრუნებდა. ამჯერად მან განმარტა, რომ მისთვის არ იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიების მოთხოვნა. ახლა კი გადაწყვეტილება საზოგადოების მოთხოვნით მიიღეს.
არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, ბულვარის მართვაში დაბრუნების საკითხი ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან შეთანხმებულია:
„ის არ გაურბის პასუხისმგებლობას და ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცილებთ პასუხისმგებლობას“.
დღეს მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ 2016 წელი გარდამავალი პერიოდი იქნება მერიისთვის ბულვარის სამართავად. კითხვაზე – რა მოხდება, თუ წლის ბოლოს ბულვარის მართვის ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვები ისევ გაჩნდება, დავით ბალაძემ უპასუხა: „ამაზე წლის ბოლოს ვისაუბროთ.“