Batumelebi | შესაძლებელია თუ არა ძველი ბულვარის შენარჩუნება შესაძლებელია თუ არა ძველი ბულვარის შენარჩუნება – Batumelebi
RU | GE  

შესაძლებელია თუ არა ძველი ბულვარის შენარჩუნება

„კონცეფცია, რომელიც წარმოადგინა კომპანიამ შუალედური განხილვისთვის, შესაძლებელია განხორციელდეს ახალ ბულვარში, ან კიდევ ქალაქის სხვა უბანში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბათუმის ძველ ბულვარში… რაც შეეხება ბილიკის გაუქმებას, საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და კომპანიის  თანხმობა“, – აცხადებს საიას იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი.

აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ „კონცეფციაში შესაძლებელია ცვლილების შეტანა და სამი ხეივანის დატოვება. კონცეფციის საბოლოო ვერსიის მიღებამდე, შესაბამისი აქტების საფუძველზე, შეჩერდება ყოველგვარი ნებართვების გაცემა“.

რა შემთხვევაშია შესაძლებელი სამი ხეივნის [ალეას, სავალი ბილიკის] დატოვება, როცა ერთი მათგანის გაუქმებაზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და მუშაობს ტენდერში გამარჯვებული კომპანია? ასევე ხელშეკრულებაა გაფორმებული [ოღონდ ტენდერისა და კონკურსის გარეშე] სხვა კერძო კომპანიასთან ბულვარის კონცეფციის შემუშავებაზეც – „ბათუმელები“ კომენტარისთვის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელს, გიორგი ხიმშიაშვილს დაუკავშირდა.

„ვფიქრობ, კონცეფციაზე მომუშავე კომპანიასთან ხელშკრულებაში ცვლილების აუცილებლობა დღის წესრგიში არ დგას, რადგან ზუსტი გეგმა, თუ როგორი უნდა იყოს კონცეფცია, ხელშეკრულებაში გაწერილი არ არის. ამიტომ, მთავრია კომპანიამ მხედვლობაში მიიღოს საზოგადოებრივი აზრი, რათა შევინარჩუნოთ ძეგლის კულტურულ-ისტორიული ღირებულება და ავთენტიკურობა. ხოლო, კონცეფციური ხედვა, რომელიც წარმოადგინა კომპანიამ შუალედური განხილვისთვის, შესაძლებელია განხორციელდეს ახალ ბულვარში, ან კიდევ ქალაქის სხვა უბანში, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბათუმის ძველ ბულვარში.

რაც შეეხება მიმდინარე სარეკოსნტრუქციო სამუშაოების და ალეას გაუქმებას, რასაც საზოგადოების ვნებათაღელვა მოჰყვა, ვფიქრობ, საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და თანხმობა კომპანიისა, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს. იმას, თუ რა კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება, ეს არის იურისტების და ეკონომისტების სამუშაო – უნდა მომზადდეს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებაზე ხელშეკრულება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გააფორმეს კომპანიასთან, რომელიც ნასყიდობის სხვა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის, ადრე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაჯარიმებული ჰყავს. საუბარია შპს „სანატორიუმი-სასტუმრო ოაზისზე“, რომელიც 2015 წლის 24 დეკემბრიდან ცალკე იურიდიულ კომპანიად აღარ არსებობს.

ბულვარის ადმინისტრაციამ ხელშეკრულება (ბულვარში დღეს მიმდინარე სამუშაოების ჩატარებაზე) ტენდერში გამარჯვებულ რუსულ კომპანია „ლიტომთან“ [ООО „ЛИТОМ“] 2015 წლის 26 ნოემბერს გააფორმა. კომპანია სამუშაოებს აწარმოებს პროექტით, რომელსაც მხარი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაუჭირა და რომლითაც ძველ ბულვარში სამი სავალი ბილიკიდან ერთი უქმდება.

ბათუმის ბულვარში ძველი ბულვარის დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეები ქალაქის ისტორიულ ბულვარში ახალი კონცეფციის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან.

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ აჭარის მთავრობას პეტიციით მიმართავს, ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. ამ დროისთვის პეტიციას  3235 ადამიანი აწერს ხელს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com