მთავარი,სიახლეები

ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კრიტერიუმებს მთავრობა განიხილავს

03.02.2016 • 1362
ეკომიგრანტებისთვის სახლების შეძენის კრიტერიუმებს მთავრობა განიხილავს

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას აჭარის მთავრობა წელს პირველად განახორციელებს. პროგრამის ბიუჯეტი სამ მილიონ ლარს შეადგენს. პროგრამის შესრულების წესის დახვეწაზე აჭარის მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა, ნუგზარ სურმანიძემ წარადგინა.

პროგრამით ისარგებლებენ აჭარის მთავრობის მიერ ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტები, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა. პროგრამის მიხედვით, საცხოვრებელი ფართობის ღირებულებას მთავრობა, ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, ეკომიგრანტ ოჯახს უძრავი ქონების დარეგისტრირებისთანავე აუნაზღაურებს.

დადგენილების პროექტი, რომელიც მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ სხდომაზე წარადგინა, პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილ, შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის, ბენეფიციართა შერჩევის, მათი პროგრამაში ჩართვისა და უსაფრთხო საცხოვრისის შესყიდვის პროცედურების წესს განსაზღვრავს. პროგრამით გათვალისწინებულია ბენეფიციარის დაფინანსება, მის მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართობის შესყიდვისათვის, არაუმეტეს 25 000 ლარისა.

იმ შემთხვევაში, თუ საცხოვრებელი ფართობის გასაყიდი ღირებულება აღემატება პროგრამით განსაზღვრულ თანხას, სურვილისა და შეთანხმების შემთხვევაში, ბენეფიციარი ფართობის შეძენის მიზნით თავად დაფარავს დარჩენილ სხვაობას.

ამ ჩანაწერმა მთავრობის სხდომაზე კითხვები გააჩინა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ უნდა დაწესდეს ზედა ზღვარი პროგრამის ფარგლებში შესასყიდი სახლების ღირებულებასთან დაკავშირებით: „ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ბენეფიციარმა მოინდომოს 100 000 ლარად ღირებული სახლის შესყიდვა და ჩვენ გვთხოვოს თანამონაწილეობა.“

სოფლის მეურნეობის მინისტრს, ზაურ ფუტკარაძეს გაუჩნდა კითხვა: „რატომ უნდა დაეხმაროს მთავრობა ბენეფიციარს, თუ მას 100 000 ლარად ღირებული სახლის შესყიდვის შესაძლებლობა აქვს? – მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ კარგი იქნებოდა სამთავრობო კომისიასვე მოეძიებინა შესასყიდი სახლები, რასაც დავით ბალაძე შეეწინააღმდეგა:

„მერე დადგება ჩვენი კომისია მუდმივად ეჭვის ქვეშ. გაჩნდება კითხვები, რატომ შეირჩა ესა თუ ის სახლი, ვის გააყიდინეს და ვის არ გააყიდინეს და ასე შემდეგ. ამიტომ ბენეფიციარებმა თავად მოძებნონ თავიანთი სახლები.“

მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ განმარტა, რომ პროგრამით ისარგებლებს ის პირი, რომელმაც სახლი სტიქიის გამო დაკარგა და რომელსაც ალტერნატიული საცხოვრისი არ გააჩნია. ალტერნატიულ საცხოვრისად კი ვერ ჩაითვლება სახლი, სადაც მისი მშობლები და სხვა ახლობლები ცხოვრობენ.

სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა უნდა მიმართოს შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართობის მდებარეობის მიხედვით.
ბენეფიციარი 2010 წლის პირველი იანვრიდან უწყვეტად უნდა იყოს რეგისტრირებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

აჭარის ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების ბოლო 3 წლის მონაცემებით უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა დაახლოებით 600-მდე სტიქიის შედეგად დაზარალებულ და ადგილმონაცვლეობას დაქვემდებარებულ ოჯახს ესაჭიროება.

ეს მონაცემები, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს დაკვირვებით, სტიქიური კატაკლიზმების გახშირების გამო ინტენსიურად იზრდება. შედეგად ასობით ოჯახს, მძიმე სოციალურ ეკონომიკური მდგომარებიდან გამომდინარე, უსაფრთხო საცხოვრებლის შესაძენად ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს და ცხოვრებას სტიქიური კატასტროფების ზონაში განაგრძობს, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

პროგრამის ბენეფიციარებს წარმოადგენენ ეკომიგრანტები, რომლებსაც შუამდგომლობს შესაბამისი თვითმმართველი ერთეულები, როგორც მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს და რომლებიც 2010 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

პროგრამის მიხედვით ბენეფიციართა შერჩევას უზრუნველყოფს უფლებამოსილი კომისია. კომისიის შემადგენლობა, უფლებამოსილება, ბენეფიციართა შერჩევის წესი და კრიტერიუმები აჭარის მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება.

პროგრამაში ჩართვის საფუძველია საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის თაობაზე მოქალაქის განაცხადი და შესაბამისი სამსახურის/სპეციალისტების დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ ოჯახი ექვემდებარება გადაადგილებას. პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია.

პროგრამაში ჩართვა განხორციელდება შესაბამისი სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის ფარგლებში, ეკომიგრანტთა მონაცემთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირებული ეკომიგრანტებისა, რომელთაც მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა; ბენეფიციარები, რომელთა საცხოვრებელი ფართობის შესყიდვის თაობაზე განაცხადები დაკმაყოფილდება, მიეცემათ არაუმეტეს 30 კალენდარული დღე საცხოვრებელი ფართობის შერჩევისათვის. თუ ბენეფიციარი ამ ვადაში ვერ შეარჩევს შესასყიდ საცხოვრებელ ფართობს, კომისია პრიორიტეტის გათვალისწინებით, რიგით შემდეგ ბენეფიციარს შესთავაზებს საცხოვრებელი ფართობის მოძიებას.

ბენეფიციარის მიერ შესასყიდად შერჩეულ საცხოვრებელ სახლს, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი ექსპერტიზა შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენისა და საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ფოტომასალა ცხადყოფს, რომ საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია და საცხოვრებლად უვარგისია. საექსპერტო დასკვნების გათვალისწინებით, უფლებამოსილი კომისია იღებს გადაწყვეტილებას ბენეფიციარის დაკმაყოფილების თაობაზე, თუ შესასყიდად შერჩეული ფართობი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე.

კანონმდებლობის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საცხოვრებელი ფართობი რეგისტრირდება დაზარალებული ოჯახის სრულწლოვანი წევრების თანასაკუთრებად.

ექსპერტიზის ღირებულება განისაზღვრება მომსახურების მიმწოდებელ მხარესა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობისა და მომსახურების ტარიფების შესაბამისად. ექსპერტიზის ხარჯებს დაფარავს სამინისტრო.

ბენეფიციარს უფლება აქვს, კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადაში, განმეორებით წარადგინოს სამინისტროში სხვა საცხოვრებელი ფართობი, თუ:

ბენეფიციარი ვერ ფარავს ჩატარებული შეფასების შედეგად დადგენილ საბაზრო ღირებულებასა და გამყიდველის მიერ დაწესებულ ფასს შორის არსებულ სხვაობას;

დადებულ იქნა უარყოფითი საექსპერტო დასკვნა შერჩეული ფართობის ტექნიკურ მდგომარეობაზე;

წარმოდგენილი ფოტომასალის საფუძველზე საცხოვრებელი ფართობის ექსპერტიზაზე გადაგზავნა ჩაითვალა არამიზანშეწონილად;

ზემოთ მითითებულ შემთხვევებში, ბენეფიციარის მიერ შესყიდვის მიზნით მეორე მცდელობაზე წარმოდგენილი ფართობის ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს სამინისტრო.

სხვა შემთხვევებში კი, მაგალითად, თუ გახდება საჭირო ბენეფიციარსა და გამყიდველს შორის შეთანხმების გაუქმება, ან სხვა მსგავს შემთხვევებში ხელახალი ექსპერტიზის ხარჯი უნდა გაიღოს ბენეფიციარმა.

გადაბეჭდვის წესი