აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმის ბულვართან დაკავშირებული საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მომხსენებელი კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძეა. სხდომა 2016 წლის 2 თებერვალსაა ჩანიშნული.
უცნობია, კონკრეტულად რა ჭრილში დააყენებენ ბათუმის ბულვარში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით საკითხს მთავრობის სხდომაზე.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში შესულია მოქალაქეთა პეტიცია, ძველ ბულვარში სამივე სასეირნო ბილიკის [ალეა] შენარჩუნების მოთხოვნით. ჩვენივე ინფორმაციით, მთავრობაში შეთანხმებულიც არიან, რომ ამ პეტიციის საფუძველზე ძველ ბულვარში შუა ბილიკის დატოვება შესაძლებელია, თუმცა გარკვეულ მექანიზმებზე უნდა შეთანხმდნენ – ანუ, კორდის მოწყობის ნაცვლად დაიგოს ფილები და ბილიკი შენარჩუნდეს, რაც, ბუნებრივია, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და ბულვარის ადმინისტრაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს.
სამივე ხეივნის დატოვების შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ, ადრე, მოქალაქეთა მხრიდან აქციების პარალელურად გააკეთა.
„…საკითხის მოგვარება სამართლებრივ ფორმატში შესაძლებელია, თუ იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება და თანხმობა კომპანიისა, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს. იმას, თუ რა კუთხით უნდა შევიდეს ცვლილება, ეს არის იურისტებისა და ეკონომისტების სამუშაო – უნდა მომზადდეს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.
„ბულვარის დამცველები“ აჭარის მთავრობისგან ზეპირი განცხადებების ნაცვლად კონკრეტულ გადაწყვეტილებას ელოდებიან. მთავრობის გადაწყვეტილებას ელოდება ბულვარის ადმინისტრაციაც.
„ბათუმის ბულვარის“ დირექტორმა არჩილ კახიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ კონკრეტული სამუშაო კომპანიასთან ხელშეკრულებაში პროექტის შეცვლაზე ამ დროისთვის არ დაწყებულა, თუმცა კონსულტაციები საუბრის დონეზე მიმდინარეობს: „გარკვეულ ეტაპებს გავდივართ, სიტყვიერი მოლაპარაკება გვაქვს საპროექტოსთანაც, მარტო კომპანიაზე ეს არ არის დამოკიდებული… მთავრობაც დააზუსტებს დეტალებს.“
საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ბათუმის ბულვარი“ პეტიციით აჭარის მთავრობას მიმართავს, ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. პეტიციას ამ დროისთვის ხელს 4 824 ადამიანი აწერს.