მთავარი,სიახლეები

დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს

03.02.2016 • 2393
დაურეგისტრირებელ მიწებს სახელმწიფო დაირეგისტრირებს

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს საჯარო რეესტრს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უძრავ ნივთზე საკუთრების, განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვის რეგისტრაციას ერთობლივად განახორციელებს. ერთი წლის ვადის გასვლის შემდეგ კი სახელმწიფოს ექნება უფლება, მოითხოვოს აღნიშნული აკრძალვის შეწყვეტა და მის საკუთრებაში არსებული ქონება გაასხვისოს კიდეც.

მთავრობაში აცხადებენ, რომ „აღნიშნული რეგულაცია შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, ჩაატაროს სახელმწიფო მიწის აქტივების სისტემური აზომვითი სამუშაოები და დაარეგისტრიროს ისინი ვალდებულების აღებით, რომ არ გაასხვისებს ან არ გასცემს სარგებლობის უფლებით ერთი წლის განმავლობაში“.

თუმცა, კანონპროექტი ამ „ერთწლიან ვადას“ სახელმწიფოს არ ავალდებულებს. პროექტში უბრალოდ აღნიშნულია, რომ ქონების ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, მოითხოვოს ნივთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. ანუ, უფლებამოსილია და არა ვალდებული. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ  სახელმწიფოს ამ კანონის მიღების შემთხვევაში, ეძლევა უფლება უაპელაციოდ დაირეგისტრიროს მიწის ნაკვეთი, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლება.

იურისტების განმარტებით, კანონის ამოქმედების შემდეგ, სახელმწიფო ირეგისტრირებს მიწებს, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრი უფლებამოსილი რჩება დაურეგისტრიროს საკუთრებაში ქონება პირს, თუ ის წარადგენს შესაბამის დოკუმენტებს. ერთი წლის შემდეგ კი დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს ქონების ეროვნულ სააგენტოს, ვინაიდან რეესტრი აღარ იქნება უფლებამოსილი ორგანო. თუ სააგენტო წინააღმდეგი იქნება ქონების გადაცემის, მაშინ რჩება ერთადერთი გზა – სასამართლო, სადაც მოპასუხე მხარე იქნება სახელმწიფო.

„კანონპროექტის „კეთილშობილური“ მიზნები განმარტებითი ბარათიდან გასაგებია, მაგრამ თუ სახელმწიფოს მცდელობას წარმოადგენს საბოლოოდ დაასრულოს 1993 წელს დაწყებული მიწის რეფორმა საქართველოში, აღნიშნული კანონპროექტი ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ამის თვალსაჩნოებისთვის საკმარისია აჭარის რეგიონის მდგომარეობა, სადაც მიწის რეფორმა არც ერთი ხელისუფლების მმართველობის დროს არ ჩატარებულა. ვერც 2007 წლის 11 ივლისს მიღებულმა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონმა უზრუნველყო მიწის რეფორმის დასრულება, რადგან 2009-2010 წელს საკუთრების აღიარების კომისიამ მასობრივად გააუქმა საკუთრების უფლების მოწმობები და მოქალაქეთა უმრავლესობა კვლავ დარჩა საკუთრების გარეშე, მაგრამ ფაქტობრივი სარგებლობა მიწის ნაკვეთზე დღემდე შენარჩნულებული აქვთ, ეს, თავის მხრივ, წარმოშობს „ტიტულოვანი მესაკუთრის“ განცდას და დამოკიდებულებას მიწის ნაკვეთის მიმართ,“ – ამბობს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.

მთავრობაში აცხადებენ, რომ საქართველოში დღემდე არ დასრულებულა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესი: „შესაბამისად, შეუძლებელია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული და განკერძოებული მიწის ნაკვეთების ზუსტი ფართობების დადგენა.“

აღსანიშნავია, ისიც, რომ მთავრობა გეგმავს მიმდინარე წელს დანერგოს საამზომველო საქმიანობის ლიცენზირება, „რისთვისაც თითოეულ საამზომველო ბიუროს მიეცემა გონივრული ხანგრძლივობის გარდამავალი პერიოდი“.

პროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ „პროექტით გათვალისწინებული რეგისტრაციის სპეციალური წესი და ვადა, აგრეთვე, განაპირობებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულების სტიმულირებას, რაც, თავის მხრივ, შექმნის უძრავი ქონების ეფექტური ადმინისტრირების საფუძველს“.

„2009 წელს თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესი შეიცვალა. ამ ცვლილებებით საერთოდ არ იყო გათვალისწინებული აჭარის რეგიონის გეოგრაფიული განშლადობა. შესაბამისად, მიწის საკითხი დღემდე რჩება აჭარის რეგიონისთვის „აქილევსის ქუსლად“. გამომდინარე აქედან, კანონპროექტი არათუ გადაჭრის პრობლემას, არამედ ხელს შეუწყობს მოქალაქეთა კონფრონტაციას სახელმწიფოსთან. ამიტომ, მიზანშეწონილია, სახელმწიფომ არამხოლოდ მოახდინოს მიწის ნაკვეთების აღრიცხვა-სისტემატიზაცია, არამედ მოამზადოს საკანონმდებლო პაკეტები, რითაც ხელი შეეწყობა მოქალაქეებს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციის,“ –  აცხადებს გიორგი ხიმშიაშვილი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მომზადების პროცესში კონსულტაცია მიღებულია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან. თუმცა, კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის [დაწესებულების] ან/და ექსპერტის შეფასება არ არსებობს. კანონპროექტის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა.

„კერძო საკუთრებაში რაც შეიძლება მეტი მიწის დარეგისტრირება არის ჩვენი პრიორიტეტი. იუსტიციის სამინისტრო პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით გეგმავს, რომ სულ მალე წარმოადგინოს წამახალისებელი ნორმები ყველა კერძო მესაკუთრისთვის, რომელსაც შეიძლება საბუთები არ ჰქონდეს წესრიგში, რომელიც შეიძლება ჩვენთან ინახებოდეს ყოფილ ტექბიუროს არქივებში ან სხსვაგან, რომ ჩვენ დავეხმაროთ პროაქტიულად ყველა კერძო მესაკუთრეს, შეადგინოს თავისი დოსიე და მარტივად დაირეგისტრიროს საკუთრება,“, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით სიახლე, გარდა მინისტრის ზემოაღნიშნული განცხადებისა, ამ ეტაპზე არაფერია.

კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის ბოლო სავარაუდო თარიღი მიმდინარე წლის 19 თებერვალია, თუმცა „ბათუმელებს“ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში განუცხადეს, რომ კანონპროექტის განხილვა ჯერჯერობით არც ერთ კომიტეტში არ დაწყებულა. სავარაუდოდ, განხილვები მიმდინარე კვირიდან დაიწყება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მოქალაქეთა მატერიალური მდგომარეობაც უნდა გაითვალისწინოს და ისიც, რომ მათი დიდი ნაწილი მოვალეთა რეესტრშია და ვერ მოახერხებს ნაკვეთის რეგისტრაციას, რადგან ზოგჯერ გადასახდელი თანხა მიწის ღირებულებას ბევრად აჭარბებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: