Batumelebi | საახალწლო კონცერტები ტენდერის გარეშე საახალწლო კონცერტები ტენდერის გარეშე – Batumelebi

საახალწლო კონცერტები ტენდერის გარეშე

საახალწლო კონცერტი, რომელიც წელს ბათუმში მაყურებლის ნაკლებობით გამოირჩეოდა, ბიუჯეტს 491 228 ლარი დაუჯდა. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონცერტის მოსაწყობად ტენდერის ნაცვლად პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა „მიმოდრამის თეატრთან“ 2015 წლის 4 დეკემბერს.

„პირდაპირი შესყიდვა გავაკეთეთ იმიტომ, რომ ტენდერს ვერ მოვასწრებდით. საახალწლო კონცერტისთვის თანხა წლის დასაწყისში არ იყო გათვალისწინებული. ტენდერების ეკონომიის ხარჯზე გამოთავისუფლდა ფული და ეს გამოჩნდა სექტემბრის ბოლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო მგალობლიშვილმა.

კითხვაზე, თუ რატომ იყო პრობლემა ჩატარებულიყო ტენდერი ოქტომბერში და ამ გზით შესაძლოა, დაზოგილიყო ბიუჯეტიდან თანხა,  ლადო მგალობლიშვილმა გვიპასუხა: „კონცერტის ჩატარება ტენდერის გზით რთულია, შეიძლება გაგიმართლოს, შეიძლება – არა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანალიტიკოსი, მალხაზ ჭკადუა მიიჩნევს, რომ ეს შესყიდვა მინიმუმ სახელმწიფო უწყების დაუგეგმავად მუშაობას აჩვენებს: „ახალი წელი არაა მოულოდნელობა და ყველამ ვიცით, რომ იგი უნდა აღინიშნოს რაღაც ფორმით. ახალი წლის კონცერტისთვის თანხა უნდა ყოფილიყო გამოყოფილი წლის დასაწყისში. შესაბამისად, „დრო არ იყო საკმარისი“ – ვერ იქნება არგუმენტი. თუნდაც ოქტომბერში რომ გამოჩენილიყო ეს თანხა, საკმარისი დრო ისევ არსებობდა ტენდერის ჩასატარებლად. ასეთი მიდგომა აზარალებს ბიუჯეტს და ვერ ვიღებთ ასევე იმ შედეგს, რაც იყო ჩაფიქრებული. ცნობილია, რომ ეს კონცერტი ფორსმაჟორულად დაიგეგმა.“

აჭარის განათლების სამინისტრომ კიდევ ერთი საახალწლო კონცერტისთვის გამოიყენა პირდაპირი შესყიდვა – ბათუმის სხვადასხვა უბანში საახალწლო კონცერტების მოსაწყობად 15 800 ლარზე პირდაპირი შესყიდვის ხელშეკრულება სამინისტრომ „ჰეფი თაიმსთან“ გააფორმა.

„აქ იაფად რომ გამოვსულიყავით, იმიტომ აღარ გამოვაცხადეთ ტენდერი. შევარჩიეთ კომპანია, რომელსაც მოგების და სხვა გადასახადები არ ექნებოდა გადასახდელი და ასე უფრო დავზოგეთ თანხა“- განაცხადა „ბათუმელებთან“ ლადო მგალობლიშვილმა.

ევროპის მოედანზე გამართულ კონცერტებზე მაყურებლის აშკარა სიმცირე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძემ ჟურნალისტებთან დიდთოვლობას დაუკავშირა: „ძალიან ბევრს დიდთოვლობის დროს ფეხზე ჩასაცმელი არ აქვს იმისთვის, რომ თოვლ-ჭყაპში გამოვიდეს გარეთ და მითუმეტეს ყინვაში.“

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მომავალი საახალწლო კონცერტებისთვის თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. მინისტრის მოადგილის, ლადო მგალობლიშვილის თქმით, კონცერტებს მერია გამართავს, ხოლო სამინისტრო იმ შემთხვევაში დააფინანსებს კონცერტს, თუკი ბიუჯეტში ეკონომიის ხარჯზე თანხა გაჩნდება. ლადო მგალობლიშვილი არ გამორიცხავს, რომ კვლავ ტენდერის გარეშე ჩატარდეს კონცერტი. მისი შეფასებით, „ეს უფრო მარტივია და ეფექტური“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი