დასრულდა შეხვედრა, რომელზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე ენმ-ს წევრებსა და პარტიზან მებაღეებს შეხვდა. დეპუტატებისა და აქტივისტების მოთხოვნა, რომ ციხისძირში ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულიყო – არ დაკმაყოფილდა.
არჩილ ხაბაძის შეფასებით შეხვედრა ორი მიმართულებით წარიმართა. დეპუტატები სახკითხს განიხილავდნენ სამართლებრივი კუთხით, პარტიზანი მებაღეები კი გარემოს დაცვის კუთხით.
Jpeg
პარტიზანი მებაღეების მოთხოვნა იყო, რომ შეჩერდეს ყველა სამუშაო მანამ, სანამ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც ხის გადარგვაში არიან სპეციალიზებულები არ დადებენ დასკვნას, რომ ეს ხე გაიხარებს. „გარდა ამისა, ადგილობრივი და უცხოელი საერთაშორისო ექსპერტები არ დადებენ დასკვნას, რომ გარემოს [საიდანაც ეს ხე გადადის] ამ ხის გადატანით არ ადგება ზიანი. მე მგონი ჩათვალა კონსტრუქციულად ჩვენი საუბარი და ამ დღეებში შემპირდა, რომ რაღაცას მიპასუხებს. ჩვენი კანონმდებლობა აფერხებს, ასე ვთქვათ, „ბუნებრივ კანონმდებლობას“ – ხის გადარგვას არ სჭირდება თურმე ნებართვა…. თუმცა, ვთვლი, რომ შესაძლოა ამ საუბარს რაღაც შედეგი მოჰყვეს. ველოდებით მომდევნო განვითარებას, პირველი შეხვედრა იყო ეს ჩვენი“ – თქვა პარტიზანმა მებაღე ნატა ფერაძემ.
არჩილ ხაბაძის განმარტებით, დეპუტატებმა ვერ დაასახელეს საფუძვლიანი სამართლებრივი შენიშვნები და არგუმენტები ხის გადატანის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. „თუ მათ აქვთ სამართლებრივი შენიშვნები, მათ შეუძლიათ წარადგინონ ეს შენიშვნები და მიმართონ სამართლებრივ გზებს“ – თქვა მან.
ბოლო მონაცემებით საქართველოში H1N1 ვირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ცირკულირებს A ტიპის ვირუსის H1N1 და H3N2 ქვეტიპები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. რა შემთხვევაშია ეფექტური სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა, ამის შესახებ „ბათუმელები“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსს, ლიკა ჯაბიძეს ესაუბრა.
ქალბატონო ლიკა, პირველ რიგში ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება რეკომენდებული?
არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აიცრას. ძირითადად ეს არის ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც შესაძლოა ყველაზე მეტად დაზიანდეს _ 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ისინი, ვინც არიან მოხუცთა თავშესაფარში და მათ შორის ვირუსის გავრცელების მეტი შესაძლებლობა არსებობს; ქრონიკული დაავადებების: გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის პათოლოგიების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებული ადამიანები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, სამედიცინო პერსონალი – განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების სამსახურში დასაქმებული ექიმები, რომელთაც პირველებს უწევთ დაავადებულებთან კონტაქტი.
წელს საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია და შერჩეული იყო სწორედ ეს ჯგუფები. სულ 10 000 ვაქცინა შევიძინეთ.
რამდენად ეფექტურია ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ? ნიშნავს თუ არა იმას, რომ თუ ადამიანი ვაქცინას გაიკეთებს, მას გრიპი აღარ დაემართება?
ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს, რომ ორგანიზმმა დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება. ამიტომ ჩვენ ვაქცინა ოქტომბერში შემოვიტანეთ და გავანაწილეთ. სწორედ ოქტომბერ-ნოემბერშია რეკომენდებული ვაქცინის გაკეთება, ორგანიზმი მომზადებული რომ შეხვდეს სეზონს, თუმცა არც ახლა არ არის გვიან. ვაქცინის ეფექტურება ასევე დამოკიდებულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
რისკ-ჯგუფი, ვისთვისაც რეკომენდებულია ვაქცინა, არიან 65 წელს გადაცილებული ადამიანები. მათ იმუნური სისტემის ერთგვარი დეფიციტი შეიძლება აღენიშნებოდეთ და აქედან გამომდინარე, მათთვის ერთგვარი სასიცოცხლო ჩვენებაა ვაქცინაცია. მიუხედავად ამისა, გრიპის წინააღმდეგ აცრა აბსოლუტურად ჯანსაღმა მოსახლეობამაც უნდა ჩაიტაროს, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე არ ხდება. მათ, ვინც არ ეკუთვნის აღნიშნულ რისკ-ჯგუფს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ვაქცინაცია ჩაიტარონ კომერციულ სამედიცინო დაწესებულებაში.
საჭიროა წინასწარ ოჯახის ექიმთან კონსულტაცია?
დიახ, თუმცა არ არის საჭირო სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს ადამიანმა და შემდეგ აიცრას გრიპზე. უბრალოდ, იმ მომენტში, როცა ის მიდის აცრაზე, ჯანმრთელი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს 38-ზე მაღალი ტემპერატურა, ექიმმა უნდა მიიჩნიოს, რომ პირი პრაქტიკულად ჯანმრთელია, აცრა რომ ჩაუტარდეს. მოსახლეობას ახლაც შეუძლია მიმართოს ექიმს და გაიკეთოს აცრა. ჯობდა ეს ცოტა ადრე მომხდარიყო, თუმცა ახლაც შესაძლებელია. გრიპი შეიძლება ვაქცინის შემდეგაც დაემართოს ადამიანს, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად უფრო იოლ ფორმაში.
რა ასაკიდან შეიძლება გაუკეთდეს ბავშვს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?
მინიმალური ასაკი არის ექვსი თვე. ექიმი ვაქცინის ჩატარებამდე უნდა გაეცნოს ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციას და შეამოწმოს მინიმალური ასაკი, რომელიც მითითებულია ინსტრუქციაში.
რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება? აქვს თუ არა ვაქცინას უკუჩვენება?
არ შეიძლება აცრა, თუ პაციენტი მწვავედაა ავად, აქვს ტემპერატურა 38 და მეტი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ზოგადად, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა გაკეთდეს ვაქცინა. სხვა უკუჩვენება გრიპის ვაქცინას არ აქვს. ქრონიკული დაავადებები არ არის უკუჩვენება, პირიქით, სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის არის რეკომენდებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.
რამდენ ხანს გასტანს ვაქცინის ეფექტურობა?
ვაქცინა ეფექტურია ერთი წლის მანძილზე.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ვაქცინაცია გაცილებით ეფექტურია ოქტომბერ-ნოემბერში. თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად აქტიური კამპანიის ჩატარება ხომ არ იყო საჭირო, რომ მოსახლეობას დროულად ჰქონოდა ინფორმაცია ვაქცინის შესახებ?
ის ჯგუფები, რომელთაც ეხებოდათ სახელმწიფო პროგრამით აქციები, დროულად იყვნენ ინფორმირებული. არსებობს ჩვენი ცენტრის, იგივე ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, სადაც წინასწარ ქვეყნდება ინფორმაცია ვაქცინაციისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. თუ ადამიანს ეს აინტერესებს, ინტერნეტში ჩვენს ვებგვერდზე ყოველთვის ვრცელდება ამის შესახებ ინფორმაცია.
გასულ კვირას ინტერნეტმედიაში გავრცელდა ინფორმაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის წყალბადის ზეჟანგის გამოყენების ეფექტურობაზე. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება? და ასევე, რა არის ყველაზე მარტივი, ეფექტური ხერხები სეზონური გრიპის თავიდან ასაცილებლად?
წყალბადის ზეჟანგის გამოყენება გამორიცხულია გრიპის პროფილაქტიკისთვის და, ზოგადად, მისი გამოყენება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. თუ ადამიანს უნდა თავი დაიცვას, საჭიროა მეტი სუფთა ჰაერი, ხელების დაბანა, რადგან ეს ვირუსი ადვილად გადადის ხელიდან და თუ აქვს სიმპტომები: ხველა, ცემინება, მაღალი ტემპერატურა _ ჯობს ადამიანი სახლში დარჩეს და იმკურნალოს, მიიღოს ბევრი სითხე, ლიმონი და კენკროვნები.
„მოქალაქეების სწორი და ზუსტი ინფორმირებისათვის მოგახსენებთ, რომ ამ ეტაპისათვის ბულვარში არსებულ შადრევნებს მონიტორინგსა და მოვლა-პატრონობას უწევს ადმინისტრაციაში არსებული „ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური“, რომელსაც ყავს შადრევნების მთავარი სპეციალისტი.
ამასთანავე დამატებით გაცნობებთ, რომ ადმინისტრაცია გამარტივებული შესყიდვის წესით შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვას განახორციელებს მხოლოდ იმ პერიოდით, სანამ განხორციელდება განმეორებით ელექტრონული შესყიდვის პროცედურები და გამარჯვებულ კომპანიასთან დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება“. – აღნიშნულია „ბათუმის ბულვარის“ განცხადებაში.
ციხისძირში, ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, დაახლოებით 45 წუთის წინ, პოლიციამ ნაციონალური მოძრაობის წევრები – ქობულეთის საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე და ოლეგ ბროლაძე დააკავა.
შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთში ორი მამაკაცი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ანუ პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
ამ წუთებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, მთავრობის შენობაში ენმ-ს წევრებს, მათ შორის პეტრე ზამბახიძესა და რობერტ ჩხაიძეს ხვდება. დახურულ შეხვედრაზე იმყოფება პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე და კიდევ ერთი აქტივისტი.
13 თებერვალს, შაბათს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ბათუმის სკოლების დამამთავრებელი (მე-11 და მე-12) კლასების მოსწავლეებს იწვევს გაცნობით შეხვედრასა და ტრენინგზე. ამ შეხვედრაზე მომავალ სტუდენტებს დარგის პროფესიონალები მიაწვდიან ინფორმაციას, როგორც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროგრამების, ისე მათ მიერ არჩეული მომავალი პროფესიებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ.
სამსაათიანი ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და მისი მიზანია აბიტურიენტს დაეხმაროს პროფესიულ ორიენტაციაში ან სწორი წარმოდგენა შეუქმნას უკვე შერჩეულ პროფესიაზე.
ტრენინგებს ჩაატარებენ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის, მედიცინისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლების წარმომადგენლები.
მონაწილეებს ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცემათ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სერტიფიკატი.
ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტიმდებარეობს ქ. თბილისში. უნივერსიტეტში სწავლება მიმდინარეობს როგორც ქართულ , ასევე ინგლისურ ენებზე.
კიდევ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება მომავალ სტუდენტებს შეეძლებათ 13 თებერვალს დაგეგმილ ტრენინგზე.
ტრენინგის დაწყების დრო: პარასკევი, 13 თებერვალი, 14:00, სასტუმრო „ინტურისტი“
დღეს, აჭარის მთავრობის შენობასთან იპოთეკარების აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე ამბობს – “უკვე რამდენიმე დღეა, რაც შესულია აჭარის სამთავრობო სტრუქტურებში წერილი მოთხოვნებით – დაბალპროცენტიან გრძელვადიან კრედიტებთან დაკავშირებით და საერთოდ, იპოთეკითა და ბანკით დაზარალებული ადამიანების პრობლემების შესწავლის მოთხოვნით, მაგრამ არანაირი პასუხი ოფიციალური სტრუქტურებიდან არ გამოდის, გარდა იმისა რაც ფინანსთა სამინისტროდან მივიღეთ – ამ პროგრამაში რომელიც უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა არ არის გათვალისწინებული ქობულეთის გარდა არც ერთი რაიონი”.
დღეს, დილით, ე.წ. „საპორტო ვიზიტის“ ფარგლებში, ბათუმს ნატო-ს სარდლობის მუდმივმოქმედი საზღვაო გამნაღმველი ჯგუფი 2-ის (SNMCMG2) 5 გემი ეწვია. ჯგუფის მეექვსე წევრი ITS GAETA (იტალია) ვიზიტს მოგვიანებით შეუერთდება. ვიზიტის მიზანია ერთობლივი საქმიანობის გაფართოება და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერება.
SNMCMG2 -ის საპორტო ვიზიტის პარალელურად, დღესვე ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის შტაბის უფროსი, კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობასაც ხვდება.
ჯგუფს, რომლის შემადგენლობაშია საფლაგმანო გემი TCG CEZAYIRLI GAZI HASAN PASA (თურქეთი) და საზღვაო გამნაღმველი ხომალდები: TCG EDREMIT (თურქეთი), ESPS TAMBRE (ესპანეთი), ITS GAETA, BGS SHKVAL (ბულგარეთი)and ROS SLT ALEXANDRU AXENTE (რუმინეთი), მეთაურობს თურქეთის ფლოტის კაპიტანი რამაზან კესგინი.
Jpeg
„მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, ვეწვიოთ ბათუმს, რათა ჩავატაროთ ერთობლივი წვრთნები და ვითანამშრომლოთ საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან. ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა და ღირშსესანიშნავი თარიღი ნატო-ს 2016 წლის კალენდარში,“ – ამბობს კაპიტანი კესგინი.
ხმელეთზე ვიზიტის დასრულების შემდეგ SNMCMG2 -ის გემები ჩაატარებენ წვრთნების სერიას ზღვაზე საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად, რაც გაზრდის მათ სამძებრო – სამაშველო, აბორდაჟზე აყვანისა და ტაქტიკური მანევრირების უნარ-ჩვევებს და მისცემს შანსს მეზღვაურებს, თვალყური ადევნონ ერთმანეთის გემებზე მიმდინარე ოპერაციებს, ეკიპაჟების გაცვლის მეთოდით.
გარდა ამისა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ეკიპაჟის წევრები დაათვალიერებენ ბათუმს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასრულა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის – „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ – განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად აღიარების პროცესი.
„დღეიდან აღნიშნული ფონდი დაექვემდებარება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პოლიტიკური პარტიებისთვის დადგენილ შეზღუდვებს და მათი შემოსავლები და ფინანსური ანგარიშები იქნება საჯარო.
აღსანიშნავია, რომ ყველა სუბიექტი, რომელსაც გააჩნია საარჩევნო მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად გაწევს ფინანსურ ხარჯს, უნდა დაექვემდებაროს პოლიტიკური პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. შესაბამისად, მივმართავთ ნებისმიერ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელიც გეგმავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
აღნიშნულის მიზანია მივაღწიოთ პოლიტიკური ფინანსების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, რათა დაინტერესებულმა პირებმა იცოდნენ, თუ როგორ ფინანსდება და იხარჯება თანხები სუბიექტების მიერ,“ – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის განცხადებაში.
მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი და საქართველოს ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე ერთი პოლიტიკური ორგანიზაციიდან გეგმავენ. ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო წლებია ქობულეთში ცხოვრობს. მან საქართველოს პარლამენტში შესვლის სურვილი ცოტა ხნის წინ გაახმოვანა, პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ დააარსა და პირველი წინასაარჩევნო დაპირებაც გასცა.
ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც სასმელი წყლით შპს „ქედის წყალკანალი“ ამარაგებს, მრიცხველები დაუმონტაჟეს. თუმცა ქედაში სასმელ წყალზე ჯერ საფასური არ დაუწესებიათ და არც გამრიცხველიანების პროცესი დასრულებულა.
„ქედის წყალკანალს” დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე სულ 652 აბონენტი ჰყავს. მათგან 413 აბონენტს მრიცხველი უკვე დაუმონტაჟეს და დანარჩენსაც უახლოეს პერიოდში დაუმონტაჟებენ. მრიცხველების დამონტაჟებისთვის ქედაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 386 ლარი დაიხარჯა.
„ქედის წყალკანალის“ დირექტორი რამინ ჯიჯავაძე ამბობს, რომ მრიცხველების დამონტაჟების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. მისივე ინფორმაციით, მრიცხველებს მხოლოდ დაბებში მცხოვრებ აბონენტებს დაუმონტაჟებენ, სოფლებში კი მრიცხველების დამონტაჟება ჯერჯერობით არ იგეგმება.
ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მრიცხველების დამონტაჟების აუცილებლობას წყლის რესურსის რაციონალური გამოყენების მიზნით ხსნის. ის ამბობს, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს უყაირათოდ და სასოფლო დანიშნულებისთვის იყენებს, რაც წყლის უკმარისობას ქმნის ზაფხულში.
„იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში წყლის ახალი რესური იქნა ათვისებული და სარეზერვო ავზები აშენდა დაბა ქედასა და აწჰესში, პრობლემა სრულად ვერ აღმოიფხვრა. ამიტომ, ვფიქრობთ, სასმელი წყლის გამრიცხველიანება მნიშვნელოვნად მოაგვარებს არსებულ პრობლემას დაბა ქედასა და აწჰესის დასახლებაში“, – აცხადებს გამგებელი.
რაც შეეხება წყლის საფასურს, დავით დუმბაძე აღნიშნავს, რომ მრიცხველების დამონტაჟების პროცესის დასრულების შემდეგ წყალზე მინიმალურ საფასურს დააწესებენ.
„მოხმარებული წყლის საფასური 2007 წლის 18 მაისის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N50 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრება. რა თქმა უნდა, შეღავათები ექნებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს“.
წყლის საფასურის გადახდა არ მოუწევს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, აქ წყალკანალი აიპი-ა და, შესაბამისად, კომერციულ საქმიანობას ვერ განახორციელებს. „ხულოს წყალკანალის“ დირექტორი ბადრი აბაშიძე ამბობს, რომ გასული წლის შემოდგომაზე სემეკთან თანამშრომლობით გადაწყდა, რომ ხულოში სასმელი წყალი უფასო იქნება. წყალი უფასო იქნება შუახევშიც.
„ხულოს წყალკანალს“ ხულოში 2000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს.
მოქალაქე ლ. ა. „ლიბერთი ბანკს” სასამართლოში უჩივის. ის ბანკისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. პენსიონერმა გასული წლის დასაწყისში აღებული სესხით მაცივარი და მტვერსასრუტი შეიძინა. ჯამში გადასახდელი 732,24 ლარის ნაცვლად, ლ. ა-ს 1015,45-ის გადახდა მოუხდა. მას ბანკმა ზედმეტად 283,21 ლარი გადაახდევინა. მიმდინარე წლის იანვარში მარტოხელა პენსიონერს, რომელსაც შემოსავლის სხვა არავითარი წყარო არ აქვს, „ლიბერთი ბანკმა” სრულად ჩამოაჭრა პენსია – 160 ლარი, გასული წლის ნოემბრის თვეში კი – 93 ლარი.
ლ. ა-ს ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. „ლიბერთი ბანკთან~ გაფორმებული განვადების ხელშეკრულების გრაფაში: „ინფორმაცია კლიენტის შემოსავლის შესახებ~ მხოლოდ ერთი უჯრაა შევსებული: „პენსიის ოდენობა ყოველთვიურად – 150 ლარი”. ხელშეკრულების მიხედვით, ლ. ა-ს ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურად 74,13 ლარი უნდა გადაეხადა.
წლის განმავლობაში ლ.ა-ს წინააღმდეგ ბანკმა არაერთხელ აამოქმედა სესხის დაფარვის დაგვიანების მიზეზით გათვალისწინებული ჯარიმები, მათ შორის მაშინ, როცა ანგარიშზე არსებული თანხა ბანკმა პენსიონერს არ ჩამოაჭრა. “ლიბერთი ბანკის” საბანკო ამონაწერის მიხედვით, ერთ-ერთ ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2015 წლის 11 ივნისს, როცა ლ. ა.-ს ანგარიშზე 110 ლარი ჰქონდა, მაგრამ მას ეს თანხა არ ჩამოაჭრეს, შემდეგ კი დააჯარიმეს.
ლ.ა-ს მიმართ გატარებულ სანქციებს შორის გამოყენებულია პირგასამტეხლოს ფორმაც. ხელშეკრულების მიხედვით, ლ. ა-ს ყოველი თვის 12 რიცხვში უნდა დაეფარა სესხი, მაშინ, როცა სახელმწიფოსგან პენსიის გაცემის ბოლო თარიღად თვის 15 რიცხვია დადგენილი. ლ. ა-ს საბანკო ამონაწერიდან ჩანს, რომ მას პენსია 6-ჯერ ჩაერიცხა 12 რიცხვის შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიონერს მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო პირგასამტეხლოს თანხის გადახდა სწორედ 6-ჯერ მოუწია.
„შეუძლებელია, „ლიბერთი ბანკს”, რომელიც პენსიებს გასცემს, არ ჰქონოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პენსიები 15 რიცხვში გაიცემა. როცა მოქალაქეს აძლევ სესხს და იცი, რომ მხოლოდ პენსიაა მისი შემოსავალი, მიუღებელია 12 რიცხვში დააწესო სესხის დაფარვის თარიღი”, – ამბობს ეკონომიკის ექსპერტი ლია ელიავა.
საბანკო საკითხების სპეციალისტისთვის ასევე გაუგებარია, როგორ ჩამოაჭრა ბანკმა მიმდინარე წლის იანვარში მოქალაქეს სრული პენსია: „ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ულუკმაპუროდ დატოვო. ამას აუცილებლად უნდა აკონტროლებდეს ეროვნული ბანკი. მათ აქვთ დებულება რისკების მართვაზე, მაგრამ დებულება იმდენად ზოგადი სახისაა, რომ ზედამხედველობა და რეგულირება პრაქტიკულად არ ხდება”.
ეროვნულმა ბანკმა „ბათუმელებს“ არ მოაწოდა ინფორმაცია, გამოვლინდა თუ არა დარღვევები „ლიბერთი ბანკში” გეგმიური მონიტორინგის დროს. „სახელშეკრულებო ურთიერთობები მხარეთა შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენს და მხარეები თავისუფალი არიან სახელშეკრულებო ურთიერთობის განსაზღვრისას. შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს კრედიტის გაცემაზე, მათ შორის, პენსიის უზრუნველყოფით, რაიმე სახის შეზღუდვა არ აქვს დაწესებული”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის პრესსამსახურის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწერილ წერილში.
ეკონომიკის ექსპერტი, მეცნიერებათა დოქტორი ლია ელიავა პრობლემად მიიჩნევს ამ კუთხით საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობას:
„სამწუხაროა, რომ არ არსებობს სპეციალური კანონი საკრედიტო საქმიანობის შესახებ, სადაც გაწერილი იქნება წესი, თუ ვისზე შეიძლება გაიცეს სესხი და ვისზე – არა. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ ამ საკითხის მორალურ მხარეზე. კომერციულმა ბანკმა, ფაქტობრივად, პენსიონერი სიცოცხლისთვის აუცილებელი შემოსავლის გარეშე დატოვა, ოღონდაც საკუთარი შემოსავალი გაეზარდა.
სახელმწიფომ „ლიბერთი ბანკს” ანდო პენსიების დარიგება და მას ამისთვის უხდის დაახლოებით მილიონ-ნახევარ ლარს ყოველწლიურად. საპენსიო თანხა არ არის განკუთვნილი კომერციული საქმიანობისთვის. ეს არ არის „ლიბერთი ბანკის” საკრედიტო რესურსი და ეს თანხები მან არ უნდა გამოიყენოს პირადი შემოსავლების გაზრდისთვის, ეს არის ამორალური.”
„ლიბერთი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ლადო გურგენიძეს ლ. ა-მ რამდენჯერმე მიმართა, მათ შორის სამჯერ წერილობით, მაგრამ მოქალაქემ ბანკისგან პასუხის მიღება ჟურნალისტების დაინტერესების გარეშე ვერ შეძლო. “ბათუმელების” მიერ წერილობითი კითხვების გაგზავნისთანავე „ლიბერთი ბანკის” პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ბანკმა შეცდომა დაუშვა და გაათავისუფლებენ იმ თანამშრომელს, რომელიც ლ. ა-ს უწევდა მომსახურებას. „ლიბერთი ბანკმა” იმავე დღეს ლ. ა-ს ანგარიშზე დაუბრუნა 350 ლარი, თუმცა ბანკს არ განუმარტავს, რატომ გადაიხადა ზედმეტად 66,79 ლარი. როგორც აღვნიშნეთ, თავად ბანკის მიზეზით ლ. ა-ს ზედმეტად 283,21 ლარი ჰქონდა გადახდილი.
„ლიბერთი ბანკში” შეკითხვებს ლ. ა-ს საბანკო სესხთან დაკავშირებით არ უპასუხეს კონფიდენციალობის არგუმენტით. ბანკმა ასევე კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია “ბათუმელების” კითხვები რისკების მართვაზე. „ბანკების რისკების მართვის პოლიტიკა შედგება ბანკის შიდანორმატიული აქტებისგან და წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას”, – აღნიშნულია „ლიბერთი ბანკის” მიერ “ბათუმელებისთვის” მოწერილ ოფიციალურ წერილში.
ლ. ა-ს სამართლებრივად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ეხმარება. ამ ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას: „ბანკი საერთოდ არ რეაგირებდა ქალბატონის განცხადებაზე. ჩვენი შეფასებით ამ პროცესმა მოქალაქე დააზარალა როგორც მატერიალურად, ისე მორალურად. მატერიალურად იმიტომ, რომ ლ. ა. პენსიონერია და ის უმძიმეს სოციალურ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა მას მთლიანად ჩამოაჭრეს პენსია გასულ თვეში. არ შეიძლება მსგავს სიტუაციაში ადამიანის მიტოვება. მორალური ზიანიც აშკარაა, რადგან ლ. ა. ძალიან განიცდიდა ამ მდგომარეობას, ის არაერთხელ იყო მოსული ჩვენთან იურიდიული დახმარების მისაღებად და რაც მთავარია, წერილობით მიმართვებზეც კი ის პასუხს ბანკის ხელმძღვანელობისგან ვერ იღებდა”.
ლ. ა. რომელსაც ბოლო პერიოდში თავი მაღაზიებში ნისიად აღებული საკვებით გაჰქონდა, ახალი წლის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან მაღაზიები უარს ეუბნებოდნენ პროდუქციის ნისიად გატანაზე. სწორედ ამის გამო ლ.ა. აპირებს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით ისევ „ლიბერთი ბანკს” მიმართოს, შემდეგ კი სასამართლოს, თუკი ბანკი მოქალაქის წერილს ისევ უპასუხოდ დატოვებს.
ქვეყნის მასშტაბით სესხს პენსიონერებზე მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. საქართველოს 2016 წლის ბიუჯეტში საპენსიო ფონდისთვის 1 152 549 120 ლარია გათვალისწინებული.
„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციაზე ყოფნას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ გაზეთ „ბათუმელებს“ ნატა ფერაძემ უთხრა, „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.
„სამწუხაროდ ციხისძირის აქციაზე ვეღარ ვიქნებით, რადგან თბილისში გვაქვს ძალიან ბევრი საქმე, „პანორამის“ პროცესი ისევ გრძელდება, ახლაც მიმდინარეობს კანცელარიასთან აქცია. ძალიან კარგი იქნება, თუ ადგილობრივები განაგრძობენ პროტესტის გამოხატვას, რადგან იქ ორი ხის გარდა, 30-ის ამოღება იგეგმება. ჩვენ ერთად უნდა მოვახერხოთ ამ ხეების გადარჩენა და უსამართლობა უნდა აღმოვფხვრათ,“- ამბობს ნატა ფერაძე.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პარტიზანი მებაღეებისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ხეების გადატანის პროცესი უკანონოდ მიმდინარეობს: „პოლიციამ დღევანდელ სხდომაზე ვერ მოახერხა წარმოედგინა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმას, რომ მიმდინარე სამუშაოები მიმდინარეობს კანონიერად და ჩვენი იქ ყოფნა რომელიმე კანონს ეწინააღმდეგებოდა“ – ამბობს ნატა ფერაძე.
სასამართლომ ციხისძირის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი გაათავისუფლა, მათ შორის სამი „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტი. პოლიციამ ისინი გუშინ საღამოს, პოლიციისათვის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო დააკავა. სასამართლო 19 თებერვალს განახლდება, სადაც სასამართლო მტკიცებულებების წარმოდგენის შემდეგ შეაფასებს, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევას.
ბულვარის ადმინისტრაციამ შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებით მიზეზი კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმაა. ბათუმის ბულვარი აღნიშნული სამუშაოების ხელახლა შესყიდვას გამარტივებული წესით აპირებს.
ბულვარმა 2016 წელს შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციისთვის ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 208 528 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – შპს “ვლს” და შპს “ტექნოსერვისმა”, ხოლო გამარჯვებულად შპს „ტექნოსერვისი“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება – 183 474 ლარზე მიმდინარე წლის 18 იანვარს გაფორმდა [მანამდე ბულვარის გადაწყვეტილება – ხელშეკრულების გასაფორმებლად “ტექნოსერვისის“ მიწვევაზე – შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა “ვლს”-მ, ტენდერი შეწყდა და განახლდა 2016 წლის 14 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც დავების საბჭომ “ვლს”-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა].
ბულვარის დოკუმენტების მიხედვით: „2016 წლის 04 თებერვალს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, შპს „ტექნოსერვისის“ მიერ შემოტანილი იქნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ვერ ახერხებენ შადრევნების გამართულ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში დასაქმებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები“.
ბულვარი
შადრევნების მუშაობასთან დაკავშირებით არსებობს ბულვარის ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი ბულვარის ადმინისტრაციისადმი, რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენ მიერ 2016 წლის 01 თებერვლიდან 2016 წლის 04 თებერვლამდე, ყოველდღიურად ხდებოდა მიმწოდებლის კონტროლი თუ როგორ ასრულებდა ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას. მოგახსენებთ, რომ მომწოდებელმა საერთოდ ვერ უზრუნველყო შადრევნების გამართული მუშაობა.
კერძოდ: ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შადრევანზე ვიზუალურად ჩანდა, რომ შადრევნის მუსიკალური და წყლის ჭავლები სინქრონულად არ მუშაობდა, რაც სავარაუდოდ შადრევნის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავი მუშაობის მიზეზია, რაც თავისთავად შესაძლოა გამოეწვია არასათანადო მოქმედებებს შადრევნის კომპიუტერის მართვის დროს.
იუსტიციის სახლის წინ, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე შადრევანზე სამართავი კარადა და შადრევნის კომპიუტერულ პროგრამას შორის დარღვეულია სინქრონიზაცია, რის შედეგადაც შადრევნის სამართავი კარადა არ რეაგირებს ავტომატურ რეჟიმზე.
რაც შეეხება ახალ ბულვარში მდებარე შადრევნებს, მესამე შადრევანში ქარის შედეგად გადაღვრილი იქნა წყალი აუზის გარეთ და ტუმბოებმა იმუშავა წყლის გარეშე“.
„ბათუმის ბულვარმა“ მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელშიც აღნიშნულია: „ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვაზე განმეორებით უნდა გამოცხადდეს ელექტრონული ტენდერი, რასაც სჭირდება 20 დღე, ასევე ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება თანხმობის მიღებიდან ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით“.
სააგენტოს პასუხს ბულვარის ადმინისტრაცია 12 თებერვალს მიიღებს.
ბულვარის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთვასებულია 10 შადრევანი და 7 არხი, რომელებსაც ყოვლდღიურად ესაჭიროება მოვლა-ექსპლუატაცია.
ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ხუთივე პირი მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლო ბრალდების მხარის, ანუ პოლიციის მტკიცებულებებს შემდეგ სხდომაზე – 19 თებერვალს განიხილავს, რის შემდეგაც დაზუსტდება, შეიცავდა თუ არა საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედება სამართალდარღვევის ნიშნებს. „თუ დარღვევა დამტკიცდება, აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჯარიმა, ან 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ პაატა დიასამიძემ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, რომელიც სასამართლოში აქციაზე დაკავებულების ინტერესებს იცავს.
სასამართლოს დარბაზიდან გამოსულმა „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებმა თქვეს, რომ ისინი ციხისძირის აქციაზე დასწრებას ვეღარ შეძლებენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი აქციის შეჩერებას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება მათ შესაბამის დოკუმენტაციას არ წარმოუდგენს. „თუ ნებართვები წარმოგვიდგინეს, მაშინ პრეტენზია აღარ გვექნება კომპანია „ზიმოსთან“ და მას სამუშაოების წარმოებაში ხელს არ შევუშლით. ასეთ შემთხვევაში მოვიფიქრებთ, სად და რა ფორმით გაგრძელდება ჩვენი საპროტესტო აქცია“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქობულეთის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელგუჯა ბაგრატიონმა, რომელიც გუშინდელ აქციაზე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, როცა ის აქციაზე მისულ პოლიციის მაღალჩინოსნებს, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმას, ადიკო ივანიშვილს უღებდა ფოტოებს.
სასამართლო პროცესს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც ესწრებოდნენ. „ნებართავის წარმოდგენას ვერ ახერხებენ პოლიციელები, მოსამართლემ მათ მისცა კიდევ სამი დღე, რომ ეს დოკუმენტაცია წარმოადგინონ. ეს ადასტურებს, რომ მათ მიერ წარმოებული პროცესი არის უკანონო. აქედან გამომდინარე პროტესტი, რომელიც კანონიერია და სრულიად სამართლიანი, გაგრძელდება და ბიძინა ივანიშვილი ამ ახირებას ვერ აისრულებს“ – თქვა ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გივი თარგამაძემ.
11 თებერვალს აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც ძალადაკარგულად გამოაცხადეს “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმების, თანხის გამოყოფისა და ხარჯვის ანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” აჭარის მთავრობის 2012 წლის განკარგულება.
განკარგულება მოიცავდა ისეთ ნორმებს, როგორიცაა მივლინების დროს დანამატების გაცემა, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების რეგულირება და ა.შ. სხდომაზევე დადგინდა, რომ უწყებამ უნდა იმუშაოს პროექტზე, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ნორმები სამომავლოდ:
მეორე საკითხი სხდომაზე საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობის, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცებას ეხებოდა. ამ თემაზე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა მაია ივანიშვილმა ისაუბრა. როგორც საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, ტარიფები საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მოსახურებებზე მომატებულია. თუმცა, მაია ივანიშვილის განმარტებით, ტარიფები იუსტიციის სამინისტროს მიერაა დადგენილი და იგი სოციალურად დაუცველებზე, შშმ პირებსა და პენსიონრებზე არ გავრცელდება – „კომერციული დაინტერესება იქნება მაშინ, როცა დოკუმენტის მომზადება დაჩაქრებული წესით სურს არა სოციალურად დაუცველ ან პენსიონერ ადამიანს“ – განმარტა მან.
როგორც მაია ივანიშვილმა თქვა, აჭარის საარქივო სამმართველო წელიწადში რამდენჯერმე, რვა ან ოთხგვერდიანი გაზეთის გამოშვებასაც გეგმავს, 150-იანი ტირაჟით. გაზეთის კონტენტი – საარქივო მასალებისა და სააგენტოს სიახლეებისგან უნდა შედგებოდეს. აჭარის განათლების მინისტრის გიორგი თავამაიშვილის თქმით, გაზეთის ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა ინფორმაციული ბუკლეტები გამოეცათ: “იქნებ რამე სხვა დატვირთვა ჰქონდეს? ჩვენ რეალურად ყველა ინტერნეტმომსახურებაზე ვართ გადასული, ჩვენი განსწავლულობა ძალიან ცოტაა არქივთან მიმართებაში და თუ კი ინფორმაციული ბუკლეტები იქნება, შესაძლოა ამ კუთხით უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე ნომინალური გაზეთი, რომელსაც არ ვიცი ვინ წაიკითხავს ” – აღნიშნა მინისტრმა.
გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თანხმობა გაიცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე – “ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან გამოიყო 15 000 ლარი უმწეო ოჯახებისთვის. 21 ბენეფიციარი უნდა გამოიკვებოს ამ თანხით, რისთვისაც გამარტივებული შესყიდვების თაობაზე მივმართეთ შესყიდვების სააგენტოს, საიდანაც მივიღეთ პასუხი – გამოგვეცხადებინა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. ორჯერ გამოვაცხადეთ – ორჯერვე ჩავარდა” – განმარტა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.
11 თებერვალს ბათუმში „მარიოტ ინტერნეშენალის“ ევროპის რეგიონის ფრანჩიზის მიმართულების ვიცე-პრეზიდენტი ფილ ანდრეოპულოსი ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ დავით ბალაძესთან ერთად სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის თქმით, პროექტი, გარდა იმისა, რომ 40 მლნ დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებს აჭარაში, ამ დროისთვის კომპანიას უკვე დახარჯული აქვს 4,5 მლნ დოლარი. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 200 ადამიანია, მშენებლობის პროცესში ჯამში – 1200, ოპერირების ეტაპზე კი 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.
ამ ეტაპზე ტერიტორიაზე შენობის საძირკვლის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი შპს „ალიანსის“ ეკუთვნის.
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“, „ალიანს პალასის“ 41 სართულიანი მრავალფუნქციური კომპლექსის ექვს სართულზე განთავსდება. სასტუმრო შესრულებული იქნება ქორთიარდის დიზაინის მიხედვით და შესაბამისობაში იქნება სასტუმრო ინდუსტრიის ყველაზე მაღალ სტანდარტებთან.
11 თებერვალს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელოვნებთმცოდნე თამარ ამაშუკელმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას ბოლო ხანს, აჭარაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველაზე პრობლემური საკითხების შეფასება სთხოვა, მათ შორის ბათუმის ბულვარის ირგვლივ განვითარებული პროცესების.
ბათუმის ბულვარის საკითხი გამოდგება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში მოქალაქეების ჩართულობის საილუსტრაციოდ?
ეს არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ამ ეტაპზე, თავისი კონკრეტული შედეგებით. სახელმწიფო თავისით არაფერს არ იძლევა, როგორც წესი, უნდა მოითხოვო და შემდგომ მოდის უკვე მთავრობა დათმობებზე, ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ ამ მოძრაობას. ბულვარის შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს კონსერვაციის გეგმა, რადგან ბულვარი ნამდვილად არის იმ ღირებულების ბათუმისთვის, რომ ის იქნეს შენარჩუნებული ისე, როგორც არის. ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, ამიტომაც ის არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და მას არ სჭირდება ახალი კონცეფცია და მოდერნიზაცია.
ბულვარის პრობლემა, ისევე როგორც თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროცესების ძირითადი პრობლემა, არის გაუმჭვირვალობა და ის, რომ ჩვენ პოსტ-ფაქტუმ ვგებულობთ, რომ მთავრობა კონცეფციაზე ფიქრობს და წარმოადგენს მასალას, პრეზენტაციის სახით, რომელსაც ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ. მაგრამ საზოგადოება გაიზარდა და ითხოვს მეტ ჩართულობას, რადგან ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის მოქალაქის და სახელმწიფო, ქალაქის მთავრობა, ვალდებულია მოუსმინოს მოქალაქეს და გაითვალისწინოს, დაიცვას მისი ინტერესები.
რაც შეეხება ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევას, რაზეც პროკურატურა აგრძელებს ძიებას. თქვენი აზრით, სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხი დგას თუ არა ამ შემთხვევაში?
ეს სამართლებრივ დასკვნაში გამოჩნდება, რა იმოქმედა და რა – არა სააგენტომ, რა სამართლებრივი ბერკეტი შეიძლებოდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა. მე პრობლემა მაქვს კანონმდებლობასთან – არ შეიძლება ძეგლის დანგრევისთვის ადამიანი 10 000 ლარით ჯარიმდებოდეს, ამ ლოგიკით ყველა დაანგრევს შენობას. ასეთ შემთხვევაში მინიმუმ უნდა დაეკისროს დანგრეული ობიექტის თავიდან რესტავრირება. ასეთი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა და იმიტომ ვართ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში, რომ ის ინსტიტუცია რომელიც უნდა იცავდეს კულტურულ მემკვიდრეობას – ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო – ყველანაირად ცდილობს, რომ ჩაფარცხოს ხოლმე მსგავსი თემები და აჯარიმებენ და ებრძვიან ჩვეულებრივ მოკვდავებს ფანჯრის გამოცვლისთვის და კარის ცუდად შეღებვისთვის, დიდი ბიზნესის და პოლიტიკური ინტერესები როდესაც არის, როგორც წესი, თვალს ხუჭავენ ხოლმე. ასეთი პროექტები ანგრევს ქალაქს და არა მცირე მასშტაბიანი ცვილებები, რომელიც ასევე აზიანებს ქალაქს, მაგრამ ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება არსად და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.
მოხსენების დროს გაიხსენეთ ბათუმის „რვაფეხას“ საკითხიც…
ჩვენ ორჯერ შევიტანეთ ბათუმელების მოთხოვნით სააგენტოში წერილი მის გაძეგლებაზე, ჯერ-ჯერობით პასუხი არ არის – არც – კი და არც – არა. მაშინ, როდესაც საყდრისის აფეთქების გადაწყვეტილება სააგენტომ და კულტურის სამინისტრომ მიიღეს 12 საათში, „რვაფეხას“ გაძეგლებას ერთი წელი სჭირდება. ეს გვაჩვენებს როგორი ორმაგი სტანდარტია და როგორ მუშაობს სამინისტრო. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა კონკრეტული ობიექტის გაძეგლება, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება ამას არ აკეთებს. რატომ შვება სააგენტო ამას – ამაზე პასუხი არ მაქვს.
დღეს, 11 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე, ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციები მიიღეს. ძირითადი სამი რეკომენდაცია სხდომაზე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ იონა წითელაძემ წარადგინა. რეკომენდაციების თანახმად ბულვარის ადმინისტრაცია და სამუშაოების მწარმოებელი კომპანია უნდა შეთანხმდნენ მესამე ალეაში სამუშაოების შეჩერებაზე, რათა არ გაიწიოს დამატებითი ხარჯები. ასევე, ბულვარის ადმინისტრაციამ შემუშავებულ პროექტთან მიმართებაში უნდა მოაგვაროს სამართლებრივი საკითხები ანუ “შუა ალეის აღდგენის და ბეტონის ფილის დაგების მიზნით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები პროექტისა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად”. კიდევ ერთი რეკომენდაციის თანახმად, დროის ეკონომიის მიზნით, სამუშაოების განხორციელება უნდა მოხდეს გამარტივებული შესყიდვით და არა ელექტრონული ტენდერის სახით.
ზუსტი ვადები, თუ როდის აღდგება ბულვარის მესამე ალეა, არ არის დადგენილი, თუმცა იონა წითელაძის თქმით, სამუშაოები სეზონის დაწყებამდე უნდა დასრულდეს.
რეკომენდაციებს აჭარის მთავრობა ბულვარის ადმინისტრაციას გადაუგზავნის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ კახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. აჭარის მთავრობას განცხადება ბულვარის დირექტორის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია.
13 თებერვალს, 17 საათზე, ბათუმში, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში დარო სულაკაურის ფოტოფროექტის – „დაკარგული სიყმაწვილე” – გახსნა გაიმართება.
მიზეზი, რატომაც დარო სულაკაურმა ამ ფოტოპროექტზე მუშაობა დაიწყო, საქართველოში ნაადრევი ქორწინების მაღალი მაჩვენებელია. ფოტოგრაფმა რეგიონებში იმოგზაურა, იმისათვის რომ გაეგო – რა განაპირობებს შორეულ სოფლებსა თუ დაბებში არასრულწლოვანი გოგონების ადრეულ გათხოვებას. ის აკვირვებოდა სოციალურ-ეკომომიკურ გარემოსაც.
თანამედროვე ხელოვნების სივრცეში წარმოდგენილი გამოფენა, დარო სულაკაურის პროექტის ნაწილია. როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ფოტოგრაფს მუშაობა ამ მიმართულებით ჯერ არ დაუსრულებია და იგი გეგმავს შექმნას ერთგვარი პლატფორმა, რაც ფოტოებთან ერთად გმირების ინტერვიუებსა და სხვა მონაცემებს გააერთიანებს.
გამოფენის გახსნის პარალელურად სივრცეში გაიმართება დისკუსია ადრეული ქორწინების შესახებ. მომხსენებელი იქნება განვითარებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის კავშირის, „პროგრესის“ ხელმძღვანელი ნინო გაბუნია.
დისკუსიის შემდეგ მოეწყობა თანამედროვე თურქი რეჟისორის დენიზ გამზე ერგიუვენის ფილმის,”მუსტანგის”, ჩვენება. ფილმი ასახავს ტრადიციებისა და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ოთხი გოგონას ცხოვრებას.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 10 მარტამდე გაგრძელდება.
3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, საზღვაო ჰოსპიტალი წარმოგიდგენთ მუსიკალურ საღამოს ლაშა ღლონტის, ტერეზა ფუხაშვილისა და გია ჭყონიას მონაწილეობით. წამყვანი – ნიკა წულუკიძე.
სტუმრებს შეეძლებათ გემოვნებიან მუსიკასთან ერთად ისიამოვნონ უგემრიელესი კერძებით და დადებითი ემოცია გაიყოლონ საღამოს დასრულების შემდეგ;
12-13 თებერვალს, 10:00 საათზე, სასტუმრო „აისში“ (ბათუმი, გორგასლისა და გრიბოედოვის ქ. 153/29) საქართველოს რეგიონებში მომუშავე 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბება და ეკომიგრანტებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობის დოკუმენტს განიხილავს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეკომიგრაციის სფეროში დღეს არსებულ პრობლემებზე გამართავენ დისკუსიას და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების ინიციატივებზე იმსჯელებენ, კერძოდ, ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანიაზე და მიგრაციის მართვის გაუმჯობესებაზე ეკომიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით.
შეხვედრა ორგანიზებულია დემოკრატიის ინსტიტუტისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) მიერ.
დღეს, 11 თებერვალს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ციხისძირის ყოფილი სანერგე მეურნეობიდან ხეების გადარგვის საკითხზე იმსჯელებენ – ინფორმაცია ამის შესახებ პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ციხისძირიდან გიგანტური ხეები ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ. ამჟამად ციხისძირიდან ხეების გადატანის პროცესი შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაოების გაგრძელების საშუალება აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციას „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტები შეუერთდნენ. აქციაზე გუშინ, 10 თებერვალს, პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.
პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
„არ მცალია“, „დაკავებული ვარ“, „ტელეფონი გამორთულია“ – ვინ ქმნის განათლების პოლიტიკას ქვეყანაში, როგორ აფასებენ დეპუტატები განათლების კომიტეტიდან თავიანთ საქმიანობას და რას ფიქრობენ განათლების სფეროს სპეციალისტები იმ დეპუტატების მიერ განხორციელებულ „ძირეულ ცვლილებებზე“, რომლებისთვისაც „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე“ მსჯელობა მნიშვნელოვანია.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში 15 დეპუტატია. აქედან ექვსი ხელოვნების სფეროდანაა, არის სამხედრო, იურისტი, ჰუმანიტარი, ეკონომისტი და ექიმიც. სამი წლის მანძილზე რა იყო ყველაზე არსებითი საკითხი, რაზეც კომიტეტმა იმსჯელა ან გადაწყვეტილება მიიღო და ჰქონდათ თუ არა ინიციატივები დეპუტატებს? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით მიმართა განათლების კომიტეტის იმ წევრებს, რომლებმაც სატელეფონო ზარებს უპასუხეს.
„ძალიან დაკავებული ვარ ახლა, ავად ვარ“, – გვითხრა კომიტეტის თავმჯდომარემ ივანე კიღურაძემ.
ანსამბლ „ხმების“ დამფუძნებელმა და სოლისტმა თეიმურაზ ჭკუასელმა კი თქვა, რომ ამ კომიტეტში ყველაზე კონსტრუქციული ადამიანები მუშაობენ, „ამიტომ, საკითხის განხილვის დროს წინააღმდეგობები ნაკლებია“. „არის აზრი, რომ განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებებია საჭირო, მაგრამ რა, ამაზე ახლა ვერ ვისაუბრებ. სკოლას ნაკლებად შეეხება, უფრო უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება“, – ამბობს ჭკუასელი. რაც შეეხება საკანონმდებლო ინიციატივებს, დეპუტატი გვეუბნება, რომ „ბევრი იყო“, თუმცა მხოლოდ ერთს, მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ასახელებს.
მსახიობი გიორგი ქავთარაძე გვირჩევს, ამ თემაზე პასუხების მისაღებად კომიტეტის თავმჯდომარეს დავუკავშირდეთ. „მე რატომ“, – ამბობს დეპუტატი. მისი თქმით, სამი წლის მანძილზე მას საკომიტეტო მოსმენების დროს განსხვავებული აზრი არაფერზე ჰქონია: „რადგან ეს კომიტეტი ძალიან კარგად მუშაობს და წინააღმდეგობები არ მაქვს“.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები
კიდევ ერთი მსახიობი დეპუტატის ზაზა პაპუაშვილის აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა იმსჯელა, სკოლამდელი აღზრდის შესახებ კანონპროექტია: „ამაზე მეტი ასე უცებ რა გიპასუხოთ… ასევე, თეატრის შესახებ კანონპროექტი იყო, რომელზეც მე ვიმუშავე“. პაპუაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი კულტურის სამინისტრომ დაიწუნა და მას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა თეატრალურ წრეებშიც.
ოპოზიციის წარმომადგენელი კომიტეტში გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მათი პარტიის მიერ ინიცირებული საკითხები კომიტეტს არ განუხილავს. „ამიტომ, აღარც ვარეგისტრირებდით. ჩვენ გვქონდა შენიშვნები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით, ცუდი იყო, როცა უმაღლესი სასწავლებლები სსიპ-ებად აქციეს, რადგან ეს მათ დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავს. არასწორი იყო იმ სპეციალობებზე დაფინანსების გამოყოფა, რომელზეც მოთხოვნა არ არის. დაფინანსების მიუხედავად ადგილები მაინც თავისუფალია ამ მიმართულებებზე“. გიორგი ვაშაძე არასწორად აფასებს 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღების შეზღუდვას და საგამომცემლო სფეროში კონკურენციის გაქრობას.
„ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა სოსო ჯაჭვლიანმა, რომელიც პარლამენტში სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. „მე ვერასდროს ვიქნები „იბიარდში“, რადგან ერთგული მეუღლე ვარ,“- განაცხადა მან. ამ განცხადების გამო დეპუტატს სოციალურ ქსელებში დასცინეს. დეპუტატი მხარს უჭერს ადამიანის დასჯას „რელიგიური გრძობების შეურაცხყოფისთვის“.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები
სატელეფონო ზარებს არ უპასუხა თამაზ ჯაფარიძემაც, ეს ის დეპუტატია, რომელსაც არ მოსწონს „ჯინსიანი ჟურნალისტები” პარლამენტში და მიიჩნევს, რომ ჰიმნის მოსმენისას დეპუტატებმა ქუდი უნდა მოიხადონ. „ბათუმელების“ ზარებს ასევე არ უპასუხა სერგო რატიანმა, ალექსანდრე ქანთარიამ. ელისო ჩაფიძის მობილურები კი გამორთული იყო.
ოქმების მიხედვით, კომიტეტის ბევრი წევრი სხდომებს არ ესწრება. სხდომებს თითქმის არ დასწრებია კობა ნაყოფია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მას ყველაზე მეტი, – 101 გაცდენა აქვს. „ეს იმას ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, წელიწად-ნახევრის განმავლობაში პარლამენტში არ მისულა“, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე. მობილურს, ტექსტური შეტყობინების მიღების მიუხედავად, არც ნაყოფიამ უპასუხა.
განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის რეზო აფხაზავას შეფასებით, შეუძლებელია განათლების პროგრესულ პოლიტიკას ქმნიდნენ ადამიანები, რომლებიც ქსენოფობიური და დისკრიმინაციული განცხადებებით გამოირჩევიან.
რეზო აფხაზავა
„განათლება არის პრიორიტეტული საკითხი ქვეყანაში. წარმომადგენლობით ორგანოში პრიორიტეტულობა უნდა გამოიხატებოდეს იმაში, რომ, როგორც მინიმუმ, ეს კომიტეტი ცალკე უნდა არსებობდეს. თანამედროვე განათლების ტენდენციის საკითხებში და პოლიტიკის ფორმირებაში რომ ერკვეოდნენ, ასეთი ადამიანების სიმცირეა პარლამენტში, ეს კომიტეტიც ისეთი სფეროს წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, რომლებსაც ზედაპირული შეხება აქვთ განათლების სფეროსთან“.
რეზო აფხაზავას თქმით, განათლება ქვეყნისთვის რეალური გამოსავალი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთადერთი გზაა: „ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ღირებულებები და ამას უნდა მივყვეთ. პარლამენტში და ამ კომიტეტში კი ვხედავთ საპირისპირო შეხედულებებისა და ღირებულებების მატარებელ ადამიანებს, რომლებიც წინააღმდეგობას უქმნიან სამოქალაქო განათლების განვითარებას.“
რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა კარგად ჩანს განათლების საკითხების განხილვისას. „სერიოზული განხილვები იყო იმაზე, რომ გადაეხედათ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, რაც ერთ-ერთი პროგრესული და თანამედროვე ღირებულებზე ორიენტირებული დოკუმენტია. ეს იმიტომ, რომ დეპუტატების ნაწილი სიახლეების მიმართ რეზისტენტულია და რეტროგრადული შეხედულებები აქვთ. ამიტომ, როცა დისკუსია იმართება, აქ მიდის არა პროფესიონალური დისკუსია, არამედ ღირებულებებისთვის ბრძოლა. ერთ მხარეს არის პროგრესული ღირებულებები, მეორე მხარეს კი – იდეოლოგია, რომელიც გვეუბნება, რომ სტალინის ფოტოები უნდა ჩამოვკიდოთ კაბინეტში“.
რეზო აფხაზავას აზრით, დღევანდელი პარლამენტი განათლების სფეროში ღირებულ ცვლილებებს ვერ განახორციელებს: „არ გვაქვს მოლოდინი, რომ პროგრესული ინიციატივებით გამოვლენ, არც მმართველი გუნდიდან და არც კომიტეტებიდან. აბსურდულ სიტუაციებს ქმნიან. განათლების კომიტეტში, განათლების საკითხებთან შეხებაში ყველაზე ახლოს ვანო კიღურაძეა, მაგრამ მისი შეხედულებებიც მთელ რიგ საკითხებში აბსოლუტურად განსხვავდება თანამედროვე, პროგრესული ხედვისგან“.
რეზო აფხაზავას აზრით, ცვლილება, რომელიც რეალურად უნდა განხორციელდეს სკოლებში, ძველი კადრების ახლით ჩანაცვლებაა. „სხვა შემთხვევაში, ყველა რესურსი და ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან ფუჭად იქნება გაღებული“.
რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობაში პეტიციის წარდგენის გზით, რა საკანონმდებლო ნორმები გვაქვს პეტიციის რეგისტრაციისთვის და სავალდებულოა თუ არა თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტი თანხვედრაში იყოს საქართველოს ორგანულ კანონთან – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან? – ამ საკითხებზე გვესაუბრა კოკა კიღურაძე – ექსპერტი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. იგი კოლეგებთან ერთად მუშაობდა ორგანულ კანონში არსებულ მოქალაქეთა ჩართულობის თავზე, რომელიც 2015 წლის 22 ივლისს შევიდა თვითმმართველობის კოდექსში (კოდექსი მიღებულია 2014 წლის 5 თებერვალს).
„ამ კონკრეტული კანონმდებლობის მიღებას წინ უძღოდა ის პროცესი, რომელიც უცხოა ქართული კანონმდებლობისთვის, იმიტომ, რომ ძირითადად საკანონმდებლო პროცესი მიმდინარეობს სამინისტროს ჩაკეტილ დარბაზებში და შემდეგ ასევე ჩაკეტილად გადადის პარლამენტში. ალბათ ტელევიზიით თუ მიადევნებ თვალს ამ პროცესს, თორემ სხვა შემთხვევაში ინტერაქტიული ჩართულობა საკანონმდებლო პროცესებში საკმაოდ რთულია. ამიტომ სიტუაცია, რომელიც ამ ცვლილების მიღებას წინ უძღოდა – საჯაროობა, გახსნილობა, დაინტერესებული ჯგუფების მაქსიმალური ჩართულობა, მიზნად ისახავდა მოქალაქეების ინტერესებზე ყოფილიყო მორგებული კანონი და არა ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაქირავებული ექსპერტებით გაკეთებული კონკრეტული პროდუქტი. თვითმმართველობის კოდექსის მოქალაქეთა ჩართულობის თავი შეიძლება აღმოჩნდეს ის, რამაც შესაძლოა უზრუნველყოს თვითმმართველობის უკეთესი მომავალი,“ – აცხადებს კოკა კიღურაძე.
პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში, თუ უბრალოდ ფორმულირება კანონში?
თუ ასე დავაყენებთ საკითხს, საკმაოდ რთული განმარტება შეიძლება ჰქონდეს მას. დასაწყისშივე შევთანხმდეთ, რომ ყველა რეგულირება, ყველა მექანიზმი, ყველა კანონი და მისი აღსრულება, ხშირ შემთხვევაში, დამოკიდებულია ხალხის ინიციატივებზე, მოქალაქეთა აქტიურობაზე. პეტიცია იქნება მხოლოდ კანონში ჩადებული კონკრეტული რეგულირება, თუ ეს იქნება რეალურად მოქალაქეთა მონაწილეობის ეფექტური ფორმა, ძირითადად დამოკიდებულია მოქალაქეთა აქტიურობაზე, რაღაც ნაწილი დამოკიდებულია ხელისუფლების მზაობაზე, მიიღოს მოსახლეობის ეს ინიციატივა. სადაც მზაობა არ არსებობს, იქ ალბათ მოქალაქეთა აქტიურობის უფრო მაღალი ხარისხი იქნება საჭირო, ეს ბარიერი, რომელსაც ჰქვია ხელისუფლების მოუმზადებლობა, რომ მოქალაქეთა ინიციატივები მიიღოს და განიხილოს, გადალახოს რეალურად.
პეტიციასთან დაკავშირებით კანონმდებლობას აქვს განსაზღვრული კონკრეტული ნორმები. მეც ხშირად მსმენია, რომ პეტიცია არ დარეგისტრირდა. ეს დაკავშირებულია, პირველ რიგში, კანონმდებლობის არასწორ ინტერპრეტაციასთან, რომელსაც მუნიციპალიტეტის მოხელეები აკეთებენ. ამ შემთხვევაში პეტიციის ავტორებმა ალბათ უფრო მეტი კომპეტენტურობა უნდა გამოავლინონ კონკრეტული სამართლებრივი ნორმების ცოდნის თვალსაზრისით, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათი ინიციატივა არ დაბლოკოს რეალურად არარსებული მიზეზებით. ამ შემთხვევაში თავდაცვის მექანიზმად გამოყენებული უნდა იყოს საკანონმდებლო ნორმების სწორი ცოდნა, სწორი განმარტება. თუ ეს ძალისხმევა შედეგს არ გამოიღებს, ამ შემთხვევაში უკვე არსებობს სასამართლო, რომელიც დაავალდებულებს ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დაარეგისტრიროს კონკრეტული წინადადება პეტიციის სახით. მაგრამ იქამდე არსებობს გარკვეული საფეხურები (კონსულტაციები იურისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან), რომლებიც შეიძლება გაიარონ პეტიციის ავტორებმა და პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოება უნდა აქტიურობდეს ამ პეტიციის დასარეგისტრირებლად.
ასეთ დროს ზოგიერთი მუნიციპალიტეტის საკრებულო ხელოვნურ ბარიერებს ქმნის, მაგალითად, მოითხოვს პეტიციის ბლანკზე ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებას.
ეს საკითხი იმდენად ზედაპირზე დევს, რომ „ღრმა“ განმარტებები და სამართლებრივი წიაღსვლები არ სჭირდება. პირდაპირ გეტყვით, რომ საქართველოს ორგანული კანონი არ აწესებს ამ ვალდებულებას და თუ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ნორმატიული აქტი განსაზღვრავს, ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს თვითმმართველობის ორგანულ კანონს -თვითმმართველობის კოდექსს. შესაბამისად მუნიციპალიტეტის ეს გადაწყვეტილება, რომლითაც ის ითხოვს ნოტარიულად დამოწმებულ ხელმოწერებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც პეტიცია შეაქვს მუნიციპალიტეტის საკრებულოში, მინიმუმ 3 კაცისგან უნდა შედგებოდეს. ზოგიერთი მუნიციპალიტეტის რეგლამენტის მიხედვით კი, არანაკლებ 10 კაცი უნდა იყოს საინიციატივო ჯგუფში. რატომ არ არის თვითმმართველობის კოდექსი და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის რეგლამენტი თანხვედრაში და რამდენად სავალდებულოა ისინი არ გამორიცხავდნენ ერთმანეთს?
საქართველოს კანონი ნორმატიული აქტების შესახებ განსაზღვრავს ქართულ სამართლებრივ სივრცეში ნორმატიული აქტების იერარქიას. ამ იერარქიაში საქართველოს კონსტიტუციის შემდეგ დგას ორგანული კანონი. შესაბამისად ყველა დანარჩენი – მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება თუ სხვა ნორმატიული აქტები, მას უნდა შეესაბამებოდეს. როცა ამ ორ აქტს შორის ხდება კონკრეტული კოლიზია, უპირატესი იურიდიული ძალა აქვს ორგანულ კანონს – თვითმმართველობის კოდექსს. აქაც შეიძლება ცალსახად ვთქვათ, რომ მუნიციპალიტეტის ეს დადგენილება, რომლითაც დამტკიცებულია მუნიციპალიტეტის რეგლამენტი, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფმა უნდა მიმართოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურს, რომელიც დღევანდელი კანონმდებლობით (ადრე ეს იყო იუსტიციის სამინისტროს ფუნქცია) უზრუნველყოფს ადგილობრივ თვითმმართველობაზე სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელებას. შესაძლებელია ამ სამართლებრივ ორგანოს მიმართონ წერილობით, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს კონკრეტული მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან შესაბამისობაში, შეისწავლონ ეს საკითხი და მუნიციპალიტეტს მისცენ შენიშვნა ან რეკომენდაცია, რომ აქტი მოიყვანონ შესაბამისობაში კანონთან. ეს ერთ შემთხვევაში ინდივიდუალურად იმ საინიციატივო ჯგუფის პრობლემას გადაჭრის, რომელსაც პეტიცია არ დაურეგისტრირეს და მეორე შემთხვევაში შექმნის პრეცედენტს, რომ სხვა პეტიციებიც დარეგისტრირდეს.
თუ საინიციატივო ჯგუფი სასამართლოს მიმართავს, ასეთ შემთხვევაში მას უკვე აღარ აქვს სამართლებრივი საფუძველი, მუნიციპალიტეტის მხარე დაიჭიროს. სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მუნიციპალიტეტი პეტიციის მიღებასა და დარეგისტრირებაზე, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებს უარყოფითს, თუ პრინციპული დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან მიმართებაში. საბოლოოდ ალბათ სასამართლოს გამოყენება პრეცედენტების შექმნის მიმართულებითაც მნიშვნელოვანია და მუნიციპალიტეტის დავალდებულების მხრივაც.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში პეტიციასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო საკითხია გათვალისწინებული: კოდექსის თანახმად პეტიციას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 1% მაინც უნდა აწერდეს ხელს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში რეგისტრაცია გაიაროს. მუნიციპალიტეტების საკრებულოებს თვითმმართველობის კოდექსი აძლევს საშუალებას, მიიღონ და დაამტკიცონ დებულება, რომლითაც ამომრჩეველთა რაოდენობის ამ პროცენტულ წილს შეამცირებენ და გაზრდიან პეტიციების რაოდენობას. კანონი ქმნის მინიმალურ სტანდარტებს და ჩარჩოებს. მერე ამ ჩარჩოების ქვეშ უკვე მუნიციპალიტეტები არიან თავისუფალი თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, მაგრამ ამ ჩარჩოს არ უნდა გაცდნენ. 10-კაციანი მოთხოვნა ეს არის 3-კაციანი ჩარჩოს სერიოზული დარღვევა, რაც კანონს აქვს გათვალისწინებული.
ამ შემთხვევაში შეცდომა ვინ და როდის დაუშვა? იქნებ რეგლამენტი უფრო ადრე მიიღეს, ვიდრე ცვლილება შევიდა თვითმმართველობის კოდექსში?
უფრო ადრე და უფრო გვიან მიღებულ ნორმატიულ აქტებს როცა ვადარებთ ერთმანეთს, ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა ისინი სამართლებრივი იერარქიის ერთსა და იმავე საფეხურზე დგანან. ორ ორგანულ კანონს შორის რომ იყოს სამართლებრივი პრობლემა, უფრო გვიან მიღებული და უფრო ადრე მიღებული, მაგ შემთხვევაში იძენს კონკრეტულ მნიშვნელობას. რაც შეეხება მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტის და ორგანული კანონის შედარებას, იერარქიულად ორგანული კანონი დგას უფრო მაღლა, ამიტომ მას უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის მიღებული კონკრეტული ნორმატიული აქტი.
2015 წლის 22 ივლისს თვითმმართველობის კოდექსის მოქალაქეთა მონაწილეობის თავი შევიდა ძალაში. შესაბამისად მუნიციპალიტეტს დაევალა მიეღო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები საერთო კრების დებულებასთან, პეტიციის მიღებასთან, ინფორმაციის უფრო აქტიურად გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ასევე გამგებლისა და მერის ანგარიშგებასთან დაკავშირებით. ამ კანონის ძალაში შესვლიდან 2 თვის ვადაში მუნიციპალიტეტს უნდა უზრუნველეყო თავისი საკანონმდებლო აქტების შესაბამისობაში მოყვანა და ახალი დებულებების მიღება, რომელიც დაკავშირებულია პეტიციასთან, ანგარიშგებასთან, ინფორმაციის გამოქვეყნებასთან და საერთო კრებებთან. ამიტომ ეს ვალდებულება მუნიციპალიტეტს წარმოეშვა სექტემბრიდან. უკვე 2016 წლის თებერვალია და ზოგიერთ მუნიციპალიტეტს ეს ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული, ზოგიერთს საერთოდ არა აქვს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული. რამდენიმე მუნიციპალიტეტმა სრულად მიიღო ეს აქტები.
მიუხედავად არსებული საკანონმდებლო კოლიზიისა, რამდენად უფლებამოსილია საკრებულოს აპარატი პეტიცია არ დაარეგისტრიროს?
ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ნებისმიერი აზრთა სხვადასხვაობის გარეშე, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაარღვია თვითმმართველობის კოდექსი და კანონგარეშე უთხრა უარი საინიციატივო ჯგუფს პეტიციის დარეგისტრირებაზე, ეს არის მოქალაქეებისათვის კანონით მონიჭებული უფლების დარღვევა მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ქართულ სინამდვილეში თვითმმართველობის კოდექსის მოქალაქეთა ჩართულობის თავი არ არის ადაპტირებული.
ამ შემთხვევაში ადაპტირების ვალდებულება აქვს მუნიციპალიტეტს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ კანონში განსაზღვრა ამ ადაპტირების ვალდებულების შესახებ და მუნიციპალიტეტი გააფრთხილა, რომ 2 თვის ვადაში უზრუნველეყო მისი აქტების შესაბამისობაში მოყვანა და ეს ვადები დარღვეულია. პროცესი მიმდინარეობს და შეიძლება 6 თვის მერე ყველა მუნიციპალიტეტში გვქონდეს მსგავსი რეგულირებები, რა თქმა უნდა, ვადების დარღვევით, მაგრამ მუნიციპალიტეტები ამ ვალდებულებას ადრე თუ გვიან შეასრულებენ, ისინი მუდმივად კანონის დარღვევის რეჟიმში ვერ იმუშავებენ. ქართული საკანონმდებლო სივრცე ამას არ დაუშვებს.
როგორ მუშაობს პეტიციის თემა საქართველოს სხვა რეგიონებში?
სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტია საქართველოში, სადაც დამტკიცდა პეტიციის რეგლამენტი და თვითმმართველობის კოდექსთან არის თანხვედრაში. ზოგან პირდაპირ კოდექსიდან ამოიღეს შესაბამისი თავი და დაამტკიცეს. ზოგიერთმა მუნიციპალიტეტმა იქ დამატებითი პროცედურები აღწერა. კონკრეტული სტატისტიკა არა მაქვს, მაგრამ დიდი პრაქტიკა არ არის ამ კუთხით. პეტიციის რეგისტრაციის შემთხვევა რამდენიმე მუნიციპალიტეტში იყო მხოლოდ. პეტიცია რეალურად არის შეთავაზება, მაგრამ ამ შეთავაზებაზე პასუხი იქნება დადებითი თუ უარყოფითი, ეს არის საკრებულოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
როგორია ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილება?
ევროპული ქვეყნების უმრავლესობა ამ პრაქტიკას აქტიურად იყენებს. ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ ადგილობრივი რეფერენდუმია დაშვებული. ამ მიმართვას არა მარტო შეთავაზების ფორმა აქვს, არამედ კონკრეტულ ვალდებულებასაც წარმოშობს. შესაბამისი რაოდენობის მხარდაჭერა თუ მოიპოვა პეტიციამ, მუნიციპალიტეტისთვის შეიძლება სავალდებულოც გახდეს ამ მომენტში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული ფორმა მსოფლიოში მოქალაქეების მხრიდან პეტიციების სახით კონკრეტული მიმართვების განხორციელებაში.
აჭარის რეგიონში პეტიციის რეგისტრაციის პრეცედენტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა. უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტში დროებითი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც პეტიციებში (სამი პეტიცია დარეგისტრირდა) აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით იმუშავებს.
მე ვფიქრობ, ასეთი წარმატებული მაგალითების პოპულარიზაცია აუცილებლად უნდა მოხდეს. როცა ასეთ ისტორიას იქმნიან მუნიციპალიტეტები, არა მარტო იმ პეტიციების შესრულების მიზანი აქვთ, არამედ რეალურად პრეცედენტების შექმნის მიზანიც, რომელიც შეიძლება შემდეგ სხვებისთვის გამოდგეს სამაგალითოდ. პეტიციის შედეგების შესახებ მაქსიმალურად უნდა გავრცელდეს ინფორმაცია, სასურველია მედიის საშუალებით, რომ ეს იყოს სამაგალითო ხალხისთვისაც და ადგილობრივი ხელისუფლებისთვისაც. წარმატებული პრეცედენტები შექმნიან იმდენად დიდ ძალას, რომ მას მუნიციპალიტეტები ეგრეთ წოდებულ „გაუმართავ“ სამართლებრივ აქტებს ვეღარ დაუპირისპირებენ.
ლოგო
სტატია მომზადებულია პროექტის „თემები დემოკრატიული ცვლილებებისათვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი „ინტელექტი“ შვედეთის განვითარების სააგენტოსა (სიდა) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს შვედეთის განვითარების სააგენტოსა (სიდა) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ოფიციალურ პოზიციას.
იყავი აქტიური! ჩაერთე შენი სოფლის პრობლემების გადაწყვეტის პროცესში!
არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გარანტიებისთვის ბრძოლა უფრო თვალშისაცემი ხდება. თანამდებობის პირები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერასა და ნიშნისმოგებით საუბარს ღიადაც აღარ ერიდებიან. იმაზე კი, რომ მათ შორის ფარული დაპირისპირება არსებობს და ამის გამო რეგიონის ამომრჩევლის ინტერესები ილახება, არამხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგად ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების დროს და დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი პრობლემებისას გამოჩნდა.
აჭარის სახელისუფლო შტოების ხელმძღვანელები საჯარო სივრცეში ერთად ჩანან. ამის მიუხედავად ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს, ირაკლი ჭეიშვილსა და გიორგი ერმაკოვს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, განხილვის თემა ხშირად ხდება.
„ბათუმში შეიქმნა საგანგებო სიტუაცია. ეს არ იყო პრობლემა, რომელიც მხოლოდ მერიას უნდა მოეგვარებინა, რადგან უფრო დიდი თოვლი მოვიდა ქალაქში, ვიდრე მუნიციპალიტეტებში, ამიტომ კოორდინირებულად უნდა ემუშავა აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყებას.
მთავრობა უნდა ჩართულიყო პირველივე წუთიდან, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს უნდა გამოეხატათ მზადყოფნა. მე როგორც მოქალაქეს, როდესაც ვხედავ, რომ მხოლოდ მერიის სამსახურები არიან კონცენტრირებულები, რომლებიც პრობლემას ვერ აგვარებენ, მართალია, უკმაყოფილების გრძნობა მათ მიმართ მიჩნდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს აისახება სახელისუფლებო გუნდზე მთლიანად.
არის მეორე მომენტიც – ბულვარის ამბებთან დაკავშირებით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამბავი ყველა უწყებამ არ იცოდა. ბულვარის ადმინისტრაცია საერთოდ არ გამოჩენილა. ინფორმაციის ნაკლებობა იყო მერიაშიც. მე არ ვიცი რა ხდება მათ შორის, მაგრამ მე ვარ მოქალაქე, რომელსაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს და არა ის, მათ შორის რა დაპირისპირებაა“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟუნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.
რატომ ვერ დადგა შედეგი, რომელიც ამომრჩეველს აინტერესებს? _ ოპოზიციურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ მთავრობაში გავლენების გადანაწილებაზე ფიქრობენ და ეს ახლა უფრო კარგად ორი მიზეზის გამო ჩანს. პირველი ისაა, რომ მოახლოვდა არჩევნები და პოლიტიკური თანამდებობის პირები ისევ პოლიტიკური გარანტიებისთვის, საარჩევნო სიაში სასურველი ნომრის მოპოვებისთვის იბრძვიან, შედეგად მოვალეობები ავიწყდებათ. მეორე კი ისაა, რომ პარტიაში ახალი ლიდერის ასარჩევად ემზადებიან, რომელთან მისასვლელი გზის მოძებნა რეგიონში თანამდებობის შენარჩუნების ყველა მსურველს მოუწევს.
„როგორც ჩანს, ხელისუფლების შიგნით რაღაც ტიპის გაურკვევლობები არის. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ყველა ელოდება პოლიტიკურ გარანტიებს. არ იციან როგორი იქნება მათი პოლიტიკური მომავალი და ეს უქმნით უფრო მეტ დისბალანსს. რაც შეეხება გავლენებს, ეს გავლენები შეიძლება ხვალ საერთოდ დაიკარგოს, თუმცა ამაზე ვერ ფიქრობენ…
კონკრეტული ფაქტი მინდა გითხრათ: როცა მთავრობამ თქვა, რომ ბულვარი დაუბრუნეს ბათუმის მერიას, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, რადგან სსიპ-ის ქონის უფლება მერიას კანონით არ აქვს. მათ, უბრალოდ, უთხრეს მერიას, შეგიძლიათ დანიშნოთ დირექტორი და მოადგილეები, მაგრამ ფინანსებს მაინც განკარგავს ეკონომიკის სამინისტრო“, – ამბობს სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“.
იმის დასამტკიცებლად, რომ მთავრობა კოორდინირებულად მუშაობას ვერ ახერხებს, ბულვარის მაგალითი მოჰყავს ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძესაც: „აჭარის მთავრობა ბულვარის თაობაზე ისე აკეთებს განცხადებას, რომ ქალაქის მერი არ არის საქმის კურსში. მთავრობა მერს ეუბნება კანდიდატურა წარმომიდგინეო და მერი კომენტარს არ აკეთებს… დაკავებული არიან მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლით, თუ ვინ მოიპოვებს გავლენებს“.
არჩილ ხაბაძისა და დავით ბალაძის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ – „ბულვარს მართვაში მერიას ბიუჯეტიანად ვუბრუნებთ~ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. მითუმეტეს მაშინ, როცა საკრებულო ამას 2014 წლიდან ითხოვს, მთავრობას კი ამისათვის დღემდე არაფერი გაუკეთებია. უფრო მეტიც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ღიად აცხადებდა, რომ ბულვარს მერიას არ დაუბრუნებდა. ახლა მან გადაწყვეტილების შეცვლა „საზოგადოების მოთხოვნით“ ახსნა. „იმ პოლიტიკური პარტიების გამო არა, რომლებიც ამას ითხოვდნენ, საზოგადოების მოთხოვნის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – თქვა ბალაძემ.
მთავრობის სხდომაზე ბულვარის გადაცემასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ახლდა პათოსი -„მე არ ჩავერევი და ვნახოთ, რას იზამს მერია“.
მთავრობის სხდომის შემდეგ არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკითხი მერთან შეთანხმებული იყო, გიორგი ერმაკოვმა კი მეორე დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბულვარს 2016 წლის ბოლომდე, იქ მიმდინარე სამუშაოების დასრულებამდე, არ დაიბრუნებს. ასევე გაირკვა, რომ ბულვართან დაკავშირებით არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიზანი სულაც არ იყო ბულვარის მერიისთვის გადაცემა.
საკრებულოში მერის მისვლა-არმისვლის საკითხი ბათუმში განსახილველი თემა სულ არის. მას 29 იანვარსაც ელოდნენ სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებული ანგარიშით. მერი სხდომაზე არ მივიდა. ფრაქციების მოთხოვნას – „მოვიდეს მერი“, პოლიტიკური შოუ~ უწოდა მერიის აპარატის უფროსმა. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი მერის გამართლებას შეეცადა, თუმცა არაოფიციალურ საუბრებში მათ შორის დაპირისპირებას არავინ უარყოფს.
„შეიძლება მე ვიყო, შეიძლება სხვა“, – უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – ვინ ჩაიბარებს პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს აჭარაში. ეს კითხვა მას ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ვიზიტისას დაუსვეს, როდესაც ვიცე-პრემიერმა აჭარის რეგიონებში პარტიის ყრილობა ჩაატარა. კახა კალაძეს ყველა მუნიციპალიტეტში ახლდა ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და არა არჩილ ხაბაძე. შეხვედრების შემდეგ ამბობდნენ, რომ ბათუმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს თბილისში დაგეგმილი დიდი ყრილობის შემდეგ დაასახელებდნენ და ეს დიდი ალბათობით ირაკლი ჭეიშვილი იქნებოდა. პარტიის თავმჯდომარეობა ავტომატურად ნიშნავს, უმაღლესი საბჭოს სიის პირველ ნომრად დასახელებას.
კახა კალაძის ვიზიტის შემდეგ „ქართული ოცნების~ ფეისბუქის გვერდზე წერდნენ, რომ მასთან შეხვედრა სხვებსაც უნდოდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. პარტიის რეგიონულ ორგანიზაციას კი დღემდე ისევ ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს.
დღემდე ვაკანტურია ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაც. ამ თანამდებობიდან საკრებულოს წევრი თამაზ თურმანიძე პასიურობის მიზეზით გაათავისუფლეს.
ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა პარტიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა, როცა პარტია ახალი ხელმღვანელის ასარჩევად ემზადება და არავინ იცის როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, დაბნეულობა რეგიონშიც შეინიშნება.
ქირავდება ბათუმში, ქალაქის ცენტრში, მ. აბაშიძის (ყოფილი სტალინის) ქუჩაზე, გარემონტებული კომერციული ფართობი (150 კვ.მ). მდებარეობს ზღვისპირა პარკიდან (ბათუმის ბულვარიდან), „შერატონიდან“ და 26 მაისის პარკიდან 200 მეტრში. ფასი: 2000 დოლარი.
დღეს ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე.
შეგახსენებთ, რომ ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენლის, ირაკლი შანავას ინფორმაციით, სამუშაოების გაგრძელების საშუალება მათ აქციის მონაწილეებმა არ მისცეს: „ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას, რომ არ გვაქვს მუშაობის გაგრძელების საშუალება. პოლიციელები უკვე მოვიდნენ და მოლაპარაკებას მართავენ აქციის მონაწილეებთან“.
ციხისძირში ხეების გადატანის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 5 პირი დააკავა: „პარტიზანული მებაღეობის“ სამი წევრი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – ქობულეთის საკრებულოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ დუმბაძე.
შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, პოლიციამ აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. ამ უწყების ინფორმაციით, მხოლოდ 4 პირია დაკავებული, მათ შორის ერთი ჩაქვის პოლიციის განყოფილებაშია, ხოლო დანარჩენი სამი პოლიციის ქობულეთის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით შსს-მ ხუთივე პირის დაკავება დაადასტურა.
აქციის მონაწილე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ უკანონო სამუშაოების შეჩერებას ისევ მოითხოვენ. ადგილზე რჩებიან პოლიციელები, ხოლო სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „ზიმოს“ სამუშაო პროცესი შეჩერებული აქვს.
კომპანია “ზიმოს” წარმომადგენელმა დღეს “ბათუმელებთან” განაცხადა, რომ სამუშაოების გაგრძელების საშუალება მათ აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. „ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას, რომ არ გვაქვს მუშაობის გაგრძელების საშუალება. პოლიციელები უკვე მოვიდნენ და მოლაპარაკებას მართავენ აქციის მონაწილეებთან“
ციხისძირში, სადაც ხეების გადატანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება, პოლიციელები გამოჩნდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის, ქობულეთის პოლიციის უფროსი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას საპროტესტო აქციაზე პოლიციის მაღალჩინოსნების ყოფნის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, ციხისძირის აქციაზე პოლიციის ორი ეკიპაჟია მობილიზებული საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.
ხეების გადატანის პროცესი დღეს დილიდან შეჩერებულია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია „ზიმო“-ს წარმომადგენლის, ირაკლი შანავას ინფორმაციით, სამუშაოების გაგრძელების საშუალება მათ აქციის მონაწილეებმა არ მისცეს: „ჩვენ შევატყობინეთ პოლიციას, რომ არ გვაქვს მუშაობის გაგრძელების საშუალება. პოლიციელები უკვე მოვიდნენ და მოლაპარაკებას მართავენ აქციის მონაწილეებთან“.
პოლიციელების გამოჩენის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პეტრე ზამბახიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებს, რადგან „უნებართვოდ იცვლება სანაპირო ზოლი“.
ხეების გადატანის წინააღმდეგ აქციას გუშინ „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებიც შეუერთდნენ.
„ერთი და იგივეა ჩემი და ქიბარის ამბავი. მეც მაიძულეს, დამეთმო ქონება. აბა, ვის სჯერა, რომ საჩუქარი იყო ეს?“ – ამბობს ასლან ხალვაში, ქიბარ ხალვაშის ბიძაშვილი, რომელიც ასევე ბიზნესმენია. ის იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აჩუქა სახელმწიფოს. ორივე საქმეში, ბიძაშვილი ხალვაშები სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დარღვევაზე მიუთითებენ, რაც გულისხმობს „ბათილად ცნობას იმ გარიგების, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს“. როგორც ჩანს, ე.წ. „ამორალურ გარიგებად“ მიჩნევის სტანდარტი სასამართლოში განსხვავებულია.
ჯერ უცნობია, განიხილავს თუ არა ცოლ-ქმრის ასლან და ნინო ხალვაშების საქმეს უზენაესი სასამართლო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლომ, ასლან ხალვაშს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის მარტში დაბა ჩაქვში შეძენილი ორი მიწის ნაკვეთი – ჯამში 10 036 კვ. მეტრი – ნინო ხალვაშმა საკუთარი ნებით აჩუქა სახელმწიფოს 2011 წლის 2 თებერვალს.
„პროკურატურაში ღამის 12 საათზე დამიბარეს და პირდაპირ მითხრეს, რომ მიწის ნაკვეთები უნდა დამეთმო. ამას თუ არ გავაკეთებდი, ჩემს მეუღლეს დააკავებდნენ. უკანონოდ გაქვთ ეს მიწის ნაკვეთები ნაყიდიო. პროკურორი გელა მახარაძე მეუბნებოდა ამას, რომელიც მერე, როგორც გავიგე, დააკავეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ასლან ხალვაში, რომელიც დარწმუნებულია, რომ მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის იძულებით ჩუქება ქიბარ ხალვაშის მაშინდელ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.
ნინო და ასლან ხალვაშების ადვოკატი, ლაშა ბოლქვაძე: „სასამართლომ მტკიცების ტვირთი ჩვენ დაგვაკისრა, რაც უსამართლობაა. ობიექტურად რთულია იმის მტკიცება, რომ პროკურატურისგან მომდინარე ზეწოლის გამო დათმეს ამ ადამიანებმა ქონება, რომელიც აუდიტის შეფასებით, 800 ათასი დოლარი ღირს. საქმეში რამდენიმე გარემოებაა, რაც ადასტურებს, რომ ნინო ხალვაშს საკუთარი ნებით არ უჩუქებია ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის: მიწა დატვირთული იყო იპოთეკით, ანუ მათ აღებული ჰქონდათ საბანკო ვალდებულებები. გარდა ამისა, ხალვაშებმა მიწის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის შესაცვლელად სოლიდური თანხა გადაიხადეს”.
ლაშა ბოლქვაძე პარალელს ქიბარ ხალვაშისა და „რუსთავი 2“-ის საქმესთან ავლებს და ფიქრობს, რომ საქმე „ორმაგ სტანდარტთან“ გვაქვს: „ქიბარ ხალვაში ამტკიცებდა, რომ მას დაბალი ფასი გადაუხადეს ტელევიზიაში. ანალოგიურ სიტუაციაში, ასლან და ნინო ხალვაშებისთვის საერთოდ არაფერი გადაუხდიათ. ორმაგი სტანდარტია, როცა სასამართლო აქ იძულებას ვერ ხედავს“.
გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „ასლან ხალვაშის სამართლებრივი დავა არის იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ. ამ კუთხით არაერთი კვლევაა ჩატარებული, რითაც გამოჩნდა, რომ მოქალაქეებისგან სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქება მინიმუმ კითხვებს აჩენს. ჩვენ მაშინ გვქონდა პოზიცია, რომ სახელმწიფოს მსგავსი მიდგომა არ უნდა ჰქონოდა. ასლან ხალვაშის საქმეც ამ კითხვის ნიშნებს შეიცავს. ვინაიდან სასამართლოში ამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, გადაჭრით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. სასამართლოს აქვს განხილული მსგავსი ტიპის საქმეები და არის მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილებები. პარალელების გავლება არ იქნება სწორი, რადგან თითოეული სამოქალაქო საქმე ინდივიდუალურია”.
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ნინო და ასლან ხალვაშები აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.
საქართველოს საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლით „ამორალური გარიგება“ ბათილია. გასული წლის ბოლოს სწორედ ამ მუხლით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, ამ ტელევიზიის ბოლო მფლობელებს – ძმებ ყარამანაშვილებს მოუგო სასამართლო დავა, რის შემდეგაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი გახდა. თუმცა ამ საკითხზე სასამართლო დავა სასამართლოს სხვა ინსტანციებში გრძელდება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ, ბულვართან დაკავშირებით რეკომენდაციები თავმჯდომარეს უკვე წარუდგინა. კომისიის რეკომენდაციებს აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით 11 თებერვალს გაიმართება, რის შემდეგაც მთავრობამ ბულვართან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს მიწვეულმა წევრებმა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა.
ამონარიდი კომისიის ოქმიდან
კომისიის ოქმის მიხედვით, ბათუმის ძველ ბულვარში მესამე ბილიკის შენარჩუნების მიზნით უნდა გატარდეს შემდეგი პროცედურები: კონტრაქტორმა კომპანიამ შეაჩეროს მიმდინარე სამუშაოები, უნდა შემუშავდეს ალეას ახალი პროექტი; აღებულ იქნას ახალი ნებართვები, კომპანიასთან მიღწეული უნდა იქნას შეთანხმება ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე და ბოლოს, ბათუმის ბულვარმა დაჩქარებული წესით განახორციელოს დარჩენილი პროცედურები, რათა სამუშაოები ტურისტულ სეზონამდე დასრულდეს.
ამონარიდი კომისიის ოქმიდან
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა 5 თებერვალსჩატარდა.
არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით, კომისიას 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველეყო „ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენა“.
გსურთ სწავლა განაგრძოთ ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებში?
ამერიკის შეერთებული შტატების College Board-ის მიერ აკრედიტებული ქართული ამერიკული სკოლა „პროგრესი“ მე-7-მე-12 კლასების მოსწავლეებს დაგეხმარებათ ამ მიზნების მიღწევაში.
რატომ უნდა აირჩიოთ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“?
ქართულ ეროვნულ პროგრამებთან ერთად თქვენ გაივლით ამერიკულ სასწავლო პროგრამებს, ყოველწლიურად ჩააბარებთ საერთაშორისო გამოცდებს, დააგროვებთ კრედიტებს და სწავლას განაგრძობთ ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში.
სასწავლო პროცესი წარიმართება სასიამოვნო, თანამედროვე და კომფორტულ გარემოში, უახლესი ტექნოლოგიებით: მონიტორებით, პროექტორითა და სენსორული დაფებით აღჭურვილ საკლასო ოთახებში, საგამოცდო კომპიუტერული ცენტრებით.
სამეცნიერო ლაბორატორიული გაკვეთილები დაწყებითი კლასებიდანვე
თითოეულ საგანს დაეთმობა კვირაში 8-10 გაკვეთილი, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ადგილზე დაამუშავოს სასწავლო მასალა.
გაკვეთილები არის ინტერაქტიული და სრულადაა ორიენტირებული მოსწავლეზე, მოიცავს პრეზენტაციებს, მოხსენებებს, სამეცნიერო ნაშრომებსა და კვლევებს.
სწავლის საშუალება ეძლევათ უცხოელ მოსწავლეებს.
მნიშვნელოვნად განავითარებთ ინგლისური ენის აკადემიურ კომპეტენციებს.
წარჩინებული მოსწავლეები მოემზადებიან კემბრიჯისა და გოეთეს საერთაშორისო გამოცდებისთვის და გაემგზავრებიან ერთი აკადემიური წლით ამერიკისა და გერმანიის მაღალი კლასის სკოლებში სასწავლებლად.
სკოლის კურსდამთავრებულები მიიღებენ ორმაგი ხარისხის ატესტატს:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაცემულ ატესტატს;
ნიუ-იორკის განათლების საბჭოს მიერ აკრედიტებულ საშუალო განათლების სერტიფიკატს ორენოვანი სექტორის მოსწავლეთათვის; ჩამბრიდგე B2 დონის სერტიფიკატს ინგლისურ ენაში; გოეთეს B1 დონის სერტიფიკატს გერმანულ ენაში.
ასევე, სკოლა გთავაზობთ ორ და სამკვირიან სასწავლო-შემეცნებით პროგრამებს, საზაფხულო სკოლებსა და გაცვლით პროგრამებს საერთაშორისო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში (დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, პოლონეთი, ლიტვა). მსმენელები გაივლიან უცხო ენის ინტენსიურ კურსს და დაესწრებიან გაკვეთილებს ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად. კურსის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი.
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესი“ – რეალური პროგრესი, მრავალგზის დამტკიცებული შედეგებით!
პროექტის პრეზენტაცია ბათუმის მე-2 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში 11 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება. დაინტერესებული მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვის დასწრება თავისუფალია.
„აჭარის რეგიონში სახელისუფლებო ძალებს შორის არის სერიოზული გაუგებრობა საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც ძირითადად გავლენის სფეროების გადანაწილებას ეხება“ – აცხადებს ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ამ „გაუგებრობა“ ძირითადად კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის დავას უკავშირდება, რის შედეგადაც რამდენიმე მაღალი თანამდებობა თვეების განმავლობაში ვაკანტურია. „აჭარის რამდენიმე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს, ხელვაჩაურისა და შუახევის, არ ჰყავს მოადგილე. ასევე თვეების მანძილზე ვაკანტურია ბათუმის მერის მოადგილის პოსტი, რომელიც მერიის ფინანსურ პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი“ – ამბობს ჯაბა ბერიძე.
ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ „მერის მოადგილეს როგორც კი დანიშნავენ, საზოგადოებასაც აცნობებენ“.
„თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ ხელისუფლებას საჯარო კონკურსების გზით შეარჩიონ კადრები, რადგან რეგიონში კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, გამოცდილი მოქალაქეების დიდი არჩევანია.
ბათუმის მერის მოადგილის პოსტი 2015 წლის 6 ივლისიდან არის ვაკანტური. ზურაბ ბერიძემ საკუთარი სურვილით დატოვა ეს თანამდებობა. შუახევის გამგებლის მოადგილე რომან ფუტკარაძე 2015 წლის 7 ნოემბერს დააკავა ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით, ხოლო ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილე ანზორ ფერსელიძე რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა.
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის თავისუფალ ფულად სახსრებს „ვითიბი ბანკი“ განკარგავს. საუბარია იმ თანხაზე, რომელიც აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ანგარიშზეა. ამ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეუძლიათ თანხა „ვითიბი ბანკის“ დეპოზიტზე განათავსონ, რასაც წლიურად 14 პროცენტი სარეგებელი დაერიცხება. საბიუჯეტო ორგანიზაციებს შეეძლებათ მათთვის სასურველ დროს გაიტანონ თანხა ბანკის ანგარიშიდან.
კომერციული ბანკი თავისუფალი საბიუჯეტო თანხისთვის აუქციონის წესით შეირჩა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის, ზურაბ ღომიძის ინფორმაციით, აუქციონში სულ ოთხი ბანკი მონაწილეობდა: „თიბისი ბანკი“, „ბანკი რესპუბლიკა“ , „საქართველოს ბანკი“ და „ვითიბი ბანკი“ . გამარჯვებულმა ბანკმა აჭარის მთავრობას ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი შესთავაზა. გასულ წელს აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ანალოგიურ მომსახურებას „თიბისი ბანკი“ უწევდა.
ამ დროისთვის „ვითიბი ბანკის“ დეპოზიტზე, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების კუთვნილი 77 მილიონი ლარია განთავსებული.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, H1N1 ვირუსით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. გარდაიცვალა 37 წლის ქალი, რომელმაც სტაციონარს 28 იანვარს მიმართა. ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ არის ჩვეულებრივი სეზონური გრიპი და აუცილებელია მოქალაქემ პირველივე სიპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს.
ბოლო მონაცემებით, აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე H1N1 ვირუსით უკვე 6 პაციენტი გარდაიცვალა.
გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის აპარატისა და დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის პრემიის სახით ბიუჯეტიდან 117 810 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 59 525 ლარი გაიცა. წინა წლებისგან განსხვავებით, მთავრობამ წელს არ დააკონკრეტა, ვის რამდენი ერგო პრემიის სახით – „ბათუმელებს“ მთავრობიდან მხოლოდ საერთო ციფრი მოაწოდეს. არჩილ ხაბაძისგან განსხვავებით, პრემიები საიდუმლოდ არ დაუტოვებიათ მისი მთავრობის მინისტრებს.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მინისტრებს საახალწლოდ პრემია არ აუღიათ. სამინისტროებიდან ყველაზე მაღალი პრემიებით კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოირჩეოდა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს, იონა წითელაძეს დეკემბერში სახელფასო დანამატის სახით 1597 ლარი, ხოლო პრემიის სახით 2 130 ლარი ერგო. მინისტრის მეორე მოადგილის რამაზ ბოლქვაძის სახელფასო დანამატმა და პრემიამ კი გასული წლის დეკემბერში ჯამში 3412 ლარი შეადგინა. წინასაახალწლოდ პრემია არ აუღია მინისტრის მესამე მოადგილეს ბესიკ ბოლქვაძეს, მას მხოლოდ სახელფასო დანამატი – 1462 ლარი დაერიცხა.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ სირაბიძემ გასული წლის ბოლოს პრემიის სახით 1540, ხოლო დანამატის სახით 924 ლარი მიიღო. პრემიის სახით 3080 ლარი გამოუწერეს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს თეა ჯანაშიას, ამავე თვეში მან დანამატის სახით 924 ლარი მიიღო. ამდენივე ერგო პრემიისა და დანამატის სახით ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსს, ნუგზარ ძნელაძეს და იურიდიული დეპატამენტის უფროსს, გელა ცინცაძეს.
1775 ლარი ერგო პრემიის სახით სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსს, პაატა ცეცხლაძეს, პარალელურად მას დანამატის სახით 587 ლარი დაურიცხეს. 2350 ლარი ერგო პრემიის სახით სამინისტროს რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილების უფროსს, დავით ბერიძეს, დანამატის სახით კი მასაც 587 ლარი დაერიცხა. 1325 ლარი დაერიცხათ ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტებს.
2350 ლარი პრემიის სახით და 587 ლარი დანამატის სახით მიიღო სამინისტროს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა. 1550 ლარი დაერიცხა პრემიის სახით ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ზურა ჭურკვეიძეს. საერთო ჯამში კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში, პრემიის სახით, 107 625 ლარი, ხოლო დანამატის სახით 46, 043 ლარი გასცა.
პრემიების გაცემის თვალსაზრისით არც ისე ხელგაშლილი აღმოჩნდა განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ყველაზე მაღალი პრემია აქ მხოლოდ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს, ჯემალ სურმანიძეს ერგო – 1232 ლარი, მოადგილეებს: ნათია სირაბიძეს პრემიის სახით – 955 ლარი, ვალერი ბერაძეს – 390 ლარი, ხოლო ვლადიმერ მგალობლიშვილს 955 ლარი ერგო. საერთო ჯამში, განათლების სამინისტრომ პრემიისა და დანამატის სახით 63 000-მდე ლარი გასცა.
საახალწლოდ პრემიები არც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს მიუღიათ. ამ სამინისტროში ყველაზე მაღალი პრემია – 513 ლარი მთავარ სპეციალისტებს ერგოთ, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს გაცილებით ნაკლები გამოუწერეს.
საახალწლოდ პრემია არც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს მიუღიათ. ყველაზე მაღალი პრემია კი – 924 ლარი ამ სამინისტროში წინასაახალწლოდ დეპარტამენტების უფროსებს ერგოთ. ჯამში ჯანდაცვის სამინისტრომ დეკემბერში პრემიისა და დანამატის სახით 71 503 ლარი გასცა.
ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს წინასაახალწლოდ სახელფასო დანამატი არ აუღია, პრემიის სახით კი 2750 ლარი აიღო. სამაგიეროდ პრემიაც ერგო და დანამატიც ვიცე-მერ ბაგრატ მანველიძეს, ჯამში მან დანამატისა და პრემიის სახით წინასაახალწლოდ 3655 ლარი მიიღო. ცოტა ნაკლები – 3485 ლარი შეხვდა მერის კიდევ ერთ მოადგილეს, ალექსანდერე მითაიშვილს. პრემიისა და დანამატის სახით 2805 ლარი მიიღეს მერის აპარატის ადმინისტრაციისა და სამსახურების უფროსებმა.
მერიამ გასული წლის დეკემბერში პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 352 841 ლარი გასცა.
შენიშვნა: სტატია სათაურით “მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში” გამოქვეყნდა „გაზეთ ბათუმელების“ ორშაბათის ნომერში, 8 თებერვალს. სტატია ვებგვერდზე აიტვირთა დღეს, 10 თებერვალს. ვებგვერდზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “ბათუმელებს” დაუკავშირდნენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სოფიო გუჯაბიძის ინფორმაციით, „აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს არათუ დეკემბრის თვეში, არამედ გასული 2015 წლის განმავლობაში პრემია საერთოდ არ აუღია“.
თუმცა, აჭარის მთავრობიდან “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში, რომლითაც სტატიის მომზადების დროს იხელმძღვანელა „ბათუმელებმა”, არაფერი ეწერა იმის შესახებ, რომ არჩილ ხაბაძეს გასულ წელს პრემია არ აუღია.