80-მდე უსახურავო სახლი ქედაში

ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 80-მდე ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სახლების გადასახურად დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად ქედის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში მოსახლეობის პრობლემის გადასაჭრელად, ანუ ლითონის ფურცლების შესაძენად, საჭირო თანხა არ გაუთვალისწინებია. ქედის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ამბობს, რომ ლითონის ფურცლების შესაძენად პროგრამის შემუშავებას ფიქრობდნენ, თუმცა საჭირო თანხა (გამგეობის გათვლით დაახლოებით 100 000 ლარი) ვერ გამონახეს.

გასულ წელთან შედარებით ქედაში წელს ერთით ნაკლები სოციალური პროგრამა ხორციელდება. გამგეობის მიერ შემუშავებული და საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცხრა სოციალური პროგრამის განსახორციელებლად 2016 წელს აქ 207 910 ლარია გაწერილი, რაც გასული წლის სოციალური პროგრამების დაფინანსებასთან შედარებით 31 000 ლარით ნაკლებია.

დავით თედორაძე ამბობს, რომ  სახურავების გარდა ქედაში მოსახლეობა ყველაზე ხშირად მკურნალობისა და მგზავრობის დაფინანსებას ითხოვს.

„საყოველთაო დაზღვევა მკურნალობას გარკვეული პროცენტით აფინანსებს, მოსახლეობის ნაწილი დარჩენილი თანხის, ნაწილი კი მგზავრობის დაფინანსებას მოითხოვს, მუნიციპალიტეტში მოქმედი პროგრამებით მკურნალობისა და ტრანსპორტირების ხარჯები არ ფინანსდება, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც უშუალოდ პროგრამით არის გაწერილი“, – ამბობს დავით თედორაძე და დასძენს, რომ წელს ახალი პროგრამა მოქმედებს. – „ბავშვის შეძენასთან დაკავშირებით გასულ წელს ერთჯერადი ფინანსური დახმარების პროგრამა გვქონდა, რომლის ფარგლებში ყოველი ბავშვის შეძენაზე ოჯახს ფინანსურად ვეხმარებოდით. ახლა მთის კანონი შევიდა ძალაში – აღნიშნული დახმარება ამ კანონით არის გაწერილი, შესაბამისად, გაორება რომ არ მოხდეს, ჩვენ ეს პროგრამა ამოვიღეთ. წელს ახალი პროგრამით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იმ 13 შშმ ბავშვს, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით რეაბილიტაციის კურსს გადიან ბათუმში, მგზავრობას ვუფინანსებთ თანმხლებ პირთან ერთად. პროგრამის ბიუჯეტი 8 400 ლარია“.

ქედის მუნიციპალიტეტის მსგავსად სოციალური პროგრამების რაოდენობა შემცირებულია შუახევის მუნიციპალიტეტშიც, სამხედრო სავალდებულო სამსახურში, არასაომარ მდგომარეობაში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამას შუახევის გამგეობა წელს აღარ განახორციელებს. გასულ წელს ამ პროგრამით 18-მა ოჯახმა ისარგებლა და ერთჯერადად დახმარება – 150 ლარი მიიღო.

შუახევის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე პროგრამის გაუქმებას ასე ხსნის:

„ასეთი 20 ოჯახი გვყავს, შესაბამისად, გასულ წელს პროგრამა 20 ოჯახზე შევიმუშავეთ. ჩვენ ყველა მათგანს ვაცნობეთ პროგრამის შესახებ და ვუთხარით, დახმარების მისაღებად გამგეობაში შემოეტანათ განაცხადი შესაბამის ცნობასთან ერთად. თუმცა ფინანსური დახმარების მისაღებად მხოლოდ 18-მა მოგვმართა,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

აღნიშნული პროგრამის გარდა შუახევში სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ყოველდღიურად ერთჯერადი კვების უზრუნველყოფის, ყოველ მესამე და მომდევნო შვილის შეძენაზე ერთჯერადი დახმარების, ხუთ და მეტ მცირეწლოვან ოჯახებზე ერთჯერადი მატერიალური დახმარების, გაჭირვებულ ოჯახთა დასაფლავებისთვის ერთჯერადი დახმარების, 18-წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარების, დიალეზის პროგრამაში ჩართული მოქალაქეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ეპილეფსიითა და პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა მოქმედებს.

ზაზა ზოიძის თქმით, პროგრამებით შუახევში მცხოვრები ყველა ის მოქალაქე სარგებლობს, ვინც საჭირო კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და ვინც მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართა. ზაზა ზოიძე იმასაც აღნიშნავს, რომ თუ ვინმე სახელმწიფოსგან უფასოდ მედიკამენტების მიღების სურვილს გამოთქვამს და დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, პროგრამაში გაითვალისწინებენ.

„უფასო სადილის პროგრამა მოთხოვნის შესაბამისად 42 ბენეფიციარზე შევიმუშავეთ, თუმცა ამ დროისთვის 38 ბენეფიციარი გვყავს. თუ ვინმე მოინდომებს უფასო სადილი მიიღოს დღეში ერთხელ და პროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, პროგრამაში ჩავრთავთ,“ – ამბობს სამსახურის უფროსი.

შუახევშიც მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას საცხოვრებელი სახლების გადახურვას სთხოვს. სოციალური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე გაზაფხულზე დამატებით ორ სოციალურ პროგრამას განახორციელებენ, რომლის ფარგლებში შშმ ბავშვებს რეაბილიტაციისთვის მგზავრობის თანხას დაუფინანსებენ და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლების გადასახურად თუნუქის ფურცლებს შეიძენენ.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, რომლებიც რეაბილიტაციის კურს გადიან ბათუმში, გვინდა მგზავრობა დავუფინანსოთ, მუნიციპალიტეტში ასეთი პრობლემის მქონე 36 ბავშვია. ვაზუსტებთ, რომელ სოფლებში ცხოვრობენ და ხარჯს დავითვლით. რაც შეეხება მოთხოვნას სახლის სახურავებთან დაკავშირებით, სახურავით დახმარება შუახევში 50-მდე ოჯახს ესაჭიროება, რისთვისაც დაახლოებით 40 000  ლარია საჭირო. სახურავით დახმარების პროგრამა გასულ წელს გვქონდა, რომლის ფარგლებშიც 2300 ცალი თუნუქის ფურცელი უკიდურეს მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს გადავეცით,“ – ამბობს ზაზა ზოიძე.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ გასულ წელთან შედარებით 2016 წელს დამატებით ორი სოციალური პროგრამა მოქმედებს.

„გასულ წელს ცხრა სოციალური პროგრამა გვქონდა, წელს იმ პროგრამებს ორი – პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის მგზავრობის დაფინანსების პროგრამა დავამატეთ. პარკინსონით დაავადებულთა მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამით 11 ბენეფიციარი სარგებლობს, ვისაც მსგავსი დახმარება სჭირდება, მომართვიანობის შემთხვევაში პროგრამაში ჩავრთავთ. რაც შეეხება მეორე პროგრამას, მისი მოსარგებლე 40 ბენეფიციარი გვყავს,“ – ამბობს ხულოს მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი ბულბული აბაშიძე.

სოციალურ პროგრამებზე ხულოში წელს 300 132 ლარია გაწერილი.

პაატა ბურჭულაძემ ბათუმში ფონდის ოფისი გახსნა

ქუთაისის შემდეგ „საქართველოს განვითარების ფონდმა“ რეგიონული წარმომადგენლობა ბათუმში გახსნა. საზეიმო ლენტის გაჭრით ოფისის გახსნის შემდეგ ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ, ფონდის სხვა წევრებთან ერთად, სასტუმრო „ინტურისტში“ საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, ფონდის აჭარის ფილიალის ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორი გიგა ფარტენაძე იქნება.

გიგა ფარტენაძე ბსუ-ს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტია. ის 2012 წელს „ახალგაზრდული უმაღლესი საბჭოს“ პროექტის, შემდეგ კი „სტუდენტთა ფედერაციის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

პაატა ბურჭულაძემ ისაუბრა საქართველოში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ პრობლემებზე და იქვე აღნიშნა, რომ ფონდი არ არის პოლიტიკური:

„ფონდი არ არის პოლიტიკური, ჯერჯერობით ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ჩვენ ვიმუშავებთ პოლიტიკურ საკითხებზე, და ყველა ის თემა, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, სწორედ პოლიტიკურია“.

მისი თქმით, ფონდის მიზანია სამ თვეში შეიმუშაოს საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარების ხედვა და მიაწოდოს მთავრობას.

„ჩვენი მიზანია სამ თვეში დავდოთ ჩვენი გეგმა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო და ეს ხედვა უნდა მივართვათ ჩვენს მთავრობას, თუ ინებებენ და ამას გააკეთებენ, ჩვენ ტაშს დავუკრავთ და მათ გვერდით დავუდგებით, თუ არ ინებებენ და ამას არ გააკეთებენ, მაშინ სხვა ნაბიჯები იქნება გადადგმული. ასე გაჩერება, ასე გაგრძელება მეტი ნამდვილად არ შეიძლება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის განცხადებით, აჭარის წარმომადგენლობა ამ ეტაპზე ბოლო რეგიონული ოფისია, რომელიც საქართველოში გაიხსნა. აჭარის წარმომადგენლობის ოფისს ხელმძღვანელი ჯერჯერობით არ ჰყავს.

პაატა ბურჭულაძე ბათუმის ოფისთან
პაატა ბურჭულაძე „საქართველოს განვითარების ფონდის“ ბათუმის ოფისთან
ოფისის გახსნა
ბათუმის ოფისის გახსნა
შეხვედრა სასტუმრო „ინტურისტში“
შეხვედრა სასტუმრო „ინტურისტში“
შეხვედრა სასტუმრო „ინტურისტში“
შეხვედრა სასტუმრო „ინტურისტში“

საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო

სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2016 წლის საგაზაფხულო გაწვევა,  საქართველოს მთავრობის დადგენილებით, განხორციელდება 2016 წლის პირველი თებერვლიდან 2016 წლის 30 ივნისამდე პერიოდში. გასაწვევთა  რაოდენობა ამ ეტაპზე განისაზღვრა 3183 წვევამდელით, აქედან უშუალოდ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მხოლოდ 1000 წვევამდელს გაიწვევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 720-ით; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში – 1020-ით; თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1000-ით, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევთა მაქსიმალური რაოდენობა – 443-ით.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გაიწვევენ 18-დან 27-წლამდე ასაკის მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მთავრობის დავალებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს კოორდინაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო   გაუწევს.

ბათუმის მერიის მიერ წვევამდელების სატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანის მომსახურებაზე გამოცხადებულ 39600-ლარიან ტენდერში 9 პრეტედენტი მონაწილეობდა. ხელშეკრულება გაფორმდა ინდ/მეწარმე ლაურა შაქარიანთან, 24 937 ლარზე. ამ ფასად ტენდერში გამარჯვებული ბათუმიდან თბილისში ეტაპობრივად გადაიყვანს წვევამდელებს, მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში [ხელშეკრულების მიხედვით სულ 72 რეისი].

აჭარის ტელევიზია სამ ჯიპში 80 000 ლარს გადაიხდის

სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო სამ, მაღალი გამავლობის მსუბუქ ავტომობილს [ჯიპი] გამარტივებული ტენდერით შეისყიდის. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ავტომობილი არ უნდა იყოს ჩინური, რუსული, თურქული ან/და ინდური წარმოების.

შესყიდვის ჯამური ღირებულება – მაქსიმუმ 80 ათასი ლარია [კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების, ავტომობილის გადაფორმებისა და  ავტომობილის ტელევიზიის მიერ მითითებულ სერვისცენტრში შემოწმების ხარჯების ჩათვლით].

მისაწოდებელი ავტომობილები უნდა იყოს განბაჟებული, გამოშვების წელი – არანაკლებ 2008 წლიდან, ხოლო ავტომობილის ფერი მიწოდებამდე წინასწარ უნდა შეთანხმდეს ტელევიზიასთან.

ტელევიზიისთვის შეთავაზებული ავტომანქანა „არ უნდა იყოს ბუნებრივ აირზე [გაზზე] ნამუშევარი, ნაავარიევი, ძარა უნდა იყოს კოროზიის გარეშე, ძრავის მდგომარეობა-გამართულ ქარხნულ მდგომარეობაში, გადაცემათა კოლოფი გამართულ [ქარხნულ]  მდგომარეობაში, ძრავის ზეთის კლება ნორმის ფარგლებში… ავტომანქანაში ზეთი, ფილტრები, სამუხრუჭე ხუნდები და ძრავის ღვედი უნდა იყოს ახალი ან/და ახალშეცვლილი.

ავტომობილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში.

გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.

ქობულეთში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, მდინარე ჩოლოქში, მამაკაცის გვამი იპოვეს. მამაკაცს, რომელიც დაბა ოჩხამურის მკვიდრი იყო, მეოთხე დღეა ეძებდნენ.

„ჩვენი ინფორმაციით სანადიროდ იყო წასული და აღარ დაბრუნებულა. მაშველები ეძებდნენ და დღეს მდინარეში, სამწუხაროდ, აღმოაჩინეს გვამი. მდინარესთან ერთ ადგილზე მილია გადებული, იმ დღეს ცუდი ამინდი იყო და წყალიც ადიდებული, სავარაუდოდ ფეხი დაუცდა და ვეღარ შეძლო თავის გადარჩენა. თუმცა, ყველაფერს გამოძიება დაადგენს. გარდაცვლილს სამი შვილი დარჩა“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ფაქტზე საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, დენის დარტყმით გარდაიცვალა

ბათუმში, ასლან აბაშიძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებისას, ამწეზე მომუშავე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამწე ელექტროგადამცემ ხაზს გამოედო და მამაკაცს, სავარაუდოდ, დენმა დაარტყა. ჩვენივე ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, აწ უკვე გარდაცვლილი, ინტერნეტის ხაზის გაყვანაზე მუშაობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, დაირღვა ელექტროგადამცემ ხაზებთან არსებული დაცვის ზონა.

გარდაცვლილის ცხედარი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიტანა.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

უბედური შემთხვევა
შემთხვევის ადგილი / ფოტო „ბათუმელები”

ციხისძირში ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა

6 თებერვალს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, ცხრასულიან ოჯახს სახლი დაეწვა. ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურდა ორსართულიანი სახლი, რომლის მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი.

ბათუმის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა მაშინ მოხერხდა, როცა ის უკვე სახლის მეორე სართულსაც იყო მოდებული. ხანძრის შედეგად ოჯახის წევრთაგან არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს სამართალდამცავი სტრუქტურები ადგენენ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, დადგინდება გამომწვევი მიზეზები, ვითარებას შეისწავლის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურიც, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა თანხა დაზარალებული ოჯახის დასახმარებლად.

„პროფესიული გადამზადების“ პროგრამაში ჩართვის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

დასაქმების სააგენტოს 2016 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევის მიზნით, განაცხადების მიღების პარალელურად გასაუბრებაც დაიწყო.  აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 5 თებერვლის მდგომარეობით სულ შესულია 80 განაცხადი. გასაუბრება აჭარის დასაქმების სააგენტოში ტარდება.
სააგენტოს ინფორმაციით „გასაუბრება ჩატარდება დღეჩაგდებით, 10-10 აპლიკანტისთვის. პროგრამისთვის საბოლოოდ 120 ბენეფიციარი უნდა შეირჩეს, რომლებიც სხვადასხვა სპეციალობაში გადამზადდებიან, შეისწავლიან უცხო ენებს [რუსული, ინგლისური] და გაივლიან საწარმოო პრაქტიკის 2-თვიან კურსს.
განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გრძელდება, ადგილები შეზღუდულია“.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა უნდა მიმართონ აჭარის დასაქმების სააგენტოს შემდეგ მისამართებზე: ბათუმი – ივანე ჯავახიშვილის ქუჩა #70/72. მობ: (+995 558) 793 585
ქობულეთი – დავით აღმაშენებლის ქუჩა #141. მობ: (+995 577) 278 706.
ხელვაჩაური – ფრიდონ ხალვაშის ქ.#50. მობ: (+995 577) 278 709.
ქედა – მერაბ კოსტავას ქ. #3. მობ: (+995 577) 278 715;
შუახევი – ილია ჭავჭავაძის ქ. #3. მობ: (+995 577) 278 714;
ხულო – თამარ მეფის ქ. #12. მობ: (+995 577) 278 716.

შეღავათები მაღალმთიან დასახლებაში

ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებმა პირმა [პენსიონერების, სოციალურად დაუცველების, პედაგოგებისა და ექიმების გარდა] უნდა მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს. აღსანიშნავია, რომ სტატუსს მიანიჭებენ მხოლოდ იმას, ვინც რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში.

ამასთან პირი ერთი წლის განმავლობაში ჯამში 9 თვე ან მეტი ხნით, ფაქტობრივად, აუცილებლად უნდა ცხოვრობდეს ამავე დასახლებაში.

სტატუსის მინიჭების წესი და მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა. აჭარაში მაღალმთიანი დასახლებებია: ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტები [დაბებისა და ყველა სოფლის ჩათვლით], ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო.

მაღალმთიან დასახლებაში 2016 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე,  ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გაიცემა 100 ლარი, მესამე და შემდგომ ბავშვზე კი, ორი წლის განმავლობაში – 200 ლარი. დახმარება გაიცემა იმ ბავშვზე, რომლის ერთ-ერთი მშობელი არის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირი.

რაც შეეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადთან დაკავშირებულ შეღავათებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განაცხადეს, რომ იმ პირებს, რომლებიც ხელფასს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან იღებენ, ჩვეულებრივად დაექვითებათ საშემოსავლო გადასახადი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ასეთი გამონაკლისები არიან მრავალშვილიანები, რომელთა კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი, თუმცა მათთვის ეს შეღავათი „მთის კანონის“ ამოქმედებას არ უკავშირდება და ამ კანონის მიღებამდე ისედაც მოქმედებდა. მაგალითად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირის მიერ ამავე დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი.

რაც შეეხება იმ პირს, რომლის კმაყოფაზეა 18-წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი, საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მთელი წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება.

„მთის კანონით“ კი, საშემოსავლო გადასახადის კუთხით, შემდეგი შეღავათი დაწესდა:   მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები, რომელთა შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს, საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან. ეს შეღავათი ამოქმედდა 2016 წლის პირველი იანვრიდან, თუმცა ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რომ  `არ იბეგრება პირის მიერ იმავე დასახლებაში, სადაც სტატუსი მიენიჭა, მიღებული 6 000 ლარამდე შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა~ [ანუ, თუ ეს პირი საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც იღებს ხელფასს, მისი ხელფასი ჩვეულებრივად დაიბეგრება. ასევე, დაიბეგრება მისი სხვა შემოსავლები 6 ათას ლარს ზემოთ, თუმცა ამ შემოსავლებში არ აისახება ხელფასი, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციისგან აქვს მიღებული].

მაღალმთიან დასახლებაში [თუმცა არა „მთის კანონით“], საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისგან თავისუფლდება ნოტარიუსის მიერ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატისგან“ ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალიც [ამოქმედდა 2016 წლის 20 იანვრიდან].

ეს აღსანიშნავია იმიტომ, რომ თუ მაღალმთიან დასახლებაში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი – უმაღლესი შეღავათი.

2016 წლის პირველი იანვრიდან, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები არც ერთი პირი [ვისაც აქვს შესაბამისი სტატუსი] მის საკუთრებაში არსებულ, ოღონდ ამავე დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთზე აღარ გადაიხდის ქონების გადასახადს.

რაც შეეხება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პენსიონერებს, სოციალურად დაუცველებს, ექიმებს, ექთნებს, მასწავლებლებს [ასევე მწვრთნელებს], ისინი შეღავათებით 2016 წლის პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ: მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით; სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს – დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით [თუმცა ეს მასწავლებლები არ უნდა იღებდნენ ზემოთ აღნიშნულ 35%-იან დანამატს]; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი, ხოლო ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის იქნება – პენსიის ორმაგი ოდენობით, ხოლო ექთნებისთვის – პენსიის ოდენობით.

კანონით, 2016 წლის იანვრიდან მაღალმთიან დასახლებაში სკოლებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ვაუჩერებიც უნდა გაზრდოდათ, თუმცა „ბათუმელებს“  საქართველოს განათლების სამინისტროში განუცხადეს, რომ ვაუჩერი ახალი სასწავლო წლიდან ანუ სექტემბრიდან გაიზრდება.

„მთის კანონით“ მოსახლეობა ზამთრის პერიოდში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ასევე გათბობით. თუმცა რას მოიცავს ეს შეღავათი, ჯერ დაზუსტებული არ არის. ზამთრის პერიოდში [შესაბამისი წლის 15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით] მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფომ 2016 წლის პირველი სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს.

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებს კი მომავალი წლიდან მიიღებენ. აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

„მთის კანონით“ მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე ფიზიკური პირები და საწარმოები თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადებისგან 10 წლის ვადით [ეს შეღავათიც ამოქმედდა 2016 წლის პირველი იანვრიდან]. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს შეღავათი ეხება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის ან საწარმოს მიერ ამ სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს, მოგებასა და მათ საკუთრებაში არსებულ იმავე დასახლებაში მდებარე ქონებას.

602 400 ლარი ბათუმის ბულვარის დასაცავად

ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობებისა და საზოგადოებრივი წესრიგის  ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაცვის მიზნით, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან, ხელშეკრულება, 602 ათას 400 ლარზე გააფორმა.

დოკუმენტების მიხედევით, „დაცვამ“ უნდა უზრუნველყოს სსიპ „ბათუმის ბულვარი“-ს ტერიტორიაზე არსებული მატერიალური ფასეულობების [შენობები, საწყობები, ხე-მცენარეები და ა.შ.] და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ცეცხლსასროლი [სამსახურეობრივი საშტატო] იარაღის გამოყენებით, ასევე არ დაუშვას ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე ავტო-მოტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება და ობიექტის ცენტრალურ ალეაში – გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე“.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ობიექტის დაცვის უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს.

შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა წინა წლებში ანალოგიური მომსახურების ღირებულების გათვალისწინებით, კერძოდ: „სულ სსიპ „ბათუმის ბულვარის დასაცავ ობიექტებზე დასაქმებულ პოლიციელთა რაოდენობა შეადგენს: ერთი დაცვის განყოფილების უფროსი, სახელფასო განაკვეთით თვეში – 1700 ლარი; ერთი უფროსი ინსპექტორი – 1000 ლარი; სამი ინსპექტორი – 900 ლარი და 64 უმცროსი ინსპექტორი, თითოეულის სახელფასო განაკვეთით თვეში – 700 ლარი“ – აღნიშნულია ხელშეკრულებაში.

დეპარტამენტმა ბულვარის დაცვა 24-საათიან რეჟიმში უნდა უზრუნველყოს 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ბულვარი, იანვარი, 2016 წ.
ბულვარი, იანვარი, 2016 წ.

იდეიდან ბიზნესგეგმამდე

ბაზარზე ახალი საჭიროებების მოთხოვნის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით კრეატიული თუ ნაკლებ კრეატიული იდეა ბევრს ებადება. მათგან დღის სინათლეს მხოლოდ მცირე რაოდენობა ჰპოვებს, სამწუხაროდ იდეების დიდი ნაწილი ჩანასახშივე კვდება. იმისათვის, რომ თქვენი ბიზნესიდეები არ დაიკარგოს და შესაძლებელი გახდეს მისი განხორციელება, აუცილებელია შემდეგი პროცესის თანმიმდევრულად გავლა:

Microsoft Word - ?????-???????? levan gobadze

Microsoft Word - ?????-???????? levan gobadze

იდეის ფორმირებისათვის აუცილებელია თქვენი ბიზნესიდეებიდან შეირჩეს ისეთი იდეა, რომელიც რეალისტურია და შეესაბამება თქვენს ინტერესებსა და შესაძლებლობებს.

თუ საქმიანობის სფერო ჯერ არ შეგირჩევიათ, გააკეთეთ იდეების შედარებითი შეფასება 1-დან 10-ქულიანი შეფასების სისტემის გამოყენებით (სადაც 1-ცუდია, ხოლო 10-საუკეთესო) ზემოთ მოცემული პარამეტრების შესაბამისად.

ასეთი ანალიზისას რაც მეტ ქულას დააგროვებს ცალკეული ბიზნესიდეა, მით უფრო მომხიბვლელია თქვენთვის.

ბიზნესის სფეროს არჩევისას ყურადღება მიაქციეთ საქმიანობის დასაწყებად საჭირო კაპიტალის მოცულობას. რაც მეტი კაპიტალდაბანდებაა საჭირო, მით მეტ რისკებთანაა დაკავშირებული იდეა.

გააანალიზეთ იდეა, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს. ერთ მხარეს ჩამოწერეთ ყველა დადებითი ასპექტი, ხოლო მეორე მხარეს – ყველა უარყოფითი მხარე და სირთულე. შეეცადეთ, გააანალიზოთ როგორ გამოასწორებთ უარყოფით მხარეებს და დაძლევთ სირთულეებს. ნუ შეგაშინებთ თქვენ მიერ შერჩეული ბიზნესის ნეგატიური ასპექტები. უმჯობესია, ეს ახლა გააკეთოთ, ვიდრე მაშინ, როცა უკვე დაიწყებთ ბიზნესს.

გაესაუბრეთ იმ სფეროში მომუშავე რამდენიმე ადამიანს, რომელშიც საქმის დაწყებას აპირებთ.  ჩაინიშნეთ საყურადღებო საკითხები. გააანალიზეთ კონკურენტები, რომლებიც საქმეს თავს კარგად ვერ ართმევენ და ჩამოწერეთ შესაბამისი მიზეზები.

იდეების შეფასებისას ჩართეთ თქვენ გარშემო მყოფი ხალხი, მაგალითად: ოჯახის წევრები, მეგობრები, პოტენციური პარტნიორები, აღნიშნული დაგეხმარებათ იდეა შეაფასოთ ობიექტურად.

დავით არძენაძე
დავით არძენაძე

ბიზნესიდეის შერჩევის შემდეგი ეტაპია ბიზნესგეგმის შედგენა. „როგორ შევადგინოთ ბიზნესგეგმა?’’ ამ კითხვას ხშირად სვამენ ის ადამიანები, ვისაც გადაწყვეტილი აქვთ ახალი ბიზნესის დაწყება ან არსებულის გაფართოება. ყველამ იცის, რომ კარგად შედგენილი ბიზნესგეგმა არის ნებისმიერი საწარმოს წარმატებული განვითარების საწინდარი. საუბარი დავიწყოთ იმით, რომ ბიზნესგეგმა ეს არ არის ,,მონსტრი’’, რომლის შემუშავებაც დამოუკიდებლად არ შეგიძლიათ.

ბიზნესგეგმა არის დოკუმენტი, რომლის შედგენის შემდეგაც ყველა კითხვა, დაკავშირებული თქვენს ბიზნესთან, უნდა იყოს პასუხგაცემული და არ უნდა საჭიროებდეს დამატებით განმარტებებს.

მოცემულ სტატიაში რთულია სრულყოფილად და ამომწურავად ვისაუბროთ ბიზნესგეგმის შედგენის ყველა დეტალზე, თუმცა შევეცდებით ყურადღება გავამახვილოთ ძირითად რჩევებზე, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ბიზნესგეგმის შედგენისათვის.

დაწერეთ თქვენი ბიზნესგეგმის რეზიუმე

რეზიუმე ერთ გვერდს არ უნდა აღემატებოდეს და მასში ნათლად უნდა იყოს ნაჩვენები, თუ რა არის თქვენს ბიზნესგეგმაში წარმოდგენილი.

ბიზნესგეგმის რეზიუმე ბიზნესის გეგმის დარჩენილი ნაწილისთვის ერთგვარ ფანჯარას წარმოადგენს. ინვესტორი სწორედ ამ რეზიუმეს საფუძველზე გადაწყვეტს, გეგმა საკმარისად საინტერესოა თუ არა მისთვის, რომ ბოლომდე წაიკითხოს. ამიტომ იყავით ლაკონური და ზუსტი, მაგრამ ამავდროულად იყავით რეალისტური და არ დაგავიწყდეთ თქვენი გეგმის ძლიერი მხარეების წარმოჩენა. გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ იმ ორგანიზაციებისა ან/და პირების მოხსენიება, რომლებიც გეგმის განვითარებაში დაგეხმარათ. ისინი ბიზნესის განვითარების შემდგომ ეტაპზე შეიძლება მნიშვნელოვანნი აღმოჩნდნენ!

აღწერეთ ბიზნესიდეა

დეტალურად აღწერეთ თუ რაში მდგომარეობს თქვენი ბიზნესგეგმის მთავარი იდეა: განმარტეთ თუ რა იქნება თქვენი ბიზნესის მთავარი დანიშნულება.

აღწერეთ საქონელი და მომსახურება

ჩამოაყალიბეთ რა სახის საქონლის წარმოებას ან როგორი სახის მომსახურების მიწოდებას გეგმავთ. გამოყავით თქვენი პროდუქციის განსაკუთრებული ნიშან-თვისებები, რომლებიც გამოარჩევს მას კონკურენტებისგან. თუ იგეგმება წარმოებული პროდუქტის შეფუთვა, აღწერეთ შესაფუთი მასალა და შეფუთვის სახეობა, დასაფასოებელი მოცულობა.

გააანალიზეთ სამიზნე ბაზარი

დაახასიათეთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების სავარაუდო მომხმარებელი (მიზნობრივი სეგმენტი); რა მახასიათებლები გააჩნიათ მათ; ასევე მიუთითეთ, იქნებიან ისინი კომპანიები, თუ ფიზიკური პირები.

აღწერეთ ბაზრის ზომა (მაგალითად, არის თუ არა ის მზარდი ბაზარი, არის თუ არა სტაბილური, თუ შეიძლება შეიცვალოს და ა.შ.).

განმარტეთ, თუ ვინ იქნება თქვენი უშუალო კონკურენტი; შეადარეთ თქვენი პროდუქტის/მომსახურების ფასი და ხარისხი კონკურენტების პროდუქტის/მომსახურების ფასს და ხარისხს; გამოყავით თქვენი პროდუქტის ან მომსახურების ის განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც გამოგარჩევთ კონკურენტებისგან.

შეადგინეთ მარკეტინგული გეგმა

უპასუხეთ კითხვებს: თქვენი მომხმარებლები როგორ შეიტყობენ თქვენი საქონლის შესახებ? რა საშუალებებს გამოიყენებთ (მედია, ბროშურები, რეკლამები, პიარის სხვა მეთოდები) თქვენი მიზნობრივი ბაზრის მოსაზიდად?

დეტალურად იმსჯელეთ თქვენი საქონლის/მომსახურების დისტრიბუციაზე. როგორ შექმნით დისტრიბუციის ქსელს? გამოიყენებთ თუ არა დისტრიბუციის (არსებულ) არხებსა და ქსელებს?

აღწერეთ თქვენი საქონლის ან მომსახურების საწარმოო პროცესი

დეტალურად აღწერეთ პროდუქციის წარმოების ან/და მომსახურების მიწოდების სრული პროცესი, ნედლეულისა თუ მასალების შესყიდვიდან მზა პროდუქციის/მომსახურების მომხმარებლისთვის მიწოდებამდე. აღწერეთ წარმოების ტექნოლოგია. საჭიროების შემთხვევაში წარმოების ციკლის/პროცესის აღწერისას ყურადღება გაამახვილეთ წარმოების სეზონურობაზე (სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის შემთხვევაში – აგროვადებზე). პროცესის აღწერასთან ერთად ჩამოწერეთ ძირითადი საშუალებები (შენობა, მიწა, სხვადასხვა სახის დანადგარი და სხვა) და საბრუნავი საშუალებები (ნედლეული, მასალები), რაც საჭიროა საწარმოო პროცესისათვის. საჭიროების შემთხვევაში მიუთითეთ ინფორმაცია ნედლეულის/მასალის/საბრუნავი საშუალებების, მომწოდებლების შესახებ და დაახასიათეთ აღნიშნული ნედლეული თუ მასალა;

დეტალურად აღწერეთ ბიზნესგეგმით გათვალისწინებული საქმიანობები, ყველა ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისათვის.

აღწერეთ ბიზნესის ორგანიზაციული გეგმა

ამ ნაწილში აღწერილი უნდა იქნას ბიზნესის მართვის სისტემა და საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა (თანამდებობრივი დაქვემდებარება), უნდა განისაზღვროს პერსონალის რაოდენობა და ფუნქცია-მოვალეობები, მათი შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდები.

შეიმუშავეთ ფინანსური გეგმა

ნათლად წარმოადგინეთ თქვენი მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა, რა გჭირდებათ და ზუსტად რა მიზნებისთვის, როგორ გეგმავთ საჭირო კაპიტალის მოპოვებას. აღწერეთ დაგეგმილი შემოსავლები და ხარჯები, დაკავშირებული შემოსავლის მიღებასთან.

გაითვალისწინეთ, რომ გამჭვირვალობა და საიმედოობა გარე დაფინანსებისთვის საუკეთესო საფუძველს ქმნის. თუ დამფინანსებლები 100%-ით დარწმუნებულები არ იქნებიან თქვენსა და თქვენი ინვესტიციის საჭიროებებში, მათ თქვენი დახმარების ნაკლები სურვილი გაუჩნდებათ.

შეაფასეთ რისკები

რისკის შეფასება საჭიროა იმისათვის, რათა ინვესტორს დავანახოთ, რომ რეალურად ვაფასებთ სიტუაციას, წინასწარ შეგვიძლია რისკის განჭვრეტა და შემცირება და რთული სიტუაციებიდან გამოსვლა. აქ მთავარია განვჭვრიტოთ რისკის ტიპები, მათი წყაროები და შევიმუშაოთ დანაკარგების შემცირებების ღონისძიებები.

დაურთეთ დოკუმენტაციები

ბიზნესგეგმას დაურთეთ ყველა ის დოკუმენტაცია და მასალა, რომელიც უკეთ წარმოაჩენს ბიზნესგეგმას და იმოქმედებს ბიზნესის დაფინანსების დადებით გადაწყვეტილებაზე.

და ბოლოს ბიზნესგეგმა უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და იოლად აღქმადი.

P.S. თუ თქვენ გაქვთ კარგი იდეა, შეადგინეთ ბიზნესგეგმა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტების გათვალისწინებით, მაშინ თამამად შეგიძლიათ მიმართოთ ინვესტორს, მოითხოვოთ დაფინანსება და დაიწყოთ ბიზნესი!

გახსოვდეთ, ბიზნესგეგმა თქვენი სახელმძღვანელოა და მისი ყოველი პუნქტის დაცვა თქვენი ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წარმატებებს გისურვებთ!

დავით არძენაძე,  ეკონომიკის ექსპერტი

ევროკავშირიმასალა  მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „მიგრანტთა მდგომარეობის გაუმჯობესება აჭარის რეგიონში“ ფარგლებში. ტექსტში მოყვანილი მოსაზრებები შეიძლება არ ემთხვეოდეს ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციას.
ინტელექტიმისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13, ტელ: 24 16 40;  ფაქსი: 24 16 50 , მობ: 592 57 18 00
ელფოსტა: info@intellect.org.ge;
ვებგვერდი: www.intellect.org.ge

აჭარის მთავრობა ბულვარში ბილიკის შესანარჩუნებლად ჩიხიდან გამოსავალს ეძებს

5 თებერვალს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ბულვართან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი სარეკომენდაციო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა.

როგორც კომისიის თავმჯდომარემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, იონა წითელაძემ აღნიშნა, კომისიის მიზანია მთავრობას შესთავაზოს რეკომენდაციები, თუ რა ფორმით არის შესაძლებელი უკვე მიღებული გადაწყვეტილების შესრულება, რაც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე სამივე ხეივნის შენარჩუნებას გულისხმობს.

კომისიის სხდომას არ ესწრებოდა ბათუმის ბულვარის დირექტორი, არჩილ კახიძე, რომელსაც უკვე დაწერილი აქვს განცხადება თანამდებობის დატოვებაზე.

არასამთავრობო სექტორიდან სხდომას ესწრებოდნენ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლები და საინიციატივო ჯგუფის ერთი წევრი.

სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, კომისიის წევრ გელა ცინცაძის მხრიდან გაჟღერებულ იქნა სარეკომენდაციო იდეა, რომელიც ერთ-ერთ სამუშაო ვერსიას წარმოადგენს.

აღნიშნული ვერსიით, მიმდინარე პერიოდისათვის მხარეებს შორის [ბულვარის ადმინისტრაცია და კომპანია “ЛИТОМ-ი”] გაფორმებულია მიღება-ჩაბარების აქტი 249540,84 ლარის ფარგლებში, რაც ექვემდებარება ბათუმის ბულვარის მიერ ანაზღაურებას. აღნიშნული თანხიდან მე-3 ალეის მიზნებისთვის გახარჯულია 81 000  ლარი, საიდანაც 54 000 ლარი წარმოადგენს მიწის ღირებულებას, ხოლო 27 000 ლარი არის მიწის მომსახურებასთან [გასწორება] დაკავშირებული თანხა.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, კომპანია თანახმაა ეს 27 000 ლარის ანაზღაურება არ მოითხოვოს ბულვარისგან, ხოლო 54 000 ლარი, როგორც მიწის ღირებულება, აუნაზღაურდეს. ბულვარი აღნიშნულ მიწას ვერ გამოიყენებს აღნიშნული პროექტისთვის, თუმცა გამოიყენებს სხვაგან დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად. ხოლო სხვა სამუშაოები აღარ განხორციელდება მე-3 ალეაში მწვანე ბალახის დასაგებად და შესაბამისად არც მისი ღირებულების ანაზღაურება მოუწევს ბულვარს და შევა შესაბამისი ცვლილებები ხელშეკრულებაში, ხოლო მე-3 ალეაზე ფილების დასაგებად საჭირო იქნება ახალი პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვაში ცვლილებების შეტანა, მთავრობისა და შესყიდვების სააგენტოს თანხმობა გამარტივებული  შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს სამუშაოების შესყიდვა, რათა სეზონის დაწყებამდე დასრულდეს სამუშაოები და მესამე ალეაც გაკეთდეს დანარჩენი ორის მსგავსად.

საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი ხიმშიაშვილმა, განაცხადა, რომ საია არ ჩაერთვება კომისიის მუშაობაში: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაემიჯნა კომისიას. მიგვაჩნია, რომ ამ ფორმატში კომისიის მუშაობა იქნება უბრალოდ დროის დაკარგვა, ვინაიდან ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ ჩვენ შეიძლება საბოლოო ჯამში ხეივანი იქ ვეღარ შევინარჩუნოთ. თუ კომისია გააგრძელებს მუშაობას და გარკვეული ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებს, აუცილებლად ამ პროცესის მონიტორინგს განვახორციელებთ და საბოლოო შეფასებას, კომისიის გადაწყვეტილებისას, აუცილებლად მოვახდენთ“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნათია ზოიძემ სხდომაზე გაჟღერებულ იდეაზე შემდეგი კომენტარი გააკეთა:  „მე სამშაბათს უნდა დავაფიქსირო ჩვენი ორგანიზაციის პოზიცია. ეს იდეა ერთ-ერთი სამართლებრივი გზაა, თუ როგორ გადაწყდეს ეს პრობლემა. თუმცა, ამ კომისიის შექმნა და საერთოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ამ პროცესში ჩართვა, ჩემი აზრით, მოხდა ძალიან გვიან. აქედან გამომდინარე, კითხვაზე – ფინანსურად მოხდება თუ არა ზედმეტი ხარჯის გაწევა –  პასუხის გაცემა მთავრობის პრეროგატივაა“.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარემ, ასლან ჭანიძემ განაცხადა, რომ იგი მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთვება კომისიის მუშაობაში, ხოლო აღნიშნული იდეა, მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია, რომ „ეს პროცესი დაჩქარდეს, მოხდეს კომპანიასთან მოლაპარაკება და შესაბამისად გამარტივებული წესით შესყიდვის განხორციელება. თუმცა, როგორ განხორციელდება ყოველივე დოკუმენტურად და როგორ მოხდება ამ ყველაფრის სამართლებივ ჩარჩოებში ჩასმა, ეს სხვა საკითხია“.

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარის“ წარმომადგენელმა დავით თოფურიძემ კი შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორ და რა გზებით მოახერხებენ, მთავარია სეზონამდე მოასწრონ და გამოასწორონ თავისივე შეცდომა. რაც შეეხება კომისიაში მუშაობას, დავესწრებით უბრალოდ, იმიტომ, რომ თუკი შევძლებთ, დავეხმაროთ ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენი, საზოგადოების მოთხოვნა არის, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი; აღდგენის გზები მაგათმა ეძებონ, სამართლებრივი და ფინანსური მხარეებიც მაგათი ვალდებულებაა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვერ და არ ავიღებთ ჩვენ თავზე. რაც გააფუჭეს, ის გამოასწორონ რაც შიძლება სწრაფად“.

კომისიაზე ითქვა, რომ აჭარის მთავრობა მზად არის ბულვარი მართვაში გადასცეს   ბათუმის მერიას, რაზეც ქალაქის მერი ბულვარში მიმდინარე სამუშაოების დასრულებამდე უარს ამბობს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჟურნალისტებს თავდაპირველად უარი უთხრეს სხდომაზე დასწრებაზე, თუმცა შემდეგ, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების სიტყვიერი რეკომენდაციის საფუძველზე, მაინც დაუშვეს.

არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენა“.

ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია
ძველ ბულვარში სამი ბილიკიდან ერთი უკვე გაუქმებულია

რატომ გადახტა ქალი საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან

30 წლის ქალი, რომელიც დღეს, 5 თებერვალს, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან გადახტა, შიზოფრენიით იყო დაავადებული – ამის შესახებ „ბათუმელებს“ “მედინაში” უთხრეს.

კლინიკის დირექტორის მოადგილის, ლადო ურუშაძის ინფორმაციით, პაციენტი მათთან  ენდოტოქსიური და ჰემორაგიული შოკით ბათუმის სამშობიარო სახლიდან გადაიყვანეს. “პაციენტმა 7 იანვარს, “ანგისაზე” – დედათა და ბავშვთა ცენტრში იმშობიარა. 24 იანვარს, სისხლდენის გამო, ბათუმის სამშობიარო სახლს მიმართა, სადაც მას ჩაუტარდა საჭირო სამედიცინო დახმარება, მაგრამ ამის შემდეგ გადმოყვანილი იქნა ჩვენთან. მისი მდგომარეობა სამშობიარო სახლში მიმართვამდეც მძიმე იყო. 26-ში მას ჩვენთან ჩაუტარდა ჰისტერექტომია (საშვილოსნოს ამოკვეთა), რეანიმაციაში მკურნალობდა 5 დღე, 30-ში კი გადაყვანილი იქნა პალატაში”, – განმარტავს ლადო ურუშაძე.

მისივე თქმით, პაციენტი სტაბილური იყო და ადეკვატურად იქცეოდა: “მას ჰქონდა შიზოფრენია და 2012 წლიდან იმყოფებოდა აღრიცხვაზე. იგი ადეკვატური იყო, მაგრამ ასეთი რამ წამიერად ხდება და ძალიან მოულოდნელად მოხდა ეს შემთხვევა.“

გარდაცვლილის ბავშვი ამჟამად ანგისის დასახლებაში მდებარე დედათა და ბავშვთა ცენტრში იმყოფება. პაციენტს ჰყავს ოჯახის წევრები, თუმცა “ბათუმელების” ინფორმაციით, გარდაცვლილი არ იმყოფებოდა ქორწინებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ოთხამდე გაიზარდა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბათუმში გარდაცვლილი 39 წლის ქალბატონის გარდაცვალების მიზეზად H1N1 ვირუსი ლაბორატორიულად დადასტურდა. შესაბამისად, მიმდინარე ეპიდსეზონზე აჭარაში ამ ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.

ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 5 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 338-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 98 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 18 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 72 ნიმუში, აქედან 48 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p. დადასტურებული შემთხვევებიდან 5 მოთავსებულია რეანიმაციაში, 4 პაციენტი გარდაიცვალა, 39 პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა.

ბათუმში საავადმყოფოს მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა

რამდენიმე საათის წინ ბათუმში, ჯანმრთელობის ცენტრ “მედინას” მე-5 სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოხტა. ინფორმაცია “ბათუმელებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალებზე შსს კომენტარს არ აკეთებს.

 

რას ითხოვს სახელმწიფო დამწყები პედაგოგისგან?

კანონში ზოგადი განათლების შესახებ (მუხლი 2132015 წლის დეკემბერში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, პედაგოგობის მსურველებმა უნდა გაიარონ მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) პროგრამა. აღნიშნული პროგრამის გავლა სავალდებულოა იმ პირებისთვის, ვისაც დიპლომში არ უწერია რომ სპეციალობით მასწავლებელია. გამოცდების ეროვნულ ცენტრში, მასწავლებლების გამოცდაზე მასწავლებლობის 700 მაძიებელი დარეგისტრირდა. აჭარის განათლების სამინისტროში, არც რესურსცენტრში და არც სახელმწიფო უნივერსიტეტში არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, აჭარაში რამდენი პროფესიით მასწავლებელი ცდილობს სკოლაში მუშაობის დაწყებას და აქედან რამდენი საჭიროებს 60-კრედიტიანი სავალდებულო პროგრამის გავლას. ბათუმში ამ პროგრამის გავლა, სავარაუდოდ, 2 250 ლარი ეღირება.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის სოფო ლობჟანიძის განცხადებით, პირს, რომელსაც სურს სკოლაში პედაგოგად მუშაობა, ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის გარდა,

აუცილებლად უნდა ჰქონდეს გავლილი შესაბამისი დარგის მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი, 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა. ამ პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის.

„აღნიშნული პროგრამა დიდი ხანია არსებობს. მას 12 უნივერსიტეტი ამუშავებს, რომელიც ჩაშენებულია საბაკალავრო კურსში. ეს არის დამატებითი, მაინორ პროგრამა“.

სოფო ლობჟანიძის თქმით, თუ სტუდენტს აქვს გრანტი და მის სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, დამატებითი პროგრამის საფასურსაც სახელმწიფო დაუფინანსებს. „უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სტუდენტს მიეცემა ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომი და მასწავლებლობის უფლების სერტიფიკატი ამ პროგრამის გავლის შემდეგ“.

მათ კი, ვისაც აქვთ შესაბამისი დარგის დიპლომი, მაგრამ არ აქვთ გავლილი მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ, დამოუკიდებლად მოუწევთ პროგრამის გავლა. „მასწავლებლობის მსურველი როცა აბარებს საგნის გამოცდას ეროვნულ ცენტრში, ამის შემდეგ ის აბარებს მასწავლებლის მომზადების ამ 60-კრედიტიან პროგრამას. ჯერ დაფინანსების საკითხი არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ამჟამად სახელმწიფო მუშაობს დეფიციტის გამოვლენაზე და ბიუჯეტიდან მხოლოდ დეფიციტური მიმართულებები დაფინანსდება. დეფიციტურ მიმართულებებზე თვის ბოლოს გვექნება მონაცემები და დაფინანსებაც რანჟირების მიხედვით მოხდება,“ – ამბობს სოფო ლობჟანიძე.

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის, მადონა მიქელაძის ინფორმაციით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ ბათუმის უნივერსიტეტი 60-კრედიტიან ახალ პროგრამაზე მუშაობას დაიწყებს.

მადონა მიქელაძე

„მასწავლებლის მომზადების ახალი, ერთწლიანი პროგრამა ჩვენ მარტის დასაწყისში უნდა წარვადგინოთ აკრედიტაციაზე. იმედი გვაქვს, აკრედიტაციას გავივლით“.
კითხვაზე: მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა, რასაც დღეს გადიან ბაკალავრები, რითი იქნება განსხვავებული იმისგან, რომელსაც ისინი მარტის დასაწყისში წარადგენენ აკრედიტაციისთვის? მადონა მიქელაძე ამბობს: „დღეს მოქმედი პროგრამა ბაკალავრიატის ფარგლებშია მომზადებული, ახალი კი გათვლილი იქნება მათთვის, ვისაც მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი, მაგრამ მასწავლებლის პროგრამა გავლილი არ აქვს. რაღაც ნიუანსები იქნება განსხვავებული, ჯერ სტანდარტი არ არის ჩვენთვის ცნობილი. ამ დეტალებს დავაზუსტებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, როცა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სამსახურში გვექნება შეხვედრა“.
მადონა მიქელაძის თქმით, მასწავლებლის მომზადების პროგრამის მიმართ დაინტერესება მაღალია: „პირადად მე სულ ცოტა 60 ზარი მივიღე პედაგოგებისგან, მათ შორის იმ პრაქტიკოსი პედაგოგებისგან, რომლებსაც უნდათ, რომ გაიარონ აღნიშნული პროგრამა. ზუსტი მონაცემი, თუ რამდენ მასწავლებელს არ აქვს გავლილი პროგრამა, არ მაქვს, მაგრამ ვიცი, რომ დაინტერესება ძალიან დიდი იქნება“.

როგორც სოფო ლობჟანიძე განმარტავს, მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის სავალდებულო არ იქნება:
„აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება მოქმედ მასწავლებლებზე, მათ შორის პრაქტიკოსებზეც. მაგრამ პრაქტიკოსის ვალდებულებაა სქემის ამოქმედებიდან პირველ სამ წელიწადში 5-კრედიტიანი მოდულის გავლა ზოგად დიდაქტიკასა და საგნის სწავლების მეთოდიკაში.“
გარდა ამისა, როგორც სოფო ლობჟანიძე ამბობს, თუ მასწავლებლობის მსურველს ჩაბარებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნის გამოცდა და გავლილი აქვს მასწავლებლის მომზადების პროგრამა, მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში ის ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით განაწილდება უფროს მასწავლებლად იმ ვალდებულებით, რომ მან ერთი წლის განმავლობაში წარმატებით უნდა გაიაროს გარე საგაკვეთილო დაკვირვება. „სწორედ ამის მერე მიენიჭება მას უფროსი მასწავლებლის სტატუსი“.

რაც შეეხება სწავლის საფასურს, მადონა მიქელაძის თქმით, „განათლების ფაკულტეტზე სწავლა წელიწადში 2 250 ლარი ღირს და ამ პროგრამის საფასურიც ალბათ ამდენივე იქნება“.

განათლების ფაკულტეტის დეკანის ინფორმაციით, ამ დროისთვის აღნიშნულ ფაკულტეტზე 100-მდე სტუდენტი სწავლობს, რომლებიც ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში მასწავლებლის მომზადების დამატებით პროგრამასაც გადიან.

ინკლუზიური ცენტრისთვის ავტობუსის შეძენაზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა

ბათუმის 26-ე სკოლამ ინკლუზიური ცენტრისთვის ავტობუსის შეძენაზე გამარტივებული ტენდერი 4 თებერვალს მესამედ გამოაცხადა. ამ ეტაპზე ინკლუზიური ცენტრის 40 მოსწავლეს მოძველებული ავტობუსი ემსახურება, რომელიც სატენდერო კომისიის წარმომადგენლის თამარა გოგიშვილის თქმით, ხშირად საჭიროებს შეკეთებასა და სავალი ნაწილების შეცვლას.

ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს 25-ადგილიანი [+ 3 ეტლის ადგილით] ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვა. შესყიდვის სავარაუდო ფასი 150 ათასი ლარია.

„შეძენის თანხა უცვლელად არის 150 000 ლარი, ახალი წლიდან კი დოლარის კურსი ძალიან მერყეობს, ალბათ ამიტომაც გაძნელდა კომპანიების დაინტერესება. გარდა ამისა, ტრანსპორტის ტექნიკური მონაცემები იყო საკმაოდ მკაცრი, თავიდან მაგალითად 30-ადგილიან [+3 ეტლის ადგილით] ავტობუსზე გვქონდა ტენდერი, შემდეგ 5 მოვაკელით. მოთხოვნაში გვაქვს ადაპტირებული ტრანსპორტი, რომელიც საქართველოში იშვიათად ჩამოაქვთ,“ – ამბობს თამარა გოგიშვილი.

ავტობუსი აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის ელექტროპანდუსით; მინიმუმ 3 ადგილით ეტლის განთავსებისათვის; უნდა ჰქონდეს სპეციალური სამაგრები, როგორც ეტლისთვის, ასევე ყოველი მგზავრისთვის [ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის]; მძღოლის კაბინა გამოყოფილი უნდა იყოს მგზავრებისგან; უნდა იყოს მაღალი გამავლობის.

„სკოლას ამ დროისთვის დაძველებული ტრანსპორტი ემსახურება, მას უწევს მაღალ ზონაში მოძრაობა… ჩვენს მოსწავლეებს მძღოლი აკითხავს ორთაბათუმში, განთიადში, ერგესა და სხვა სოფლებში. ზოგი ისეთ ადგილას ცხოვრობს რომ, თავად უწევთ ცოტათი ბავშვის ჩამოყვანა, თუმცა ძირითადად მაინც სახლებში აკითხავს მძღოლი,“ – ამბობს თამარა გოგიშვილი.

2016-02-05 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]


სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პარკირების წესების დარღვევაზე დღეს ბათუმში 555 ადამიანი დაჯარიმდა. მათ შორის 453 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 14- დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 51 – ნიშანში დგომისთვის, 29 – ტროტუარზე დგომისთვის, 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევის გამო და 3 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

რას მოუტანს ახალი სტატუსი ქუჩაში მყოფ ბავშვებს

„საქართველოს კანონში შევა ახალი ცნება – „მიუსაფარი ბავშვი“. ამ სტატუსზე იქნება მიბმული მთელი რიგი საჯარო სერვისები. რეფორმის შედეგად ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება დამოკიდებული მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას, რომელიც ქუჩაში მყოფ ბავშვებს შეეხება. კანონპროექტი 15 იანვარს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცეს. შეცვლის თუ არა სტატუსი ქუჩაში მყოფი ბავშვების ცხოვრებას? ამ თემაზე „ბათუმელები“ სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროგრამის კოორდინატორს ეკა ჯავახიშვილს ესაუბრა.

ქალბატონო ეკა, ახალი სტატუსი კონკრეტულად რას ცვლის ქუჩაში მყოფი ბავშვების ცხოვრებაში?

პირველ რიგში, ამ ბავშვებისთვის უნდა გაიცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ საშუალებას მისცემს ჩაერთონ სხვადასხვა მომსახურების სერვისებში, მიიღონ არაფორმალური განათლება და გახდნენ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევით მოსარგებლეები. მიიღონ ყველა ის სერვისი, რაც ამ ეტაპზე მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში მყოფ ბავშვებს მიეწოდება. ამ ბავშვებს ჩავრთავთ არაფორმალურ განათლებაში. ასევე, განათლების სამინისტროს დახმარებით მოხდება მათი შეფასება და შესაბამისი გეგმის მომზადება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ უკვე ფორმალური განათლების პირობებში. ეს დოკუმენტი მათ დაეხმარება იმაში, რომ იყვნენ არამარტო მსმენელები, არამედ ჰქონდეთ ჩვეულებრივ მოსწავლის სტატუსი.

 ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს „ბათუმელებთან“ არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვები, რომლებიც ე.წ. „დღის ცენტრებში“ არიან, თითქმის არ ესწრებიან გაკვეთილებს, ის ბავშვებიც კი, რომლებიც სკოლაში დააბრუნეს, ერთი-ორი საათით თუ რჩებიან გაკვეთილებზე, შემდეგ კი ისევ ქუჩაში მიდიან. თუ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს ამ პროცესს, მხოლოდ სტატუსი რას შეცვლის?

როცა ამ ბავშვებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები ექნებათ, ისინი იქნებიან სრულუფლებიანი პირები და სკოლიდან გასვლის შემთხვევაში, თუკი ეჭვი ჩნდება, რომ ისინი შეიძლება იყვნენ რაიმე ანტისაზოგადოებრივ ქცევაში ჩარეული ან ძალადობის მსხვერპლი, პირველი შემტყობინებელი იქნება სკოლა, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი დაიწყებს ამ ბავშვის მოძიებას და თუ საჭირო გახდება, საპატრულო პოლიციაც ჩაერთვება.

იყო საუბარი იმაზე, რომ ქუჩაში მყოფი ბავშვების რესოციალიზაცია რთულად მიმდინარეობს სკოლებში. ისინი ხშირად ბულინგის მსხვერპლიც ხდებიან.

ფსიქოლოგებისა და სოცმუშაკების დახმარებით ვმუშაობთ სკოლებთან და თანაკლასელი ბავშვების მშობლებთანაც, მიუსაფარი ბავშვების მიმღებლობა რომ უფრო გაიზარდოს. პროტესტს თავიდან უფრო ჰქონდა ადგილი, რადგან არ ესმოდათ ამ ბავშვების ქცევითი პრობლემები. დღეს ცოტა დასტაბილურებულია სიტუაცია და საფრთხე, რომ ასეთი ბავშვი სკოლაში დაცინვის მსხვერპლი იქნება, მეტ-ნაკლებად დაძლეულია. ქუჩაში მყოფ ბავშვებს პირდაპირ სკოლაში ვერ დავსვამთ, ეს აბსურდია, ამიტომ არსებობს დღის ცენტრები – იქ პროფესიონალების დახმარებით ხდება მათი რესოციალიზაცია. ბავშვს სკოლაში უნდა შეუქმნა შესაბამისი გარემო და ისეთ კლასში უნდა ჩარიცხო, რომელიც მისთვის მისაღები იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ამბობს, რომ სახელმწიფო სათანადოდ ვერ აფასებს ქუჩაში მყოფი ბავშვების პრობლემას, რადგან აქ მხოლოდ სოციალური სიდუხჭირის საკითხი არ დგას – საქმე გვაქვს სხვა პირებთან, რომლებიც ქუჩაში მომუშავე ბავშვებით იღებენ ფინანსურ სარგებელს. როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგად აქვს სახელმწიფოს ეს პრობლემა გააზრებული?

ჩვენ ვთანამშრომლობთ კრიმინალურ პოლიციასთან, ვცდილობთ გზების გამონახვას, რომლითაც შესაძლებელი იქნება მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირება. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ღია ვართ ახალი გამოცდილების გაზიარებისა და მსჯელობისთვის, ასევე ვმუშაობთ გაეროს ბავშვთა ფონდთანაც, პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით.

ბავშვები, მოზარდები ხშირად მშობლებთან ერთად არიან ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად. იმ მშობლის მიმართ, რომელიც არღვევს ბავშვის უფლებას, რაიმე სანქცია თუ იქნება გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან?

როცა ბავშვი ქუჩაში ხვდება, მიზეზი არის დისფუნქციური ოჯახი, რადგან ყველა, ვისაც არ აქვს სოციალური შესაძლებლობა, ქუჩაში არ ხვდება. ამ ბავშვების იდენტიფიცირების პარალელურად, ვმუშაობთ მათი ოჯახების
გაძლიერებაზე. თუ არის დადასტურებული ძალადობის შემთხვევა, ბავშვს მოძალადეს დააშორებენ. მშობელს უჩერდება მშობლის სტატუსი და სოციალური მუშაკი, რომელიც ბავშვის კანონიერი წარმომადგენელია, უზრუნველყოფს მისი უფლებების დაცვას. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, სოციალურ მუშაკს ეზრდება უფლებამოსილება და ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში მას უშუალოდ შეეძლება განაცალკევოს ბავშვი მოძალადისგან, აქამდე საპატრულო პოლიციის ჩართვა გვიხდებოდა. თუ აღსრულებისთვის იქნება რაიმე პროცედურა საჭირო, შემდეგ ჩაერთვება საპატრულო და განისაზღვრება სანქციები მოძალადის მიმართ.

 ოჯახის გაძლიერებაში რა იგულისხმება?

სხვადასხვა სოციალური დახმარება, ბავშვი რომ დაბრუნდეს მისთვის საუკეთესო გარემოში, ოჯახში.

როგორია ოფიციალური სტატისტიკა, რამდენ მიუსაფარ ბავშვზეა საუბარი და ახალი სტატუსის განსაზღვრის შემდეგ ამ პროგრამის დაფინანსება თუ გაიზრდება?

2014 წლიდან დღემდე მობილური ჯგუფების მიერ ქუჩაში დაფიქსირებულია 635 ბავშვი. აქედან მომსახურება გაეწია 300-მდე ბავშვს. რაც შეეხება დაფინანსებას, 2016 წლის პროგრამა ჯერ დამტკიცებული არ არის, ამიტომ დაფინანსების შესახებ ვერაფერს გეტყვით. ამ ეტაპზე თბილისში გვაქვს სამი დღის ცენტრი, ორი კრიზისული მომსახურების და ორი ტრანზიტული ცენტრი. ახლა მიდის ცვლილებები ამ მიმართულებით და შესაძლებელია ტრანზიტული მომსახურება კრიზისული მომსახურების ცენტრებად გადაკეთდეს, რადგან გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ მიმართულებაზე უფრო მეტი მოთხოვნაა.

ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი დაემატება

 

ბათუმს ახალი -№3 სამარშრუტო ხაზი მოემსახურება, რომელსაც №2 სამარშრუტო ხაზის ანალოგიური საწყისი და საბოლოო წერტილები ექნება. ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს – ”
მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმს ახალი სამარშრუტო ხაზი მოემსახურება. კერძოდ, განხორციელდა №2 სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია,” – ნათქვამია განცხადებაში.
განსხვავებით №2 სამარშრუტო ხაზისგან, რომელიც ჭავჭავაძის ქუჩის გავლით მოძრაობდა, №3 სამარშრუტო ხაზი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებით: ადლიის დასახლება – ხიმშიაშვილის ქუჩა – გორგილაძის ქუჩა – ბარათაშვილის ქუჩა – ბაქოს ქუჩა – შავშეთის ქუჩა -მაიკოვსკის ქუჩა -გოგოლის ქუჩა – თამარ მეფის გზატკეცილი – თამარის დასახლება – აფხაზეთის ქუჩა. იგივე უკუმიმართულებით.

მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ამ მარშრუტებს შორის 13-წუთიანი ინტერვალი იმოქმედებს.

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით ცალკე ხაზის [მიმართულება: „გოროდოკი“ – ბარცხანა – თამარის დასახლება] დანიშვნას ითხოვენ „გოროდოკის“ დასახლებაშიც, თუმცა ბათუმის ავტოტრანსპორტის დირექტორის, პაატა დუმბაძის თქმით, წელს ახალი სამარშრუტო ხაზის დამატება არ იგეგმება.

„ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნას ვერ დავაკმაყოფილებთ, არსებული რესურსების გათვალისწინებით მოვახერხეთ ამ მარშრუტის დამატება. ეს მარშრუტიც  მოსახლეობის მოთხოვნით, მათი გამოკითხვისა და მარკეტინგული გათვლებიდან გამომდინარე დავნიშნეთ. სამომავლოდ ახალი ავტობუსების შეძენას ვაპირებთ და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით შევქმნით ახალ სამარშრუტო ხაზებს, რომლებიც ასევე კომერციულადაც გამართლებული იქნება. წლის ბოლოსთვის ახალი ავტობუსების მიღებას ვგეგმავთ და ვმუშაობთ ამ პროექტზე. სავარაუდოდ მომავალი წლიდან დაემატება ახალი მარშრუტი. თმცა არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთი სამარშრუტო ხაზის ოპტიმიზაცია წელსაც მოხდეს,” – ამბობს პაატა დუმბაძე.

ახალი ავტობუსების შეძენას ბათუმის მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [EBRD] დახმარებით აპირებს.

„ექსტაზის” უკანონოდ შემოტანის მცდელობა სარფში


სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში, შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული ცირა ღ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცირა ღ-ს პირადი ჩხრეკისას 25 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებს მადლობას უხდის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 25 იანვარს, „აჭარაში მოსული უხვი ნალექის დროს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს მუნიციპალიტეტებში პაციენტებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების მიწოდების პროცესში სამაშველო სამსახურის ბრიგადები ეხმარებოდნენ.

25-27 იანვარს მაშველებმა რეაგირება მოახდინეს 30 გამოძახებაზე, 18 შემთხვევაში კი _ პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია“.

სამინისტრო მადლობას უხდის სამაშველო სამსახურს გაწეული დახმარებისათვის.

დიდთოვლობის დროს სასწრაფო დახმარების სამსახური შეფერხებით მუშაობდა ბათუმშიც.

მაშველები
მაშველები / ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

რა მიზნით შექმნა ბულვართან დაკავშირებით კომისია არჩილ ხაბაძემ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, ბათუმის ბულვართან დაკავშირებით კომისია შექმნა. როგორც ბრძანებიდან [N25] ჩანს, ამ კომისიის საქმიანობა არ უკავშირდება ბათუმის ბულვარის ბათუმის მუნიციპალიტეტისთვის დაბრუნებას.

არჩილ ხაბაძის ბრძანების მიხედვით „კომისიამ 2016 წლის 10 თებერვლამდე უნდა უზრუნველყოს ძველ ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობისა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებული შემდგომი ღონისძიებების გატარების თაობაზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის წარდგენა“.

კომისიის თავმჯდომარეა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი  მოადგილე იონა წითელაძე, ხოლო წევრები არიან: არჩილ კახიძე – ბულვარის დირექტორი [რომელსაც, მისივე თქმით, დაწერილი აქვს განცხადება თანამდებობის დატოვებაზე], ასევე პარმენ ჯალაღონია – მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და გელა ცინცაძე – აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

არჩილ ხაბაძის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ ბათუმის მერიის, არასამთავრობო სექტორისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს: ირაკლი ახალაძეს – ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსს; „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ფილიალებს; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალს; „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლს“; საინიციატივო ჯგუფის წევრებს – რაულ ფატლაძეს და დავით თოფურიძეს.

„ბათუმელები“ ზემოაღნიშნულ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს, რომ არ არიან გარკვეული დეტალებში, კომისიის შექმნის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგეს და შესაბამისად, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვთ, მიიღებენ თუ არა  მონაწილეობას მის მუშაობაში.

დღესვე ბულვართან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქალაქ ბათუმის მერმაც. გიორგი ერმაკოვის თქმით, ბულვარის მერიისთვის გადაცემა დამოკიდებულია კაპიტალური პროექტების დასრულებაზე: „დასრულდეს ეს პროცესი და შემდეგ ბათუმის ბულვარი გადმოეცეს მართვისათვის მთლინად ბათუმის მუნიციპალიტეტს… ჩვენ მთლიანად შევისწავლით მენეჯმენტს, ბულვარის საჭიროებებს და გავაფორმებთ მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, არაუგვიანეს 2016 წლის დეკემბრისა“.

ბულვარის ბათუმის მერიისთვის დაბრუნების თაობაზე აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის 2 თებერვალს განაცხადა. მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო, მას შემდეგ რაც ბათუმში, ძველ ბულვარში, მთავრობის კონცეფცია გააპროტესტეს, რაც ბულვარში ალეის გაუქმებას ითვალისწინებდა.

ბრძანება N25 / 3.02.2016
ბრძანება N25 / 3.02.2016

ბათუმის მერია ბულვარის გადმოცემაზე წლის ბოლომდე უარს ამბობს

ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე.

„მივესალმებით და სწორი გადაწყვეტილებაა აჭარის მთავრობის მხრიდან, სრულად იქნა გათვალისიწინებული საზოგადოების ინტერესი ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. რაც შეეხება მის გადმოცემას ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის, პროცესი იყო დროული და სწორი, მაგრამ ვინაიდან დღეის მდგომარეობით, ბათუმის ბულვარს მართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-ი, ადმინისტრაციის ცვლილება ამ პროცესში მიზანშეუწონლად მიგვაჩნია, იქედან გამომდინარე რომ აღნიშნული კაპიტალური პროექტები არის შეთანხმებული. ვსაუბრობ ფილების შეცვლაზე, სანიღვრე სისტემის შეცვლაზე, ბორდიურების მოწყობაზე, რომელიც შეთანხმებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტთან, გამოცხადებულია ტენდერები და მიმდინარეობს კაპიტალური სამუშაოები. ეს სამუშაოები აუცილებლად უნდა დასრულდეს არსებული მენეჯმენტის პირობებში.
დღესაც რომ შევქმნათ ჩვენ ნებისმიერი სამართლებრივი ფორმით შპს თუ აიპი, ის გამოიწვევს გარკვეულ სამართლებრივ სირთულეებს. ამიტომ დაწყებული პროცესები, ხაზგასმით ვამბობ, რაც მერიასთან არის შეთანხმებული: საკანალიზაციო სისტემის შეცვლა, ფილების მოწყობა, ბორდიურები, სხვა, კომუნალური სისტემების რეაბლიტაცია, უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე იმ მენეჯმენტის პირობებში.

იმ კონტრაქტორებთან, ვინც ჰყავს ეკონომიკის სამინსიტროს სსიპს, ჩვენ ვერ გავაგრძელებთ შპს-ს თუ აიპის პირობებში სამართლებრივ ურთიერთობას. ეს ნიშნავს, რომ ფილების დაგება უნდა შეწყდეს, გამოცხადდეს ახალი ტენდერები, 5 თვეა დარჩენილი საზაფხულო სეზონამდე და ეს გამოიწვევს ტურისტულ სეზონზე შეფერხებას.

საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მერია შევა წინადადებით სკარებულოში, მიიღოს ნებართვა, ეს იქნება შპს თუ აიპი ბათუმის ბულვარის დაფუძნების თაობაზე, კაპიტალური პროექტების დასრულების შემდეგ ეს განკარგულება შევა ძალაში და ჩვენ მთლიანად შევისწავლით მენეჯმენტს, ბულვარის საჭიროებებს და გავაფორმებთ მემორანდუმს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტროსთან, არაუგვიანეს 2016 წლის დეკემბრისა, კაპიტალური პროექტების დასრულებაზეა ეს დამოკიდებული. დასრულდეს ეს პროცესი და შემდეგ ბათუმის ბულვარი გადმოეცეს მართვისათვის მთლიანად ბათუმის მუნიციპალტეტს“ – განაცხადა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე განიხილა. სხდომაზე აღინიშნა, რომ ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო, მას შემდეგ რაც ბათუმში, ძველ ბულვარში მთავრობის კონცეფცია გააპროტესტეს, რომელიც ბულვარში ალეის გაუქმებას ითვალისწინებდა.

H1N1 – აჭარაში სტაციონარში მოთავსების მაჩვენებელმა იკლო, თუმცა ამბულატორიებში მიმართვა გაიზარდა

აჭარაში, ბოლო მონაცემებით, იკლო პაციენტთა სტაციონარში მოთავსების შემთხვევებმა, თუმცა, წინა დღეებთან შედარებით, გაიზარდა ამბულატორიებში მიმართვის რიცხვი.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 4 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით, გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს ჯამში მიმართა 321-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 128 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 17 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 62 ნიმუში, მათ შორის, 40 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p. დადასტურებული შემთხვევებიდან 7 რჩება სტაციონარში (მათ შორის, 3 ბათუმის რეანიმაციაში, 1– თბილისში), 3 პაციენტი გარდაიცვალა, 30 გამოჯანმრთელდა.

10 მომხრე – უსკოს თავმჯდომარე არჩეული არ არის

აჭარის უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარედ დავით კვაჭაძე ვერ აირჩია. უსკოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო 11 ხმა, თუმცა კენჭისყრაში მხოლოდ 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა [„ოცნების“ 9 დეპუტატი და ჯემალ ფუტკარაძე]. ათივემ ხმა დავით კვაჭაძის სასარგებლოდ მისცა.

კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია გაიარა 20-მა დეპუტატმა 21-დან. სხდომას, საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „თავისუფალმა დემოკრატებმა” – თემურ კახიძემ და სულხან ღლონტმა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ასევე დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ [8 დეპუტატი].

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატად დავით კვაჭაძის დასახელებასთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განმარტა, რომ მას ჰქონდა მოლოდინი, რომ წარდგენილი კანდიდატებიდან ნებისმიერის დასახელების შემთხვევაში მის მიმართ იგივე პრეტენზიები ექნებოდათ, რაც ახლა აქვთ.

დავით კვაჭაძეს სახელისუფლებო გუნდის კანდიდატად მოიხსენიებდნენ. ითქვა, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებზე “ქართული ოცნების” შტაბს ხელმძღვანელობდა.

არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა  29 იანვარს წარუდგინა.

არჩილ ხაბაძემ დავით კვაჭაძე სამ კანდიდატს შორის შეარჩია. მათ შორის ერთი – პაატა ჯალაღონია მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – დავით ქარცივაძე კი, ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ კანონის თანახმად, უმაღლეს საბჭოში კვაჭაძის კანდიდატურას ხელახლა უყრიან კენჭს. თუ კვლავ ვერ აირჩა – მესამედაც. საბოლოოდ, თუ დავით კვაჭაძე უმაღლესმა საბჭომ არ აირჩია, არჩილ ხაბაძე კანონმდებლობის თანახმად „უმაღლეს საბჭოს
3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს“. თუ უსკოს თავმჯდომარე მაინც არ იქნება არჩეული, მთავრობის თავმჯდომარე ვაკანსიაზე კონკურსს ხელახლა გამოაცხადებს.

ბულვარის თემაზე ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია სხდომის დანიშვნას ითხოვს

ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოს სხდომის დანიშნვას ითხოვს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ განაცხადა.

„მთავარი საკითხი იქნება ბათუმის ბულვარი. აჭარის მთავრობამ გააკეთა რაღაც ბუნდოვანი განცხადება ბულვარის გადმოცემასთან დაკავშირებით, თუმცა რეალური ნაბიჯები არ ჩანს. გადადგნენ ბულვარის დირექტორი და მოადგილეები… ამ დროს განცხადება არ გაუკეთებია ქალაქის მერს, გიორგი ერმაკოვს. ბულვარის გადმოცემას სჭირდება ცვლილებები აჭარის და ბათუმის ბიუჯეტებში. ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საკრებულოს სხდომის ჩატარება, მოვიწვიოთ ქალაქის მერი და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და გავიაროთ ბულვარის ქალაქზე გადმოცემის საკითხი,” – განაცხადა გიორგი კირთაძემ.

„ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში უთხრეს, რომ ბულვართან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებდნენ, თუმცა მოგვიანებით, მერიაში განაცხადეს, რომ ელოდებიან აჭარის მთავრობისგან შესაბამისი დოკუმენტების მიღებას.

რაც შეეხება ბულვარის ადმინისტრაციას, დირექტორმა, არჩილ კახიძემ „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ თანამდებობის დატოვებაზე მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

აჭარის მთავრობამ განცხადება ბულვარის ბათუმისთვის დაბრუნებაზე, 2016 წლის 2 თებერვალს გააკეთა.

ლარის კურსი და მთავრობის პასუხისმგებლობა

როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის კურსის ვარდნის პროცესი და რა არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე? რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება და რის ხარჯზე დაიწყებს საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას, საკუთარი კომფორტის თუ ინფრასტრუქტურული პროექტების? რა ელოდება ლარს? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტს, ბესო ნამჩავაძეს ესაუბრა.

ბატონო ბესო, ლარის ინფლაცია საკმაოდ მაღალ ნიშნულს აღწევს, რას უნდა ელოდნენ მოქალაქეები წლის განმავლობაში, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები ეკონომიკაში, სოციალურ ყოფაში?

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ გარე ფაქტორებზეა ეს დამოკიდებული, მაგრამ იმაზეც არის დამოკიდებული, რას გააკეთებს ჩვენი მთავრობა. არაფერი ისეთი კატასტროფული არ ხდება, რომ ეს პროცესი ვერ შევაჩეროთ.
 

რა არის მთავრობაზე დამოკიდებული და რა გარე ფაქტორებზე?

მეზობელ ქვეყნებში უფასურდება რუსული რუბლი, აზერბაიჯანული მანათი და თურქული ლირა – ეს ქვეყნები ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან. ეს ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან შემოვა მეტი იაფი იმპორტირებული პროდუქცია და ჩვენგან ექსპორტს კიდევ უფრო გაუჭირდება გასვლა.

ბევრი დოლარი გავა და ნაკლები შემოვა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით საგარეო ფაქტორებს. შიდა ფაქტორს რაც შეეხება – მთავრობას შეუძლია სწრაფად შეამციროს ბიუჯეტის ხარჯები. გუშინ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკის მინისტრმაც, რომ უკვე დავიწყეთ მსჯელობა და ფიქრი ბიუჯეტის ხარჯების შემცირებაზეო. ახლა ალბათ დააკვირდებიან პროცესებს, როგორც წინა წელს, თუ ცოტა დასტაბილურდა ლარი, შეაჩერებენ ამ პირობას, შემდეგ როცა ისევ გაექცევათ, ისევ შეიკრიბებიან და ა.შ.

მთავრობის მიერ დღეს დაწყებული ფიქრი ხარჯების შემცირებაზე დაგვიანებული ხომ არ არის?

დაგვიანებულია, ბუნებრივია. ბოლო ერთი კვირა რომ ავიღოთ, ლარის გაუფასურების საკითხი პირდაპირ მიბმულია საბიუჯეტო ხარჯებზე. ხარჯავ ბევრ ფულს, ლარი უფასურდება. გუშინ და გუშინწინ შედარებით ნაკლები დახარჯეს და 50-იდან 47-ზე ჩამოვიდა კურსი.

დაახლოებით რამდენი პროცენტით უნდა შემცირდეს საბიუჯეტო ხარჯები, ლარის ინფლაცია რომ აღარ გაგრძელდეს?

მარტო ხარჯების შემცირებაც არ არის მნიშვნელოვანი, დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ ხარჯავ. ბიუჯეტს აქვს ყოველდღიური შემოსავალი და ხარჯიც, მაგალითად, გასულ პარასკევს 59 მილიონი ჰქონდა სახელმწიფო ბიუჯეტს შემოსავალი, დახარჯა 11 მილიონი ლარი. ეს კურსისთვის იყო კარგი. 48 მილიონი დაზოგა. მაგრამ ერთი კვირის წინ, 22 იანვარს, პირიქით გააკეთა: 49 მილიონით მეტი დახარჯა, ვიდრე ჰქონდა შემოსავალი, ანუ არასწორი ნაბიჯი გადადგა. ამ ყველაფერს დიდი გავლენა აქვს კურსზე, შესაბამისად, მცირე უზუსტობაც აისახება ლარზე.

ეს უზუსტობები არაპროფესიონალიზმის ბრალია, თუ სხვა მიზეზები არსებობს კიდევ?

ორი რამეა, როცა წლიური დეფიციტი გაქვს 800 მილიონი ლარი, ის სადღაც იჩენს თავს. ეს თავისთავად გულისხმობს, რომ გექნება პერიოდები, როცა დეფიციტურად უნდა ხარჯო. ამიტომ ერთი გამოსავალია – წლიური დეფიციტი შევამციროთ 300 მილიონამდე მაინც, დარჩენილი 500 მილიონი კი მაქსიმალურად თანაბრად უნდა გადავანაწილოთ ყოველდღიურ ხარჯზე.

ითქვა, რომ თუ ვინმე ავტორიტეტული პირი ხელისუფლებიდან განაცხადებს, რომ ლარს სერიოზული საფრთხე არ ემუქრება, კურსის ასეთი ვარდნა აღარ დაფიქსირდება. ვინ არის ასეთი პირი დღეს ხელისუფლებაში?

ამ საკითხზე იმდენჯერ შერცხვა ხელისუფლება და იმდენჯერ თქვეს, რომ ლარის კურსი არ იყო საგანგაშო… ივანიშვილიც აკეთებდა ამაზე განცხადებას – მას უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს ალბათ. არ ვიცი, თუმცა ამ საკითხზე ხალხი არავის აღარ ენდობა.

 ეროვნულ ბანკზე რამდენად არის ეს დამოკიდებული?
ეროვნულ ბანკს შეიძლება აკრიტიკებენ იმისათვის, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთს ზრდის და კერძო ბანკებიც აძვირებენ საპროცენტო განაკვეთს. ეროვნულ ბანკს მხოლოდ ტექნიკური ინსტრუმენტები აქვს, მას არ შეუძლია ეკონომიკა განავითაროს და ინვესტიციები მოიზიდოს. ასე, რომ მეტი პასუხისმგებლობა მოდის მთავრობაზე.

უნდა ველოდეთ ლარის გაუფასურებას – 1 დოლარის ფასი გახდება 3 ლარი?

ბუნებრივ პირობებში ამის საშიშროება არ არის. მაგრამ თუ მაინც მოხდება, ეს იქნება ჩვენი შეცდომების გამო. პესიმისტურად არ ვარ განწყობილი, რომ ამ დონის შეცდომები დაუშვან.

რა სეგმენტში უნდა შემცირდეს ხარჯები უფრო მეტად?

სწორია, რომ მიმდინარე ხარჯები შეამცირონ, ადმინისტრაციულ ხარჯებს რასაც ვეძახით, სახელმწიფო შესყიდვები – ნაკლები საწვავი მოიხმარო, პრემია-დანამატები დროებით შეაჩერო და ა.შ. ანუ გარკვეული კომფორტი უნდა მოიკლოს ხელისუფლებამ. შეიძლება რაღაც გადაათამაშონ და ისევ მიადგებიან ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

მოქალაქეებს აწუხებთ საპროცენტო განაკვეთის ზრდა სესხებზე. მსმენია, რომ ვისაც ლარში აქვს სესხი აღებული, აპირებს დოლარში გადაიტანოს. ეს რას გამოიწვევს?

ეს პროცესი ცუდია ლარისთვის, რადგან ის გამოიწვევს კურსის ვარდნას. დეპოზიტების გადატანა თუ მოხდა ლარიდან დოლარში, მაშინ ერთი დოლარი სამი ლარი კი არა, ათი ლარიც გახდება.

ბათუმის ბულვარის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

ბათუმის ბულვარის დირექტორმა არჩილ კახიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. რაც შეეხება მის მოადგილეებს, როგორც მან „ბათუმელებს“ განუცხადა, შინაგანაწესით, როცა დირექტორი ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად თავისუფლდებიან მოადგილეებიც.

აჭარის მთავრობას განცხადება ბულვარის დირექტორის გადადგომის შესახებ ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია.

ბათუმის მერიისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი აჭარის მთავრობამ 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა. ბულვარი მერიას გადაეცემა თავისი ბიუჯეტით, რომელიც აჭარის მთავრობამ მისთვის წლის დასაწყისში გამოყო.

სხდომაზე ითქვა, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება საზოგადოების დაკვეთით მიიღო, მას შემდეგ რაც ბათუმში, ძველ ბულვარში მთავრობის კონცეფცია გააპროტესტეს, რომელიც ბულვარში ალეის გაუქმებას ითვალისწინებდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე გაათავისუფლებდა ბულვარის ადმინისტრაციის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს თანამდებობებიდან, რის შემდეგაც ბათუმის მერიას, ბათუმის საკრებულოსთან შეთანხმებით, შეეძლება დანიშნოს ახალი ხელმძღვანელები.

3 თებერვალს საგანგებო განცხადება გაავრცელა საინიციატივო ჯგუფმა – „დაიცავი ძველი ბულვარი”. „აღვნიშნავთ, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლების განთავისუფლება არ არის არც საინიციატივო ჯგუფის და არც საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მიზანია ბათუმის ბულვარის, როგორც ისტორიული ბაღის დაცვა და შენარჩუნება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გაჩერებული “ბაბილონ თაუერი” და სადავო წილები

“ბაბილონ თაუერის” მშენებლობა ისევ შეჩერებულია. მშენებელ კომპანიაში წილების გადანაწილებაზე დავობენ. კომპანია “მეტრო ატლას ჯორჯია” კი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას “ბაბილონ თაუერის” მიმდინარე პროექტის შესაძლო შესყიდვის შესახებ.

“ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანია TAM GEO-მ აჭარის მთავრობას უკვე მესამედ მიმართა მშენებლობის დასრულების ვადის გაგრძელების თხოვნით. კომპანია მშენებლობის დასასრულებლად, რომელიც 2012 წელს დაიწყო და 2015 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, კიდევ ორ წელს ითხოვს.

TAM GEO ბათუმში 47-სართულიან კომპლექსს “ბაბილონ თაუერს” აშენებს. მიწის ნაკვეთი რუსთაველის ქუჩაზე, N30-ში, ინვესტორს აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცა. ამ ნაკვეთთან ერთად ინვესტორს გადასცეს ნინოშვილის ქუჩის N23-ში მდებარე 513,3 კვ.მ სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შენობა და მასზე დამაგრებული 982 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ბაბილონ თაუერის” მშენებელმა კომპანიამ (TAM GEO) მშენებლობის ვადა არაერთხელ დაარღვია, რაც “შენობის კონსტრუქციული მდგრადობის ამაღლების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გამოიწვია. კომპანია აჭარის მთავრობამ 2013 წლის დასაწყისში 589 914 ლარის, ხოლო წლის ბოლოს კიდევ 91 372 ლარის ჯარიმისაგან გაათავისუფლა. კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ დაწყებულ პროექტს მიიყვანს ბოლომდე და დაასრულებს მშენებლობას”, – ნათქვამია წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან 2015 წლის 13 თებერვალს მიიღო.

გაუგრძელებს თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას მთავრობა კომპანიას? – ამაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

“ვიცით, რომ წილების გადანაწილებაზე კომპანიაში აუდიტი მუშაობს. გადაწყვეტილება ვადის გაგრძელებაზე ჯერ არ მიგვიღია”, – განმარტა “ბათუმელებთან” სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსმა გელა ცინცაძემ.

TAM GEO-ს წარმომადგენლები ჟურნალისტებთან არ საუბრობენ: “ვირუსი მაქვს და ვერ დაგელაპარაკებით. არც კომპანიაშია ახლა ვინმე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც შეუძლია პასუხი გაგცეთ”, – უთხრა “ბათუმელებს” კომპანიის წარმომადგენელმა.

მინისტრის ბრძანებაში ასევე ნათქვამია, რომ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა გასულ წელს კომპანია პირგასამტეხლოსგან აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების (#150 20/05/2015) საფუძველზე გაათავისუფლა. საგულისხმოა ისიც, რომ კომპანიას, რომელიც სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებებს ვერ ასრულებს, არჩილ ხაბაძემ 2014 წლის სექტემბერში ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან კ2 კოეფიციენტის 15,50-მდე ანუ მიმდინარე სამშენებლო პროექტის სიმაღლის გაზრდაზე უშუამდგომლა. სარეკომენდაციო წერილში არჩილ ხაბაძე წერდა, რომ „კომპანიას შენობის სიმაღლის 171 მეტრამდე გაზრდა აქვს განზრახული“.

2015 წლის თებერვალში ბათუმის საკრებულომ ის კომპანიები, რომლებიც ბათუმში 30 მილიონზე მეტი დოლარის ინვესტიციას განახორციელებენ, ბუნდოვანი არგუმენტებით, ფასიან ზონაში კ2 მოსაკრებლის ანუ სიმაღლის გადახდისგან გაათავისუფლა. 2014 წელს ამ მოსაკრებლისგან ბიუჯეტში მილიონზე მეტი ლარი შევიდა. საკრებულოს ზოგიერთმა წევრმა ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ინვესტორს – „ბაბილონის“ მშენებელ კომპანიას დაუკავშირა. ამ თემაზე „ბათუმელების“ სტატიას ინვესტორი გამოეხმაურა და მან საკრებულოს გადაწყვეტილება¬მდე პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრა უარყო.

რაც შეეხება წილების გადანაწილების საკითხს, კომპანია TAM GEO 2012 წლის მარტში დაფუძნდა. დამფუძნებელი პარტნიორები იყვნენ თურქული კომპანია „TAMTRADE DIS TICARET VE PAZARLAMA“ – 97% წილით და თურქეთის მოქალაქეები: ომერ ილქნური – 2% და ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%. დირექტორად თურქეთის მოქალაქე ირფან კოვუკი დაინიშნა.

კომპანიის პარტნიორები რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილება 2015 წლის მაისში განახორციელეს. დღეის მონაცემებით კომპანიის წილები ასე ნაწილდება: ომერ ილქნური – 1%, ისმაილ ჰაქქი აიჰანი – 1%, ბაირამ ალი ბაირამოღლუ – 50%, ირფან კოვუკი – 3%, მეჰმეთ მეთეჰან ბერქთაში – 45%.

უკავშირდება თუ არა ამჯერად წილების ხელახალი გადანაწილება პროექტის შესაძლო გაყიდვას, ეს მომავალში გამოჩნდება. ამ დროისათვის კი “მეტრო ატლას ჯორჯიას” წარმომადგენელი რაულ კახაძე აცხადებს, რომ მისი კომპანია “ბაბილონ თაუერს” არ ყიდულობს.

8-წლიანი პატიმრობა მკვლელობისთვის “ქართული ოცნებისგან” პოლიტპატიმრად მიჩნეულს

25 წლის დათო დავითაძის მკვლელობის საქმის განხილვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა გასულ კვირას დაასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1984 წელს დაბადებულ ზურაბ საჯაიას 8-წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დათო დავითაძე შუახევის ცენტრში 2015 წლის 3 მაისს დაჭრეს. საქმის მასალების მიხედვით, ზურაბ საჯაიამ ურთიერთშელაპარაკების დროს მას მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა და მიიმალა. როგორც თვითმხილველები ყვებოდნენ, დაჭრილი თავისი ფეხით მივიდა კომპანია „ევექსის” კლინიკაში, სადაც რამდენიმე საათში გარდაიცვალა. იმ დროს გარდაცვლილის ახლობლების მსგავსად, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ კლინიკა „ევექსმა” სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულების შესრულება – სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ შეძლო: საავადმყოფოში არ იმყოფებოდნენ ქირურგები, ანესთეზიოლოგი, ასევე არ იყო რეანომობილის ჯგუფი.

დაჭრილი დათო დავითაძის სიკვდილის მიზეზად სისხლნაკლებობა დაასახელა სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე ექსპერტმა მამუკა მეტრეველმა. ამის მიუხედავად, ბოლო სასამართლო პროცესზე პროკურორმა რამაზ შავაძემ თქვა, რომ დაჭრილს „ევექსის“ კლინიკაში ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაუწიეს.

კომპანია „ევექსის~ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს გარდაცვლილის მამა – დავით დავითაძე: „აუცილებლად უნდა დადგეს შუახევის საავადმყოფოს პასუხისმგებლობის საკითხი. ჯანმრთელობის პრობლემების გამო აქამდე ეს ვერ გავაკეთე, მაგრამ აუცილებლად მივმართავ ადვოკატს დახმარებისთვის”.

მსჯავრდებული ზურაბ საჯაია ყოფილი პატიმარია. ის ხელისუფლებამ პოლიტიკური პატიმრის სტატუსით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე გაათავისუფლა. ზურაბ საჯაია პოლიტიკური პატიმრების სიაში უშუალოდ “ქართული ოცნების” მიერ იყო შეყვანილი. ზურაბ საჯაიამ ბათუმში, სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე მოსამართლეს განუცხადა, რომ პირველ შემთხვევაში დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის გამო იხდიდა სასჯელს.

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ზურაბ საჯაია შუახევში, ჰესების მშენებარე კომპანია – “აჭარისწყალ ჯორჯიაში” დასაქმდა. ურთიერთშელაპარაკება გარდაცვლილ დათო დავითაძესა და ზურაბ საჯაიას შორის შუახევში, ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. გამოძიების მასალებით, საჯაიამ დავითაძე დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბათუმში 360 აბონენტს შუქი არ მიეწოდება

ბათუმში, ე.წ. ფარეხის მიმდებარე ტერიტორიაზე, 360 აბონენტს შუქი გუშინ, 3 თებერვალს, გვიან ღამით შეუწყდა და ამ დრომდე არ ჩართულა. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზი დაზიანებული კაბელია.

„ამ წუთას მიდის მუშაობა, გასული ბრიგადა,” – ამბობენ ენერგოკომპანიაში.

ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი: მეჩეთის აშენების მოთხოვნით 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა

ხვალ, 4 თებერვალს, ორგანიზაცია: „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, ბათუმის ცენტრალური მეჩეთის ეზოში მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს. თემა, რომელზეც  საინიციატივო ჯგუფი აპირებს საუბარს, ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ეხება – თემი ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართავს. საინიციატივო ჯგუფმა თავისი პოზიცია წერილობით გაავრცელა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად აქვეყნებს:

„ქართველი მუსლიმი თემი წლების განმავლობაში ითხოვს ხელისუფლებისგან ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმის ცენტრში მოქმედი ისტორიული მეჩეთის „ორთა ჯამეს“ სივრცე არ იტევს ბათუმში მცხოვრებ და სტუმრად ჩამოსულ მუსლიმ მლოცველებს. ამის გამო, რეგულარულად რამდენიმე ასეულ მლოცველს ლოცვა არასათანადო პირობებში, წვიმასა და თოვლში, ღია ცის ქვეშ, ქუჩაში უწევს. სივრცის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ პარასკევის ლოცვისა და სადღესასწაულო (ბაირამების) ლოცვების დროს დგება. ისლამის დოგმატიკური სწავლების თანახმად ლოცვა მხოლოდ მეჩეთში უნდა შესრულდეს. თუმცა უადგილობის გამო ასეულობით მლოცველ მამაკაცს მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ქუჩაში გამოტანილ ხალიჩებზე უწევს ლოცვა. ლოცვაში მონაწილეობის მიღება თითქმის სრულად ეზღუდებათ მუსლიმ ქალებს, რომელთა რიცხვი ასევე ძალიან მაღალია. მსგავს პირობებში ლოცვის ჩატარება წინააღმდეგობაში მოდის ისლამში დადგენილ რელიგიურ ეტიკეტთან და ეს არის შეურაცხმყოფელი.

ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ მუსლიმ თემს არაერთხელ მოგვცა დაპირება ახალი მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფისა და მეჩეთის ასაშენებლად შესაბამისი დახმარების გაწევის თაობაზე. მსგავსი დაპირება ხელისუფლებისგან თემმა უკანასკნელად 2013 წელს მიიღო, თუმცა, აღნიშნული პერიოდის შემდეგ საკითხს პროგრესი არ განუცდია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ორი თვის წინ შეიქმნა „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“, რომელშიც გაწევრიანებული არიან როგორც სასულიერო ისე, საერო პირები. საინიციატივო ჯგუფმა ორგანიზება გაუწია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით მუსლიმი თემის ხელმოწერების შეგროვებას. 12 ათასზე მეტი ხელწერის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, აჭარის უმაღლეს საბჭოს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბათუმის მერს, ასევე დიპლომატიურ კორპუსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს. აღსანიშნავია ის, რომ ხელწერის გზით მოთხოვნას ასევე უერთდებიან ის სასულიერო პირებიც, რომლებმაც 2014 წელს ხელი მოაწერეს მეჩეთის ალტერნატივად სხვა შენობა ნაგებობების მიღების მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად არ შეესაბამებოდა მუსლიმი თემის მოთხოვნას მეჩეთის მშენებლობის შესახებ.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით საინიციატივო ჯგუფი გეგმავს აქტიური ადვოკატირების პროცესს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის მოლაპარაკებების, მიწის ნაკვეთის გადმოცემისა და მშენებლობის პროცესთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების გზით“.

ახალი პროგრამა აჭარაში მცხოვრები ონკოპაციენტებისთვის

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო წელს ახალ პროგრამას იწყებს. პროგრამა აჭარის რეგიონში მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებით  სამედიცინო  მომსახურებას ითვალისწინებს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი, მანანა ფაღავა ამბობს, რომ პროგრამა დააფინანსებს როგორც ძვირადღირებული წამლების შეძენას, ისე სხვა მომსახურებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ აფინანსებს. პროგრამის ბიუჯეტი 700 ათასი ლარია. პროგრამის დეტალებზე „ბათუმელების“ კითხვებს მანანა ფაღავამ უპასუხა.

ქალბატონო მანანა, რატომ გახდა საჭირო ახალი პროგრამის შემუშავება?

გავითვალისწინეთ წინა წლების ონკოლოგიური პაციენტების მომართვიანობა, მათი მძიმე მდგომარეობა, მათი სოციალური მდგომარეობა. იმისთვის, რომ რაც შეიძლება ოპერატიულად დაფინანსდეს მათი სამედიცინო მომსახურება, ცალკე პროგრამა გამოიყო. ჩვენ ეს მიმართულება გასულ წელს დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამაში გვქონდა, მაგრამ მაშინ ერთი სირთულე იყო – სხდომა, რომელზეც წყდებოდა ადამიანების მხარდაჭერის საკითხი, კვირაში ერთხელ ტარდებოდა, ანუ ადამიანებს უწევდათ ლოდინი სამედიცინო მომსახურების მისაღებად. ახლა გავაადვილეთ ეს პროცესი და უფრო მეტი მომსახურებაც ჩავდეთ პროგრამაში.

პროგრამისთვის გამოყოფილია 700 ათასი ლარი. ეს თანხა ითვალისწინებს იმ კომპონენტების დაფინანსებას, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა და არც სხვა ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები არ აფინანსებს. ცოტა დეტალურად რომ გვითხრათ, რას ნიშნავს ეს, პროგრამა ითვალისწინებს მედიკამენტების მიწოდებასაც?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა აფინანსებს ონკოლოგიურ პაციენტთა სხივურ თერაპიას, ქიმიო და ჰორმონოთერაპიას 80%-ით, 12 ათასი ლარის ფარგლებში. ფინანსდება გეგმიური ოპერაციული მკურნალობაც, თუკი რამე ოპერაცია არის საჭირო, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როცა ჩვეულებრივი მოკვდავი მოქალაქე ვერ ხვდება ამ პროგრამაში, მაგალითად იმიტომ, რომ პირი შეიძლება არის მინიმალური სადაზღვევო პაკეტის მფლობელი – იყო დაზღვეული, დაზღვევა გაუუქმდა და ვეღარ სარგებლობს საყოველთაო დაზღვევით. აქვს კორპორაციული თუ ინდივიდუალური დაზღვევა, მაგრამ ამოეწურა დაზღვევის ლიმიტი, ვერც საყოველთაოში ხვდება და ვერც ონკოლოგიური პაციენტისთვის საჭირო მხარდაჭერას იღებს.

ონკოლოგიური მომსახურება ძვირადღირებულია, შესაბამისად მინიმალური პაკეტი ვისაც გაუთავდა, ის რჩება დაფინანსების გარეშე. ამიტომაც გადავწყვიტეთ ამ პროგრამის შექმნა, რომ დავეხმაროთ მოქალაქეებს. გარდა ამისა, არის მთელი რიგი სამედიცინო მომსახურება ონკოლოგიური ავადმყოფობის, რომელსაც საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს, მაგალითად, მთელი რიგი გამოკვლევები – ცისტოლოგიური გამოკვლევები, ბიოფსიები და სხვა. საყოველთაო დაზღვევა აფინანსებს მხოლოდ ქიმიოთერაპიას, ჰორმონოთერაპიას, სხივურ თერაპიას, დანარჩენი მომსახურება რაც არის – გამოკვლევები, მას საყოველთაო ვერ აფინანსებს. შესაბამისად, ახალი პროგრამა ამ მიმართულებას დააფინანსებს.

გარდა ამისა, რაც მთავარია, დაფინანსდება ტარგენტული მედიკამენტებით მომსახურება, იმუნოთერაპიული და ბისფოსფონატების ჯგუფის მედიკამენტებით მომსახურება. სამკურნალო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით ქვეპროგრამით გაიცემა ერთ მომართვაზე არაუმეტეს 5000 ლარისა. წლიური ლიმიტი  იქნება 10 000 ლარი.

ეს რას ნიშნავს?  – არასამედიცინო ენაზე რომ გვითხრათ…

ეს არის მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება მეორე, მესამე, მეოთხე სტადიის ონკოლოგიურ პაციენტებთან. ეს მედიკამენტები ქიმიოთერაპიასთან ერთად იხმარება და ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

2-3 დღის წინ დააანონსეს, რომ თბილისის მერიამ ჰერცეპტინით მკურნალობის  დაფინანსება დაიწყო, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჰერცეპტინს ჩვენ ვაფინანსებდით გასულ წელსაც და კიდევ მთელ რიგ წამლებისას, რომლებიც ასევე ძვირადღირებულია.

ეს პროგრამა თანადაფინანსებას მოითხოვს პაციენტისგან?

თუ მკურნალობისთვის საჭიროა 1000 ლარი, დაფინანსდება 100%-ით,  1000 ლარზე მეტი 2000 ლარის ჩათვლით – 90%-ით; 2000 ლარზე მეტი 3000 ლარის ჩათვლით – 80%-ით; 3000 ლარზე მეტი – 70%-ით.

პროგრამაში ჩართვის პროცედურა როგორი იქნება?

არაფერია საჭირო გარდა იმის, რომ უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც რეგისტრირებულია აჭარაში და დაავადებულია ონკოლოგიური დაავადებით, ანუ დიაგნოზი დადასტურებულია. არ აქვს მნიშვნელობა კატეგორიას და სიმძიმეს, ყველას ვეხმარებით. ყველა ონკოლოგიური ავადმყოფი ჩვენ ავადმყოფია.

ხშირად არის, რომ პაციენტები კვლევების ჩატარებას უცხოეთში ითხოვენ. ხომ არ ითვალისწინებს ეს პროგრამა ამას?

არა. ჩვენი არც ერთი პროგრამა უცხოეთში მკურნალობას არ აფინანსებს.

სტატისტიკაზე მინდა გკითხოთ. “მედცენტრში” „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ონკოდაავადებულთა რიცხვი გაიზარდა…

ჯობია ამის შესახებ თავად ონკოლოგებს მიმართოთ. კლინიკები აწარმოებენ სტატისტიკას. შეიძლება ვიღაცამ ჩვენ არ მოგვმართა და მიმართა თბილისის კლინიკას. ზოგადად კი, გასული წლის სრული სტატისტიკა საზოგადოებრივ ჯანდაცვას ექნება, მაგრამ მგონი, ჯერჯერობით, ამის დათვლა არ არის დასრულებული.

“მედცენტრში” „ბათუმელებს“ ასევე უთხრეს, რომ მომატებულია ფილტვის კიბოს შემთხვევები. ხომ არ ფიქრობს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ კამპანია წამოიწყოს მოწევის წინააღმდეგ?

ეგეთ კამპანიებს უფრო საზოგადოებრივი ჯანდაცვა ატარებს.

1500 ონკოპაციენტი დააფინანსა გასულ წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ…

არა, გასულ წელს ჩვენ 1500 მომსახურება დავაფინანსეთ. ერთმა კაცმა შეიძლება 3-5-ჯერ მოგვმართა. შარშან დაახლოებით 700-მა ადამიანმა მოგვმართა. წელს, ჯერჯერობით, 158 ვაუჩერი გვაქვს გაცემული.

როგორ ფიქრობთ, ეს 700 ათასი ლარი საკმარისი იქნება?

თუკი არ იქნება საკმარისი, დაემატება ბიუჯეტს, ანუ არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ.

 

უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს

ავტორი:: სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი

ხვალ, უმაღლესი საბჭოს სხდომის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. ბოლო დღეების ყველაზე მწვავე პოლიტიკური საკითხი, ერთ წინადადებაში ასე ითარგმნება – ხელისუფლებას უნდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც თვითონ ენდობა. მისი დილემა შემდეგია, უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის  კანდიდატის დადგენილი ერთ-ერთი კრიტერიუმი არის მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა ისეთი კანდიდატურის წარდგენა უმაღლესი საბჭოსთვის, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი და ხელისუფლებაც თანაბრად გამოუცხადებდნენ ნდობას და კანდიდატურად არა ადგილობრივი  წარადგინა.

რა იგულისხმება არაადგილობრივ კადრში
როცა გავაკეთე მედიასთან კომენტარები და ვთქვი, რომ ამ თანამდებობაზე არაადგილობრივი კადრის წარდგენა იყო ხელისუფლების დიდი შეცდომა, მრავალი ინტერპრეტაცია მოჰყვა.  კიდევ ერთხელ ღიად და ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ასეთ უმნიშვნელოვანეს პოსტზე, ზუსტადაც ადგილობრივი კადრი უნდა ინიშნებოდეს და აი რატომ: უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს აჭარის უმაღლესის საბჭოს არჩევნებს და უმაღლესი საბჭო თავის მხრივ მომდევნო ოთხი წლის მანძილზე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად უნდა განსაზღვრავდეს რეგიონის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას. მისი დატვირთვა რეგიონში (სხვა საკითხია როგორია იგი დღეს) არის გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი. შესაბამისად, მისი არჩევნები არ მიეკუთვნება მეორადი მნიშვნელობის საკითხებს და მოსახლეობა მას ყოველთვის დიდი ინტერესით აკვირდება მთელი აჭარისა და ქვეყნის მასშტაბით.

არჩევნები და მისი ლეგიტიმაცია

ყველა ხელისუფლების უპირველესი მოვალეობაა შექმნას საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელსაც ექნება მოსახლეობის ნდობა. ამგვარი ინსტიტუტების ავტორიტეტს, მის მიმართ დამოკიდებულებას ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელსაც დროში გამოცდილი დემოკრატიული ტრადიცია პრაქტიკულად არ გააჩნია და ახლა ცდილობს დემოკრატიულ სისტემაში რეალურად გარკვევას, ყოველთვის განსაზღვრავენ პიროვნებები. გამომდინარე იქედან, რომ აჭარის საარჩევნო კომისია, აჭარის წარმომადგენლობით ორგანოს არჩევნებს ატარებს, მის მიმართ ნდობა, პირველ რიგში, ადგილობრივ ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს. ნდობა, ანბანური ჭეშმარიტებაა, ვერ გექნება იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც არ იცნობ პირადად, ან არ არსებობდა შესაძლებლობა მისი განვლილი ცხოვრებისთვის თვალი ედევნებინა ამომრჩეველს. თუ არჩევნების ჩამტარებელი პირველი პირის მიმართ არ არის ნდობა (იმიტომ რომ არ იცნობენ), ლოგიკურია ჩნდება კითხვები არჩევნების პროცესის სამართლიანად წარმართვაზე. ანუ რამდენად აქვს ხელისუფლებას იმის ნება, არჩევნების შემაჯამებელ ოქმში აისახოს ის შედეგი, რომელსაც მოსახლეობა გამოხატავს არჩევნების დღეს.

თავისუფალი მანდატის პრინციპი

ეს არის მსოფლიოში აღიარებული ნორმა, რომლის მიხედვითაც ყველა დეპუტატი, რომელიც არის მოსახლეობის მიერ არჩეული, იმ ვადის მანძილზე, სანამ ის მოსახლეობის მანდატს ფლობს, გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს დამოუკიდებლად და შინაგანი რწმენის მიხედვით. არ შეიძლება მისი გამოწვევა არჩეული ორგანოდან და მის გადაწყვეტილებებზე ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. ბუნებრივია, პოლიტიკური მდგენელი, ზოგადად, გადაწყვეტილებების შემთხვევაშიც დიდია და იგი პარტიათა ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ ესეც ლეგიტიმურია, რადგან ზუსტად ესა თუ ის პარტია არის არჩეული მოსახლეობის მიერ და მისი ამომრჩევლის ნებას გამოხატავს. თუმცა არსებობს პოლიტიკური საკითხები, რომელიც ვერ იქნება გათვალისწინებული საარჩევნო პროგრამაში და ასეთ დროს დეპუტაცია იღებს გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის ან ელექტორატის  განწყობების მიხედვით. თუ ეს ორივე გარემოება ემთხვევა ერთმანეთს ეს იდეალური შემთხვევაა, მაგრამ თუ არ ემთხვევა ამას უკვე ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი ჰქვია, რომელიც ყველა დეპუტატის არჩევანია. თუმცა ეს არჩევანიც თავისუფალი ნებით უნდა იყოს მიღებული და არა ძალდატანებით. იმედს ვიტოვებ, ხვალინდელ სხდომაზე შინაგანი რწმენა და საზოგადოებრივი ინტერესი იქნება განმსაზღვრელი ფაქტორი და არა პოლიტიკური კონიუნქტურა.

ჩემი თავისუფალი არჩევანი

პირადად მე, არ ვუჭერ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კანდიდატს მხარს. არ განვიხილავ მის პროფესიონალიზმს და პიროვნულ თვისებებს, იქნებ პროფესიონალიც არის და სამართლიანიც. ჩემი არგუმენტი მარტივია, მას არ იცნობს ჩვენი რეგიონის მოსახლეობა, მას არ იცნობს სამოქალაქო საზოგადოება და მას არ იცნობენ არც ადგილობრივ მედიაში. არ ვიცნობთ მის დამოკიდებულებებს და ღიად განცხადებულ პოზიციებს იმ ძირეულ საკითხზე, რომელსაც არჩევნების სამართლიანობა და ობიექტურობა ჰქვია. არ გვქონდა შესაძლებლობა გვედევნებინა თვალი მისი სამოქალაქო აქტიურობისთვის და ამით წარმოდგენა შეგვექმნა მასზე, როგორც სამოქალაქო პრინციპების დამცველ მოქალაქეზე. ეს ჩემი პოზიციაა, როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის და ვფიქრობ ამით ჩემი შინაგანი რწმენა და მოსახლეობის მოთხოვნა ზუსტადაც რომ თანხვედრაშია, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის მართებული, რომელიც არ შეიცვლება!

მთავრობის თავმჯდომარის „არჩევანი“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ იგიც არ იცნობს ამ კანდიდატს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მის გუნდს. ამით იგულისხმა, რომ კანდიდატი თითქოს თავისუფალია პოლიტიკური ვალდებულებებისგან. ამ დროს ექსკლუზიური უფლება უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატი აქვს მხოლოდ მას კანონმდებლობის მიხედვით. გამოდის, რომ წარმოდგენილი კანდიდატურა  არის ყველასთვის უცნობი მოქალაქე, რომელმაც უნდა მართოს უმაღლესი საარჩევნო კომისია შემდეგი ხუთი წლის ვადით და არავინ იცის მისი ხედვა თუ როგორ უნდა გააკეთოს ეს.

უმაღლესი საარჩევნო კომისია და მისი ფუნქცია

დღეს პირდაპირ მინდა ვთქვა, უმაღლესი საარჩევნო კომისია, ოთხი წლის მანძილზე, არჩევნებიდან არჩევნებამდე პრაქტიკულად არაფერს აკეთებს. მისი რეფორმირება და ერთგვარ საარჩევნო სკოლად ქცევა არის მთავარი მიზანი. ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც მოღვაწე ადამიანები იზრუნებენ რეგიონში განავითარონ საარჩევნო კულტურა და აჭარის მაღალმთიანეთიდან დაწყებული, ბარით დამთავრებული გადაამზადონ ასობით და ათასობით აპოლიტიკურ სამოქალაქო აქტივისტს იმისათვის, რომ განსწავლული და ინფორმირებული კადრებით თავიდან ავიცილოთ არჩევნების გაყალბების ნებისმიერი სქემა. მისი თავმჯდომარე უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური და აქტიურად უნდა მუშაობდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რადგან არსებულ ფინანსურ და მატერიალურ ბაზას შესძინოს რეალური ფუნქცია და აქციოს ეფექტურ ინსტიტუტად. ეს არის ის მოდელი, რომელიც საკუთარ თავში შეიცავს ინოვაციასაც და რეფორმებსაც, მხოლოდ მსგავსი მოდელის შემქმნელი და მსგავსი ხედვების მატარებელი კანდიდატი იქნება მხარდაჭერილი ჩემი და ჩემი გუნდის მიერ და სხვა ნებისმიერი კანდიდატი იქნება აღქმული იმ უძრავი სტილის გამგრძელებლად, რომელიც წლების მანძილზე დამკვიდრდა უმაღლეს საარჩევნო კომისიაში.

და ბოლოს, რჩევა ხელისუფლებას! როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებთ, უნდა ითვალისწინებდეთ მთავარს და განმსაზღვრელს – საზოგადოებრივ აზრს. კანდიდატურა უნდა იყოს რეგიონისთვის ცნობადი და მისაღები, ის უნდა მოქმედებდეს საჯარო სივრცეში და უნდა არსებობდეს პრეცენდენტები მის მიერ აღებული პასუხისმგებლობებისა. ზემოაღნიშნული გარემოებები აყალიბებენ ნდობას პიროვნებისა და პროცესის მიმართ. ამ შემთხვევაში ფაქტია, რომ რაღაც ისე არ არის, როგორც ეს საზოგადოებრივ საჭიროებებს წაადგება. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი, თავისუფალი დემოკრატები ხვალ კენჭისყრაში არ ვღებულობთ მონაწილეობას და ველოდებით კანდიდატს, რომელზეც საზოგადოების დიდ ნაწილს ექნება ჩამოყალიბებული პოზიცია; კანდიდატს, რომელიც უმაღლეს საარჩევნო კომისიას ეფექტურს გახდის.

სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი

საინიციატივო ჯგუფის „დაიცავი ძველი ბულვარი“ განცხადება

საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი ძველი ბულვარი“, ეხმიანება აჭარის მთავრობის განცხადებას ბულვარის დირექტორისა და მისი ორი მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებასთან დაკავშირებით:

„აღვნიშნავთ, რომ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ თანამშრომლების განთავისუფლება არ არის არც საინიციატივო ჯგუფის და არც საზოგადოების მოთხოვნა. ჩვენი მიზანია ბათუმის ბულვარის, როგორც ისტორიული ბაღის დაცვა და შენარჩუნება“, – აღნიშნულია საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარი მერიას იმ ბიუჯეტთან ერთად გადაეცემა, რაც წელს იქ განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებლად იყო განსაზღვრული. ეს 11 მილიონი ლარია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბულვარის მართვაში აღარ ჩაერევა.

საინიციატივო ჯგუფი – „დაიცავი ძველი ბულვარი“ პეტიციით მიმართავს აჭარის მთავრობას ბათუმის ძველ ბულვარში ახალი კონცეფციით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებაზე უარი თქვას. პეტიციას ხელს ამ დროისთვის 4 839 ადამიანი აწერს.

Exit mobile version