კვირის ამბები,კვირის ამბები

რამდენად ეფექტურია ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ

12.02.2016 • 3494
რამდენად ეფექტურია ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ

ბოლო მონაცემებით საქართველოში H1N1 ვირუსით რვა ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად ცირკულირებს A ტიპის ვირუსის H1N1 და H3N2 ქვეტიპები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ. რა შემთხვევაშია ეფექტური სეზონური გრიპის წინააღმდეგ ვაქცინა, ამის შესახებ „ბათუმელები“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმუნოპროფილაქტიკის სამმართველოს უფროსს, ლიკა ჯაბიძეს ესაუბრა.

ქალბატონო ლიკა, პირველ რიგში ვისთვის არის ვაქცინის გაკეთება რეკომენდებული?

არსებობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აიცრას. ძირითადად ეს არის ის ასაკობრივი ჯგუფი, რომელიც შესაძლოა ყველაზე მეტად დაზიანდეს _ 65 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობა, ისინი, ვინც არიან მოხუცთა თავშესაფარში და მათ შორის ვირუსის გავრცელების მეტი შესაძლებლობა არსებობს; ქრონიკული დაავადებების: გულ-სისხლძარღვთა, თირკმლის პათოლოგიების მქონე პირები, დიაბეტით დაავადებული ადამიანები, ბავშვთა სახლებში მყოფი ბავშვები, სამედიცინო პერსონალი – განსაკუთრებით სასწრაფო დახმარების სამსახურში დასაქმებული ექიმები, რომელთაც პირველებს უწევთ დაავადებულებთან კონტაქტი.

წელს საქართველოში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია და შერჩეული იყო სწორედ ეს ჯგუფები. სულ 10 000 ვაქცინა შევიძინეთ.

რამდენად ეფექტურია ვაქცინა გრიპის წინააღმდეგ? ნიშნავს თუ არა იმას, რომ თუ ადამიანი ვაქცინას გაიკეთებს, მას გრიპი აღარ დაემართება?

ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ვაქცინის გაკეთების შემდეგ მინიმუმ 14 დღე უნდა გავიდეს, რომ ორგანიზმმა დაიწყოს ანტისხეულების გამომუშავება. ამიტომ ჩვენ ვაქცინა ოქტომბერში შემოვიტანეთ და გავანაწილეთ. სწორედ ოქტომბერ-ნოემბერშია რეკომენდებული ვაქცინის გაკეთება, ორგანიზმი მომზადებული რომ შეხვდეს სეზონს, თუმცა არც ახლა არ არის გვიან. ვაქცინის ეფექტურება ასევე დამოკიდებულია ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
რისკ-ჯგუფი, ვისთვისაც რეკომენდებულია ვაქცინა, არიან 65 წელს გადაცილებული ადამიანები. მათ იმუნური სისტემის ერთგვარი დეფიციტი შეიძლება აღენიშნებოდეთ და აქედან გამომდინარე, მათთვის ერთგვარი სასიცოცხლო ჩვენებაა ვაქცინაცია. მიუხედავად ამისა, გრიპის წინააღმდეგ აცრა აბსოლუტურად ჯანსაღმა მოსახლეობამაც უნდა ჩაიტაროს, რაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამ ეტაპზე არ ხდება. მათ, ვინც არ ეკუთვნის აღნიშნულ რისკ-ჯგუფს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ ვაქცინაცია ჩაიტარონ კომერციულ სამედიცინო დაწესებულებაში.

საჭიროა წინასწარ ოჯახის ექიმთან კონსულტაცია?

დიახ, თუმცა არ არის საჭირო სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტაროს ადამიანმა და შემდეგ აიცრას გრიპზე. უბრალოდ, იმ მომენტში, როცა ის მიდის აცრაზე, ჯანმრთელი უნდა იყოს, არ უნდა ჰქონდეს 38-ზე მაღალი ტემპერატურა, ექიმმა უნდა მიიჩნიოს, რომ პირი პრაქტიკულად ჯანმრთელია, აცრა რომ ჩაუტარდეს. მოსახლეობას ახლაც შეუძლია მიმართოს ექიმს და გაიკეთოს აცრა. ჯობდა ეს ცოტა ადრე მომხდარიყო, თუმცა ახლაც შესაძლებელია. გრიპი შეიძლება ვაქცინის შემდეგაც დაემართოს ადამიანს, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად უფრო იოლ ფორმაში.

რა ასაკიდან შეიძლება გაუკეთდეს ბავშვს სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა?

მინიმალური ასაკი არის ექვსი თვე. ექიმი ვაქცინის ჩატარებამდე უნდა გაეცნოს ვაქცინის თანმხლებ ინსტრუქციას და შეამოწმოს მინიმალური ასაკი, რომელიც მითითებულია ინსტრუქციაში.

რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინის გაკეთება? აქვს თუ არა ვაქცინას უკუჩვენება?

არ შეიძლება აცრა, თუ პაციენტი მწვავედაა ავად, აქვს ტემპერატურა 38 და მეტი და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები. ზოგადად, ექიმი იღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა გაკეთდეს ვაქცინა. სხვა უკუჩვენება გრიპის ვაქცინას არ აქვს. ქრონიკული დაავადებები არ არის უკუჩვენება, პირიქით, სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის არის რეკომენდებული სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა.

რამდენ ხანს გასტანს ვაქცინის ეფექტურობა?

ვაქცინა ეფექტურია ერთი წლის მანძილზე.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ვაქცინაცია გაცილებით ეფექტურია ოქტომბერ-ნოემბერში. თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მეტად აქტიური კამპანიის ჩატარება ხომ არ იყო საჭირო, რომ მოსახლეობას დროულად ჰქონოდა ინფორმაცია ვაქცინის შესახებ?

ის ჯგუფები, რომელთაც ეხებოდათ სახელმწიფო პროგრამით აქციები, დროულად იყვნენ ინფორმირებული. არსებობს ჩვენი ცენტრის, იგივე ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, სადაც წინასწარ ქვეყნდება ინფორმაცია ვაქცინაციისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. თუ ადამიანს ეს აინტერესებს, ინტერნეტში ჩვენს ვებგვერდზე ყოველთვის ვრცელდება ამის შესახებ ინფორმაცია.

გასულ კვირას ინტერნეტმედიაში გავრცელდა ინფორმაცია გრიპის პროფილაქტიკისთვის წყალბადის ზეჟანგის გამოყენების ეფექტურობაზე. ამასთან დაკავშირებით როგორია თქვენი მოსაზრება? და ასევე, რა არის ყველაზე მარტივი, ეფექტური ხერხები სეზონური გრიპის თავიდან ასაცილებლად?

წყალბადის ზეჟანგის გამოყენება გამორიცხულია გრიპის პროფილაქტიკისთვის და, ზოგადად, მისი გამოყენება არ შეიძლება ექიმის დანიშნულების გარეშე. თუ ადამიანს უნდა თავი დაიცვას, საჭიროა მეტი სუფთა ჰაერი, ხელების დაბანა, რადგან ეს ვირუსი ადვილად გადადის ხელიდან და თუ აქვს სიმპტომები: ხველა, ცემინება, მაღალი ტემპერატურა _ ჯობს ადამიანი სახლში დარჩეს და იმკურნალოს, მიიღოს ბევრი სითხე, ლიმონი და კენკროვნები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: