შსს უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ შსს-ს პოზიცია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კანონპროექტთან, კერძოდ, უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეებში მედიაში მიზანმიმართულად ხდება მოსაზრებების ტირაჟირება იმის თაობაზე, რომ შსს ე.წ. „ფარულ თვალთვალს“ იწყებს. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ არაერთგზის არგუმენტირებულად განმარტა, რომ უკონტაქტო პატრულირებას „თვალთვალთან“ საერთო არაფერი აქვს, აშკარაა, რომ შეგნებულად ხდება აღნიშნულის არასწორი ინტერპრეტაცია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

უკანასკნელ 2-3 წელიწადში საქართველოში ავტომანქანების რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. იმატა დატვირთვამ გზებზე და ავტოსაგზაო შემთხვევების რისკებმაც.

შსს-ს ძირითადი ამოცანაა, დაიცვას მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, აღნიშნულ სფეროში ქმედითი ღონისძიებები გავატაროთ.

ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უკონტაქტო პატრულირება, ისევე, როგორც მთლიანად საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროექტი, ემსახურება ყველაზე მთავარ ღირებულებას – ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვას. ცალსახაა, რომ:

  • უკონტაქტო პატრულირება არ ხორციელდება წინასწარ იდენტიფიცირებული პირის ან პირთა წრის მიმართ, არამედ – საგზაო მოძრაობის პროცესის მიმართ, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე. უკონტაქტო პატრულირებისას ხდება მხოლოდ დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება.
  • საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაშიც კი, არ ხდება მძღოლის იდენტიფიცირება – ავტომობილის მესაკუთრის სახელზე დგება ვიდეო-ჯარიმის ოქმი, რომელიც დღესაც დამკვიდრებული სტანდარტია.

უკონტაქტო პატრულირება დასავლეთის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და იცავს მოძრაობის მონაწილეებს: ქვეითებს, მგზავრებს და მძღოლებს – მაშინაც კი, როდესაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არ ჩანან.

პროექტის თანახმად, უკონტაქტო პატრულირება მართვის მოწმობებს ქულებს არ აკლებს.

რაც შეეხება მოთხოვნას სპეციალური საინფორმაციო ნიშნების განთავსების თაობაზე, ეს საკითხი ისედაც მოწესრიგებულია კანონით პოლიციის შესახებ, კერძოდ, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტით, სადაც ნათქვამია, რომ ვიდეოტექნიკის გამოყენების თაობაზე ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას.

შსს ხელმძღვანელობს და მომავალშიც იხელმძღვანელებს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“.

ფარული პატრულირების შემოღება, რასაც  საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს, ეწინააღმდეგება ადამიანის პირად ცხოვრებას – აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო: „ეს ცვლილება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, არღვევს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს და შეიცავს შს სამინისტროს მიერ უფლების ბოროტად გამოყენების დიდ რისკს“.

ქირავდება სამოთახიანი ახალგარემონტებული ბინა ავეჯით

ქირავდება ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, სამოთახიანი ახალგარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯით, ტექნიკით. ფასი: 500 დოლარი.

samaklero.ge

217b37a7c60cee9c0c9169cae31fc2d1_30

9034d4b0fdf9df36b12bb7024855b744_9

f33ae890b21ca134e531ac2bdccbd07f_70

ქირავდება ახალგარემონტებული სამოთახიანი ბინა ავეჯით

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ქირავდება ახალაშენებულ კორპუსში სამოთახიანი ბინა, ახალგარემონტებული, უზრუნველყოფილი ავეჯით, ტექნიკით. ფასი: 350 დოლარი.

samaklero.ge

33304-1

33304-5

33304-4

 

 

 

იყიდება ოთხოთახიანი ბინა უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯითა და ტექნიკით

იყიდება  ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ოთხოთახიანი ბინა, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. ფასი: 200 000 დოლარი.

samaklero.ge

32335-3

32335-11

 

აშშ-ს ელჩმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში განახლებული ამერიკული კუთხე გახსნა

დღეს, 9 თებერვალს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ და ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა განახლებული ამერიკული კუთხე გახსნეს.

ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში არსებული ამერიკული კუთხე ევროპის საუკეთესო ამერიკული კუთხეების ათეულში შევიდა.

ამერიკული კუთხე ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გაიხნა. იან კელის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის ბათუმი, მისი კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების ნიშნით შეირჩა:

„სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, განეხორციელებინა ეს ინვესტიცია ბათუმში, ქალაქის კულტურული, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების საფუძველზე. აქ ჩვენ ვხედავთ უახლეს დიზაინს, რომელიც სრულად შეესაბამება იმ დიზაინს, რომელიც თანამედროვე ამერიკულ ბიბლიოთეკებში ინერგება. თანამედროვე ბიბლიოთეკა გახლავთ არამხოლოდ წიგნები, არამედ ტექნოლოგიური საშუალებები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია“.

ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
ამერიკული კუთხის გახსნა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო

იყიდება დუპლექსის ტიპის გარემონტებული ბინა ავეჯით

ქ. ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, პარკთან და ზღვასთან ახლოს, იყიდება 230 კვ.მ დუპლექსის ტიპის გარემონტებული ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯით.  ფასი: 250 000 დოლარი.

samaklero.ge

1 (3)

1 (2)

1 (1)

ბათუმის მერიამ „სასაფლაოების“ ყოფილ დირექტორთან სასამართლოში დავა წააგო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 9 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დავა ეხებოდა ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის თანამდებობიდან ლაშა ბერძენიშვილის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლებას. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ურთიერთობაზე ვრცელდებოდა მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის თანახმად, დამფუძნებელს ჰქონდა ექსკლუზიური უფლება თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა დირექტორი რაიმე საფუძვლის მითითების გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება და დაადგინა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხთან მიმართებით გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსი. შესაბამისად, ლაშა ბერძენიშვილი შეიძლებოდა თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნებოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ლაშა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ და დაავალა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას როგორც მისი თანამდებობაზე აღდგენა, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრულად – ყოველთვიური შრომის ანაზღაურების დაანგარიშებით გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

ლაშა ბერძენიშვილის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტები იცავდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ლაშა ბერძენიშვილი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, ამჯერად მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკებში 2016 წლის პროგრამების პრეზენტაციას იწყებს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 10 თებერვლიდან სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის 2016 წლის პროგრამების გაცნობას იწყებს.

სამინისტრო პირველ შეხვედრას 10 თებერვალს, 11:00 საათზე, ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრში გამართავს. პროგრამებს მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მანანა ფაღავას და სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ლელა სურმანიძესთან ერთად წარადგენს.
შეხვედრაზე სამედიცინო პერსონალს დეტალურად მიაწვდიან ინფორმაციას მოქმედი პროგრამების, მოსარგებლეებისა და დაფინანსების წესის შესახებ. შეხვედრის მიზანია სამინისტროს პროგრამების შესახებ მედიკოსთა მეტი ინფორმირება.
პრეზენტაციის ფარგლებში ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რეგიონულ ცენტრს გადაეცემა სამინისტროს პროგრამების შესახებ დამზადებული საინფორმაციო მასალები.

2016 წელს სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 11,306,170 ლარს. უწყება წელს 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორციელებს. 2015 წელთან შედარებით სამინისტროს ბიუჯეტი 5, 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 14, 057, 940 ლარს შეადგენს.

წელს სამინისტრომ ცალკე პროგრამად გამოყო ონკოლოგიურ პაციენტთა ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურება, დაიწყო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდა მკვეთრად გამოხატული შშმ პირების, შშმ ბავშვების; ასაკით პენსიონერებისა და 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის (რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 200 000-ს).

სამინისტრო წელს პირველად 10 000 ლარის ოდენობით აფინანსებს ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციას, ამოქმედდა ბავშვთა ადრეული განვითარების ახალი პროგრამა, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატა ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები და მარტოხელა მშობლები, 3,000,000 მილიონი ლარი გამოიყო ეკომიგრანტი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების შესაძენად, დაგეგმილია 115-მდე საცხოვრებელი სახლის შეძენა.

სამინისტროს დაგეგმილი აქვს მაღალი გამავლობის ავტომანქანების შეძენა ქობულეთისა და ხელვაჩაურის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისათვის.

სამი ვაკანსია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს სამ: საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ონლაინპროექტების განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის [გრაფიკოს-დიზანერი] და საფინანსო – საბუღალტრო განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

თანამდებობების დაკავების მსურველებმა აპლიკაციები უნდა შეავსონ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციულ ვებგვერდზე hr.gov.ge. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, როლებსაც შეუსრულდათ 21 წელი და რომლებიც აკმაყოფილებენ საკონკურსო განაცხადით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

არსებული ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ითვალისწინებს განაცხადების გადარჩევას, მეორე ეტაპზე ჩატარდება ტესტირება ზოგადი უნარებისა და კანონმდებლობის ცოდნის გამოსავლენად, ბოლო ეტაპზე კი –  გასაუბრება. გამარჯვებულს გამოავლენს საკონკურსო კომისია ქულათა შეჯამების საფუძველზე.

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე კონკურსანტთა რეგისტრაცია იწარმოებს 12 თებერვლის ჩათვლით.

H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ერთით გაიზარდა

H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი აჭარაში ერთით გაიზარდა. დღეს, 9 თებერვალს, აღნიშნული ვირუსით გარდაიცვალა 66 წლის მამაკაცი, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 29 იანვრიდან იყო მოთავსებული H1N1 დიაგნოზით.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, 9 თებერვლის 17:30 საათის მდგომარეობით „გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 305-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 127 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 13 პაციენტი.

ბოლო მონაცემებით აჭარაში გრიპის 2015–2016 წლის ეპიდსეზონზე ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული იქნა სულ 72 ნიმუში. 48 შემთხვევაში დადასტურდა A/H1p. 5 პაციენტი გარდაიცვალა, 40 პრაქტიკულად გამოჯანმრთელდა“.

სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიწის ნაკვეთებზე ციხისძირში, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ოზურგეთში, ბიძინა ივანიშვილის კერძო საკუთრებაში გადააქვთ, სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს. სამინისტროში “ბათუმელებს” განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთები, საიდანაც ხეებს იღებენ, გასხვისებული არ არის და არც მათი პრივატიზება იგეგმება.

ქობულეთის გამგეობის ინფორმაციით, რაიმე პროექტი ან განცხადება აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით, არც მათთან შესულა.

ხეების ამოღების პროცესის მონტორინგის მიზნით, ციხისძირში ჩამოსულია “პარტიზანი მებაღეების” ჯგუფი. პარტიზანმა მებაღემ ნატა ფერაძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ მათი ეჭვი ციხისძირში სასტუმროს მშენებლობაზე, ჯერჯერობით, არ დასტურდება.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში იმ ორი ნაკვეთის ფართობი, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ოზურგეთის ტერიტორიაზე გადააქვთ, ჯამში 30 335 კვ/მ-ია.

ორივე ნაკვეთი, საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფომ  ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში 2008 წელს გადასცა.

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მოგვიანებით მთავრობამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ოზურგეთის ტერიტორიაზე, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

„უპრეცედენტო შემთხვევა” ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 9 თებერვალს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პირველად განიხილა მკვლელობის საქმე ისე, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი მისთვის სასამართლო დარბაზში სპეციალურად განკუთვნილ ადგილას არ იჯდა. ზ.ს.-ს მძიმე დანაშაულის – განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი, მაგრამ სასამართლო განხილვამდე მას აღკვეთის სახით პატიმრობის ნაცვლად გირაო შეეფარდა. ბრალდებული ზ.ს. დღეს თავისი ადვოკატების გვერდით იჯდა და იქედან პასუხობდა მოსამართლის შეკითხვებს. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამ შემთხვევას „უპრეცედენტო“ უწოდა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილის აპარატში დაგვიზუსტეს, რომ დავით მამისეიშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეებს 2014 წლის პირველი იანვრიდან განიხილავს და ამ დროიდან დღემდე არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებული პირი წინასწარ პატიმრობაში არ არის.

იყო თუ არა მსგავსი შემთხვევა სხვა მოსამართლეების შემთხვევაში – ბათუმის საქალაქო სასამართლო ამ მიმართულებით ზუსტ სტატისტიკას არ ფლობს.

 

ტრენინგი „დემოკრატიის ინსტიტუტში“

9-11 თებერვალს ბათუმში, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ ოფისში, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს თემაზე – საგრანტო განაცხადის მომზადება – პროექტის წერა და დაფინანსების მოძიება.

ტრენინგის მიზანია ეკომიგრაციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება.

ტრენინგს ესწრებიან მსმენელი ლაგოდეხიდან, წალკიდან, გარდაბნიდან, ბოლნისიდან და დუშეთიდან, სულ 20 მონაწილე.

ტრენერები არიან გენო გელაძე და ტიტე აროშიძე.

ტრენინგის დასრულების შემდეგ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ტრენინგში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების, სათემო კავშირებისა და საინიციატივო ჯგუფებისათვის საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს.

ტრენინგები ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანიის“ ფარგლებში.

ტრენინგი დემოკრატიის ინსტიტუტში
ტრენინგი დემოკრატიის ინსტიტუტში

სასამართლო განხილვა ქობულეთში ხანძართან დაკავშირებით, რომელსაც ბავშვები ემსხვერპლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ მფლობელის, ზაზა ართმელაძის საქმის განხილვა დაიწყო. 2015 წლის 10 მაისს სასტუმრო „არმაზში“ გაჩენილმა ხანძარმა გასტროლზე მყოფი რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლის -„სიხარული 2“-ის 3 მოზარდის სიცოცხლე იმსხვერპლა. ართმელაძეს პროკურატურა უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება, რამაც პირთა სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ზაზა ართმელაძე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

წინასასამართლო სხდომაზე ზაზა ართმელაძის ადვოკატმა მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად ცნობა მოითხოვა. „მოწმეთა ჩვენებები კანონის უხეში დარღვევებითაა მოპოვებული, რადგან დაკითხვების ძალიან დიდი ნაწილი ჩატარებულია ღამის საათებში. თუ ეს იყო გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული, რასაც კანონი ითვალისწინებს, მაშინ ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, მაგრამ პროკურატურამ დღეს აღნიშნა, რომ საქმის რეზონანსულობის გამო მოუხდათ დაკითხვის წარმოება ღამის საათებში“, – უთხრა „ბათუმელებს“ დაცვის მხარის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი დაცვის მხარის შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს, ვიდრე საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

ზაზა ართმელაძის საქმის განხილვას დღეს ნათესავების გარდა საზოგადოების წევრებიც ესწრებოდნენ.

სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ

ბათუმში, ყინულის სასახლის გვერდით არსებული ანალოგიური ტიპის კონსტრუქცია – მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი დიდთოვლობის შემდეგ კვლავ დაშვებულია.

ბათუმის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის იურისტი (კომპლექსის მესაკუთრე ეს ცენტრია) შოთა დავითაძე ამბობს, რომ მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის აღდგენითი სამუშაოები უახლეს დღეებში დაიწყება:

IMG1328„სპორტულ კომპლექსს მცირედი დაზიანებები აქვს. აღდგენითი სამუშაოები ამ ეტაპზე შეჩერებულია, რადგან პასუხს ველოდებით სადაზღვევო კომპანიისგან. ჩვენ კომპანიის მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტაცია, ხარჯთაღრიცხვა, წარდგენილი გვაქვს. ახლა ველოდებით შესაბამისი აქტის გაფორმებას, თანხა რომ ჩამოგვირიცხონ, რის შემდეგაც დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს“.

რაც შეეხება თავად ყინულის მოედანს, შოთა დავითაძის თქმით, ყინულის მოედანი უკვე გამართულ მდგომარეობაშია. „დიდთოვლობის დროს ყინულის მოედანიც გავაჩერეთ, მაგრამ უკვე გამზადებულია და მუშაობს. ბავშვებიც ემზადებიან“, – უთხრა „ბათუმელებს“ შოთა დავითაძემ.

მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი სადაზღვევო კომპანია „ალდაგშია“ დაზღვეული.

მოქალაქე: ელექტროსადენები საფრთხეს მიქმნის

მოქალაქე მურმან კილაძე ბათუმში, სახოკიას ქუჩაზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, მის საკუთრებაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გადის, რომელიც ტექნიკური გაუმართაობის გამო რამდენჯერმე ჩამოვარდა და პრობლემები შექმნა. გარდა ამისა, ამირან კილაძე ამბობს, რომ ელექტროხაზები მის საცხოვრებელთან ძალიან ახლოსაა, რის გამოც მშენებლობას ვერ იწყებს.

„საცხოვრებელი რვა წლის წინ შევიძინე,  სახლი ძველია და მინდა ახალი ავაშენო, მაგრამ იმ ადგილთან, სადაც მშენებლობის დაწყებას ვაპირებ, გადამცემი ხაზები ძალიან ახლოსაა და ფაქტობრივად სიმაღლეში ვერ წავა მშენებლობა. მიწა ჩემი საკუთრებაა და ბუნებრივია მინდა ჩემი საჭიროებისამებრ გამოვიყენო, ამ ელექტროხაზების გამო კი მშენებლობას ვერ ვიწყებ.“

მურმან კილაძის თქმით, ელექტროხაზი რამდენჯერმე ჩამოვარდა:  „ბოლოს 30 დეკემბერს ჩამოვარდა ხაზი, მოვიდნენ  ენერგოკომპანიიდან, გააკეთეს, მაგრამ გაგვაფრთხილეს, ბოსტნის ტერიტორიაზე არ შეხვიდეთო.  მე ხომ მაქვს უფლება ჩემი საკუთრება  გამოვიყენო? ამიტომ მინდა მოვიდნენ ენერგოკომპანიის წარმომადგენლები და გაარკვიონ შესაძლებელია თუ არა ამ ხაზების გადატანა“.

ენერგო-პრო ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ავთო დვალიშვილის განმარტებით, მოქალაქე მურმან კილაძემ წერილობით უნდა მიმართოს კომპანიას  ვითარების შესასწავლად:

„შესაძლებელია იყოს მარტივად გადასაჭრელი პრობლემა. კერძო საკუთრებაში კომპანია გადამცემ ბოძებს ვერ დადგამს, შესაძლებელია ამ ადამიანმა თვითნებურად შემოღობა ტერიტორია და ახლა ექმნება პრობლემა, მაგრამ თუ ასე არ არის, მივიდეს აჭარის ფილიალში, დაწეროს განცხადება და დაიწყება მოკვლევა“.

ენერგოომბუსმენის წარმომადგენელი აჭარაში, ბექა სიორდიაც  ამბობს, რომ მოქალაქემ უნდა მიმართოს ენერგოკომპანიას და განმარტება მოითხოვოს, „გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ენერგოკომპანიამ, “- ამბობს ის.

 

ტრენინგები სასტუმროების, რესტორნებისა და ტურსააგენტოს თანამშრომლებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, სატრენინგო – საკონსულტაციო ცენტრში ტრენინგები დაიწყო. პირველი ტრენინგი,   სასტუმრო „დივან სუითი“-ს ტრენერმა ჯეირან ბეჟანიძემ სასტუმროებისა და კვების ობიექტების დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარა.

ძირითადი აქცენტი სასტუმროებსა და კვების ობიექტებში  დასუფთავების ხარისხის ამაღლებაზე და მინიმალური სტანდარტების დამკვიდრებაზე გაკეთდა.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურსააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ჩაატარებს.

„საკონსულტაციო ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად განახლდება ვებგვერდზე: recommend.ge.  სურვილის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის წარმომადგენელმაც მიმართოს ცენტრს კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების ინიციატივით,“-ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეთავაზებული ტრენინგები და კონსულტაციები  უფასოა და ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის.

„არ გადამრგო“ – ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქცია ბათუმში

აქცია „არ გადამრგო“ დღეს აჭარის მთავრობის სახლის წინ „ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაწყო. აქციის მონაწილეებმა ტრანსფარანტები წარწერით – „ არ გადამრგო“ მთავრობის სახლის წინ ხეებზე ჩამოკიდეს. ამ ფორმით მათ აჭარის მთავრობის ნებართვით მრავალწლოვანი ხეების ე. წ. ბიძინა ივანიშვილის პარკში გადატანა გააპროტესტეს.

აქციაზე პარტიის წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები იმ კარვების დაშლას გეგმავენ, რომლებიც მდუმარე აქციის დასაწყებად „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა ციხისძირში იმ ტერიტორიის მიმდებარედ გაშალეს, საიდანაც კომპანია „ზიმოს“ ხეები გადააქვს. ქობულეთის გამგეობაში განაცხადეს, რომ კარვების შესაძლო დაშლის შესახებ არაფერი იციან.

აჭარის მთავრობამ გასული წლის 31 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ციხისძირის ყოფილ სანერგე მეურნეობაში არსებული სამი ძირი გიგანტური ხის ამოღების უფლება კერძო კომპანიას – „შპს ზიმოს“ გადასცა. აჭარის მთავრობის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არაერთ ბუნდოვან დეტალს შეიცავდა. მოგვიანებით მთავრობამ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ 200-წლოვანი გიგანტური ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ.

„არ გადამრგო“ - ენმ-ს აქცია აჭარის მთავრობის სახლთან
„არ გადამრგო“ – ენმ-ს აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

 

შს სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული მირიან მ. დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბათუმში, თავის მფლობელობაში არსებულ სასტუმროში ქალებს პროსტიტუციისთვის ფართობს უთმობდა.

„სამართალდამცველებმა სასტუმროს მომსახურე პერსონალი და ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს”.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

 

 

აუდიტი: ვაკანსიებზე ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე არასრულია

აჭარის დასაქმების სააგენტოს ექვსივე მუნიციპალიტეტში [ბათუმის ჩათვლით]  აქვს ოფისები, სადაც შესაძლებელია მათი მომსახურების მიღება, თუმცა აუდიტის სამსახურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით ძირითადი და სრული მომსახურების მიღება ინტერნეტით არ არის შესაძლებელი“.

აუდიტის ინფორმაციით, სააგენტოს მოქმედ ვებგვერდზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლები და ვაკანსიები არ ხვდებიან სააგენტოს ბაზაში, რომელსაც სააგენტო ცალკე პროგრამულად [პროგრამა არ არის ინტეგრირებული ვებგვერდთან] აწარმოებს და პირიქით, ბაზაში დარეგისტრირებული მონაცემები არ აისახება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ანუ, თუ პირმა განახორციელა რეგისტრაცია საიტზე, ის არ მოხვდება სააგენტოს მთავარ საინფორმაციო ბაზაში და პირიქით, თუ პირმა გაიარა რეგისტრაცია საინფორმაციო ბაზაში, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ რეგიონულ ოფისში გამოცხადების შემდგომ, აღნიშნული არ მოხვდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

აღნიშნულის გამო ვებგვერდის მეშვეობით დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლებს არ აქვთ შესაძლებლობა მიიღონ სააგენტოში შესული ყველა ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია, რითაც იზღუდება სააგენტოს მომსახურების საჯაროობა.

მაგალითისათვის აუდიტის სამსახური ერთმანეთს ადარებს 2015 წელს პროგრამულ ბაზაში და საიტზე დარეგისტრირებული ვაკანსიების რაოდენობას თვეების მიხედვით:

დიაგრამა

„როგორც აღნიშნული გრაფიკიდან ჩანს, მაგალითად, 2015 წლის იანვარში ბაზაში რეგისტრირებულია ახალი 72 ვაკანსია, ხოლო საიტზე – 7 ვაკანსია. შესაბამისად, სამუშაოს მაძიებელს, რომელიც დაინტერესებულია მისთვის საინტერესო ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთებით, არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ინფორმაცია ბაზაში არსებული 72 ვაკანსიის შესახებ, თუ ის არ გამოცხადდება ბათუმის ოფისში და ადგილზე არ მიიღებს აღნიშნულ ინფორმაციას. იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს ვებგვერდი ერთადერთი საშუალებაა მომხმარებლისათვის ინტერნეტით მიიღოს ინფორმაცია რეგიონში არსებული ვაკანსიების შესახებ ნაკლებადეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს მომხმარებლის სრულ ინფორმირებულობას,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით: „სააგენტოს ასევე გააჩნია facebook გვერდი, რომელზეც ძირითადად სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ვაკანსიების მცირე ნაწილის და სხვა ინფორმაციის გაზიარება ხდება. მომსახურების საჯაროობის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ 2012 წლიდან დღემდე შეისყიდა ორი ვებგვერდის შექმნის და hosting-ის მომსახურება. 2012 წლის დასაწყისში ვებ-გვერდის https://www.employmentajara.gov.ge შესყიდვაზე გაიხარჯა 1900 ლარი, ხოლო მის მომსახურებაზე (hosting) 600 ლარი. თუმცა სააგენტოს გადაწყვეტილებით ჰოსტინგი დაიხურა და აღნიშნული ვებ-გვერდი ჩანაცვლდა https://www.hrajara.gov.ge/-ით, რომელიც მოქმედებს 2015 წლის იანვრიდან. ძველი ვებ-გვერდის შესაძლებლობების და მისი გაუქმების მიზეზების შესახებ აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო შესაბამისი განმარტება“.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, სააგენტომ უნდა „უზრუნველყოს ეფექტიანი ვებპორტალის ფუქნციონირება, რომელიც დაკავშირებული იქნება მთავარ საინფორმაციო ბაზებთან და სრულ ინფორმაციას მიაწვდის როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს არსებული ვაკანსიების შესახებ“.

ამავე ანგარიშის მიხედვით: „დასაქმების სააგენტოს 2015 წელს არ ჰქონდა  შემუშავებული გადამზადების პროგრამის შედეგების შეფასების მექანიზმი. პროგრამაში არ არის გაწერილი დასაქმების მოსალოდნელი მაჩვენებელი, რაც შედეგების მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს. ასევე, უკვე გადამზადებული პირების დასაქმების დონის განსაზღვრის მიზნით სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს

ჯაზის დღე – Volcan feat. Rubalcaba თბილისში

„კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდმა ჯაზის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროექტი შეიტანა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, რომელიც დამტკიცდა. შესაბამისად, 30 აპრილს გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ისეთი მუსიკოსები, როგორებიც არიან volcan feat. Rubalcaba“, – აცხადებენ კულტურის განვითარების ფონდში.

ფონდი აღნიშნული კონცერტის მომსახურების შეყიდვას გამარტივებული შესყიდვით გეგმავს, რისთვისაც [თანხმობის მიღების მიზნით] შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

„როდესაც უცხოელ მონაწილეებთან იდება ხელშეკრულება, შემსრულებლები კონცერტის ჩატარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე ითხოვენ ხელშეკრულების გაფორმებას და ჰონორარის გადარიცხვას. ჯაზის საერთაშორისო დღეს გამართულ ღონისძიებაში მონაწილე შემსრულებლეთან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით ხელშეკრულების დადება შეუძლებელია, ვინაიდან კონცერტში მონაწილეობას იღებენ კონკრეტული შემსრულებლები volcan feat. rubalcaba.

რაც შეეხება სხვა მომსახურების შესყიდვას, ეს მომსახურება უშუალოდ არის დაკავშირებული მონაწილეების მოთხოვნებთან, რომლებიც მხოლოდ კონტრაქტის გაფორმების შემდგომ [კონცერტის წინა პერიოდისთვის] ხდება ცნობილი.

ვინაიდან არ ვიცით ტენდერების გამოცხადების შემდეგ რამდენად დაეთანხმებიან შემსრულებლები ტენდერში გამარჯვებული კანდიდატების შემოთავაზებული მომსახურებების მიღებას, მსგავსი შეუსაბამობის თავიდან აცილების მიზნით, აპრიორად მივიჩნევთ, მოგმართოთ გამარტივებული შესყიდვის თანხმობისთვის“, – განმარტავენ ფონდში.

ფონდში ასევე მიაჩნიათ, რომ ვინაიდან „ჯაზის საერთაშორისო დღე მსოფლიო მასშტაბით  „unesco“-ს ეგიდით აღინიშნება, საქართველოში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი კუთხით“.

კონცერტის ხარჯი ფონდის მონაცემებით [ლარი]:

volcan feat. rubalcaba-ს ჰონორარი – 66 000;
საცხოვრებელი ხარჯი – 7 375;
ტრანსპორტირების ხარჯი – 1 650;
განათების აპარატურით მომსახურება – 7 080;
გახმოვანების აპარატურით მომსახურება – 7 080;
პოსტერები – 3 500;
სარეკლამო ხარჯი – 20 000;
კვება/კეტერინგი – 4 200;
გაუთვალისწინებელი ხარჯი – 3 950.

დასაფინანსებელი კინოპროექტები აჭარაში კონკურსით შეირჩევა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ერთ მხატვრულ და ოთხ დოკუმენტურ ან/და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებისა და მასთან დაკავშირებულ მომსახურებებს შეისყიდის. სამინისტროს განცხადებით,  დაფინანსდება ის კინოპროექტები, რომლებსაც კონკურსში გამარჯვებულად სპეციალური კომისია გამოავლენს.

დაფინანსება პროგრამის – აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობა – ფარგლებში განხორციელდება, რისთვისაც ჯამში 138 840 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის საკონკურსო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურებაც [3840 ლარი].

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 2016 წლიდან დაემატა ახალი კომპონენტი კინო ინდუსტრიის წახალისების მიმართულებით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით კინოწარმოების ხელშეწყობა რეგიონში, რაც თავის მხვრივ ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კულტურული ცხოვრების გააქტიურებას, არამედ კინო პროფესიონალების დასაქმებას რეგიონში, ახალი სამუშაო ადგილებისა და ბიზნეს აქტივობების შექმნას, რეგიონში კინოწარმოებისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ჩამოყალიბებას, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას და არსებული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების გამოყენებას…“ – მიაჩნიათ სამინისტროში, თუმცა პროგრამის განხორციელებას ტენდერის გარეშე აპირებენ.

„სამინისტრო ვერ განახორციელებს დაგეგმილი მომსახურების შესყიდვას ელექტრონული ტენდერის საშუალებით, ვინაიდან, კინოპროექტი წარმოადგენს შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს და შერჩევა ხორციელდება სამინისტროსთან არსებული კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. აღნიშნული კომისია კი შედგება ამ სფეროს სპეციალისტებისგან. წინასწარ იმის განსაზღვრა, თუ რომელი პროექტი გაიმარჯვებს, რა ტიპის ხარჯები იქნება გათვალისწინებული, რა ვადებში განხორციელდება, რა მოცულობით, კინოგადაღებების მონაწილეთა რაოდენობის დადგენა და ა.შ. არის შეუძლებელი. გამომდინარე აქედან, სამინისტრო უფლებამოსილია დააფინანსოს მხოლოდ ის პროექტი, რომელსაც კომისია შეარჩევს. ამჟამად, კინომწარმოებლების დროითი გეგმა წინასწარ არის გაწერილი მომდევნო წლისთვის, პროგრამის ეფექტურად განხორციელებისათვის აუცილებელია, პროგრამის პირველი ეტაპები [პროგრამის პრომოუშენი, კომისიის შექმნა, კონკურსის გამოცხადება] მოესწროს უმოკლეს ვადებში, რათა დროულად მოხდეს გამარჯვებული პროექტების კომისიის მიერ გამოვლენა და მათი დროში შეფერხების გარეშე წარმოება“ – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე განმარტებით, ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის ფარგლებში „გაფორმდება რამოდენიმე ხელშეკრულება სხვადსახვა მიმწოდებელთან, რომლებიც გამოვლინდებიან კონკურსის საფუძველზე. მოწოდება განხორციელდება პროექტების შესაბამისად 2016 წლის განმავლობაში. ამ ეტაპზე კონკურსი ვერ გამოცხადდება, ვიდრე არ იქნება გადაწყვეტილი შესყიდვა განხორციელდება თუ არა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. სხვა შემთხვევაში პროგრამა ვერ განხორციელდება“.

სამინისტრომ თანხმობისთვის უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს, საიდანაც დადებით ან უარყოფით პასუხს 2016 წლის 12 თებერვლამდე მიიღებს.

„ბათუმის სასაფლაოების“ უფროსი მერიამ ხელახლა გაათავისუფლა

ბათუმის მერიამ ააიპ „ბათუმის სასაფლაოების“ ხელმძღვანელი ისევ გაათავისუფლა, ამჯერად შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამსახურში 28 იანვარს დაბრუნებული ლაშა ბერძენიშვილი მერიამ სამსახურიდან 2 თებერვალს ისევ გაუშვა.

ლაშა ბერძენიშვილმა სასამართლო მერიის წინააღმდეგ 2015 წლის 30 სექტემბერს მოიგო. ის „ბათუმის სასაფლაოს“ დირექტორად აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა.

„მერიის ბრძანებაში საერთოდ არ იყო მითითებული გათავისუფლების მიზეზი. გათავისუფლება იყო უკანონო და ეს დაადასტურა სასამართლომ,“ – უთხრა „ბათუმელებს“  ნინო სიორიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა. ეს ორგანიზაცია ლაშა ბერძენიშვილის ინტერესებს ისევ დაიცავს სასამართლოში. „მერიის შიდა აუდიტის დასკვნას ჯერ არ გავცნობივართ. ეს განსაზღვრავს ამ საქმის სამომავლო პერსპექტივას“ – ამბობს ნინო სიორიძე.

„შიდა აუდიტი მერს ექვემდებარება და ცხადია, ძალიან დიდი ზღაპარია. ეს არის წმინდა პოლიტიკური თემა. მე ვიყავი გიორგი კირთაძის სამდივნოს უფროსი და გია ერმაკოვიც ჩემგან პირდაპირ მოითხოვდა ამ პარტიასთან კავშირი არ მქონოდა. პირველ გათავისუფლებამდე დამიბარა ერმაკოვმა კაბინეტში და მითხრა, საკრებულოს „ნაციონალების“ ფრაქციაში სიარულს უნდა დაანებო თავიო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ლაშა ბერძენიშვილი.

ვიდრე ლაშა ბერძენიშვილი სასამართლოს ხელახლა მიმართავს, ხვალ მის საქმეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს – ბათუმის მერია 2015 წლის 30 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც მერიას ბერძენიშვილის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა მოუწია.

ბათუმის მერიას ასევე არ დაუკმაყოფილებია სასამართლოს გადაწყვეტილება ააიპ „ბათუმის კორპუსის“ თანამშრომლების – ლაშა კილაბერიას, თომა ხალვაშისა და ირაკლი მექვაბიშვილის შემთხვევაში. „სასამართლოს განმარტებას ველოდებით, რა უნდა ჩაითვალოს ტოლფას თანამდებობებად, ვინაიდან ის შტატები, სადაც ეს სამი ადამიანი მუშაობდა, გაუქმებულია,“ – უთხრა ბათუმელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტმა ნინო სიორიძემ.

ბათუმის მერია არ აკეთებს კომენტარს სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც მერიის მხრიდან უკანონო გათავისუფლების ფაქტები დასტურდება.

 

მუშის დაღუპვის გამო „პორტა ბათუმზე“ სამუშაოები დროებით შეჩერდა

„პორტა ბათუმის“ მშენებარე ნაგებობიდან მამაკაცის ჩამოვარდნის გამო, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. 40 წლის მუშა, რომელიც მშენებარე ობიექტის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა, ადგილზევე დაიღუპა. მშენებლობა ბათუმის ცენტრში, ანბანის კოშკის გვერდით მიმდინარეობს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ობიექტი უცხოელ ინვესტორს ეკუთვნის. როგორც „პორტა ბათუმის“  კადრების განყოფილებაში გვეუბნებიან, ამ დროისთვის სამუშაოთა მწარმოებელი და კომპანიის წარმომადგენლები გამოძიებაზე იმყოფებიან პროკურატურაში.

„იყო თუ არა მშენებლობის წესების დარღვევა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე არაფრის თქმა არ შეგვიძლია“-გვეუბნება კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

მისივე ინფორმაციით, დაღუპული მუშის ოჯახს, კომპანია კომპენსაციას გადაუხდის.

სასულიერო პირების სავარაუდო მუქარა სკოლაში და სახელმწიფოს დუმილი

საშობაო არდადეგებიდან გიმნაზიაში დაბრუნებულ მოსწავლეებს სასწავლო ნაწილის გამგე – ნუგზარ ზოსიძე აღარ დახვდათ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა. მოსწავლეების უმრავლესობა გაკვეთილებზე შესვლის ნაცვლად საპროტესტო აქციაზე გავიდა. სასწავლო პროცესი გიმნაზიაში სამი დღის განმავლობაში იყო შეჩერებული. 23 იანვარს სკოლის ადმინისტრაციამ მშობლები დაიბარა, თუმცა ისინი ეპისკოპოს სპირიდონს არ შეახვედრეს. მშობლების სასულიერო პირებთან კამათის ამსახველი ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მშობლები სასულიერო პირების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუ რატომ დააყენეს მათი შვილები კედელთან, დაემუქრნენ და უწოდეს თათრები.

კონკრეტულად რის გამო მოუხდა სკოლის დატოვება სასწავლო ნაწილის გამგეს და რა სახით ხორციელდებოდა მასზე ზეწოლა, ნუგზარ ზოსიძე დაზუსტებებისგან თავს იკავებს. 23 იანვარს გაზეთ „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნუგზარ ზოსიძემ თქვა, რომ მასზე ზეწოლა მთელი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა და წასვლის შესახებ განცხადება სამჯერ დაწერა: „ბავშვებს სასულიერო პირები ეუბნებიან, რომ კბილებს ჩაგიმტვრევთ, ყბას მოგიმტვრევთო, ეს თვითონ ბავშვებმა მითხრეს. ეს ფაქტები მოხდა მას შემდეგ, რაც ბავშვებმა საპროტესტო აქციები მოაწყვეს. საკუთრი თვალით ვნახე, აქციიდან ძალით ბვშვებს როგორ მიათრევდნენ ვითომც დასალაპარაკებლად. და ამ ყველაფერს მე მაბრალებენ – თითქოს ამის უკან მე ვდგავარ და ჩემ უკან კიდევ ვიღაც სხვა. როგორ შემეძლო ეს ანარქია მომეწყო, როცა იქ [გიმნაზიაში] სისხლი ჩავაქციე“.

სასწავლო პროცესი ხიჭაურის გიმნაზიაში უკვე განახლდა. როგორც ჩანს, ეს საქართველოს განათლების სამინისტროსთვის საკმარისი პირობაა, საქმე გაკეთებულად რომ მიიჩნიოს. „ამ წუთას არსებობს რამე პრობლემა? სწავლა ხომ დაიწყო? საპატრიარქოს სამრევლოს სკოლები არ შემოდის განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში“, – ასე უპასუხა „ბათუმელებს“ საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა ლალი როზამაშვილმა. კითხვაზე, ვინ უნდა იცავდეს მოსწავლეს ძალადობისა და მუქარისგან, თუ არა განათლების სამინისტრო, უწყების პრესსამსახურში მოგვიანებით გვიპასუხეს, რომ სამინისტროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური დაინტერესდება ხიჭაურის სკოლით.

პრესსამსახურმა ვერ განგვიმარტა, ფაქტიდან 10 დღის განმავლობაში რატომ არ დაიწყო მოკვლევა განათლების სამინისტრომ ან რატომ შეისწავლის სასულიერო პირებისგან სავარაუდო მუქარისა და ღირსების შელახვის შემცველ მიმართვებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური. პასუხი ასევე ვერ მივიღეთ კითხვაზე, რა რეაგირებას მოახდენს განათლების სამინისტრო, თუკი სასულიერო პირებისგან მუქარა ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე დადასტურდება.
განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ სახელმწიფოს უჭირს ეკლესიის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების კონტროლი: „განათლების სამინისტრო არსებობს იმისთვის, რომ უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კონსტიტუციური უფლება – მიიღოს ხარისხიანი განათლება. ყველა სკოლას, კერძო იქნება იგი თუ საჯარო, ავტორიზაციას აძლევს სახელმწიფო. შესაბამისდ, სახელმწიფო უნდა ინტერესდებოდეს და აკონტროლებდეს მათ, მით უფრო მაშინ, როცა ფულს ჩვენ ვიხდით, მაგრამ სახელმწიფოს უჭირს ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების კონტროლი“.

„ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ეკა ჭითანავას არ აქვს მოლოდინი, რომ განათლების სამინისტრო ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს: „განათლების სამინისტრომ აუცილებლად უნდა შეისწავლოს რასაც ამ სკოლის მოსწავლეები და მშობლები ყვებიან. უნდა გაირკვეს, არის თუ არა ეს სისტემური პრობლემა და ამას უნდა მოყვეს ძალიან მკაცრი რეაგირება, მაგრამ არ მაქვს ეს მოლოდინი – განათლების სამინისტრო ლოიალურია საპატრიარქოს მიმართ. განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისში ათეისტობის გამო მოსწავლის ცემის ფაქტის შეფასების დროს თქვა, რომ ერთეული შემთხვევები ყურადღებამისაქცევი არ არის და ეს არაა პრობლემა. აქედან ჩანს, განათლების სამინისტროს ნებელობა დისკრიმინაციის კუთხით: თუ პრობლემას ვერ ხედავ, არც მის მოგვარებაზე იზრუნებ. რასაც ხიჭაურის სკოლის მოსწავლეები ყვებიან, არ მგონია ერთეული შემთხვევა იყოს. ჩვენ გვქონდა კვლევა გასულ წელს, ოღონდ ხიჭაურის უნივერსიტეტში და დადასტურდა რელიგიური ბულინგის თუ ინდოქტრინაციის არაერთი შემთხვევა“.

ხიჭაურის სკოლის მოსწავლეებისა და მათი მშობლების საჯარო განცხადებების შეფასებისგან თავი შეიკავა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“. ამ ორგანიზაციაში გვითხრეს, რომ ინფორმაციის მოკვლევამდე ვერავის პასუხისმგებლობაზე ვერ ისაუბრებენ.

გრიგოლ ხანძთელის სახელობის ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიაში უკვე იმყოფებოდა, თუმცა მხოლოდ ამბის გასაგებად, აჭარის განათლების სამინისტროს შუახევის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე. მან `ბათუმელებს~ უთხრა, რომ მას გიმნაზიის „შიდა საქმეებში“ ჩარევის უფლება არ აქვს:

„ეს საპატრიარქოს სკოლაა. მე გამოძიებას სკოლის შიგნით ვერ ჩავატარებდი, არ მაქვს არანარი აღჭურვილობა და არც გამომძიებელი ვარ, რომ დავადგინო, იყო თუ არა მუქარა. სკოლის ადმინისტრაცია ამ ფაქტებს არ ადასტურებს. მე დედა ბარბარეს შევხვდი, ისაა ახლა სასულიერო გიმნაზიის დირექტორი“.

ხიჭაური

შუახევის რესურსცენტრის დირექტორობამდე ედუარდ გოგრაჭაძე ხიჭაურის სასულიერო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

ერთ-ერთი სასულიერო პირი, ვისაც სკოლის მოსწავლეებმა კედელთან დაყენებასა და და მუქარაში დასდეს ბრალი, დეკანოზი ლაზარე ძნელაძეა. ის ხიჭაურის სკოლის ყოფილი მოძღვარია. დეკანოზი ადასტურებს, რომ მოსწავლეებს შეხვდა, მაგრამ მუქარას უარყოფს. დეკანოზი ლაზარე მოსწავლეების პროტესტს „ბუნტად“ აღიქვამს: „მსგავსი არაფერი ყოფილა, მაჩვენონ ვიდეო, სადაც ეს ჩანს და მე პასუხს ვაგებ. იქ იყო ბუნტი და ამიტომ მივედი, რომ ბავშვებს დავლაპარაკებოდი. მე მათ მოძღვრის გაკვეთილებს ვუტარებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ დეკანოზმა. მან ასევე უარყო მოსწავლეებისთვის თათრების დაძახება. მოგვიანებით დეკანოზმა ლაზარე ძნელაძემ „ბათუმელების“ ინტერნეტგვერდზე ხიჭაურის სკოლის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის კომენტარებში დაწერა: „ისე, ცნობისთვის, ვინც არ იცის, მეუღლე აჭარელი მყავს და ჩემი შვილები ნახევრად აჭარლები არიან“.

ხიჭაურის სკოლაში ყოველდღიურად მოძღვრის გაკვეთილებს მართლმადიდებელი სასულიერო პირები ატარებენ. სკოლის მოსწავლეების თქმით, მოძღვრის გაკვეთილზე დასწრება სავალდებულო არ არის და მას არამართლმადიდებელი მოსწავლეები ინტერესის შემთხვევაში ესწრებიან.

სასულიერო გიმნაზიაში გამოხატული პროტესტის მიუხედავად, სასწავლო ნაწილის გამგედ ნუგზარ ზოსიძე აღარ დაუბრუნებიათ, თუმცა, როგორც ჩანს, მოსწავლეებისა და მშობლების აზრის გათვალისწინება სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსს _ სპირიდონს მაინც მოუხდა: მან სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ ამავე გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი იოსებ დიასამიძე დანიშნა. გიმნაზიის მოსწავლეებისა და მშობლების ინფორმაციით, ეპისკოპოსი სპირიდონი ამ თანამდებობაზე გიორგი მშვენიერაძის დანიშვნას გეგმავდა, რომელიც გასული წლის სექტემბრიდან გიმნაზიის მართვაში არაფორმალურად – ბრძანების გარეშე მონაწილეობდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გიორგი მშვენიერაძე ეპისკოპოს სპირიდონთან დაახლოვებული პირია. მისი, ისე როგორც ეპისკოპოსის წარმოშობის ადგილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტია.

ხიჭაურის სასულიერო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ეჭვობდნენ, რომ ეპისკოპოს სპირიდონს ადგილობრივი კადრების ჩანაცვლება სურდა თავისი ახლობლებით. ვინაიდან სკოლის ადგილობრივი პედაგოგი დანიშნეს სასწავლო ნაწილის გამგედ, ახლა ისინი პროტესტის მიზეზს ვეღარ ხედავენ და უმრავლესობამ გაჩუმება არჩია.
მაგული ნაკაშიძე, მშობელი: „მეუფე სპირიდონი არ შეგვხდა იმის მიუხედავად, რომ იქ შეკრებილი ბევრი მშობელი მოვითოხვდით ამას. ბრძოლის გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან ნუგზარ ზოსიძემ დაბრუნებზე უარი თქვა. ჩვენთვის პრინციპული იყო, დანიშნულიყო ადგილობრივი კადრი.“

ასლან დიასამიძე, მშობელი: „ქედაში ვცხოვრობ, სოფელ ცხმორისში, 100 მეტრში მაქვს სკოლა, მაგრამ ჩემი შვილი ხიჭაურში დადის, ანუ შუახევში.

პროტესტი გვქონდა იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ და არავის აუხსნია, რატომ გაუშვეს წარმატებული სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე… ზეწოლები იყო ბავშვებზე საპროტესტო აქციების დროს. ბავშვები ყვებიან, კედელთან მიგვაყუდეს მამაოებმაო, დაგიმტვრევთ ყბებსო, გაკვეთილებზე შედითო. მერე შესულან გაკვეთილზე, ადექითო, ახლა დაჯექითო, ჯარში ხომ არ იყვნენ ბავშვები? ეს ერთ და ორ ბავშვს არ უთქვამს, ყველამ თქვა“.

გიმნაზიის მოსწავლეებს სასულიერო პირების მუქარაზე საჯაროდ საუბარი აღარ სურთ: „ყველაფერი ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ვაგრძელებთ სწავლას. ეგ აქციები და გამოსვლები იყო ჩვენი გულისტკივილი და მეტი არაფერი. მეც იქ ვიყავი, როცა კედელთან დაგვაყენეს მამაოებმა და… მაგრამ ამის გახსენებას ახლა აზრი აღარ აქვს“, – უთხრა „ბათუმელებს“ ხიჭაურის სკოლის მოსწავლე როენა ზოსიძემ.

მედიასთან საუბარი ასევე არ უნდა გიმნაზიიდან წამოსულ კიდევ ერთ პედაგოგს, რამინ შავაძეს: „რაც ვილაპარაკე, ნეტა, ისიც არ მელაპარაკა… გიდასტურებთ, სასწავლო ნაწილის გამგის – ნუგზარ ზოსიძის გათავისუფლებას უკავშირდება ჩემი წამოსვლა.“

სკოლაში მომუშავე სასულიერო პირებისგან სავარაუდო მუქარის ფაქტებზე ხიჭაურის სასულიერო გიმნაზიის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. მიუწვდომელია ეპისკოპოსი სპირიდონიც. სახელმწიფოსგან დაფინანსებული სკოლის ეზოში შესვლა აკრძალული აქვთ ჟურნალისტებს. სკოლის ადმინისტრაციამ წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ადმინისტრაცია მხოლოდ საკადრო ცვლილებებს შეეხო და თქვა, რომ ეს ცვლილებები „უკეთესად ფუნქციონირების მიზანს“ ემსახურება.

შესაბამისად უცნობია, რას ფიქრობს ეპარქიის ეპისკოპოსი მოსწავლეების განცხადებაზე, რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ და ასევე იმაზეც, ჰქონდა თუ არა ადგილი სასულიერო პირების მხრიდან მოსწავლეების მიმართ მუქარასა და ზეწოლას.

მობილობა – რომელ ფაკულტეტზეა აჭარაში ყველაზე მაღალი კონკურსი

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გარე მობილობის შედეგები დღეს, 8 თებერვალს, გახდება ცნობილი.

განათლების ხარისხის განვითარების ელექტრონული პორტალის მონაცემებით 2015-2016 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოცხადებული ჰქონდა 25 ვაკანტური ადგილი: 22 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის, 1 – დოქტორანტურისა და 2 – ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. მობილობაზე სულ შევიდა 50 განაცხადი: 46 განაცხადი – ბაკალავრიატის, 1- დოქტორანტურისა და 3 – ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე. ყველაზე მაღალი კონკურსი იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამაზეა, სადაც გამოცხადებული იყო სამი ვაკანტური ადგილი, ხოლო განაცხადების რაოდენობაა 11.

ბათუმის საზღვაო აკადემიაში 134 ვაკანტურ ადგილზე (110 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის და 24 – მაგისტრატურის პროგრამაზე) დარეგისტრირდა 19 განაცხადი. ყველა განაცხადი ბაკალავრიატის პროგრამაზეა. ყველაზე მოთხოვნადი იყო საზღვაო ნავიგაციის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტურ ადგილზე 9 განაცხადით.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში წარმოდგენილ 47 ვაკანტურ ადგილზე (40 ვაკანტური ადგილი ბაკალავრიატის და 7 – მაგისტრატურის პროგრამაზე) 10 განაცხადი (ყველა განაცხადი ბაკალავრიატის პროგრამაზე) დაფიქსირდა.

მობილობის მსურველად დარეგისტრირება შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, განათლების ხარისხის განვითარების ელექტრონულ პორტალზე. მობილობის პროცესი ხორციელდება შემოდგომისა და გაზაფხულის სემესტრებში, ცენტრის დირექტორის მიერ დადგენილ ვადებში.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობისთვის რეგისტრაცია 2016 4 თებერვლამდე შეეძლოთ.

მუსლიმები ბათუმში მეჩეთისთვის ტერიტორიის გამოყოფას ოფიციალურად მოითხოვენ

„მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ დღეს რვა თებერვალს, ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით საქართველოს და აჭარის მთავრობას, ქალაქის მერიას და უმაღლეს საბჭოს ოფიციალურად მიმართა.  ტარიელ ნაკაიძემ განცხადება სახელმწიფო სტრუქტურებში, ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის“ სახელით შეიტანა.

როგორც „მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, პეტიციას მეჩეთის მშენებლობის შესახებ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა და სხვა მუსლიმმა  სასულიერო პირებმა მოაწერეს ხელი:

„ვითხოვთ ტერიტორიის გამოყოფას ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის  და შემდეგ მშენებლობის ნებართვას. ადგილი ქალაქის ტერიტორიაზე გვინდა რომ გამოიყოს. გვაქვს სავარაუდო ადგილებიც მინიშნებული,  ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, აღმაშენებელის დასახლება და ან  ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე“-გვეუბნება ტარიელ ნაკაიძე.

ორგანიზაცია „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფი“ მეჩეთის აშენების თაობაზე ხელმოწერებს აგროვებდა. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის 12 ათასი ხელმოწერა შეგროვდა.

დავით კვაჭაძის საკითხი უმაღლეს საბჭოში 10 დღეში უნდა გადაწყდეს

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს დავით კვაჭაძეს უმაღლეს საბჭოში კენჭი ხელახლა უნდა უყარონ. თუ კანდიდატურა ისევ ვერ გავიდა, მაშინ მესამედაც. უსკოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი უმაღლეს საბჭოში კანდიდატურის წარდგენიდან 14 სამუშაო დღეში უნდა გადაწყდეს. დავით კვაჭაძის შემთხვევაში ეს ვადა 18 თებერვალს იწურება.

4 თებერვლის სხდომაზე დავით კვაჭაძემ ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა. გადაწყვეტილების მისაღებად 11 ხმა იყო საჭირო, კენჭისყრაში კი 10-მა დეპუტატმა მიიღო მონაწილეობა.

დავით კვაჭაძე
დავით კვაჭაძე

„სამჯერ კენჭისყრის შემთხვევაში, თუ უმაღლესმა საბჭომ კვლავ არ დაამტკიცა დავით კვაჭაძის კანდიდატურა, მაშინ აჭარის მთავრობა ხელახლა ორ კანდიდატს წარუდგენს უმაღლეს საბჭოს, იმ წევრებიდან, რომლებიც აჭარის მთავრობას  უსკოს საკონკურსო კომისიამ წარუდგინა“- გვუბნება უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კიმისიის თავმჯდომარე, თემურ კახიძე.

ამ ორ კანდიდატს შორის შესაძლებელია იყოს დავით კვაჭაძეც, ან არ იყოს. თუმცა, იურისტები როგორც მთავრობაში, ასევე უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ კანონის მუხლები, რომლებიც თავმჯდომარის არჩევას ეხება, ბუნდოვანია.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი უმაღლესი საბჭო არც დავით კვაჭაძეს დაუჭერს მხარს და არც შემდეგ წარდგენილ ორ კანდიდატს შორის ერთ-ერთს, მაშინ უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლდ  კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდება.

არჩილ ხაბაძემ აჭარის უმაღლეს საბჭოს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის კანდიდატურა  29 იანვარს წარუდგინა. მთავრობის თავმჯდომარემ დავით კვაჭაძე სამ კანდიდატს შორის შეარჩია. მათ შორის ერთი – პაატა ჯალაღონია მისი აპარატის თანამშრომელია, მეორე – დავით ქარცივაძე კი, ბათუმის მერიის თანამშრომელი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი სპეციალისტი უმაღლეს საბჭოში.

აჭარის უმაღლეს საბჭოში მომდევნო სხდომა უახლოეს დღეებში დანიშნული არ არის, თუმცა როგორც თემურ კახიძე ამბობს, ხელმეორე კენჭისყრისთვის  რიგგარეშე  სხდომა დაინიშნება.

“იაფი სახლი” – ბათუმის მერიის თავსატეხი

ნათია ზოიძე

უკვე მეოთხე წელია ბათუმის მერია „იაფი სახლი – სტანდარტული საცხოვრისი თანაქალაქელებს” პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს. იაფი სახლი სოციალური სახლის ერთ-ერთი სახეობაა და ყველ ქვეყანაში მას, ეროვნული კანონმდებლის შესაბამისად, სხვადასხვაგვარად განმარტავენ. იაფი ანუ სოციალური სახლის მშენებლობის იდეა თავისთავად კეთილშობილურია – სახლი ექნება მას, ვისაც საბაზრო ღირებულების გადახდა არ შეუძლია ან მას, ვინც არასათანადო გარემოში ცხოვრობს და თანხას საერთოდ ვერ გადაიხდის. ბათუმის მერიის სამიზნე პირველი კატეგორიაა ანუ ისინი, ვინც ნაქირავებში ცხოვრობენ, აქვთ შემოსავალი, მაგრამ არა ისეთი, რომ კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდეთ.

ბათუმის მერიის მცდელობა მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ მან გადაწყვიტა ოთხსართულიანი სახლის მშენებლობა სახურავიდან დაიწყოს – გადახუროს სახურავი, მეოთხე სართული და ასე ჩავიდეს საძირკვლამდე. რატომ შემექმნა ასეთი შთაბეჭდილება? – გიპასუხებთ: იაფი სახლის მშენებლობაზე ერთხელ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა, მეორედ კი გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა და საძირკვლის გათხრა დაიწყო. ბათუმის მერიას ერთი სული აქვს, ეს თავსატეხი მოიშოროს – სახლი გეგმის მიხედვით, რამდენიმე თვეში ჩაბარდება, მაგრამ ვისთვის აშენებს ამ სახლს, ჯერ არც მერიამ იცის და, შესაბამისად, არც პოტენციურმა მეპატრონემ – ამ დროისთვის ბენეფიციართა კრიტერიუმები და შეთანხმებული პრინციპები არ არსებობს. ბათუმის მერიამ დაახლოებით 9 თვის წინ შექმნა კომისია, რომელიც ამ კრიტერიუმების დადგენაზე იმუშავებდა.
წესით, ჯერ კრიტერიუმები უნდა დაედგინათ, ტენდერი შემდეგ გამოეცხადებინათ.

ტენდერის პირობებით, სახლს, რომლის ღირებულება 4 430 000 ლარია, ლიფტი არ აქვს. შესაბამისად, ოჯახმა, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე წევრი ჰყავს, აუცილებლად პირველ სართულზე უნდა იცხოვროს.

კომისია, რომელმაც კრიტერიუმების დადგენაზე უნდა იმუშაოს, 24-წევრიანია და 9 თვის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ მოახერხა შეკრება. ორივეს ვესწრებოდი – კომისიის წევრების უმრავლესობას სოციალური სახლის მშენებლობასთან კი არა, საერთოდ, სახლის აშენებასთან შეხება არ ჰქონია; კომისიაში სოციალური სფეროს წარმომადგენლები თითქმის არ არიან, მას ტენდერის გამოცხადებამდე რომ ემუშავა, ცხადია, ურბანისტები და არქიტექტორების ყოფნასაც აზრი ექნებოდა. სატენდერო პირობები შესაბამისად ჩამოყალიბდებოდა.

ბათუმის მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლებმა კომისიას სამუშაო დოკუმენტი გაუგზავნეს, სადაც ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებია მოცემული, მაგრამ არა მთავარი: რამდენი უნდა იყოს მოქალაქის მინიმალური და მაქსიმალური ანაზღაურება, რომ ამ სახლის ბენეფიციარი გახდეს – 4 წლის განმავლობაში მერიამ ვერ განსაზღვრა თანხა, რაც მომავალმა ბენეფიციარმა გრძელვადიანად უნდა გადაიხადოს. კომისიას არც ბაზრის კვლევის კომპენტეცია აქვს და არც რესურსი.

თავის მხრივ, მიზნობრივი პროგრამა კვლევას უნდა დაფუძნებოდა (საბჭოთა კავშირის დროს ბინათმშენებლობა კვლევის გარეშე ხრუშოვსაც კი არ დაუწყია, სხვა საკითხია იმ ბინების მშენებლობის ხარისხი). არავის გაურკვევია, ბათუმში სოციალური სახლის აშენებაზე იყო მოთხოვნა, თუ იაფ სახლზე. ქალაქში უსახლკაროთა ერთიანი რეესტრი არ არსებობს, არც ის ვიცით, ბათუმში რამდენი ისეთი პირია რეგისტრირებული, რომელიც ნაქირავებში ბოლო 15 წელია ცხოვრობს, აქვს ხელფასი და თან იმდენი, რომ სახლი გამოისყიდოს. ასეთი ძირითადად საჯარო მოხელეები და ბიზნესსექტორში დასაქმებული მოქალაქეები არიან. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბათუმის მერიაში 2000 ოჯახის განცხადებაა შესული თავშესაფრის მოთხოვნით. ისინი დიდი ალბათობით ბათუმის მერიის `იაფი სახლის~ მცხოვრებლები ვერ გახდებიან.

ვთქვათ, ბათუმში ქირით მცხოვრებ ოჯახთა რიცხვი, სულ მცირე, 1000-ია. მერია წელს მხოლოდ 80 მათგანს დააკმაყოფილებს, პროექტი კი ერთწლიანია. ვეკითხები ამ პროექტის ავტორებს: გაუჩნდება თუ არა დანარჩენს, ვინც ამ სახლში ვერ მოხვდება, უსამართლობის განცდა? არა და, ეს პროგრამა რომ გაგრძელდეს, შეექმნება თუ არა პრობლემა სამშენებლო ბიზნესს, რომლის სამიზნე კონტინგენტი საშუალო ფენაა… მერიას აქვს კეთილშობილური სურვილი, აღმოფხვრას პრობლემა, მაგრამ ასე გაუაზრებლად უფრო დიდ პრობლემას შეიქმნის.

ამ პროცესში ყველაზე არასასურველი ყალბი მოლოდინია, არა და, განცხადებებმა (მათ შორის პოლიტიკოსების) ეს ველი ნამდვილად შექმნა, მაგალითად, ასეთმა: `სოციალურად დაუცველების სტატუსის მქონე მოქალაქეებსაც შეუძლიათ და აქვთ მზაობა გადაიხადონ თანხა. თუ მოქალაქეს აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, ის ამ პროგრამის ბენეფიციარი ვერ გახდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იაფი სახლის კონცეფცია ირღვევა.

ბათუმის მერიის და საკრებულოს წევრები მივლინებებში ხომ დადიან, საინტერესოა, ასეთი პროექტის ევროპული ან ამერიკული ანალოგით თუ დაინტერესდნენ?!

“მე-20 საუკუნის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოდესმე დადგებოდა საცხოვრისის კრიზისი. აქტიურად შენდებოდა ცათამბჯენები და საცხოვრისი ყველასთვის საკმარისი იყო. ბაზრის ეს სეგმენტი მთლიანად კერძო სექტორით იმართებოდა და სახელმწიფოს ჩარევის საჭიროება არ ჩანდა. ყველაფერი შეიცვალა დიდი დეპრესიის დაწყებისთანავე. სიტუაციის განსატვირთად მთავრობამ დაიწყო იაფი სახლების მშენებლობის სუბსიდირება, მაგრამ ოთხ წელიწადში აშენებული 25 ათასი ბინა როდი იყო საკმარისი. პრეზიდენტ რუზველტის ადმინისტრაციამ სამშენებლო საკითხში სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის გადაწყვეტილება მიიღო. კონგრესმა მიიღო საცხოვრისის აქტი, რომელიც განსაზღვრავდა ღარიბებისთვის საცხოვრისის მშენებლობის პრინციპებს და სოციალური ბინების ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებს”, – ეს არის ამონარიდი კოლუმბიის უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის მაგისტრის სალომე ნამიჭეიშვილის სახელმძღვანელოდან.
სოციალური სახლები ამერიკაში ახლაც შენდება.

ამით იმის თქმა მინდა, რომ სოციალური სახლების მშენებლობა ყველა ქვეყანაში კანონის მოწესრიგებით დაიწყეს, ბათუმის მერიის “იაფი სახლის” პროგრამა საქართველოსთვის პრეცედენტულია და მსგავსი პროგრამის განხორციელების პროცედურები, კრიტერიუმები, ასევე სხვა მნიშვნელოვანი პირობები არ არის გაწერილი. მოწესრიგებული კანონმდებლობის შემთხვევაში, ძირითადად, პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისია ბათუმის მერიაში საჭირო საერთოდ არ გახდებოდა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ მარტო ბათუმის მერიის ბრალი არ არის, როცა სახლის აშენება სახურავიდან იწყება.

„ნაციონალები“ ხეებთან მჯდომარე აქციას იწყებენ

დღეს რვა თებერვალს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ბუკნარში, იმ ხეებთან რომლის გადატანასაც ბიძინა ივანიშვილი ახალი პარკისთვის გეგმავს, გრძელვადიან მჯდომარე აქციებს იწყებენ.

„დღეს ჩვენ, 30 ადამიანი ვაპროტესტებს ამ ხეების გადატანას ივანიშვილის პარკში. აპირებენ 40 ძირი ხე ტიტას და ორი ცალი ჭაობის კიპაროსის გადატანას. ჩვენ ამ ხეებს ივანიშვილს არ გავატანთ, უკიდურესი ზომები მიღებაც რომ დაგვჭირდეს. აქვე ახლოს არის რკინიგზა თუ საჭირო გახდა, ამ გზასაც გადავკეტავთ“-გვეუბნება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რეზო ხარაზი.

მისი თქმით, ხეებთან მორიგეობა დაწესდება.

200-წლიანი გიგანტური ხეების გადატანა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 31 დეკემბრის ბრძანებით ხდება. თუმცა, არჩილ ხაბაძის ბრძანება ორი ერთეული ხის (ჭაობის კიპაროსის ხე)  გადატანაზეა გაცემული.

აჭარის მთავრობის ინფორმაცით, ხეები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში გააქვთ, რომელიც ოზურგეთში მოეწყობა.

 

 

აუდიტი: აჭარის დასაქმების სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს

„აჭარაში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ყოველწლიურად გამოიყოფა სახსრები, რათა მოხდეს უმუშევრობის შემცირება რეგიონში, იქნება ეს პროფესიული გადამზადების საშუალებით თუ სხვა ღონისძიებების განხორციელებით. აღნიშნული დაფინანსება მიემართება აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ „დასაქმების სააგენტოში“. აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა დასაქმების პროგრამის შედეგების ეფექტიანობის აუდიტი. სააგენტოს პოზიტიური როლის მიუხედავად იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები, რომელთა აღმოფხვრა ხელს შეუწყობს სააგენტოს უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას“  – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით: „დასაქმების სააგენტოს 2015 წელს არ ჰქონდა  შემუშავებული გადამზადების პროგრამის შედეგების შეფასების მექანიზმი. პროგრამაში არ არის გაწერილი დასაქმების მოსალოდნელი მაჩვენებელი, რაც შედეგების მონიტორინგის შესაძლებლობას ზღუდავს.

ასევე, უკვე გადამზადებული პირების დასაქმების დონის განსაზღვრის მიზნით სააგენტო არ აწარმოებს სარწმუნო მონაცემებს.

კერძოდ, მისი ბაზების მიხედვით გადამზადებული 247 მოქალაქიდან დასაქმების მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგნაირად: 2015 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით 41% არ არის დასაქმებული, 17% დასაქმებულია, ხოლო 42%-თან დაკავშირება შეუძლებლია იმ მიზეზით, რომ ბენეფიციარების ტელეფონის ნომრები არ არის მითითებული ბაზაში. თუმცა აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობა, ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არქონის პირობებში, არაზუსტი და გადაჭარბებული იქნებოდა და უფრო მიმართულია შედეგების მაქსიმალურად წარმოჩენის მიზნით, ვინაიდან შესაძლებელია პირები, რომლებთანაც სააგენტოს განმარტებით „დაკავშირება ვერ ხერხდება“  შესაძლებელია არ იყვნენ დასაქმებულები.

სააგენტომ 2014 წელს განახორციელა მიზნობრივი პროგრამა „შრომის ბაზრის კვლევა“, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო აჭარაში სამუშაო ძალაზე დამსაქმებელთა მოთხოვნის შესწავლა, დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების დადგენა და კადრების მომზადება-გადამზადების სისტემის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული რეკომენდაციები სააგენტოს უნდა გამოეყენებინა დასაგეგმი, ანუ 2015 წლის გადამზადების პროგრამის დაგეგმვის დროს.

2015 წელს სააგენტომ განახორციელა „პროფესიული გადამზდების“ მიზნობრივი პროგრამა, რომლის დაფინანსება ჯამში განისაზღვრა 100 000 ლარით.

სულ პროგრამის ფარგლებში 250 ბენეფიციარიდან გადამზადდა 247 ბენეფიციარი (3 გაირიცხა) და დაიხარჯა 98 947 ლარი. აქედან სწავლების კურსი წარმატებით გაიარა და სერტიფიკატი მიიღო ბენეფიციარების 80 %-მა.

იმ პროფესიების შერჩევისას, რომელშიც უნდა გადამზადებულიყვნენ ბენეფიციარები სააგენტოს მხოლოდ ნაწილობრივ აქვს გამოყენებული 2014 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგები. გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიების და 2014 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილი მოთხოვნადი პროფესიების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დიაგრამის სახით:

დიაგრამა

ამ დიაგრამიდან ჩანს, რომ გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიებიდან მხოლოდ ორი ემთხვევა შრომის ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილ დეფიციტურ და მოთხოვნად პროფესიებს. ესენია: მზარეული და მიმტანი (სარესტორნო საქმის მწარმოებელი).

აღსანიშნავია ისიც, რომ შრომის ბაზრის კვლევის ანგარიშში ჩამოთვლილი მოთხოვნადი პროფესიები არ არის სრულად მოცემული. კერძოდ, ჩამონათვალი მთავრდება „და ა.შ.“ ტექსტით, რაც უნდა გულისხმობდეს, რომ კიდევ არსებობს ჩამონათვალი მოთხოვნადი პროფესიებისა, თუმცა კვლევის შედეგებში არ არის აღნიშნული.

სააგენტოს განმარტებით, დანარჩენი პროფესიების, ანუ გადამზადებისათვის შერჩეული პროფესიების აბსოლუტური უმრავლესობის შერჩევა მოხდა მათთან შემოსული ვაკანსიების ანალიზის საფუძველზე.

2015 წელს განხორციელებული „პროფესიული გადამზადების“ პროგრამის მიზანი იყო შრომის ბაზრის საჭიროებებზე ორიენტირებულ პროფესიებში ბენეფიციარების გადამზადება. ამ ტიპის პროფესიების შერჩევა კი უნდა მომხდარიყო 2014 წელს განხორციელებული „შრომის ბაზრის კვლევის“ შედეგებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული.

აუდიტის რეკომენდაციაა სააგენტომ უზრუნველყოს პროფესიული გადამზადების პროგრამების შეფასების კრიტერიუმების გადახედვა და საბოლოო შედეგების განსაზღვრა, რომელიც იქნება ორიენტირებული სამუშაოს მაძიებლის დასაქმებაზე სასწავლო კურსის გავლის შემდგომ, ასევე პროგრამის განხორციელების პერიოდში ეფექტიანი მონიტორინგი“.

დასაქმების სააგენტოში 2016 წლის მიზნობრივი ქვეპროგრამის ,,პროფესიული გადამზადების’’ მოსარგებლეთა შერჩევის მიზნით, განაცხადებების მიღების პარალელურად გასაუბრებაც დაწყებულია.

ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა არ გაიყიდა

ბათუმში, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე კვლავ ვერ გაყიდა. ამჯერად ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 4 მილიონ 95 ათასი აშშ დოლარი იყო. აუქციონი არ შედგა.

აუქციონი არ შედგა მაშინაც, როცა იგივე ქონება სამინისტროს 5 მილიონ 850 ათას აშშ დოლარად ჰქონდა აუქციონზე გატანილი [გასული წლის ნოემბერში].

ამჯერად, აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველს შენობაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში სასტუმრო, სამორინე და საზოგადოებრივი დანიშნულების სხვა ობიექტ[ებ]ი უნდა მოეწყო, რაშიც არანაკლებ 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.

სამინისტროს, აღნიშნული ქონების გაყიდვის პირობებში თავდაპირველად სასტუმროსა და სამორინეს მოწყობა ჩადებული არ ჰქონდა, თუმცა კაზინოს მოწყობის პირობის მიუხედავად,  ამ შენობით მაინც არავინ დაინტერესდა.

შენობას, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს გუმბათი მიაშენეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. გუმბათში დამონტაჟებული საათი კი ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა
ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა ბათუმში

მონიტორინგის ინსტრუმენტები – შესაძლებლობა ინკლუზიური განათლების შესაფასებლად

ასოციაცია „დეამ“ პარტნიორ ორგანიზაციებთან: „GNNთ ჯგუფთან“ და „სთეფ- ფორვარდთან“ ერთად დაასრულა მუშაობა პროექტზე – „უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“, რომელიც დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ.

პროექტის ფარგლებში შემუშავდა მონიტორინგის ინსტრუმენტი ინკლუზიური განათლების სფეროში. აღნიშნულ ინსტრუმენტს საფუძვლად დაედო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განვითარების ევროპული სააგენტოს [EADSNE] მიერ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სისტემისათვის შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების მოდელი, ქართული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური ინსტიტუტების, პროექტის ფარგლებში ჩატარებული საველე კვლევებისა და შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების პილოტირების შედეგები სამი რეგიონის სკოლამდელ, სასკოლო, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

მადონა ხარებავა
მადონა ხარებავა

გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის დირექტორთან მადონა ხარებავასთან:

ქალბატონო მადონა, რამ განაპირობა პროექტის უწყვეტი განათლება ინკლუზიითგანხორციელების აუცილებლობა?

ასოციაცია „დეა“ 2004 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გზა ინკლუზიისკენ“, რომლის მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. პროგრამის ფარგლებში ასოციაციას უკვე რამდენიმე პროექტი აქვს განხორციელებული. უნდა ითქვას, რომ ინკლუზიური განათლების სისტემის სრულყოფისთვის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ეფექტური მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული მდგომარეობა და განსახორციელებელი ცვლილებები. ამ პროექტის წინაპირობა გახლდათ ისიც, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების განვითარების ევროპული სააგენტოს [EADSNE] მიერ 2011 წელს ინკლუზიური განათლების სფეროში ერთიანი საგანმანათლებლო ევროპული სივრცისთვის შეიქმნა მონიტორინგის ინსტრუმენტები და ამდენად, ჩვენ ბუნებრივად მივედით იქამდე, რომ შეგვემუშავებინა საქართველოს ინკლუზიური საგანმანათლებლო სისტემისთვის მორგებული მონიტორინგის ინსტრუმენტები. ჩვენ კარგად გვქონდა გააზრებული, რომ ინკლუზიური განათლების სფეროში პროცესები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად მიმდინარეობს ქვეყნების კულტურული, რელიგიური, წეს – ჩვეულებებისა და სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური სიტუაციების გათვალისწინებით, ამიტომ საქართველოში მონიტორინგის ინსტრუმენტების ევროპული მოდელის ხელოვნურად გადმოტანა უშედეგო იქნებოდა.

ინსტრუმენტები შემუშავდა საქართველოში ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, პრაქტიკის, რესურსებისა თუ საგანმანათლებლო პროცესების, ჩვენი ქვეყნისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების, სამ რეგიონში  [თბილისში, აჭარასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში] საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურზე [სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უნივერსიტეტი] შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტების პილოტირების შედეგების გაანალიზებითა და გათვალისწინებით. ევროპული სააგენტოსგან ჩვენ ავიღეთ ევროპული მონიტორინგის ინსტრუმენტებისა და სააგენტოს ანგარიშის გამოყენების ნებართვა, რაც ჩატარებულ საველე კვლევების ანალიზთან ერთად გახდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტის საფუძველი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ ასოცირებულ წევრებთან –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებთან – „NNT ჯგუფსა“ და „სთეფ-ფორვარდთან“ ერთად დავიწყეთ მუშაობა მონიტორინგის ინსტრუმენტების შექმნაზე. პროექტში აქტიურად იყო ჩართული ექსპერტი მარტინ როუსი – აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორი შოტლანდიიდან, რომელიც ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა მონიტორინგის ინსტრუმენტების ევროპული მოდელის შემუშავებაში, ჩართულნი იყვენენ ასევე ადგილობრივი ექსპერტები: თამარ მახარაძე და ნინო გოგიჩაძე, რომელთა შრომა და წვლილი მონიტორინგის მოდელის შემუშავების პროცესში უდიდესია და მათ ამ შრომისთვის ვუხდი განსაკუთრებულ მადლობას.

რა იყო პროექტის უმთავრესი მიზანი, გამოწვევები და შედეგები?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების დანერგვისა და განვითარების მიმართულებით მთელი რიგი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, თუმცა საქართველოში დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი ეფექტური მონიტორინგის სისტემა და არ არსებობს მონიტორინგის ინსტრუმენტები არა მხოლოდ ინკლუზიური განათლების, არამედ, ზოგადად, განათლების სფეროში. ეს იყო სწორედ უმთავრესი გამოწვევა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის და საფუძველი, გნებავთ, მოტივაცია ჩვენი პროექტის განხორციელებისთვის. განათლება, რომელსაც იღებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ან ახალგაზრდა, უნდა იყოს სხვათა თანაბრად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ინკლუზიური განათლების სფეროში განათლების ხარისხის ზრდა აპრიორი აისახება ზოგადად განათლების სფეროში განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ზრდაზე. ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეწყო სკოლამდელი აღზრდის საფეხურიდან, ამდენად, თავისთავად ცხადია, საველე კვლევები და, ზოგადად, კვლევები ჩავატარეთ განათლების ოთხივე საფეხურზე და მონიტორინგის ინსტრუმენტის მოდელიც შევიმუშავეთ ოთხივე საფეხურისთვის. პროექტზე მუშაობისას ჩვენ კარგად გვესმოდა, რომ სახელმწიფოს ვალდებულება ოთხივე საფეხურზე სხვადასხვაა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ თითოეულ საფეხურზე სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მოსწავლე-ახალგაზრდისთვის, გნებავთ, მოზრდილთათვის თანაბარი შესაძლებლობები. ძირითადი აქცენტი კვლევებისას და მოდელის შემუშავებისას მაინც გავაკეთეთ ზოგად განათლებაზე, ანუ სკოლებზე, თუმცა, ჩვენ მოვახდინეთ ერთიანი მონიტორინგის ინსტრუმენტების მოდიფიცირება და დღეს უკვე ოთხივე საფეხურისთვის გვაქვს შემუშავებული ცალ-ცალკე ინსტრუმენტები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი აისახება ინკლუზიური განათლების სფეროში მომავალში მოსალოდნელ პოლიტიკურ ცვლილებაზე. მიგვაჩნია, რომ ინსტრუმენტები საჭიროებს დახვეწას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსებული ინსტრუმენტები იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას შეფასდეს ინკლუზიური განათლების სფეროში არსებული და მიმდინარე პროცესი. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო ასოცირებული ყველა წევრის მიმართ, პარტნიორი ორგანიზაციების, მონიტორინგის ჯგუფების, ექსპერტებისა და პროექტში მონაწილე ყველა სუბიექტის მიმართ. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსს ნათია ჯოხაძეს, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსს ეკატერინე დგებუაძეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროგრამის დირექტორს მარიკა ზაქარეიშვილს, თამარ ისაკაძეს, რუსუდან ტატიშვილსა და ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ყველა თანამშრომელს, რომლებიც პროექტის მიმდინარეობის დროს აქტიურად იყვნენ ჩართულნი და, რაც მთავარია, ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისა და ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობისთვის.

 

EU-LogoDEA-Logo

სავალდებულო დასწრება ლექციაზე – სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი

რამდენიმე თვის წინ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების შეფასების სისტემაში ორი კომპონენტი შეიცვალა – სავალდებულო გახდა სალექციო კურსის 50%-ზე დასწრება და უმაღლესი ქულის მოპოვებისთვის ყველა სასემინარო მუშაობაში ჩართვა, როცა ადრე საკმარისი იყო სტუდენტებს მონაწილეობა მიეღოთ სემინარების მხოლოდ მესამედში. ზოგიერთი სტუდენტი ცვლილებებს არაეფექტურად მიიჩნევს, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეფასებით კი, უმაღლესი სასწავლებლის აუდიტორიებსა და ბიბლიოთეკებში სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა, რაც, მისი აზრით, სტუდენტების სასწავლო პროცესით დაინტერესებაზე მიუთითებს.

„უნივერსიტეტში უფრო მრავალფეროვანი გახდა შეფასების მეთოდებიც, თუ ადრე სემინარზე ძირითადად ზეპირი გამოკითხვა გამოიყენებოდა, ახლა იგი რეფერატს, ქვიზს, წერით და ზეპირ სამუშაოებსაც მოიცავს. ვფიქრობ, ამ ფაქტორმაც იმუშავა და დააინტერესა სტუდენტები“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში.

ზოგიერთი სტუდენტი კი მიიჩნევს, რომ შეფასების მეთოდების მრავალფეროვნება მხოლოდ ფორმალობაა, რეალურად კი ლექტორები სტუდენტების გამოსაკითხად კვლავ ძველ მეთოდებს იყენებენ. „შეუძლებელია სტუდენტი ყველა სემინარს დაესწროს, ასეც რომ იყოს, ყველას მიზანია ყველა სემინარზე მიიღოს შეფასება, მაგრამ სემინარზე გამოკითხვის მეთოდი უმეტესად მაინც ვერბალურია და ლექტორს თითოეული მათგანის გამოსაკითხად დრო ფიზიკურად არ ეყოფა“, – ამბობს ბსუ-ს მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი ჯაფარიძე.

სტუდენტური გაერთიანება – „ბსუ კულისებში“ უნივერსიტეტში არსებული სიტუაციის ანალიზისა და პრობლემების იდენტიფიცირებისთვის ონლაინგამოკითხვას აწარმოებს. გამოკითხვის ერთ-ერთი ავტორის დავით ფარტენაძის თქმით, კითხვაზე, თუ რა მეთოდებს იყენებენ ყველაზე ხშირად ლექტორები სემინარის დროს, გამოკითხული 200 სტუდენტიდან დაახლოებით 75% ვერბალურ ანუ ზეპირ მეთოდს ასახელებს.

„სილაბუსებში ყველამ გაწერა გამოკითხვის სხვადასხვა მეთოდი, პრეზენტაციები, ქვიზები, სიტუაციური თამაშები, მაგრამ იშვიათად ხდება ამ ახალი მეთოდებით გამოკითხვა. მე, მაგალითად, სიმულაციური თამაში ამ სემესტრში არ მქონია და ძალიან მაინტერესებს რას გულისხმობს ეს“, – ამბობს ირაკლი ჯაფარიძე. მისივე თქმით, ზეპირი გამოკითხვების შემდეგ, ლექტორები შეფასების მეთოდებად ყველაზე ხშირად პრეზენტაციებსა და შედარებით უფრო იშვიათად – ქვიზებს იყენებენ.

მერაბ ხალვაშის შეფასებით, სტუდენტების უკმაყოფილების მიზეზი ნაწილობრივ ისიც არის, რომ ბსუ-ში სწავლა გართულდა: „ძალიან კარგია, რომ ასეა. ჩვენთან სწავლა შედარებით მარტივი იყო. როცა 15 თემიდან მხოლოდ 5 თემას მოამზადებ და ფრიადს მიიღებ, ეს ნიშნავს, რომ სწავლა მარტივია. კონკრეტულ შედეგებზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო მეტმა სტუდენტმა მიაკითხა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს. პრობლემა კომპლექსურია. შეფასების უფრო მოქნილი სისტემა, ლექციების 50%-ზე დასწრება და ქვიზების [გამოკითხვის ფორმა] სისტემის შემოღება ერთ-ერთ მექანიზმად გამოვიყენეთ, მაგრამ ჩვენ სწავლების ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებაზე უნდა ვიზრუნიოთ, რადგან რამდენიმე მიმართულებით ამის სერიოზული პრობლემა არსებობს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

სტუდენტების უმეტესობა კი მიიჩნევს, რომ ლექციებზე სტუდენტთა არ დასწრების მიზეზი უინტერესო ლექციებია. „თუ ჩვენ გვავალდებულებენ, რომ დავესწროთ ყველა საგანში სალექციო კურსის 50%-ზე მეტს, მაშინ შესაბამისი ხარისხის ლექციაც უნდა დაგვახვედრონ. თუ უნივერსიტეტში იქნება განათლების მაღალი დონე, აღარ იქნება დამატებითი ვალდებულებების შემოტანის აუცილებლობა“, – ამბობს მარკეტინგის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი დავით ფარტენაძე. “მთავარი მოტივი ამ ცვლილებისა იყო ლექციებსა და სემინარებზე სკამებისა და ადგილების შევსება და არა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება“, – მიიჩნევს ის.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი საკმარისი რაოდენობის ლექციას არ დაესწრება, მიუხედავად სემინარული აქტივობებისა, იგი გამოცდაზე არ დაიშვება, თუმცა ადმინისტაციამ გამონაკლისი დაუშვა. „იმ სტუდენტებს, რომლებიც არიან დასაქმებული, შესაბამისი ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში საშუალება ეძლევათ კონსულტაციის რეჟიმში მივიდნენ პროფესორ/მასწავლებლებთან და გაიარონ ის საათები, რომლებსაც სამსახურის გამო ვერ დაესწრნენ“, – განმარტავს მერაბ ხალვაში.

ფსიქოლოგიის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ქიქავაც ამჩნევს, რომ ბოლო დროს სტუდენტები ლექციებს ესწრებიან, თუმცა მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციამ ცვლილების ფორმულირებისას შეცდომა დაუშვა, როცა ლექციებზე დასწრების მოტივაციად ნეგატიური კონტექსტი გამოიყენა: „სტუდენტები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ დაესწრონ ლექციების იმ რაოდენობას, რასაც უნივერსიტეტის სისტემა მოითხოვს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა გაცდენებში კი არ დაწერილიყო „არები“ [რის გამოც ისინი არ დაიშვებიან გამოცდაზე], არამედ დასწრების სანაცვლოდ მიეღოთ ქულები და ამით წახალისებულიყვნენ. ამ შემთხვევაში ახალ რეგულაციას სტუდენტების ასეთი უკმაყოფილება არ მოჰყვებოდა“.

ბსუ-ს მენეჯმენტის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი ბაგრატიონი მიიჩნევს, რომ ცვლილებების შედეგი სტუდენტების გააქტიურებასთან დაკავშირებით, მოჩვენებითია: „ის, რასაც ეს რეფორმა ებრძვის, არ წარმოადგენს პრობლემის სათავეს და ეს ცვლილება ემსახურება უნივერსიტეტში არსებული პრობლემის, ამ შემთხვევაში, ლექციების დაბალი ხარისხის გადაფარვას და წარმოსახვითი მდგომარეობის შექმნას. „რეფორმა“ ებრძვის პრობლემის შედეგს და არა პრობლემას.“

ლექციებზე სტუდენტების მოსაზიდად ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლების განმავლობაში სხვადასხვა მექანიზმს მიმართავდა. დაახლოებით 10 წლის წინ ბსუ-ში გაცდენებზე ფულადი ჯარიმის ამოქმედებაც კი სცადეს, თუმცა მალევე გააუქმეს.

სტუდენტების მიერ ლექციების გაცდენის საკითხი მხოლოდ ქართული უნივერსიტეტების პრობლემა როდია. რამდენიმე წლის წინ მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამავე უნივერსიტეტში ყოველი ოთხი სტუდენტიდან სამი ლექციების დაახლოებით 75%-ს ესწრებოდა.

გამოკითხული სტუდენტების უმეტესობამ ლექციების გაცდენის ძირითად მიზეზად ლექციების ხარისხი დაასახელა.

ევროპისა და ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობს ლექციებზე დასწრების ორივე ფორმის პრაქტიკა – სავალდებულო და თავისუფალიც. დასწრების ფორმა კონკრეტულ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზეა დამოკიდებული.

უნივერსიტეტი

ვინ არიან პოლიციის დეპარტამენტების დირექტორები რეგიონებში

15 იანვარს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში რეორგანიზაციის შესახებ განაცხადა. მინისტრმა მაშინ თქვა, რომ ამას აუცილებლად მოყვებოდა სისტემური ცვლილებები, თუმცა მინისტრის განცხადებიდან ორ კვირაში ირკვევა, რომ ქვეყნის რეგიონებში, ანუ არსებული პოლიციის რეგიონული 10 დეპარტამენტიდან, მხოლოდ სამში – აჭარაში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში შეიცვალა დირექტორი.
ყველაზე ხმაურიანი ცვლილება მაინც აჭარის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა – ამ დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, 30 წლის ბესიკ ამირანაშვილი, შს მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
აჭარაში გადმოსვლამდე ბესიკ ამირანაშვილი კახეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი იყო. ზოგადი ტენდენციით თუ ვიმსჯელებთ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში პოლიციაში მაღალ თანამდებობზე ინიშნებოდნენ  პირები, რომლებმაც კარიერა კახეთის რეგიონში დაიწყეს. ქართული მედია მაშინდელ შს სამინისტროს საკადრო პოლიტიკას ხშირად უკავშირებდა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს.
თუმცა, ბესიკ ამირანაშვილმა პრემიერის გადადგომის შემდეგ არამხოლოდ შეძლო თანამდებობის შენარჩუნება, არამედ დაწინაურდა კიდეც.
ბესიკ ამირანაშვილი თავისი ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობს – 2014 წლის შემდეგ სესხის სახით ამ ბანკიდან 55 ათასი დოლარი სესხი აქვს აღებული. მინისტრის მოადგილეს ამ თანხით თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, 106 კვადრატული მეტრი ბინა და 40 კვადრატულ მეტრამდე ორი ავტოფარეხი შეუძენია.
კახეთის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის დროს ბესიკ ამირანაშვილის თანამდებობრივი სარგო 96 345 ლარი ანუ თვეში 8 ათასი ლარი იყო.
ბესიკ ამირანაშვილი თანამდებობაზე აჭარაში შეცვალა ასევ 30 წლის ლაშა გოგნიაშვილმა. ლაშა გოგნიაშვილი ბათუმში სამუშაოდ 2015 წელს იმერეთიდან გადმოვიდა, სადაც ის ქუთაისის პოლიციის უფროსი იყო; ბათუმშიც ქალაქის პოლიციის უფროსად დაინიშნა.
2012 წელს ლაშა გოგნიაშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა ძალადობაში დაადანაშაულეს. 2012 წლის 24 სექტემბერს „ქართული ოცნების“ ქარელის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა გიორგი ბერუაშვილმა განაცხადა, რომ ქარელის პოლიციის უფროსი ლაშა გოგნიაშვილი, სამ თანმხლებ პირთან ერთად, ქუჩაში დახვდა და მისთვის იარაღის ჩადებას ცდილობდა. გიორგი ბერუაშვილი მაშინ ყვებოდა, რომ ლაშა გოგნიაშვილი „დღისით-მზისით გაეკიდა, იარაღი დაუმიზნა და სროლით დაემუქრა“.
ლაშა გოგნიაშვილს 2014 წლისთვის უძრავი ქონების სახით 61 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართობი ჰქონდა თბილისში, ხოლო მის მამას – სახლი ქართლის ერთ-ერთ სოფელში. ლაშა გოგნიაშვილს „საქართველოს ბანკიდან“ სესხის სახით 16 ათასი დოლარი აუღია 2011 წელს.
ბოლო ცვლილებებით გურიის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად 39 წლის კახა მურადაშვილი დაინიშნა. 2015 წელს ის ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე კი იმავე რეგიონში პროკურორად მუშაობდა. კახა მურადაშვილმა ამ თანამდებობაზე კობა ცერცვაძე შეცვალა, რომელიც ბოლო დროს სკანდალში გაეხვა – ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეუშალა.
სამეგრელო, ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად კვლავაც 35 წლის გურამ (გიგა) ზესაშვილი რჩება. ის სამეგრელოს პოლიციაში პირველ პირად 2014 წლიდან მუშაობს. ზოგადად, გიგა ზესაშვილის კარიერა სამეგრელოსთან არის დაკავშირებული, ის სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე ამ რეგიონში 2010 წლიდან მუშაობს.
ინტერნეტგამოცემები გურამ ზესაშვილთან დაკავირებით წერენ, რომ ის თბილისში 2012 წელს მიტინგის დარბევაში მონაწილეობდა. საძიებო სისტემაში გურამ ზესაშვილის სახელისა და გვარის მითითების შემდეგ იძებნება ისეთი ინფორმაციები, რომლებიც მისი მხრიდან სხვადასხვა პირის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას უკავშირდება. ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისა თუ მისი შედეგების შესახებ ინტერნეტში არაფერი იძებნება.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიგა ზესაშვილს თუ მისი ოჯახის სხვა წევრებს უძრავი ქონება სამეგრელოში არ გააჩნიათ. გიგა ზესაშვილის მეუღლეს ერთი ბინა ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე აქვს დარეგისტრირებული, ხოლო ორი ბინა თბილისში.
რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ გადადგომაზე განცხადება დაწერა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის 42 წლის დირექტორმა მერაბ ჩიხლაძემაც. თანამდებობაზე მერაბ ჩიხლაძე განცხადების დაწერიდან ხუთ დღეში დააბრუნეს. მერაბ ჩიხლაძე იმ იშვიათ პოლიციელთა რიგებს მიეკუთვნება, რომლებსაც უძრავი ქონება თბილისში არ გააჩნიათ. იმერეთის პოლიციის უფროსს სამი ერთეული უძრავი ქონება აქვს ქუთაისში.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ისევ 32 წლის თეიმურაზ კალანდაძე რჩება. თეიმურაზ კალანდაძე რეგიონულ დეპარტამენტების ხელმძღვანელებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოქალაქე, ვისაც რეგიონული პოლიცია აკავებდა, ცემაში სდებდა ბრალს. თეიმურაზ კალანდაძისთვის სასტიკი საყვედური აქვს გამოცხადებული გენერალურ ინსპექციას ერთ-ერთი პატიმრის მეუღლესთან რომანის გაბმის გამო. გენინსპექციამ კალანდაძის ირგვლივ მოკვლევა სწორედ ამ ქალის განცხადების საფუძველზე დაიწყო და დაადასტურა კიდეც, რომ ქალი არ იტყუებოდა.
ეს არ იყო ბოლო სკანდალი, რაც თეიმურაზ კალანდაძეს უკავშირდება – გასულ წელს კიდევ ერთი სისხლის სამართლის დამნაშავის 17 წლის დამ უთხრა ჟურნალისტებს, რომ მას პოლიციის უფროსი გაუპატიურებით ემუქრებოდა. თეიმურაზ კალანდაძე ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.
თეიმურაზ კალანდაძის ოჯახის წევრები – მამა და და სამართალდამცავ უწყებებში მუშაობენ თანამდებობებზე – მამა გიორგი კალანდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ანტიკორუფციული სააგენტოს მართვისა და კონტროლის განყოფილების უფროსია, ხოლო და – ქეთევან კალანდაძე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მუშაობს ინსპექტორად.
ოჯახს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული აქვს თბილისში არსებული სამი ერთეული უძრავი ქონება. უძრავ ქონებას კალანდაძეების ოჯახი მუნიციპალიტეტებშიც ფლობს.
კახეთში პოლიციის ხელმძღვანელი ისევ 35 წლის გიორგი ბუბუნაური იქნება. ეს პოლიციელი კოლეგებს შორის ერთადერთია, ვისაც საკუთარი მობილურის ნომერი პოლიციის ვებგვერდზე აქვს მითითებული და პასუხობს კიდეც სატელეფონო ზარებს. გიორგი ბუბუნაური კახეთში პოლიციის უფროსად მას შემდეგ დაინიშნა, რაც დღევანდელი მინისტრის მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა დატოვა აღნიშნული თანამდებობა.
გიორგი ბუბუნაურის ოჯახი სამ ერთეულ უძრავ ქონებას ფლობს თბილისში _ სახლი, მიწის ნაკვეთი, ავტოფარეხი. გიორგი ბუბუნაურს „საქართველოს ბანკში“ სესხის სახით 10 ათასი ლარი აუღია 2015 წელს.
15 იანვრის რეორგანიზაციის პირობებში შეიცვალა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ივანე ზურაბაშვილს 40 წლის დიმიტრი ზურაბიშვილი ჩაენაცვლა.
დიმიტრი ზურაბიშვილი მანამდე, სამი წლის განმავლობაში, იმავე დეპარტამენტში მუშაობდა დეტექტივების სამმართველოს უფროსად, უფრო ადრე კი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში – სხვადასხვა თანამდებობაზე.
თანამდებობები შეინარჩუნეს ქვემო და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებმა – 37 წლის ლევან კვიციანმა და 42 წლის იაგო საურიმ.
იაგო საური შიდა ქართლში პოლიციის უფროსად 2013-2014 წლებშიც მუშაობდა. მის ხელმძღვანელად ყოფნის დროს დაკავებული მოქალაქეების ცემის ფაქტი დაფიქსირდა. უცნობია, რამდენად უკავშირდებოდა 2014 წელს იაგო საურის კადრების განკარგულებაში გადაყვანა ამ სკანდალებს.
იაგო საურის ოფიციალურად დარეგისტრირებული ქონებრივი მდგომარეობა ასე გამოიყურება – საცხოვრებელი ბინა და საცხოვრებელი სახლი თბილისში. მას, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით არც ერთ ბანკში არ აქვს კრედიტი აღებული.
თავისი კოლეგების უმრავლესობის მსგავსად თბილისშია დაბადებული ლევან კვიციანიც. მას მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ბინა აქვს დედაქალაქში.
Exit mobile version