მთავარი,სიახლეები

ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე

11.02.2016 • 2482
ბულვარის შადრევნები მოვლა-ექსპლუატაციის გარეშე

ბულვარის ადმინისტრაციამ შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციაზე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ადმინისტრაციის განცხადებით  მიზეზი კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმაა. ბათუმის ბულვარი აღნიშნული სამუშაოების ხელახლა შესყიდვას გამარტივებული წესით აპირებს.

ბულვარმა 2016 წელს შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციისთვის ტენდერი გასული წლის ნოემბერში გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 208 528 ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ – შპს “ვლს” და შპს “ტექნოსერვისმა”, ხოლო გამარჯვებულად შპს „ტექნოსერვისი“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება – 183 474 ლარზე მიმდინარე წლის 18 იანვარს გაფორმდა [მანამდე ბულვარის გადაწყვეტილება – ხელშეკრულების გასაფორმებლად “ტექნოსერვისის“ მიწვევაზე – შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა “ვლს”-მ, ტენდერი შეწყდა და განახლდა 2016 წლის 14 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც დავების საბჭომ “ვლს”-ს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა].

ბულვარის დოკუმენტების მიხედვით: „2016 წლის 04 თებერვალს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციაში, შპს „ტექნოსერვისის“ მიერ შემოტანილი იქნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ვერ ახერხებენ შადრევნების გამართულ მუშაობას, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიაში დასაქმებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები“.

ბულვარი

ბულვარი

შადრევნების მუშაობასთან დაკავშირებით არსებობს ბულვარის ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომზადებული წერილი ბულვარის ადმინისტრაციისადმი, რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენ მიერ 2016 წლის 01 თებერვლიდან 2016 წლის 04 თებერვლამდე, ყოველდღიურად ხდებოდა მიმწოდებლის კონტროლი თუ როგორ ასრულებდა ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებას. მოგახსენებთ, რომ მომწოდებელმა საერთოდ ვერ უზრუნველყო შადრევნების გამართული მუშაობა.

კერძოდ: ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შადრევანზე ვიზუალურად ჩანდა, რომ შადრევნის მუსიკალური და წყლის ჭავლები სინქრონულად არ მუშაობდა, რაც სავარაუდოდ შადრევნის პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართავი მუშაობის მიზეზია, რაც თავისთავად შესაძლოა გამოეწვია არასათანადო მოქმედებებს შადრევნის კომპიუტერის მართვის დროს.

იუსტიციის სახლის წინ, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მდებარე შადრევანზე სამართავი კარადა და შადრევნის კომპიუტერულ პროგრამას შორის დარღვეულია სინქრონიზაცია, რის შედეგადაც შადრევნის სამართავი კარადა არ რეაგირებს ავტომატურ რეჟიმზე.

რაც შეეხება ახალ ბულვარში მდებარე შადრევნებს, მესამე შადრევანში ქარის შედეგად გადაღვრილი იქნა წყალი აუზის გარეთ და ტუმბოებმა იმუშავა წყლის გარეშე“.

„ბათუმის ბულვარმა“ მიმართა შესყიდვების სააგენტოს, რომელშიც აღნიშნულია: „ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურების შესყიდვაზე განმეორებით უნდა გამოცხადდეს ელექტრონული ტენდერი, რასაც სჭირდება 20 დღე, ასევე ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება თანხმობის მიღებიდან ბათუმის ბულვარში არსებული შადრევნების მოვლა-ექსპლუატაციის მომსახურება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელდეს 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით“.

სააგენტოს პასუხს ბულვარის ადმინისტრაცია 12 თებერვალს მიიღებს.

ბულვარის ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე განთვასებულია 10 შადრევანი და 7 არხი, რომელებსაც ყოვლდღიურად ესაჭიროება მოვლა-ექსპლუატაცია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: