Batumelebi | მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში – Batumelebi
RU | GE  

მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში

გასული წლის ბოლოს, დეკემბერში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის აპარატისა და დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის პრემიის სახით ბიუჯეტიდან 117 810 ლარი, ხოლო სახელფასო დანამატის სახით 59 525 ლარი გაიცა. წინა წლებისგან განსხვავებით, მთავრობამ წელს არ დააკონკრეტა, ვის რამდენი ერგო პრემიის სახით – „ბათუმელებს“ მთავრობიდან მხოლოდ საერთო ციფრი მოაწოდეს. არჩილ ხაბაძისგან განსხვავებით, პრემიები საიდუმლოდ არ დაუტოვებიათ მისი მთავრობის მინისტრებს.

გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, მინისტრებს საახალწლოდ პრემია არ აუღიათ. სამინისტროებიდან ყველაზე მაღალი პრემიებით კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოირჩეოდა. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს, იონა წითელაძეს დეკემბერში სახელფასო დანამატის სახით 1597 ლარი, ხოლო პრემიის სახით 2 130 ლარი ერგო. მინისტრის მეორე მოადგილის რამაზ ბოლქვაძის სახელფასო დანამატმა და პრემიამ კი გასული წლის დეკემბერში ჯამში 3412 ლარი შეადგინა. წინასაახალწლოდ პრემია არ აუღია მინისტრის მესამე მოადგილეს ბესიკ ბოლქვაძეს, მას მხოლოდ სახელფასო დანამატი – 1462 ლარი დაერიცხა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, არჩილ სირაბიძემ გასული წლის ბოლოს პრემიის სახით 1540, ხოლო დანამატის სახით 924 ლარი მიიღო. პრემიის სახით 3080 ლარი გამოუწერეს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსს თეა ჯანაშიას, ამავე თვეში მან დანამატის სახით 924 ლარი მიიღო. ამდენივე ერგო პრემიისა და დანამატის სახით ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის უფროსს, ნუგზარ ძნელაძეს და იურიდიული დეპატამენტის უფროსს, გელა ცინცაძეს.

1775 ლარი ერგო პრემიის სახით სამინისტროს შესყიდვების სამსახურის უფროსს, პაატა ცეცხლაძეს, პარალელურად მას დანამატის სახით 587 ლარი დაურიცხეს. 2350 ლარი ერგო პრემიის სახით სამინისტროს რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირებისა და შესრულების ანალიზის განყოფილების უფროსს, დავით ბერიძეს, დანამატის სახით კი მასაც 587 ლარი დაერიცხა. 1325 ლარი დაერიცხათ ამავე განყოფილების მთავარ სპეციალისტებს.

2350 ლარი პრემიის სახით და 587 ლარი დანამატის სახით მიიღო სამინისტროს ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის განყოფილების უფროსმა. 1550 ლარი დაერიცხა პრემიის სახით ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსს, ზურა ჭურკვეიძეს. საერთო ჯამში კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გასული წლის დეკემბერში, პრემიის სახით, 107 625 ლარი, ხოლო დანამატის სახით 46, 043 ლარი გასცა.

პრემიების გაცემის თვალსაზრისით არც ისე ხელგაშლილი აღმოჩნდა განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ყველაზე მაღალი პრემია აქ მხოლოდ ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსს, ჯემალ სურმანიძეს ერგო – 1232 ლარი, მოადგილეებს: ნათია სირაბიძეს პრემიის სახით – 955 ლარი, ვალერი ბერაძეს – 390 ლარი, ხოლო ვლადიმერ მგალობლიშვილს 955 ლარი ერგო. საერთო ჯამში, განათლების სამინისტრომ პრემიისა და დანამატის სახით 63 000-მდე ლარი გასცა.

საახალწლოდ პრემიები არც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებს მიუღიათ. ამ სამინისტროში ყველაზე მაღალი პრემია – 513 ლარი მთავარ სპეციალისტებს ერგოთ, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს გაცილებით ნაკლები გამოუწერეს.
საახალწლოდ პრემია არც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს მიუღიათ. ყველაზე მაღალი პრემია კი – 924 ლარი ამ სამინისტროში წინასაახალწლოდ დეპარტამენტების უფროსებს ერგოთ. ჯამში ჯანდაცვის სამინისტრომ დეკემბერში პრემიისა და დანამატის სახით 71 503 ლარი გასცა.

ბათუმის მერს, გიორგი ერმაკოვს წინასაახალწლოდ სახელფასო დანამატი არ აუღია, პრემიის სახით კი 2750 ლარი აიღო. სამაგიეროდ პრემიაც ერგო და დანამატიც ვიცე-მერ ბაგრატ მანველიძეს, ჯამში მან დანამატისა და პრემიის სახით წინასაახალწლოდ 3655 ლარი მიიღო. ცოტა ნაკლები – 3485 ლარი შეხვდა მერის კიდევ ერთ მოადგილეს, ალექსანდერე მითაიშვილს. პრემიისა და დანამატის სახით 2805 ლარი მიიღეს მერის აპარატის ადმინისტრაციისა და სამსახურების უფროსებმა.

მერიამ გასული წლის დეკემბერში პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 352 841 ლარი გასცა.

შენიშვნა: სტატია სათაურით “მთავრობა ხაბაძის პრემიას ასაიდუმლოებს – საახალწლო პრემიები აჭარის ხელისუფლებაში” გამოქვეყნდა „გაზეთ ბათუმელების“ ორშაბათის ნომერში, 8 თებერვალს. სტატია ვებგვერდზე აიტვირთა დღეს, 10 თებერვალს. ვებგვერდზე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ “ბათუმელებს” დაუკავშირდნენ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან. პრესსამსახურის ხელმძღვანელის, სოფიო გუჯაბიძის ინფორმაციით, „აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს არათუ დეკემბრის თვეში, არამედ გასული 2015 წლის განმავლობაში პრემია საერთოდ არ აუღია“.

თუმცა, აჭარის მთავრობიდან “ბათუმელებისთვის” მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში, რომლითაც სტატიის მომზადების დროს იხელმძღვანელა „ბათუმელებმა”, არაფერი ეწერა იმის შესახებ, რომ არჩილ ხაბაძეს გასულ წელს პრემია არ აუღია.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ცაგო კახაბერიძე