მთიანი აჭარა

ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან, ხულოსა და შუახევში – არა

12.02.2016 • 1664
ქედაში წყლის ფულს გადაიხდიან, ხულოსა და შუახევში – არა

ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ოჯახებს, რომლებსაც სასმელი წყლით შპს „ქედის წყალკანალი“ ამარაგებს, მრიცხველები დაუმონტაჟეს. თუმცა ქედაში სასმელ წყალზე ჯერ საფასური არ დაუწესებიათ და არც გამრიცხველიანების პროცესი დასრულებულა.

„ქედის წყალკანალს” დაბა ქედასა და აწჰესის ტერიტორიაზე სულ 652 აბონენტი ჰყავს. მათგან 413 აბონენტს მრიცხველი უკვე დაუმონტაჟეს და დანარჩენსაც უახლოეს პერიოდში დაუმონტაჟებენ. მრიცხველების დამონტაჟებისთვის ქედაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 85 386 ლარი დაიხარჯა.

„ქედის წყალკანალის“ დირექტორი რამინ ჯიჯავაძე ამბობს, რომ მრიცხველების დამონტაჟების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. მისივე ინფორმაციით, მრიცხველებს მხოლოდ დაბებში მცხოვრებ აბონენტებს დაუმონტაჟებენ, სოფლებში კი მრიცხველების დამონტაჟება ჯერჯერობით არ იგეგმება.

ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მრიცხველების დამონტაჟების აუცილებლობას წყლის რესურსის რაციონალური გამოყენების მიზნით ხსნის. ის ამბობს, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს უყაირათოდ და სასოფლო დანიშნულებისთვის იყენებს, რაც წყლის უკმარისობას ქმნის ზაფხულში.

„იმის მიუხედავად, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში წყლის ახალი რესური იქნა ათვისებული და სარეზერვო ავზები აშენდა დაბა ქედასა და აწჰესში, პრობლემა სრულად ვერ აღმოიფხვრა. ამიტომ, ვფიქრობთ, სასმელი წყლის გამრიცხველიანება მნიშვნელოვნად მოაგვარებს არსებულ პრობლემას დაბა ქედასა და აწჰესის დასახლებაში“, – აცხადებს გამგებელი.

რაც შეეხება წყლის საფასურს, დავით დუმბაძე აღნიშნავს, რომ მრიცხველების დამონტაჟების პროცესის დასრულების შემდეგ წყალზე მინიმალურ საფასურს დააწესებენ.

„მოხმარებული წყლის საფასური 2007 წლის 18 მაისის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N50 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრება. რა თქმა უნდა, შეღავათები ექნებათ სოციალურად დაუცველ ოჯახებს“.

წყლის საფასურის გადახდა არ მოუწევს ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას, აქ წყალკანალი აიპი-ა და, შესაბამისად, კომერციულ საქმიანობას ვერ განახორციელებს. „ხულოს წყალკანალის“ დირექტორი ბადრი აბაშიძე ამბობს, რომ გასული წლის შემოდგომაზე სემეკთან თანამშრომლობით გადაწყდა, რომ ხულოში სასმელი წყალი უფასო იქნება. წყალი უფასო იქნება შუახევშიც.

„ხულოს წყალკანალს“ ხულოში 2000-ზე მეტი აბონენტი ჰყავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: