მთავარი

თამარ ამაშუკელი ბათუმის ბულვარზე, „რვაფეხასა“ და ვაჟა-ფშაველას #13-ზე

11.02.2016 • 2464
თამარ ამაშუკელი ბათუმის ბულვარზე, „რვაფეხასა“ და ვაჟა-ფშაველას #13-ზე

11 თებერვალს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, სადაც ხელოვნებთმცოდნე თამარ ამაშუკელმა საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და სახელმწიფო პოლიტიკაზე ისაუბრა. „ბათუმელებმა“ მას ბოლო ხანს, აჭარაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველაზე პრობლემური საკითხების შეფასება სთხოვა, მათ შორის ბათუმის ბულვარის ირგვლივ განვითარებული პროცესების.

ბათუმის ბულვარის საკითხი გამოდგება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში მოქალაქეების ჩართულობის საილუსტრაციოდ?

ეს არის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ამ ეტაპზე, თავისი კონკრეტული შედეგებით. სახელმწიფო თავისით არაფერს არ იძლევა, როგორც წესი, უნდა მოითხოვო და შემდგომ მოდის უკვე მთავრობა დათმობებზე, ამიტომ წარმატებებს ვუსურვებ ამ მოძრაობას. ბულვარის შემთხვევაში შეიძლება გაკეთდეს კონსერვაციის გეგმა, რადგან ბულვარი ნამდვილად არის იმ ღირებულების ბათუმისთვის, რომ ის იქნეს შენარჩუნებული ისე, როგორც არის. ბულვარს აქვს თავისი კონცეფცია, ამიტომაც ის არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი და მას არ სჭირდება ახალი კონცეფცია და მოდერნიზაცია.

ბულვარის პრობლემა, ისევე როგორც თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო პროცესების ძირითადი პრობლემა, არის გაუმჭვირვალობა და ის, რომ ჩვენ პოსტ-ფაქტუმ ვგებულობთ, რომ მთავრობა კონცეფციაზე ფიქრობს და წარმოადგენს მასალას, პრეზენტაციის სახით, რომელსაც ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ. მაგრამ საზოგადოება გაიზარდა და ითხოვს მეტ ჩართულობას, რადგან ქალაქი უპირველეს ყოვლისა არის მოქალაქის და სახელმწიფო, ქალაქის მთავრობა, ვალდებულია მოუსმინოს მოქალაქეს და გაითვალისწინოს, დაიცვას მისი ინტერესები.

რაც შეეხება ბათუმში, ვაჟა-ფშაველას #13-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევას, რაზეც პროკურატურა აგრძელებს ძიებას. თქვენი აზრით, სააგენტოს პასუხისმგებლობის საკითხი დგას თუ არა ამ შემთხვევაში?

ეს სამართლებრივ დასკვნაში გამოჩნდება, რა იმოქმედა და რა – არა სააგენტომ, რა სამართლებრივი ბერკეტი შეიძლებოდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა. მე პრობლემა მაქვს კანონმდებლობასთან – არ შეიძლება ძეგლის დანგრევისთვის ადამიანი 10 000 ლარით ჯარიმდებოდეს, ამ ლოგიკით ყველა დაანგრევს შენობას. ასეთ შემთხვევაში მინიმუმ უნდა დაეკისროს დანგრეული ობიექტის თავიდან რესტავრირება. ასეთი არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა და იმიტომ ვართ ჩვენ ასეთ მდგომარეობაში, რომ ის ინსტიტუცია რომელიც უნდა იცავდეს კულტურულ მემკვიდრეობას – ძეგლთა დაცვის სააგენტო და კულტურის სამინისტრო – ყველანაირად ცდილობს, რომ ჩაფარცხოს ხოლმე მსგავსი თემები და აჯარიმებენ და ებრძვიან ჩვეულებრივ მოკვდავებს ფანჯრის გამოცვლისთვის და კარის ცუდად შეღებვისთვის, დიდი ბიზნესის და პოლიტიკური ინტერესები როდესაც არის, როგორც წესი, თვალს ხუჭავენ ხოლმე. ასეთი პროექტები ანგრევს ქალაქს და არა მცირე მასშტაბიანი ცვილებები, რომელიც ასევე აზიანებს ქალაქს, მაგრამ ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება არსად და არც კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში.

მოხსენების დროს გაიხსენეთ ბათუმის „რვაფეხას“ საკითხიც…

ჩვენ ორჯერ შევიტანეთ ბათუმელების მოთხოვნით სააგენტოში წერილი მის გაძეგლებაზე, ჯერ-ჯერობით პასუხი არ არის – არც – კი და არც – არა. მაშინ, როდესაც საყდრისის აფეთქების გადაწყვეტილება სააგენტომ და კულტურის სამინისტრომ მიიღეს 12 საათში, „რვაფეხას“ გაძეგლებას ერთი წელი სჭირდება. ეს გვაჩვენებს როგორი ორმაგი სტანდარტია და როგორ მუშაობს სამინისტრო. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა კონკრეტული ობიექტის გაძეგლება, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლება ამას არ აკეთებს. რატომ შვება სააგენტო ამას – ამაზე პასუხი არ მაქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: