ბათუმი,მთავარი

ბრძოლა პოლიტიკური გარანტიების მოსაპოვებლად აჭარაში

11.02.2016 • 2287
ბრძოლა პოლიტიკური გარანტიების მოსაპოვებლად აჭარაში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური გარანტიებისთვის ბრძოლა უფრო თვალშისაცემი ხდება. თანამდებობის პირები ერთმანეთისკენ ხელის გაშვერასა და ნიშნისმოგებით საუბარს ღიადაც აღარ ერიდებიან. იმაზე კი, რომ მათ შორის ფარული დაპირისპირება არსებობს და ამის გამო რეგიონის ამომრჩევლის ინტერესები ილახება, არამხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგად ბათუმის ბულვართან დაკავშირებული პროცესების დროს და დიდთოვლობის გამო წარმოქმნილი პრობლემებისას გამოჩნდა.

აჭარის სახელისუფლო შტოების ხელმძღვანელები საჯარო სივრცეში ერთად ჩანან. ამის მიუხედავად ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს, ირაკლი ჭეიშვილსა და გიორგი ერმაკოვს ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ, განხილვის თემა ხშირად ხდება.

„ბათუმში შეიქმნა საგანგებო სიტუაცია. ეს არ იყო პრობლემა, რომელიც მხოლოდ მერიას უნდა მოეგვარებინა, რადგან უფრო დიდი თოვლი მოვიდა ქალაქში, ვიდრე მუნიციპალიტეტებში, ამიტომ კოორდინირებულად უნდა ემუშავა აჭარის მთავრობის სხვადასხვა უწყებას.

მთავრობა უნდა ჩართულიყო პირველივე წუთიდან, აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებს უნდა გამოეხატათ მზადყოფნა. მე როგორც მოქალაქეს, როდესაც ვხედავ, რომ მხოლოდ მერიის სამსახურები არიან კონცენტრირებულები, რომლებიც პრობლემას ვერ აგვარებენ, მართალია, უკმაყოფილების გრძნობა მათ მიმართ მიჩნდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს აისახება სახელისუფლებო გუნდზე მთლიანად.

არის მეორე მომენტიც – ბულვარის ამბებთან დაკავშირებით დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ამბავი ყველა უწყებამ არ იცოდა. ბულვარის ადმინისტრაცია საერთოდ არ გამოჩენილა. ინფორმაციის ნაკლებობა იყო მერიაშიც. მე არ ვიცი რა ხდება მათ შორის, მაგრამ მე ვარ მოქალაქე, რომელსაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს და არა ის, მათ შორის რა დაპირისპირებაა“, – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟუნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

რატომ ვერ დადგა შედეგი, რომელიც ამომრჩეველს აინტერესებს? _ ოპოზიციურ პარტიებში მიიჩნევენ, რომ მთავრობაში გავლენების გადანაწილებაზე ფიქრობენ და ეს ახლა უფრო კარგად ორი მიზეზის გამო ჩანს. პირველი ისაა, რომ მოახლოვდა არჩევნები და პოლიტიკური თანამდებობის პირები ისევ პოლიტიკური გარანტიებისთვის, საარჩევნო სიაში სასურველი ნომრის მოპოვებისთვის იბრძვიან, შედეგად მოვალეობები ავიწყდებათ. მეორე კი ისაა, რომ პარტიაში ახალი ლიდერის ასარჩევად ემზადებიან, რომელთან მისასვლელი გზის მოძებნა რეგიონში თანამდებობის შენარჩუნების ყველა მსურველს მოუწევს.

„როგორც ჩანს, ხელისუფლების შიგნით რაღაც ტიპის გაურკვევლობები არის. ეს შეიძლება აიხსნას იმით, რომ ყველა ელოდება პოლიტიკურ გარანტიებს. არ იციან როგორი იქნება მათი პოლიტიკური მომავალი და ეს უქმნით უფრო მეტ დისბალანსს. რაც შეეხება გავლენებს, ეს გავლენები შეიძლება ხვალ საერთოდ დაიკარგოს, თუმცა ამაზე ვერ ფიქრობენ…

კონკრეტული ფაქტი მინდა გითხრათ: როცა მთავრობამ თქვა, რომ ბულვარი დაუბრუნეს ბათუმის მერიას, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი, რადგან სსიპ-ის ქონის უფლება მერიას კანონით არ აქვს. მათ, უბრალოდ, უთხრეს მერიას, შეგიძლიათ დანიშნოთ დირექტორი და მოადგილეები, მაგრამ ფინანსებს მაინც განკარგავს ეკონომიკის სამინისტრო“, – ამბობს სულხან ღლონტი, უმაღლესი საბჭოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“.

იმის დასამტკიცებლად, რომ მთავრობა კოორდინირებულად მუშაობას ვერ ახერხებს, ბულვარის მაგალითი მოჰყავს ბათუმის საკრებულოს წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძესაც: „აჭარის მთავრობა ბულვარის თაობაზე ისე აკეთებს განცხადებას, რომ ქალაქის მერი არ არის საქმის კურსში. მთავრობა მერს ეუბნება კანდიდატურა წარმომიდგინეო და მერი კომენტარს არ აკეთებს… დაკავებული არიან მხოლოდ ერთმანეთთან ბრძოლით, თუ ვინ მოიპოვებს გავლენებს“.

არჩილ ხაბაძისა და დავით ბალაძის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ – „ბულვარს მართვაში მერიას ბიუჯეტიანად ვუბრუნებთ~ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. მითუმეტეს მაშინ, როცა საკრებულო ამას 2014 წლიდან ითხოვს, მთავრობას კი ამისათვის დღემდე არაფერი გაუკეთებია. უფრო მეტიც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ღიად აცხადებდა, რომ ბულვარს მერიას არ დაუბრუნებდა. ახლა მან გადაწყვეტილების შეცვლა „საზოგადოების მოთხოვნით“ ახსნა. „იმ პოლიტიკური პარტიების გამო არა, რომლებიც ამას ითხოვდნენ, საზოგადოების მოთხოვნის გამო მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, – თქვა ბალაძემ.

მთავრობის სხდომაზე ბულვარის გადაცემასთან დაკავშირებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებას ახლდა პათოსი -„მე არ ჩავერევი და ვნახოთ, რას იზამს მერია“.

მთავრობის სხდომის შემდეგ არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკითხი მერთან შეთანხმებული იყო, გიორგი ერმაკოვმა კი მეორე დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბულვარს 2016 წლის ბოლომდე, იქ მიმდინარე სამუშაოების დასრულებამდე, არ დაიბრუნებს. ასევე გაირკვა, რომ ბულვართან დაკავშირებით არჩილ ხაბაძის ბრძანებით შექმნილი კომისიის მიზანი სულაც არ იყო ბულვარის მერიისთვის გადაცემა.

საკრებულოში მერის მისვლა-არმისვლის საკითხი ბათუმში განსახილველი თემა სულ არის. მას 29 იანვარსაც ელოდნენ სხდომაზე დიდთოვლობასთან დაკავშირებული ანგარიშით. მერი სხდომაზე არ მივიდა. ფრაქციების მოთხოვნას – „მოვიდეს მერი“, პოლიტიკური შოუ~ უწოდა მერიის აპარატის უფროსმა. საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი მერის გამართლებას შეეცადა, თუმცა არაოფიციალურ საუბრებში მათ შორის დაპირისპირებას არავინ უარყოფს.

„შეიძლება მე ვიყო, შეიძლება სხვა“, – უპასუხა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა ჟურნალისტის კითხვას – ვინ ჩაიბარებს პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს აჭარაში. ეს კითხვა მას ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ვიზიტისას დაუსვეს, როდესაც ვიცე-პრემიერმა აჭარის რეგიონებში პარტიის ყრილობა ჩაატარა. კახა კალაძეს ყველა მუნიციპალიტეტში ახლდა ირაკლი ჭეიშვილი, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და არა არჩილ ხაბაძე. შეხვედრების შემდეგ ამბობდნენ, რომ ბათუმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს თბილისში დაგეგმილი დიდი ყრილობის შემდეგ დაასახელებდნენ და ეს დიდი ალბათობით ირაკლი ჭეიშვილი იქნებოდა. პარტიის თავმჯდომარეობა ავტომატურად ნიშნავს, უმაღლესი საბჭოს სიის პირველ ნომრად დასახელებას.

კახა კალაძის ვიზიტის შემდეგ „ქართული ოცნების~ ფეისბუქის გვერდზე წერდნენ, რომ მასთან შეხვედრა სხვებსაც უნდოდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ. პარტიის რეგიონულ ორგანიზაციას კი დღემდე ისევ ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს.
დღემდე ვაკანტურია ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობაც. ამ თანამდებობიდან საკრებულოს წევრი თამაზ თურმანიძე პასიურობის მიზეზით გაათავისუფლეს.

ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა პარტიას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. ახლა, როცა პარტია ახალი ხელმღვანელის ასარჩევად ემზადება და არავინ იცის როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, დაბნეულობა რეგიონშიც შეინიშნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: