მთავარი,სიახლეები

რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის სხდომაზე

11.02.2016 • 1698
რა საკითხები განიხილეს აჭარის მთავრობის სხდომაზე

11 თებერვალს აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა, რომელზეც ძალადაკარგულად გამოაცხადეს “აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან სპორტის სფეროში ღონისძიებების დაფინანსების ერთიანი ნორმების, თანხის გამოყოფისა და ხარჯვის ანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ” აჭარის მთავრობის 2012 წლის განკარგულება.

განკარგულება მოიცავდა ისეთ ნორმებს, როგორიცაა მივლინების დროს დანამატების გაცემა, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯების რეგულირება და ა.შ. სხდომაზევე დადგინდა, რომ უწყებამ უნდა იმუშაოს პროექტზე, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ეს ნორმები სამომავლოდ:

მეორე საკითხი სხდომაზე საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის ოდენობის, გადახდის წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცებას ეხებოდა. ამ თემაზე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების საარქივო სამმართველოს ხელმძღვანელმა მაია ივანიშვილმა ისაუბრა. როგორც საკითხის განხილვისას აღმოჩნდა, ტარიფები საარქივო სამმართველოსა და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ გაწეული მოსახურებებზე მომატებულია. თუმცა, მაია ივანიშვილის განმარტებით, ტარიფები იუსტიციის სამინისტროს მიერაა დადგენილი და იგი სოციალურად დაუცველებზე, შშმ პირებსა და  პენსიონრებზე არ გავრცელდება – „კომერციული დაინტერესება იქნება მაშინ, როცა დოკუმენტის მომზადება დაჩაქრებული წესით სურს არა სოციალურად დაუცველ ან პენსიონერ ადამიანს“ – განმარტა მან.

 

როგორც მაია ივანიშვილმა თქვა, აჭარის საარქივო სამმართველო წელიწადში რამდენჯერმე, რვა ან ოთხგვერდიანი გაზეთის გამოშვებასაც გეგმავს, 150-იანი ტირაჟით. გაზეთის კონტენტი – საარქივო მასალებისა და სააგენტოს სიახლეებისგან უნდა შედგებოდეს. აჭარის განათლების მინისტრის გიორგი თავამაიშვილის თქმით, გაზეთის ნაცვლად  უმჯობესი იქნებოდა ინფორმაციული ბუკლეტები გამოეცათ: “იქნებ რამე სხვა დატვირთვა ჰქონდეს? ჩვენ რეალურად ყველა ინტერნეტმომსახურებაზე ვართ გადასული, ჩვენი განსწავლულობა ძალიან ცოტაა არქივთან მიმართებაში და თუ კი ინფორმაციული ბუკლეტები იქნება, შესაძლოა ამ კუთხით უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე ნომინალური გაზეთი, რომელსაც არ ვიცი ვინ წაიკითხავს ” – აღნიშნა მინისტრმა.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თანხმობა გაიცა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განხორციელებაზე – “ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან გამოიყო 15 000 ლარი უმწეო ოჯახებისთვის. 21 ბენეფიციარი უნდა გამოიკვებოს ამ თანხით, რისთვისაც გამარტივებული შესყიდვების თაობაზე მივმართეთ შესყიდვების სააგენტოს, საიდანაც მივიღეთ პასუხი – გამოგვეცხადებინა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი. ორჯერ გამოვაცხადეთ – ორჯერვე ჩავარდა” – განმარტა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნადიმ ვარშანიძემ.

დღესვე მიიღეს ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით შექმნილი კომისიის საბოლოო რეკომენდაციები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: