მთავარი

სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” ქონების დაბრუნების ორმაგი სტანდარტი

10.02.2016 • 1821
სახელმწიფოსთვის “ნაჩუქარი” ქონების დაბრუნების ორმაგი სტანდარტი

„ერთი და იგივეა ჩემი და ქიბარის ამბავი. მეც მაიძულეს, დამეთმო ქონება. აბა, ვის სჯერა, რომ საჩუქარი იყო ეს?“ – ამბობს ასლან ხალვაში, ქიბარ ხალვაშის ბიძაშვილი, რომელიც ასევე ბიზნესმენია. ის იმ მიწის ნაკვეთის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც წინა ხელისუფლების დროს აჩუქა სახელმწიფოს. ორივე საქმეში, ბიძაშვილი ხალვაშები სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დარღვევაზე მიუთითებენ, რაც გულისხმობს „ბათილად ცნობას იმ გარიგების, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს“. როგორც ჩანს, ე.წ. „ამორალურ გარიგებად“ მიჩნევის სტანდარტი სასამართლოში განსხვავებულია.

ჯერ უცნობია, განიხილავს თუ არა ცოლ-ქმრის ასლან და ნინო ხალვაშების საქმეს უზენაესი სასამართლო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლომ, ასლან ხალვაშს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა. საქმის მასალების მიხედვით, 2009 წლის მარტში დაბა ჩაქვში შეძენილი ორი მიწის ნაკვეთი – ჯამში 10 036 კვ. მეტრი – ნინო ხალვაშმა საკუთარი ნებით აჩუქა სახელმწიფოს 2011 წლის 2 თებერვალს.

„პროკურატურაში ღამის 12 საათზე დამიბარეს და პირდაპირ მითხრეს, რომ მიწის ნაკვეთები უნდა დამეთმო. ამას თუ არ გავაკეთებდი, ჩემს მეუღლეს დააკავებდნენ. უკანონოდ გაქვთ ეს მიწის ნაკვეთები ნაყიდიო. პროკურორი გელა მახარაძე მეუბნებოდა ამას, რომელიც მერე, როგორც გავიგე, დააკავეს“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ასლან ხალვაში, რომელიც დარწმუნებულია, რომ მიწის ნაკვეთების სახელმწიფოსთვის იძულებით ჩუქება ქიბარ ხალვაშის მაშინდელ პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.

ნინო და ასლან ხალვაშების ადვოკატი, ლაშა ბოლქვაძე: „სასამართლომ მტკიცების ტვირთი ჩვენ დაგვაკისრა, რაც უსამართლობაა. ობიექტურად რთულია იმის მტკიცება, რომ პროკურატურისგან მომდინარე ზეწოლის გამო დათმეს ამ ადამიანებმა ქონება, რომელიც აუდიტის შეფასებით, 800 ათასი დოლარი ღირს. საქმეში რამდენიმე გარემოებაა, რაც ადასტურებს, რომ ნინო ხალვაშს საკუთარი ნებით არ უჩუქებია ეს მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსთვის: მიწა დატვირთული იყო იპოთეკით, ანუ მათ აღებული ჰქონდათ საბანკო ვალდებულებები. გარდა ამისა, ხალვაშებმა მიწის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის შესაცვლელად სოლიდური თანხა გადაიხადეს”.

ლაშა ბოლქვაძე პარალელს ქიბარ ხალვაშისა და „რუსთავი 2“-ის საქმესთან ავლებს და ფიქრობს, რომ საქმე „ორმაგ სტანდარტთან“ გვაქვს: „ქიბარ ხალვაში ამტკიცებდა, რომ მას დაბალი ფასი გადაუხადეს ტელევიზიაში. ანალოგიურ სიტუაციაში, ასლან და ნინო ხალვაშებისთვის საერთოდ არაფერი გადაუხდიათ. ორმაგი სტანდარტია, როცა სასამართლო აქ იძულებას ვერ ხედავს“.
გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „ასლან ხალვაშის სამართლებრივი დავა არის იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ. ამ კუთხით არაერთი კვლევაა ჩატარებული, რითაც გამოჩნდა, რომ მოქალაქეებისგან სახელმწიფოსთვის ქონების ჩუქება მინიმუმ კითხვებს აჩენს. ჩვენ მაშინ გვქონდა პოზიცია, რომ სახელმწიფოს მსგავსი მიდგომა არ უნდა ჰქონოდა. ასლან ხალვაშის საქმეც ამ კითხვის ნიშნებს შეიცავს. ვინაიდან სასამართლოში ამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა, გადაჭრით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია. სასამართლოს აქვს განხილული მსგავსი ტიპის საქმეები და არის მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილებები. პარალელების გავლება არ იქნება სწორი, რადგან თითოეული სამოქალაქო საქმე ინდივიდუალურია”.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ნინო და ასლან ხალვაშები აპირებენ სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ.

საქართველოს საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლით „ამორალური გარიგება“ ბათილია. გასული წლის ბოლოს სწორედ ამ მუხლით ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, ამ ტელევიზიის ბოლო მფლობელებს – ძმებ ყარამანაშვილებს მოუგო სასამართლო დავა, რის შემდეგაც ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელი გახდა. თუმცა ამ საკითხზე სასამართლო დავა სასამართლოს სხვა ინსტანციებში გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: