კამპანია – უფლება გაქვს, იცოდე

დღეს 25 თებერვალს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, გაიმართება საჯარო შეხვედრა პროექტის ირეგვლივ, რომლის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებს შორის თანამშრომლობის გაზრდა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში მოქალაქეების აქტიურად ჩართვა.

პროექტი 2014 წლიდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ხუთ მილიონ დოლარზე მეტია გამოყოფილი.

სასჯელი 4 წლის შვილის ცემისთვის

შვილზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ბათუმის საქალაქო სასამართლომ ზურა მ.-ს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ის 4 წლის გოჩა მ.-ს მამაა. ბავშვს ქობულეთის საავადმყოფოს ექიმმა დაუდგინა: სისხლჩაქცევები ორივე ბარძაყზე, სახეზე, ყურებსა და საფეთქლებთან. ის ერთი წლის და 4 თვის იყო, როცა დედა გარდაეცვალა. თუკი სასამართლო მამას შვილის ცემის ფაქტს დაუდასტურებს, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. როგორც სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგები ყვებიან, ბავშვს სახე ახლაც ჩალურჯებული აქვს, ბებიასთანაა და ურთიერთობა აღარავისთან უნდა.

16 თებერვალს, დილას, 4 წლის გოჩა მ. (სახელი შეცვლილია) საბავშვო ბაღში მამამ დატოვა. „საუზმის დროს შევამჩნიეთ, რომ ბავშვს თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. რა გჭირსო, მასწავლებელს უკითხავს და მამამ მცემაო. მერე შარვალიც გაიხადა ბავშვმა და ფეხები გვაჩვენა, სულ დალურჯებული ჰქონდა. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. 2 საათისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოში დავრეკე და დახმარება ვითხოვე”, – უთხრა „ბათუმელებს” ქობულეთის კერძო საბავშვო ბაღის „რაო, რაოს“ გამგემ, ნათია ცეცხლაძემ.

ბაღში მისულ სოციალურ მუშაკს 112-ში დაურეკავს და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურიც გამოუძახებია. „საშინელ მდგომარეობაში ვნახე ბავშვი, სახე სულ დალურჯებული ჰქონდა. ეს იყო ძალიან მძიმე სურათი”, – გვიყვება თამარ ღუნიაშვილი, ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკი. ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, საბავშვო ბაღის გამგეს ბავშვის მამისთვის დაურეკავს, რომელიც ადგილზე მისულა და არ დაუმალავს, რომ ბავშვი მართლაც სცემა.

სახლის დერეფანი, სადაც 4 წლის ბავშვი ცხოვრობს
სახლის დერეფანი, სადაც 4 წლის ბავშვი ცხოვრობს
4 წლის გოჩა მ.-ს ოჯახი ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს. შესასვლელში პატარა გოჩას ველოსიპედია, კედლებზე ბათქაში თითქმის ყველგან ჩამოცვენილია, სივიწროვის განცდაა. ოთახში ჭურჭლის ნაწილი იატაკზე აწყვია, შეშის სუნი დგას და პატარა ბავშვი დროდადრო ტირის. ეს ნაცემი გოჩა მ.-ს მამიდაშვილია, რომელიც ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. ოჯახში კიდევ 4 წლის გოჩას ბებია და მამიდა ცხოვრობენ.

ოჯახის მონათხრობის მიხედვით, გოჩას დედა შიზოფრენიით ყოფილა დაავადებული და მას საავადმყოფოში მოუკლავს თავი. გოჩას მამა ფიზიკურად შრომობს, ძირითადად სეზონურად, თურქეთში. ბაღის გამგის თქმით, მამა ხშირად იმეორებდა, ჩემი შვილი საუკეთესო უნდა იყოსო, ამიტომაც დამყავს კერძო ბაღშიო.

„იმ საღამოს ჩვენ სახლში არ ვიყავით, ბათუმში ვიყავით წასული”, – გვიყვება გოჩას ბებია. ის მიიჩნევს, რომ მისი შვილი ცუდად მოიქცა, მაგრამ ამის გამო ციხეში არ უნდა ჩასვან: „ბაღის მასწავლებლის ბრალია. წინა დღით უთქვამს ჩემი შვილისთვის, ბავშვმა ისეთი რამე მაკადრა, როგორც ქალი მამაკაცს ვერ გეტყვიო. აღელდა ჩემი შვილი, არ იკადრა და თავი ვეღარ შეიკავა. დასჯით ვერაფერი შეიცვლება, ჩემი შვილი ამას ძალიან განიცდის”.

„სცემა, ხომ არ მოუკლავს?” – ეს პატარა გოჩას ოჯახის მეზობელი ქალის რეაქცია იყო. მალე სხვა მეზობლებიც გამოჩნდნენ იმავე პოზიციით: „ყველა მშობელი ვცემთ ბაღანას, რა მოხდა მერე? ამის გამო უნდა დააპატიმრო მშობელი?~, „დედა არ ჰყავს ბავშვს, ახლა მამაც აღარ უნდა ჰყავდეს?”, „ჩემი შვილია, მინდა ვცემ, მინდა მოვკლავ. მე რომ ბავშვი ვიყავი და დავაშავე, მამაჩემმა დიდი წკეპლით მცემა ზურგში, ზოლები მემჩნეოდა ფეხებამდე, მაგრამ არავის დუუჭერია მამაჩემი”, – ეს იმ მეზობლების კომენტარებია, ვინც უშუალოდ 4 წლის გოჩას ცემის ხმა მოისმინეს და სახეჩალურჯებული ბავშვიც ნახეს.

„მე ვნახე იმ საღამოს, ჩაშავებული ჰქონდა სახე, მაგრამ ბავშვია და იმიტომ დაემჩნა, მეტი არაფერი”, – გვიყვება მეზობლად მცხოვრები ც.ი. კიდევ ერთი მეზობელი გვიყვება, რომ პატარა ბიჭის ტირილი გვერდით ოთახიდან დიდხანს ესმოდა: „იმ საღამოს ბაღში ვმუშაობდი და გვიან მოვედი. ბავშვი ტიროდა, არ ჩერდებოდა და შევუხედე, მამამისის გვერდით იწვა, ვკითხე, რატომ ტირი-მეთქი და არაფერი მიპასუხა, ხმა ვერ ამოვაღებიე. მერე მამამისს ვკითხე და მითხრა, ბაღში რაღაც დააშავა და ვცემეო. მეორე დილით დავინახე, ისევ მამას მიყავდა ბაღში, ჩალურჯებული სახე არ შემინიშნავს.”

ბავშვთან, რომელიც ამჟამად ბებიასთანაა (დედის დედა), ფსიქოლოგი მუშაობს. „ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ბავშვზე მასობრივი ძალადობა არ ხორციელდებოდა, თუმცა გოჩასთან ჯანსაღ ინტერვიურებას ვერ ვახერხებთ. ის შკარად დაიღალა ამდენი ყურადღებით და მეც არ მინდა, ბავშვს მივაყენოთ განმეორებითი სტრესი”, – უთხრა “ბათუმელებს” სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგმა, თამარ ქამადაძემ.

სახლის წინ
სახლის წინ
სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვზე მზრუნველობა უკვე აიღო სახელმწიფომ და ის გამოძიების დასრულებამდე ბებიას ოჯახში დარჩება. „ჩვენ ვეცდებით ბავშვის სანათესაო წრეში შევარჩიოთ ოჯახი, რომელიც აიყვანს მას მინდობით აღზრდაში. თუ ასეთი ვერ შეირჩევა, არსებობენ სხვა ოჯახები, ვისაც ამის სურვილი აქვთ~, _ გვითხრა სოციალურმა მუშაკმა, თამარ ღუნიაშვილმა.

წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის დარღვევა ედება ბრალად, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობას. დანაშაული ისჯება ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 200-დან 400 საათამდე.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ უნდა დამკვიდრდეს პრაქტიკა, როცა ოჯახურ გარემოში ჩადენილი ძალადობა მეტი სიმკაცრით დაისჯება. „როცა აშკარაა ფიზიკური ძალადობა და ბავშვს ეს ეტყობა, ამ მუხლით კვალიფიცირება უკვე გაუგებარია. თუმცა შესაძლებელია, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ კვალიფიკაცია შეიცვალოს. ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, როცა შემამსუბუქებელ გარემოებად განიხილება ის, რომ მოძალადე ოჯახის წევრია, არადა ყველა განვითარებულ ქვეყანაში პირიქით ხდება – როცა ოჯახში ხდება ძალადობა, ანუ იქ, სადაც ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული ადამიანი, მით უმეტეს ბავშვი, ეს არის დამამძიმებელი გარემოება. მე უკვე ამ კვალიფიკაციის მინიჭებაში ვხედავ რისკს, რასაც ჩვენ უნდა მივადევნოთ თვალი~, – უთხრა „ბათუმელებს” ანა აბაშიძემ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ხელმძღვანელმა.

ანა აბაშიძე ფიქრობს, რომ ამავდროულად გამოვლინდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაც და მგრძნობელობა ძალადობაზე, როცა საბავშვო ბაღის გამგემ ცემის ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვა და სოციალურმა მუშაკმა მომხდარზე პოლიციას შეატყობინა.

UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების ეროვნული კვლევის მიხედვით, საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის გავრცელების მასშტაბები ასეთია: ფიზიკური ძალადობა, ყურის აწევა, თმის მოქაჩვა, ხელით ცემა, ხელის ან ფეხის კვრა – 54 პროცენტი. ფსიქოლოგიური ძალადობა, დაყვირება, განზრახ დამცირება, სხვა ბავშვისგან დაჩაგვრა, დათრგუნვა ან შერცხვენა – 59.1 პროცენტი. კვლევის მიხედვით სკოლაში ფიზიკური ძალადობა – 47%, ფსიქოლოგიური ძალადობა – 47.5, ხოლო სექსუალური ძალადობა + 5.6%-ია.

UNICEF-ის დასკვნის თანახმად, რეგიონების მიხედვით, აჭარასა (70%) და სამცხე-ჯავახეთში (69%) ყველაზე მაღალია ბავშვის მკაცრი აღზრდის მომხრეთა რიცხვი. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების 63%-ს მიაჩნია, რომ ბავშვი თავის მშობლებს ეკუთვნის და მხოლოდ მათ შეუძლიათ ბავშვთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება. ამ მოსაზრების მხარდამჭერთაგან ნახევარი მიიჩნევს, რომ ბავშვი ოჯახში უნდა დარჩეს მაშინაც კი, როდესაც ოჯახში ძალადობას აქვს ადგილი.

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი დასაშვებად მიიჩნევს ბავშვთა მიმართ ძალადობას. მოსახლეობის 60 პროცენტი ფიქრობს, რომ ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივი მეთოდები. საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბავშვის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობა ოჯახის შიდა საქმეა და ამ საქმეში ჩარევის წინააღმდეგია.

კვლევის მიხედვით კი, საქართველოში საზოგადოების 45-პროცენტი ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი „გაფუჭდება”.

ტყიბულში გაფიცული მაღაროელების მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება

ბათუმში, ევროპის მოედანზე,  26 თებერვალს, 13:00 საათზე, ტყიბულში გაფიცული მაღაროელების სოლიდარობის აქცია გაიმართება.

ტყიბულში მაღაროელები უკვე მეთორმეტე დღეა გაფიცულები არიან. ისინი გაუსაძლისი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასების მომატებას და მაღალი თანამდებობის პირების ჩართულობას მოითხოვენ.

როგორც მაღაროელები ამბობენ, მათ “საქნახშირის” ადმინისტრაციას ზემოაღნიშნული მოთხოვნებით ჯერ კიდევ დეკემბრის შუა რიცხვებში მიმართეს, თუმცა მათგან დამაკმაყოფილებელი პასუხის ვერმიღების გამო, გაფიცვა გადაწყვიტეს.

შახტაში შესასვლელი კარია, რომელსაც მეშახტეების თქმით, ბოქლომით კეტავენ. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი
შახტაში შესასვლელი კარი, რომელსაც მეშახტეების თქმით, ბოქლომით კეტავენ. ფოტო – ნეტგაზეთი/ანა გვარიშვილი

ამავე თემაზე:

„შახტაში რომ შევდივართ, კარს ბოქლომით გვიკეტავენ“ – ტყიბულელი მეშახტეები მძიმე პირობებზე საუბრობენ

ტყიბულელი მეშახტეების საჯარო მიმართვა ხელისუფლებას

ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა ბათუმიდან დროებით შეჩერებულია

„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, „2016 წლის 25 თებერვლის 06:00 სთ-დან 26 თებერვლის 05:59 სთ-მდე მსვლელობიდან იხსნება ჩქარი ელექტრომატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისი 852/851 და 858/857, აგრეთვე საგარეუბნო მატარებელი ბათუმი-ქუთაისი-ბათუმი683/684, რაც საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება [სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები]. 

25 თებერვალს თბილისის, ქუთაისი I-სა და ოზურგეთის მიმართულებაზე მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის 12/11 და №18 დღის სამგზავრო მატარებლები.

ასევე, 24 თებერვალს თბილისიდან და 25 თებერვალს ოზურგეთიდან მსვლელობიდან იხსნება თბილისი-ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებლები 654/653.

აღნიშნულ მიმართულებებზე სამგზავრო ბილეთების გაყიდვა დროებით შეჩერებულია.

მატარებელთა მიმოსვლა სრულად აღდგება 26 თებერვალს“.

ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობის შეჩერება უკავშირდება თუ არა ციხისძირიდან ხეების გადატანას, ამის გასარკვევად „ბათუმელები“ კომპანია „ზიმოს“ წარმომადგენელს, ირაკლი შანავას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, კომპანიას „საქართველოს რკინიგზისთვის“ შესაბამისი თხოვნით ჯერ არ მიუმართავს და ხეები გადასატანად მზად, დაახლოებით, 10 დღეში იქნება.

image1
ფოტო: „საქართველოს რკინიგზა“

ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლოში არ გამოცხადდა

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს დღეს სასამართლო სხდომის გადადება ბრალდებულის გამოუცხადებლობის გამო მოუწია. ხელვაჩაურში ქალის მკვლელობაში ბრალდებულ მ.მ-ს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 20 წლით პატიმრობა, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთა ელოდება. „სურვილი არ მაქვს დავესწრო სასამართლო სხდომას“, – ეს ამონარიდი ბრალდებულის წერილიდან მოსამართლემ წაიკითხა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებული კონკრეტულად 24 თებერვლის სხდომის დასწრებაზე ამბობდა უარს. სასამართლომ იმედი  გამოთქვა, რომ მომდევნო სხდომას ბრალდებული დაესწრება.

დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა იურიდიული დახმარების ბიუროდან, დავით კეკენაძემ სასამართლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 238-ე მუხლი შეახსენა, რომელიც ბრალებულს აძლევს უფლებას სასამართლო სხდომას არ დაესწროს. იგივე სამართლებრივი ნორმა მოსამართლეს ანიჭებს უფლებამოსილებას, ბრალდებულის სასამართლო სხდომზე დასწრება იძულების წესით უზრუნველყოს, ან განაჩენი ბრალდებულის ფიზიკური დასწრების გარეშე გამოიტანოს.

34 წლის მ.მ.-ს ხელვაჩაურში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში 39 წლის ქალის მკვლელობა ედება ბრალად. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. გამოძიების ინფორმაცით, ბრალდებულმა ქალს მრავლობითი ჭრილობა იმიტომ მიაყენა, რომ ორი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემაზე მიიღო უარი. მორიგ სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხება თვითმხილველი, ვინც საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა დანით დაჭრა.

ბრალდებული მ.მ. იმ მაღაზიასთან ახლოს ცხოვრობდა, სადაც მკვლელობა მოხდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მ.მ. ეკომიგრანტია და ის ე.წ. „ოცნების ქალაქში“ცხოვრობდა. მ.მ. დანაშაულის ჩადენას არ აღიარებს.

 

 

 

1 დღეში 1 ლარად გასხვისებული მიწა ციხისძირში სახელმწიფომ 1 დღეში დაიბრუნა – გამოძიება გრძელდება

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე 90 605 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდა. თუმცა, ამ ქონებასთან დაკავშირებით, 2011 წლის აგვისტოდან, 2016 წლის თებერვლამდე არავის მიუმართავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას ერთთვიანი ვადა აქვს – მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი დოკუმენტაციით და ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა მოითხოვოს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში  ხეების  გადატანის პროცესის პარალელურად, აღმოჩნდა, რომ იმ ტერიტორიის მიმდებარედ, სადაც ხეებს იღებენ, მიწის ნაკვეთები, [საერთო ფართობით 90 000 კვ/მ, ასევე 199 კვ/მ შენობა-ნაგებობა] 2011 წელს, პრეზიდენტის განკარგულებით, 1 ლარადაა გასხვისებული. ქონება გადაცემულია  კომპანიაზე – „REDMAN FEDERATION INC“, რომელიც ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული.

აღნიშნული ქონების მესაკუთრე, რეესტრის მონაცემებით, 2008 წლიდან შპს „მაგნოლია“ იყო, „მაგნოლიას“ 100% წილის მესაკუთრე კი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.

2011 წლის ივლისში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, ზემოაღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება მიატოვა და ქონება იმავე წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირდა. ქონება იმავე დღეს გადაეცა შპს „REDMAN FEDERATION INC“-ს [პრეზიდენტის 2011 წლის 3 აგვისტოს განკარგულება]. ორი დღის შემდეგ კი, ანუ, 2011 წლის 5 აგვისტოს, ქონება აღნიშნული კომპანიის საკუთრებად დაარეგისტრირა ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა.

2011 წლის 5 აგვისტოდან 2016 წლის 18 თებერვლამდე რეესტრისთვის ამ ქონების ირგვლივ განცხადებით არავის მიუმართავს.

2016 წლის 18 თებერვალს კი, ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა ისევ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურმა და აღნიშნულ ქონებაზე  „რეგისტრირებული მონაცემების მოქმედების შეჩერება“ მოითხოვა.

მეორე დღეს, 19 თებერვალს, იმავე ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა და ქონებაზე „REDMAN FEDERATION INC“-ის „საკუთრების რეგისტრაციის გაუქმება“ მოითხოვა. ქობულეთის სამსახურმა ეს მოთხოვნა [ექვსი განცხადება ამდენივე უძრავ ქონებაზე] განცხადების მიღებიდან ნახევარ საათში დააკმაყოფილა და მთელი ეს ქონება ისევ სახელმწიფოს საკუთრებად დაარეგისტრირა.

რა არგუმენტები ჰქონდა საჯარო რეესტრს? ისევ რეესტრის მონაცემებით ირკვევა შემდეგი:

„საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 16 თებერვლის წერილით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ეცნობა, რომ 2013 წლის 22 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადმოგზავნილი იქნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილი თანმხლები დოკუმენტებით, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ქონება არამართლზომიერად დარეგისტრირდა კომპანია „REDMAN FEDERATION INC “-ის სახელზე.

საქართველოს მთავარი პროკურატურის წერილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ირკვევა შემდეგი:

  1. 2011 წლის 5 აგვისტოს, თინათინ ჩაჩანიძის სახელით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ექვსი განცხადება არის ხელმოუწერელი. განცხადებებს არ ერთვის მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2013 წლის 22 თებერვლის წერილით ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 03 აგვისტოს განკარგულება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების „REDMAN FEDERATION INC“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ, მითითებული რეკვიზიტებით, გამოცემული არ არის.
  3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 25 თებერვლის წერილით ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის 2011 წლის 5 აგვისტოს მინდობილობა, სამინისტროს დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში არ იძებნება და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელსა და „REDMAN FEDERATION INC“-ს შორის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით ნასყიდობის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
  4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრივატიზების დეპარტამენტის პრივატიზების ორგანიზების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თინათინ ჩაჩანიძის ჩვენებით ირკვევა, რომ 2011 წლის 05 აგვისტოს ხელშეკრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით მას „REDMAN FEDERATION INC“-თან არ გაუფორმებია და ხსენებულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მის მიერ არ არის შესრულებული. ასევე, თინათინ ჩაჩანიძეს საჯარო რეესტრში არ წარუდგენია განცხადებები – ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მოთხოვნის თაობაზე.
  5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის 2013 წლის 09 მარტის წერილით ირკვევა, რომ ZIKA PETR-ის მიერ 2009 წლიდან 2013 წლამდე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა არ დაფიქსირებულა.
  6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ განცხადებაზე არაა დართული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება ZIKA PETR-ი ნამდვილად იყო თუ/არა „REDMAN FEDERATION INC“-ს წარმომადგენელი – დირექტორი.
  7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის სამსახურის ასისტენტის ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელსა და „REDMAN FEDERATION INC“-ს შორის სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების მიზნით 2011 წლის 5 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებაზე შტამპი მას არ დაუსვია და ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
  8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციისა და კადასტრის სამსახურის იმჟამინდელი უფროსის ჩვენებით ირკვევა, რომ მიუხედავად სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტების არასრულყოფილებისა, ხელმძღვანელის დავალებით, სასწრაფოდ მიიღო გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და გასცა ამონაწერები საჯარო რეესტრიდან“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად იქნა ცნობილი ქონების კომპანიის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და მისი მოქმედება შეწყდა ძალაში შესვლის დღიდან. შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღდგა ამ ქონებაზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება.

საჯარო რეესტრმა, 2011 წლის 5 აგვისტოს სარეგისტრაციო განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რომ მიღებულ იქნას „სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ“ გადაწყვეტილება და დამატებით მოთხოვნილი იქნას გარკვეული დოკუმენტაცია“.

ასეთი გადაწყვეტილება რეესტრმა მიიღო და ამ შემთხვევაში „მოწინააღმდეგე“ მხარეს მიეცა ვადა წარმოადგინოს:

უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი განცხადება; თინათინ ჩაჩანიძის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; „REDMAN FEDERATION INC“-ის საიდენტიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (იურიდიულ პირად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები დამოწმებული ან ლეგალიზებული სათანადო წესით), ასევე ზიკა პეტრის [ZIKA PETR], როგორც „REDMAN FEDERATION INC“-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი; კანონით დადგენილი წესით შედგენილი ხელშეკრულება; ასევე, დამატებით მოთხოვნილი უნდა იქნეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცი.

აღნიშნული ქონების მიმდებარედ სოფელ ციხისძირში არსებული იმ ორი ნაკვეთის ფართობი, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადააქვთ, ჯამში 30 335 კვ/მ-ია. ორივე ნაკვეთი საჯარო რეესტრის დღევანდელი მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. რეესტრის ამონაწერის მიხედვით, სახელმწიფომ  ქონება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში 2008 წელს გადასცა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არც ის ინფორმაცია დაადასტურეს, რომ მიწის ნაკვეთებზე ციხისძირში, საიდანაც მრავალწლოვანი ხეები გადააქვთ, ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო კომპლექსი უნდა ააშენოს. სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მიწის ნაკვეთები, საიდანაც ხეებს იღებენ, გასხვისებული არ არის და არც მათი პრივატიზება იგეგმება.

და ბოლოს, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომლის შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებს პროკურატურა.

ხე, რომელიც ციხისძირიდან გააქვთ / ფოტო: ენმ
ხე, რომელიც ციხისძირიდან გააქვთ

ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილმა უფროსმა სასამართლოს ჩვენება მისცა

ასლან აბაშიძის და მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღეს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ასლან აბაშიძის დაცვის ყოფილი უფროსის – დავით ხალვაშის, იგივე „ქელფეთას“ ჩვენება მოისმინა. დავით ხალვაში 2004 წლიდან 2014 წლის 22 აპრილამდე იძებნებოდა. ამჟამად იგი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის გამო იხდის სასჯელს.

„ისე ვიმუშავე, ერთი შემთხვევითი გასროლა არ ყოფილა“, „მე ვასრულებდი ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას“ – ეს ბოლო ფრაზა განსასჯელმა რამდენჯერმე გაიმეორა. მას ამჯერად ბრალი უკანონო ფორმირებების შექმნასა და ორგანიზებაში, ასევე თავისუფლების უკანონო შეზღუდვასა და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებაში ედება. დავით ხალვაში სასამართლოს დეტალურად მოუყვა ასლან აბაშიძესთან ურთიერთობის დეტალებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ პარტიის წევრი არასდროს ყოფილა.

დღევანდელ სხდომაზე „აჭარის ტელევიზიის“ არქივიდან ამოღებული 2004 წლის საპროტესტო აქციების ამსახველი ვიდეო კადრებიც აჩვენეს, რომელიც სასამართლოს დავით ხალვაშის დაცვის მხარემ მიაწოდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დავით ხალვაშთან ერთად განაჩენი უნდა გამოუტანოს: ასლან აბაშიძეს, იოსებ და ჯემალ გოგიტიძეებს, ელგუჯა ჯინჭარაძეს და ამირან კურცხალიძეს.

ჯემალ გოგიტიძე და ელგუჯა ჯინჭარაძე მოსკოვში გარდაიცვალნენ. ისინი რუსეთის დედაქალაქში აჭარის “ვარდების რევოლუციის” შემდეგ წავიდნენ.

მთავრობა კერძო სექტორს მიწების რეგისტრაციაში ფინანსური ინსტრუმენტით დაეხმარება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობაში პრაქტიკულად შემუშავებულია სპეციალური ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს კერძო სექტორში მიწების რეგისტრაციაში.

„შემუშავებული გვაქვს სპეციალური დაფინანსების ინსტრუმენტი, რომელსაც უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენს გლეხებს მიეცემათ შესაძლებლობა, კვალიფიციური ამზომველის მიერ აზომილი ნახაზი წარადგინონ საჯარო რეესტრში, ხოლო სახელმწიფო აზომვით სამუშაოებს დააფინანსებს. კონკრეტულ ლიმიტებსა და პროცედურებს ჩვენ უახლოეს მომავალში წარვუდგენთ მოსახლეობას. პოლიტიკურ ოპონენტებს მინდა ვუთხრა, რომ ტყუილად ამტვრევენ ღია კარს და პოლიტიკური სპეკულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის. ჩვენ ვართ სწორედ ის მთავრობა, რომელიც იცავს კერძო სექტორს და მონდომებულია,  რომ კერძო სექტორში იყოს რაც შეიძლება მეტი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში,“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა“.

მიწის ნაკვეთები, რომლებიც მოქალაქეთა სარგებლობაშია, შესაძლოა სახელმწიფომ დაირეგისტრიროს. ეს შეეხება ყველა იმ ნაკვეთს, რომელზეც ამა თუ იმ ფიზიკური ან იურიუდიული პირის საკუთრება, ან სარგებლობაში ქონა, რეესტრის დოკუმენტებით არ დადასტურდება. საქართველოს მთავრობა მიწის აზომვებისა და საკუთრებაში რეგისტრაციის დაწყების სამზადისშია და პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტიც აქვს შეტანილი. დაინტერესებულ პირს კანონის ამოქმედებიდან ექნება ერთწლიანი ვადა, რათა მიწის რეგისტრაციისთვის მიმართოს საჯარო რეესტრს.

„სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარების პერსპექტივას ვერ ვხედავთ ვერც დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რადგან სრულიად მოულოდნელად მან  კურსი აიღო დაურეგისტრირებელი მიწების არა კერძო საკუთრებაში, არამედ პირიქით, სახელმწიფო საკუთრებაში მოქცევისაკენ“, – აცხადებენ „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში.

აჭარის განახლებული რუკები და გზამკვლევები ტურისტებისთვის

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, ზაფხულის სეზონზე ტურისტებს აჭარის განახლებული რუკებისა და გზამკვლევების გამოყენების საშუალება ექნებათ.

წინა წელს არსებულ ბათუმის რუკას განახლებისას მუნიციპალური ტრანსპორტის სქემა დაემატება, რაც ტურისტებს ქალაქში გადაადგილებასა და ორიენტაციას გაუმარტივებს. გარდა ამისა, იგეგმება სამი რუკის ერთში განთავსება, რაც ბათუმის, აჭარისა და საქართველოს რუკების გაერთიანებას გულისხმობს.

დეპარტამენტის ცნობით, ასევე, დაგეგმილია ბათუმის, აჭარის სამენოვანი გზამკვლევის დაბეჭდვაც, რომელიც წარმოადგენს მოკლე, პრაქტიკულ და ტურისტების საჭიროებებზე მორგებულ ძირითად გზამკვლევს. მასში თავმოყრილია ინფორმაცია აჭარის ღირსშესანიშნაობების, მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის, კულინარიის, სასტუმროების, გასართობი ცენტრებისა და რესტორნების, ასევე ობიექტებზე მისვლის მარშრუტებისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ.

გზამკვლევში შეყვანილია რეგიონში მოგზაურობისათვის სასარგებლო რჩევები და თემატური რუკები. რუკებიცა და გზამკვლევიც ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში განთავსდება, სადაც ნებისმიერ მსურველს მისი გამოყენების საშუალება ექნება.

მამაკაცს კასტრაცია ჩაუტარეს

აჭარის ერთ-ერთ სოფელში მამაკაცს კასტრაცია ჩაუტარეს. მას სისხლდენა სოფლის ექიმმა შეუჩერა, ხოლო შემდეგ ბათუმში გადმოიყვანეს ერთ-ერთ საავადმყოფოში. მამაკაცი ამ დროისთვისაც საავადმყოფოში იმყოფება.

კასტრაციის ჩატარების მონაწილე პირების შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები არსებობს, ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცზე ოჯახის წევრებმა იძალადეს.

შს სამინისტროს პრესცენტრში აცხადებენ, რომ მსგავსი შემთხვევის შესახებ შეტყობინება უწყებაში არ შესულა.

ბათუმში ქუჩის გათხრის დროს თლილი ქვები აღმოაჩინეს [ფოტო]

დღეს, 24 თებერვალს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და კლდიაშვილის ქუჩების კვეთაში, სადაც „სოკარი“ სამუშაოებს ახორციელებს,  მუშებმა მიწაში თლილი ქვები აღმოაჩინეს.

ადგილზე იმყოფებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბიძინა აფხაზავა. მისი თქმით, ქვების ნაწილი იატაკისაა, ნაწილი კედლის, თუმცა როდის მოხდა ისინი იქ, ჯერ გაურკვეველია.

„ეს ქვები შესაძლოა რომელიმე დანგრეული შენობის იყოს, ან კიდევ შეიძლება იყოს რელიგიური ნაგებობის, ვთქვათ, ნეველის ტაძრის“, – ამბობს ბიძინა აფხაზავა.

ნეველის ტაძარი დღევანდელი სასტუმრო „ინტურისტის“ ადგილზე იდგა, რომელიც გასული საუკუნის 30-იან წლებში დაანგრიეს.

ამ დროისთვის ლუკა ასათიანის ქუჩაზე „სოკარი“ სამუშაოებს აგრძელებს. 

DSCN7956

DSCN7955

DSCN7958

DSCN7960
ლუკა ასათიანის ქუჩაზე თლილი ქვები აღმოაჩინეს / ირმა დიმიტრაძის ფოტოები

მედეა ვასაძე: ფრაქციის შექმნით ოპოზიციურ ძალთა ბალანსს ვაძლიერებთ

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულ დეპუტატებთან, ასმათ დიასამიძესა და მურმან ბერიძესთან ერთად ფრაქციას შექმნის. მედეა ვასაძის თქმით, მისი მისამართით კრიტიკა ყოფილ „ნაციონალებთან“ თანამშრომლობის შესახებ, უსამართლოა, რადგან, მისივე თქმით, „ქართული ოცნება პრაქტიკულად ათქვეფილია ნაციონალურ მოძრაობაში.“

„რაც შეეხება მოტივაციას, რომლითაც პირადად ვიხელმძღვანელე. მე არ ვიცი რას ნიშნავს, სიმბოლურად [ასმათ დიასამიძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ მან და მურმან ბერიძემ სიმბოლურად, ახალი ფრაქციის შექმნის გამო დატოვეს „ნაციონალური მოძრაობა“] მე ვიცი, რომ სტატისტიკურად დღეს 8 „ნაციონალის“ ნაცვლად უმაღლეს საბჭოში ირიცხება ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი – ეს ერთი.

მეორე – თქვენ ხედავთ, რომ პრინციპულ საკითხებში აჭარის უმაღლესი საბჭო ვერ იღებს გადაწყვეტილებებს. იმდენად, რამდენადაც ფრაქციის თავმჯდომარე შედის ბიუროს შემადგენლობაში, ფრაქციის შექმნით ჩვენ ოპოზიციურ ძალთა ბალანსს ვაძლიერებთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუმეტეს იმ ვითარებაში, როცა სახელისუფლებო წევრები მუდმივად გახლავთ მივლინებაში. ორ თვეში ერთხელ ისინი მივლინებაში იმყოფებიან საზღვარგარეთ და ეს იქნება ერთგვარი შემაკავებელი გარემოება.

ასევე, ჩემი პოლტიკური ინტერესების რეალიზება ვერ ხდებოდა, იმიტომ, რომ ვიყავი ერთი, დამოუკიდებელი დეპუტატი.
ეს ამბავი გადაწყვეტილი იყო ხუთი თვით ადრე, მაგრამ გავაკეთეთ ახლა, იმიტომ, რომ არ დააწვეს ფრაქციის შენახვის ხარჯები უმაღლეს საბჭოს. ეს იქნება [ხარჯები] ალბათ 49 ათას ლარამდე, იბეგრება და რჩება 47 ათასი. თავის დროზე ქართული ოცნების ფრაქცია გაიყო ორად და იქ საერთოდ რას ემსახურებოდა ფრაქციის შექმნა, გაუგებარ იყო.

…თუ ფრაქციაში რაღაც პრინციპებში ვერ შევთანხმდებით, როგორც გავერთიანდით, ისევე შემიძლა ვთქვა, რომ აღარ მინდა და ფრაქცია დაიშლება, თუმცა არა მგონია, ჩვენმა ტექნიკურმა თანამშრომლობამ ამ შვიდთვიან ერთობას ვერ გაუძლოს,“ – ამბობს მედეა ვასაძე.

ახალი ფრაქციის შექმნა უმაღლესი საბჭოს ხარჯებს მინიმუმ 108 ათასი ლარით გაზრდის

ახალი ფრაქციის შექმნა უმაღლესი საბჭოს ხარჯებს წლიურად მინიმუმ 108 ათასი ლარით გაზრდის. მხოლოდ ფრაქციის აპარატისთვის ყოველთვიურად 9 ათასი ლარი იხარჯება. ამ ხარჯებს ემატება ავტომანქანა (რა მანქანას გამოუყოფენ ახალ ფრაქციას, ან შეიძენენ, ჯერ უცნობია). ფრაქციას ასევე ყოველთვიურად  400 ლიტრ საწვავს გამოუყოფენ. ფრაქციის თავმჯდომარის ხელფასი თვეში 3700 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) იქნება, რომელიც განსხვავებულია საბჭოს რიგითი წევრის ანაზღაურებისგან. უმაღლესი საბჭოს წევრი  ხელზე თვეში 3120 ლარს იღებს.

უმაღლეს საბჭოში ახალი ფრაქცია იქმნება, რომლისის თავმჯდომარე, როგორც უკვე ცნობილია, ასმათ დიასამიძე იქნება. ახალი ფრაქციის წევრები ასმათ დიასამიძესთან ერთად, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული კიდევ ერთი წევრი – მურმან ბერიძე და დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე იქნებიან.

საიას იურისტი: ნარკოტესტისთვის ნიმუშის ჩაბარებაზე უარის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს

გუშინ, 23 თებერვალს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ორი პირი დააკავეს. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნარკოტესტის ჩატარების მიზნით ნიმუშის ჩაბარებაზე. პოლიციაში დაკავებლებთან თავდაპირველად არ უშვებდნენ ადვოკატებს. მოგვიანებით ადვოკატებს, რომელთაგან ერთ-ერთი საიას თანამშრომელი იყო, შენობაში შესვლის უფლება გვიან ღამით მისცეს. „ბათუმელები“ წუხანდელი დაკავების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საიას ადვოკატს პაატა დიასამიძეს ესაუბრა.

პაატა, როგორ დასრულდა გუშინ ორი პირის დაკავების ფაქტი?

გუშინ პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა ორი პირი, რომლებიც გადაიყვანეს მთავარ სამმართველოში. დაკავება განახორციელეს ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით, მაგრამ მათ [დაკავებულებმა] უარი თქვეს შემოწმებაზე. ადმინისტრაციული წესით დაკავების ვადა არის 12 საათი და ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი უნდა გაათავისუფლონ. გუშინ დაკავებულებიც 12-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაუშვებელია იძულებით ნიმუშის ჩაბარება, ეს არის ნებაყოფლობითი პროცესი. მათ გამოიყენეს ეს უფლება და არ მისცეს ნიმუში.

სად და რა ვითარებაში დააკავეს ეს პირები?

ჩემთვის ცნობილი არ არის ტერიტორიულად სად დააკავეს ისინი.  ქუჩაში გააჩერეს და უთხრეს, რომ აქვთ ოპერატიული ინფორმაცია, რომ თქვენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ ხართ და უნდა გამოგვყვეთო. ამას პოლიციის შესახებ კანონი ითვალისწინებს – თუ არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, მაშინ შეიძლება თხოვოს პოლიციამ მოქალაქეს ნარკოლოგიურში გაყოლა.

მაგრამ ამ პირებმა ნებაყოფლობით  ნარკოლოგიურში გაყოლაზე უარი განაცხადეს. ასეთ შემთხვევაში შს მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს იძულების წესით დაკავებას და იგივე ბრძანება ნარკოლოგიურში გადაყვანის წესსაც არეგულირებს, მათ შორის ითვალისწინებს ადმინისტრაციულ დაკავებასაც.

შს მინისტრის ბრძანებით, თუ პირი უარს აცხადებს ნარკოლოგიურში გადასვლაზე, შეიძლება მისი იძულებით გადაყვანა, მაგრამ დაუშვებელია აიძულო პირს ნიმუშის ჩაბარება – ნიმუშის ჩაბარებაზე უარის თქმა ეს პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა.

ანუ პოლიციას შეუძლია დაგაკავოს, მაგრამ პოლიციას არ შეუძლია იძულებით ჩაგაბარებინოს ნიმუში?

ვერ გაიძულებს, მსგავსი იძულება არაადამიანურ მოპყრობად მიიჩნევა, თუ დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით.

მაშინ რა აზრი აქვს ასეთ დაკავებას, ან რა ბერკეტია ეს პოლიციისთვის?

ერთგვარი კაზუსური სიტუაციაა, კანონი ითვალისწინებს დაკავებას, მაგრამ დაკავების შემდეგ ნებაყოფლობითია ნიმუშის ჩაბარება.

გუშინ დაკავების ოქმი სად დაწერეს?

დაკავების ოქმი განყოფილებებში დაწერეს, ერთი ბათუმის პირველმა განყოფილებამ დააკავა, ხოლო მეორე, თუ არ ვცდები, მეოთხე განყოფილებამ.

„რუსთავი 2“-ისა და „საქართველოს“ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად განიხილავს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ისა და „ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციურ სარჩელს. მოპასუხე მხარე – საქართველოს პარლამენტია. დავის საგანი სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებია, რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლოში ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ იყენებს. ეს მუხლები „მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებებს“ ეხება.

მოსარჩელე მხარის მოთხოვნაა, არაკონსტიტუციურად ჩაითვალოს კონკრეტული ჩანაწერი კოდექსიდან: „ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს“, ვიდრე საქალაქო სასამართლო ქიბარ ხალვაშის სარჩელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

„რუსთავი 2“-ის ადვოკატების განმარტებით, საერთო სასამართლოებს განუსაზღვრელი თავისუფლება აქვთ, ამორალურ გარიგებად მიიჩნიონ სხვადასხვა ხელშეკრულება, რადგან კანონში ზუსტი განმარტება არ არსებობს.

„სადავო ნორმების შეჩერება მართლმსაჯულების განხორციელებას არ შეუშლის ხელს, ვინაიდან სადავო ნორმათა გამოყენების პრაქტიკა ძალზედ მცირეა და რეალურად არც გამოიყენება,“ –  წერენ მოსარჩელეები შუამდგომლობაში.

 

 

მედეა ვასაძე და ყოფილი „ნაციონალები“ ერთ ფრაქციაში

უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: ასმათ დიასამიძემ და მურმან ბერიძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს და დამოუკიდებელ დეპუტატთან, მედეა ვასაძესთან ერთად, ფრაქცია შექმნეს.

ასმათ დიასამიძემ „ბათუმელებს“ სატელეფონო საუბარში განუმარტა, რომ ისინი სხვა პარტიაში გადასვლას არ გეგმავენ და პარტია სიმბოლურად დატოვეს, რადგან ერთი პარტიის წევრებს ორ სხვადასხვა ფრაქციაში გაერთიანების უფლება არ აქვთ.

ფრაქციას ასმათ დიასამიძე უხელმძღვანელებს.

რატომ დათანხმდა მედეა ვასაძე იმ პარტიის წევრებთან გაერთიანებას, რომელსაც უმაღლეს საბჭოში არჩევამდე აკრიტიკებდა, ამაზე მედეა ვასაძის კომენტარს „ბათუმელები“ მიღებისთანავე გამოაქვეყნებს.

 

შეხვედრა, რომელზეც მთავრობა არ მოვიდა

ნანა მეგრელიძე, საინიციატივო ჯგუფის – „დაიცავი ძველი ბულვარი“ – წევრი

18 თებერვალს ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ორგანიზებით ძველი ბულვარის თემაზე დისკუსია გაიმართა, რომელსაც აჭარის მთავრობა უნდა დასწრებოდა, თუმცა, როგორც დისკუსიის ორგანიზატორმა, ნათია ზოიძემ გვითხრა, დისკუსიის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მთავრობის წევრებმა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

არ მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობაში მოულოდნელად, იმ წუთას მიიღეს, ვფიქრობ, ეს იყო წინასწარ გათვლილი სცენარი. არ მოვიდნენ დისკუსიაზე, რადგან დაინახეს, რომ ვერ შეძლეს ბულვართან დაკავშირებული საკითხების ისე გადაჭრა, როგორც მათ სურდათ, მთავრობა შევიდა ჩიხში და მაშინ როცა ბულვართან დაკავშირებულმა დისკუსიამ, სახალხო მოძრაობამ, სერიოზული ფორმა მიიღო, საერთოდ აარიდეს თავი კითხვებზე პასუხის გაცემას.

როდესაც ქალაქი, საზოგადოება, შენი ამომრჩეველი, გთხოვს მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, როცა ადამიანებს აქვთ კითხვები, ჩემი აზრით, მთავრობა ვალდებულია, მოსწონს თუ არა არაკომფორტულ გარემოში ყოფნა, პატივი სცეს ამ ადამიანების აზრს და მოვიდეს შეხვედრაზე, სულ ცოტა ამის პასუხისმგებლობა მაინც უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას. ჩემთვის მათი არ მოსვლა, პირველ რიგში, მათ სისუსტეზე მიუთითებს და იმაზე, რომ არა აქვთ იმ კითხვებზე სრული პასუხი, რაც მათი მისამართით იქნებოდა დისკუსიაზე დასმული.

ამ შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს მიმართა. ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა, გადაიხედოს ძველი ბულვარის ე.წ. კონცეფცია, მოხდეს იმ ჯგუფის განახლება და პროფესიონალებით ჩანაცვლება, რომელმაც შექმნა ტექნიკური დავალება ბათუმის ბულვარისათვის; მთავრობამ დაიწყოს ძველი ბულვარის კონსერვაციაზე ზრუნვა, ბულვარში მიმდინარე სამუშაოებისთვის ტენდერები დაიგეგმოს ისე, რომ კომპანიებმა შეასრულონ ყველა ვალდებულება და 2017 წელს ბულვარი დაუბრუნდეს ბათუმის მერიას.

მესამე ბილიკის აღდგენის გარდა ბათუმის ბულვარში არის სხვა პრობლემებიც, რომლებიც თანმიმდევრულად უნდა მოგვარდეს და ამას სჭირდება საზოგადოების მხრიდან მუდმივად თვალყურის დევნება. ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს მთავრობამ, ახლანდელმა თუ მომავალმა, რომ არ შეიძლება ძველი ბულვარის ხელყოფა. ეს არის ადგილი, რომელიც ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ხელისუფლება ცდილობს თავისი დაღი დაასვას ბათუმის ბულვარს, რაც მიუღებელია. ფაქტია, რომ საზოგადოების დიდი სურვილია, ძველი ბულვარი შენარჩუნებული იყოს, ეს ბათუმის ხელუხლებელი ნაწილია.

ზოგადად არ ვიცი, რატომ გახდა საჭირო ახალი კონცეფცია, საიდანაც დაიწყო ეს ყველაფერი. ბულვარს დაარსების დღიდან აქვს თავისი კონცეფცია, ამ ტერიტორიას ჰქვია ბულვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ მის სახელწოდებაში უკვე ჩადებულია მთავარი შინაარსი, რომ ეს არის სარეკრეაციო, დასასვენებელი, სასეირნო ზონა. ძველი ბულვარის ახალ კონცეფციაზე ფიქრი ველოსიპედის თავიდან გამოგონებას ჰგავს, რაც აბსურდულად მიმაჩნია. კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას ის, რომ ძველი ბულვარის ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარი მთავრობამ, ეს რთული თემაა და ბევრი კითხვის ნიშანია ამასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია საზოგადოების დიდი პროტესტი და ადამიანები გააერთიანა იმ აზრმა, რომ ძველ ბულვარს სჭირდება მხარდაჭერა და გადარჩენა.

რა ზომებს მიმართავს საქართველო ზიკა ვირუსის პრევენციისთვის

ზიკა – ასე ეწოდება ვირუსს, რომელიც 2015 წლიდან გავრცელების მზარდი ტენდენციის გამო ჯანდაცვის სფეროს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ვირუსის ძირითადი გადამტანი კოღოა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის თქმით, ზიკა ვირუსის გადამტანი კოღო დაფიქსირებულია დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, ბათუმისა და ზუგდიდის შემოგარენში, მცირე რაოდენობით.

რა ზომებს მიმართავს სახელმწიფო ზიკა ვირუსის პრევენციისთვის? პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ზიკა ვირუსის გავრცელების რეალური საფრთხე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიდან დასავლეთ საქართველოში კოღოების რაოდენობა იზრდება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, კობა ნაკაიძე ამბობს, რომ რეკომენდაცია პრევენციული ზომების შესახებ არ გაიცემა, როდესაც დაავადება არ არის დაფიქსირებული. პრევენციის მთვარი მექანიზმი კი სახელმწიფო პროგრამა _ „ტრანსმისიულ დაავადებათა პრევენციის კომპონენტია“, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიას დაავადების გადამტანი მწერებისგან ამუშავებენ.

„აჭარაში ვამუშავებთ საკმაოდ დიდ ფართობს, სარფიდან ჩოლოქამდე. ეს პროგრამა მოქმედებდა გასულ წლებშიც და იქნება წელსაც. ტერიტორიის დამუშავება დაიწყება მაისიდან და გაგრძელდება სექტემბრის ჩათვლით, რადგან მწერების გამრავლების აქტიური ფაზა იწყება მაისიდან. სპეციალური წამლით დამუშავდება სახლის სარდაფები და ყველა ის ტერიტორია, საიდანაც შეიძლება გავრცელდეს კოღო. ასევე, ჩვენთან, ბათუმში, არის ორი ტბა, რომლებშიც გამბუზიაა [თევზი, რომელიც იკვებება კოღოთი] გაშვებული და ესეც ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია. ასე რომ, ამ მიმართულებით ჩვენ ვმუშაობთ. გადამტანების, ეს ზიკა იქნება თუ მალარია, წინააღმდეგ ღონისძიებები გვაქვს შემუშავებული და გაზაფხულის ბოლოს დავიწყებთ ტერიტორიის აქტიურად დამუშავებას. ძირითადად გადამტანები შემოდის მეორადი საბურავებით და ესეც ჩადებულია პროგრამაში, მეორადი, შემოტანილი საბურავები უნდა დამუშავდეს,“ – ამბობს კობა ნაკაიძე.

მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით ქალაქის ტერიტორიის დეზინსექციას აწარმოებს ბათუმის მერიაც. პროგრამის ფარგლებში ბათუმში 8400 სახლის ეზოს, სადარბაზოსა და სარდაფის, ქალაქის ტერიტორიაზე – 86 ჰექტარისა და 1000 ნაგავშემკრები კონტეინერის დეზინსექცია უნდა მოხდეს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე მიიჩნევს, რომ ეს ღონისძიებები საკმარისი იქნება ზიკა ვირუსის და სხვა ვირუსების პრევენციისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ზიკა ვირუსი კოღოს ნაკბენით ვრცელდება. ყველაზე გავრცელებულ სიმპტომებად მიიჩნევა: ცხელება, გამონაყარი, ტკივილი სახსრებში და კონიუნქტივიტი. დაავადებას ხშირ შემთხვევაში მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს და გრძელდება რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე. მძიმე კლინიკური სიმპტომატიკით დაავადების მიმდინარეობა და, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციაც იშვიათია. ადამიანებში ზიკა ვირუსის გადაცემა ხდება ინფიცირებული Aედეს სახეობის კოღოს ნაკბენით. ამ სახეობას ასევე გადააქვს დენგეს და ჩიკუნგუნიას ვირუსები.

Aედეს სახეობის კოღო ძირითადად მრავლდება ადამიანის მიერ შექმნილ ისეთ კონტეინერებსა და სათავსოებში, სადაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხდება წყლის დაგროვება. კოღოები დღის მანძილზე კბენენ ადამიანს. მათთვის ინფიცირების წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი, ამრიგად შემდგომ უკვე ინფიცირებულ კოღოს შეუძლია დაავადების გავრცელება ადამიანთა შორის კბენით. ზიკა ვირუსი საშიშია ფეხმძიმე ქალებისათვის, რადგან ვირუსი ნაყოფის პათოლოგიას იწვევს.

ზიკა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. ინფიცირების პრევენცია შესაძლებელია მხოლოდ კოღოების კბენისგან თავდაცვით.

რა ჯიშებით ჩაანაცვლებენ ხულოს კარტოფილს

კარტოფილის კიბოს დაავადების გასაკონტროლებლად სახელმწიფომ ტექნიკური რეგლამენტი 2015 წელს მიიღო და იმავე წელს გავრცელების არეალის დაზუსტება დაიწყო. გასული წლის შემოდგომაზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოს მუნიციპალიტეტის რიგ სოფლებში მიწა ლაბორატორიულად შეამოწმა და დაადგინა, რომ მიწა დაავადებულია სოფლებში – დანისპარაულში, დიდაჭარაში, რიყეთსა და ღორჯომში. სააგენტო ამ სოფლებში რეზისტენტული ჯიშების გამოცდას, ხოლო სხვა სოფლებში ნიადაგის შესწავლას გეგმავს.

საკარანტინო მავნე ორგანიზმზე ფიტოსანიტარული კონტროლი მთავრობამ ტექნიკურ რეგლამენტში გაწერა. რეგულაცია, რომელიც კარტოფილის კიბოს ლოკალური ადგილების გამოვლენასა და პრევენციული ღონისძიების გატარებას გულისხმობს, გასული წლის 25 ივლისს ამოქმედდა. რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხულოს აგროსერვისცენტრის უფროსი რესან ჩოგაძე ამბობს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხულოს სოფლებში ნიადაგი ლაბორატორიულად შეამოწმა – ნიადაგის სინჯი 42 სხვადასხვა ადგილიდან აიღო.

„ნიადაგის შემოწმებით დადგინდა, რომ 42 ნაკვეთიდან 6 ნაკვეთში კარტოფილის კიბოს გამომწვევი პათოგენები დასტურდება“, – ამბობს რესან ჩოგაძე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ სხვიტარიძის თქმით, „წელს სხვა სოფლებში აპირებენ ნიადაგის შესწავლას, რის შემდეგაც დაავადების გავრცელების ზუსტი არეალი ეცოდინებათ“.

დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გამოსავალს კარტოფილის რეზისტენტული ჯიშების ჩანაცვლებაში ხედავს.

„დაავადებულ ნიადაგში ან რეზისტენტული ჯიშის კარტოფილი უნდა დაირგოს, ან სხვა კულტურა ჩაენაცვლოს. რეზისტენტული ჯიშის კარტოფილში კიბო ნიადაგიდან ნაყოფში არ გადადის. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო ცენტრის მიერ შერჩეული რეზისტენტული ჯიშების გამოცდას ვგეგმავთ ხულოს სოფლებში, იმ ნაკვეთებში, სადაც დაავადება დადასტურებულია. ევროპიდან და ბელორუსიდან შემოვიტანთ რეზისტენტულ ჯიშებს. ამ ჯიშის კარტოფილი სხვა ქვეყნებში გამოცდილია და კარგ შედეგს იძლევა. მართალია, წელს ეს კარტოფილი მცირე ნაკვეთზე გაშენდება გამოსაცდელად, მაგრამ ამ გამოცდის შემდეგ ორიენტაციას იმ ჯიშზე ავიღებთ, რომლებიც კარგ შედეგს მოგვცემს აჭარის მთაში“, – ამბობს ოთარ სხვიტარიძე.

დაავადება რომ არ გავრცელდეს, სპეციალისტი ფერმერებს ყურდღებისკენ მოუწოდებს:

„ტექნიკურ იარაღს შეუძლია დაავადების გადატანა, დასნებოვნებულ ნაკვეთში გამოყენებული ნებისმიერი სამუშაო იარაღი იქვე უნდა გაიწმინდოს წყლით და შემდეგ შეიძლება მისი სხვა ნიადაგში გამოყენება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაავადებული ნაყოფით ცხოველი არ გამოიკვებოს. მართალია, ის ცხოველისთვის არ არის საზიანო, თუმცა პათოგენის სპორები ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს და ნიადაგში გადადის“.

ვიდრე სურსათის ეროვნული სააგენტო რეზისტენტულ ჯიშებს ხულოს სოფლებში გამოცდის, რესან ჩოგაძის თქმით, მოსახლეობამ ამ ჯიშის კარტოფილი ღორჯომში უკვე გამოიყვანა.

„გასულ წელს სოფელ ღორჯომში, 11-წევრიან კოოპერატივ „ღორჯომს“ რეზისტენტული ჯიშის კარტოფილი გადასცა არასამთავრობო ორგანიზაცია „EMPARD“-მა დასათესად – როგორც ვიცი, ერთ ოჯახს დაახლოებით ერთ ტონამდე თესლი მისცა. მოსახლეობამ იმ ნაკვეთებზე დათესა, სადაც კარტოფილის კიბოს დაავადება იყო გამოვლენილი და საკმაოდ კარგი მოსავალი მიიღო. ადგილობრივები კმაყოფილები არიან“, – ამბობს რესან ჩოგაძე.

კოოპერატივ „ღორჯომის“ ერთ-ერთი წევრი ზაზა ბერიძე „ბათუმელებს“ უზიარებს თავის გამოცდილებას, რაც რეზისტენტული ჯიშის კარტოფილის წარმოებას უკავშირდება. ის მოსავლით კმაყოფილია.

„აქამდე ჩვენთან გავრცელებულ ჯიშს ვრგავდით, 2 000 კვადრატულ მეტრზე 7 ტონა კარტოფილი მოდიოდა, მაგრამ ბოლო წლებში ისე შემცირდა მოსავალი, რომ ორი ტონაც ვეღარ მოვიწიე. ზოგიერთი ამბობდა, რომ ნიადაგში კარტოფილის კიბოა გავრცელებული, ზოგიერთი სხვა რამეს ასახელებდა, მოსავალი კი ყოველწლიურად მცირდებოდა. კოოპერატივში 12 ოჯახი ვართ გაერთიანებული და კარტოფილი გამოგვყავს. გასულ წელს თორმეტივეს თითო ტონა რეზისტენტული ჯიშის კარტოფილი მოგვცეს დასათესად, 3 000 კვადრატულ მეტრზე ერთი ტონა დავთესე და 10 ტონა მოსავალი მივიღე. ზოგთან მეტი მოვიდა, ზოგთან – ნაკლები. შარშან ხულოში კარტოფილის მოსავალი არ იყო, დაავადება „ფიტოფტოროზი“ გავრცელდა, რამაც მცენარე დააზიანა. ჩვენ იმით გაგვიმართლა, რომ კარტოფილთან ერთად წამლებიც გადმოგვცეს და მცენარე დაავადებას ასე გადაურჩა“, – ამბობს ზაზა.

ზაზას თქმით, ღორჯომში გამოყვანილი რეზისტენტული ჯიშის კარტოფილს ისეთივე გემური თვისებები აქვს, როგორიც ე.წ. „ხულოს კარტოფილს“.

„ისეთივე მშრალი და გემრიელი კარტოფილია, როგორიც მანამდე მოგვყავდა. ხულოში ძირითადად ორი სახის კარტოფილია გავრცელებული – თეთრი ფერის კარტოფილი, რომელსაც „ქალაქურს“ ვეძახით და ვარდისფერი შეფერილობის, რომელიც ქალაქურთან შედარებით მშრალი და გემრიელია. კარტოფილი, რომელიც ახლა გამოგვყავს, მართალია, ხულოში გამოყვანილი ვარდისფერი კარტოფილივით მშრალი არ არის, მაგრამ არც ნაკლებია, ძალიან გემრიელია. მყიდველისთვის რთულია რეზისტენტული ჯიშის კარტოფილის გარჩევა სხვა კარტოფილისგან, მაგრამ მე მივხვდები, სტანდარტულია და პრიალა კანი აქვს.“

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის კიბოს დაავადების არსებობა ხულოს სოფლებში ოფიციალურად დასტურდება, აქ არც კარანტინი გამოუცხადებიათ და არც ტერიტორიები შემოუსაზღვრავთ.

„სახელმწიფო პროგრამით ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ დაავადების გავრცელების არეალი და დავაზუსტოთ კერები. ეს დაავადება მოისპობა, თუმცა ამას სისტემური მუშაობა და წლები სჭირდება. კარგად შერჩეული რეზისტენტული ჯიშების ჩანაცვლებით აჭარაში კარგი მოსავალი 3-4 წელიწადში გვექნება,“ – ამბობს ოთარ სხვიტარიძე.

კიდევ ერთი მეცნიერი, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი, რომელიც ფიტოპათოლოგიის მიმართულებით მეცნიერებათა დოქტორია, ამბობს, რომ კარტოფილის კიბოსგან ნიადაგის განკურნებას 30 წელი სჭირდება. გალინა მეფარიშვილი მის მიერ 2009 წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კარტოფილის კიბო გაცილებით ბევრ სოფელში გვხვდება ხულოში, ვიდრე ამას ოფიციალური პირები ამბობენ.

შს სამინისტროს განმარტება დაკავებულებთან ადვოკატების დაუშვებლობაზე

შს სამინისტროს პრესცენტრში არ ადასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანილ ორ პირთან ადვოკატები არ დაუშვეს. „ადვოკატებს შეზღუდვა არ აქვთ. წესით, ახლა მათთან უნდა იმყოფებოდნენ“, – უთხრეს „ბათუმელებს“ პრესცენტრში.

ასევე, პრესცენტრის ინფორმაციით, მათთვის უცნობია დეტალები, თუ რის გამო დააკავეს ორი პირი. „ვადასტურებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ორი პირი გადაყვანილია ნარკოლოგიურში. ისინი 12 საათის განმავლობაში იქ იქნებიან. თუ ჩააბარებენ [ნიმუშს] ჩააბარებენ, არ ჩააბარებენ – გამოუშვებენ“, – განაცხადეს შს სამინისტროს პრესცენტრში.

საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა ერთი საათის წინ „ბათუმელებს“ აცნობა, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გადაყვანილ დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებდნენ. ახლახან გიორგი ხიმშიაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ მათ მისცეს დაკავებულებთან შესვლის უფლება და ამ წუთებში სწორედ შენობაში აპირებენ შესვლას.

საია: აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დაკავებულებთან ადვოკატებს არ უშვებენ

აჭარის პოლიციის დეპარტამენტთან ამ წუთებში იმყოფება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. გიორგი ხიმშიაშვილის ინფორმაციით, პოლიციის შენობაში გადაყვანილ ორ დაკავებულ პირთან ადვოკატებს არ უშვებენ:

გიორგი ხიმშიაშვილიდღეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2 პირი, რომლებიც გადმოიყვანეს მთავარ სამმართველოში ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით. დაკავებულებმა უარი განაცხადეს ნიმუშის ჩაბარებაზე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა, რადგან მოქალაქეს აქვს უფლება საკუთარი თავის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენება. ეს ითვალისწინებს ნიმუშის არჩაბარების უფლებასაც. ამის გამო პოლიციამ გადაწყვიტა, რომ 12 საათით მოათავსონ დაკავებულები დეპარტამენტის შენობაში.

ამ შემთხვევაში პრობლემაა ის, რომ სამართალდამცავებს არ აქვთ უფლება დაკავების პროცესი 12-საათიან ვადაში მოაქციონ, თუ არ არსებობს განსაკუთრებული დასაბუთებული აუცილებლობა. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ საიას აჭარის ფილიალის ადვოკატს და ასევე კიდევ ერთ ადვოკატს არ ეძლევათ უფლება შეხვდნენ დაკავებულებს და გაესაუბრონ, ანუ დაიცვან მათი კანონიერი ინტერესი ყველა იმ პროცესის ეტაპზე, რაც მათ მიმართ განხორციელდება ამ 12 საათის პერიოდში.

როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამ ეტაპზე არ არის შედგენილი დაკავების ოქმი და დაკავების საფუძველიც ჩვენთვის უცნობია. ძირითად მოტივი, რაც გავიგეთ ესეც ზეპირსიტყვიერად, არის ნარკოლოგიური შემოწმება. სხვა ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია, რომ სხვა შეფასება მივცეთ ამ ადამიანების დაკავების კანონიერ საფუძვლებს.

გიორგი, ეს ადამიანები სხვა დროსაც ხომ არ იყვნენ ნარკოტიკზე დაკავებულები?

მე როგორც ვიცი იყვნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ უფლების გამოყენებაში ადამიანი შეზღუდო.

საიას ვინ მოგმართათ?

საიას მოგვმართა უშუალოდ ერთ-ერთმა ადვოკატმა მას შემდეგ, რაც ეს პირები ნიმუშების ჩაბარების მოთხოვნის შემდეგ სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს 12 სათით გაჩერების მიზნით. ჩვენ ჩავერთეთ საქმის გარემოების მოკვლევის მიზნით, მაგრამ ჩვენ უარი გვითხრეს ამ ადამიანებთა შესვლაზე.

მსგავსი ფაქტები აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ვფიქრობ, ეს არის სისტემური პრობლემა: თუ რატომ არ გვიშვებენ ამის არც ზეპირი განმარტება მიგვიღია და არც სამართლებრივი დასაბუთება. კანონის თანახმად მათ ამის უფლება არ აქვთ.

სამუშაოები შუა ალეაში – შპს „ლიტომის“ საჩუქარი ბათუმის ბულვარს

„შპს „ლიტომი“ იზიარებს რა საზოგადოების მაღალ ინტერესს შუა ალეასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ ის სამუშაოები, რომელიც უკვე ჩატარებული გვაქვს აღნიშნულ ალეაში, საჩუქრად გადავცეთ ბათუმის ბულვარს,“ – აღნიშნულია შპს „ლიტომის“ წარმომადგენლის წერილში.

შპს „ლიტომს“ ბულვარის ადმინისტრაციამ მას შემდეგ მიმართა, რაც მთავრობამ ბულვარს ალეას აღდგენასთან დაკავშირებით სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გადაუგზავნა.

ბულვარის ადმინისტრაციამ ძველ ბულვარში შუა ალეას შენარჩუნების მიზნით პროექტში ცვლილებების შეტანის თხოვნით შპს „აჭარსპეცპროექტსაც“ მიმართა.

jemals

goCas

pasuxii

 

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ხელახალი კონკურსის გამოცხადებაზე

საკანონმდებლო ნორმა მართლაც ბუნდოვანია, თუმცა რადგან უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ამ ნორმით იხელმძღვანელა, მთავრობას შეეძლო ბოლომდე გაჰყოლოდა მას – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ კოორდინატორი მადონა ბერიძე .

„ვეთანხმებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, რომ ნამდვილად ბუნდოვანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ აჭარის კანონი აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ნაწილში. განსაკუთრებით უსკოს თავმჯდომარის ხელახaლი არჩევის რეგულაციასთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენადაც პირველ კენჭისყრაზე წარდგენილი კანდიდატის ჩავარდნის შემდეგ იხელმძღვანელეს კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტით და იმავე კანდიდატზე ხელახლა კენჭისყრას აპირებდნენ, მიგვაჩნია, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურებს ბოლომდე უნდა გაჰყოლოდნენ. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს კონკურსი კი არ უნდა გამოეცხადებინა, არამედ კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან უნდა წარედგინა კანდიდატი უმაღლესი საბჭოსთვის და თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩებოდა, არა უგვიანეს 3 დღისა, დარჩენილ ვაკანსიაზე მერე უნდა გამოეცხადებინა კონკურსი“, -აცხადებს ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აჭარა-გურია-ფოთის რეგიონული კოორდინატორი მადონა ბერიძე.

ჩაქვში მოკლული მამაკაცი ტაფით არის ნაცემი

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ჩაქვში დღეს დილით მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. „მკვლელობაში ბრალდებული იმერეთის პოლიციასთან ერთობლივი ძალისხმევით არის დაკავებული“, – უთხრეს „ბათუმელებს“ შს სამინისტროში.

„ბათუმელების ინფორმაციით, გარდაცვლილი სამზარეულოს ნივთებით არის ნაცემი, თუმცა ჩხუბის დროს დანა არ ყოფილა გამოყენებული. მომაკვდინებელი დარტყმა, სავარაუდოდ, სამზარეულოს ტაფით არის მიყენებული.

შს სამინისტროში ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებენ, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ამის თქმას მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შეძლებენ.

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა.

კონკურსის ბოლო ეტაპზე მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა ბუნდოვანია

კონკურსისა და წარდგენა-ვერდამტკიცების პროცურების გავლის შემდეგ, პროცესის ბოლოს, აჭარის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უსკოს თავჯდომარის პოსტზე კადიდატი უნდა შეერჩიათ და შემდეგ დაემტკიცებინათ, ბუნდოვანია. საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი შეარჩია. მათგან ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ წარდგენილ კანდიდატურას კენჭი უყარა და ჩააგდო, მეორე და მესამე ცდაზე კი კენჭისყრა ქვორუმის არ არსებობის გამო არ ჩატარებულა. ახალი კანდიდატურის წარდგენას უმაღლეს საბჭოში დარჩენილი ორი კანდიდატურიდან ელოდნენ. არის თუ არა მართლა ბუნდოვანი ნორმა, რომლითაც მთავრობამ კონკურსი დაიწყო და არ გააგრძელა? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ უპასუხა.

ატონო მალხაზ, საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც ამ დრომდე მთავრობა უსკოს კანდიდატის შესარჩევად და შემდეგ დასამტკიცებლად ხელმძღვანელობდა, მართლა ბუნდოვანია?

დიახ, აქ ძალიან რთული ამბავია. ის რომ მთავრობას ამის შემდეგ კომისიის მიერ შერჩეული დარჩენილი ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ან ორივე უნდა წარედგინა, არსად წერია.
მთავრობა ხელმძღვანელობდა ნორმის ამ ინტერპრეტაციით, ამაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია და სხვა სახის განმარტება არც გაკეთებულა.
გადავხედე ამ ნორმას და პირველი რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ არ არის არჩევის წესი ისე გამართულად ჩამოყალიბებული, როგორც სასურველი იქნებოდა. აქ არის ორი არჩევის წესი. ეს არის თავმჯდომარის წარდგენა და არჩევა და მეორე – უსკოს წევრების წარდგენა და არჩევა. ამ ნორმით თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთი კანდიდატურის წარდგენა ხდება. ხოლო აქ წერია არანაკლებ ორი და არაუმეტეს სამი. ეს მუხლი განსაზღვრავს როგორც წევრის არჩევას, სადაც ერთ ადგილზე სამი წევრი წარედგინება უმაღლეს საბჭოს და ასევე თავმჯდომარის არჩევას, სადაც ერთი კანდიდატურა წარედგინება. ამ შემთხვევაშიც მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა ერთი კანდიდატურა უსკოს თავმჯდომარის პოსტზე. ნორმა, თუ როგორ უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა, გაერთიანებულია წევრების არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში. ამ მუხლიდან გამომდინარე თუ ერთხელ წარადგინა მთავრობის თავმჯდომარემ კანდიდატურა, კენჭისყრა ჩატარდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, ვერ აირჩიეს. ამის შემდეგ კანონში პირდაპირ არ წერია, თუ ვინ უნდა წარადგინონ. მე-13-ე მუხლის მე-14-ე პუნქტში წერია , რომ თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, კენჭი ეყაროს დარჩენილ კანდიდატებს.

ანუ ეს ნორმა არ გულისხმობს შერჩეული სამიდან ორის წარდგენას?

არა. ამ შემთხვევაში კანდიდატი არის მხოლოდ კვაჭაძე, რომელიც წარადგინეს. კენჭს უყრიან მხოლოდ კანდიდატს. თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო მხოლოდ ერთი, კვაჭაძე. ჩანაწერი მე-14-ე მუხლში – თუ ვაკანსია არ შეივსო კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატებს, გულისხმობს უსკოს წევრების შერჩევას. ეს მუხლი ეხება ზოგადად წევრების არჩევას, სადაც რამდენიმე კანდიდატურის წარდგენა ხდება. ეს მუხლი მხოლოდ თავმჯდომარის არჩევას არ ეხება. ახლა მთავრობა ამბობს, რომ ვინაიდან ბუნდოვანი იყო ნორმა, ამის გამო ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი. მთავრობა ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს ბუნებრივია რაღაც ნორმით ხელმძღვანელობს , თუ ბუნდოვანი იყო ეს ნორმა, მას შეეძლო ასევე კანონის არსიდან ამოსულიყო და ეხელმძღვანელა იმ წესით, რომ დარჩენილი ორი კანდიდატიდან წარედგინა ერთ-ერთი. ამ ვარიანტითაც შესაძლებელი იყო ეხელმძღვანელა მთავრობას. ისიც არსად ეწერა, კონკურსი ხელახლა გამოაცხადეო. გარდა ამისა, თუ მთავრობა ამ მუხლიდან ამოდის, მეორე კენჭისყრას უნდა დალოდებოდა, რადგან მეორე კენჭისყრა სინამდვილეში არ ჩატარებულა, ქვორუმი არ შედგა, შესაბამისად, ვერც კენჭისყრა ჩატარდა. კანონში წერია, რომ მეორე კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, ქვორუმი ვერ შედგა, ეს კი საკითხის ჩავარდნას არ ნიშნავს. ნორმა არის მართლაც ბუნდოვანი, მისი განმარტება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. ის შეიძლება მთავრობამ სხვანაირად განმარტოს და მალხაზ ნაკაშიძემ სხვანაირად.

ხომ არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობამ იხელმძღვანელა ბუნდოვანი ნორმით მანამდე, ვიდრე მის სურვილებთან არ მოვიდა წინააღმდეგობაში შედეგი, შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ნორმა ბუნდოვანი ყოფილა?

შეიძლება, ეს არ ვიცი. მაგრამ უმაღლესი საბჭოს წევრებიც არჩეულები არიან და მათ აქვთ ვალდებულება მოაწყონ კენჭისყრა. ბუნდოვანია თუ როგორიც არის რასაც კანონი ადგენს ის პროცედურა მაინც რომ დაეცვათ, მათ მეორე კენჭისყრა უნდა ჩაეტარებინათ. თუ მეორე კენჭისყრაზეც ვერ აირჩევდნენ, ამის შემდეგ ხაბაძეს შეეძლო წარდეგინა დარჩენილი ორიდან, რომელიც კომისიამ წარადგინა, ერთის წარდგენა. თუმცა, ისევ ვამბობ, რომ ეს შეეხება კომისიის წევრების არჩევას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიურს გავავრცელებდით თავმჯდომარის არჩევაზე რადგან სხვა წესი კანონში არ წერია.

დეპუტატები ღიად აცხადებდნენ, რომ არ მისვლა სხდომაზე იყო პროტესტის ფორმა. ისინი არ უჭერდნენ მხარს წარდგენილ კანდიდატურას

სხდომებზე ბოიკოტი მათი უფლებაა და ეს შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ კანონში წერია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს თუ ირჩევენ ორი კენჭისყრის შემდეგ დარჩენილი კანდიდატურებიდან, მაშინ მთავრობის თავმჯდომარის ასარჩევად რატომ არ შეეძლოთ იგივე წესის გამოყენება? მართალია, ეს ნათლად არ წერია და საკანონმდებლო ხარვეზია, მაგრამ მთავრობამ ჩათვალა, რომ მისი გზა არის მართალი, თუ დავა წარმოიშობა, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია საბოლოო სიტყვა თქვას.

როგორ უნდა მოიქცეს ახლა მთავრობა, იგივე ბუნდოვანი ნორმით უნდა ჩაატაროს კონკურსი, თუ უმაღლეს საბჭოს უნდა მიმართოს ამ ნორმის დახვეწის თხოვნით?

ეს საინტერესოა. სწორი კითხვაა. ისევ რომ დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში რას იტყვის მთავრობა, კიდევ ბუნდოვანიაო? იგივე რომ მოხდეს, გამოდის ბუნდოვანი ნორმის საფუძველზე იღებს მთავრობა ზერელე გადაწყვეტილებებს. მე-14 მუხლში მკვეთრად უნდა განისაზღვროს, თუ როგორ ხდება თავმჯდომარის არჩევა, ხოლო ცალკე განისაზღვროს თუ როგორ ხდება უსკოს წევრების არჩევა.

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა თანამშრომელი მოკლა

ჩაქვში ახალგაზრდა მამაკაცმა თავისი 40 წლის თანამშრომელი მოკლა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილიცა და თავდამსხმელებიც სასტუმრო „ოაზისი“ ტერიტორიაზე არსებულ მშენებლობაზე მუშაობდნენ. ჯერჯერობით კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

“ოაზისის” ფინანსურმა მენეჯერმა თამარ სურგულაძემ “ბათუმელებს” განუცხადა, რომ გარდაცვლილი მათი თანამშრომელი არ არის.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

შს სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას მკვლელობაში ბრალდებულების დაკავების შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, ისინი დანაშულის ადგილიდან მიიმალნენ.

სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ნიშნავს.

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, იყიდება ბინის თეთრი კარკასი

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, იყიდება 50 კვ.მ ბინის თეთრი კარკასი. ფასი: 34000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

5

ქირავდება ან იყიდება ბინა ბათუმში, „მაკდონალდსთან“

ქირავდება ან იყიდება ბინა ბათუმში, „მაკდონალდსთან“, უზრუნველყოფილი ევრორემონტით, ავეჯით, ტექნიკით. ფასი: 35 000 აშშ დოლარი.
3

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: მინისტრის ბრძანებაში ხარვეზი გასწორდა

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე დასაგროვებელი ქულების ოდენობა შეიცვალა, სიმართლეს არ შესაბამება.

ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი,  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სოფო დოლიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, რომ პედაგოგთა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდაზე იყო და არის 14 ქულა, ანუ 40 პროცენტი:

„ზღვარი არ შეცვლილა, იგივეა. უბრალოდ, მინისტრის წინა ბრძანებაში იყო მცირე ხარვეზი, ანუ ტექნიკური შეცდომა, სადაც ეწერა რომ კომპეტენციის ზღვარი არის  40%-ზე მეტი. ეს „40 პროცენტზე მეტი“  იყო ტექნიკური ხარვეზი და ეს შეიცვალა. „40 პროცენტი და მეტი“-ამით. რადგან 14 ქულა არის 40 პროცენტი“.

სოფო დოლიძის განმარტებით, პედაგოგებს, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოცდაზე მოეთხოვებათ 14 ქულის, ანუ 40 პროცენტის დაგროვება.

„თუ ამაზე მეტს დააგროვებენ ბუნებრივია უკეთესი იქნება. თუმცა სავალდებულო ზღვარი არის 40 პროცენტი“.

 

ხელახალი კონკურსი უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავჯდომარის პოსტზე კანდიდატურა დღეს ხელახლა უნდა წარედეგინა, თუმცა მის მიერ მედიასთან გაკეთებული ინფორმაციით, მთავრობამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე ხელახალი კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო. კანონით უკვე წარდგენილი კანდიდატურის ჩავარდნის შემდეგ, მას, კანონმდებლობით, უმაღლესი საბჭოსთვის კომისიის მიერ შერჩეული სამი კანდიდატებიდან ორი უნდა წარედგინა. არჩილ ხაბაძის თქმით, ეს ჩანაწერი კანონში ბუნდოვანია, ამიტომ მან კომისიის ხელმეორედ ჩატარება გადაწყვიტა.

რა წერია კანონში:
„… თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, ხელახლა ეყრება კენჭი დარჩენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია კვლავ არ შეივსო, იმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოს 3 დღის ვადაში კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან თითოეულ დარჩენილ ვაკანსიაზე წარუდგენს 2 კანდიდატს. თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არა უგვიანეს 3 დღისა დარჩენილ ვაკანსიაზე ცხადდება კონკურსი და კანდიდატების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება. 15. ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.“

უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომისის თავმჯდომარე თემურ კახიძე არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებას ბრიფინგით გამოეხმაურა.

„მთავრობის თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 29 იანვარს უმაღლესი საბჭოსათვის წარმოდგენილი უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევა ვერ მოხდა კანონით განსაზღვრულ 14-დღიან ვადაში. აღნიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 18 თებერვალს. აღნიშნულის გათვალისწინებით და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტიდან გამომდინარე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არა უგვიანეს 23 თებერვლისა უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარის კონკურსში მონაწილე სხვა კანდიდატებიდან უნდა წარმოუდგინოს 2 კანდიდატი. თუკი აღნიშნული კანდიდატების წაrმოდგენიდან 14 დღის ვადაში უმაღლესი საბჭო კვლავ ვერ აირჩევს უსკოს თავმჯდომარეს, მთავრობის თავმჯდომარემ 3 დღის ვადაში უნდა დანიშნოს ახალი კონკურსი. კანონის სულისკვეთება არის შემდეგი, რომ ყველა კანდიდატის უფლება იყოს დაცული და კონკურსში მონაწილე დანარჩენ კანდიდატებსაც მიეცეთ საშუალება წარდგეს უმაღლესი საბჭოს წინაშე! ამ ეტაპზე ახალი კონკურსის გამოცხადებით ხელისუფლება მათ ამ უფლებას უზღუდავს! კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობ, რომ ხელისუფლებამ უნდა დაიცვას კანონი! პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს ხელისუფლება, როგორც ჩანს, მათ უნდათ ისე წარმართონ პროცესები, რომ მათთვის სასურველი კანდიდატი გაიყვანოს ამ პოსტზე. მოვუწოდებ აჭარის მათავრობის თავმჯდომარეს პროცესი არ შეიყვანოს ჩიხში და გააკეთოს ყველაფერი იმისათვის, რომ ნეიტრალური და კომპეტენტური კადრი იქნას წარმოდგენილი უმაღლესი საბჭოს წინაშე. სხვა შემთხვევაში პროცესები განვითარდება ისე, როგორც განვითარდა წინა შემთხვევაში“, – განაცხადა თემურ კახიძემ.

საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს) თავმჯდომარის პოსტზე არჩილ ხაბაძეს სამი კანდიდატი წარუდგინა. ესენი არიან: პარმენ ჯალაღონია, დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე. მათ შორის ერთ-ერთი დავით კვაჭაძე არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად წარუდგინა, თუმცა პირველ ჯერზე კანდიდატურა ჩავარდა, მეორე და მესამე მცდელობაზე კი ქვორუმის არარსებობის გამო სხდომა არ შედგა.

ახალი პროექტი აბიტურიენტებისთვის Naec-ისგან

„BeNaec – შეამოწმე შენი თავი Naec-თან ერთად“, – ასე  ჰქვია პროექტს, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სთავაზობს, საკუთარი შესაძლებლობების ეროვნულ გამოცდებამდე შესამოწმებლად.

პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი საფასურის გადახდის  [1 საგანი – 10 ლარი] შემდეგ, გაიარონ ერთიანი ეროვნული გამოცდების მსგავსი ტესტირება.

„ცენტრი მონაწილეებს ამ პროექტისათვის შექმნილი ტესტების ვერსიების პირად გვერდზე მიწოდებას, ნაშრომების გასწორებას, სურვილის შემთხვევაში კი გათანაბრებული და სკალირებული ქულების დათვლას და წინა წლის კონტინგენტის შედეგებთან საკუთარი ქულების შედარებას სთავაზობს“, – ნათქვამია Naec-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გასული წლის კონკურსთან საკუთარი შედეგების შედარებისთვის მონაწილემ უნდა აირჩიოს სასურველი ფაკულტეტები და მინიმუმ 4 გამოცდა [საგანი]. პროგრამა აჩვენებს, თუ რომელ ფაკულტეტზე შეეძლო ჩარიცხვა გასულ წელს ამ ქულებით. თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, გასული წლის კონკურსის ქულებით 2016 წლის კონკურსის შედეგების პროგნოზირება   მიზანშეწონილი არ არის.

აღნიშნული პროგრამის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ტესტების ვერსიებისა და სწორი პასუხების ნახვას ყველა მსურველი უსასყიდლოდ შეძლებს, შეფასებისა და გამოცდების  ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. ასევე ვებგვერდზე გამოქვეყნდება პროექტში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის დაზუსტებული თარიღი და პროცედურები.

აჭარის მთავრობა სანაპირო ზოლის განვითარების პროექტის შეისყიდვას გეგმავს

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ე.წ. ჭაჭის კოშკისა და საზღვაო ნავსადგურის მიმდებარე სარეკრეაციო ზონის განვითარების პროექტის შესყიდვას გეგმავს.

გადაწყვეტილებას სამინისტრო საინვესტიციო ინტერესების გაზრდით ასაბუთებს. თუმცა, წერილში, რომლითაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს მიმართა, კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე არაფერია ნათქვამი.

მინისტრ დავით ბალაძის ინფორმაციით, დასაგეგმარებელი ტერიტორია 2,25 ჰა-ს შეადგენს, მათ შორის 0,93 ჰა წარმოადგენს ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ტერიტორია ფუნქციურად არ არის დატვირთული და იქ არც კეთილმოწყობის სამუშაოებია ჩატარებული. საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ტერიტორია სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს, იგი მოქცეულია ტურისტების სამარშრუტო კონტურში. ხშირად ტერიტორია გამოყენებულია ტურისტული ტრანსპორტის პარკირებისთვის არაორგანიზებულად.
სამინისტროს ინფორმაციით, გასავითარებელი ტერიტორია ესაზღვრება გოგებაშვილის ქუჩას, რომელიც, აღნიშნულ მონაკვეთში მოშენებულია ცალმხრივად. ამ კვარტალის მიზანმიმართულად განაშენიანებისა და საინვესტიციო წინადადების ჩამოყალიბების მიზნით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია ტერიტორიის განვითარების კონცეფციის კონკურსის წესით შემუშავება, რისთვისაც თანხმობას სამინისტრო ქონების მესაკუთრისგან – ბათუმის მერიისგან ითხოვს. თავის მხრივ კი, მერიამ თანხმობა საკრებულოსგან უნდა მიიღოს. ბათუმის საკრებულომ საკითხი განსახილველად 26 თებერვალს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

განკარგულების პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე გამოთქვამს ვარაუდს, რომ თანხმობის მიცემისა და ერთიან კონცეფციაში მოქცევის შემდეგ შესაძლოა მთავრობამ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 0,93 ჰა ფართობი სანაპირო ზოლზე, უკვე ხელთ არსებული პროექტის მიხედვით, ერთიანი განვითარების მოტივით, საკუთრებაში გადაცემა მოითხოვოს. მერია ამ საკითხზე საკრებულოს, როგორც გადაწყვეტილების მიმღებს, მოსაზრებების წარმოდგენას სთხოვს.

მერია ააიპ „ბათუმის ბულვარს“ დააფუძნებს

ააიპ „ბათუმის ბულვარის“ დაფუძნებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიამ საკრებულოს თანხმობის მიღების თაობაზე მიმართა. საკრებულო საკითხს დასამტკიცებლად სხდომაზე პარასკევს, 26 თებერვალს გაიტანს.
ბათუმის მერია ბულვარის მართვაში დაბრუნებას ვარაუდობს 2017 წლის იანვრისთვის, მას შემდეგ , რაც იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება. ამ დროისთვის კი მერიას ახალი ააიპ „ბათუმის ბულვარი“ უკვე დაფუძნებული უნდა ჰქონდეს. ამასთან, 2017 წლის ბიუჯეტში მერიამ ბულვარის სამართავად საჭირო თანხა უნდა გაითვალისწინოს.

განკარგულების პროექტში, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად უკვე გადაუგზავნა ნათქვამია, რომ მიმდინარე ეტაპისათვის სსიპ „ბათუმის ბულვარი“ საქმიანობას აჭარის მთავრობის მიერ დამტკიცებული პრიორიტეტებისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში ახორციელებს. მთავრობის მიერაა ასევე დამტკიცებული ბულვარის მართვისა და ინფრასტრუქტურის განვითარების 2016 წლის პროგრამა, სადაც დეტალურად არის გაწერილი 2016 წელს განსახორციელებელი ღონისძიებები; სსიპ „ბათუმის ბულვარის“ 2016 წლისათვის შესყიდვის პროცედურები, შესაბამისად ნაკისრი აქვს ვალდებულებები. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულებამდე რთული იქნება ბათუმის მერიამ უზრუნველყოს ახალი ორგანიზაციის დაფუძნება და მისი მეშვეობით ბულვარის მართვა, რადგან იურიდიული თვალსაზრისით ახალი ორგანიზაციის პერიოდში შეუძლებელი იქნება ტურისტული სეზონის დადგომამდე ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულება. შესაბამისად, ბათუმის მერიას მიაჩნია, რომ ააიპ „ბათუმის ბულვარი“ უნდა დაფუძნდეს ბულვარში მიმდინარე მერიასთან შეთანხმებული ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 2017 წლის პირველი იანვრისა.

მერიაში მიიჩნევენ ასევე, რომ გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ბულვარი მერიის მართვაში გადავა, ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უნდა გაფორმდეს მემორანდუმი, რომელშიც გაწერილი იქნება მხარეთა ვალდებულებები. გარდა ამისა, უწყებებმა უნდა გაიარონ პროცედურები, რაც ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ უზურფრუქტის ხელშეკრულების შესაწყვეტად იქნება საჭირო.

ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების საკითხს ბათუმის საკრებულომ მხარი 2014 წლის აპრილში დაუჭირა. რის შემდეგაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. გადაწყვეტილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ეწინააღმდეგებოდა. დავით ბალაძე აცხადებდა, რომ წინა მოწვევის საკრებულოს პირობებში ის ბულვარს მერიას არ დაუბრუნებდა. ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების წინააღმდეგი იყო ბულვარის ადმინისტრაციაც.

როდის ეყოლება სსიპ „ბათუმის ბულვარს“ ახალი დირექტორი, ჯერ უცნობია. ყოფილი დირექტორის, არჩილ კახიძის მოთხოვნა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ აჭარის მთავრობამ უკვე დააკმაყოფილა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ თავად არჩილ კახიძემაც დაუდასტურა. „ბათუმის ბულვარის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გია ვარშანიძე აქამდე დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები აჭარაში 2016 წელს

2016 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამები. წელს სამინისტრო 7 პროგრამას, 23 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 306 170 ლარს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით უწყების ფინანსური დოკუმენტი 5 191 142 ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში შეადგენს 14 057 940 ლარს.

სამინისტროს პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციები შეგიძლიათ მიიღოთ ბმულებზე:

ბავშვებზე ორიენტირებული სოციალური დაცვის პროგრამები აჭარაში
გულის ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამები აჭარაში
ვინ ისარგებლებს ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამით აჭარაში
სოციალურად დაუცველთა სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება – დიაგნოსტიკა, ონკოლოგია
ერთჯერადი მატერიალური დახმარება მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისთვის
25 ათასი ლარი ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლის შესაძენად
ხელფასზე დანამატები სოფლის ექიმებს აჭარაში
თანადაფინანსება სავარძელ-ეტლებისა და სმენის აპარატების შესაძენად

 

 

 

 

პროგრამა მათემატიკისა და სხვა საგნების მასწავლებლებისთვის აშშ-ში

ინგლისურის (როგორც უცხო ენა), მათემატიკის, სოციალური მეცნიერებებისა და სპეციალური განათლების მასწავლებლებმა 2016 წლის 15 აპრილამდე უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა, რაც მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში  6 კვირით გამგზავრებისა და ამერიკული საგანმანათლებლო მოდელის გაცნობის შესაძლებლობას მისცემთ. აშშ-ის საელჩო საქართველოში განსაკუთრებით წაახალისებს იმ მასწავლებლებს, რომლებიც შშმ პირები არიან.

პროგრამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე ვრცელდება. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამა (The Teaching Excellence and Achievement (TEA) Program) საშუალო სკოლის მასწავლებლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას აიმაღლონ კვალიფიკაცია, დახვეწონ სწავლების უნარები და გაიღრმავონ ცოდნა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.

ექვსკვირიანი პროფესიული განვითარების პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში განხორციელდება და მოიცავს სემინარებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: სწავლების მეთოდოლოგია, კურიკულუმის შედგენა, სწავლების სტრატეგიების გაუმჯობესება ასევე სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება.

სამშობლოში დაბრუბნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ გრანტები ძირითადი სასკოლო მასალების შესაძენად, კოლეგებისათვის ტრენინგების ჩასატარებლად ან სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს გაცვლითი ვიზიტების დროს მასწავლებლებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობების გაღრმავებას.

პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:

  • მხარდაჭერას J-1 ვიზის მისაღებად;
  • მგზავრობას პროგრამის მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერიტეტამდე აშშ-ში და უკან;
  • უნივერსიტეტის ტრენინგ პროგრამას;
  • სამედიცინო დაზღვევას;
  • საცხოვრებელს (უმეტესად პროგრამის სხვა მონაწილეებთან ერთად) და კვებას;
  • ტრანსპორტირების ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში) და თანხას წიგნების შესაძენად.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო სკოლის მასწავლებლებს, რომლებიც მუშაობენ სრულ განაკვეთზე და აქვთ მასწავლებლად მუშაობის ხუთი ან მეტი წლის გამოცდილება შემდეგ დარგებში: ინგლისური, როგორც უცხო ენა, მათემატიკა, მეცნიერება, სოციალური მეცნიერებები, ან სპეციალური განათლება. პროგრამაში მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა ფლობდეს ინგლიურ ენას და ჰქონდეს პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლად მუშაობის სურვილი…”

როგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებვა შეიძლება მისამართზე

უკანონო სამედიცინო საქმიანობის სავარაუდო შემთხვევის განხილვა სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრის ექიმის – ლ.ა.-ს საქმის განხილვა დაიწყო. მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს განიხილავს, რომლის მიხედვითაც ექიმი ლ.ა. უკანონო სამედიცინო საქმიანობას ეწეოდა.

„თუკი სასამართლო დაადასტურებს  სააგენტოს პოზიციას, ექიმი 1000 ლარით დაჯარიმდება და მას აეკრძალება საქმიანობა იმ მიმართულებით, რომელშიც შესაბამისი სერტიფიკატი არ აქვს“ – უთხრა „ბათუმელებს“ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს იურისტმა დავით ებრალიძემ.

თავად ექიმი ლ.ა. ადასტურებს სერტიფიკატის არქონას. „ჯერ ამის საშუალება არ მომცემია, რომ შესაბამისი კურსი გამევლო“ – უთხრა მან „ბათუმელებს“.

სამედიცინო რეგულირების სააგენტომ კონკრეტულ ექიმს უკანონო სამედიცინო საქმიანობაში მას შემდეგ დასდო ბრალი, როცა კლინიკაში ხუთი თვის ბავშვი გარდაიცვალა. ექიმი ლ.ა. განმარტავს, რომ ბავშვი მასთან ალერგიული გართულებით მიიყვანეს, რის შემდეგაც ის ვირუსული ინფექციით საავადმყოფოს სხვა განყოფილებაში გარდაიცვალა. სააგენტოს ჯერ არ დაუსრულებია ბავშვის გარდაცვალების მიზეზების შესწავლა, თუმცა მანამდე მან ადმინისტრაციული ოქმი შეადგინა კონკრეტული ექიმის წინააღმდეგ, რასაც ამჟმად სასამართლო განიხილავს.

სასამართლო სხდომა, 22 თებერვალს, იმ მოტივით გადაიდო, რომ მასზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დასწრება ვერ მოახერხა.

 

Exit mobile version