Batumelebi | საბაგირო გზით მგზავრობა ბათუმში 15 ლარი გახდება საბაგირო გზით მგზავრობა ბათუმში 15 ლარი გახდება – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

საბაგირო გზით მგზავრობა ბათუმში 15 ლარი გახდება

ბათუმში საბაგირო „არგოს“ ფასი პირველი ივნისიდან გაიზრდება. ამასთან ერთად, აღარ იმოქმედებს  შეღავათები სტუდენტებისთვისაც:

privelistnew

„არგოს“ მფოლობელი კომანია „ჰესტოკ ბათუმის“დირექტორის, გიორგი აბაშიძის თქმით, ფასის ზრდა განპირობებულია საბაგიროს საექსპლუატაციო ხარჯის გაზრდით: „საბაგირო მეოთხე წელია უკვე ექსპლუატაციაშია, ჩვენ ზამთარ-ზაფხულ ვამუშავებთ საბაგიროს.  ზოგიერთი ობიექტი კი ბათუმში, როგორც იცით, წყვეტს მუშაობას ზამთარში და ზაფხულში იხსნება, ამიტომ  საექსპლუატაციო ხარჯი ნაკლები აქვს. თოვლია, წვიმაა, სულ ვამუშავებთ. ეს ყველაფერი კი მოქმედებს იმ დანადგარებზე, იმ საექსპლუატაციო ნაწილებზე, რომლებიც ცვლადია და ცვეთადია. ჩვენ ეს ყველაფერი ავსტრიიდან ჩამოგვაქვს, რადგან  უსაფრთხოების ნორმების თვალსაზრისით, არ გვაქვს უფლება სხვა მომწოდებლისგან მივიღოთ, რომელიც ან იაფია, ან რამე სხვა შეღავათია, ამიტომ ყველაფერი არის საკმაოდ ძვირადღირებული.  11 ახალი კაბინა დავამატეთ, რომ რიგები შეგვემცირებინა. ყველა ეს ხარჯი  ბევრ თანხაზე გავიდა, აქედან გამომდინარე თავისი თავის შენახვის მიზნით, ტექნიკურ გუნდთან მუშაობის შემდეგ დავადგინეთ, რა თანხის ამოღება უნდა მოხდეს, რომ საბაგირო ზამთარში აღარ გავაჩეროთ და მთელი წელი იმუშაოს. უბრალოდ იძულებულები ვართ, რომ ამ გზით წავიდეთ.  ეს არის კერძო ბიზნესი და ამ ბიზნესს სჭირდება თავისი შემოსავლები, რომ იფუნქციონიროს“.

ამასთან, გიორგი აბაშიძის თქმით, „მართალია, კომერციული თვალსაზრისით არაა გათვლილი საბაგირო, ანუ კომერციული დანიშნულება არ აქვს, მაგრამ არც იმისთვისაა გათვლილი, რომ ინვესტორებმა კიდევ დავაფინანსოთ და სულ დაფინანსების ქვეშ იყოს“.

სტუდენტებისთვის შეღავათების გაუქმების შესახებ კი გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ ექნებათ ახალი შეთავაზებები, თუმცა ჯერჯერობით  არაფერია შემუშავებული. მანამდე არსებული  შეღავათები სტუდენტებისთვის კი სასწავლო პერიოდზე იყო გათვლილი; რაც შეეხება ფასის კიდევ უფრო ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი,  ხოლო სეზონურად ფასის ზრდასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომავალი ზაფხულის ფინანსური შედეგების გათვალისწინებით მიიღებენ.

„შემდეგ წელიწადს შესაძლოა ბაგირის გამოცვლის საჭიროებაც დადგეს,  ჩამოვლენ ექსპერტები და შეამოწმებენ. მოგეხსენებათ 5-კილომეტრიანი ბაგირი არ ღირს იაფი“, – ამბობს გიორგი აბაშიძე და დასძენს, რომ გაზრდილი ფასიც კი, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო იაფია და მათ არ აფრთხობს. მისივე ინფორმაციით, იგეგმება მომხმარებლებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება. ამ დროისთვის მიმდინარეობს პროგრამაზე მუშაობა.

დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელს საბაგირო „არგოს“ მომსახურებით დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან