სიახლეები

ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

14.06.2016 • 1357
ბათუმში საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენცია მიმდინარეობს

საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა [IFC] და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, 14 ივნისს, ბათუმში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

ორგანიზატორთა განცხადებით, ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკის ჯგუფის იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს კერძო სექტორის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად: „განვითარებად ქვეყნებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ახერხებს მის რეალიზაციას ინვესტიციების ნაკლებობის, კონკურენტუნარიანობის დაბალი დონის და მკაცრი რეგულაციების გამო.“

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ქეთევან ბოჭორიშვილის თქმით: „მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და თავისუფალი იქნება ზედმეტი ბარიერებისგან. ამ კონფერენციის ფარგლებში ვიმუშავებთ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან და ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა შევიმუშაოთ ყველასთვის სასარგებლო მექანიზმები ამ მიზნის მისაღწევად.“

1 (1)

როგორც საერთაშორისაო საფინანსო კორპორაციაში აცხადებენ, „მონაწილეები ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 20-მდე ქვეყნიდან ყურადღებას გაამახვილებენ ინვესტიციების სტიმულირების გზებზე, ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრასა და საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნაზე. აგრეთვე არსებული ინვესტორების ინტერესების დაცვისა და ინვესტიციების შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავებაზე“.

20160614_093733„უცხოელი და ქართველი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებს და წარმოების განვითარებას, ასევე იმ უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილოებელია მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის. საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების სფეროში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობების გამოყენებას უწყობს ხელს და ეს კონფერენცია სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება“ – აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენმა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს ამ ღონისძიების აჭარაში ჩატარებისთვის. კონფერენციაში მონაწილეობს 20 ქვეყნის წარმომადგენელი და შესაბამისად, ეს ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის. რაც შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რეგიონში რამნდენიმე პროექტი მიმდინარეობს ამ ორგანიზაციების მხარდაჭერით, შესაბამისად, ჩვენ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს მათთან და ეს ურთიერთობა გაგრძელდება“ – განაცხადა ჟურნალისტებთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.

IFC მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი კორპორაციაა, რომელმაც მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში გასულ წელს, თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.

კონფერენცია, რომელიც ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ მიმდინარეობს, 15 ივნისს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: