მთიანი აჭარა

საბავშვო ბაღების ალტერნატივა აჭარის მაღალმთიან სოფლებში

21.06.2016 • 2127
საბავშვო ბაღების ალტერნატივა აჭარის მაღალმთიან სოფლებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების შორეულ სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მსგავს ცენტრებს – „ალტერნატიულ ჯგუფებს” ხსნის. ასეთი ცენტრი ქედის ორ, ხოლო შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ოთხ-ოთხ სოფელში მოეწყობა.

„ალტერნატიული ჯგუფი“ – ასე ეწოდება სკოლამდელი განათლების ცენტრებს, რომლებიც სამი მუნიციპალიტეტის ათ სოფელში სექტემბრის თვიდან გაიხსნება. „ალტერნატიულ ჯგუფებს“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgia“ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტის ფარგლებში – „საქართველოში სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდისა და მისი ხარისხის გაუმჯობესების მხრადაჭერა“.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, მაღალმთიან სოფლებში ასეთი ცენტრების გახსნის ძირითადი მიზანი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობაა. ის ჩვეულებრივი, სტანდარტული საბავშვო ბაღის სტრუქტურისგან ბევრად განსხვავებული იქნება.
„ალტერნატიული ჯგუფები~ მუშაობას დილით დაიწყებს და სასწავლო პროცესი ოთხ საათს გაგრძელდება. აქ ბავშვებს არც კვება ექნებათ და არც ძილის საათებია გაწერილი. თითო ცენტრს მხოლოდ ერთი აღმზრდელი ეყოლება და მაქსიმუმ 3-5 წლის 20 ბავშვს მიიღებს.

ასეთი ცენტრი ქედაში სოფლებში – ზუნდაგასა და ზედა ბზუბზუში მოეწყობა. ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი აიშე თებიძე ამბობს, რომ ეს სოფლები საჭიროებიდან გამომდინარე შეარჩია.

„მას შემდეგ, რაც დაიგეგმა ალტერნატიული ჯგუფების მოწყობა, არასამთავრობო ორგანიზაციას ეს სოფლები შევთავაზე. ზუნდაგიდან და ზედა ბზუბზუდან ბავშვები ზუნდაგის საბავშვო ბაღში დაჰყავთ. ეს სოფლები ცენტრს რამდენიმე კილომეტრითაა მოშორებული, თანაც ამ სოფლებში ბავშვთა კონტინგენტი დიდია. პროგრამის მიზანია მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური განათლების მიღება. ბავშვებისთვის ერთი ოთახი მოეწყობა, სადაც განთავსდება საჭირო ინვენტარი“, – ამბობს აიშე თებიძე.

ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი რიჟვაძემ თქვა, რომ მან ის სოფლები შეარჩია, სადაც ბავშვთა დიდი კონტინგენტია და ბოლო ორი წლის განმავლობაში ბაღის გახსნა არ იგეგმება. იმ შემთხვევაში, თუ ცენტრში ბავშვის ტარების სურვილს 20-ზე მეტი მშობელი გამოთქვამს, გაერთიანების დირექტორი ამბობს, რომ ბავშვთა მიღებისას განმსაზღვრელი ასაკი იქნება, “ჯგუფი სასკოლო ასაკის ბავშვებს მიიღებს“, – ამბობს ხულოს ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი.

„ალტერნატიული ჯგუფები~ ხულოში სოფელ აგარაში, ბეღლეთში, ბოძაურსა და ზემო ვაშლოვანში გაიხსნება.

ქედისა და ხულოს სოფლებისგან განსხვავებით, შუახევის მუნიციპალიტეტში სამ ალტერნატიულ ჯგუფთან ერთად ერთი სკოლამდელი ჯგუფიც გაიხსნება, სადაც მხოლოდ სასკოლო ასაკის ბავშვებს მიიღებენ.

„დაბაში სკოლამდელი ჯგუფი გაიხსნება სოფელ ხაბელაშვილებში. ნენიასა და ოლადაურში კი ალტერნატიული ჯგუფები“, – ამბობს შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი ნათელა გოგიტიძე.

სოფლებში გახსნილ „ალტერნატიულ ჯგუფს~ საჭირო ინვენტარს, საკანცელარიო ნივთებსა თუ საგანმანათლებლო წიგნებს ერთი წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაცია შეუძენს, ასევე ერთი წლის განმავლობაში აქ დასაქმებულს გადაუხდის ხელფასს, საშემოსავლოს დაქვითვის გარეშე, დაახლოებით 100 ევროს ოდენობით.

პროგრამის ფარგლებში ერთი წლით გახსნილი ცენტრები გააგრძელებს თუ არა ფუნქციონირებას, ამას თვითმმართველი ორგანოები გადაწყვეტენ. აიშე თებიძე იმედოვნებს, რომ ალტერნატიული ცენტრები ქედაში შესაძლოა გაფართოვდეს და სტანდარტული საბავშვო ბაღის სახეც კი მიიღოს.
ვიდრე ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ბაღების გაერთიანებებმა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ის აღმზრდელებიც შეარჩიეს და თბილისში გადაამზადეს, ვინც შერეული ასაკის ბავშვები სოფლებში სკოლამდელი განათლებით უნდა მოამზადონ.

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „Civitas Georgias“ სკოლამდელი განათლების პროგრამების მენეჯერი ალექსანდრე კალანდაძე ამბობს, რომ „ალტერნატიული ცენტრები“ ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების მიღებაზეა ორიენტირებული:

„საქართველოს ბევრ სოფელში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება არ არის. შესაბამისად, იქ მცხოვრებ ბავშვებს ამ ტიპის განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ. ჩვენი ორგანიზაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში პოლონეთში არსებულ პარტნიორ ორგანიზაცია „Edukator“-თან ერთად ასეთ სოფლებში ალტერნატიულ სკოლამდელი განათლების ცენტრებს ხსნის.

ჩვენ აქცენტს ბავშვის ჭამასა და დაძინებაზე არ ვაკეთებთ, მთელი აქცენტი გადატანილი გვაქვს განათლებაზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ისინი გამოყოფენ ფართობს, სადაც შეგვაქვს ინვენტარი, თვალსაჩინოებები და ერთ ოთახში ვაწყობთ მინიმალურ სასტარტო პირობებს, რომ ბავშვებმა მიიღონ განათლება. ადგილზე შეირჩევა პედაგოგი, რომელსაც გადავამზადებთ და გავაცნობთ იმ მეთოდოლოგიას, რითაც უნდა ვასწავლოთ. პროგრამა ექსპერტების მიერ არის შემუშავებული და შეთანხმებულია განათლების სამინისტროსთან“, – ამბობს პროგრამის მენეჯერი.

ალექსანდრე კალანდაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია Civitas Georgia-ს 200-მდე ალტერნატიული ცენტრი აქვს გახსნილი. წელს აჭარის რეგიონის გარდა ასეთ ცენტრებს სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებშიც გახსნის.

ფოტოზე: ქედა, სოფელი ზედა ბზუბზუ, სკოლის შენობა, აქ უნდა გაიხსნას „ალტერნატიული ჯგუფი“. ალექსანდრე კანდელაკის ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: