მთავარი,მთიანი აჭარა

ათი ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში – ხულოს გამგეობა ინვესტორს ეძებს

21.06.2016 • 1584
ათი ოჯახი სიცოცხლისთვის სახიფათო სახლში – ხულოს გამგეობა ინვესტორს ეძებს

დაბა ხულოში, რუსთაველის ქუჩაზე, ერთსართულიან სახლში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. სახლი, სადაც ათი ოჯახი ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია.

სახლი რუსთაველის ქუჩაზე იმდენად ძველია, რომ ერთი შეხედვით რთულია დაიჯერო, აქ ვინმე ცხოვრობს.

სახლი სიცოცხლისთვის სახიფათო რომაა, აქ მცხოვრებმა სევიე თავდგირიძემ დიდი ხანია იცის. სევიე ფიცრული სახლის ბოლოს, რამდენიმე კვადრატზე მოწყობილ ორ ოთახში 15 წელია ცხოვრობს. მოხუცს, რომელსაც თავი სახელმწიფო შემწეობით გააქვს, არც ფინანსური შესაძლებლობა აქვს, უსაფრთხო გარემო რომ შეიქმნას და არც ფიცრულის დამოუკიდებლად შეკეთება შეუძლია.

მოხუცებულის შემოსავალი პენსია და 50 ლარი სოციალური დახმარებაა. იგი ამბობს, რომ პენსიას მთელი წლის განმავლობაში შეშის საყიდლად ზოგავს.

„ზამთარში რომ არ გავიყინოთ, პენსიიდან ფულს ვზოგავ და შეშას იმით ვყიდულობ, აქვე ვასაწყობებ, რადგან სარდაფში შეშას ნესტი ედება და აღარ იწვის. ადრე დახმარების იმედი გვქონდა, ახლა იმედიც აღარ გვაქვს. აი ასეთ პირობებში ვცხოვრობ,“ – მიყვება მოხუცი და დამპალ იატაკსა და ჟანგმოდებულ ნიჟარას მაჩვენებს. მას არც ელექტროქურა აქვს და არც მაცივარი.

შენობაში, რომელსაც აქაურები ყოფილი ფაბრიკის სახლს ეძახიან, სევიე თავდგირიძესთან ერთად ცხრა ოჯახი ცხოვრობს. ყველა მათგანი სოციალურად დაუცველია.

სევიეს გვერდით მადლენა დავითაძე ცხოვრობს. ის გვიყვება, რომ წელს, ზამთარში, ხელისუფლებამ აქ მცხოვრებ ყველა ოჯახს დროებით ქირით უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შესთავაზა, რაზეც მხოლოდ ორი ოჯახი დათანხმდა. „სახურავი დამპალი და დაზიანებული რომაა, გათოვდება თუ არა ხელადვე ვწმენდთ, წელს, ზამთარში, გვითხრეს, რომ უსაფრთხო გარემოში გადაგვიყვანდნენ, მაგრამ სახლი იმის შიშით არ დავტოვე, რომ სხვა უსახლკარო ოჯახი არ შემოჭრილიყო და სულ უსახლკაროდ არ დავრჩენილიყავი, ან თოვლს არ დაეზიანებინა. ვთხოვთ დაგვეხმარონ, ჩვენ აქ ისეთი ოჯახები ვცხოვრობთ, ვისაც ძალიან უჭირს“, – ამბობს მადლენა.

შენობა რომ დეფორმირებულია, ამას ხულოს გამგეობის ჯანდაცვის სამსახურშიც ადასტურებენ. როგორც სამსახურის უფროსი რამაზ შავაძე ამბობს, 2015 წელს გეოლოგების მიერ გაცემულ დასკვნაში წერია, რომ შენობა სიძველის გამოა დეფორმირებული. სამსახურის უფროსი აქვე იმასაც განმარტავს, რომ სპეციალისტებმა სახლის მდგრადობა შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ შენობა გამაგრებას არ ექვემდებარება.

ხულოს გამგებლის მოადგილის, ლაშა ბოლქვაძის თქმით, გამგეობა მუშაობს ინვესტორის მოძიებაზე. იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდება ინვესტორი, რომელიც მოისურვებს აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის აშენებას და ათ ოჯახს საცხოვრებელ სახლს უსასყიდლოდ გადასცემს, გამგეობა მას 700 000-მდე ლარით დააფინანსებს.

„დაგიდასტურებთ, რომ შენობა საცხოვრებლად შეუსაბამოა, ვეძებთ ინვესტორს. თუ ინვესტორი გამოჩნდება, გამგეობა ნაწილობრივ აიღებს ვალდებულებას, რომ ეს ოჯახები დროებით უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანოთ. კორპუსის ასაშენებლად ინვესტორს შიგა თუ გარე კომუნიკაციების საკითხების მოგვარებაში დავეხმარებით, ეს იქნება წყლის მიყვანა, კანალიზაციის გაყვანა თუ ელექტროენერგიით მომარაგება. გამგეობამ ამ ოჯახებს საცხოვრებელი სახლი ვერ აუშენებს, ამის ფინანსური რესურსი არ გვაქვს,“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტს სიძველით დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებთან დაკავშირებით მიზნობრივი პროგრამა აქვს, რომლის ფარგლებში გამგეობა ასეთ ოჯახებს 10 000 ლარით ეხმარება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ოჯახებმა პროგრამით მხოლოდ იმიტომ ვერ ისარგებლეს, რომ შენობას მრავალსაცხოვრებლიანი სახლის სტატუსი აქვს, რაც პროგრამაში ხულოს გამგეობას არ აქვს გათვალისწინებული.

ფოტოზე: სევიე თავდგირიძე. ეკა ბარამიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: