ახალი ინვესტორი სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ

კომპანია „ვესტინვესტი“ სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზისა და სპორტულ-გასართობი ობიექტების აშენებას გეგმავს. ამ მიზნით ბათუმის საკრებულომ რუსთაველის # 51-ში მდებარე 3508 კვ/მ მიწის ნაკვეთი განსაკარგავად აჭარის მთავრობას  გასული წლის დეკემბერში გადასცა, თუმცა აჭარის მთავრობას კომპანიასთან ჯერ ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, რომელიც მერიამ საკრებულოს სხდომაზე გამოიტანა, 2016 წლის 22 იანვარს კომპანია „ვესტინვესტმა“ მერიას წერილით მიმართა და საინვესტიციო წინადადების დაზუსტება მოითხოვა. კომპანია მზად იყო  ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გადაერიცხა 525 000 აშშ დოლარის ექვივალენტური ლარი. გადაცემულ მიწის ნაკვეთზე კი შეთანხმებულ ვადაში უზრუნველყოფდა მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობების აშენებას.

ინვესტორი იღებდა არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, საკონფერენციო დარბაზის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, საზოგადოებრივი კვების ობიექტის, გასართობი ცენტრის, პარკინგისა და სარეკრეაციო ზოლის მოწყობის  ვალდებულებას. ამ ყველაფერში ინვესტორს არანაკლებ 25 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. რა ბედი ეწია პროექტს? – ამ კითხვაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უპასუხეს, რომ შეკითხვის ადრესატი მერიაა. მერიაში კი განმარტეს, რომ ქონება მთავრობას გადაეცა და პასუხიც მთავრობამ უნდა გაგვცეს.

კომპანია „ვესტინვესტი“ 2011 წელს საქართველოს ორმა მოქალაქემ – ვლადიმერ წულაძემ და სლავა ჟღენტმა და რუსეთის მოქალაქემ, ლუდმილა ბელიაევამ დააფუძნეს. 2015 წელს რეესტრის მონაცემებში ცვლილება შევიდა, რის შემდეგაც კომპანიის სამივე დამფუძნებელი მონაცემებიდან გაქრა. ამ დროიდან კომპანიის წილებს გიორგი გველესიანი – 33,34%, თემურ უსტიაშვილი – 33,33% და გიორგი თავდიშვილი – 33,33% ინაწილებენ. კომპანიის დირექტორად თემურ უსტიაშვილი ფიქსირდება.

რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივ ხელშეკრულებათა ისტორია და ნატოს პერსპექტივა

ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე ამბობდა: „მთელი ჩემი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ხუთი წუთიც არ ყოფილა მეგობრული ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის“. ასე იყო ფაქტობრივად და ასე არის იურიდიულადაც. ამჯერად  იურიდიულ მხარეზე ვისაუბროთ.

რუსეთ-საქართველოს შორის არა­ერთი სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური შეთანხმება შედგა. მათი ზერელედ გადახედვაც კი კმარა დასკვნების გამოსატანად.

მივყვეთ მოვლენებს ქრონოლოგიურად:

1719 წელს რუსეთის იმპერატორმა პეტრე პირველმა მოლაპარაკებები დაიწყო ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსესთან, რათა ეს უკანასკნელი სპარსეთის წინააღმდეგ რუსეთის მოკავშირეობას დასთანხმებოდა. „მოძმე, მართლმადიდებლურ რუსეთთან კავშირი იმდენად მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ ვახტანგს ბევრი არ უფიქრია. მან არა მარტო ქართველთა, არამედ, სომხების ჯარიც შეკრიბა და 1722 წელს სამი თვე უშედეგოდ უცდიდა პეტრეს გამოხმაურებას. პეტრემ ლაშქრობა კასპიისპირეთში დაიწყო, აიღო დარუბანდი,  მიზანს მიაღწია და უკან გაბრუნდა. რუსეთის იმპერატორ ვახტანგის ჯარი სპარსული ძალების საქართველოს მიმართულებით კონცენტრაციისთვის სჭირდებოდა, რათა საკუთარ ფრონტზე საქმე გაეადვილებინა. რასაკვირველია, ვახტანგის ქმედებას სპარსელთა დამსჯელი ლაშქრობები მოჰყვა, მაგრამ ეს პეტრეს აღარ აინტერესებდა… უფრო მეტიც, 1724 წელს მან ხელშეკრულება გააფორმა ოსმალეთთან და აღმოსავლეთ საქართველო ამ უკანასკნელს დაუთმო.

თუმცა, საქართველოს კიდევ დიდი დრო სჭირდებოდა იმისათვის, რომ რუსეთი რეალურად შეეცნო. 1453 წელს, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, მუსლიმურ რკალში დარჩენილი ქვეყანა დაიღალა, გამოიფიტა იდენტობის შენარჩუნებისთვის ბრძოლით. შესაბამისად, 1783 წელს გაფორმებული გიორგიევსკის ტრაქტატი დიდ მიღწევადაც ჩაითვალა. რუსეთი ვალდებულებას იღებდა, მუდმივად ჰყოლოდა ორი ბატალიონი ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე და, საჭიროების შემთხვევაში, მთელი ძალებითაც დაეცვა აღმოსავლეთ საქართველო. 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის ლაშქრობის წინ, რუსეთმა ბატალიონები წინასწარგანზრახულად გაიყვანა. ქართლ-კახეთი მიწასთან გასწორდა: მოიშალა ეკონომიკა, დაინგრა ტფილისი, დაიწვა სოფლები, სამეფო შინაარეულობამ მოიცვა.

დანგრეული ქვეყანა კიდევ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული „ერთმორწმუნე“ მეზობელზე. შედეგად, ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფე, გიორგი XII-მ რუსეთს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა სთხოვა, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სამეფო დინასტიის შენარჩუნების პირობით. რუსეთის  მოწვევით, გიორგი XII მშვიდობის დამყარებას, ეკონომიკურ აღმავლობას იმედოვნებდა. საპასუხოდ, 1801 წელს რუსეთმა გააუქმა ქართლ-კახეთის დამოუკიდებლობა, ხალხი ძალით დააფიცა იმპერატორის ტახტის ერთგულებაზე, ქართული სამეფო დინასტია რუსეთში გადაასახლა, მოშალა „ერთმორწმუნე“ ეკლესიის ავტოკეფალია და ა.შ.

მფარველობის შესახებ შეთანხმება რუსეთმა იმერეთის სამეფოსაც გაუფორმა 1804 წელს (ელაზნაურის ტრაქტატი), თუმცა 1810 წელს მისი დამოუკიდებლობაც გააუქმა და უკანასკნელი მეფე სოლომონი II ქვეყნიდან გააძევა.

1918 წლის 26 მაისს, რუსეთის გუბერნიებად თუ ოკრუგებად დაყოფილმა საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა. პირველივე დღიდან, ამ დამოუკიდებლობას თანაბრად მტრობდნენ, როგორც ბოლშევიკები, ასევე თეთრგვარდიელი მეფის გენერლები. თუმცა, ტაქტიკური მოსაზრებით, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალის ახვევას ისახავდა მიზნად, 1920 წლის 7 მაისს რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და მისი ტერიტორიული მოთხოვნების დიდი ნაწილიც დააკმაყოფილა. ხელშეკრულების შედეგად ლეგალიზებულმა ბოლშევიკურმა პარტიამ და ახალგახსნილმა რუსეთის საელჩომ მყისიერად დაიწყეს ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლების მოწყობა. საკუთარი მიზნების მისაღწევად რუსეთი, ძირითადად, კოლაბორაციონისტ ქართველებს, აფხაზ და ოს სეპარატისტულ ჯგუფებს იყენებდა. ქვეყნის „შიგნიდან აფეთქება“ არ გამოვიდა, ამიტომ 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა და ქვეყნის ოკუპაცია განახორციელა.

1991 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ აღდგენის შემდეგ, იმავე ოსი და აფხაზი სეპარატისტული ჯგუფების მართვის მეშვეობით, იმავე ქართველი კოლაბორაციონისტების გამოყენებით, რუსეთმა კვლავ დაიწყო საქართველოს „შიგნიდან აფეთქება. ქვეყანას თავს მოახვიეს სამოქალაქო და „ეთნიკური“ შიდა ომები, რომელთა სცენარები კრემლში იწერებოდა. თუმცა, ჩვენ ისევ ამ ურთიერთობათა იურიდიულ მხარეს დავუბრუნდეთ: აფხაზეთის ომის მსვლელობისას, 1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვისა და 1993 წლის 28 ივნისის სოჭის შეთანხმებათა საფუძველზე მხარეები ცეცხლის შეწყვეტისა და მძიმე შეიარაღების კონფლიქტის ზონიდან გაყვანის ვალდებულებას იღებდნენ. კრემლი ამ შეთანხმებათა შესრულების გარანტად გამოდიოდა. ქართული მხარის მიერ შესრულებულ პირობას, მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ სოხუმზე იერიში და აფხაზეთის ოკუპაცია მოჰყვა.

ბოლო და საქართველოს თანამედროვეობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება დაიდო 2008 წლის 12 აგვისტოს, რომელიც „ექვსპუნქტიანი შეთანხმების“ სახელით არის ცნობილი. ამ შეთანმებით, რუსეთი ვალდებულია, რუსული შეიარაღებული ძალები დაუბრუნდნენ სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კონფლიქტის ზონებში შესვლის უფლება მისცეს. რასაკვირველია, ეს უკანასკნელი შეთანხმებაც ძალიან შორს არის შესრულებისგან.

როგორც ვხედავთ, რუსეთს არც ერთი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება არ შეუსრულებია. საქართველო მუდმივად მოტყუებული რჩებოდა. რატომ? იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულებათა უკან ცალკე აღებული საქართველო იდგა, რუსეთი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც მას აღებულ ვალდებულებათა შესრულებას აიძულებდა.

სწორედ, აქ არის ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის _ ნატოს წევრობა, როგორც გამოსავალი. თუ გსურს, მეცხრამეტე საუკუნის მეთოდებით მოქმედმა იმპერიამ პატივი გცეს და შეასრულოს შენწინაშე აღებული ვალდებულებები, ის შენში უნდა ხედავდეს ძალას.  საქართველოს ნატოში გაწევრიანება არის დასავლური, მშვიდობიანი, განვითარებასა და მყარ, სანდო პარტნიორობაზე ორიენტირებული ალტერნატივა იმისა, რაც ბოლო სამასი წლის განმავლობაში საქართველომ რუსეთთან ურთიერთობისას გამოცადა.

ავტორი: ისტორიის დოქტორი, ბექა კობახიძე

ruset-saqartvelos saxelmwipoebriv xelshekrulebata istoria da natos perspektiva
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული 
კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

მომავლის აკადემია XXI საუკუნის განათლებისთვის

ეროვნული თავდაცვის აკადემია 28 მარტიდან აბიტურიენტთა მიღებას იწყებს

თბილისიდან დილის 5 საათზე გავედით… გვსმენია,  რომ მზის ამოსვლა ამ მხარეში, კავკასიონის მთების ფონზე განსაკუთრებულია. სასწავლო „ქალაქს“  გარიჟრაჟზე, დილის გამამხნევებელი ვარჯიში და იუნკერთა შეძახილები ავსებს. ასეა წლის ნებისმიერ სეზონზე. ეროვნული თავდაცვის აკადემიის ზღურბლს მიღმა ენერგიით, იმედითა და ძალით ივსები და დარჩენის თუ არა, მინიმუმ,  ხშირი სტუმრობის სურვილი გიჩნდება.

თბილისიდან გორამდე 40-50 წუთის სავალია, რეგიონებიდან მისასვლელი გზაც საკმაოდ კომფორტულია. ურბანული სივრციდან მოშორებულ ადგილას, გორის ცენტრსა და ხმაურს მოწყვეტილი სტუდენტური ქალაქი ძალიან ჰგავს მსოფლიოს თანამედროვე უნივერსიტეტების სასწავლო სივრცეებს. ადმინისტრაციული, საცხოვრებელი, სასწავლო, სპორტული კომპლექსითა და სარეკრეაციო ზონებით წარმოდგენილი კორპუსები ვრცელ ტერიტორიას მოიცავს.

ეროვნული თავდაცვის აკადემია სტუდენტთა ახალი ნაკადისთვის ემზადება. 2016-2017 სასწავლო წლისთვის საბუთების მიღება 28 მარტიდან დაიწყება. როგორც წესი, მსურველი ბევრია, თუმცა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სრულუფლებიანი იუნკერი  მხოლოდ 180 გახდება და თითოეული მათგანის სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად დააფინანსებს.

სწავლის სრული დაფინანსების გარდა იუნკერები, რეიტინგის შესაბამისად, სტიპენდიას იღებენ. აკადემიის თითოეული იუნკერი უზრუნველყოფილია პირადი ნოუთბუქით, სასწავლო მასალებით, ჯანმრთელობის დაზღვევით, სამხედრო-სპორტული ფორმითა და კვებით. აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, თურქეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა _ ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომელთა წამყვანი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების კარი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკრებისთვის ღიაა.

საქართველოში პირველი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი მუდმივად  მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ჯერ კიდევ 2010 წელს აკადემიაში რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც ოფიცერთა განათლების მთელი სისტემა მოიცვა. 2010 წლის 8 დეკემბერს აკადემიამ, თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მოიპოვა და „სსიპ _ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“ ეწოდა. დღეს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია საქართველოში, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს. საკუთარი ცხოვრების წესითა და წარმატებული საქმიანობით მაღალგანვითარებული, სამართლებრივი, დემოკრატიული, ზნეობრივი შეგნების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება აკადემიის ძირითადი პრიორიტეტია. ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური და სამხედრო სკოლების ინტეგრირებული პროგრამები, კვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მაღალი სტანდარტების ინფრასტრუქტურა, სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიღების მყარ წინაპირობას ქმნის.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლაში მიიღებიან 24 წლამდე აბიტურიენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს (ფიზიკური მომზადების ტესტი, სამედიცინო შემოწმება და გასაუბრება) და ერთიან ეროვნულ გამოცდებს (ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა). მნიშვნელოვანია აბიტურიენტთა რეიტინგული  სია, რადგან ეროვნული თავდაცვის აკადემიის ყველა იუნკერი უმაღლეს განათლებას თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით იღებს, შესაბამისად, მაღალი კონკურენციის ფონზე, აკადემიაში მხოლოდ საუკეთესო შედეგების მქონდე აბიტურიენტები ხვდებიან.

კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე განთავსებულ აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, დასვენების, ფიზიკური წრთობისა და განვითარებისთვის. აქ ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექცია და თვითშემოქმედების წრე. იუნკრებს საშუალება აქვთ, აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო აქტივობებში, თანამედროვე ინფრასტრუქტურა კი საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. აკადემიაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სამხედრო, აკადემიური და საკითხავი ლიტერატურით (20 000-ზე მეტი წიგნი ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე) მდიდარი ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, საგამოცდო ცენტრი, კალათბურთის, ჭიდაობის, ხელბურთისა და ტრენაჟორების დარბაზები თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლევა.

05:50 წუთზე აკადემიის სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ყველა იუნკერი დილის გამამხნევებელი ვარჯიშისთვის ემზადება…

08:40 წუთზე იუნკერს  უკვე გავლილი აქვს რამდენიმე პროცედურა და ლექციებზე შედის. სადილი, თვითმომზადება, ფიზიკური მომზადება, პირადი საჭიროებისთვის განკუთვნილი დრო, ვახშამი, ტელეფონზე სასაუბრო დრო _ გარიჟრაჟიდან დღის ბოლომდე, ერთმანეთის მონაცვლეობით იუნკერთა დღის რეჟიმს ზედმიწევნით განსაზღვრავს. იციან, რომ წინ დიდი და მრავალფეროვანი დღეა… უამრავი საინტერესო აქტივობით გაჯერებული დღის რეჟიმი იუნკერთა ცხოვრებას საინტერესოს და მიმზიდველს ხდის.

იუნკრებისთვის სასწავლო კვირა პარასკევს სრულდება. შაბათ-კვირას ოჯახებს უბრუნდებიან.  მათთვის კი, ვინც მაღალმთიანი რეგიონიდან არის და  შაბათ-კვირას სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს, დასვენების დღეების გატარება აკადემიაშიც საინტერესოდ შეიძლება.  ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი და მრავალი საინტერესო გასართობ-შემეცნებითი სივრცე; ლაზარეთი, დალაქი, მეწაღე და  სრულფასოვანი ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პუნქტი ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტურ ქალაქში იუნკრების განკარგულებაშია.

ვახშმის შემდეგ ჩვენი ვიზიტიც სრულდება… ჩვეულ რიტმსა და რეჟიმში  441 იუნკერი, მათ შორის 12 გოგონა, აკადემიის კამპუსში  მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებას განაგრძობს.

momavlis akademia

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
 სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

რა ინტერესი აქვს ნატოს საქართველოს მიმართ?

ხშირად დასმული კითხვები

  • ნატოს წევრი ქვეყნების, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნების, მიზანია ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეის ხორცშესხმა. ამ იდეის განხორციელებისთვის კი აუცილებელია, რომ ყველა ევროპული ქვეყანა იყოს სტაბილური და მშვიდობიანი. შესაბამისად, ნატო დაინტერესებულია განვითარებული და დემოკრატიული საქართველოს ჩამოყალიბებით, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების  განმტკიცებას.
  • ნატო დაინტერესებულია შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რომლის წევრ სახელმწიფოებს შორისაც არის საქართველო.
  • ნატოსთვის მნიშვნელოვანია საქართველო მისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან და ხელსაყრელი სატრანზიტო პოტენციალიდან გამომდინარე. შესაბამისად, ალიანსის ინტერესებში შედის რეგიონში საქართველოს სახით ძლიერი და სანდო მეგობარი ქვეყნის არსებობა.
  • თავის მხრივ, საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი გახდეს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის უსაფრთხოებასა და მშვიდობიანი განვითარების შანსს.

xshirad dasmuli kitxvebiმომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

საქართველოს ყველა ინსტრუმენტი აქვს წევრობისთვის მოსამზადებლად

საქართველოს დღეს გაცილებით  მეტი ინსტრუმენტი აქვს. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალის შემდეგ საქართველო გაცილებით უფრო მაღალ სტატუსშია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, როცა მაპი ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ნატომ ერთი თვის წინ უთხრა, რომ მას აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასეთი განცხადება არც ერთ ქვეყანასთან მიმართებაში არ გაკეთებულა. ჩვენი მთავარი ამოცანა ვარშავის სამიტზე არის ის, რომ ვარშავიდან ჩვენი თავდაცვისუნარიანობის სისტემა ინსტრუმენტულ დონეზე გაცილებით უფრო ძლიერი გამოვიდეს, ვიდრე იყო მანამდე. უფრო უკეთესად იყოს ჩვენი ქვეყანა დაცული, ვიდრე მანამდე, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

sakartvelos yvela instrumenti akvs wevrobistvis mosamzadeblad
თინათინ ხიდაშელი

თინათინ ხიდაშელმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს ურთიერთობები ინტენსიურ ფაზაში შევიდა. ამ ურთიერთობის ნათელ მაგალითად მინისტრმა გასული წლის  აგვისტოში ნატო-საქართველოს  წვრთნისა და შეფასების ერთობლივი  ცენტრის (JTEC ) ინაუგურაცია დაასახელა. თინათინ ხიდაშელი:  ნატოში ყველა თანხმდება, რომ მონტენეგროს  შემდეგი გაჩერება არის საქართველო. დღეს ნატოში ყველა თანხმდება, რომ მონტენეგროს შემდეგ ალიანსში წევრობაზე მიწვევა საქართველოს გაეგზავნება –  განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. თინათინ ხიდაშელმა ლატვიის თავდაცვის მინისტრის აშკარა მხარდაჭერა და ჯეიმს აპატურაის ბოლო განცხადებებიც გაიხსენა: ,,დღეს, აბსოლუტურად ყველა შეთანხმებულია ნატოში, რომ  მონტენეგროს  შემდეგი გაჩერება არის საქართველო, როგორც ეს ლატვიის თავდაცვის მინისტრმა ძალიან მოსწრებულად თქვა. იგივე განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმ მინისტერიალის შემდეგ.  ჯეიმს აპატურაისაც ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჰქონდა, სადაც მან თქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ეს გარდაუვალია და ეს, აუცილებლად მოხდება’’,  –  აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების თემაზე საუბრისას.

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს

მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში!

ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ ნატოს წევრი სახელმწიფოებისა და ევროპის მზარდი ინტერესი ბუნებრივად ზრდის საქართველოში განვითარებული მოვლენებით უცხოელი ჟურნალისტების დაინტერესებას.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ალიანსში გაწევრიანების გზაზე უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებს მოიცავს. არსებითი პაკეტი საქართველოს 2014 წელს, ნატოს უელსის სამიტზე მიენიჭა. ნატოს არხის კორესპონდენტის, ჯეიკ ტაპმანის საქართველოში ვიზიტის მიზანიც, სწორედ SNGP-ის განხორციელების პროცესის გაშუქება იყო.

გადაღებები ბათუმის პორტით დაიწყო, სადაც 12-15 თებერვალს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) ოთხმა ხომალდმა ერთობლივი სწავლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამ ხომალდთან ერთად გამართა. ქართული და ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების წვრთნა ნატოს ტაქტიკური სახელმძღვანელოს გამოყენებით ერთობლივ საზღვაო მანევრებს მოიცავდა.

არსებითი პაკეტის ფარგლებში ერთობლივი წვრთნის დაწყებამდე, ბათუმს ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი ეწვია. კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძეს შეხვდა.

`ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარე, შავი ზღვის უსაფრთხოება სულ უფრო აქტუალური ხდება და ამ საკითხის გადაჭრაში საქართველოს შეუძლია, საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს’’, _ განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

მეტი ნატო საქართველოში –  გრძელდება. შესაბამისად, ეს აისახება ბათუმის პორტში სამხედრო გემების შემოსვლაზეც. ,,მსგავსი ღონისძიებები ძალზე მნიშვნელოვანია. ასეთი ღონისძიებები გაგრძელდება და გაიზრდება ნატოს გემების რიცხვი ჩვენს პორტებში’’, _ აღნიშნა დავით ებრალიძემ.

ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსმა კონტრ-ადმირალმა ჯორჯო ლაციომ ქართულ მხარეს ნატო-საქართველოს 24-წლიანი თანამშრომლობისა და სოლიდარობისათვის მადლობა გადაუხადა.

ნატოს არხის კორესპონდენტის მიერ ასევე გაშუქდა არსებითი პაკეტის მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა, ლოგისტიკური შესაძლებლობები,  კიბერუსაფრთხოება.

უცხოელი ჟურნალისტი  წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში მიმდინარე სიმულაციური სწავლებებით განსაკუთრებით დაინტერესდა.

არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით განცდილ პროგრესზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა შოთა ღვინერიამ და ასევე არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის უფროსის მოადგილე იაშ ჰოლბრუკმა ისაუბრეს.

უცხოელმა ჟურნალისტმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცოდნის კვირეულზე მყოფ საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ინტერვიუ ჩაწერა.  თინათინ ხიდაშელმა ვრცლად ისაუბრა ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ჰიბრიდული ომის მნიშვნელობასა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანების პროცესზე.

ჯეიკ ტაპმანი საქართველოში მესამედ ჩამოვიდა. შარშან ზაფხულში მან  სიუჟეტი სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015-ის შესახებ მოამზადა, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. ასევე იმყოფებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურვალეთში, სადაც დღემდე რუსეთის ფედერაციის მხრიდან „მცოცავი ოკუპაცია“ ხორციელდება. ზოგადად, მისი ინტერესის სფერო  აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათი მოსახლეობა და მოსახლეობაში არსებული განწყობებია.

ჯეიკ ტაპმანის ამჟამინდელი ვიზიტის დაგეგმვისა და გადაღებების ლოკაციების შერჩევის პროცესში აქტიურად ჩაერთნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და თავდაცვის სამინისტროს ბრიტანელი მრჩეველი. ვიზიტის დასასრულს ჯეიკ ტაპმანმა აღნიშნა, რომ საქართველო საინტერესო ქვეყანაა ალიანსისთვის და ის ნატოს გეგმების ნაწილია. რეპორტიორის განცხადებით, ყველა ღონისძიება, რომლის გადაღებაც მოახერხა, მეტყველებს, რომ მეტი ნატო საქართველოში _ ფაქტია.

ჯეიკ ტაპმანს მომზადებული აქვს  რეპორტაჟები მსოფლიოს ცხელი წერტილებიდან. 2012-2014 წლებში იმყოფებოდა ავღანეთში და  ნატოს ტელევიზიისთვის იღებდა ვიდეომასალებს პოლიტიკურ და სამხედრო თემებზე.

ამჟამად საქართველოში მისი ვიზიტის მიზანია, აჩვენოს უცხოურ აუდიტორიას, თუ რას გულისხმობს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და რა სარგებლობა მოაქვს მას საქართველოსთვის. მის მიერ გადაღებული რეპორტაჟი  ნატოს ოფიციალურ გვერდზე განთავსდება და, პარალელურად,  სხვადასხვა საერთშორისო მედიასაშუალებებს, მათ შორის BBC-ისა და CNN-ს დაეგზავნებათ.

როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ შავ ზღვას, როგორც სტრატეგიულ ზღვას არასერიოზულად უყურებდნენ. დღეს, კი ვითარება შეიცვალა.

,,თუკი, რამდენიმე წლის წინ არასერიოზულად უყურებდნენ შავ ზღვას, როგორც სტრატეგიულ ზღვას, დღეს იმავე ტონალობით, მნიშვნელობით, ხარისხით საუბრობენ შავ ზღვაზე, როგორც, მაგალითად, ბალტიის ზღვაზე… ან ხმელთაშუა ზღვაზე… შესაბამისად, შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელზეც დღეს ნატოში მიმდინარეობს შეთანხმება, ჩვენი ამოცანაა, ამ კონცეფციის, შეთანხმების, უსაფრთხოების არქიტექტურის სრულფასოვანი წევრი გახდეს საქართველო. არა პარტნიორი, არამედ სრულფასოვანი მონაწილე’’,  –  აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა

meti sakartvelo natoshi da meti nato sakartveloshi

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული
 კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელფოსტაstratcom@mod.gov.ge;
ვებგვერდი:  mod.gov.ge

თევზაობა აჭარისწყალზე – რა უნდა ვიცოდეთ

რა აკრძალვები მოქმედებს მდინარე აჭარისწყალზე თევზაობისას, როდის ჯარიმდებიან და რა უნდა გაითვალისწინონ  მეთევზეებმა? „ბათუმელები“ ამ თემაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსს, მაია ჩხობაძეს ესაუბრა.

maia chxobadze
მაია ჩხობაძე

ქალბატონო მაია, რა შეზღუდვა მოქმედებს მდინარე აჭარის წყალზე თევზაობისას?

აჭარისწყალი საორაგულე და საზუთხე მდინერეების ჩამონათვალში შედის. ამ ტიპის მდინარეებზე კი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი“ მოქმედებს, სადაც განსაზღვრულია თევზჭერის წესები, რა უნდა გაითვალისწინონ თევზის ჭერის დროს, როდისაა დაშვებული თევზჭერა, სად და ა.შ. ამ რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, წლის ნებისმიერ დროს, აკრძალულია სარეწაო მიზნით თევზჭერა, მხოლოდ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერაა დაშვებული.

რას ნიშნავს საორაგულე და საზუთხე მდინარეები და რას გულისხმობს სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა?

საორაგულე და საზუთხე ის მდინარეა, რომელიც შავ ზღვას უერთდება, ამ სახის მდინარე ბევრი გვაქვს, მათ შორისაა მდინარე აჭარის წყალიც თავისი შენაკადებითა და განშტოებებით. ამ ტიპის მდინარეებში დაშვებულია მხოლოდ სპორტული და სამოყვარულო თევზჭერა, სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა ხორციელდება ანკესით, სპირინგით ხორხი-ბადით, ჩოგან-ბადითა და სასროლი ბადით. მნიშვნელოვანია და გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგლამენტით განსაზღვრულია აღნიშნული ბადე-იაღარების პარამეტრები.

მაგალითად, შიდა წყლებზე თვით სატყუარათი ექვსზე მეტი და სატყუარათი სამზე მეტი ნემსკავის გამოყენება აკრძალულია, მდინარე აჭარისწყალზე და ყველა მის შესართავთან 300 მეტრის მანძილზე დაშვებულია #8 ნემსკავის გამოყენება, ასევე ჩოგან-ბადე და ხოლხი ბადის გამოყენება არ შეიძლება თუ მისი დიამეტრი – სიგრძე ან სიგანე 1,2 მეტრს აღემატება და ბადის თვლების ზომა 20 მილიმეტრზე ნაკლებია; დაუშვებელია სასროლი ბადის გამოყენება, თუ მისი დიამეტრი 4,5 მეტრზე მეტია და თვლის ზომა 20 მილიმეტრზე ნაკლებია. არ შეიძლება ერთმა მოყვარულმა მეთევზემ თევზაობისას ერთდროულად ერთზე მეტი სათევზაო იარაღი გამოიყენოს.

ამ პარამეტრების დარღვევის შემთხვევაში რა საჯარიმო სანქცია ტარდება?

„თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის“  დარღვევა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საჯარიმო სანქციებთან ერთად დგება გარემოზე მიყენებული ზიანის საკითხი. იმ შემთხვევაში, თუ უკანონოდ მოპოვებული თევზჭერით გამოწვეული ზიანი 2000 ლარს აღემატება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დგება. სისხლის სამართლის საკითხი იმ შემთხვევაშიც დგება, თუ ადამიანი ელექტროშოკური აპარატით აკრძალულ დროსა და აკრძალულ ადგილზე თევზაობს. მაქსიმალურად უნდა შეიკავოს მოსახლეობამ თავი თევზჭერის წესების დარღვევისგან. თუ ვინმე შეამჩნევს სამართალდარღვევის ფაქტს, ვთხოვთ გვაცნობონ დეპარტამენტის ცხელი ხაზის ნომერზე – 153. ზარი ყველა მობილური ოპერატორისთვის უფასოა.

ვინ ამოწმებს რამდენად კანონიერად ხდება მდინარეებზე თევზის მოპოვება? 

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი. მას ჰყავს ტერიტორიული ორგანოები და აკონტროლებენ ქვეყნის მთელ ტერიტორიას.

კონტროლი ხორციელდება რისკების შეფასებითაც, სად რა ცხელი წერტილები გვაქვს. თუ არის ფაქტები დაფიქსირებული, მაგალითად, კონკრეტულ მდინარეზე, შესართავთან ან კონკრეტულ ადგილზე, დეპარტამენტის მობილური ჯგუფები პატრულირებენ. შეიძლება დეპარტამენტში შემოვიდეს შეტყობინება, როგორც წერილობით, ასევე სატელეფონო. ნებისმიერი შეტყობინება, მათ შორის სოციალური ქსელით გავრცელებული ინფორმაცია მოწმდება. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ჩართულობას, დროულად რომ მოგვაწოდონ ინფორმაცია.

სად არის ცხელი წერტილები მთიან აჭარაში მდინარე აჭარის წყალზე?

ცხელი წერტილი ცვალებადია, შესაბამისად, კონკრეტული ადგილის თქმა შეუძლებელია. ცხელი წერტილი შესაძლოა იყოს ზღვასთან საორაგულე ან საზუთხე რომელიმე მდინარის შესართავი, ან მდინარის რომელიმე ადგილი, სადაც უკანონო თევზაობის რამდენიმე ფაქტია გამოვლენილი.

სოფლის პატარა მდინარეებზე ვრცელდება თუ არა „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტით“ გათვალისწინებული მოთხოვნები?

რა თქმა უნდა, შიდა წყალსატევებში თევზჭერაზე დადგენილია კონკრეტული მოთხოვნები არამხოლოდ წყლის ობიექტის, არამედ ამ მდინარეებში არსებული თევზების დაცვის მიზნითაც. როგორც აღვნიშნე, ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეები, ორაგულისებრნი და ზუთხისებრნი დაცულნი არიან არა მხოლოდ საქართველოს წითელი ნუსხით, არამედ არაერთი საერთაშორისო კონვენციით. რაც შეეხება სხვა მდინარეებს, შიდა წყალსატევებში აკრძალვები იმის მიხედვით შემოდის, თუ რა ტიპის თევზია გავრცელებული და როდის არის მისი ქვირითობა. მაგალითად, მტკვარში და მდინარეთა დიდ ნაწილში პირველი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით აკრძალულია თევზჭერა, ფარავანში – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და ა.შ.

რას ურჩევდით  მოყვარულ მეთევზეებს?

მაქსიმალურად დაიცვან თევზჭერის წესები, ეს არ არის რთული. წესების დაცვით თუ ითევზავებენ, არ შემცირდება თევზის მარაგი. გარემოსდაცვითი დეპარტამენტის მიზანი მხოლოდ დაჯარიმება არ არის, ჩვენი მიზანია მოსახლეობას ინფორმირება, გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, რომ არ დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ფაქტი.

12576098_946190358810004_984736336_n
მდინარე აჭარისწყალი / ეკა ბარამიძის ფოტო

“ტელეარხ 25”-ის ვებგვერდი გატეხეს

„ეგ საიტი იმიტომ გავტეხეთ, რომ თქვენ გაიგოთ ამ საიტზე არის დაშვებული შეცდომა, მაგრამ ასეთ საიტს ჯერ ბევრს გავტეხავთ. მალე ყველა გაიგებს ჩვენს შესაძლებლობებს. by elmar & h1d3“ – ეს ტექსტი ჯერ კიდევ დევს „ტელეარხ 25“-ის ვებგვერდზე. არხის მფლობელი და გენერალური დირექტორი გია სურმანიძე ამბობს, რომ დღეს არხის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.

25-eგია სურმანიძე: „დილით რომ მოვედით სამსახურში, დაგვხდა გატეხილი საიტი. იყო რაღაც მოწოდებები… და რამდენიმე დღის მასალა საერთოდ მოშლილია, ფაქტობრივად, განადგურებულია არქივი. ეტყობა სპეციალისტი იყო ყველაფერში გარკვეული და ისე გაანადგურა, რომ რაც არის წაშლილი, იმის აღდგენა არა მგონია მოხერხდეს. კი მუშაობენ რაღაც სპეციალისტებს ვთხოვეთ, მაგრამ…

განვაცხადეთ პოლიციაში, მივმართეთ შს-სამინისტროს დაიწყოს გამოძიება, ჩვენება  მივეცით.

ერთადერთი ვფიქრობთ, რომ რაც გუშინ მოხდა, იმისი გაგრძელებაა. ასეთი დამთხვევები არ ხდება და რა ვიცი… იმედია, სამართალდამცავები გამოიძიებენ ამ ფაქტს. დაველოდებით ორ-სამ დღეს და ორშაბათ-სამშაბათიდან ისევ მივმართავთ სამართალდამცავებს, თუ რა დაადგინეს“.

შს სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა, რადგან შესაბამისი შეტყობინება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში აჭარის პოლიციის დეპარტამენტიდან ჯერჯერობით შესული არ არის.

გუშინ, 26 თებერვალს, „ტელეარხ 25“-ის შენობაში კრიმინალისტები ბომბსაც ეძებდნენ.

 

„მადლიანი მაცივარი“ ბათუმში პირველი მარტიდან დაიდგმება

პირველი მარტიდან ბათუმში მოქალაქეებს ე.წ. მადლიანი მაცივრით [„სოციალური მაცივარი”] სარგებლობის საშუალება ექნებათ. მაცივარი ფარნავაზ მეფის 138-ში, ერთ-ერთი მაღაზიის წინ განთავსდება.

„მოლოდინი მაქვს, რომ მოქალაქეების სოციალური პასუხისმგებლობა გაიზრდება და მარტო აქ კი არ დატოვებენ საკვებს, არამედ სხვა მისამართებზეც გაჩნდება სოციალური მაცივარი. “ – ამბობს ბათუმში სოციალური მაცივრის დადგმის ინიციატორი ნინო ბიაძე, კერძო სტუდია „მონ პარნასის“ მენეჯერი. მასთან ერთად  სოციალური დანიშნულების მაცივრებისთვის თამარ ტუღუში მუშაობს, მოძრაობის „მადლიანი – დააპურე საქართველოს“ წევრი: „მაცივარი უკვე ვიშოვეთ. ის ერთ-ერთმა ბიზნესმენმა გადმოგვცა, ვისაც ვინაობის გამხელა არ სურს. ვესაუბრები სხვა მაღაზიების მფლობელებსაც, რომ მოაწყონ მადლიანი კუთხე და ვიდრე საკვებ პროდუქტს ვარგისანობის გასვლამდე სამი დღე დარჩება, ამ კუთხეში განათავსონ“.

მაცივრის ელექტროენერგიის ხარჯების დაფარვას მოქალაქე ნინო ბიაძე აპირებს:  „მაღაზიას, სადაც მაცივარი განთავსდება, აქვს ვიდეო თვალი. მაცივარს მეთვალყურეობას გაუწევენ მაღაზიის თანამშრომლებიც. საკმაოდ გაგვიჭირდა მაღაზიის შერჩევაც, ზოგმა მფლობელმა აარიდა თავი მაცივრის განთავსებას. პირველ დღეს მაცივარში საკვებ პროდუქტს სტუდია „მონ პარნასი“ დატოვებს“.

ნინოს ინიაციატივით თავდაპირველად სოციალური ქსელით დავით გაჩეჩილაძისთვის მიუწერია, რომელიც სახალო მოძრაობის „მადლიანი – დააპურე საქართველოს“ ხელმძღვანელია. ორგანიზაცია თავის ფეისბუქ გვერდზე ხელმოწერებს აგროვებს პეტიციისთვის, რომელიც პარლამენტში უნდა შევიდეს.

„მოვითხოვთ, რომ სუპერმარკეტებს აეკრძალოთ საკვები პროდუქტის გადაყრა და გამარტივდეს მისი ჩამოწერის მექანიზმები. საკვებს, რომლის ვარგისიანობის ვადა ერთი წელია, ჩამოიწეროს 10 დღით ადრე. სხვა პროდუქტებზეც პროპორციული მიდგომა დაწესდეს და ეს საკვები მაღაზიებმა ე.წ. მადლიან კუთხეში განათასონ. პეტიციის მიხედვით, სურსათის თითოეულმა მაღაზიამ საკუთარი ფართობის ერთი პროცენტი „მადლიან კუთხეს“ უნდა დაუთმოს. ხელმოწერები ფეისბუქში უკვე მიმდინარეობს“ – უთხრა „ბათუმელებს“ დავით გაჩეჩილაძემ.

პეტიციისთვის სულ 10 ათასი ხელმოწერაა საჭირო. დავით გაჩეჩილაძის ინფორმაციით, პეტიციას ამ დროისთვის ხელს 3 ათასზე მეტი ადამიანი აწერს. ორგანიზაციამ „მადლიანი – დააპურე საქართველო“ ასევე წამოიწყო სოციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ ერთი ულუფა საჭმელი რომელიმე მაღაზიაში და თხოვონ მის მფლობელს, ის „მადლიან კუთხეში“ განათავსოს. „აქციის მიზანია: აღარავინ გარდაიცვალოს საქართველოში შიმშილით“ – აცხადებენ ორგანიზატორები.

„შემოსავლების სამსახურის“ პასუხი მუსლიმი სასულიერო პირის სავარაუდო დისკრიმინაციაზე

ჭელას მეჩეთის წინამძღვრის, ჯამბულ აბულაძის სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ შემოსავლების სამსახურმა „ბათუმელებს“ წერილობით აცნობა. უწყებას “ბათუმელები” სარფის საბაჟოს ვიდეოჩანაწერს სთხოვდა, სადაც ასახული იქნებოდა ჯამბულ აბულაძის მიერ საზღვრის გადაკვეთა. შემოსავლების სამსახურმა ვიდეოჩანაწერის მოწოდებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ რედაქციას ჯამბულ აბულაძის წერილობითი თანხმობა არ წარუდგენია.

ამავე წერილში შემოსავლების სამსახური აღნიშნავს: „ამასთან, საგულისხმოა, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერები შესაძლოა შეიცავდეს სხვა პირების შესახებ ინფორმაციას“ . უწყების დასაბუთებით, ვიდეოჩანაწერი განეკუთვნება პერსონალურ მონაცემთა კატეგორიას და შესაბამისად, წარმოადგენს საიდუმლო ინფორმაციას. „გამომდინარე აქედან, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, გადმოგცეთ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები“.

მუსლიმი სასულიერო პირი ჯამბულ აბულაძე „ბათუმელებს“ მოუყვა, რომ სარფის საბაჟოზე 2 ყურანისა და 4 ლოცვანის შემოტანის გამო შეუქმნეს პრობლემა: არაფორმალური დაკითხვა მოუწყვეს, საათობით ალოდინეს და არც აუხსნეს, რა სურდათ მისგან.

რელიგიური ლიტერატურის ქვეყანაში შემოტანასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს: „საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, რელიგიური შინაარსის ლიტერატურის შემოტანას განსხვავებული წესით არ არეგულირებს“.

„ბათუმელების“ კიდევ ერთ კითხვაზე, რა შემთხვევაში ერთვებიან შსს-ს წარმომადგენლები საბაჟო კონტროლის განხორციელების პროცესში, შემოსავლების სამსახური გვწერს: „სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოთა ურთიერთთანაშრომლობა შესაძლებელია განხორციელდეს სამართალდარღვევის გამოვლენისას/გამოსავლენად, დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას ან/და სხვა ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისას, სახელმწიფო ორგანოთა ურთიერთდახმარების პრინციპისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით“.

მუსლიმი სასულიერო პირების სავარაუდო დისკრიმინაცია სარფის საბაჟოზე

„საქართველოში თუ მუსლიმანი ხარ, ესე იგი, არაფერს ნიშნავ“, – ეს განცდა სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღვარს – ჯამბულ აბულაძეს მას შემდეგ გაუჩნდა, როცა თურქეთიდან დაბრუნებულს სარფის საბაჟოზე 2 ყურანისა და 4 ლოცვანის შემოტანის გამო პრობლემები შეუქმნეს. ჯამბული ამბობს, რომ საბაჟოზე არაფორმალური დაკითხვა მოუწყვეს, შეურაცხყვეს და საათობით ლოდინით დაღლილს არც კი უთხრეს, რა უნდოდათ მისგან. პროტესტი სოციალურ ქსელში სასულიერო პირმა უპასუხოდ დარჩენილი კითხვების შემდეგ გამოხატა.

სოფელ ჭელას მეჩეთის წინამძღოლმა, ჯამბულ აბულაძემ, საქართველო-თურქეთის საზღვარი პირველ თებერვალს გადაკვეთა. ის თურქეთში მიდიოდა. სასულიერო პირი წერს, რომ როცა მის პასპორტს მებაჟემ დახედა, უთხრა, ვერ გაუშვებდა, ვიდრე მის პირად მონაცემებს არ გაარკვევდა. „რა თქმა უნდა, დავემორჩილე მებაჟის ამ მოთხოვნას და დაველოდე. ამასობაში დაახლოებით ასამდე მოქალაქე გაატარეს უპრობლემოდ. მე კი, როგორც დამნაშავე და გაურკვეველ ვითარებაში მყოფი, შეურაცხყოფილად ვიდექი და ველოდებოდი“, – ყვება ჯამბულ აბულაძე. ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ ჯამბულ აბულაძემ ოპერატორს ჰკითხა, როდის აპირებდნენ მის გაშვებას. ამ კითხვის საპასუხოდ „უფროსმა“ უთხრა: „თუ არ დაემორჩილებით წესებს, სიტუაცია დაიძაბება. თქვენი საქმე თბილისში იხილება და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მაშინ გაგიშვებენ, ისე – არაო“.

ჯამბულ აბულაძის შემთხვევა გამონაკლისი არ ყოფილა. „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ მონაცემებით, სარფის საბაჟოზე ღირსების შემლახავ მოპყრობაზე კიდევ 5 მუსლიმანი პირი საუბრობს. „ამ პირების თქმით, საბაჟოზე ხდება ამ პირების არაფორმალური დაკითხვა და დისკრიმინაციული მოპყრობა არამხოლოდ რელიგიური შინაარსის ლიტერატურის შემოტანის გამო. იყო შემთხვევა, როცა მუსლიმი ქალი გააშიშვლეს. როგორც ეს ქალბატონი ყვება, გაურკვეველი იყო და არავის აუხსნია, რას უკავშირდებოდა ეს „შემოწმება“, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი და ტრავმატული იყო მისთვის“, – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. ეს ორგანიზაცია ამ ისტორიებს სწავლობს და არ გამორიცხავს, რომ დეტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ დარღვევის მოტივით სასამართლოს მიმართოს.

„დაგველოდეთ!“ – მებაჟის ეს მოთხოვნა თურქეთიდან საქართველოში დაბრუნებულ ჯამბულ აბულაძეს აღარ გაკვირვებია. ამბობს, რომ მებაჟეებთან ერთად ამჯერად პროცესში სხვა პირებიც ჩაერთნენ, რომლებმაც ვინაობა და სტატუსი არ დაასახელეს, მაგრამ უთხრეს, რომ „ზემოთ უნდა გაირკვეს“, რა მიზნით შემოჰქონდა მუსლიმ სასულიერო პირს 2 ცალი ყურანი და 4 ლოცვანი. „მებაჟემ [მელაძე] ასე ამიხსნა: ბატონო, ორი ვარიანტი გაქვთ, ან დავლუქავთ ამ წიგნებს თქვენს თვალწინ და როცა წარმოადგენთ მუფთისგან წერილობით მომართვას, მაშინ წაიღებთ, ან მეორე: ეს წიგნები უკან დააბრუნეთ, სადაც იყიდეთო“, – იხსენებს ჯამბულ აბულაძე.  შეთავაზებაზე უარი უთქვამს, მაგრამ მაინც არ გამოუშვეს, „მაღლა რაღაცები უნდა გაირკვესო“.

ჯამბულ აბულაძემ რელიგიური ლიტერატურის საქართველოში შემოტანა მოახერხა.

ამ დამოკიდებულებას რადიკალიზაციის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი. „ეს არ შეიძლება დასაბუთდეს, როგორც უსაფრთხოების ლეგიტიმური ინტერესი. არ შეიძლება გონივრული დასაბუთების გარეშე დაკითხო ადამიანი და მას დისკრიმინაციულად მოექცე. მსგავსი დამოკიდებულება აძლიერებს ჩაგვრის შეგრძნებას მუსლიმ თემში“, – აცხადებს თამთა მიქელაძე.

რა რეგულაციები არსებობს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, როცა პირს რელიგიური ხასიათის ლიტერატურა შემოაქვს და ჰქონდა თუ არა სავარაუდო დისკრიმინაციულ მოპყრობას ადგილი სარფის საბაჟოზე მუსლიმანი პირების მიმართ – „ბათუმელების“ ამ კითხვას არ უპასუხეს „შემოსავლების სამსახურში“. უწყების პრესსამსახურის უფროსმა, ხატია მოისწრაფიშვილმა, მსგავსი შემთხვევები ასე გამორიცხა: „კამერები აფიქსირებს ყველაფერს“, – გვითხრა მან, თუმცა ამაში დასარწმუნებლად ვიდეოჩანაწერები არ მოგვაწოდა. უწყებამ ამ დრომდე არც „ბათუმელების“ მიერ გაგზავნილ წერილობით მიმართვას უპასუხა. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, მოქმედებს თუ არა რაიმე შიდა ბრძანება, რაც საზღვარზე რელიგიური ლიტერატურის შემოტანა-გატანას კრძალავს.

თამთა მიქელაძე: „სამართლებრივად ამ კუთხით არ არსებობს რეგულაცია, რითაც მებაჟეები ან სასაზღვრო პოლიცია იხელმძღვანელებენ და რელიგიური ლიტერატურის ან ატრიბუტიკის შემოტანას გააკონტროლებენ. ფაქტია, რომ მებაჟეებსა და პოლიციელებს შორის გარკვეული კოორდინაცია არსებობს და საბაჟოზე აქვთ მონაცემთა ბაზაც. ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი შემთხვევები ბოლო ორი წელია ფიქსირდება“.

სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობა პოლიციელთა მხრიდან ასევე გამორიცხეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. თამთა მიქელაძემ შსს-ს გენერალურ ინსპექციას 12 თებერვალს მიმართა, თუმცა უწყების პრესსამსახურმა 18 თებერვალს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ინსპექციას წერილი არ მიუღია.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ შსს-ს გენინსპექცია ამ შემთხვევებს გამოიძიებს და თავის თანამშრომლებს დასჯის. აშკარაა, ხელისუფლებას უჭირს სეკულარული პოლიტიკის გატარება“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

სარფის საბაჟოზე სავარაუდო დისკრიმინაციული ფაქტების შესახებ ინფორმირებული არიან სახალხო დამცველის აპარატშიც, თუმცა ომბუდსმენს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაიწყებს თუ არა მოკვლევას. „ჯამბულ აბულაძემ და სხვა პირებმა მოგვმართეს 16 თებერვალს. თავდაპირველ ეტაპზე ხდება დასაშვებობის ცნობა და შემდეგ – არსებითი განხილვა. ჩვენ გვაქვს ამისთვის 10 სამუშაო დღე და ჯერ არ მიგვიღია გადაწყვეტილება დასაშვებად ცნობის შესახებ“, – უთხრა „ბათუმელებს“ მაკა სტივენსონმა, სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

DSCN3539
სარფის გამშვები პუნქტი / ფოტო: „ბათუმელები“

რით ეხმარება ენერგოომბუდსმენი მომხმარებლებს

„ენერგეტიკის სექტორში… კონკურენცია არ არსებობს. მომხმარებლებს ურთიერთობა უწევთ ისეთი სახის კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, რომლებიც ბაზარზე ერთადერთია. საზოგადოებრივი დამცველის დახმარების გარეშე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა მათივე ძალებით, დამოუკიდებლად, თითქმის შეუძლებელია,“ –  აღნიშნულია ენერგოსექტორში საქართველოს საზოგადოებრივი დამცველის [ენერგოომბუდსმენის] 2014 წლის ანგარიშში. სწორედ ამ წლიდან ფუნქციონირებს ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლობა ბათუმში, სახალხო დამცველის ოფისში. „ბათუმელები“ ოფისის ხელმძღვანელს, ბექა სიორდიას ესაუბრა მომხმარებლების უფლებების დაცვის მექანიზმებზე.

ბატონო ბექა, რატომ გახდა აუცილებელი ბათუმში წარმომადგენლობის გახსნა და რამდენად ხშირად მოგმართათ მომხმარებელი?

არიან ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ თბილისში ჩასვლა, ამიტომ შეიქმნა რეგიონული ოფისები, რომ მოვიდეს ადამიანი და დააფიქსიროს თავის პრობლემა ამა თუ იმ კომპანიის მიმართ. ჩვენი სამსახური კანონიერების ფარგლებში მაქსიმალურად ეხმარება მომხმარებელს.

ბათუმის წარმომადგენლობა აჭარა-გურიის რეგიონებს ემსახურება. რამდენი განცხადებაა შემოსული ბათუმში, ზუსტად ვერ გეტყვით. მაგალითად, ასობით განცხადება შემოდის „ენერგო-პრო ჯორჯიასთან“ მიმართებაში – დარიცხვებზე, გათიშვებზე, „სოკართან“ მიმართებაში კი მომხმარებელს პრეტენზია, ძირითადად, მიერთების საფასურის მხრივ აქვს. მომხმარებლები უჩივიან კომპანიას, რომ დაწერეს განცხადება მიერთებაზე, მაგრამ კომპანიამ გადააცილა დადგენილ 40 დღეს, ანუ დააგვიანა ბუნებრივი აირის მიწოდება.

როგორ რეაგირებთ ასეთ საჩივრებზე/განცხადებებზე?

თუ განცხადების დაწერიდან 40 დღეში ვერ ახერხებს მიერთებას კომპანია, ანუ კანონით განსაზღვრულ დროში თუ ვერ ჩაეტევა, აბონენტის მიერ გადასახდელი საფასური ნახევრდება. ჩვენ ვავალდებულებთ კომპანიას, რომ მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხა გაანახევროს. ასეთი ბევრი შემთხვევა ყოფილა ბათუმში. ელექტროენერგიის დაკავშირებით კი განცხადებების 90%-ის შემთხვევაში კომპანიას მომხმარებლის სასარგებლოდ ჩამოვაწერინეთ თანხა, რაც უკანონოდ იყო დარიცხული.

ბექა სიორდია
ბექა სიორდია

მომხმარებლის განცხადებაზე რეაგირების რა მექანიზმი მუშაობს?

მოქალაქე წერილობით მოგვმართავს ჩვენ, თუ ადმინისტრაციული წარმოებაა დასაწყები – ვიწყებთ. შემდეგ მივმართავთ კომპანიას, ვითხოვთ დოკუმენტაციას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, შევისწავლით საკითხს და ხშირად წერილობითი მიმართვით ხერხდება ამ პრობლემის მოგვარება. წინააღმდეგ შემთხვევაში შეგვიძლია საკითხი გავიტანოთ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] სხდომაზე და ვცდილობთ პრობლემა აქედან მოვაგვაროთ. ბათუმის, აჭარის მაგალითზე ყოფილა შემთხვევები, როცა ჩარეულა კომისია და ყოფილა ისე, რომ ჩვენ მოგვიგვარებია. სასამართლომდეც თუ მივა საქმე, ჩვენ დავეხმარებით მომხმარებელს შესაგებელი სარჩლის დაწერაში.

როცა კომპანიებიდან ითხოვთ ინფორმაციას, გაწვდიან თუ არა მასალებს ოპერატიულად?

კომპანიებში ათასობით განცხადება შედის: მოქალაქეებისგან, ჩვენი სამსახურისგან, სემეკისგან, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ ზოგჯერ 5-დღიან, ზოგჯერ 10-დღიან ვადას. უმეტეს შემთხვევაში აგვიანებენ.

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარდა ბათუმში სასმელი წყლის მიწოდებაშიც მონოპოლიაა. წყალთან დაკავშირებით თუ არის მომხმარებელთა პრეტენზიები?

„ბათუმის წყალთან“ მიმართებაშიც ხშირია საჩივრები დარიცხვებთან დაკავშირებით,  როცა მომხმარებელი არ ეთანხმება კომპანიის მიერ დარიცხულ მაჩვენებელს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ეს დარიცხვები იყო კანონიერი, ყოფილა უკანონო დარიცხვებიც და ეს თანხა ჩამოგვიწერია.

რამდენიმე წელია ბათუმში მომხმარებლების ნაწილი წყლის ე.წ. ძველ დავალიანებას იხდის. ამ დავალიანებაზე ვრცელდება თუ არა ხანდაზმულობის ვადა?

წყალზე ხანდაზმული დავალიანება გააჩნია ბათუმელი მომხმარებლის 50-60%-ს, რომლებსაც შეუძლიათ მოგვმართონ. ჩვენ შევისწავლით და შევეცდებით ეს დავალიანება ხანდაზმულობით ჩამოვწეროთ. მივმართავთ კომპანიას, რომ ჩამოწეროს და თუ კომპანია არ გაითვალისწინებს, მაშინ წერილობით მივმართავთ სემეკს და გავიტანთ კომისიის სხდომაზე. დღეიდან ბოლო სამი ან/და მეტი წლის წინ დარიცხული დავალიანება ხანდაზმულად მიიჩნევა.

ანუ ვინც დღეს იხდის წყალზე სამი წლის წინ დარიცხულ დავალიანებას ეტაპობრივად და ასევე მიმდინარე გადასახადსაც, მან  ძველი დავალიანება აღარ უნდა გადაიხადოს?

ხანდაზმულ დავალიანებას თუ მომხმარებელი იხდის, ეს ნიშნავს, რომ მან ეს დავალიანება აღიარა. თუმცა, ის მიმდინარე, რაც დახარჯა, უნდა გადაიხადოს აუცილებლად და ძველ დავალიანებაზე მოგვმართოს ჩვენ. თუმცა, რომელი ვალდებულება აქვს გადახდილი – ხანდაზმული თუ მიმდინარე, ეს დოკუმენტურად იქნება შესასწავლი. ანუ, თუ სამი წლის წინ დაერიცხა და გადამხდელი არ არის, შეუძლია მოგვმართოს.

რამდენადაც ვიცი, პრობლემურია ელექტროენერგიის ხარისხი, რომელიც არ კონტროლდება. შესაბამისად, არსებობს დენის უხარისხობით გამოწვეული ზარალი. ამ კუთხით თუ მოგმართავენ?

ყოფილა ასეთი განცხადებებიც, თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ ხარისხს ვერ ვამოწმებთ, ამას სპეციალური სამსახური ამოწმებს. მაგალითად, მახინჯაურში უხარისხო ელექტროენერგია მიეწოდებოდა მომხმარებელს და მწყობრიდან გამოვიდა საოჯახო ტექნიკა [ძაბვის ვარდნის გამო], მოითხოვეს ზარალის ანაზღაურება. თუმცა,  ასეთ დროს დაზარალებულმა უნდა მიმართოს ექსპერტიზას.

თქვენ მიმართავთ ექსპერტიზას, თუ მომხმარებელმა უნდა მიმართოს თავისი ხარჯით?

ჩვენ არა, მომხმარებელმა უნდა მიმართოს თავისი ხარჯით. ექსპერტიზის ფასიც სხვადასხვაა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მიხედვით. სხვათა შორის, ყოფილა დადასტურების შემთხვევებიც, რომ ტექნიკა მწყობრიდან სწორედ ელექტროენერგიის უხარისხობის მიზეზით გამოსულა.

კომპანიებმა კარგა ხანია იციან ჩვენი სამსახურის შესახებ და იძულებულნი არიან შეუქმნან მომხმარებლებს კომფორტი – ვთქვათ, ელექტროენერგიის, წყლისა თუ ბუნებრივი აირის მიწოდებისას, თავისი ხელშეკრულებებით და, ზოგადად,  ყველაფერში, რაც შედის კომპანიასა და მომხმარებელს შორის ურთიერთობაში.

მომხმარებლებმაც, ვინც უკვე იცის ენერგოომბუდსმენის შესახებ, იციან იმ უფლება-მოვალეობებზეც, თუ რით შეგვიძლია მათ დავეხმაროთ.

PS: მომხმარებლებს ყოველდღე – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ენერგოომბუდსმენის ოფისს ბათუმში, მისამართზე: გენ. მაზნიაშვილის N9 და დაუკავშირდნენ ტელეფონით ცხელ ხაზზე: [032] 242 01 90, ან ელექტრონულ ფოსტაზე: mail@pdci.ge , ასევე ელექტრონული განცხადებით ამ მისამართიდან.

ისევ შეუსრულებელი ვალდებულებები და „ანბანის კოშკი“

„ანბანის კოშკთან“ დაკავშირებული ვალდებულებები ინვესტორმა ვერ შეასრულა. შენობა, რომელშიც ბიუჯეტიდან 60 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ უფუნქციოდაა. გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კომპანიის წილები გადანაწილდება და ახალი პარტნიორი რუსული ინვესტიციით შემოვა,  კომპანიაში არ ადასტურებენ, თუმცა ადასტურებენ იმას, რომ ახალი კადრი გამოჩნდება მართვის მენეჯმეტში, რომელიც რუსი ტურისტების  მოზიდვაზე იმუშავებს.

„ის ახალგაზრდა ბათუმელი ბიჭია, რომელიც რუსეთში მოღვაწეობდა და აქვს კარგი კავშირები. ის ფულით არ შემოდის, ჩვენ მხოლოდ მისი გამოცდილება გვჭირდება. ევროპული მენეჯმენტი უნდა ყოფილიყო, ახლა რუსი და რუსულენოვანი ტურისტების მოზიდვაზე უნდა ვიმუშაოთ, რომლებიც სეზონზე ჩამოდიან ბათუმში. მასთან მოლაპარაკება გვაქვს და მემგონი, არ იქნება სწორი, ახლა მისი სახელი რომ დაგისახელოთ. არ ვგულისხმობ კომპანიის ახალ დირექტორს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანია „ბუსტ ჯორჯიას“ თანამფლობელმა ზურა ნასყიდაშვილმა.

„ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტის“ ახალ დირექტორად გასულ კვირას, 19 თებერვალს, ოლეგ  სანდროშვილი დაარეგისტრირეს.

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში 1344,7 კვ/მ შენობა – „ანბანის კოშკი“ და მასზე მიმაგრებული 5736 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კომპანია  „Boost Spain S.I“-ს 20 წლის ვადით გადასცა. ქონებით სარგებლობის წლიურ საფასურად კი, სიმბოლური ფასი, ერთი ლარი დაუწესა. მთავრობასთან აღებული ვალდებულების თანახმად, „ანბანის კოშკში“ გასართობი ობიექტები ინვესტორს ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში უნდა გაეხსნა.  ხელშეკრულება 2015 წლის ივნისში გაფორმდა.

აღებული ვალდებულების მიხედვით, კომპანიას სარგებლობაში გადაცემული ქონების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიური პროცესების დაცვით დამუშავება ევალებოდა. ასევე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში კომპანიას ლიფტების გამართულობა და ექსპლუატაციაში გაშვება უნდა უზრუნველეყო. იმავე ვადაში უნდა გამართულიყო განათების სისტემა. ვალდებულების თანახმად ეს ყველაფერი კომპანიამ ობიექტის სარგებლობის პერიოდში უნდა შეინარჩუნოს. საბოლოო ჯამში კი, ხელშეკრულების დადებიდან სამ თვეში, ანუ გასული წლის სექტემბერში კომპანიას კოშკში მრავალფუნქციური ობიექტები: რესტორანი და კაფე უნდა აემოქმედებინა. კომპანიას უნდა უზრუნველეყო „მიმზიდველი ადგილის მოწყობა ტურისტებისთვის ქალაქის ხედების დასათვალიერებელი გადმოსახედის სახით“, ინვესტორს საქართველოს არანაკლებ ათი მოქალაქე უნდა დაესაქმებინა.

ადგილზე დათვალიერებით ირკვევა, რომ იქ ჯერ არც გასართობი ობიექტები აუმოქმედებიათ და არც ლიფტია გამართული. შენობაში და არც შენობის ირგვლივ პასუხის გამცემი არავინაა. ლიფტის გამჭვირვალე კარიდან კი მის ფსკერზე დაგუბებული წყალი მოჩანს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა. მთავრობა კი „ანბანის კოშკის“ გასართობ ობიექტად გადაქცევას ჯერ კიდევ წინა საკურორტო სეზონზე ვარაუდობდა.

გასულ წელს იქ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და გარკვეული დროით კაფეც მუშაობდა. ვალდებულებების რა ნაწილი შეასრულა კომპანიამ, ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ. „კომპანიის დამფუძნებელი აპირებს, რომ მოაწყოს ბრიფინგი ჟურნალისტებისთვის, სადაც ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს. მე არ ვარ კომპეტენტური გიპასუხოთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კომპანიის წარმომადგენლემა ირაკლი ორმოცაძემ. 19 თებერვლამდე ის კომპანიის დირექტორად ფიქსირდებოდა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიამ ვადის გაგრძელება ითხოვა. ახალი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ინვესტორმა ახალ საკურორტო სეზონამდე უნდა შეასრულოს და ამ დროისთვის უნდა უზრუნველყოს კოშკის ახალი განათების დამონტაჟებაც.

რეესტრის მონაცემებით „Boost Spain S.I“ – ესპანური კომპანიაა და მისი დამფუძნებელი ესპანეთის მოქალაქე ბართლომეო სორელ სელმანკაა. ამავე მონაცემებით, ბართლომეო სორელ სელმანკა ფლობს საქართველოში 2015 წლის აპრილში დარეგისტრირებული კომპანიის – „ბუსტ ჯორჯიას“ 67 პროცენტს, დარჩენილი 33 პროცენტის მფლობელი კი საქართველოს მოქალაქე ზურაბ ნასყიდაშვილია. მათვე დააფუძნეს „ატმ-ანბანის კოშკის მენეჯმენტი“. ზურაბ ნასყიდაშვილი კიდევ ერთი კომპანიის მფლობელია – მან 2014 წელს „ბიზნეს მენეჯმენტ ჯგუფი“ დააფუძნა და კომპანიას ერთპიროვნულად ფლობს. შპს „ატმ – ანბანის კოშკის მენეჯმენტს“  100%-ით     „ბუსტ ჯორჯია“ ფლობს.

ბათუმი
ბათუმი, „ანბანის კოშკი“

გელა წულაძის კომენტარი ქანდაკებაზე, რომელსაც გეიწყვილი უწოდეს

„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარიდან მხატვარ გელა წულაძის ერთ-ერთი ნამუშევრის აღებას ითხოვს. მათი განცხადებით, ქანდაკება ჰომოსექსუალ წყვილს ასახავს. ქანდაკების ავტორის, გელა წულაძის განცხადებით, კონცეფციაში მსგავსი არაფერია ჩადებული.

„უილიამ შექსპირი წაიკითხონ და მერე მიხვდებიან რა კონცეფციაა ეს. საერთოდ მაგ სერიას ჰქვია „ვარიაციები სიყვარულზე“. ფეხზე რომ დგას, ეგ არის გოგო, დაჩოქილი გოგო მე არ მინახავს ან დაჩოქილი კაცი, კაცს რომ აძლევდეს გულს. ქალი დგას ფეხზე და დაჩოქილი ბიჭი აწვდის გულს სიყვარულის ნიშნად, ეს არის და ეს. მაგათ რა დაინახეს, არ ვიცი. თუ გოგოს ძუძუ არ უჩანს, არც კაცს აქვს გამოკვეთილი რამე, პორნოგრაფია თუ უნდათ, ეს მაგათი პრობლემაა. ჩვენ პორნოგრაფიას არ ვაკეთებთ, ხელოვნებას ვაკეთებთ. თუ ვერ გაიგეს, გადაიტანონ როგორმე, რა პრობლემაა ასეთი“.

გელა წულაძის ნამუშევრები სერიიდან – „ვარიაციები სიყვარულზე“, ბათუმის ბულვარში რამდენიმე ადგილზე განთავსებული.

ავტორის ინიციატივით პროექტი „ვარიაციები სიყვარულზე“ თბილისში და ბათუმში 2008-2013 წლებში განხორციელდა. ამავე პროექტს ეკუთვნის ქანდაკებები „ლოკოკინა“, WHERE, LIBERTE და სხვა.

2016-02-26 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 398 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის 300 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 67 – ნიშანში დგომის გამო, 20 – ტროტუარზე დგომისთვის, 5 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 6 ავტობუსის გაჩერებაზედგომის გამო.

Jpeg

ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განბმავლობაში.

“ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გავს” – ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილე

„აჭარის მამულიშვილთა კავშირი“ ბათუმის ბულვარში მდებარე სკულპტურის აღებას მოითხოვს. ამის შესახებ დღეს „აჭარის მამულიშვილთა კავშირმა“ ბრიფინგი გამართა ბათუმში და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა:

„ბათუმში, ნოდარ დუმბაძის ქუჩის გასწვრივ რომ არის აღმართული მამათმავლების ძეგლი, იმის აღება მოვითხოვეთ. ეს არის მამათმავლების ძეგლი, ჩვენმა ცნობილმა მხატვრებმა და მოქადაკეებმა, როგორც ექსპერტებმა, ეს წერილობით დაადასტურეს, ამიტომ მოვითხოვეთ მისი აღება. შემიძლია წერილობით გადმოგცეთ, იქ არიან აჭარის და საქართველოს მხატვართა კავშირის წევრები, გია ბაღოშვილი, დუგლას ზამთარაძე და სხვები“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ნიაზ ბოლქვაძემ, „აჭარის მამულიშვილთა კავშირის“ ხელმძღვანელმა.

„მე არ ვერევი სხვის საავტორო უფლებებში, მაგრამ ჩემი კრიტიკული აზრი მაქვს“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ არქიტექტორმა გია ბაღოშვილმა, რომელიც ბათუმის ბულვარის დირექტორის მოადგილეა და რომლის მოსაზრებებიც ძეგლთან დაკავშირებით ასევე ჰომოფობიურია:

„ამის გადაკეთება შეიძლება, ფიგურის შეცვლა შეიძლება, რომ ცოტა მანდილოსნის ფიგურას დაემსგავსოს, ესკიზიც კი გადავაკეთე პატარა. ხელი არაფერზე არ მომიწერია, მაგრამ ჩემი აზრი მქონდა ამასთან დაკავშირებით. ყველა ადამიანი, ვისაც აღქმის უნარი აქვს, დაინახავს, რომ ერთი კაცი მეორეს გულს ჩუქნის, ბოდიში და ეს ცისფერების ქანდაკებას გაქვს – ამას ვეთანხმები, მე ასე აღვიქვამ და ამას ქვია სიყვარულის ახსნა და როგორ მივიღოთ?“ – განაცხადა გია ბაღოშვილმა „ბათუმელებთან“.

გელა წულაძის ეს ქანდაკება ბათუმის ბულვარში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქანდაკებაა, სადაც ხშირად იღებენ ფოტოებს.

ნიაზ ბოლქვაძის თქმით, ქანდაკების აღების მოთხოვნით ჯერ კიდევ ბათუმის ყოფილ მერს, ჯემალ ანანიძეს, ქალაქის საკრებულოსა და ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატებსაც, კაკო ძნელაძეს [აჭარის უმაღლესი საბჭო] და მურმან დუმბაძესაც [საქართველოს პარლამენტი[ მიმართეს, თუმცა მათგან გამოხმაურება ამ თემაზე არ ყოფილა.

„მამულიშვილთა კავშირის“ ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნა ბათუმში ასევე უკავშირდება ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაში „ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისაგან [1552-1878წ. 25 აგვისტო] აჭარის განთავისუფლების და დედა სამშობლო საქართველოსთან დაბრუნებისათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“  აღმართვას.

ამავე თემაზე:

გელა წულაძის კომენტარი ქანდაკებაზე, რომელსაც გეიწყვილი უწოდეს

ციხისძირში აქციაზე “ნაციონალური მოძრაობის” ორი წევრი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ციხისძირში “ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის” მიერ ორგანზიებულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი ადამიანი დააკავეს, – “ორი პირია დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ანუ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო,” – განმარტავს შსს-ს  პრესსამსახური.

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დაკავებულები არიან პარტიის წევრები – სოსლან ზოიძე და სოლომონ ბაჯელიძე.

საკრებულოსა და მერის პოზიცია ბათუმის საბავშვო ბაღებში ხელფასების მომატების ინიციატივაზე

დღეს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ბოლო საკითხად საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების გაზრდის ინიციატივა განიხილეს. ინიციატივას საკრებულოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

ინიციატივის ავტორი ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გიორგი კირთაძეა, რომელიც საბავშო ბაღების პერსონალისთვის ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვდა -“გაწეულ შრომასთან შეფარდებით, მუნიციპალიტეტში ყველაზე არაპროპორციული ანაზღაურება სწორედ საბავშვო ბაღების თანამშრომლებს აქვთ. ჩვენთან ბაღებში არის 249 ძიძა და მათი ხელფასი 318 ლარია ხელზე,  434 – აღმზრდელის თვიური ხელფასი  კი  336 ლარს (ხელზე) შეადგენს“

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის განმარტებით – ინიციატივა კარგია, მაგრამ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, იდეის მხარდაჭერისგან თავის შეკავება მოუწევს. „თავის დროზე ხელისუფლება ახდენდა ბაღების სუბსიდირებას ბიუჯეტის დონეზე და ნაწილობრივ ის ფინანსდებოდა მშობლების ხარჯზე. დღეს ჩვენ 33 საბავშო ბაღი გვაქვს, რომელთა სრულად დაფინანსების ვალდებულებაც  სახელმწიფომ აიღო საკუთარ თავზე. 2013 წლიდან 2015 წლამდე ბათუმში ექვსი საბავშო ბაღი აშენდა. რეკონსტრუქცია (ერთსართულიან შენობა-ნაგებობებს დავაშენეთ სულ ცოტა ორი სართული) ჩაუტარდა სამ საბავშო ბაღის შენობას. კაპიტალური რემონტი  ჩაუტარდა ოთხ საბავშო ბაღის შენობას. ბიუჯეტი მივიღეთ  და 2016 წელს ორი ახალი საბავშო ბაღი შენდება  (ურეხსა და მაზნიაშვილის ქუჩაზე). წერეთლის ქუჩაზე არსებულ ერთ საბავშო ბაღს კი კაპიტალური რეკონსტრუქცია უტარდება, ანუ კიდევ ერთი სართული დაემატება და შესაბამისად ბავშვების რაოდენობაც გაიზრდება ბაღში” – თქვა გიორგი ერმაკოვმა.

ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის არჩილ ვანაძის თქმით, 2014 წლის აპრილიდან აღმზრდელებს ხელფასები 100 ლარით გაეზარდათ, ძიძებს კი 50 ლარით და ახლა აღმზრდელების საშუალო ხელფასი 420 ლარი, ძიძების საშუალო ხელფასი კი 320 ლარია.

 

 

 

 

არჩილ ვანაძე

 

„ტელეარხ 25“-ში კრიმინალისტები ბომბს ეძებენ

დღეს, 26 თებერვალს, „ტელეარხ 25“-ის შენობასთან კრიმინალისტები არიან. შენობიდან ევაკუირებულნი არიან ტელევიზიის თანამშრომლები.

„მოვიდნენ პოლიციიდან და გვითხრეს, რომ დაგვეტოვებინა შენობა, რადგან პოლიციაში ზარი იყო შესული. ამჟამად გარეთ ვდგავართ თანამშრომლები, სხვა არაფერი ვიცით,“ – განაცხადა გია სურმანიძემ, „ტელეარხ 25“-ის დირექტორმა „ბათუმელებთან“.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დღეს, ცოტა ხნის წინ საპატრულოში ნამდვილად შევიდა უცნობი პირისგან ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ტვ 25“-ის შენობაში იყო ბომბი – “წასულები არიან სამართალდამცავები და ამოწმებენ, თუ რამდენად სწორია ეს ინფორმაცია”.

რა დრო დასჭირდება შენობის შემოწმებას, ეს, შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობის მასშტაბზეა დამოკიდებული.

მერია ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის 3 ავტომანქანას შეიძენს


დღეს საკრებულოს სხდომაზე მიიღეს შპს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვისსასწრაფო დახმარების სტაციონალური ავტომანქანების შესყიდვის საკითხი, რომლის მიხედვითაც ცენტრისთვის გამოყოფილი 280 000 ლარით, ნაცვლად აქამდე გათვალისწინებული 4 მაღალი გამავლობის ავტომობილისა, 3 ასეთ ავტომანქანას შეიძენენ – “ორჯერ ჩავარდა ტენდერი, არ გამოცხადდა არც ერთი მონაწილე. შემოგვაქვს ცვლილება იმ კუთხით, რომ ამ 280 000 ლარში შევიძინოთ მაღალი გამავლობის 3 ავტომობილი, ნაცვლად ოთხისა, რადგან ამ თანხით ვერ მოხერხდა ოთხი ავტომობილის შეძენა. შემდეგ ბიუჯეტში შევა ცვლილება და შევიძენთ მეოთხესაც” – განმარტა მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა სოფიო მიქელაძემ.

 

საკრებულომ ააიპ „ბათუმის ბულვარის“ დაფუძნების საკითხს მხარი დაუჭირა


დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე  შვიდი საკითხი განიხილეს. მათ შორის ბათუმის მერიის მიერ ააიპ “ბათუმის ბულვარის” – დაფუძნების საკითხი, რომელსაც დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ააიპის დაფუძნებას მხარი არ დაუჭირა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. საკითხის არჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიიღo ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლებმა.  ბათუმის საკრებულოში ფრაქციის თავმჯდომარის კობა ჩხეიძის თქმით, საუბარია იმავე იურიდიული ფორმის ორგანიზაციის შექმნაზე რაც უკვე არსებობს -“იმიტომ  შეიქმნა ლანდშაფტური და ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტო აიპის სახით, რომ  მას მიეხედა ყველა იმ სკვერისთვის, პარკისთვის და ტურისტული ინფრასტრუქტურისთვის, რომელთა მიხედვაც იქამდე ხელოვნურად შექმნილ შპს-ს ევალებოდა, რიგ შემთხვევაში კი სკვერები  იყო საერთოდ მოუვლელი. როცა ზოოპარკისა და 6 მაისის პარკის გადაცემა მოხდა მის მართვაში, იგივე წარმატებით შეიძლება ამ აიპიმ განახორციელოს ბულვარის მიღებისა და მართვის პროცედურა. ამავე დროს შეგვიძლია პლიაჟის სექტორებიც კი დავამატოთ მის განკარგვაში” – თქვა კობა ჩხეიძემ.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერია ბულვარის მართვაში დაბრუნებას 2017 წლის იანვრისთვის ვარაუდობს, მას შემდეგ, რაც იქ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება. ამ დროისთვის კი მერიას ახალი ააიპ „ბათუმის ბულვარი“ უკვე დაფუძნებული უნდა ჰქონდეს. ამასთან, 2017 წლის ბიუჯეტში მერიამ ბულვარის სამართავად საჭირო თანხა უნდა გაითვალისწინოს.

მერიაში მიიჩნევენ ასევე, რომ გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ბულვარი მერიის მართვაში გადავა, ბათუმის მერიასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შორის უნდა გაფორმდეს მემორანდუმი, რომელშიც გაწერილი იქნება მხარეთა ვალდებულებები. გარდა ამისა, უწყებებმა უნდა გაიარონ პროცედურები, რაც ბულვარში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ უზურფრუქტის ხელშეკრულების შესაწყვეტად იქნება საჭირო.

 

 

 

ნათია ფანჯიკიძესთან დაგეგმილი დისკუსია გადაიდო

ასოციაცია “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებული დისკუსია, რომელიც ხვალ, 27 თებერვალს, უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ხვალ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში „თაობათა ურთიეთობაზე“ მოქალაქეებთან ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძეს უნდა ესაუბრა, რომელიც საგანგებოდ ამ შეხვედრისთვის ჩამოდიოდა  ბათუმში . ნათია ფანჯიკიძის განმარტებით, ის ბათუმში იმის გამო ვეღარ ახერხებს ჩამოსვლას, რომ დღეს თბილისში დაჭრეს „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, რომელიც ნათია ფანჯიკიძის ოჯახის მეგობარია.

როდის გაიმართება დისკუსია ნათია ფანჯიკიძის მონაწილეობით, ჯერჯერობით უცნობია.

„სამართლიანი არჩევნების“ განცხადება უსკოს თავმჯდომარის არჩევაზე

ორგანიზაცია – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ მიიჩნევს, რომ უსკოს თავმჯდომარის არჩევა კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევით მიმდინარეობს. ამის შესახებ ორგანიზაციამ 26 თებერვალს საგანგებო განცხადება გაავრცელა:

„2015 წლის 30 დეკემბერს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ა/რ კანონის თანახმად, აჭარის ა/რ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოცხადდა. საკონკურსო კომისიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგინა უსკოს თავმჯდომარეობის 3 კანდიდატი, ხოლო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარდგენილი 3 კანდიდატიდან შერჩეული ერთი კანდიდატი, კანონით დადგენილი პროცედურებისა და ვადების დაცვით, დასამტკიცებლად აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.

4 თებერვალს, აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დეპუტატების ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. შესაბამისად, მისი კანდიდატურისათვის ხელახალი კენჭისყრა აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე, 18 თებერვლისთვის დაინიშნა. თუმცა, აღნიშნულ სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. რის შემდეგაც, 23 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უსკოს თავმჯდომარის პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოაცხადა.

საგულისხმოა, რომ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ა/რ კანონი მკაფიოდ არ განსაზღვრავს უსკოს თავმჯდომარის კანდიდატის ხელახალი კენჭისყრის პროცედურას და ვადებს. მიუხედავად ამისა, როგორც აჭარის მთავრობამ, ასევე უმაღლესმა საბჭომ უსკოს თავმჯდომარის არჩევისას კანონის მე-13 მუხლის მე-14 პუნქტით იხელმძღვანელა, მაგრამ, აღნიშნული მუხლით დადგენილი პროცედურები ორივე უწყებამ დაარღვია.

ზემთაღნიშნული ნორმის თანახმად, მას შემდეგ, რაც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებდა, უმაღლესი საბჭო ვალდებული იყო კიდევ ორჯერ ეყარა კენჭი წარდგენილი კანდიდატისთვის. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ მოხდებოდა უსკოს თავმჯდომარის არჩევა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს 3 დღის ვადაში უმაღლესი საბჭოსთვის უნდა წარედგინა კონკურსის შედეგად შერჩეული სხვა 2 კანდიდატი. თუ უმაღლესი საბჭო წარდგენილ კანდიდატებს მხარს კვლავ არ დაუჭერდა, მხოლოდ ამის შემდეგ, 3 დღის ვადაში უნდა გამოცხადებულიყო ახალი კონკურსი.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლით დადგენილი პროცედურები ორივე უწყებამ დაარღვია. ერთი მხრივ, უმაღლესმა საბჭომ არ განახორციელა კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება და ვერ უზრუნველყო კანონით დადგენილი წესით ხელახლა კენჭისყრის ჩატარება, ხოლო, მეორე მხრივ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არ შეასრულა კანონის მოთხოვნა და უმაღლეს საბჭოს არ წარუდგინა კონკურსის შედეგად შერჩეული უსკოს თავმჯდომარეობის სხვა 2 კანდიდატი.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ კანონის ნორმების ამგვარი ინტერპრეტაციის პირობებში, ახალი კონკურსის შემთხვევაშიც არსებობს რისკი, რომ უმაღლესმა საბჭომ კვლავ გვერდი აუაროს კანონით განსაზღვრულ პროცედურებს და უსკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესი ისევ ჩიხში შევიდეს. შესაბამისად, მხარეებმა უნდა გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შეასრულონ კანონით მათზე დაკისრებული მოთხოვნები.

„სამართლიანი არჩევნები“, პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მოუწდებს დაიცვან კანონის პროცესუალური მოთხოვნები და მაქსიმალურად გამორიცხონ პოლიტიკური ინტერესები უსკოს დაკომპლექტებისა და მისი თავმჯდომარის შერჩევის პროცესში, რათა საფრთხე არ შეექმნას საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობას და მიუკერძოებლობას“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში [ფოტო]

დღეს, 26 თებერვალს 13 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციას სტუდენტები,  არასამთავრობო სექტორისა და პროფკავშირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  აქციის ორგანიზატორი სტუდენტი ედიშერ მჟავანაძეა. მისი თქმით, აქციის მიზანია სოლიდარობა გამოუცხდადოს ყველა იმ ადამიანს ვინც თავისი შესრულებული სამუშაოს ექვივალენტურ ანაზღაურებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.

„მივმართავთ მესამე სექტორს, უფრო აქტიურად ჩაერთოს შრომითი უფლებების გაუმჯობესებაში და მთავარი მიმართვა გვაქვს ხელისუფლებისადმი, გახადონ ტყიბულის მაგალითი პრეცენდენტად და ხელი შეუწყონ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას“, – ამბობს ედიშერ მჟავანაძე.

„არა მონობას“, „სოლიდარობა ტყიბულელ მუშებს“ ეს და სხვა სახის მოწოდებები ისმოდა დღვენდელ აქციაზე.

„იქ არის ფაქტობრივად მონობა, იმ  ადამიანების შრომითი ექსპლუატაცია, რომელსაც აუცილებლად უნდა დაესვეს წერტილი და მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს სოლიდარობა ბათუმიდან გადაედება მთელი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს და მივაღწევთ შედეგს“, – აცხადებს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.

ტყიბულში მაღაროელები უკვე მეთორემეტე დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.

12790197_965825780174464_57011481_o (1)
ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
12773014_965825783507797_1147573004_o
ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
12776829_965825793507796_25077509_o
ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
12787531_965825773507798_1049447899_o
ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში
12788939_965825790174463_224243538_o (1)
ტყიბულელი მუშების მხარდასაჭერი აქცია ბათუმში / ირმა დიმიტრაძის ფოტოები

 

დელფინარიუმს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ

ბათუმის საქალაქო სასამართლო „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სარჩელის განხილვას იწყებს. ორგანიზაცია ბათუმის დელფინარიუმს დისკრიმინაციულ მიდგომაში სდებს ბრალს. დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის ფასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის 10 ლარით უფრო ძვირია, ვიდრე სხვებისთვის.

„მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა არის დისკრიმინაციული და იგი არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს. არ არსებობს არავითარი გონივრული დასაბუთება, თუ რატომ უნდა იყოს დელფინებთან ურთიერთობა შშმ პირებისთვის განსხვავებული საფასურის მქონე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანა აბაშიძემ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა.

„ბათუმის დელფინარიუმის“ დირექტორი დავით ლეკვეიშვილი კი მიიჩნევს, განსხვავებული საფასური დამატებით მომსახურებას სჭირდება, რაც შშმ პირებს სჭირდებათ: „ეს სერვისი დაახლოებით ოთხი წლის წინ შეიქმნა და საფასურშიც ამიტომ გვაქვს სხვაობა. დანარჩენი სასამართლომ გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს დისკრიმინაცია.“

სასამართლოში მოპასუხე ბათუმის მერიაც იქნება, როგორც დელფინარიუმის მესაკუთრე. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ სასამართლო პროცესზე მათ ცალკე წარმომადგენელი არ ეყოლებათ.

ამავე თემაზე:

დისკრიმინაციულია თუ არა შშმ პირებისათვის უფრო მაღალი ფასი დელფინებთან ინტერაქტივში
ბათუმის დელფინარიუმის განცხადება

ყაზახეთის 9 ქალაქიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული რეისები იგეგმება

2016 წლის ზაფხულის სეზონზე ბათუმის მიმართულებით კომპანია Skybus-ი ყაზახეთის 9 ქალაქიდან ჩარტერული რეისების განხორციელებას გეგმავს – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, კომპანია ფრენებს კვირაში ერთხელ ყაზახეთის ყველაზე დიდი ქალაქებიდან: ასტანადან, ალმატიდან, აქტაუდან, ატირაუდან, ყარაღანდაშიდან, აქტიუბინსკიდან, კუსტანაიდან, ჩიმკენტიდან და ყიზილორდადან განახორციელებს.

აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით, დეპარტამენტმა ავიაკომპანიისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრები და პრეზენტაციები დაიწყო. რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და მარშრუტების წარდგენა ორი კვირის განმავლობაში ყაზახეთის ყველა დიდ ქალაქში იგეგმება.

გარდა კომპანია Skybus-ისა, ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია SCAT-ი გეგმავს. კომპანია ფრენებს აქტაუ – ბათუმი- აქტაუს მიმართულებით ზაფხულის სეზონზე კვირაში ორჯერ განახორციელებს.

აჭარაში ყაზახი ტურისტების რაოდენობა მზარდია. გასულ წელს რეგიონს 2014 წელთან შედარებით 3,5 პროცენტით მეტი ყაზახი ტურისტი სტუმრობდა.

„ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო კომისიებში თანამდებობებზე

ისინი, ვინც წინა არჩევნებზე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობდნენ, მომავალ არჩევნებს ცესკოს წარმომადგენლის სტატუსით ჩაატარებენ. ისინი ცესკომ ოლქებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კონკურსის წესით შეარჩია და ამა თუ იმ ოლქის საარჩევნო მოხელის სტატუსი ხუთი წლის ვადით ანდო.

მომავალ საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებს ბათუმში საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე ჩაატარებს. ციალა შავაძე ბათუმის #79 საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო)კონკურსის წესით მას შემდეგ შეარჩია, რაც საოლქო კომისიის წინა თავმჯდომარეს კახა ჯაიანს ოლქის წევრობის ვადა ამოეწურა. ოლქის უფრო გამოცდილმა წევრებმა ახალ, მაგრამ გამოუცდელ წევრს თავმჯდომარის თანამდებობა ჩააბარეს. პროფესიით გერმანისტი ციალა შავაძე სერტიფიცირებული საარჩევნო მოხელეა, თუმცა ოლქში წევრად და შემდეგ თავმჯდომარედ არჩევამდე მას არანაირი საარჩევნო გამოცდილება არ ჰქონია.

ციალა შავაძე ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნებზე ბათუმში არ იმყოფებოდა. „ამ დროს თბილისში ბიზნესსკოლაში ვსწავლობდი“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ციალა შავაძე ბათუმში დაბრუნდა და სამსახური ქალაქის მერიაში დაიწყო – თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში რწმუნებულის თანაშემწედ დასაქმდა. „ბათუმელებთან“ ციალა შავაძე ამტკიცებდა, რომ საარჩევნო მოხელეობამდე მას არც სახელისუფლებო და არც სხვა პარტიასთან შეხება არასდროს ჰქონია. თუმცა, სხვას ამტკიცებს ინფორმაცია და ფოტოკადრები, რომლებიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა:

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე, ქართული ოცნების შტაბში [მეორე რიგში მარცხნიდან მეორე]
ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე, ქართული ოცნების შტაბში [მეორე რიგში მარცხნიდან მეორე]
დადასტურებული ფაქტია, რომ ციალა შავაძე 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ და ამავე პოლიტიკური გაერთიანების ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი ერმაკოვის სასარგებლოდ მუშაობდა. ის „ქართული ოცნების“ შტაბში გადაღებულ რამდენიმე ფოტოზე კოალიციის სარეკლამო მაისურითაა დაფიქსირებული. ის დაფიქსირებულია ასევე ფოტოკადრებში, სადაც კოალიცია „ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის გამარჯვებას შამპანურით აღნიშნავენ.

თავად ციალა შავაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე „აირაის“ (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) მიერ დაქირავებული ტრენერი იყო და „ქართული ოცნების“ შტაბში ტრენინგების ჩასატარებლად დადიოდა. კითხვაზე, რატომ ეცვა „აირაის“ ტრენერს „ქართული ოცნების“ სარეკლამო მაისური? – მას ასეთი პასუხი აქვს: „ყველას აქვს თავისი შეხედულება.ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან პარტიული ხარ, ან პარტიულ ინტერესებს ატარებ.“

ციალა შავაძემ არც ის იცის, ორგანიზაციამ, რომელსაც მიუკერძოებლობაზე აქვს პრეტენზია, რატომ მისცა უფლება მის მიერ დაქირავებულ ტრენერს ევლო კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანების მაისურით წინასაარჩევნო პერიოდში. „ეს კითხვა აირაის დაუსვით“, – უთხრა ციალა შავაძემ „ბათუმელებს“.

„ბათუმელებმა“ მართლაც ჰკითხა „აირაის“ ამის შესახებ. ორგანიზაციაში კატეგორიულად უარყვეს თვითმმართველობის არჩევნებზე ციალა შავაძის ტრენერად დაქირავების შესაძლებლობა. „ჩვენ რეგიონებისთვის ტრენერები საერთოდ არ დაგვიქირავებია. არც ციალა შავაძესთან გვქონია საქმიანი ურთიერთობა. შეიძლება მან გაიარა ჩვენი ტრენინგი“, – უპასუხეს „ბათუმელებს“ ორგანიზაციაში.

შესაბამისად, უცნობია, რატომ სცადა ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ „ბათუმელების“ მოტყუება.

მიუხედავად მმართველ ძალასთან „ძველი ახლობლობისა“, ციალა შავაძე მიიჩნევს, რომ ის შეძლებს დაემორჩილოს მხოლოდ ცესკოს და საარჩევნო კოდექსს. ამტკიცებს, რომ მასზე გავლენას ვერ მოახდენენ ნაცნობები „ნაცნობი პოლიტიკური შტაბიდან“, რომლებიც ახლა თანამდებობის პირები არიან. ის ამბობს, რომ შეძლებს კანონის ფარგლებში დარჩეს: „მიუხედავად იმისა, რომ ცესკო ღია, საჯარო და გამჭვირვალეა, ხალხში მაინც მუსირებს მცდარი შეხედულება ბევრ რამეზე. ცესკო ბევრ სამუშაოს ატარებს, რომ იყოს სწორი ინფორმირებულობა, მაგრამ ასეთი კითხვები მაინც ჩნდება. სისტემა შეიცვალა ოლქში, საერთოდ მიუღებელია ასეთი რამე. პარტიული დაკვეთები… ჩვენ საარჩევნოდ ვემორჩილებით მხოლოდ საარჩევნო კოდექსს და ცესკოს განკარგულებებს, დადგენილებების მიხედვით ვმუშაობთ. როდესაც კომისიაში შედის დროებითი წევრი, ის უკვე პარტიის ინტერესებს აღარ ატარებს“.

ვალერი ბერიძე ბათუმის 79-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა. ის ოლქის წევრად წინა ხელისუფლების დროს შეარჩიეს, ახლა კი დაწინაურდა – მას თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ჩააბარეს. მისი მუშაობის პერიოდში ვალერი ბერიძე საარჩევნო კომისიებში მნიშვნელოვან დარღვევებს ვერ იხსენებს.

კომისიის მდივნის თანამდებობა ნანი ვაშაყმაძეს აბარია, ისიც წინა ხელისუფლების დროს აირჩიეს. კომისიის „ძველი“ წევრები არიან ასევე მარინა კვასხვაძე და დავით თოდრია. არჩევნებზე მათ კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები და ცესკოს მიერ შერჩეული ერთი დროებითი წევრი შეემატებათ.

სამი ახალი წევრი ჰყავს ქედის #80 საოლქო-საარჩევნო კომისიასაც. „ბათუმელებმა“ ასევე დაადასტურა ორი მათგანის „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი. თემურ ბერიძე წინა არჩევნებში ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიაში პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ირინა ბერიძე კი ასევე კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიიის „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი იყო. არ გვაქვს ინფორმაცია მესამე ახალი წევრის, გელა ფარტენაძის შესაძლო კავშირებზე პოლიტიკურ პარტიებთან. ქედის საოლქო-საარჩევნო კომისიას ძველი, მაგრამ ახალარჩეული თავმჯდომარე ჰყავს. ალი ნაკაშიძეს ამ თანამდებობაზე მეორე შანსი მისცეს.

სამი ახალი წევრი ჰყავს ხელვაჩაურის საოლქო-საარჩევნო კომისიას, ესენი არიან: მაია პაპიძე, ლია აბუსერიძე და ლილე ტეტემაძე.

ახალი თავმჯდომარე ჰყავს შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიასაც. ამ თანამდებობაზე თამაზ ტაკიძე დათა ზოიძემ ჩაანაცვლა. წინა არჩევნებზე ის შუახევის ოლქში კოალიციაში შემავალ პარტია „მრეწველებს“ წარმოადგენდა. შუახევის საოლქო-საარჩევნო კომისიის ახალი წევრები გახდნენ ასევე გიორგი მაკარაძე და ნერიმან დიასამიძე. გიორგი მაკარაძე წინა არჩევნებზე ამავე ოლქის კოალიციაში შემავალი პარტიიდან – „რესპუბლიკელებიდან“ წარდგენილი წევრი იყო, ხოლო ნერიმან დიასამიძე ოლქის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“.

ორი ახალი წევრი ჰყავს ხულოს საარჩევნო ოლქს. თამარ ქამადაძე, რომელიც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამავე ოლქის წევრი იყო „კონსერვატორებიდან“ და გოჩა აბულაძე.

ქობულეთის საოლქო-საარჩევნო კომისიის არცერთი წევრი არ შეცვლილა.

რამდენად ობიექტური და სანდოა საარჩევნო მოხელე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სახელისუფლებო პარტიის აქტივისტი იყო? რამდენად მყარია გარანტია, რომ ყოფილი პარტიული აქტივისტი, რომელიც ახლა საარჩევნო მოხელეა, გადამწყვეტ მომენტში საარჩევნო კოდექსს არ დაარღვევს? ხომ არ დადო სასწორზე ცესკომ საკუთარი რეპუტაცია, როცა უმეტესწილად არჩევანი სახელისუფლებო გუნდთან დაახლოებულ კანდიდატებზე გააკეთა? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ ცესკოს პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ უპასუხა:

„საოლქო-საარჩევნო კომისიებში მთელი საქართველოს მასშტაბით 380 მუდმივმოქმდი წევრია, მუდმივმოქმედ წევრს ცესკო ხუთი წლის ვადით ირჩევს. წელს მთელი საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიის მუდმივმოქმედი წევრის პოზიციაზე 182 პირი შეარჩიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენივე ადამიანს გაუვიდა უფლებამოსილების ხუთწლიანი ვადა. აქედან 55 პირი ოლქის მოქმედი წევრი იყო, მათ ცესკომ მეორე შანსი მისცა.

რაც შეეხება დანარჩენებს, რომელთა დაკავშირებითაც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მხრიდან ხდება აპელირება, ეს ადამიანები სხვადასხვა დროს 2012-2014 წლებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიერ იყვნენ წარდგენილები შესაბამის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩევნების დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები იყვნენ საარჩევნო მოხელეები და საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით პირი, რომელიც არის საოლქო-საარჩევნო ან საუბნო კომისიის წევრი, მიუხედავად იმისა, თუ რომელმა პარტიამ წარადგინა, ის ატარებს მხოლოდ საოლქო-საარჩევნო ადმინისტრაციასა და კანონმდებლობის ინტერესებს, ანუ მოქმედებს მხოლოდ კანონმდებლობის მიხედვით და არ ატარებს მისი დამნიშნავი სუბიექტის ინტერესებს. ეს არის ყველაზე მთავარი. ამ ადამიანებთან დაკავშირებით რომ არ ყოფილა არანაირი პრობლემა, ამას ცხადყოფს წინა არჩევნების სადამკვირვებლო მისიების მიერ მომზადებული ანგარიშები, სადაც ამ ადამიანების მიკერძოებასთან დაკავშირებით არ არის დაფიქსირებული ერთი საჩივარიც კი“.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის #79 საარჩევნო ოლქში სულ 14 საჩივარი დაფიქსირდა, მათ შორის 11 საჩივრით ოლქს „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიმართა, 3 საჩივარი კი „საქართველოს იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა დაწერეს. ამ მონაცემებში არ შედის ის საჩივრები, რომლებიც დამკვირვებლებმა საუბნო კომისიებში დაწერეს. საჩივრები ძირითადად პროცედურულ დარღვევებსა და საარჩევნო მოხელეების დისციპლინარულ პასუხისმგებლობას ეხებოდა.

ირაკლი ჭეიშვილი [ამჟამად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე], ციალა შავაძე, ბათუმის ოლქის თავმჯდომარე [მარჯვნიდან პირველი]
ირაკლი ჭეიშვილი [ამჟამად ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე], ციალა შავაძე, ბათუმის ოლქის თავმჯდომარე [მარჯვნიდან პირველი]

როგორია გერმანული საგანმანათლებლო მოდელი

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 16 თებერვალს ბიზნესასოციაციებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა გეგმავს განათლების სისტემაში გერმანული მოდელის გადმოტანას, რომელიც ორიენტირებულია პროფესიული განათლების განვითარებაზე. არის თუ არა პრემიერის განცხადება წინასაარჩევნო და რა სჭირდება ქვეყანას ამ მოდელზე გადასასვლელად? თემაზე „ბათუმელებთან“ განათლების ექსპერტმა სიმონ ჯანაშიამ ისაუბრა.

ბატონო სიმონ, იქნებ განმარტოთ რა მოდელზეა საუბარი და რამდენად არის საქართველო ამ მოდელზე გადასასვლელად მზად?

არ ვიცი, რა იგულისხმეს, რადგან სხვა რამეზე ისაუბრა პრემიერმა და სხვა რამ თქვა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ. პრემიერი ძირითადად საუბრობდა უმაღლესი განათლების მოდელზე, სამინისტროს წარმომადგენლები კი საუბრობდნენ პროფესიულ მოდელზე. რაც მეორდებოდა, იყო ის, რომ უფრო მჭიდრო კავშირი უნდა იყოს დამსაქმებლებსა და განათლების სისტემას შორის, რომელიც ზოგადად გერმანული სისტემის უპირატესობაა. მაგრამ ეს არ გამომდინარეობს მხოლოდ პროფესიული განათლების სისტემიდან, ისიც განსაზღვრავს როგორ არის მოწყობილი სკოლა, უნივერსიტეტი და საზოგადოება, რადგან ამ პროცესში ჩართულები არიან დამსაქმებლებიც ბიზნესასოციაციების მეშვეობით. ჩვენთან შეუძლებელია მხოლოდ გერმანული პროფესიული სისტემის შემოღება იმის გაუთვალისწინებლად, რა განსხვავებული ელემენტები გვაქვს განათლების სისტემაში და რა არის საზოგადოების ინტერესი.

რამდენად რეალურია ამ მოდელზე საუბარი, მაშინ, როცა ჩვენთან სასკოლო სისტემა არ არის ისე მოწყობილი, რომ მოსწავლე დააინტერესოს პროფესიული განათლებით?

მე მგონი რეალური არ არის და ეს ყველამ იცის – ამ [გერმანულ] მოდელს ასე მარტივად ვერ ჩანერგავ განსხვავებულ მოდელში. ამის წარუმატებელი მცდელობები ბევრი იყო, ამერიკელებსაც ძალიან უნდოდათ გერმანული მოდელის გადაღება და არ გამოუვიდათ, რადგან არ მუშაობს ის სხვა ელემენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ მოდელის გასავითარებლად. რიტორიკა, რომ საერთაშორისო მოდელს ვიღებთ, ხშირად იყენებენ მაშინ, როცა უნდათ რაიმე ადგილობრივ გადაწყვეტილებას მისცენ ლეგიტიმურობა. ამიტომ, არ არის აუცილებელი, რომ მართლა გერმანული მოდელი გადმოიტანონ, შეიძლება რაღაც ინსტრუმენტები ადგილობრივი იყოს და ამას დაერქვას გერმანული, უფრო მაღალი მიმღებლობა რომ იყოს მის მიმართ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა გარკვეული ინსტრუმენტების გადმოტანაზე, არამედ მთლიან მოდელზე. გერმანიაში დამსაქმებლები, როგორც ვიცით, თვითონ ხარჯავენ ფინანსურ რესურსს დასაქმებული პირის კვალიფიკაციის ამაღლებაში. ქართული ბიზნესი რამდენად არის მზად ამ მოდელის მისაღებად?

საქართველოში შესაძლებელია მსგავსი პროცესის აგება, მაგრამ ცხადია სხვადასხვა სექტორში სხვადასხვა ინტერესი იქნება. მაგალითად, თუ მშენებლობაზე დასაქმებული მყავს ადამიანი, მაგრამ მშენებლობა არ აქვს ნასწავლი, ამ ადამიანის სწავლაში ჩართვა მაშინ ენდომება დამსაქმებელს, თუ ის გააუმჯობესებს საკუთარ ეფექტურობას და რეალური შედეგი ექნება. ასევე, თუ ადამიანმა იცის, რომ მშენებლობაზე მუშაობის დროს გადის სწავლებასაც და მისი შანსები იზრდება, რომ კიდევ დასაქმდეს, მაშინ სწავლაში ჩართვას მისთვის აზრი ექნება. ასეთი პროგრამების განსაზღვრაში დამსაქმებლებიც ერთვებიან ხოლმე, სამშენებლო ასოციაციების მეშვეობით. ასე რომ, ძალიან ბევრია გასაკეთებელი მანამდე, სანამ ამ სისტემის რაიმე ელემენტი შეიძლება ამუშავდეს საქართველოში.

გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გერმანიაში დასაქმების მაღალი მაჩვენებელია, ჩვენთან კი პირიქით. ჩვენს პირობებში დამსაქმებლებს აქვთ ძალიან დიდი არჩევანი და შეიძლება სამუშაოს მაძიებელს კვალიფიკაციაზე მეტიც მოეთხოვებოდეს.

ჩვენთან პრობლემაა ისიც, რომ არ არსებობს საზღვრები პროფესიასა და საქმიანობას შორის. მე შეიძლება ვმუშაობდე ტაქსისტად, მაგრამ ეს არ იყოს ჩემი პროფესია. რომ გახდე ტაქსისტი, უნდა გქონდეს სპეციალიზებული ცოდნა, რომელიც სხვას არ ექნება. ჩვენთან განსხვავება საქმიანობასა და პროფესიას შორის ძალიან ბუნდოვანია. შესაბამისად, ცოდნა, რომელიც უნდა მისცეს უმაღლესმა თუ პროფესიულმა განათლებამ, ესეც არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, ამის გარეშე კი პროფესიული განათლება წარმოუდგენელია.

სახელმწიფომ გარკვეული პროფესიები პრიორიტეტებად გამოაცხადა, მაგრამ ამ მიმართულებებზე მოთხოვნა მაინც არ გაიზარდა, ამ შემთხვევაშიც იგივე ხომ არ იქნება?

თუ ვიცი, რომ ძალიან დიდია სწავლის დანახარჯი და მაინც ვერ ვიმუშავებ ამ პროფესიით, ან არ მაქვს გაცნობიერებული დასაქმების პერსპექტივები, ბუნებრივია, სხვა რამეზე ვაკეთებ არჩევანს. მაგალითად, ადამიანებს კარგად აქვთ წარმოდგენილი პროგრამირების კურსები, მაგრამ საუნივერსიტეტო განათლება ამ მიმართულებაზე ძალიან დიდხანს გრძელდება. რადგან ამ მიმართულებით სამუშაო დღეს არის, ამიტომ პროფესიული კურსები ამ შემთხვევაში უფრო პოპულარულია. სოფლის მეურნეობაზე იყო – არ გვყავს სპეციალისტებიო, მაგრამ სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში ძალიან დაბალია, ცოტა დოვლათს ქმნის და რატომ უნდა მოუნდეს ადამიანს ამაში ჩართვა, თუ ის ვერ ხედავს დასაქმების პერსპექტივას.

ზოგიერთი აბიტურიენტი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადება, მაგრამ ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული რა უნდა ან რა იქნება მომავალში მისთვის უკეთესი. ასეთ სიტუაციაში რა მომავალი აქვს გერმანული მოდელის გადმოტანას?

გერმანიაში ერთ-ერთი გავრცელებული მიდგომაა – სკოლას რომ ამთავრებენ, მაშინვე არ მიდიან უნივერსიტეტში, ბევრს მუშაობენ ან მოგზაურობენ, აკვირდებიან საკუთარ თავს და მისწრაფებებს. ჩვენთან რატომ არ ხდება ასე, – ამის მიზეზები არის კულტურულიც და ეკონომიკურიც. ჩვენთან ვინმემ რომ გადაწყვიტოს მუშაობა სანიტრად, შეიძლება ამის ადგილიც არ იყოს. უმუშევრობა იწვევს იმას, რომ ინტერესი იზრდება უმაღლესის მიმართ.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ რეალური გახდეს გერმანული მოდელის გადმოტანა?

ჯერჯერობით, ეს, უბრალოდ, განაცხადია, არანაირი გეგმა არ არის. შეიძლება ვიღაცა რაღაცას ამუშავებს, მაგრამ სანამ არ ვნახავთ გეგმას, რთულია პროგნოზის გაკეთება. ერთი რამ ვიცით – ზოგადად, გერმანული მოდელის შემოღება შეუძლებელია, ეს ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც დამთავრდა უფასო მიმართულებების დაფინანსება.

ანუ, გერმანულ საგანმანათლებლო მოდელზე საუბარი უფრო წინასაარჩევნო განაცხადია, ვიდრე ბოლომდე გააზრებული?

არ ვიცი, რამდენად გააზრებულია, თუმცა ცხადია, რომ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, რადგან საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ პროფესიული განათლების განვითარებაზე და იყო პროექტები საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებითაც.

ბათუმის საკრებულომ „ჭაჭის კოშკის“ ტერიტორიასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს მიმართვის განხილვა, „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფიის შესყიდვის საკითხზე, ბათუმის საკრებულომ გადადო. ბათუმის საკრებულომ ეს საკითხი ხვალინდელი, 26 თებერვლის სხდომის დღის წესრიგიდან ამოიღო.

გადაწყვეტილებას „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიის ათვისებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საინვესტიციო ინტერესების გაზრდით ასაბუთებს. თუმცა, წერილში, რომლითაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს მიმართა, კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე არაფერია ნათქვამი.

ამავე თემაზე:

მთავრობის გეგმები „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაფრთხილება

ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარები ბათუმში

ცხოვრების უმნიშვნელოვანესი კანონი

მუდმივი განვითარებაა

(მაჰათმა განდი)

5-6  მარტს ბათუმში მოქმედ და დამწყებ მენეჯერებს განვითარებისთვის  საუკეთესო შანსი ეძლევათ. ტრენინგცენტრი „განვითარების აკადემია“ გთავაზობთ  სემინარების სერიას მენეჯერებისათვის. სემინარებს წარუძღვება მართვის აკადემიის“ თავმჯდომარე, გამოცდილი ტრენერი ალექსანდრე ჯეჯელავა.

ალექსანდრე ჯეჯელავას შესახებ:

  • სახელმწიფო და კომერციული სექტორის ორგანიზაციებთან მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება როგორც უშუალოდ მენეჯმენტის, ასევე ტრენინგის კუთხით.
  • ტრენინგების ჩატარების 10-წლიანი გამოცდილება. მათ შორის სახელმწიფო, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორის, პრაქტიკულად, ყველა მსხვილ ორგანიზაციაში.
  • მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება სახელმწიფო და კერძო სექტორებში.
  • ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი (MBA) ზოგადი მენეჯმენტის მიმართულებით.
  • საერთაშორისო სერტიფიცირებული ქოუჩი (Erickson International)

1212

რატომ განვითარების აკადემია?

განვითარების აკადემია კვალიფიციურ, გამოცდილ და პრაქტიკოს ტრენერებს აერთიანებს. განვითარების აკადემია თანამშრომლობს ისეთ, სოლიდურ პარტნიორებთან, როგორიცაა: მართვის აკადემია“, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ (CTC).

უახლოეს პერიოდში იგეგმება ერთობლივი პროგრამების განხორციელება სხვადასხვა ძლიერ ტრენინგ-კომპანიებთან,  ტრენერებთან,  პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად.

განვითარების აკადემია“  წარმოადგენს ზრდასრულთა განათლებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, რომელიც ტრენინგების, კურსების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზების გზით გააძლიერებს მსმენელებს როგორც ვიწრო პროფესიული, ასევე ზოგადად განმავითარებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებით.

2112

სამომავლოდ

განვითარების აკადემია“ თვეში არანაკლებ ათ ტრენინგზე, სემინარზე, კონფერენციაზე გამოაცხადებს რეგისტრაციას.

„განვითარების აკადემია“ მდებარეობს ბათუმში, ჭავჭავაძის ქ. 107.

ვებგვერდი: https://akademia.ge/ 

ელ. ფოსტა:  info@akademia.ge  

მობ.: 577 17 37 07; 577 14 17 48

გამხდარი და არა მშიერი

როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად და თვეში რამდენი კილოგრამის კლება მიიჩნევა ნორმად – ამ და კვების სწორ რეჟიმთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან” ენდოკრინოლოგმა, მედიცინის დოქტორმა, ბათუმის ენდოკრინოლოგიური ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ინგა აბესაძემ ისაუბრა. ის ბათუმის ენდოკრინოლოგიურ ცენტრში „სიმსუქნის სკოლას” ხელმძღვანელობს.

  • ქალბატონო ინგა, როგორია თქვენი მეთოდი, რას ასწავლით „სიმსუქნის სკოლაში“?

სიმსუქნე არის ქრონიკული, დაავადება, რომელსაც სჭირდება მუდმივი მართვა.

სიმსუქნესთან ბრძოლის მთავარი პრინციპი არის სწორი კვების შესწავლა. ძირითადად პაციენტები იმყოფებიან ხანმოკლე დიეტებზე, რომლებიც, როგორც წესი, საკმაოდ დაბალკალორიულია და ხანგრძლივად ასეთი დიეტის დაცვა მათ უჭირთ, დაკლების შემდგომ კი წონას ვერ ინარჩუნებენ. ჭარბ წონასა და სიმსუქნესთან საბრძოლველად ჩვენს კლინიკაში შექმნილია „სიმსუქნის სკოლა” და გვაქვს ჭარბ წონასთან ბრძოლის ერთთვიანი, ორთვიანი და სამთვიანი პროგრამები.

პროგრამა იწყება სამდღიანი გაკვეთილით, სადაც პაციენტი ჯგუფში იღებს განათლებას სწორი კვების შესახებ. პირველ რიგში ვიწყებთ სიმსუქნის მიზეზების გამოვლენას. პაციენტების 10-15 პროცენტში სიმსუქნის მიზეზი არის ენდოკრინოლოგიური დარღვევები, მათ შორის ყველაზე ხშირი – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება – ჰიპოთირეოზია. ჰორმონალური ფუნქციის მოშლის შემთხვევაში ვიწყებთ მკურნალობას. ასევე ვადგენთ ორგანიზმში იმ ცვლილებებს, რაც უკვე არსებულმა სიმსუქნემ გამოიწვია და მკურნალობას ვიწყებთ.

შემდეგ გაკვეთილზე პაციენტს ვასწავლით, თუ როგორ უნდა იკვებოს, რომელი პროდუქტებია სასარგებლო, რა რაოდენობისა და რომელი საკვები რის შემდეგ უნდა მიირთვას, რადგან თანმიმდევრობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვასწავლით ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების საჭირო რაოდენობის შერჩევას, კალორიების დათვლას. თუმცა ჩვენ პაციენტს არ ესაჭიროება ყოველდღე კალორიების თვლა, უბრალოდ ჩვენ გვინდა, რომ პაციენტს გამოუმუშავდეს ჩვევა, როდესაც შედის მაღაზიაში, ისევე როგორც ამოწმებს პროდუქტის ვარგისიანობის ვადას, შეამოწმოს პროდუქტის კალორიულობაც, განსაკუთრებით ცხიმის ოდენობა მასში და იქნებ სულ სხვა, ნაკლებ კალორიულ პროდუქტზე შეაჩეროს არჩევანი.

ეს არის განათლება, რომელიც აუცილებელია მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის.

მესამე დღეს ვქმნით დღის რეჟიმს პაციენტთან ერთად, ვწერთ დიეტას მისთვის. ეს არ არის მკაცრი და დაბალკალორიული დიეტა და არ ითვალისწინებს საკვების ბოლო მიღებას საღამოს 6 საათზე, რადგან ხშირად პაციენტებს დღის ისეთი რეჟიმი აქვთ, რომ ღამით უწევთ მუშაობა, ან უბრალოდ საკმაოდ გვიან იძინებენ და მათ ვერ განუსაზღვრავ კვების რეჟიმს, რომელიც მთავრდება საღამოს 6 საათზე, ამას ფიზიკურად ვერ შეძლებენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვახშამი დღის რაციონის 15% უნდა შეადგენდეს.

ბოლო ეტაპზე ხდება პაციენტისთვის ორკვირიანი კვების რეჟიმის შედგენა, მასთან შეთანხმებით. მაგალითად, თუ პაციენტს არ უყვარს ფაფა და ეს მისთვის ასოცირდება დიეტასთან და დისკომფორტთან, აუცილებელი არ არის მას კვების რეჟიმში ჰქონდეს ფაფა. ემოციურ მდგომარეობას აქვს დიდი მნიშვნელობა ჭარბ წონასთან ბრძოლაში.

დიეტის დანიშვნიდან ორი კვირის შემდეგ პაციენტი ისევ მოდის ჩვენთან, წონაში უნდა იყოს დაკლებული და არ აწუხებდეს შიმშილის შეგრძნება – ეს არის მთავარი.

შიმშილის შეგრძნებას ძირითადად პაციენტები განიცდიან პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ კი – აღარ.

ვაჯამებთ შედეგებს და ვადგენთ დიეტას შემდეგი 2 კვირისათვის, რამ საკვები არ იყვეს ერთფეროვანი და კლების პროცესი სახალისო იყოს პაციენტისთვის. მსგავსი პროგრამა არის ერთთვიანი, ორთვიანი და სამთვიანი. ერთთვიანი პროგრამა ძირითადად რეკომენდებულია მათთვის, ვისაც აღენიშნება ჭარბი წონა და ესაჭიროება 3-5 კილოგრამის დაკლება და წონის შენარჩუნება. 2 და 3-თვიანი პროგრამა კი გათვალისწინებულია სიმსუქნით დაავადებული პაციენტებისთვის, რომელთაც სჭირდებათ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა და დაკვირვება.

ჩვენი მეთოდი განსხვავდება იმით, რომ ჩვენ ვაძლევთ პაციენტს განათლებას, ვასწავლით მათ სწორად კვებას, კალორიების დათვლას, მაგრამ ამასთანავე არ ვავალებთ თვითონ შეიქმნან კვების რაციონი, არამედ თვითონ ვუდგენთ ინდივიდუალურ კვების რეჟიმს, კონკრეტულად და მარტივად ვაძლევთ მითითებებს და ვზომავთ არა კალორიებით, არამედ კოვზით, ჭიქითა და თეფშით, რაც უფრო მარტივია.

  • რაზეა დამოკიდებული დიეტის შედეგი?

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინდივიდუალურად დიეტის შექმნას, ანუ კვების რეჟიმის მაქსიმალურად მორგებას პაციენტის სურვილსა და ჩვევაზე, მის გემოვნებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დიეტას ექნება ხანმოკლე ხასიათი და შედეგს ვერ მივაღწევთ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის ხანგრძლივად დაკვირვებას, მასთან ხშირ ურთიერთობას, რაც გათვალისწინებულია ჩვენი სკოლის პერიოდში. პაციენტს უწევს ვიზიტი ექიმთან ყოველ ორ კვირაში.

  • ზოგადად, თვეში რამდენი კილოგრამის დაკლება მიიჩნევა ნორმად?

ნორმად ითვლება კვირაში 400-500 გრამიდან 1 კილოგრამამდე წონის კლება, ანუ თვეში 4-5 კილოგრამის კლება არის იდეალური იმის ფონზე, რომ თქვენ არ გაქვთ მუდმივი შიმშილის შეგრძნება, შესაბამისად არ გაქვთ სტრესი, უკეთესად გრძნობთ თავს და დანაყრებული ხართ. თუ ადამიანი იქნება ფიზიკურად აქტიური, უფრო მეტის დაკლებაც შეუძლია, ეს მაინც ინდივიდუალურია. ზოგადად, რაც უფრო მეტი აქვს წონა პაციენტს, უფრო მეტს იკლებს, იკლებენ 7-დან 10 კილოგრამამდეც, მაგრამ 15 და 20 კილოგრამის დაკლება თვეში ძალიან საზიანოა და როგორც წესი, შემდეგ ასევე სწრაფად ხდება წონის მატება.

  • რამდენად არის დამოკიდებული წონაში სწრაფი კლება ასაკზე? რამდენად სწორია მოსაზრება, რომ ახალგაზრდები უფრო სწრაფად იკლებენ, ვიდრე ხანდაზმულები?

ნაწილობრივ ეს ასეა.

უფრო სწორად, ასაკობრივი, ჰორმონალური ცვლილებების გამო, განსაკუთრებით ქალებში 45-50 წლის შემდეგ უფრო სწრაფად ხდება წონაში მატება.

თუმცა წონაში დაკლება ნებისმიერ ასაკშია შესაძლებელი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხელი უნდა ჩავიქნიოთ.

ყველაზე ხანდაზმული პაციენტი, რომელმაც დაიკლო წონაში, 76 წლის გახლავთ. ის დღეს თავს საუკეთესოდ გრძნობს და წონასაც ინარჩუნებს.

მთავარია სურვილი. თუ ადამიანს უნდა, ექიმის დახმარებით, მოტივაციით და ამ სფეროში განათლების მიღებით, შეძლებს დაკლებას და რაც მთავარია – წონის შენარჩუნებას.

ნებისმიერ ასაკში მთავარია ინდივიდუალურად შერჩეული კვებისა და ფიზიკური დატვირთვის რეჟიმი, პაციენტს არ უნდა ჰქონდეს შიმშილის მუდმივი შეგრძნება, რომ დიეტა გაგრძელდეს, შემდეგ კი ისე ეჩვევა პაციენტი რეჟიმს, რომ ის მისთვის ცხოვრების წესად იქცევა. მთავარია პაციენტს ავუხსნათ, რა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბმა წონამ და რა საუკეთესო შედეგებს შეიძლება მიაღწიოს, როგორი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა ექნება წონაში დაკლების შემდეგ.

  • ძირითადად რა ხდება ჭარბი წონის მიზეზი?

ჭარბი წონის ძირითადი მიზეზი არის კვებითი ქცევის დარღვევა და დაბალი ფიზიკური აქტივობა. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ ფაქტორს. თუ ჩვენს მშობლებს აქვთ მიდრეკილება სიმსუქნისკენ _ როგორც წესი, ჩვენც გვაქვს, მაგრამ გენეტიკური ფაქტორი არ ნიშნავს, რომ ადამიანი წონაში ვერ დაიკლებს, ეს ნიშნავს, რომ განსაკუთრებით მიდრეკილების დროს ადამიანმა უნდა ისწავლოს როგორ იკვებოს სწორად.

რა ფიზიკური აქტივობაა რეკომენდებული ჭარბ წონასთან საბრძოლველად?

უნდა გვახსოვდეს, რომ სიმსუქნეს ხშირად თან ახლავს ისეთი დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, ამიტომ ფიზიკური დატვირთვის ფორმა, ხანგძლივობა და ინტენსივობა ინდივიდუალურად უნდა იქნეს ექიმის მიერ რეკომენდებული.

ჭარბი წონის დროს საუკეთესოა ფეხით სიარული, ასევე ცურვა. ბათუმი, თავისი ზღვისპირა ბულვარითა და პარკით, სასეირნოდ არის იდეალური. სუფთა ჰაერზე სეირნობა, კარგ ამინდში, განწყობაზეც ძალიან კარგად აისახება. წვიმიან ამინდში კი გვაქვს სპორტული დარბაზები, სადაც შეიძლება ცურვით, ჰიდროაერობიკით და სხვა ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ. ყველაზე მთავარი სისტემატიურობაა, ყოველ დღე თუ არა, კვირაში 3-4 ჯერ მაინც აუცილებელია ფიზიკური აქტივობა.

წონაში დასაკლებად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიკური დატვირთვის უწყვეტობას. მაგალითად, ფეხით სიარულის დროს 60 წუთის განმავლობაში უწყვეტობას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან საკუთარი ცხიმების წვა მხოლოდ 30-40 წუთის შემდეგ იწყება.

რაც შეეხება დროს, როდის უნდა ვიაროთ ფეხით ან ვივარჯიშოთ: ეს ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ეს შეიძლება იყოს დილა, შუადღე, ან საღამო, არა აქვს მნიშვნელობა.

მე პირადად მირჩევნია დილით სუფთა ჰაერზე ვარჯიში, მთელი დღის მანძილზე კარგ გუნებას ვინარჩუნებ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ დილით ორგანიზმს 30 წუთი უნდა აცადოთ გამოღვიძება და შემდეგ დაიწყოთ ფიზიკური დატვირთვა. ასევე, საკვების მიღებიდან მინიმუმ საათ-ნახევარი უნდა გავიდეს, ვიდრე ვარჯიშს თუ ფეხით სიარულს დაიწყებდეთ.

ჯანმრთელობა

ენერგო-პრო და აბონენტები

საყოფაცხოვრებო პრობლემებზე წუწუნი დიდად არ მჩვევია, მაგრამ ის, რაზეც ამჯერად მინდა გიამბოთ, არა მხოლოდ ჩემი, არამედ ათიათასობით იმ ადამიანის პრობლემაა ან შეიძლება გახდეს, რომლებიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტები არიან.

გასულ შაბათს ჩემთან, სახლში, შუქი ჩაქრა. თავიდან ჩავთვალე, რომ ქალაქში მორიგი დაზიანება იყო და შუქი მალე მოვიდოდა, მაგრამ როცა დაბინდდა და მეზობელ სახლებში ნათურები აანთეს, მივხვდი, რომ დაზიანება მხოლოდ ჩემთან იყო. შევამოწმე დამცველები სახლში, ყველაფერი რიგზე იყო, ანუ რჩებოდა შესაძლებლობა, რომ დამცველი გათიშული ყოფილიყო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ რკინის ყუთში, სადაც მრიცხველებია განთავსებული. ეს ყუთი ბოქლომით იკეტება, გასაღები კი მხოლოდ ენერგოკომპანიას აქვს.

გამიმართლა, რომ ერთ-ერთ მეზობელს აღმოაჩნდა ჩვენი უბნის ელექტრიკოსის პირადი ნომერი. თუმცა, სიტყვა „გამიმართლა~, ცოტა არ იყოს უადგილოა, რადგან ტელეფონზე კი მიპასუხეს, მაგრამ ენერგოკომპანიის თანამშრომელმა ამიხსნა, რომ შაბათი დასვენების დღეა, ამიტომ მოსვლას და ამომრთველის შემოწმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ მანქანით ჩავაკითხავდი ხელვაჩაურში, სადაც ის ცხოვრობს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მომდევნო დღეს შეძლებდა მოსვლას.

ამის შემდეგ უკვე ენერგოკომპანიის დისპეტჩერს დავუკავშირდი. სანუგეშო იქაც ვერაფერი მითხრეს, მომცეს კიდევ ერთი ნომერი და იქნებ იქ აგიხსნან, როგორ უნდა მოიქცეო – დამაიმედეს. ავკრიფე ახალი ნომერი, თუმცა ამაოდ – ნომერს არ პასუხობდნენ. დავრეკე ისევ სადისპეტჩეროში და ვუთხარი, რომ მრიცხველების ყუთის გატეხვას ვაპირებდი, რადგან ენერგოკომპანია ვერ ახერხებდა დახმარებას ისეთ მარტივ საკითხში, როგორიცაა ყუთის გახსნა. ამჯერად კიდევ ერთი ნომერი მომცეს, ამიხსნეს, რომ ესაა კომპანიის ინჟინერი, ბატონი გოჩა.

დავურეკე ბატონ გოჩას და თავიდან გავიმეორე მთელი ტექსტი: რომ მათი აბონენტი ვარ, ვერ ვახერხებ ყუთის გახსნას და არც მანქანა მაქვს, რომ მათ თანამშრომელს მივაკითხო. პასუხად მივიღე, რომ საკითხს გაარკვევდნენ და მართლაც, ამჯერად უკვე ჩემ სასარგებლოდ გადაწყდა ყველაფერი _ ერთ საათში ენერგოკომპანიის თანმშრომლები მოვიდნენ და შუქი ჩართეს.
პირადად მე ბატონ გოჩასთან [რომლის გვარიც არ ვიცი] და სახლში მოსულ ენერგოკომპანიის თანამშრომლებთან მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მაგრამ არ მინდა მარტივად შევხედოთ საკითხს. ყველა აბონენტი შეძლებს იპოვოს ინჟინრის ნომერი? ყველას შეხვდება ისეთი „ბატონი გოჩა~, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება?

კომპანიას, რომელსაც ათიათასობით ადამიანი ყოველთვიურად უხდის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს, შაბათ-კვირას, ელემენტარული საკითხების მოსაგვარებლად მობილური ჯგუფი არ უნდა ჰყავდეს? როცა აბონენტი ელექტროენერგიის საფასურს დროულად არ იხდის, უწევს მას ვინმე ანგარიშს? თუ კი კომპანია ითხოვს გადასახადის დაუყოვნებლივ დაფარვას, აბონენტებსაც აქვთ სამართლიანი უფლება, მოითხოვონ სწრაფი მომსახურება.

თუ ეს არ შეიცვლება, მოგვიწევს ვიყოთ ენერგოკომპანიის რამდენიმე კეთილსინდისიერი თანამშრომლის იმედად. სხვათა შორის, იმ ენერგოკომპანიაზე ვსაუბრობთ, რომლის აქტივების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 650 მილიონი ევროა.

საქველმოქმედო კონცერტი ბათუმში 26 წლის ომარ მიქელაძის დასახმარებლად

4 მარტს, პარასკევს, 7 საათზე, ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, ბენზეში, საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება 26 წლის ომარ მიქელაძის დასახმარებლად, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია.
ოპერაციის ღირებულება 130 000 ლარია, რისი გადახდის საშუალებაც ოჯახს არა აქვს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლება დასახმარებლად თანხის გაღება, ამისავთის კონცერტის მსვლელობისას დარბაზში ყუთი განთავსდება.

კონცერტში მონაწილეობენ ბათუმელი და თბილისელი მომღერლები, ანსამბლი „ტბეთი“, ანსამბლი „ბათუმი“ და ანსამბლი „ქირინი“.

საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზატორია სტუდენტური საქველმოქმედო-საინიციატივო ჯგუფი, მხარდამჭერები: „ბათუმის წითელის ჯვრის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მონიტორინგი“.

მთავრობის გეგმები „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარედ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაფრთხილება

თუ მთავრობა ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარედ რეკრეაციული ზონის განვითარებისთვის ერთიანი კონცეფციის შესყიდვაზე ბათუმის საკრებულოს თანხმობას მიიღებს, მომავალში შეიძლება ერთიანი განვითარების მოტივით ეს ქონება საკუთრებაშიც მოითხოვოს – ასეთი ეჭვი ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა გამოთქვა წერილში, რომელიც ბათუმის საკრებულოს ამ ქონების გადაცემასთან დაკავშირებულ განკარგულების პროექტთან ერთად გადაუგზავნა.

მერი მართალი აღმოჩნდა. მთავრობას უკვე აქვს გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა განავითაროს მომავალში რეაკრეაციული ზონა „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომლის მესაკუთრეც ჯერ კიდევ ბათუმის მუნიციპალიტეტია.

ამ გეგმებზე მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა: „იქ გვინდა ძველი ბათუმის განვითარება, იმ კონტურების და იმ გეგმის დაცვა, რაც ძველ ბათუმშია. აბაშიძისა და მელაშვილის ქუჩების გაგრძელება მოხდება. ის კვარტალური დაგეგმარება უნდა გაგრძელდეს. მაქსიმუმ 15 მეტრიანი შენობები, რაც გვაქვს ძველ ბათუმში. მოვიაზრებთ, ბუტიკები, სასტუმრობის, გალერეების და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობას.“

გადაწყვეტილებას „ჭაჭის კოშკის“ მიმდებარე ტერიტორიის ათვისებაზე სამინისტრო საინვესტიციო ინტერესების გაზრდით ასაბუთებს. თუმცა, წერილში, რომლითაც ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ბათუმის მერიას, როგორც ქონების მესაკუთრეს მიმართა, კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებაზე არაფერია ნათქვამი.

ბათუმის მერის ვარაუდი მომავალში ქონების საკუთრებაში მოთხოვნასთან დაკავშირებით ლოგიკურად ეჩვენება ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალ დემოკრატებს“ . ისინი შიშობენ, რომ საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა კონცეფციის შესყიდვაზეც მისცემს მთავრობას თანხმობას და არც ქონების გადაცემაზე ეტყვის უარს. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ბათუმს მომავალში კიდევ ერთი რეკრიაციული ზონა გამოაკლდეს. სწორედ ამიტომ „თავისუფალი დემოკრატები“ საზოგადოებას და არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტ ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებამდე სთხოვენ.

„დღეს მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება ერთმანეთს ეჯიბრება იმაში, თუ ვის უფრო გრანდიოზული გეგმა ჰქონდა ან აქვს ჩვენი ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით. არც ერთ მათგანს არასდროს გასჩენია სურვილი წინასწარ გაეცნო ეს გეგმები მოსახლეობისთვის, მოესმინა მათთვის და უშუალოდ, მოსახლეობიდან წამოსული რჩევებისა და რეკომენდაციების შეჯერებით მიეღო გადაწყვეტილება.

როგორც წინა წლებში, დღესაც „ეფექტური პრივატიზების” სახელით იყიდება რეკრეაციული ზონები. ამჯერად, საუბარია ზღვისპირა პარკის ნაწილის, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის დაგეგმარებასა და შემდგომი პრივატიზების პროცესზე. „თავისუფალ დემოკრატებს” გაგვაჩნია ჩვენი სამართლებრივი მოსაზრებები რეკრეაციული ზონების განკარგვასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი აზრის ცოდნა და მოსახლეობის დამოკიდებულება მისაღებ გადაწყვეტილებებზე“, – ამბობს საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე, რომელიც საკითხზე სასაუბროდ  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის ინფორმაციით, დასაგეგმარებელი ტერიტორია 2,25 ჰექტარია, მათ შორის  ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრება 0,93 ჰექტარია. ტერიტორია, რომელიც ფუნქციურად არ არის დატვირთული სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს, იგი მოქცეულია ტურისტების სამარშრუტო კონტურში. ხშირად ტერიტორია გამოყენებულია ტურისტული ტრანსპორტის პარკირებისთვის არაორგანიზებულად.

სამინისტროს ინფორმაციით, გასავითარებელი ტერიტორია ესაზღვრება გოგებაშვილის ქუჩას, რომელიც ამ მონაკვეთში მოშენებულია ცალმხრივად. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ შეიძლება ტერიტორიის განვითარების კონცეფციის კონკურსის წესით შემუშავება. ამაზე თანხმობას სამინისტრო ქონების მესაკუთრისგან – ბათუმის მერიისგან ითხოვს. თავის მხრივ მერიამ თანხმობა საკრებულოსგან უნდა მიიღოს. ბათუმის საკრებულომ საკითხი განსახილველად 26 თებერვალს დაგეგმილი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბათუმის მერს ამ საკითხის უკან გაწვევა სთხოვეს. წერილში, რომლითაც მათ მერს მიმართეს, ნათქვამია:

„იმ ფონზე, როდესაც ქალაქ ბათუმის საკუთრება ბათუმის ბულვარი უკვე გადაცემულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის და გვაქვს კონკრეტული მაგალითი იმისა თუ რა ვანდალური მეთოდებით ხდება ბათუმის ბულვარის დაგეგმარება და სარემონტო სამუშაოები, აღნიშნული მიწის ნაკვეთის აჭარის მთავრობის მხრიდან დაგეგმარების და განსაკუთრებით კონცეფციების შექმნის არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია. ამიტომ თქვენს მიერ 2016 წლის 26 თებერვლის სხდომაზე წარმოდგენილი საკითხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროსთვის თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით გთხოვთ გაიწვიოთ.“

ამავე წერილში ნათქვამია, რომ 2010 წელს 31 აგვისტოს ბათუმის საკრებულოს #75 განკარგულებით ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ტერიტორიის ნაწილი, აჭარის მთავრობას გადაეცა კონკრეტული პირობითა და ვალდებულებით. მთავრობას ეს ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის წესით უნდა განეკარგა. აჭარის მთავრობამ ვერც წინა ხელისუფლების დროს და ვერც ახლა ვერ შეძლო დადგენილი პირობით ამ მიწის განკარგვა. ამავე დროს აჭარის მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ პირდაპირი წესით ქონებას აღარ გაასხვისებს. სწორედ ამ მოტივით „თავისუფალი დემოკრატები“ ბათუმის მერს სთხოვენ 2010 წელს მთავრობისთვის გადაცემული ნაკვეთების დაბრუნების პროცედურა დაიწყოს.

ბათუმის ნავმისადგომის გაჩერებული პროექტი

ტერიტორია, რომლის განვითარებისთვის მთავრობას კონცეფციის შესყიდვა სურს, ბათუმის ნავმისადგომის ტერიტორიასაც მოიცავს. ბათუმის ნავმისადგომის რეკონსტრუქციის პროექტზე აჭარის მთავრობაში 2012 წლის ბოლოს იმსჯელეს – პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებაზე ამერიკულ„როიალ კარიბიანთან“ მემორანდუმიც გააფორმეს.

ამ კომპანიას აშენებული აქვს ცნობილი პორტი თურქეთში – კუშადასი.

მემორანდუმს ხელი აჭარის მთავრობის მაშინდელმა თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ და „როიალ კარიბიანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ტერსეკმა მოაწერეს. შეთანხმება თანამედროვე სტანდარტების პორტის აშენებას გულისხმობდა.

ბათუმის პორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დაიწყო „როილ კარიბიანის“ პარტნიორმა კომპანიამ „ლენდ დიზაინმა“ – კომპანიები პროექტის განხოციელებას საკუთარი ფინანსებით გეგმავდა. საუბარი იყო 35 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე.

“ჭაჭის თაუერის” მიმდებარე ტერიტორიაზე თავისი გეგმების შესახებ საუბრის დროს აჭარის მთავრობა როიალ კარიბიანთან უკვე არსებულ ხელშეკრულებას საერთოდ არ ახსენებს.

„ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს

25 თებერვალს, ბათუმში, “ქართული ოცნების” საოლქო კონფერენციაზე „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩიეს. „ოცნების” ბიუროს წევრის, ლაშა სირაბიძის თქმით, კონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარედ მხოლოდ ჭეიშვილის კანდიდატურა დასახელდა და პარტიის წევრებმა მას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ირაკლი ჭეიშვილი ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეა.

„ბიუროში არის მანანა ჯორბენაძე, რომელიც იყო ბიუროს წევრი და ახალ ბიუროშიც ის არის წარმოდგენილი, აირჩიეს ბატონი აკაკი ძნელაძე, თამაზ სალუქვაძე, ნუგზარ ჯახიშვილი და მე, ლაშა სირაბიძე“ – აღნიშნა ლაშა სირაბიძემ „ბათუმელებთან“.

საოლქო კონფერენციას ბათუმში კახი კალაძე ესწრებოდა.

ვინ მიიღებს ნერგებს აჭარაში

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მრავალწლოვანი კულტურის ბაღების გასაშენებლად წელს მილიონ 613 085 ლარს დახარჯავს. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან 80% თანადაფინანსებით თხილის, კაკლის, მანდარინისა და ლურჯი მოცვის ნერგებს მხოლოდ იმ ფერმერებს დაურიგებენ, რომლებსაც მიწის საკუთრების დამადასტურებელი ცნობა მოეპოვებათ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მრავალწლოვანი კულტურების ფერმერთა და მეწარმეთა უზრუნველყოფის~ მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ბაღების გასაშენებლად ფერმერებს წელს თხილის, კაკლის, ლურჯი მოცვისა და ნაადრევი მანდარინის ნერგებს თანადაფინანსებით გადასცემს. სამინისტრო ამ პროგრამას 2013 წლიდან ახორციელებს, თუმცა წინა წლებთან შედარებით წელს პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმები იცვლება, – ნერგებს მხოლოდ იმ ფერმერებს მისცემენ, რომლებიც კაკლის, მოცვისა და მანდარინის მინიმუმ 1000 მეტრზე, თხილის გაშენებას კი 2000 მეტრზე გეგმავენ. ის ფერმერი კი, ვისაც 1000 მეტრზე ნაკლებ ნაკვეთზე სურს ბაღების გაშენება, პროგრამაში ვერ ჩაერთვება.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ სამინისტრო კაკლის, მოცვისა და თხილის ნერგებს გაზაფხულზე, მანდარინის ნერგს კი შემოდგომაზე გასცემს.

იმისთვის, რომ ფერმერი თუ აგრომეწარმე სამინისტროს მიზნობრივ პროგრამაში ჩაერთოს, სახელმწიფოსგან 80%-იანი თანადაფინანსებით თხილის, კაკლის, მანდარინისა და ლურჯი მოცვის ბაღი გააშენოს, მან განცხადებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან შესაბამის მუნიციპალიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუნიციპალიტეტების საინფორმაციო-საკონსულტაციო განყოფილებებს წერილობით 5 მარტამდე უნდა უნდა მიმართოს. 5 მარტის შემდეგ სამინისტრო განცხადებებს არ განიხილავს.

ნერგებთან ერთად ფერმერები წელს ბიოორგანულ სასუქს, წვეთოვან სარწყავ სისტემას და მულჩიფირსაც მიიღებენ. „ფერმერები, რომლებსაც მოცვისა და კაკლის ნერგები გადაეცემათ, მინერალურ და ორგანულ სასუქთან ერთად წვეთოვან სარწყავ სისტემას მიიღებენ, ხოლო ფერმერს, რომელიც მოცვის ნერგს მიიღებს, სასუქთან, სარწყავ სისტემასთან ერთად მულჩიფირიც გადაეცემა“, – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

თუ ფერმერს მხოლოდ ნერგი და ორგანული სასუქი გადაეცემა, ის ნერგისა და სასუქის მთლიანი ღირებულების 20%-ს გადაიხდის, მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში ფერმერს მხოლოდ ნერგი არ გადაეცემა.
სამინისტროს გათვლით 1000 მეტრზე 330-350 ძირი კაკალი, 3350 მოცვი და 100 ძირი მანდარინი უნდა გაშენდეს. შესაბამისად, ნერგის გაცემისას სამინისტრო ამ პრინციპით იხელმძღვანელებს – გასაშენებელ კულტურას ამის მიხედვით დაითვლის. რაც შეეხება თხილს, იქედან გამომდინარე, რომ თხილის ნერგი 2000 მეტრ ნაკვეთზე დასარგავად გაიცემა, სამინისტროს გათვლით, ამ ფართობზე 500 ძირი უნდა დაირგოს. სამინისტრო წელს იმდენ ნერგს შეისყიდის, რომ მთლიანობაში 82 ჰექტარზე თხილი, 76,8 ჰექტარზე კაკალი, 6 ჰექტარზე მოცვი, 7 ჰექტარზე მანდარინი გაშენდეს.

პროგრამულად ასევე გათვლილია რამდენი დაუჯდება ფერმერს, მაგალითად, 1000 მეტრზე მანდარინის, ხოლო 2000 მეტრზე თხილის გაშენება: მანდარინის გასაშენებლად ფერმერს არაუმეტეს 1540 ლარი, კაკლის – 1630 ლარი, თხილის – 668 ლარი, მოცვის გასაშენებლად კი 6 989 ლარი დასჭირდება. ამ თანხაში შედის ბიოორგანული სასუქი, წვეთოვანი სარწყავი სისტემა და მულჩიფირიც. სამინისტრო ნერგებს ელექტრონული ტენდერით შეისყიდის.

„იქედან გამომდინარე, რომ ნერგებს ტენდერით შევისყიდით, შესაძლოა მომწოდებელმა ნაკლებ თანხაში მოგვაწოდოს. შესაბამისად, დაიკლებს ფერმერის გადასახადი წილიც.

ნერგის ხარისხი მაქსიმალურად გაკონტროლდება, მხოლოდ სანერგე მეურნეობაში გამოყვანილ ნერგს შევისყიდით. მომწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს სატენდერო კომისია შეისწავლის, რის შემდეგაც ჩვენი წარმომადგენელი დაათვალიერებს სანერგე მეურნეობას, შემდეგ სპეციალისტები დაწერენ დასკვნას, შეესაბამება თუ არა მოცემული მეურნეობის წარმოება სტანდარტებს, რის შემდეგაც ნერგს შემოიტანა. ამ დროისთვის მოცვის მომწოდებელი გამოკვეთილია, ბელორუსიდან შემოგვაქვს. რაც შეეხება კაკლისა და თხილის ნერგებს, ტენდერი გამოცხადდა, მაგრამ არ დასრულებულა. ფერმერებს აგროსერვისცენტრის სანერგე მურნეობაში გამოყვანილ მანდარინის ნერგებს გადავცემთ“. – ამბობს ჯამბულ აბულაძე.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამით მხოლოდ ის ბენეფიციარები ისარგებლებენ, ვისაც მიწა რეგისტრირებული აქვს. თუ ფერმერს მიწის საკუთრების შესაბამისი ცნობა არ მოეპოვება, შეუძლია წარადგინოს საკომლო ჩანაწერი, ან არქივში დაცული ცნობა იმის შესახებ, რომ ის მიწის მესაკუთრეა.

„ბაღების გაშენებას ისე ვერ დავაფინანსებთ, თუ არ გვეცოდინება ვინ არის კანონიერი მფლობელი. რეგიონში არის მიწის საკუთრების პრობლემა, ამიტომ გავითვალისწინეთ არსებული ვითარება და გვაქვს შეღავათიც: ვისაც მიწა არ აქვს დარეგისტრირებული, შეუძლია წარმოადგინოს საარქივო მასალებში დაცული ცნობა“, – ამბობს ჯამბულ აბულაძე.

ვინ მიიღებს ხეხილის ნერგებს ბიოორგანულ სასუქებთან და სარწყავ სისტემასთან ერთად სახელმწიფოსგან მინიმალურ ფასად, ამაზე სამინისტროში იმსჯელებენ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი შესაბამისი კომისია გამოიტანს. ჯამბულ აბულაძის თქმით, კომისია, რომელმაც პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარები უნდა შეარჩიოს, საჯარო მოხელეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებით იქნება დაკომპლექტებული. ნერგების გადაცემამდე შერჩეულ ბენეფიციარებს 10-დღიანი ვადა მიეცემათ იმისთვის, რომ ნაკვეთები სათანადოდ მოამზადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტრო მათ ნერგებს არ მისცემს.

„ბენეფიციარებმა ათი დღის განმავლობაში ნაკვეთი უნდა შემოღობონ და ნერგის ჩასარგავი ორმოები გააკეთონ. თუ კაკალი უნდა გაშენდეს, ნაკვეთის სიახლოვეს წყალი უნდა იყოს, მორწყვის პრობლემა რომ არ შეიქმნას. ანალოგიური მოთხოვნა არის მოცვთან მიმართებაშიც“.

თანადაფინანსებით ნერგებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიც მიიღებს, თუმცა თხილის შემთხვევაში კოოპერატივმა მინიმუმ 6000 მეტრზე უნდა გააშენოს ნერგები. აქვე დადგენილია ზედა ზღვარიც, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს მხოლოდ 5 ჰექტარ ფართოზე დაუფინანსდება თხილის ნერგი, კაკლის ნერგი – 3000 მეტრიდან 5 ჰექტრამდე, მოცვის – 2000-5000 მეტრზე და მანდარინი 3000-5000 მეტრზე.

„ერთ ფერმერს შეუძლია მიიღოს როგორც თხილის, ასევე კაკლის, მოცვისა და მანდარინის ნერგი, თუ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. შეზღუდვა არ არსებობს, თუმცა გათვალისწინებული იქნება ტერიტორიული პრინციპიც, ყველა თემი და ხეობა რომ მოვიცვათ. ყველაზე მეტი მოთხოვნა ხულოსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებზე მოდის, განსაკუთრებით თხილისა და კაკლის ნერგებს ითხოვენ“, – ამბობს დეპარტამენტის უფროსი.

სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე თანადაფინანსებით ფერმერებს სულ 116 000 ძირი თხილის, კაკლის, მოცვის, ხურმისა და კივის ნერგები დაურიგდათ და 213 ჰექტარზე გაშენდა მრავალწლოვანი კულტურები.

Exit mobile version