მთავრობის პასუხისმგებლობა სახლზე, რომელშიც ეკომიგრანტებს აწვიმთ

IMG_0045წვიმისგან დაზიანებული კედლები ეკომიგრანტების სახლში, არაერთ ბინაში შეიძლება ნახოთ. აქ მცხოვრებმა ოჯახებმა გვითხრეს, რომ სახურავი დაზიანებულია. გარდა ამისა, წვიმის წყალი ბინებში ფასადის მხრიდანაც აღწევს. წვიმისგან დაზიანებულია ბინები კორპუსის შუა სართულებზეც.

მეწყრისგან დაზარალებულ ათეულობით ოჯახს აჭარის მთავრობამ გასული წლის ზაფხულში გადასცა ბინები თამარის დასახლებაში აშენებულ ორ კორპუსში. ეკომიგრანტები ამბობენ, რომ სახურავიდან წყალი ბინებში გასულ წელსაც ჩამოდიოდა, თუმცა არა ამდენი.

IMG_0006„ის კომპანია, ვინც ააშენა ეს კორპუსები და აიღო ვალდებულება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, აღარ იძებნება – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქალაქმშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნუგზარ ძნელაძემ – ჩვენ ჩავიბარეთ ეს შენობა და მაშინ არაფერი დაფიქსირებულა. სახურავი შესაძლოა თოვლმა დააზიანა. რამდენიმე თვეა ვეძებთ ამ კომპანიას, მაგრამ ვეღარ ვპოულობთ. თურქული კომპანია იყო „NAREM CBM”, სოციალური ქსელითაც ვცადეთ მათთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. თუ თურქეთის საკონსულოც ვერ დაგვეხმარა, სასამართლოს მივმართავთ“.

ორგანიზაციაში – „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მიიჩნევენ, რომ ამ ფაქტით ეკონომიკის სამინისტროს წინდაუხედაობა ჩანს: „გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა შემუშავებული მონიტორინგის სისტემა ეკონომიკის სამინისტროს და რატომ არ გამოჩნდა პრობლემები სამუშაოს დასრულების დროს, როცა მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა,“ – ამბობს ორგანიზაციის იურისტი, ნინო სიორიძე.

სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით აღებული საგარანტიო ვადის გასვლამდე ორი თვეა დარჩენილი.

„მაქსიმალურად ვეცდებით ამ დროში ამ კომპანიასთან კავშირზე გასვლას,“ – აცხადებს ნუგზარ ძნელაძე. რატომ არ მოითხოვა აჭარის მთავრობამ საბანკო გარანტია, რაც დამკვიდრებული პრაქტიკაა? – „ბათუმელების“ ამ კითხვაზე ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის ვალდებულება არ ჰქონდათ.

„არავინ ელოდა ამას, რომ ერთ მშვენიერ დღეს კომპანია გაქრებოდა. გაკვეთილი უკვე მივიღეთ და სხვა ხელშეკრულებებს უკვე აღარ ვაფორმებთ საბანკო უზრუნველყოფის გარეშე. ეს პრაქტიკა ჩვენც დავამკვიდრეთ,“ – ამბობს ნუგზარ ძნელაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, ნინო სიორიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებლობაზე საუბრობს: „გამოდის, რომ სახელმწიფომ ჯეროვნად ვერ განახორციელა თავისი ვალდებულება. პირველ რიგში, ეს ადამიანები უნდა დაკმაყოფილდნენ. აქვე ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც – ჩვენ საჯარო მოხელეებს ვქირაობთ იმისთვის, რომ მართონ, მათ შორის, რისკები. ამ შემთხვევაში კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წინდაუხედავობამ და რისკების გაუთვლელობამ ეკომიგრანტებს და ბიუჯეტსაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“.

IMG_0009
წვიმა კორპუსის მე-6 სართულზეც ჩამოდის
IMG_0007
ეკომიგრანტები ამბობენ, რომ ბზარები შენობაში მათი შესვლისთანავე გაჩნდა

IMG_0044

სიბერე საქართველოში [ვიდეო]

გადაცემაში „მთავარი თემა“ ამჯერად ხანდაზმულთა ცხოვრების პირობებზე ვისაუბრებთ. გაეროს მონაცემებით დაბერება, როგორც მსოფლიო პრობლემა, განსაკუთრებულად აქტუალურია საქართველოსთვის. მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვას ქვეყანას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს.

როგორ ცხოვრობენ მოხუცები დღეს და რას აკეთებს მთავრობა მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად? – ამ კითხვებზე მთავრობის პასუხებს გადაცემის პირველ სიუჟეტში მოისმენთ, მეორე სიუჟეტში კი მოხუცები თავანთ ისტორიებს მოგვიყვებიან.

საქართველოში ხანდაზმულების ცხოვრებაზე სახალხო დამცველის აჭარის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი ციალა ქათამიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ღირსეული სიბერე“-ს იურისტი მარინე ჟღენტი საუბრობენ.

 

შვებულებაში მყოფი საკრებულოს წევრის სადავო ხმა

„ირაკლი ჭეიშვილის მიერ ხელმოწერილი დადგენილება უკანონოა,“ – აცხადებს ნოდარ დუმბაძე – ბათუმის საკრებულოს წევრი ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“.

სადავო დადგენილება 16 მარტს,  სხდომაზე მიიღეს, სადაც ქალაქის 2016 წლის ბიუჯეტიდან ბათუმის „დინამოსთვის“ [ზოგადად ფეხბურთისთვის] გამოყოფილი თანხა, დაახლოებით 2 მილიონი ლარი, სახელმწიფოს მიერ შექმნილ ა(ა)იპ-ს, „ფეხბურთის განვითარების ფონდს“ გადაერიცხა. ნოდარ დუმბაძის თქმით, გადამწყვეტი მე-13 ხმა, შვებულებაში მყოფ დიმიტრი დარჩიას ეკუთვნოდა, რაც უკანონოა.

„გადაწყვეტილების მიღების პროცესში მივიღე მონაწილეობა არა როგორც ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარემ, არამედ როგორც საკრებულოს წევრმა,“ – ამბობს დიმიტრი დარჩია. საკრებულოს იურისტის, სულიკო შვენთიძის შეფასებით, კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონდა, რადგან თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს წევრს უფლებამოსილება მხოლოდ მაშინ უჩერდება, თუკი სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს და პატიმრობას შეუფარდებს.

შვებულების პრინციპზე აკეთებს აქცენტს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“. „კონკრეტული ჩანაწერი არ არსებობს, კანონიერია ეს შემთხვევა თუ არა, მაგრამ საკანონდმებლო მოცემულობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვერ ვიტყვით, რომ ამის უფლებამოსილება საკრებულოს წევრს არ ჰქონდა. შვებულება ნიშნავს იმას, რომ დასაქმებული ვერ ახერხებს სამსახურში მისვლას. შესაბამისად, უფლებამოსილება მიჩერდება და არ მერთმევა. გარდა ამისა, საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული შვებულების დროს უფლებამოსილების შეჩერების პირობები არ ვრცელდება თვითმმართველობაში დასაქმებულ პირებზე,“ – განმარტავს ორგანიზაციის იურისტი ნინო სიორიძე.

„პირველად მესმის საკრებულოს წევრის შვებულება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში კოტე კანდელაკი: „საკრებულოს წევრს საერთოდ არ აქვს ხელფასი და არც მის შვებულებას ითვალისწინებს კანონი. შესაბამისად, თუკი ის კომისიის თავმჯდომარეა, სადავო ეს ნაწილი ხდება, თუკი ის კომისიის ან ბიუროს სხდომებში მიიღებს მონაწილეობას“.

16 მარტს, ვიდრე საკრებულო 2 მილიონი ლარის გადარიცხვის საკითხს გადაწყვეტდა, გიორგი კირთაძე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ამბობდა, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება იყო თხოვნა, რეკომენდაცია, რომელიც ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა ბრძანებად მიიღო და ბიუჯეტში ცვლილების პროექტი წარმოადგინა.

1,4 მილიონი ლარი მინისტადიონების შესაკეთებლად ბათუმში

ბათუმში, 40 სპორტული მინისტადიონის კაპიტალური შეკეთებისთვის ბათუმის მერია მაქსიმუმ 1 მილიონ 400 ათას ლარს გადაიხდის. საგარანტიო პერიოდი 2 წელი უნდა იყოს სამუშაოების დასრულებიდან. სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან [ან კომპანიებთან] ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის პირველ სექტემბრამდე პერიოდში უნდა განხორციელდეს.

მინი სტადიონი
მინისტადიონი გენ. ა. აბაშიძის ქუჩის მიმდებარედ

ბათუმის მერიამ შესაბამისი სამი ტენდერი უკვე გამოაცხადა, ერთი და იმავე პირობებით. სატენდერო კომისიის მოთხოვნაა, რომ „ყველა გამოყენებული მასალა იყოს მაღალხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. ყველა მასალა, მოწყობილობა, საკომპლექტო ნაწილი, სამარაგო საგანი, მოწოდებული კონტრაქტის ფარგლებში, უნდა იყოს ახალი, უხმარი, სტანდარტული, მაღალი ხარისხის, საუკეთესო დონეზე დაპროექტებული და დამზადებული. უხარისხო ან დაბალი ხარისხის მასალები, მოწყობილობები და საკომპლექტო ნაწილები არ მიიღება და მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“.

ტენდერის პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში (2013, 2014, 2015) და 2016 წლის პირველ აპრილამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალის წინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

2015 წელს მინისტადიონებს ბათუმის მერიის ორგანიზაცია ა(ა)იპ „ბათუმის კორპუსი“ არემონტებდა [და არა უშუალოდ მერია; თუმცა „ბათუმის კორპუსი“ ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება]. „ბათუმელებს“ მაშინ ორგანიზაციაში განუცხადეს, რომ „93 სტადიონი გვაქვს აღწერილი. აქედან 80% შესაკეთებელია… უმეტესობა არის არასტანდარტული და შესაცვლელია, რაც ბევრ თანხასთანაა დაკავშირებული. ყველა სტადიონი რომ შევაკეთოთ, მინიმუმ 6 მილიონი მაინც დასჭირდება. მაგალითად, შვიდი პატარა სტადიონი რომ შევაკეთეთ, 200 000 ლარი დაჯდა, თითოეული მათგანი საშუალოდ 30 000 ლარი. მოზრდილ მოედანს კი 60 000 ლარი დასჭირდება“.

„ბათუმელებს“ მერიის სატენდერო კომისიაში უთხრეს, რომ 2015 წელს იყო უბრალოდ შეკეთება-მოწყობა, ამჯერად კი სტადიონები კაპიტალურად გარემონტდება. ბათუმის მერიის ინფორმაციით, მინისტადიონების შეკეთებას მიმდინარე წელსაც „ბათუმის კორპუსი“ აგრძელებდა. თუ რის საფუძველზე,- ამ კითხვაზე მერიისგან, ვერც „ბათუმის კორპუსისგან“, პასუხი ვერ მივიღეთ.

მერიის მიერ გამოცხადებულ სამივე ტენდერში წინადადებების მიღება 2016 წლის 12 აპრილს შეწყდება, რის შემდეგაც კომისია გამარჯვებულებს გამოავლენს.

მინი სტადიონი
მინისტადიონი გენ. ა. აბაშიძის ქუჩის N5-ის მიმდებარედ

მინისტადიონებს შემდეგ მისამართებზე შეაკეთებენ:

 

პირველი ტენდერი:

 

აბუსერიძის ქუჩა #1/3

აღმაშენებლის ქუჩა #12/16

გენერალ ასლან აბაშიძის #17

დიდაჭარის ქუჩა #35

ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, XV ჩიხის #1

გოგოლის ქუჩა #11

გუდიაშვილის ქუჩა #18/20

ჯავახიშვილის ქუჩა #78ა

ჯავახიშვილის ქუჩა #67/73

ლერმონტოვის ქუჩა #104/106

ლორიას ქუჩა #2/4 და პუშკუნის ქუჩა #172/174

ნაჭყებიას ქუჩა #1

 

მეორე ტენდერი:

 

აფხაზეთის ქუჩა

კაზინეცის ქუჩა #13

მაიაკოვსკის ქუჩა #3ა

ალ. ჩხაიძისა და შავშეთის ქუჩების კვეთა

მაიაკოვსკის ქუჩა #55/23

ქათამაძის ქუჩა #42

თამარის დასახლება #23

თამარის დასახლება #26

 

მესამე ტენდერი:

 

26 მაისის ქუჩა #13

აბუსერიძის ქუჩა #21

აბუსერიძის ქუჩა #25

ბაგრატიონის ქუჩა #196

გორგილაძის ქუჩა #54/62

ჯავახიშვილის ქუჩა #47/49

ჯავახიშვილის ქუჩა #51

ჯავახიშვილის ქუჩა #72

ლერმონტოვის ქუჩა #88

მელიქიშვილის ქუჩა #110

ს. მესხის ქუჩა #40/42

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა #94

ტაბიძის ქუჩა #1/3

ტაბიძის ქუჩა #19/21

ტაბიძის ქუჩა #31/33/35

ტაბიძის ქუჩა #7

ტაბიძის ქუჩა #19ა

ხელვაჩაურის დასახლებაში საავადმყოფოს მიმდებარედ

ხიმშიაშვილის ქუჩა #25

ხიმშიაშვილის ქუჩა #43/45

 

ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე

24 მარტს ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება იმ თარიღის აღსანიშნავად, როდესაც ნობელის პრემიის ლაურეატმა, გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის გამომწვევი მიკობაქტერია აღმოაჩინა 1882 წელს.

2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად, სლოგანით – „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად 24 მარტს ბათუმში სხვადასხვა ღონისძიებები აქვს ჩანიშნული:

11:00  საათზე ბათუმის N2 საჯარო სკოლაში გაიმართება შეხვედრა, სადაც მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეები მოისმენენ  ინფორმაციას ტუბერკულოზის გავრცელების,  მკურნალობისა და პრევენციის შესახებ.

14:00 საათზე კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექცია თემაზე: – ,,ტუბერკულოზი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის განსაკუთრებული პრობლემა“

მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება. საქართველომ შეიმუშავა ტუბერკულოზის კონტროლის ახალი სტრატეგია, რომელიც 2016-2020 წლებისთვის განსაზღვრავს ტუბერკულოზის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში  ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში გახორციელებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა  დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად – პაციენტთა ფულადი წახალისების სქემის თანადაფინანსებასაც უნზრუნველყოფს;

2015 წლიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მიმდინარეობს ახალი რეჟიმების მიხედვით [ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული გაიდლაინების მოთხოვნათა დაცვით];

ქვეყანაში პროგრამულად ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტი – ბედაქილინი [აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გლობალური დონაციის პროგრამით];

2015 წელს, ქვეყანამ საბიუჯეტო სახსრებით პირველად  შეიძინა ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტები;

ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის და რეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფი სადიაგნოს­ტი­კო საშუალება ჯინ ექსპერტ-აპარატურა, რომელიც გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი“ – აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საცხოვრებელი კორპუსის ეზოები ბათუმში, სადაც ასფალტის საფარი მოეწყობა

ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმში, 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოებში, ასფალტის საფარსა და ბორდიურებს მოაწყობს. ორგანიზაცია სამუშაოებში ჯამში, მაქსიმუმ 1 მილიონ 227 ათას 300 ლარის გადახდას აპირებს.

ეზოები რომლებიც უნდა მოასფალტდეს ბათუმში

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, უნდა მოასფალტდეს სულ 29 470 კვ/მ ტერიტორია და მოეწყოს 2 425 გრძ/მ ბორდიური.

ბორდიურის ნიმუში

შესაბამისი ტენდერი „ბათუმის კორპუსმა“ უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 8 აპრილს დაიწყება და 13 აპრილს დასრულდება. სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.

„ბათუმის კორპუსი“ ბათუმის მერიის ა[ა]იპ-ია, რომელიც ქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სოციალურ სახლში ბინის მიღების შემდეგ შეწყვეტილი შემწეობა

სოციალური დახმარება გიული დავითაძეს და ბადრი მგელაძეს მას შემდეგ შეუწყვიტეს, რაც ოჯახი თამარის დასახლებაში, ე.წ. ეკომიგრანტების სახლში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ახლაც თითქმის ცარიელია, მდგომარეობა სოციალურმა აგენტმა დამაკმაყოფილებლად შეაფასა და ოჯახს სოციალური დახმარების მიღება შეუწყდა.

IMG_0028
გიული დავითაძე საკუთარ ბინაში

„გასული წლის ზაფხულში შემოვედით ამ ბინაში. მოვიდა სოციალური აგენტი, რა დაწერა არ ვიცი, მაგრამ მას შემდეგ სოციალური დახმარება არ მიგვიღია,“ – გვიყვება გიული დავითაძე.  როგორც გიული ამბობს, მას  სოციალური მომსახურების სააგენტოში განუმარტეს, რომ დახმარება ბინის მიღების გამო შეუწყდა: „ახალი ბინა გაქვთ და გამოიყენეთ, დახმარება აღარ გეკუთვნითო, ასე მიპასუხეს სააგენტოში“.

გიული დავითაძემ სოციალური სახლის მე-6 სართულზე ბინა მიიღო არა როგორც ეკომიგრანტმა, არამედ როგორც მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახმა. ამას ადასტურებს სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა სააგენტოს დირექტორი, თემურ ქარცივაძე გამორიცხავს დახმარების შეწყვეტას ბინის მიღების გამო: „ამ ოჯახის მიერ შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ მათ აქვთ ყოველთვიური შემოსავალი – 1200 ლარი. დეკლარაციას ხელს აწერს გიული დავითაძე,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თემურ ქარცივაძემ. ის ადასტურებს იმასაც, რომ დეკლარაციის მიხედვით, ოჯახში არავინ მუშაობს. საიდან შეიძლება ჰქონდეს უმუშევარ ადამიანებს 1200 ლარი შემოსავალი ყოველთვიურად სოციალური სახლის მე-6 სართულზე? – ამ კითხვას თემურ ქარცივაძემ ასე უპასუხა: „ამის გარკვევა ჩვენი საქმე არ არის, აგენტს ამის ვალდებულება არ აქვს. დეკლარაციაში ჩანს, რომ ოჯახს აქვს მიწის ნაკვეთიც“

გიული დავითაძე კი ამბობს, რომ ჩვენგან გაიგო დეკლარაციაში დაფიქსირებული 1200 ლარის შემოსავლის შესახებ და არც მიწის ნაკვეთი აქვთ. „მიწა დედამთილის ოჯახს ჰქონდა, სადაც წლების განმავლობაში ერთად ვცხოვრობდით“. ოჯახმა სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთხელ მიმართა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ოჯახის მდგომარეობა უკვე შესწავლილია. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გიული დავითაძეს ისევ შეხვდებიან და შემდეგ ექნებათ პასუხი, შეივსება თუ არა დეკლარაცია ხელახლა.

გიული დავითაძე „ბათუმელებს“ გასულ კვირას დაუკავშირდა და უთხრა, რომ მეუღლის საავადმყოფოდან გამოყვანის ფინანსური საშუალება არ ჰქონდა.

„170 ლარი გადავიხადე საავადმყოფოში, რადგან საყოველთაო ჯანდაცვა სრულად არ ფარავს მომსახურებას. ახლა შვილი მყავს საოპერაციო, თვალები სტკივა,“ – ამბობს გიული დავითაძე. გიულის გოგო 6 წლისაა და თამარის დასახლებიდან მახინჯაურის საბავშვო ბაღში დადის, რადგან მახლობლად მდებარე ბაღში თავისუფალი ადგილი აღარ იყო. ბადრისა და გიულის მეორე შვილი 4 წლის ბიჭია. თამარის დასახლების საბავშვო ბაღში არც მისთვის აღმოჩნდა ადგილი.

IMG_0029
ბადრი მგელაძე

ციხისძირიდან ხეს დღეს გადაიტანენ [ფოტო]

კომპანია „ზიმო“ – ს წარმომადგენლის ირაკლი შანავას განცხადებით, ერთ ძირ ხეს ციხისძირის სანაპიროდან დღეს გადაიტანენ შეკვეთილში [ოზურგეთის მუნიციპალიტეტი]. ხეს ბარჟათი [სპეციალური მცურავი საშუალებით] გადაიტანენ.

_MG_4088
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი
ხის გადატანა ციხისძირიდან/ ფოტო: ქრისტინე ჩხარტიშვილი

ამავე თემაზე:

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა
ხეების გადასატანად ციხისძირში ნავმისადგომი კეთდება [ფოტო]
სამინისტრო: მიწის ნაკვეთზე, საიდანაც ხეები გადააქვთ, სასტუმრო არ აშენდება
არჩილ ხაბაძის ბრძანება ივანიშვილისთვის ხეების გადასაცემად
ივანიშვილის პარკში გადასატანი ხეების ამოთხრა დაიწყო [ფოტო, ვიდეო]

ბრიტანული თეატრი ბათუმში სპექტაკლით – „ინსტიტუტი“

ბათუმში ვიზიტით იმყოფება ბრიტანული თეატრალური კომპანიის ,,GECKO“-ს  ტექნიკური რეჟისორი ნეითან ჯონსონი. წელს, ბათუმში, კომპანია თეატრალურ გასტროლს გეგმავს, წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი – „ინსტიტუტი“. რეჟისორი დღეს ბათუმის მუსიკალური ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას გაეცნო და გასტროლისათვის საჭირო ტექნიკური დეტალები შეათანხმა.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეჟისორი ნეითან ჯონსონი, მინისტრის მოადგილეს ნათია სირაბიძესაც შეხვდება.

„კრიტიკოსების მიერ აღიარებული ფიზიკური თეატრის საცეკვაო დასი „Gecko“ 2001 წელს დაარსდა დიდ ბრიტანეთში. 2001 წლიდან დღემდე კომპანიამ  7 წარმოდგენა შექმნა, რომლებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად როგორც დიდ ბრიტანეთში, ასევე  არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე ევროპასა თუ აზიაში“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სამინისტროში მიიჩნევენ, რომ „ამ პროექტის მეშვეობით   ქართველი  მაყურებელი   თანამედროვე   ბრიტანული   თეატრის    ასპექტებს გაეცნობა,   ხოლო   ქართველი   მსახიობები   და   რეჟისორები თანამედროვე ბრიტანული თეატრისა და დრამატურგიის მიმდინარეობებს, „რაც საბოლოოდ, სწორედ საშემსრულებლო ხელოვნების წარმომადგენელთა პროფესიული დონის ამაღლებას და საერთო  შემოქმედებითი  პროცესების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“.

„2013 წელს ბრიტანული კომპანია ,,Gecko“ სპექტაკლით ,,დაკარგულნი“ წარმოდგენილი იყო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და „ქართველი მაყურებლისა და თეატრალური კრიტიკოსების ერთსულოვანი აღფრთოვანება დაიმსახურა.

,,Gecko“ ცნობილია განუმეორებელი სამყაროს წარმოქმნის უნარით, თავისი დახვეწილი სასცენო ხელოვნებისა და სულისშემკვრელი ქორეოგრაფიით. ,,ინსტიტუტში“ გამოყენებულია მოძრაობა, გამოსახულება და სხვადასხვა ქორეოგრაფიული სტილი ადამიანის ქცევის სირთულის, კომპლექსურობის უფრო ღრმად შესასწავლად.  ვიზუალურად შთამბეჭდავი წარმოდგენა ამავდროულად უკიდურესად ინტიმური და იდუმალი, თუმცა ამასთანავე და ხშირად ძალიან სასაცილოც. პროექტი წარმოგვიდგენს  ანალიზს, თუ როგორ ვზრუნავთ ერთმანეთისა და საკუთარი თავისთვის“ – ნათქვამია სამინისტროს მიერ თეატრალური ჯგუფის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა –  ესაა განვითარების ვექტორი“

თვითმმართველობის რეფორმის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების ჩართულობის მაღალი ხარისხია.

ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში  მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისათვის შექმნილი კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 22 ივლისს მიიღო, სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრებების ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.  ხელისუფლება მიიჩნევს, რომ საერთო კრება დასახლებისა და მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და ამ ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობას უზრუნველყოფს.

დასახლების მცხოვრებლებს საერთო კრებებზე შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა მათ გადაწყვეტაში. კანონში გაიწერა ის პროცედურები, რომლითაც ხდება საერთო კრების მოწვევა და მის მიერ ხელმძღვანელის – რჩეულის არჩევა.

არსებული პრაქტიკით, რომელსაც კვლევები აჩვენებს, სოფლის კრებები, უმეტეს შემთხვევაში, სოფლის დახმარების პროექტების პრიორიტეტების დასადგენად ტარდება. კრებების შედეგების შესახებ სხვადასხვა სოფლის მოსახლეობას სხვადასხვა გამოცდილება აქვს.

“უმეტესი ნაწილის აზრით, სოფლის კრებები “საჭიროებების შესაფასებლად, პრიორიტეტების განსასაზღვრად” ტარდება, თუმცა ფორმალურად, რადგან მოსახლეობამ არ იცის, როგორ დააყენოს საკითხი. გადაწყვეტილების მიღება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ერთპიროვნულად, რასაც ფორმალურად ესწრებიან თემის წარმომადგენლები.

სოფლის წარმომადგენელთა უმეტესობა არ არის ინფორმირებული, კონკრეტულად რამდენი და რა აქტივობის განსახორციელებლად იხარჯება სოფლის განვითარების პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები. თვლიან, რომ საქმე, რომელიც ამ ფულით გაკეთდა, უხარისხოა და არ ღირს იმდენი, რამდენიც დაიხარჯა. ის, რომ პროექტების დეტალური ბიუჯეტი მოსახლეობისთვის უცნობია, უნდობლობის საფუძველი ხდება, რასაც სხვადასხვა მაგალითებიც ამყარებს”, – აღნიშნულია ფონდის  “ღია საზოგადოება – საქართველოს” მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს იკვლევენ, მიიჩნევენ, რომ არსებული მდგომარეობის შესაცვლელად, პირველ რიგში, ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კომუნიკაცია უნდა შედგეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ნდობა უნდა დაიბრუნოს და ერთობლივ რეჟიმში დაიწყოს ადგილზე საკითხების გადაწყვეტა.

თუმცა, მთავრობის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ პირველ ეტაპზე, ყველა სოფელში დემოკრატიის დამყარება წარმოუდგენელია.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი ამბობს, რომ უკვე მიღებულია კანონქვემდებარე აქტები მუნიციპალიტეტებში, რომელიც მრჩეველთა საბჭოებისა და სოფლის საერთო კრებების მოწვევის საკითხებს არეგულირებს; ჯერი ახლა საზოგადოებაზეა:

“კანონში შევიდა მთელი რიგი ცვლილებები, რომელმაც მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები განსაზღვრა. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებთან დაკავშირებით უკვე მიიღეს მუნიციპალიტეტებმა ეს აქტები და ეს  საბჭოები თითქმის ყველგან არის შექმნილი. ასევე, ნოემბერ-დეკემბერში აქვთ მიღებული სოფლის საერთო კრებების დებულებები. ახლა უკვე არსებობს სრული სამართლებრივი საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში სოფლის კრებებიც გააქტიურდეს.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოებმა საკმაოდ აქტიურად დაიწყეს მუშაობა, განსაკუთრებით ბიუჯეტის დაგეგმვის დროს. ანალოგიური ვითარება იქნება, როცა სოფლის კრებები ჩამოყალიბდება.

კანონში არსებული ნორმების ამოქმედება ძალიან საშური საქმეა და ამაში სამოქალაქო საზოგადოების როლი განუსაზღვრელია. ამას ცენტრალური, აღმასრულებელი ხელისუფლება ვერ გააკეთებს, რომ მოქალაქეთა აქტიურობას, საინიციატივო ჯგუფების წარმოჩენას შეუწყოს ხელი. სამოქალაქო სექტორმა უნდა იაქტიუროს, განსაკუთრებით რეგიონებში.

ახლა ვაკეთებთ მოკვლევას, სად რა საინიციატივო ჯგუფები და საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოები შეიქმნა, შევქმნით ბაზას და უახლოეს მომავალში მოქალაქეთა ინფორმირებისთვის დამატებით ძალისხმევას მივმართავთ.

სოფლის კრებების წელსვე ამოქმედება ყველგან სავალდებულო  არ იქნება. გვესმის, რომ 3600-ვე სოფელში ეს ერთიანად ვერ გახორციელდება. ვერც ერთი მთავრობა და სამინისტრო ვერ დაამყარებს დემოკრატიას საქართველოს 3600-ვე სოფელში ერთი ხელის მოქნევით. ამისთვის არსებობს ადგილებზე სამოქალაქო საზოგადოება, ჰყავთ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომ ყველას, მათ შორის მუნიციპალიტეტების წინაშე დასვან მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

სახელმწიფო ქმნის საკანონმდებლო ჩარჩოებს და გარკვეულ ღონისძიებებს ატარებს მოქალაქეთა ინფორმირებისთვის, დანარჩენი უკვე საზოგადოების გადასაწყვეტია.

წელს თუ ამ კრებების შეკრება და ამოქმედება სავალდებულო არ არის, გაისად სავალდებულო იქნება”, – აღნიშნავს შერგელაშვილი.

“საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, ევროპის საბჭოს ადგილობრივი თვითმმართველობის ქარტიის დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი დავით მელუა ამბობს, რომ რადგან ძალიან ბევრ მუნიციპალიტეტში ჭირს მოსახლეობის მობილიზება და სასოფლო კრებებზე გამოყვანა, ამ პროცესისთვის არა ფორმალური, არამედ, რეალური სახის მიცემა გაჭირდება:

“ამ მხრივ, შესაძლებელია, იყოს მნიშვნელოვანი სირთულეები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად ინიციატივიანი იქნება მუნიციპალიტეტი – რადგან არ კეთდება, თავს დაანებებს, თუ მაინც ბოლომდე შეეცდება, სადაც შესაძლებელია, რეალურად ჩაატაროს სასოფლო კრებები. რეალურად, ინფორმირებული არჩევნის გაკეთების შესაძლებლობას მისცემს ხალხს, თუ,  წინასწარ ეცოდინებათ, ვინ იქნება არჩეული. კონკურენტულ პირობებში უნდა მოხდეს რჩეულის არჩევა და შემდეგ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სურვილი, მას რეალურად მოსთხოვოს, თუ რა საკითხები დააყენა მან ადგილობრივ თვითმმართველობაში და რა გააკეთა აქედან, რა ვერ გადაიჭრა და რატომ. სადაც ასეთი კრებები შეიქმნება, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილობრივი დემოკრატიის პირველი ჩანასახი იქნება. თუმცა, მე ოპტიმისტი არ ვარ და არ მიმაჩნია შესაძლებლად, რომ წელსვე ყველა ერთეულში ასეთი კრებები შეიქმნას”, – აღნიშნავს მელუა.

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის რეალური ძალაუფლების მინიჭებაა:

“მოქალაქეთა მონაწილეობა ოლიმპიური თამაშები არ არის, მხოლოდ მონაწილეობა რომ იყოს მნიშვნელოვანი; მთავარი შედეგია. როცა ადამიანი საკითხს წამოწევს ხელისუფლების წინაშე, მიიღებს მონაწილეობას ამ საკითხის განხილვაში, დაესწრება რამდენიმე შეხვედრას, მაგრამ საკითხის გადაჭრა წინ არ წაიწევს და პრობლემა პრობლემად დარჩება, ეს ადამიანი მეორედ აღარ ჩაერთვება ასეთ პროცესში. ჩათვლის, რომ ეს ფუჭი გარჯაა. ამიტომ, მონაწილეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროცესის შედეგიანობა. ჩემი რჩევა იქნება _ მას, ვისაც უნდა საკანონმდებლო ნორმა მოქალაქეთა ინსტიტუციური მონაწილეობის შესახებ აამუშაოს, დიდ საკითხებს ნუ შეეჭიდება: შეეცადონ, ძალიან პატარა პრობლემების გადაჭრით დაიწყონ და მოაგვარონ. ეს ადამიანებს მისცემს მოტივაციას, რომ კიდევ მიიღონ მონაწილეობა და სხვა საკითხებიც დააყენონ. კრებებზე თუ ისეთი საკითხები დაისმება, რომლის მოგვარების თავი არც სოფელს აქვს, არც მუნიციპალიტეტს, არც ცენტრალურ ხელისუფლებას, “კრება მხიარული დარჩება” და მეორედ აღარ შეიკრიბება”.

 “რეგიონის განვითარების ცენტრის”  აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სოფრომაძე  ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების, სოფლის კრებების ჩატარების და მოსახლეობის დაინტერესებისთვის, მთავარია, მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ნდობა გაჩნდეს:

“უკუკავშირი უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის, რითაც მოსახლეობას გაუჩნდება ნდობა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მის მიერ დაყენებული საკითხის გადაწყვეტას ცდილობს. ხელისუფლებამაც ბევრი უნდა გააკეთოს, რომ მოსახლეობის ნდობა დაიბრუნოს. პატარ-პატარა ნაბიჯებით და პრეცენდენტებით შექმნას ეს პროცესი. თვითმიზანი მონაწილეობა კი არ არის, მიზანი სოფლის, ქალაქის განვითარებაა; მიზანი გაზიარებული პასუხისმგებლობაა – რაც მეტს ფიქრობს საზოგადოება, აანალიზებს, მით მეტად ვვითარდებით. ეს არის განვითარების ვექტორი.

ვერ ვიტყვი, რომ დღეს ძალიან პასიურია ეს აქტივობა. არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილზე ძალიან ბევრ საკითხს აყენებენ, მიმდინარეობს ადვოკატირების პროცესი,  სურთ ცვლილებები, მაგრამ საბოლოოდ, ეს ჩვევად რომ გადაიქცეს და სპონტანური ხასიათი არ ჰქონდეს, ამას სჭირდება ხელისუფლების ნება, რომ მას ნამდვილად სჭირდება მოსახლეობის მოსაზრებები, დაანახოს ადგილობრივ მოსახლეობას, თუ რამხელა სარგებელია აქედან ქვეყნისთვის.

როცა ადგილობრივი ხელისუფლება ხალხს ეუბნება, რომ მისი რესურსი მწირია და საჭიროა ერთად მოიფიქრონ, თუ როგორ გადაწყვიტონ ესა თუ ის პრობლემა ერთმანეთის  დახმარებით, ამ დროს მოსახლეობის ინფორმირებაც ხდება და პასუხისმგებლობის გადანაწილებაც. ეს პროცესი ისევ და ისევ ხელისუფლების პოზიციების გამყარებისთვის არის ძალიან კარგი”, _ ამბობს სოფრომაძე.

გარდა ამისა, სოფრომაძე ამბობს, რომ სოფლის კრებების შეკრების პროცედურები, რომელიც კანონშია გაწერილი, საკმაოდ რთულია, თუმცა, მოსახლეობის მონდომების შედეგად, გახორციელება შეუძლებელი არ არის:

“თუ კოდექსის იმ თავს ჩავხედავთ, სადაც სოფლის კრებების შეკრებაზეა საუბარი, ნახავთ, რაოდენ რთულია ამის გახორციელება: ჯერ იქმნება საინიციატივო ჯგუფი, შემდეგ ეს ჯგუფი მიდის გამგეობაში, უნდა დაარეგისტრიროს კრების მოწვევა, ასევე ის საკითხებიც, რასაც კრება განიხილავს; შემდეგ უნდა მოხდეს ხელმოწერების შეგროვება და წარდგენა გამგეობაში. კრება ლეგიტიმური რომ იყოს, ამომრჩეველთა 20% უნდა ესწრებოდეს… ჯერჯერობით, არის მცდელობა, რომ სოფლის კრებები იქ ჩატარდეს, სადაც სათემო ან არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმარებიან ამ პროცესს.

გარდა ამისა, პროცედურულადაც ბევრი კითხვა ჩნდება; მაგალითად, სოფლის რამდენიმე საერთო კრების ჩატარება როდის ხდება _ როცა ამომრჩეველთა ერთ 20%-ს ეს საკითხი აინტერესებს, დანარჩენ 20%-ს კი სხვა?!

ყველაფრის კანონში გაწერაც არ არის გამოსავალი; თუ უნდა სოფელს ინიციატივა დააყენოს, ამის უფლება აქვს საინიციატივო ჯგუფსაც და ნებისმიერ მოქალაქესაც.

ამიტომ, პროცესი მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული უნდა იყოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ რესურსი _ დროითი, მატერიალური, ადამიანური _  შეზღუდულია”, _ აღნიშნავს სოფრომაძე და დასძენს, რომ  დღეს ნამდვილად არის მზაობა ხელისუფლების მხრიდან, მოსახლეობა  გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთოს.

ცნობისთვის: კანონის მიღებიდან 7 თვის თავზე, არც ერთი სოფლის მოსახლეობას შეკრების და საკუთარი პრობლემების გადაწყვეტის პროცესში ჩართვის  სურვილი არ გამოუთქვამს, თუმცა, 15 მარტიდან, კრებები საქართველოს რამდენიმე რეგიონში უკვე აქტიურად იკრიბება.

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - ლოგოსტატია მომზადებულია პროექტის –
“თვითმმართველობაში სოფლის მოსახლეობის ჩართვის მხარდაჭერა”.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”.
შინაარსზე პასუხისმგებელია “საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი”.

„ერთადერთი,  რაც იმედს იძლევა, სტუდენტური მოძრაობებია“

ილია ურუშაძე, ბსუ-ს მაგისტრანტი:

სტუდენტური მოძრაობები თსუ-ში [და არამარტო] ხშირად აპროტესტებდნენ რიგ საკითხებს, აყენებდნენ მოთხოვნებს, თუმცა ამჯერად პირველად დაადასტურა სტუდენტთა ეჭვები უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ და აღიარა, რომ უნივერსიტეტში დღემდე მუშაობს ე.წ. „ოდეერი“, რომელთან ახლო ურთიერთობაშიც იმყოფება თსუ-ს უნივერსიტეტის კანცლერობის კანდიდატი [გიორგი გაფრინდაშვილი]. გარდა ამისა, დასტურდება, რომ იგი 2011 წელს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებს, რომლებიც სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კრიტიკული აზრის გამოხატვის გამო, ხელს აფარებდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში. არსებობს ვიდეოკადრებიც ამის დასადასტურებლად. ამიტომ არც არავის გაუკვირდება, რომ უპირველესი მოთხოვნა გახდა უნივერსიტეტის გათავისუფლება გარე ძალების გავლენებისა და ჩარევებისგან, რაც ამ ეტაპზე იქ შეკრებილი სტუდენტებისთვის, იმ პიროვნების [გიორგი გაფრინდაშვილი] კანცლერობის კანდიდატურის მოხსნით უნდა დაიწყოს, რომელიც საფუძვლიანი ეჭვებით თავად თანამშრომლობდა გარე ძალებთან, სტუდენტთა ინტერესებისა და უნივერსიტეტის იდეის სრული უგულებელყოფით.

სტუდენტების პროტესტის გაძლიერებას, სამწუხაროდ, მოყვა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ჩარევის მცდელობა, რაც განსაკუთრებით მწვავედ აღიქვა ყველა სტუდენტმა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის ოჯახში შსს-ს თანამშრომლები მივიდნენ და ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს, რასაც ვერაფერს დავარქმევ თუ არა დაშინების მცდელობას. შემდგომ კი სრულიად არასერიოზული კომენტარები გააკეთა შსს-მ ამ საკითხზე. მე ვიტყოდი, ეს იყო ერთ-ერთი ბოლო წვეთი, რომელმაც ემოციური ფონი შექმნა იმისათვის, რომ ამ პრობლემების გარშემო, რომელიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტში სახელი-გვარების გამოკლებით იდენტურად დგას, თსუ-ს გარდა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც გამოვსულიყავით.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პოლიცია სტუდენტებს თსუ-ს უნივერსიტეტის შენობაში ჯერ შესვლას და შემდგომ გადაადგილებას უზღუდავდა. მაშინ, როდესაც არ იდგა პოლიციელთა მობილიზების საჭიროება. როგორც ჩვენი მეგობრები თსუ-დან ამბობენ, პოლიცია არავის გამოუძახებია უნივერსიტეტის ადმინისტრაციიდან.

ძალოვანები უნივერსიტეტში – ეს ბსუ-ს სტუდენტებისთვის კარგად ნაცნობი, ისტორიული გამოცდილებაა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენები ბსუ-ში დღემდე გამოუძიებელია. სწორედ ამიტომ ხომ არ მივიღეთ ასეთი შედეგი დღეს თსუ-ში?! აუცილებელი არ არის ვიღაც დაზიანებებით მოხვდეს საავადმყოფოში, უნივერსიტეტში პოლიციის ამ ფორმით შესვლა და იქ შეხლა-შემოხლის ფაქტები საგანგაშოა. ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, მე ვიტყოდი, სამარცხვინო წარსულის გამეორებას.

სამწუხაროა, რომ ჩვენს უნივერსიტეტში არც ისე ბევრ სტუდენტს და არც ერთ ლექტორს გაუჩნდა პროტესტის გამოხატვის სურვილი გასულ პარასკევს. სოლიდარობის აქციაზე ბსუ-ს ეზოში ჩვენ ცოტანი ვიყავით. უნივერსიტეტში არსებული ეს ნიჰილიზმი გარკვეული გარემოებებითაა განპირობებული. შეიძლება ეს შეიცვალოს მეტი დისკუსიით, მეტი მსჯელობით, კომუნიკაციით, გამბედაობით… ამაზე პასუხისმგებლობა იმ სტუდენტებს გვაქვს, რომლებმაც გამოვიარეთ ან ჯერ კიდევ საკუთარ თავში ვებრძვით ნიჰილისტურ განწყობებს.

ჩვენ ერთად უნდა გავიაზროთ სტუდენტობის, უნივერსიტეტის იდეა, განათლების დანიშნულება და დღეს არსებული მდგომარეობა; მეორე მხრივ, ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორები უნდა მიხვდნენ, რომ აკადემიური თანამდებობა, რომელიც ხელობად გაიხადეს, უნივერსიტეტში ბევრად მნიშვნელოვან როლს ანიჭებს მათ, განსაკუთრებით მათ ინტერესებში შედის უნივერსიტეტის ავტონომიურობის მაღალი ხარისხი. მესამე საკითხად კი შეგვიძლია დავსვათ საზოგადოების პასუხისმგებლობის საკითხი: უნივერსიტეტი წარმოადგენს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის სფეროს. ეს არის სივრცე, სადაც ფორმირდება ის მოძრაობები და მსოფლმხედველობა, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ამიტომ უნივერსიტეტზე თავდასხმა არის თავდასხმა სამოქალაქო ბაზისზე. საზოგადოებას ვალდებულება აქვს, დაიცვას ეს სივრცე მსგავსი პირდაპირი და ირიბი „თავდასხმებისგან“, როგორსაც დღეს აქვს ადგილი საქართველოს ყველა უნივერსიტეტში.

ბსუ-ში, 2012 წლამდე, სტუდენტები სახეზეც ვცნობდით ადამიანებს, რომლებსაც სტუდენტის სტატუსი მხოლოდ იმიტომ ჰქონდათ, რომ წარმოადგენდნენ ძალოვან სტრუქტურებს და უნივერსიტეტში „სიტუაციას აკონტროლებდნენ“, ცდილობდნენ განსხვავებული აზრის საწყისშივე ჩაკვლას და სტუდენტების მობილიზებას პარტიულ ღონისძიებებზე დასასწრებად. ახლა, როდესაც ხელისუფლებაში სხვა პარტიაა, მაგისტრანტის სტატუსით დაბრუნებულს მიკვირს იმავე სახეების დანახვა უნივერსიტეტში. მიკვირს ისიც, თუ როგორ მოახერხეს განსხვავებული პოლიტიკური ძალების ინტერესებთან ადაპტირება ძველი საქმიანობის ქვეშ. მაგრამ ფაქტი სახეზეა. ერთადერთი, რაც იმედს იძლევა, ეს არის სტუდენტური მოძრაობები და ის სტუდენტები, ვინც თსუ-ში დღეებია იბრძვიან და ისინი, ვინც მათ სოლიდარობა გამოუცხადეს. ვფიქრობ, ყველას ერთად, კოორდინირებულად, შეგვიძლია დავძრათ პრობლემური საკითხები, თუნდაც შევქმნათ ალტერნატიული საგანმანათლებლო სივრცეები. ეს ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხისმგებლობაა, თუმცა არ ათავისუფლებს არც ლექტორებს, არც რექტორებს, არც ხელისუფლებას და არც დანარჩენ საზოგადოებას იმ პასუხისმგებლობისგან, რომელიც ქვეყანაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეალური თავისუფლებისა და ავტონომიურობის დაცვასა და შენარჩუნებას გულისხმობს.

უნივერსიტეტი სტუდენტებსა და ლექტორებს!

ილია ურუშაძე
ილია ურუშაძე

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესი განახლდა

ციხისძირში ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესის განახლების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ადგლიზე მყოფ მოქალაქეს „ბათუმელები“ ტელეფონით დაუკავშირდა, მისი თქმით დღეს მხოლოდ ერთი ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლები ადგილზე არ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით სპეციალური ბარჟა უკვე ციხისძირის სანაპიროსთან დგას, რომლითაც ხეს დენდროლოგიურ პარკში გადაიტანენ.
სამუშაოებს კომპანია “ზიმო” აწარმოებს.

 ქრისტინე ჩხარტიშვილის ფოტო
ქრისტინე ჩხარტიშვილის ფოტო

ქედაში ექთანი პაციენტებს არ ემსახურება – სამინისტრო ინფორმაციას გადაამოწმებს

22 მარტს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და ქედაში დასაქმებულ ექიმებს შორის შეხვედრაზე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მედპუნქტის ექთანი პირადი უთანხმოების გამო პაციენტებს არ ემსახურება. ქედის გამგებელი აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს კიდევ ერთხელ გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

12422290_981104318651941_1918688202_o

„ექთანს მოსახლეობასთან ცუდი პირადი დამოკიდებულება აქვს, რისთვისაც მასზე დაკისრებულ მოვალეობას არაჯეროვნად ასრულებს. ჩვენ სოფლის მედპუნქტებში ექთნების მუშაობასთან დაკავშირებით მოსახლეობას გამოვიკითხავთ და აღნიშნულ ფაქტსაც კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ“ – აცხადებს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე და დასძენს, რომ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში არსებული საჭიროებები შეისწავლეს და პრობლემების მოსაგვარებლად საჭირო თანხას მომავალი წლის ბიუჯეტში გაითვალისწინებენ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძემ განაცხადა, რომ თემის სამედიცინო ცენტრის მედდებთან დაკავშირებით ვერცერთ შენიშვნას ვერ მიიღებს ფაქტის გადამოწმების გარეშე და ყველა ფაქტს გამოიკვლევენ.

„ჩვენ გვინდა ექიმისა და ექთნის მუშაობით კმაყოფილი იყოს მოსახლეობა, მონიტორინგი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიცდეთ, როგორ მუშაობს თემის სამედიცინო პუნქტები. აჭარა ერთადერთი რეგიონია, სადაც თემის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებს, რაც შეეხება გაჟღერებულ ინფორმაციას, ჩვენ გადავამოწმებთ“ – აცხადებს ლევან გორგილაძე.

ქედის მუნიციპალიტეტში ცხრა ამბულატორია ფუნქციონირებს, სადაც 11 ექიმი მუშაობს.

12422354_981104291985277_393159199_o
შეხვედრა ქედაში ექიმებთან

კომპანია „ორბის“ დირექტორი ასი მუშის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე

სამშენებლო კომპანია „ორბიმ“ ამ დღეებში 100 მუშა დაითხოვა. დათხოვნილების ინფორმაციით, სუსხიანი ზამთრის პირობებში სრული დატვირთვით მუშაობდნენ და შვიდი სართული ააშენეს, ახლა კი კომპანიამ ისინი დაითხოვა და მათ ნაცვლად უკრაინელი სპეციალისტები დაიქირავა. კომპანიის დირექტორის განმარტებით, გადაწყვეტილება ახალ სტანდარტებს და უსაფრთხოების წესების დაცვას უკავშირდება. კომპანიის ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, ცოტა ხნის წინ ამწე ავარიულად წაიქცა.

100-მდე მუშის სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებზე “ბათუმელებმა” კომპანიის დირექტორს, ირაკლი კვერღელიძეს ჰკითხა.

„ობიექტი 39-სართულიანია. არის საკმაოდ რთული კონსტრუქციული გადაწყვეტები. პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდილების კუთხით არის დეფიციტი, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩამოგვეყვანა უკრაინელი სპეციალისტები, რომლებიც იმუშავებენ ქართველ სპეციალისტებთან ერთად. შესაბამისი პრაქტიკის მიღების შემდგომ უკვე ერთობლივად განხორციელდება სამუშაოები. ასე რომ პოზიცია – კომპანიამ თანამშრომლები გაუშვა, სწორი არ არის. მაქვს როტაცია იმის გათვალიწინებით, რომ არის სპეციფიკური სამუშაოები სიმაღლეებზე, რისკის ქვეშ ხომ ვერ დავაყენებ 39-სართულიან კომპლექსს. ამიტომ ჩამოვიყვანეთ სპეციალისტები, რომლებიც მუშაობენ მსგავსი ტიპის პროექტებზე.

წაქცეული ამწე
წაქცეული ამწე

მუშაობის ტემპი რომ არ მაკმაყოფილებდა და ექვსი სართული რომ უნდა ავაშენოთ ერთი თვის განმავლობაში, ამის პრაქტიკა ჩვენს მუშა-მოსამსახურეებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ. არის დისციპლინის მომენტიც, უნდა მივეჩვიოთ დისციპლინირებულ მუშაობას. როდესაც გააფრთხილებ, რომ მობილური ტელეფონი ადგილზე არ უნდა იყოს, სიგარეტი მშენებლობაზე არ უნდა მოწიო, არ უნდა დააგვიანო… სამწუხაროდ, დრო სჭირდება იმას, რომ ჩვენი ჯგუფი ამ დისციპლინას მიეჩვიოს… ამოცანა – თვეში აშენდეს ერთი სართული – რთული ხდება.

ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ვიღაცას პრობლემები შევუქმნათ. გადავდივართ სხვა სტრუქტურაზე და სხვა ტექნოლოგიაზე, რომლის გამოცდილებაც ქართულ ბაზარზე არ არსებობს. ჩემი ინტერესი არის ორი რამ: კომპლექსი აშენდეს სწრაფად და ტექნოლოგიური ციკლის დაცვით და ისე, რომ ხვალისთვის ჟურნალისტებმა ის კითხვა არ დამისვათ, თუკი ქართველი სპეციალისტები ამას ვერ ახორციელებდნენ, უცხოელები რატომ არ მოიწვიეთო. და მეორე – ქართველმა სპეციალისტებმა, რომლებიც ამ პროცესებს დააკვირდებიან და შესაბამის ინფორმაციას მიიღებენ, განახორციელონ მისი ინპლემენტაცია ადგილობრივ მუშებში“ – ამბობს ირაკლი კვერღელიძე.

კომპანია “ორბის” იმ ობიექტზე, საიდანაც მუშები დაითხოვეს, 19 თებერვალს კოშკურა-ამწე წაიქცა. მაშინ არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა ქვაფენილი და აუზის ნაწილი ბათუმის ახალ ბულვარში.

ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით

„ქველმოქმედება პოლიტიკური მიზნებით“ – ამ სათაურით კვლევას ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად აქტუალური ხდება პარტიებისა და პარტიასთან ასოცირებული პირების ფინანსური გამჭვირვალობისა და ხარჯების კანონიერების მონიტორინგის საკითხი. აღნიშნულის რეგულირება უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა თანასწორი საარჩევნო გარემო, კონკურენცია და სტაბილური პოლიტიკური სისტემის არსებობა სახელმწიფოში.

„საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში გამოიკვეთა ახალი პოლიტიკური მოთამაშე – ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც პოლიტიკურ აქტივობებსა და ქველმოქმედებას ორი სხვადასხვა ფონდის მეშვეობით ახორციელებს. ასევე, საინტერესოა პაატა ბურჭულაძის საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებში ხშირად ისმის კითხვა – აპირებს თუ არა ის მომავალ არჩევნებში მონაწილეობას. მართალია, ლეონიდ ჩერნოვეცკისგან განსხვავებით, პაატა ბურჭულაძეს არ განუცხადებია არჩევნებში მონაწილეობის მიზნის შესახებ, თუმცა „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი“ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში აქტიურად არის ჩართული“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სამართლიანი არჩევნები“ განმარტავს, რომ პოლიტიკური და საქველმოქმედო საქმიანობა ერთდროულად საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დაუშვებელია. კერძოდ, თუ პირს არჩევნებში მონაწილეობის მიზანი აქვს, მან ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს და დაექვემდებაროს პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს, ამასთან, უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი სახის საქველმოქმედო საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქველმოქმედება ჩაითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად.

დღეისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიებისთვის დადგენილ ფინანსურ მონიტორინგს ლეონიდ ჩერნოვეცკის მხოლოდ ერთი ფონდი – „გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის“ დაუქვემდებარა, ხოლო მისივე საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მონიტორინგის მიღმაა დარჩენილი. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მონიტორინიგს არ ექვემდებარება არც „პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდი“ და არც მისი საქველმოქმედო საქმიანობა, ვინაიდან მას არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გაცხადებული არ აქვს.

პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების გარდა, არსებობენ პირები (როგორც ფიზიკური ისევე იურიდიული), რომლებიც შესაძლოა არ არიან დარეგისტრირებული პოლიტიკურ პარტიად, თუმცა მათი საქმიანობა შეიცავს პოლიტიკური სუბიექტისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ეს პირები, პოლიტიკური სუბიექტების მსგავსად, აუდიტის სამსახურის ფინანსურ მონიტორინგს ექვემდებარებიან – აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

შს სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

შს სამინისტრო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას არ ასრულებს – საქმე ეხება „გაზეთ ბათუმელების“ საჩივარს შს სამინისტროს წინააღმდეგ, რომელიც ამ უწყების პრემიების გასაჯაროებას უკავშირდებოდა. აღნიშნული საქმის შესახებ ბოლო, უზენაესი სასამართლოს განჩინება „გაზეთ ბათუმელებს“ 2015 წლის 27 ოქტომბერს ჩაბარდა.

ამ განჩინების მიხედვით, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სამინისტროს საჩივარი, რომელიც ითხოვდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას. სარჩელის მიხედვით, შს სამინისტროში მიაჩნდათ, რომ მაღალი თანამდებობის პირების პრემიების შესახებ ინფორმაცია განეკუთვნება პერსონალური ინფორმაციის კატეგორიას. სასამართლომ კი პირიქით, უწყებას ამ ინფორმაციის გასაჯაროება დაავალდებულა.

ამის მიუხედავად, შს სამინისტრომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადააწყვეტილების ნებაყოფილობით აღსრულება არ ისურვა. შესაბამისად, „გაზეთ ბათუმელები“ იძულებული გახდა უწყებისთვის მიემართა სააღსრულებლო ფურცლით. სააღსრულებლო ფურცელი საფოსტო გზავნილის სახით „გაზეთ ბათუმელების“ კანონიერმა წარმომადგენელმა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2016 წლის 11 თებერვალს გაუგზავნა შს სამინისტროს.

დღეს, 22 მარტს „გაზეთი ბათუმელები“ კიდევ ერთხელ დაუკავშირდა შს სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გამცემ სამმართველოს. პასუხი, თუ რატომ ვერ მოხერხდა დღემდე ინფორმაციის მოწოდება „გაზეთმა ბათუმელებმა“ უწყებისგან ვერც ამჯერად მიიღო.

„გაზეთმა ბათუმელებმა“ შს სამინისტროსგან პრემიების შესახებ ინფორმაცია, თანამდებობის პირების სახელებისა და გვარების მითითებით, 2013 წლის ბოლოს გამოითხოვა. ინფორმაციის ვერმიღების შემდეგ, 2014 წლის თებერვალს, რედაქციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ 2015 წლის 27 თებერვალს მოახერხა და “ბათუმელების” საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – დაავალდებულა პრემიების შესახებ ინფორმაციის გაცემა. თუმცა, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, შს სამინისტრომ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, სადაც სამინისტროს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

გასული წლის შემოდგომაზე შს სამინისტროს საჩივრი დასაშვებად არ ცნეს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეებმა – ვასილ როინიშვილის, ლევან მუსერიძისა და მაია ვაჩაძის შემადგენლობით.

მთელი ამ წლების განმავლობაში გაზეთ „ბათუმელების“ ინტერესებს საერთო სასამართლოებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.

მწერალ თამთა მელაშვილის საჯარო ლექცია ბათუმში

ხვალ, 23 მარტს 13 :00 საათზე, მწერალი თამთა მელაშვილი  ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის მოწვევით  წაიკითხავს ლექციას საქართველოში ქალთა ისტორიის წერის შესახებ, საარქივო მუშაობაზე და მასალებზე დაყრდნობით. იგი ისაუბრებს სამი ქალის ისტორიაზე: ეკატერინე გაბაშვილზე, ნინო ტყეშელაშვილსა და ლიდია მეგრელიძეზე.

ქალთა ისტორიის თვე ყოველ წელს აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ თვის აღნიშვნის მიზანი არის ისტორიიდან გამქრალი ქალების, მათი როლის და მიღწევების უკან დაბრუნება და ისტორიაში მათი მნიშვნელობის ხელახალი დამკვიდრება.

ქალთა ისტორიის თვის აღნიშვნა ხელს უწყობს ქალთა წვლილის აღიარებას და წარმოჩენას სხვადასხვა სფეროში: მეცნიერებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საჯარო სამსახურში, ლიტერატურაში, ხელოვნებაში, სპორტსა თუ მედიცინაში.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები უკვე რამდენიმე წელია, მარტში ქალთა ისტორიის თვეს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.

36 წლის მწერალი, თამთა მელაშვილი არის ავტორი წიგნებისა: „გათვლა“ და „აღმოსავლეთით.“ მან გენდერის მაგისტრის ხარისხი მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (2008) და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის ფაკულტეტზე ასწავლის კურსს: „ქალთა ისტორიის შექმნა: თეორიები, მეთოდოლოგიები, არქივები

„გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები“ – ხმაური და დაპირისპირება უნივერსიტეტში

21 მარტს, სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის ღია შეხვედრა, რომელიც სამ საათს გაგრძელდა, ხმაურიანი გამოდგა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეხვედრის მიზანი საუნივერსიტეტო საკითხებზე მსჯელობა იყო. შეხვედრას სტუდენტური მოძრაობა – “აუდიტორია #115”-ის წევრებიც ესწრებოდნენ, სწორედ მათი გამოსვლით დაიწყო დისკუსია და აღინიშნა, რომ ბსუ-ში მიმდინარე ეს პროცესი აუდიტორია #115”-ის მანიფესტის პათოსიდან ამოდიოდა.

პირველი მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა ლაშა ბობოხიძემ მიმართა საზოგადოებას: “მინდა ყველამ იცოდეს დღეს ვინ გვესაუბრება, ეს ის ხალხია, რომლებიც რამდენიმე ხნის წინ მოგვიწოდებდა თვითმმართველობის კაბინეტიდან ხატები გადაგვეყარა”, – განაცხადა მან. ამ მიმართვამ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და მხარდამჭერი სტუდენტების აპლოდისმენტები დაიმსახურა, მოპასუხე მხარემ კი თვითმმართველობას სეკულარიზმზე მიუთითა:

„უნივერსიტეტი სეკულარული სივრცეა და დღესაც ვფიქრობთ, რომ თვითმმართველობის კაბინეტში იმხელა სამლოცველო კუთხე და ხატები არ უნდა იყოს”, – ასე უპასუხა თვითმმართველობას სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრმა გიორგი ბაგრატიონმა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა უნივერისტეტის იდეისგან მოწყვეტაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ პრაქტიკის მიხედვით, უნივერსიტეტი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გავლენის ქვეშაა. ყურადღება გამახვილდა უნივერსიტეტებში “ოდეერის” ინსტიტუტის არსებობაზე. სტუდენტები შეხვედრაზე უნივერსიტეტის ადმნისტრაციის მხრიდან “ოდეერის” არსებობის დადასტურებას მოითხოვდნენ.

საუბარი შეეხო ყოფილ კანცლერს ედიშერ ჩავლეიშვილს და მის ნებაყოფილობით გადადგომას. ერთ-ერთი სტუდენტის მტკიცებით, ვიდრე კანცლერი გადადგომაზე განცხადებას დაწერდა, ერთი-ორი დღით ადრე იგი უნივერსიტეტის ეზოში დემონსტრაციულად ესაუბრებოდა შეიარაღებულ ენრიკო დევაძეს, პირს რომელზეც ამბობენ, რომ იგი ბსუ-ს “ოდეერია“.

დაისვა კითხვა, თუ რატომ აიყვანა თანაშემწედ ახალმა კანცლერმა უკვე ყოფილი კანცლერი და ამით შექმნა ახალი შტატი.

შეხვედრის ამ ნაწილის სადისკუსიო რეჟიმში, ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა აღნიშნა, რომ ის ვერც დაადასტურებს და ვერც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, ასრულებს თუ არა ენრიკო დევაძე უშიშროების სამსახურის დავალებებს, რადგან ის არც უნივერსიტეტის შტატში ფიქსირდება და არც ზეწოლა განხორციელებულა მისი მხრიდან.

რაც შეეხება სტუდენტების შენიშნვნას, რომ ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდება, მან აღნიშნა, რომ არასდროს შეუნიშნავს ენრიკო დევაძე ცეცხლსასროლი იარაღით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

ამ საკითხს გამოეხმაურა ბსუ-ს ლექტორი არმაზ კახიძე, რომელმაც თავდაპირველად რამდენჯერმე გაიმეორა, რომ „ეს პრობლემა აღარ დგას“, ხოლო სტუდენტების რეაქციის შემდეგ სიტყვაზე – “აღარ”, მან აღნიშნა რომ ასე არ უთქვამს და მსგავსი პრობლემა არც არასდროს მდგარა.

საკითხს გამოეხმაურა უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი, ბსუ-ს ლექტორი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გიორგი მასალკინიც, რომელმაც თვითმმართველობის წარმომადგენელ დამსწრე სტუდენტებს მიმართა, რომ მათ უნდა მიეცათ დამსწრეთა პოზიციების გაცნობის საშუალება და ასევე დასძინა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უნივერსიტეტში ყოფნას არ ეწინააღმდეგება იმ შემთხვევაში, თუ მისი ვინაობა ცნობილი იქნება და ის არ ჩაერევა უნივერსიტეტის შიდა პოლიტიკაში. მან ასევე აღნშნა, რომ წინააღმდეგია უნივერსიტეტს ტერტორიაზე ნებისმიერი პირის ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგლებსა.

გიორგი მასალკინი
გიორგი მასალკინი

გიორგი მასალკინმა ასევე გაიხსენა, რომ ედიშერ ჩავლეიშვილს კანცლერობის დროს დაუდგენელ პირთა დავალებით გაჰყავდა სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა მიტინგებზე. მასალკინის თქმით ჩავლეიშვილმა ხელისუფლების შეცვლის შემდგომაც არ აღიარა თუ ვის დავალებას ასრულებდა და ისე დატოვა თანამდებობა. მასალკინმა გაიხსენა ძველი ისტორიაც, როდესაც სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ერთ-ერთ კანდიდატზე “ოდეერის” მხრიდან განხორციელდა ზეწოლა, რის შედეგადაც მან კანდიდატურა მოხსნა. თუმცა, როგორც მასალკინმა აღნიშნა, ეს იყო უნივერსტეტის ძველი გამოცდილება და ახლა ბსუ-ში მხოლოდ პიროვნულ დონეზე დგას თავისუფლების შენარჩუნების საკითხი.

უფრო დაძაბული აღმოჩნდა შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც ბსუ-ს სტუდენტურ თვითმმართველობის საქმიანობის განხილვას მიეძღვნა.

სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომაროს უჩა აბრამიშვილის მმართველი პარტიის მხარდასაჭერ აქტიურობას, როცა 2012 წელს აბრამიშვილი ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაისურში მხარს უჭერდა მაშინდელ მმართველ პარტიას თვითმმართველობის სხვა წევრებთან ერთად.

მომხსენებელ, სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის წევრ თამარ ბაუჟაძეს უჩა აბრამიშვილმა კონტრ-ბრალდებით უპასუხა და აღნიშნა, რომ იმ ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ სწორედ აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის წევრები დიანა და თამარ ბაუჟაძეები.

გარდა ამისა, სტუდენტური თვითმმართველობის წევრმა მინურ პაქსაძემ სანიციატივო ჯგუფის წევრ გიორგი ბაგრატიონს შეახსენა, რომ იგი სწორედ იმ თვითმმართველობის პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს, რომლის გაუქმებასაც დღეს ითხოვს.

თვითმმართველობის წევრების მხრიდან გაისმა ბრალდება გოჩა სურგულაძის [ბსუ-ს ყოფილი სტუდენტი, ამჟამად თსუ-ს მაგისტრანტი, რომელიც მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის წარმომადგენლის სტატუსით ესწრებოდა შეხვედრას] და საინიციატივო ჯგუფის მიმართ, რომ ისინი წლების განმავლობაში „პროვოკაციებისა და კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებდნენ“. უჩა აბრამიშვილი მოუწოდებდა მათ გაეხსენებინათ ერთი ფაქტი, როდესაც სათანანმშრომლოდ, რაიმე ინიციატივით შესულან მის კაბინეტში.

თვითმმართველობის მხარდამჭერებმა სტუდენტურ საინიციატივო ჯგუფს ათეიზმსა და მარქსისტობაში დასდეს ბრალი.

შეხვედრაზე ურთიერთშეურაცხმყოფელი ბრალდებებიც გაჟღერდა. როგორც გოჩა სურგულაძემ საჯაროდ განაცხადა, უჩა აბარამიშვილი აგინებდა მათ, ვისაც ის „ოდეერი“ ჰგონია, რაზეც აბრამიშვილმა უპასუხა, რომ ვინც იმსახურებს, მას შეაგინებს კიდევაც. სტუდენტური თვითმმართველობის წევრი ლაშა ბობოხიძე რამდენიმე სტუდენტს ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. უჩა აბრამიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „შეაკვდება და უნივერსიტეტში მარქსიზმის ბუდეს არ გაახსნევინებს არავის“.

უნივერსიტეტს დაამთავრებთ და მორჩება, მერე სად მიდიხართ, ყველანი უფლის წინაშე უნდა წარვსდგეთ! – ასე მიმართა სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გოგონამ სტუდენტური ინიციატივის ჯგუფის წევრებს.

საბოლოოდ დაპირისპირების განსამუხტად აკადემიური საბჭოს წევრმა გულიკო შერვაშიძემ სტუდენტებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რასაც რექტორიც დაეთანხმა.

შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა მანიფესტი წაიკითხა, რის შემდეგაც ბსუ-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ დემონსტრაციულად დატოვა 55-ე აუდიტორია შეძახილით: „გაუმარჯოს თვითმმართველობას, ძირს ათეისტები!“

შეხვედრის თითქმის სრული ვიდეოჩანაწერი “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა” მოამზადა. იხილეთ ვიდეომასალა:

დღეს მხარეთმცოდნეობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება

დღეს 22 მარტს, 13:00 საათზე, აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაცია  2014 წლის შემოდგომაზე დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 770 000 ლარი დაიხარჯა.

„განხორციელდა შენობის სრული რეაბილიტაცია, დაემატა საექსპოზიციო დარბაზები, ეზოში  აშენდა სამსართულიანი ადმინისტრაციის შენობა, მოწესრიგდა  და  კეთილმოეწყო ეზო. განახლებულ მუზუმში შესაძლებელი გახდა გამოფენილიყო საცავებში არსებული  უნიკალური ექსპონატები და ხელნაწერი წიგნები.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი  1908 წელს დაარსდა, მასწავლებელთა ჯგუფის ინიციატივითა და ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა თაოსნობით, როგორც სასკოლო მუზეუმი.

1912 წლის 15 ოქტომბერს საქალაქო საბჭოს დადგენილებით კი იგი საქალაქო მუზეუმად გადააკეთეს. 1925 წლიდან გადააკეთეს აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. იმავე წელს გადაიტანეს ყოფილ სამხედრო ტაძარში, სადაც იყო 1930 წლამდე. სინესტის გამო ამ ტაძარში ბევრი ექსპონატი გაფუჭდა, ამიტომ 1930 წლის 25 იანვრიდან მუზეუმი ხაზინის შენობაში მოათავსეს.

„ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის  მუზეუმი ერთ-ერთი უძველესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში. აქ დაცულია 180 000-მდე ექსპონატი: უნიკალური ნივთები, კოლექციები, ფოტოები, ხელოვნების ნიმუშები, მუზეუმის ოქროს საგანძურებში თავმოყრილია ასზე მეტი დასახელების ნივთი“.

ხელნაწერთა ფონდში დაცულია 2000-ზე მეტი იშვიათი ხელნაწერი ქართულ, რუსულ, სომხურ, არაბულ, თურქულ, სპარსულ და სხვა ენებზე, მუზეუმის ბიბლიოთეკაში ინახება 63 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. მათ შორის ბევრი ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა.

 

“მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება საერთოდ ბსუ-ში!!!!”

ავტორი: დავით ფარტენაძე, ბსუ-ს სტუდენტი

მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენმა უნივერსიტეტმა ერთხელ მაინც გააკეთოს ადექვატური რეაქცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. უნივერსიტეტს უნდა გამოეთქვა საკუთარი აზრი თსუ-ში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

მე მაქვს ოცნება, რომ სტუდენტთა და ლექტორთა ნიჰილიზმით არ დავღუპავთ საერთო საუნივერსიტეტო საქმეს.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობის წევრები აღარ წავლენ გაეროს მოდელირებაზე ვენაში, სადაც მათზე 5 000 ლარი იხარჯება და აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, არ არის წარმოდგენილი ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება ჩვენ მიერ გადახდილი თანხების მფლანგველი.

მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხებით ვერ მოიწყობს თვითმმართველობა კომფორტს.

მე მაქვს ოცნება, რომ ჩვენ მიერ გადახდილი თანხებით აღარ დაფინანსდება უაზრო ექსკურსიები.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობის ელიტიზმს ბოლო მოეღება.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება პარტიული დანამატი ნებისმიერი მმართველი პარტიისთვის.

მე მაქვს ოცნება, ეკლესიების მშენებლობაზე სტუდენტთა წასხმით აღარ შევქმნით ახალ ჭაღალიძეებს, რომლებიც შემდეგ თავის მოჭრით ვეღარ დაგვემუქრებიან სირიიდან.

მე მაქვს ოცნება, რომ უნივერსიტეტი თანაბრად მოექცევა ყველა აღმსარებლობის სტუდენტს.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა ბექა მაკარაძეს, ჩემს თანატოლს, კარგ ბიჭს, აღარ დაუძახებს ბატონო ბექას.

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობის მიერ გაჩენილი უფსკრული სტუდენტებს შორის ამოიყორება.

მე მაქვს ოცნება, რომ სტუდენტთა უთანასწორობა 0-ს გაუტოლდება!

მე მაქვს ოცნება, რომ საქართველოს აუდიტის სამსახურის დასკვნაში ვერ მოხვდება ის, რომ 22 ათასი ლექციიდან 6 ათასი მოგვპარეს ლექტორებმა.

მე მაქვს ოცნება, რომ ოდეერად მხილებული პირის ნათესავები ვეღარ მიიღებენ აკადემიურ ხარისხს მხოლოდ იმიტომ, რომ ოდეერის ნათესავები არიან!

მე მაქვს ოცნება, რომ ვისწავლო ისეთ უნივერსიტეტში, სადაც ლექტორი ნიშნის სანაცვლოდ თმების გადაპარსვას არ მოსთხოვს სტუდენტებს.

მე მაქვს ოცნება, რომ იგივე ლექტორები არ ჩაერევიან თვითმმართველობის თუ სხვა არჩევნებში და სტუდენტებს ხმას მათთვის სასურველ კანდიდატისთის აღარ მიაცემინებენ.

მე მაქვს ოცნება, რომ ეს ლექტორები ვეღარ ჩაასწორებენ უწყისებს და მაქვს ოცნება, რომ ეს ლექტორები არ შეუქმნიან უთანასწორო პირობებს სტუდენტებს.

მე მაქვს ოცნება, რომ ესეთი ლექტორები აღარ იქნებიან ბსუ-ში!!!!

მე მაქვს ოცნება, რომ თვითმმართველობა აღარ იქნება საერთოდ ბსუ-ში.!!!!

კოტ-დივუარის მოქალაქის დაუსრულებელი საქმე ბათუმის სასამართლოში

კოტ-დივუარის მოქალაქის, ა.მ.-ს საქმის განხილვის გადადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს 21 მარტს კიდევ ერთხელ იმის გამო დასჭირდა, რომ ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომას არც ბრალდებული ესწრებოდა და პროკურატურის ცნობით, მათთვის უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ.

ა.მ.-ს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია განიხილება. პროკურატურა თაღლითობაში ბრალდებულ პირებს დიდი ოდენობით თანხის, 92 ათასი ევროს, მითვისებას ედავება. საქმე უცხო ქვეყნიდან ტკბილეულის შემოტანას უკავშირდება. საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული კოტ-დივუარის მოქალაქეა. პროკურატურისგან ბრალის წარდგენის შემდეგ ა.მ. 9 თვის მანძილზე წინასწარ პატიმრობაშიც იმყოფებოდა, თუმცა მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის დამტკიცება ვერ მოხერხდა. ამავე საქმეზე უკვე სასჯელს იხდის საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც ბრალი აღიარეს. როგორც სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, კოტ-დივუარის მოქალაქე დღემდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მოსამართლე დღევანდელ სხდომაზე დაეთანხმა პროკურორ გიორგი რამიშვილის შუამდგომლობას და ა.მ., როგორც უცხოეთის მოქალაქე, აუცილებელი სახელმწიფო დაცვით ისარგებლებს.

ადვოკატმა რამინ პაპიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის მოუცლელობის გამო ვერ დაესწრო სხდომას და სახელმწიფოსგან დანიშნულ ადვოკატთან ერთად, განაგრძობს ბრალდებულის ინტერესების დაცვას. ადვოკატის ინფორმაციით, ა.მ.-ს ქართველი ცოლი ყავს და თბილისში იმყოფება. „წინასწარ პატიმრობის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მას სასამართლომ აღკვეთის სახით ღონისძიება, ორი ათასი ლარი გირაო შეუფარდა. მას საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს“ – ამბობს რამინ პაპიძე.

რადგან ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება, სასამართლომ გონივრულ ვადაში უნდა განიხილოს საქმე. რა პერიოდს მოიცავს “გონივრული ვადა” – ამას კანონმდებლობა არ აკონკრეტებს. აფრიკის სახელმწიფოს მოქალაქეს ბრალი 2014 წლის შემოდგომაზე წაუყენეს.

ტყის დღე და გამწვანების აქცია ქობულეთში

აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს ინფორმაციით, დღეს 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თიკერში, ქობულეთის სატყეო სააგენტოს,  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსა და სასტუმრო „შერატონის“ წარმომადგენლებმა სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე, აკაციის, ცაცხვის, იაპონური მუხის, ფიჭვის და რცხილის  1000-მდე ნერგი დარგეს.

„21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღედ, 1971 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გამოცხადდა და მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტყის მნიშვნელობის თაობაზე და განადგურებული ტყის აღდგენა“- ნათქვამია დეპარტამენტის ინფორმაციაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ და სსიპ აჭარის სატყეო სააგენტომ ამ დღესთან დაკავშირებით აჭარის სატყეო სააგენტოების (ქობულეთი, ხულო, შუახევი, ქედა,ხელვაჩაური) ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმა გამწვანების აქცია: „დარგავენ კრიპტომერიის, ფიჭვის, მუხის, აკაციის, ცაცხვის, იაპონური მუხის, რცხილის და კედარის, სულ 1350 ძირს ხეს. ამ დღეს დაითესება სპეციალურად მომზადებულ ტერიტორიაზე კედრის ჯიშის თესლი“.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტი, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრას იწყებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების მიზანია გამგეობებისთვის აჭარის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N-25 განკარგულებით დამტკიცებული ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ გაცნობა.
პირველი შეხვედრა გაიმართება 22 მარტს, 11:00 საათზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

სასწრაფოდ იყიდება სასტუმროს ტიპის, ახალგარემონტებული ბინა „ორბი პლაზაში“

სასწრაფოდ იყიდება სასტუმროს  ტიპის, ახალგარემონტებული ბინა „ორბი პლაზაში“, ზღვის ხედით.  აბაზანაში დაგებულია იტალიური  კაფელ-მეტლახი, არის გერმანული შემრევები, იტალიური საშხაპე კაბინა,  ახალი ავეჯი და ტექნიკა. შეყვანილია   ინტერნეტი. სახლი მდებარეობს ახალ  ბულვარში, ევროპარკის წინ, ზღვიდან 50 მეტრში. სახლი უზრუნველყოფილია 24-საათიანი დაცვითა და ვიდეომეთვალყურეობით. მეპატრონის თანხმობის შემთხვევაში ბინას ადმინისტრაცია გააქირავებს მთელი წლის  განმავლობაში.

samaklero.ge

5a

ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მანიფესტი

21 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართა საჯარო შეხვედრა სტუდენტებს, ლექტორ-მასწავლებლებსა და უნივერსიტეტის სხვადასხვა წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „აუდიტორია #115“ -ის წევრები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა შეჯამების სახით სტუდენტური მანიფესტი წარმოადგინა, რომლის ტექსტსაც „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ. მანიფესტს არ უერთდება ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი სრულიად ვიზიარებთ მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის მიერ წარმოდგენილ მანიფესტს, რომელიც ითვალისწინებს განათლების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმირებას და მასში სტუდენტების უშუალო მონაწილეობას. მიგვაჩნია რა, რომ ეს პროცესები არ შემოიფარგლება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით, არამედ ის სცდება მის ფარგლებს და ვრცელდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე.

ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემათა ჯაჭვი პირდაპირ კავშირშია დღეს არსებულ განათლების სისტემასთან, რომელიც არ აძლევს უნივერსიტეტს რეალურ ავტონომიას და შესაბამისად ის ვერ იქნება სტუდენტებისა და ლექტორების აკადემიური თავისუფლების გარანტი.

წლების განმავლობაში ეს მანკიერი სისტემა იწვევდა რიგ პრობლემებს, რომლებმაც კიდევ უფრო მეტად ჩაკეტა საუნივერსიტეტო სივცრცე თავისუფალი, კრიტიკული აზრისაგან და ძალოვანი სტრუქტურებისა თუ პარტიული მუშაკების ჩარევით მთლიანად დაუქვემდებარა ის მმართველ პარტიებსა თუ სხვა პრივილეგირებულ პირებს. შესაბამისად, დღეს უნივერსიტეტი იქცა მმართველი ძალების/პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამტარად საზოგადოებაში თუ პოლიტ. ცხოვრებაში.

დღევანდელ შეხვედრაზე წარმოებული პროცესი ცხადყოფს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღემდე არსებობს ზემოთხსენებული პრობლემები და სისტემა კვლავაც განაგრძობს ძალადობას თავისუფალ აზრზე/სივრცეზე. ვფიქრობთ, რომ დღეს განხილული საკითხები მნიშვნელოვანი უნდა იყოს ბსუ-ს სტუდენტებისა და ლექტორებისათვის, საკითხები, რომლებიც დღემდე გამოუძიებელია ან კითხვის ნიშნებს ბადებს. კერძოდ:

1. 2007 წლის 8 ნოემბერს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, მოხდა სპეციალური დანიშნულების რაზმის შეჭრა, რამაც გამოიწვია სასწავლო პროცესის ჩაშლა და მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, რომლებიც სოლიდარობას უცხადებდნენ 7 ნოემბრის აქტივისტებს. ამ დღეს ძალოვანი სტრუქტურების წარმოამდგენლებმა მშვიდობიანი საპროტეტსქტო აქციის მოანწილეები და სხვა სტუდენტები რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბიეს.

2. უნივერსიტეტში ფიქსირდება შეიარაღებული პირი, რომელიც ბადებს გონივრულ ეჭვს, რომ ის არის ე. წ. „ოდეერი“. აღიძრას საქმე უნივერსიტეტში იარაღის ტარების უფლებაზე.

3. თვითმმართველობის პრივილეგირებული პირების მიერ ბიუჯეტის არამიზნობრივი ფლანგვა, არასაგანმანათლებლო, მათ შორის ისეთ ღონისძიებებში, რომლებიც სწორხაზოვნად ეწინააღმდეგება სეკულარიზმის პრინციპს.

ამის გათვალისწინებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მოვითხოვთ, ზემოთაღნიშნული პუნქტების სასწრაფო გამოძებისათვის სპეციალური კომისიის შექმნას და საქმის ობიექტურობისა და გამჭვირვალობისათვის მესამე სექტორის წარმომადგენლების ჩართულობას.

ჩვენი ძირითადი მოთხოვნები გარდა გამოძიებისა არის შემდეგი:

1. მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც უშიშროების საკითხის მოკვლევა, რომელშიც ჩაერთვებიან დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფები;

2. მოხდეს თვითმმართველობის რეფორმირება; ჩვენ მოვითხოვთ ამ პროცესებში ჩართულობას, კომისიის შემადგენლობაში შესვლას, სადაც დაცული იქნება ძალთა ბალანსი მხარეებს შორის;

3. მოხდეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებში ვიდეოთვლებისა და მოსასმენი აპარატების დემონტაჟი, რომელიც ლახავს სტუდენტებისა და ლექტორების უფლებებს;

4. მოხდეს წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოს რეფორმირება;

5. შეიქმნას სტუდენტებისა და ლექტორებისგან დაკომპლექტებული დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც განიხილავს და იმსჯელებს საუნივერსიტეტო სივრცეში არსებულ ყველა იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომლებიც შეეხება უნივერსიტეტს.

წარმოდგენილი მოთხოვნების შესახებ ეფექტური რეაგირება ადმინისტრაციის მხრიდან უნდა მოხდეს „აუდიტორია #115“-ის მიერ შემუშავებული მანიფესტის პარალელურად, საქართველოს განათლების სამინისტროსათვის მიცემულ ვადებში. ჩვენი მოთხოვნების იგნორირების ან არაობიექტური გამოძიების შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფი იტოვებს უფლებას შეუერთდეს სტუდენტთა მასობრივ გაფიცვას“.

ბათუმში ქირავდება [ხანგრძლივად] კეთილმოწყობილი ბინა

ქირავდება (ხანგრძლივად) კეთილმოწყობილი ბინა, უზრუნველყოფილი ავეჯით, ტექნიკით. ფასი: 300  დოლარი.

samaklero.ge

4a

ბათუმის ცენტრში, ზღვიდან 300 მეტრში, იყიდება ბინა

იყიდება 90 კვ.მ ბინა ზღვიდან  300 მეტრში, ქალაქის ცენტრში, ბინა არის ნორმალურ მდგომარეობაში  და ექვემდებარება განახლებას. ბინას  აქვს გამრჭოლი ფანჯრებით, აივანი ეზოს მხარეს. ფასი: 64 000 აშშ დოლარი.

samaklero.ge

3a

 

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინააღმდეგ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოფილი სტუდენტი – მეგი გიორგაძე უსაფუძვლო გამდიდრებაში სდებს ბრალს. მეგიმ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როცა მის ოჯახში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები მივიდნენ და ნივთების გაყიდვა აიძულეს. უნივერსიტეტის ყოფილ სტუდენტს ორი წლის საფასური, 2625 ლარის გადახდა მოუწია, თუმცა მეგის უნივერსიტეტში ორი წელი არ უვლია.

„თუ სტუდენტს უნივერსიტეტში არ უვლია, გადასახადი რისთვის გადაახდევინეთ?“ – ამ შეკითხვით მიმართა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უნივერსიტეტის იურისტს, ლია გაბაიძეს. მან სასამართლოს დაუდასტურა სტუდენტის ნათქვამი იმის შესახებ, რომ მეორე კურსიდან მეგი ლექციებს არ დასწრებია და არც რომელიმე გამოცდაზე გასულა. „მას აქვს საშუალება სწავლას დაუბრუნდეს მეორე კურსიდან“ – უპასუხა მოსამართლეს ლია გაბაიძემ.

„ვიყავი უნივერსიტეტში, მაგრამ სრულყოფილი პასუხი ვერავინ გამცა. ვერც ის გავიგე, რის გამო გადამახდევინეს ფული“ – ამბობს უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი.

მეგი გიორგაძემ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა მეორე კურსიდან, 2008 წელს შეწყვიტა. უნივერსიტეტმა სწავლის ორი წლის საფასურის ამოღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რომელმაც გადაწყვეტილება მეგი გიორგაძის დასწრების გარეშე მიიღო და უნივერსიტეტის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

„როგორც აღმოჩნდა, სასამართლოდან უწყისი უცნობ პირს ჩაბარდა. სასამართლო ექსპერტიზით დადგინდა, რომ მეგის ნაცვლად სხვა პირმა მოაწერა ხელი უწყისის მიღებას. სასამართლო გადაწყვეტილება იძულების წესით აღსრულდა“ – უთხრა „ბათუმელებს“ რამაზ გიორგაძემ, სტუდენტის ადვოკატმა. მეგი გიორგაძის თქმით, მას სწავლის შეწყვეტა ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოუხდა: „ძმა გარდაიცვალა, მერე მუშაობა დავიწყე და სწავლის გაგრძელება აღარც მიცდია. პირველ კურსზე დავდიოდი უნივერსიტეტში და ამ საფასურის ნაწილი გადახდილი მქონდა“.

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. „უნივერსიტეტში მითხრეს, რომ ვერც მეორე კურსიდან შევძლებ სწავლის გაგრძელებას, რადგან სწავლის სისტემა შეიცვალა და კრედიტების რაოდენობა ვერ დაემთხვევა ერთმანეთს“ – უთხრა მოსამართლეს მეგი გიორგაძემ, თუმცა ის მორიგების მცდელობას მაინც დათანხმდა.

რას სთავაზობს თავად სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილ სტუდენტს, უკვე გადახდილი თანხის სანაცვლოდ, ჯერ უცნობია. „ჩვენ გვჭირდება დრო, რომ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია“ – უთხრა სასამართლოს უნივერსიტეტის იურისტმა ლია გაბაიძემ.

 

 

 

დაუნის სინდრომის მქონე პატარები გასართობ ცენტრში

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანმა“ გასართობ ცენტრ „დისნეი ლენდში“ დაუნის სინდრომის მქონე 12 ბავშვს უმასპინძლა. შემდეგ კი, ბავშვები ფონდ „დიაკონიას“ მიერ გამართულ კონცერტზე წაიყვანეს ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში.

„ჩვენი ორგანიზაცია აპირებს შაბათ-კვირას ჩვენს აღსაზრდელებთან ჩართოს ეს პატარებიც სასწავლო პროცესში, სადაც  მათ შეასწავლიან ხატვას და სიმღერას. ჩვენ უნდა დავარღვიოთ დაუნის სინდრომთან დაკავშირებული სტიგმები და უნდა მოხდეს ამ ბავშვების ინტეგრირება საზოგადოებაში“ – გვეუბნება საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი თიკო აბაშიძე.

 

სკოლის მოსწავლეები დაუნის სინდრომის შესახებ

დღეს 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კერძო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებმა „ამერიკულ კუთხეში“ კონფერენცია გამართეს.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა წყაროებიდან მოწოდებული მასალები დაუნის სინდრომის შესახებ და ასევე ისაუბრეს იმ სტერეოტიპებზეც რომელიც საზოგადოებაშია ამ სინდრომთან დაკავშირებით.

მოსწავლეები ადრე დაუნის სინდრომის მქონე  ბავშვებსაც შეხვდნენ, ჩაქვის სარეაბილიტაციო ცენტრში. დღეს კი ისაუბრეს იმ  განმავითარებელ პროგრამებზეც,  რომლითაც  დაუნის სინდრომის მქონე პირები სარგებლობენ.

 

IMG_7445
მოსწავლეთა კონფერენცია „ამერიკულ კუთხეში“

„თემის შერჩევა მოხდა ბავშვების ინიციატივით, ეს დაიგეგმა იანვარში, მეორე სემესტრიდან და მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ პროცესში. თავიანთი ინიციატივით  გააკეთეს გამოკვლევები, დასკვნები  და წარმოადგინეს დღეს“- ამბობს ინგა ჩხაიძე, ბიოლოგიის მასწავლებელი.

მასწავლებლის თქმით, მოსწავლეები დაუნის სინდრომით  საგაკვეთილო მასალის შესწავლის პროცესში დაინტერესდნენ: „ბავშვებმა გადაწყვიტეს, რომ უფრო სიღრმისეულად ჩაწვდომოდნენ ამ საკითხს“.

„ამ კვლევებით ძალიან ბევრი რამ გავიგეთ დაუნის სინდრომის შესახებ, გავიგეთ სარეაბილიტაციო ცენტრის დანიშნულება, დიაგნოსტიკა როგორ ხდება, რაც აქამდე არ ვიცოდით, დამოკიდებულებაც  შეგვეცვალა და უფრო დავაფასეთ „მზის შვილები“, მათი სიყვარული და მათი მეგობრობა, რადგან დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებიც ჩვენნაირები არიან და ვფიქრობ საზოგადოებამაც უნდა მიიღოს ისინი როგორც თანასწორნი“ – გვეუბნება მე-11 კლასის მოსწავლე, მეგი ინაიშვილი.

„გიყვართ კომიქსები? – შემოგვიერთდით“

„გიყვარს კომიქსები? – შემოგვიერთდით“, ამ სლოგანით იმართება შეხვედრა ხვალ, 22 მარტს, 5 საათზე ბათუმის ამერიკულ კუთხეში, სადაც ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე დემიენ უომპლერი ამერიკული კომიქსების შესახებ ისაუბრებს.

შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

გია მასალკინი: „არ ვარ წინააღმდეგი უსაფრთხოების სამსახური იყოს უნივერსიტეტში“

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „რესპუბლიკელმა“ გია მასალკინმა ამ წუთებში ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მიმდინარე დისკუსიის ფარგლებში განაცხადა, რომ ის „თანახმაა უშიშროება იყოს უნივერსიტეტში“. მასალკინის თქმით, „ის [უსაფრთხოების სამსახური] შიდა პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს და ოფიციალურად გაცხადებულად უნდა იყოს.

20160321_160544ბსუ-ში უსაფრთხოების სამსახურის ყოფინის აუცილებლობა გია მასალკინმა ასე დაასაბუთა: „ფიზიკოსები და ქიმიკოსები აქ ლაბორატორიაში რას შექმნით და მერე ვისი დაზვერვა მოვა, რუსეთის თუ ჩინეთის და რას იზამს ეგ ხომ არ ვიცით. ამიტომ უნდა იყოს უშიშროება უნივერსიტეტში. მაგრამ გაცხადებულად უნდა ვიცოდეთ, რომ მას ეხება უშიშროების საკითხები და არ უნდა ერეოდეს შიდა პოლიტიკაში. ასევე დაუშვებელია იარაღით გადაადგილება ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული“.

გია მასალკინს დღევანდელ შეხვედრაზე სხვა რეკომენდაციებიც ჰქონდა სტუდენტებისთვის: „თავისუფლება პიროვნულ დონეზე წყდება, არ უნდა მისცეთ უფლება თქვენი ნების საწინააღმდეგო ქმედებები ჩაგადენინონ. თვითმმართველობას სტუდენტები ირჩევთ, ადექით და აირჩიეთ კარგი თვითმმართველობა. დღეს არ არის იმ ტიპის ზეწოლა რაც წინა ხელისუფლების დროს იყო“.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ინიციატივით ბსუ-ში მიმდინარეობს დისკუსია სახელწოდებით, „რეალური ავტონომია უნივერსიტეტს“.

რა პრობლემები გამოავლინა საერთაშორისო კვლევამ სკოლებში

საერთაშორისო კვლევის მიხედვით, სკოლებში დღეს მუშაობს იმაზე მეტი მასწავლებელი, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. მასწავლებლების უმრავლესობას აქვს ვიწრო სპეციალიზაცია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან და ატარებენ უფრო ნაკლებ დროს სკოლაში. „ჩვენ გვჭირდება საპირისპირო მდგომარეობა. მრავალმხრივი სპეციალობის პედაგოგები, რომლებიც ერთზე მეტი საგნის სწავლებას შეძლებენ, იმუშავებენ სრული დატვირთვით და მიიღებენ კარგ ანაზღაურებას“, – აცხადებს კვლევის ეროვნული კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე. რა სჭირდებათ პედაგოგებს საქართველოში და რა სისტემური პრობლემები აჩვენა კვლევამ?

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ასპექტებს, პირველად ჩატარდა. კვლევა ეხება პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, შეფასებას, უკუკავშირს, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილებას, ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა და კიდევ ბევრ სხვა ფაქტორს. კვლევაში საქართველოს გარდა 35 ქვეყნის ასი ათასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (TALIS) ჩაატარა. საქართველოდან კვლევაში ჩართული იყო 400 სკოლა – აქედან 24 კერძო, ოთხი კი აზერბაიჯანული სკოლაა. კვლევაში მონაწილეობდა საბაზო საფეხურის 2759 და საშუალო საფეხურის 2799 პედაგოგი.

კვლევის ეროვნული კოორდინატორის, ნათია ანდღულაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ კვლევის დროს გამოიკვეთა, არის ის, რომ საქართველოში მასწავლებელთა დიდი ნაწილი (52%) ნახევარგანაკვეთზე მუშაობს. ამ პრობლემით ყველაზე ახლოს ვართ ბრაზილიასთან და მექსიკასთან, სადაც მასწავლებელთა 60 პროცენტი ნახევარგანაკვეთზე სურვილის წინააღმდეგ  მუშაობს. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი – 17 პროცენტი.

„შესაბამისად, ანაზღაურებასაც იღებენ ნახევარს. ამიტომ მასწავლებლები დასაქმების სხვა შესაძლებლობებს ეძებენ, რადგან რესურსი შეზღუდულია, ისინი იწყებენ რეპეტიტორობას. ნაცვლად იმისა, რომ მთელი რესურსით ინტეგრირებულნი იყვნენ სკოლაში“, – ამბობს ნათია ანდღულაძე.

როგორც კვლევა აჩვენებს, ნახევარგანაკვეთზე პედაგოგების მუშაობა იმით არის გამოწვეული, რომ პედაგოგები სკოლაში მუშაობას საპენსიო ასაკშიც აგრძელებენ – მათთვის სოციალური გარანტიები, უბრალოდ, არ არსებობს.

„ხანდაზმული მასწავლებლების წილი ქართულ სკოლებში სხვა ქვეყნებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალია“, – ამბობს ნათია ანდღულაძე. შესაბამისად, სკოლაში აღარ შედიან ახალი პედაგოგები.

კვლევაში მონაწილე თბილისის 82-ე სკოლის დირექტორის, ეკატერინე კვირიკაშვილის თქმით, „დირექტორი ღრმად მოხუცებულსაც კი ვერ ათავისუფლებს სკოლიდან, თუ თავად არ გამოთქვა სურვილი. ესეც იმ შემთხვევაში ხდება, თუ მის ნაცვლად დასაქმდება მისივე ოჯახის წევრი, სხვა შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია“.

ნათია ანდღულაძის თქმით, ახალგაზრდა პედაგოგები სკოლებში, ძირითადად, ინგლისური მასწავლებლების ხარჯზე შემოიყვანეს. „ესეც გამოიწვია კურიკულუმის ცვლილებამ, რადგან სკოლებში ინგლისურის საათების რაოდენობა გაიზარდა“.

ნათია ანდღულაძის შეფასებით, სახელმწიფოს უნდა აინტერესებდეს ჰყავდეს მასწავლებელი, ვისაც რამდენიმე საგანში შეუძლია გაკვეთილის ჩატარება, როგორც ეს უცხოეთის სკოლებშია, სადაც მასწავლებელთა 44 პროცენტი სხვადასხვა საგანს ასწავლის.

ნათია ანდღულაძე. კვლევის ეროვნული კოორდინატორი
ნათია ანდღულაძე. კვლევის ეროვნული კოორდინატორი

ნათია ანდღულაძე: „ნორვეგია უფრო შორს მიდის, იქ ერთ მასწავლებელს მე-9 კლასის ჩათვლით შეუძლია ასწავლოს თითქმის ყველა საგანი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ შუალედური, როცა მასწავლებელს შეეძლება მონათესავე საგნების სწავლება. ვთქვათ, ქიმია-ბიოლოგიის ან მეთამატიკა-ფიზიკის და ა.შ. დღეს არაფერი კეთდება, რომ გადამზადდეს კადრები ამ მიმართულებით, ვისაც უნარი და სურვილი აქვს.“

ამისთვის განათლების სამინისტროს დასჭირდება ახალი პროგრამები, სამოტივაციო პაკეტი მასწავლებლებისთვის. სპეციალისტის თქმით, ამით მოიგებს არა მარტო სახელმწიფო (უფრო ნაკლები მასწავლებელი ეყოლება და დახარჯავს ნაკლებ რესურსს), ასევეპედაგოგიც, რომელსაც მაღალი ანაზღაურება და სოციალური გარანტიები ექნება.

კვლევის ასპექტები მოიცავდა სკოლების ავტონომიურობის საკითხსაც. გამოკითხული პედაგოგების აზრით, სამინისტრო ზედმეტად ზღუდავს პედაგოგებს.

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, კონკრეტული კლასის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით შეარჩიოს ტექსტები. ეს ჩვენს პირობებში რთულია, რადგან მეტისმეტად ბევრს მკარნახობს საგნობრივი სტანდარტი და პროგრამა“, –  ამბობს თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლის მასწავლებელი, ნინო ლომიძე.

პედაგოგ გიორგი ჭაუჭიძის აზრით კი, „დღეს მასწავლებლების მიმართ ტოტალური უნდობლობაა, – განათლების სამინისტრო აკონტროლებს იმასაც კი, თუ რამდენი ნიშანი უნდა დაწეროს მასწავლებელმა ერთ გაკვეთილზე“.

კვლევის მიხედვით, მაღალი ავტონომია აქვთ სკოლებს სინგაპურში, ავსტრალიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. აშშ, კორეა, იაპონია, პოლონეთი, ლატვია, ბულგარეთი და სერბეთი კი საშუალო ავტონომიით სარგებლობენ. ამ ქვეყნებში ავტონომია ერთიანი სასწავლო გეგმისა და შეფასების ერთიანი სისტემით იზღუდება.

„ყველაფერში ავტონომიურობა, ცხადია, კარგი არ არის, მაგრამ ჩვენს სისტემაში პრობლემაა ის, რომ ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს აქვს ერთი და იგივე შეზღუდვა. კარგ მასწავლებელსაც კარნახობს სისტემა რამდენი ნიშანი უნდა დაწეროს თვეში და ნაკლებკვალიფიციურსაც.მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება და სკოლის თავისუფლება უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი შესაძლებლობა აქვს“, – გვეუბნება ნათია ანდღულაძე.

კვლევაში მონაწილე ზოგიერთი პედაგოგი ამბობს, რომ შედარებით მეტი თავისუფლება აქვთ სასწავლო მასალის არჩევისას, რაც ნათია ანდღულაძის აზრით, გადამეტებული შეფასებაა: „არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, რადგან სამინისტრო კარნახობს მასწავლებელს რა უნდა ასწავლოს და რითი იხელმძღვანელოს“.

კვლევაში მონაწილე პედაგოგები პრეტენზიებს გამოთქვამენ ტრენინგებთან დაკავშირებითაც. მათი აზრით, პედაგოგებს უფრო მეტად სჭირდებათ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, ვიდრე თეორიული. ზოგიერთი მათგანი ეჭვის ქვეშ აყენებს ტრენერების კვალიფიკაციასაც.

კვლევის მიხედვით, უცხოელი პედაგოგები უფრო მეტად ინტერესდებიან მულტიკულტურულ გარემოში და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობით, პედაგოგებს საქართველოდან კი ეს საკითხები ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ.

გიწვევთ სამკურნალოდ

მეან-გინეკოლოგი მარინა წერეთელი გიწვევთ სასქესო გზით გადატანილი ინფექციების, საშვილოსნოს  ყელის დაავადებებისა და  კონტრაცეფციის დიაგნოსტიკაზე, პაპ ტესტების მეთოდით.

მის: ბათუმი, ბარათაშვილის #30, საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი, კაბინეტი – 2. მიღება: 10 სთ-დან 14სთ-მდე. მობ.: 597 82 55 07

Exit mobile version