მთავარი,სიახლეები

რა პრობლემები გამოავლინა საერთაშორისო კვლევამ სკოლებში

21.03.2016 • 5716
რა პრობლემები გამოავლინა საერთაშორისო კვლევამ სკოლებში

საერთაშორისო კვლევის მიხედვით, სკოლებში დღეს მუშაობს იმაზე მეტი მასწავლებელი, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. მასწავლებლების უმრავლესობას აქვს ვიწრო სპეციალიზაცია, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან და ატარებენ უფრო ნაკლებ დროს სკოლაში. „ჩვენ გვჭირდება საპირისპირო მდგომარეობა. მრავალმხრივი სპეციალობის პედაგოგები, რომლებიც ერთზე მეტი საგნის სწავლებას შეძლებენ, იმუშავებენ სრული დატვირთვით და მიიღებენ კარგ ანაზღაურებას“, – აცხადებს კვლევის ეროვნული კოორდინატორი, ნათია ანდღულაძე. რა სჭირდებათ პედაგოგებს საქართველოში და რა სისტემური პრობლემები აჩვენა კვლევამ?

სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა, რომელიც კომპლექსურად შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ასპექტებს, პირველად ჩატარდა. კვლევა ეხება პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, შეფასებას, უკუკავშირს, პროფესიითა და სამუშაო ადგილით კმაყოფილებას, ღირებულებებს, დამოკიდებულებებსა და კიდევ ბევრ სხვა ფაქტორს. კვლევაში საქართველოს გარდა 35 ქვეყნის ასი ათასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა.

კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (TALIS) ჩაატარა. საქართველოდან კვლევაში ჩართული იყო 400 სკოლა – აქედან 24 კერძო, ოთხი კი აზერბაიჯანული სკოლაა. კვლევაში მონაწილეობდა საბაზო საფეხურის 2759 და საშუალო საფეხურის 2799 პედაგოგი.

კვლევის ეროვნული კოორდინატორის, ნათია ანდღულაძის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც ამ კვლევის დროს გამოიკვეთა, არის ის, რომ საქართველოში მასწავლებელთა დიდი ნაწილი (52%) ნახევარგანაკვეთზე მუშაობს. ამ პრობლემით ყველაზე ახლოს ვართ ბრაზილიასთან და მექსიკასთან, სადაც მასწავლებელთა 60 პროცენტი ნახევარგანაკვეთზე სურვილის წინააღმდეგ  მუშაობს. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში კი – 17 პროცენტი.

„შესაბამისად, ანაზღაურებასაც იღებენ ნახევარს. ამიტომ მასწავლებლები დასაქმების სხვა შესაძლებლობებს ეძებენ, რადგან რესურსი შეზღუდულია, ისინი იწყებენ რეპეტიტორობას. ნაცვლად იმისა, რომ მთელი რესურსით ინტეგრირებულნი იყვნენ სკოლაში“, – ამბობს ნათია ანდღულაძე.

როგორც კვლევა აჩვენებს, ნახევარგანაკვეთზე პედაგოგების მუშაობა იმით არის გამოწვეული, რომ პედაგოგები სკოლაში მუშაობას საპენსიო ასაკშიც აგრძელებენ – მათთვის სოციალური გარანტიები, უბრალოდ, არ არსებობს.

„ხანდაზმული მასწავლებლების წილი ქართულ სკოლებში სხვა ქვეყნებთან შედარებით, უპრეცედენტოდ მაღალია“, – ამბობს ნათია ანდღულაძე. შესაბამისად, სკოლაში აღარ შედიან ახალი პედაგოგები.

კვლევაში მონაწილე თბილისის 82-ე სკოლის დირექტორის, ეკატერინე კვირიკაშვილის თქმით, „დირექტორი ღრმად მოხუცებულსაც კი ვერ ათავისუფლებს სკოლიდან, თუ თავად არ გამოთქვა სურვილი. ესეც იმ შემთხვევაში ხდება, თუ მის ნაცვლად დასაქმდება მისივე ოჯახის წევრი, სხვა შემთხვევაში კონფლიქტი გარდაუვალია“.

ნათია ანდღულაძის თქმით, ახალგაზრდა პედაგოგები სკოლებში, ძირითადად, ინგლისური მასწავლებლების ხარჯზე შემოიყვანეს. „ესეც გამოიწვია კურიკულუმის ცვლილებამ, რადგან სკოლებში ინგლისურის საათების რაოდენობა გაიზარდა“.

ნათია ანდღულაძის შეფასებით, სახელმწიფოს უნდა აინტერესებდეს ჰყავდეს მასწავლებელი, ვისაც რამდენიმე საგანში შეუძლია გაკვეთილის ჩატარება, როგორც ეს უცხოეთის სკოლებშია, სადაც მასწავლებელთა 44 პროცენტი სხვადასხვა საგანს ასწავლის.

ნათია ანდღულაძე. კვლევის ეროვნული კოორდინატორი

ნათია ანდღულაძე. კვლევის ეროვნული კოორდინატორი

ნათია ანდღულაძე: „ნორვეგია უფრო შორს მიდის, იქ ერთ მასწავლებელს მე-9 კლასის ჩათვლით შეუძლია ასწავლოს თითქმის ყველა საგანი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ შუალედური, როცა მასწავლებელს შეეძლება მონათესავე საგნების სწავლება. ვთქვათ, ქიმია-ბიოლოგიის ან მეთამატიკა-ფიზიკის და ა.შ. დღეს არაფერი კეთდება, რომ გადამზადდეს კადრები ამ მიმართულებით, ვისაც უნარი და სურვილი აქვს.“

ამისთვის განათლების სამინისტროს დასჭირდება ახალი პროგრამები, სამოტივაციო პაკეტი მასწავლებლებისთვის. სპეციალისტის თქმით, ამით მოიგებს არა მარტო სახელმწიფო (უფრო ნაკლები მასწავლებელი ეყოლება და დახარჯავს ნაკლებ რესურსს), ასევეპედაგოგიც, რომელსაც მაღალი ანაზღაურება და სოციალური გარანტიები ექნება.

კვლევის ასპექტები მოიცავდა სკოლების ავტონომიურობის საკითხსაც. გამოკითხული პედაგოგების აზრით, სამინისტრო ზედმეტად ზღუდავს პედაგოგებს.

„მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საშუალება, კონკრეტული კლასის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით შეარჩიოს ტექსტები. ეს ჩვენს პირობებში რთულია, რადგან მეტისმეტად ბევრს მკარნახობს საგნობრივი სტანდარტი და პროგრამა“, –  ამბობს თბილისის ვალდორფის თავისუფალი სკოლის მასწავლებელი, ნინო ლომიძე.

პედაგოგ გიორგი ჭაუჭიძის აზრით კი, „დღეს მასწავლებლების მიმართ ტოტალური უნდობლობაა, – განათლების სამინისტრო აკონტროლებს იმასაც კი, თუ რამდენი ნიშანი უნდა დაწეროს მასწავლებელმა ერთ გაკვეთილზე“.

კვლევის მიხედვით, მაღალი ავტონომია აქვთ სკოლებს სინგაპურში, ავსტრალიაში, ესტონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში. აშშ, კორეა, იაპონია, პოლონეთი, ლატვია, ბულგარეთი და სერბეთი კი საშუალო ავტონომიით სარგებლობენ. ამ ქვეყნებში ავტონომია ერთიანი სასწავლო გეგმისა და შეფასების ერთიანი სისტემით იზღუდება.

„ყველაფერში ავტონომიურობა, ცხადია, კარგი არ არის, მაგრამ ჩვენს სისტემაში პრობლემაა ის, რომ ყველა სკოლას და ყველა მასწავლებელს აქვს ერთი და იგივე შეზღუდვა. კარგ მასწავლებელსაც კარნახობს სისტემა რამდენი ნიშანი უნდა დაწეროს თვეში და ნაკლებკვალიფიციურსაც.მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება და სკოლის თავისუფლება უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ ვის როგორი შესაძლებლობა აქვს“, – გვეუბნება ნათია ანდღულაძე.

კვლევაში მონაწილე ზოგიერთი პედაგოგი ამბობს, რომ შედარებით მეტი თავისუფლება აქვთ სასწავლო მასალის არჩევისას, რაც ნათია ანდღულაძის აზრით, გადამეტებული შეფასებაა: „არ აქვთ თავისუფალი არჩევანი, რადგან სამინისტრო კარნახობს მასწავლებელს რა უნდა ასწავლოს და რითი იხელმძღვანელოს“.

კვლევაში მონაწილე პედაგოგები პრეტენზიებს გამოთქვამენ ტრენინგებთან დაკავშირებითაც. მათი აზრით, პედაგოგებს უფრო მეტად სჭირდებათ პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, ვიდრე თეორიული. ზოგიერთი მათგანი ეჭვის ქვეშ აყენებს ტრენერების კვალიფიკაციასაც.

კვლევის მიხედვით, უცხოელი პედაგოგები უფრო მეტად ინტერესდებიან მულტიკულტურულ გარემოში და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობით, პედაგოგებს საქართველოდან კი ეს საკითხები ყველაზე ნაკლებად აინტერესებთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: