მთავარი,სიახლეები

კოტ-დივუარის მოქალაქის დაუსრულებელი საქმე ბათუმის სასამართლოში

21.03.2016
კოტ-დივუარის მოქალაქის დაუსრულებელი საქმე ბათუმის სასამართლოში

კოტ-დივუარის მოქალაქის, ა.მ.-ს საქმის განხილვის გადადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს 21 მარტს კიდევ ერთხელ იმის გამო დასჭირდა, რომ ბრალდებულის ადვოკატი რამინ პაპიძე სხდომაზე არ გამოცხადდა. სხდომას არც ბრალდებული ესწრებოდა და პროკურატურის ცნობით, მათთვის უცნობია ბრალდებულის ადგილსამყოფლის შესახებ.

ა.მ.-ს საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მესამე წელია განიხილება. პროკურატურა თაღლითობაში ბრალდებულ პირებს დიდი ოდენობით თანხის, 92 ათასი ევროს, მითვისებას ედავება. საქმე უცხო ქვეყნიდან ტკბილეულის შემოტანას უკავშირდება. საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული კოტ-დივუარის მოქალაქეა. პროკურატურისგან ბრალის წარდგენის შემდეგ ა.მ. 9 თვის მანძილზე წინასწარ პატიმრობაშიც იმყოფებოდა, თუმცა მისი ბრალეულობის ან უდანაშაულობის დამტკიცება ვერ მოხერხდა. ამავე საქმეზე უკვე სასჯელს იხდის საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებმაც ბრალი აღიარეს. როგორც სასამართლო სხდომაზე აღინიშნა, კოტ-დივუარის მოქალაქე დღემდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

მოსამართლე დღევანდელ სხდომაზე დაეთანხმა პროკურორ გიორგი რამიშვილის შუამდგომლობას და ა.მ., როგორც უცხოეთის მოქალაქე, აუცილებელი სახელმწიფო დაცვით ისარგებლებს.

ადვოკატმა რამინ პაპიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის მოუცლელობის გამო ვერ დაესწრო სხდომას და სახელმწიფოსგან დანიშნულ ადვოკატთან ერთად, განაგრძობს ბრალდებულის ინტერესების დაცვას. ადვოკატის ინფორმაციით, ა.მ.-ს ქართველი ცოლი ყავს და თბილისში იმყოფება. „წინასწარ პატიმრობის გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე, მას სასამართლომ აღკვეთის სახით ღონისძიება, ორი ათასი ლარი გირაო შეუფარდა. მას საზღვრის დატოვების უფლება არ აქვს“ – ამბობს რამინ პაპიძე.

რადგან ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში აღარ იმყოფება, სასამართლომ გონივრულ ვადაში უნდა განიხილოს საქმე. რა პერიოდს მოიცავს “გონივრული ვადა” – ამას კანონმდებლობა არ აკონკრეტებს. აფრიკის სახელმწიფოს მოქალაქეს ბრალი 2014 წლის შემოდგომაზე წაუყენეს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: