გამოხმაურება რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს განცხადებებზე

„ქართველ მუსლიმთა კავშირი“ პრემიერ-მინისტრთან არსებული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მუსლიმთა კავშირში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მოხელის მხრიდან „არაკორექტული და გაუზრებელი განცხადებები“ დააზარალებს მუსლიმი თემის ნდობას სახელმწიფოს მიმართ და ხელს შეუწყობს მარგინალიზაციას.

საუბარია 6 მაისს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავდნენ და რელიგიის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, არჩილ მეტრეველმა თქვა: „მიზანმიმართულად საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო მართლმადიდებელ თემთან ერთად მუსლიმ თემს ჩაგრავს. რეგიონში არსებული საერთაშორისო კონტექსტის გათვალისიწნებით, ასეთი განცხადება პრაქტიკულად ტერორისტული და რადიკალური ძალების საქართველოში მოწვევაა მუსლიმთა უფლებების დასაცავად, იმ ძალების, რომლებიც ბოლო პერიოდში რეგიონში აქტიურობენ“ .

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლის, არჩილ მეტრეველის თქმით, ამის ადვოკატირებას სამოქალაქო სექტორი არ უნდა აკეთებდეს. შენიშვნა ძირითადად „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრისადმი“ იყო მიმართული, რომლის ხელმძღვანელიც ამ განხილვას ესწრებოდა. თამთა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო სამოქალაქო ორგანიზაციას თავს დაესხა.

„რელიგიის სააგენტოსთვის ღირებულება არის არა ადამიანის უფლებები, არამედ პრობლემის მიჩქმალვა. მათ უნდათ, შექმნან ილუაზია, რომ თითქოს არაფერი ხდება ამ კუთხით. ჩვენ სისტემატურად ვმუშაობთ მუსლიმურ თემზე და ვააქტიურებთ პრობლემებს, ასევე ვაკრიტიკებთ რელიგიის სააგენტოს, რომელიც დაპირისპირების მოსაგვარებლად ეფექტურ ნაბიჯებს არ დგამს და ძირითადად სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის დაფინანსების მენეჯმენტითაა დაკავებული. არჩილ მეტრეველის გუშინდელი განცხადება იყო ჩვენზე თავდასხმა. მმართველ პოლიტიკურ გუნდში არ არის ერთმნიშვნელოვანი ხედვა ამ პრობლემებზე, მაგრამ მნიშვნმელოვანია კონკრეტულად რელიგიის სააგენტო როგორ აღიქვამს მუსლიმთა თემის პრობლემებს“ – ამბობს თამთა მიქელაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლის შეფასებებს იწონებს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.

„ასეთი განცხადებები, რომ მუსლიმთა თემი იჩაგრება, ავიწროვებენ, უფრო მეტ რადიკალიზმს შექმნის. როგორც ჩანს, ვიღაცას სურს, რომ ორ რელიგიას შორის შუღლი ჩამოაგდოს. ისტორიულად ყოველთვის ერთად ცხოვრობდნენ ამ ქვეყანაში ქრისტიანები და მუსლიმები და დღეს ჩვენ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს, ვიდრე აქამდე“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბეგლარ ქამაშიძემ.

ქობულეთში მუსლიმური პანსიონისთვის ღორის თავის მიჭედება და სხვა ფაქტები, რომლებიც დღემდე გამოძიებული არ არის – „ეს არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი და დანაშაული. ეს უნდა გამოიძიონ და იმედია, ასეც იქნება. რატომ ვერ მოხერხდა აქამდე ვინმეს დასჯა, ეს არ ვიცი“ – გვიპასუხა ბეგლარ ქამაშიძემ.

„მუსლიმთა სამმართველოს რელიგიის საკითხთა კომიტეტი აკონტროლებს. რა თქმა უნდა, მუფთის პოზიცია დაემთხვეოდა არჩილ მეტრეველის პოზიციას. სამუფთო არის სააგენტოსთან პირდაპირ დაქვემდებარებაში. ესენი ერთი და იგივე ენით ლაპარაკობენ.“ – ამბობს თამთა მიქელაძე, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელი.

„ქართველ მუსლიმთა კავშირის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია: „ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადებები რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს იმ პოლიტიკის ნათელი ლუსტრაციაა, რომელიც მთლიანად უგულებელყოფს ადამიანის უფლებებს და რელიგიური ორგანიზაციებისა და თემის კონტროლისკენაა მიმართული. სააგენტოს განცხადებები საკუთარი უფლებებისა და თანასწორობისთვის მუსლიმი თემის მცდელობების დასუსტებისკენაა მიმართული. მითითება იმაზე, რომ სამოქალაქო სექტორის კრიტიკის გამო შეიძლება სახელმწიფოს მუსლიმი თემის მიმართ მტრის ხატი შეექმნას, რაც თემს თვითიზოლაციაში მოქცევას შეუწყობს ხელს, მუსლიმი თემის დაშინების მცდელობაა და სახელმწიფოს წარმომადგენლის მხრიდან, რომლის მიზანი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, აბსოლუტური უპასუხისმგებლობაა. ძალიან რთულია, როცა რელიგიის საკითხთა სააგენტოს ხელმძღვანელობა ვერ აღიქვამს, რას ნიშნავს სამლოცველოს აშენებაზე უარის თქმა, რას ნიშნავს სამლოცველოზე ღორის თავის აკვრა, რას ნიშნავს საკუთარ წინამძღვრის ღამით გათავისუფლება და დილით სხვა წინამძღვრის დანიშვნა ისე, რომ მუსლიმი მრევლი აბსოლუტურად იგნორირებულია, რას ნიშნავს, როცა მინარეთს გიხერხავენ და მის დასაცავად მისულ მორწმუნეებს ავტომატის კონდახებით ყრიან მანქანაში და განყოფილებაში უზომოდ ამცირებენ, რას ნიშნავს პარასკევის ლოცვაზე მიმავალ მორწმუნეს, გზად რომ გადაუდგებიან და ლოცვის საშუალებას არ მისცემენ. სამწუხაროდ აქამდე მომხდარი ყველა ინციდენტი გამოუძიებელია“

მუსლიმ თემთან დაკავშირებული ფაქტების გამოძიება მოთხოვნილია სახალხო დამცველის ანგარიშშიც. ომბუდსმენმა გუშინდელ სხდომაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეფექტური გამოძიება არ ხდება და სახელმწიფო ლოიალურ დამოკიდებულებას ავლენს რელიგიური უმცირესობების სირთულეებზე.

კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია აჭარის მუნიციპალიტეტებში

ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაციაში, შპს „გეოგრაფიკს“, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო 99 ათას ლარს გადაუხდის.

შესაბამისი ხელშეკრულება კომპანიასა და სააგენტოს შორის რამდენიმე დღის წინ გაფორმდა [სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 100 ათას ლარიან ტენდერში მხოლოდ „გეოგრაფიკი“ მონაწილეობდა].

კომპანიამ, სატენდერო პირობების თანახმად, უნდა უზრუნველყოს აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში არსებული კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების პასპორტიზაცია, არსებული მდგომარეობის შეფასება და თანამედროვე გეო-საინფორმაციო პროგრამული უზრუნველყოფა, გრაფიკული ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, შენახვისა და თემატური რუკების შესადგენად. ძეგლების პასპორტიზაცია კომპანიამ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

„გეოგრაფიკმა“ გასულ წელს ქალაქ ბათუმში არსებული კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების ინვენტარიზაცია ჩაატარა. შესაბამისი ხელშეკრულება კი ბათუმის განვითარების ფონდსა და კომპანისა შორის 98 500 ლარზე იყო გაფორმებული.

ბათუმის თვითმმართველობაში, კულტურულ მემკვიდრეობითი ძეგლების ინვენტარიზაციის შედეგების პრეზენტაცია კომპანიამ გასული წლის დეკემბერში გამართა.

აღსანიშნავია, რომ ძეგლების პასპორტიზაციის პარალელურად გრძელდება კულტურულ მენკვიდრეობითი ძეგლებისა და ისტორიული შენობების ხელოვნურად  დაზიანება/ნგრევა, რომლის ბოლო მაგალითიც ბათუმში, გორგასლის 25 ნომერში მდებარე ბელეტაჟია. ამ სახლს მართალია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა „გეოგრაფიკის“ დასკვნის თანახმად, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფიზიკური დაცვის არეალში იყო მოქცეული. შენობა კომპანია „მარდი ჰოლდინგმა“ დაანგრია.

ამავე თემაზე:

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სახურავის გარეშე – ვაჟა-ფშაველას 27

„ჩეხოვის სახლს“ ბათუმში სახურავი გადახადეს

უკანონო მშენებლობა სხალთის სამონასტრო კომპლექსში

წმ. ბარბარეს ეკლესიის უკანონო რეკონსტრუქცია [ფოტო]

ეკლესიის ინტერესები გონიოს ციხეზე

 

44 ათასი ლარი ჟურნალ „ჭოროხის“ გამოსაცემად

dasabuTeba „დღეს, მეცნიერებისა და ტექნიკის გაუგონარი წინსვლის დროს, მძაფრად იჩინა თავი ტრადიციისა და ნოვატორობის ჰარმონიულობის აუცილებლობამ, „ჭოროხი“ სწორედ ამ ახალ კანონზომიერებებს უბამს მხარს, იგი ერთადერთი აკადემიური სალიტერატურო-სამხატვრო და საზოგადოებრივი ჟურნალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ამიტომაცაა მისი გამოცემა აუცილებელი“ – ასე ასაბუთებენ აჭარის განათლების მინისტრისადმი გაგზავნილ წერილში ჟურნალ „ჭოროხის“ გამოცემის აუცილებლობას მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით თედორაძე და ჟურნალ „ჭოროხის“ მთავარი რედაქტორი სანდრო ბერიძე.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა უკვე გამოსცა ბრძანება, რომ „ჭოროხის“ ექვსი ნომრის საბეჭდი ვერსიის აწყობა-დაკაბადონება განხორციელდეს პირდაპირი შესყიდვის გზით, რისთვისაც მწერალთა აჭარის ორგანიზაციას გამოეყოს 35 600 ლარი. აღნიშნულ შესყიდვაზე თანხმობას სამინისტრო ამჟამად შესყიდვების სააგენტოსგან ითხოვს. პასუხის მიღების საბოლოო ვადა 13 მაისია.

დავით თედორაძის მიერ განათლების სამინისტროში გაგზავნილი წერილში აღნიშნულია, რომ ჟურნალის ექვსი ნომრის გამოსაცემად საჭიროა 44 ათასი ლარი, საიდანაც 35 600 ლარი მხოლოდ ჟურნალის თანამშრომელთა ჰონორარებისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო ბეჭდვისთვის 8 400 ლარი.

მინისტრის ბრძანებიდან კი ირკვევა, რომ 8 400 ლარის ხარჯვაზე [ანუ ჟურნალების ბეჭდვაზე] გამარტივებული ტენდერი გამოცხადდება.

კითხვის პასუხად, თუ რა მეთოდით განისაზღვრა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება? – სამინისტრო განმარტავს, რომ ეს ღირებულება განისაზღვრა „გამოცდილებისა და მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით [ხელშეკრულება N339, 2015 წლის ორი ნომრის შედგენა/ბეჭდვაზე].

აღნიშნული ხელშეკრულებით, გასულ წელს, ჟურნალის ორი ნომრის გამოცემაში სამინისტრომ მწერალთა ორგანიზაციას 11 200 ლარი გადაუხადა. ეს თანხა კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

honorari
ხელშეკრულება N339-ის დანართი

დანდალოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებენ

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში დღეს დილიდან საპროპტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა „ახალციხე-ბათუმის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის“ პროექტის ფარგლებში სოფელ დანდალოში დაგეგმილი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანას აპროტესტებს და ხაზის ადგილმონაცვლეობას ითხოვს.

აქციის მონაწილეების თქმით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ქედის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღებისა და საცხოვრებელი სახლების ახლოს გაივლის და შიშობენ, რომ ახალი ხაზის მშენებლობით ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდება.

დღესვე აქციის მონაწილეებს ქედის გამგებლის მოადგილე გურამ ბერიძე შეხვდა და აცნობა, რომ პროექტთან დაკავშირებით გამგეობაში საპრეტენზიო კომისია შეიქმნა. პრეტენზიისა თუ უკმაყოფილების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ პრობლემის შესახებ  განცხადებით მიმართონ კომისიას, რომელიც გამგეობაში შესულ განცხადებებს განიხილავს.

უმაღლესი საბჭოს გადატანის საკითხი დღემდე განიხილება

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობის სარგებლობაში გადაცემის საკითხზე 5 მაისს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს საკითხი დიდი ხანია განიხილება და ერთგვარ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ამ დრომდე მიმდინარეობს. მისივე თქმით, მთავრობის თავმჯდომარის დაპირება, რომ განიხილებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის ქალაქში ალტერნატიული ფართობის გამონახვისა და უმაღლესი საბჭოს შენობის უნივერსიტეტისთვის გადაცემის საკითხი – დღემდე ძალაშია, „ეს არის პროცესი, რომელზეც არაერთხელ იყო მანამდეც თქმული, თქვენც [„ბათუმელებს“] გქონდათ მგონი ამ საკითხზე [სტატია], 17 დეკემბერს უმაღლეს საბჭოში მოხსენება რომ ჰქონდა თავმჯდომარეს –  მაშინაც განაცხადა, სამი წლის ანგარიშშიც განაცხადა და იგივე თემაა ფაქტიურად. ოღონდ ეს პროცესია და დღეს და ხვალ შეიძლება არ მოხდეს” – ამბობს ის.

 

ამავე თემაზე:

ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა

უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში 

 

პროფესორ კორნელი კაკაჩიას საჯარო ლექცია ბათუმში

7 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, პოლიტიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი კორნელი კაკაჩია საჯარო ლექციას ჩაატარებს. ლექციის თემაა – „უმაღლესი განათლება საქართველოში: მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“.

მომხსენებელი მიმოიხილავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის, როგორც ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილის მიმდინარე პრობლემებს. ასევე, იმ გამოწვევებს, რომელსაც აყენებს ბოლონიის პროცესი ქართული უნივერსიტეტების წინაშე.

კორნელი კაკაჩია

 

უსკო-ს კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად  21 აპრილს გამოცხადებულ ღია კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია ცნობილია. უსკოს თავმდომარის თანამდებობის დასაკავებლად განაცხადი არ შეუტანია ყოფილ კანდიდატს დავით კვაჭაძეს, რომელიც უმაღლესმა საბჭომ ოთხჯერ არ აირჩია.

უსკოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსში კანდიდატებად დარეგისტრირდნენრამაზ ბოლქვაძე, ოთარ დავითაძე, ნერიმან დიასამიძე, ლერი დუმბაძესოფიო კახაძემიხეილ კიკაბიძე, ვლადიმერ მამულაძე, ფარტენაძე დავითი, ქარცივაძე დავითი, ქარცივაძე გია და ძირკვაძე ნარგიზი.

სკოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსში კანდიდატებად დარეგისტრირდნენ: ფრიდონ ბათნიძე, თემურ ბერიძე, რამაზ ბოლქვაძე, ირაკლი გვარამია, ნერიმან დიასამიძე, ლერი დუმბაძე, ზაალ ზაალიშვილი, სოფიო კახაძე, ნუგზარ კეკელიძე, მიხეილ კიკაბიძე, ვლადიმერ მამულაძე, ემმა ნაკაშიძე, ირმა სეფერთელაძე, დავით ფარტენაძე, გელა ფარტენაძე, გია ქარცივაძე,  ნინო შაქარაძე, ნინო ცენტერაძე, ნარგიზ ძირკვაძე, თამარ ხოზრევანიძე, მამუკა ჯაში, ნაზ ჯინჭარაძე და ქეთევან ჯიქია.

 

ბათუმის საჯარო სკოლებმა პირველკლასელების მისაღებად 375 ადგილი დაამატეს

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის 12-მა საჯარო სკოლამ  პირველ კლასებში მისაღები მოსწავლეების კონტინგენტი გაზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გაავრცელა.

„დაემატა 375 ადგილი. პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ბაზები დღეს, 6 მაისს, 13:00 საათზე გაიხსნება,“- განაცხდეს განათლების სამინისტროში.

ადგილები პირველკლასელებისთვის შემდეგმა სკოლებმა დაამატეს: მე-4,მე-5, მე-8, მე-9, მე-10, მე-14, მე-15,მე- 17, მე- 18, მე-20, 22-ე  და 25-ე საჯარო სკოლები.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ვებგვერდზე  და დასრულდება 25 მაისს – 20:00 საათზე.

სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

 

დეპუტატის თქმით, „უმაღლესი საბჭო გასარეკია“

უფლებამოსილების გასვლამდე აჭარის უმაღლეს საბჭოს 5 თვე რჩება. ამ ოთხი წლის განმავლობაში დეპუტატების ქცევა უფრო მეტჯერ გახდა საზოგადოების განსჯის საგანი, ვიდრე მათ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივები. ამჯერად უმაღლესი საბჭო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კვორუმის პრობლემის გამო მოექცა. დეპუტატები სხდომას არ ესწრებიან, ან ესწრებიან და არ გადიან რეგისტრაციას -აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 2016 წლის საგაზაფხულო სესიებზე დაგეგმილი 7 სხდომიდან 5 არ შედგა.

არშემდგარი ხუთი სხდომიდან სამი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის არჩევას, ხოლო ორი სხდომა ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენას ითვალისწინებდა. ბოლოს, 27 აპრილს, სხდომის ჩაშლის მიზეზი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, დავით ბალაძის მიუსვლელობა და ბიუჯეტის ანგარიშის მომხსენებლად მისი მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის დაფიქსირება გახდა. მინისტრი მივლინებაში იმყოფებოდა. ოპოზიციური ფრაქციები სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ დარეგისტრირდნენ.

„ეს იყო რიგგარეშე სხდომა და იგი ჩვენთან შეთანხმების გარეშე დაინიშნა. ასევე უცნობი იყო, ამ საკითხზე მომხსენებელი თუ შეიცვლებოდა“, – ამბობს ეკა თარგამაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ოპოზიციის გადაწყვეტილება ბავშვობად შეაფასა „ქართული ოცნების“ფრაქციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტიშვილმა.

მანამდე კი, 21 აპრილს, სხდომა, რომელზეც ანგარიშით მინისტრი თავად იყო მისული, არამხოლოდ ოპოზიციური ფრაქციების მიზეზით ჩაიშალა – სხდომას დეპუტატები არც „ქართული ოცნების“ ფრაქციიდან დაესწრნენ. შედეგად გადადეს რეგიონის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ანგარიშის მოსმენა, რომლის კონტროლიც უმაღლესი საბჭოს მთავარი ფუნქციაა. მანამდე რამდენიმე სხდომა ოპოზიციამ უსკოს თავმჯდომარის პოსტზე დავით კვაჭაძის წარდგენის გამო ჩაშალა. ასე გააპროტესტეს დეპუტატებმაარჩილ ხაბაძის მიერ მათთვის არასასურველი კანდიდატის ხელმეორედ წარდგენა.

გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, სხდომების ვერჩატარების გამომნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა რომრჩება? – უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, „თავისუფალი დემოკრატების~ წევრი თემურ კახიძე კითხვას კითხვითვე პასუხობს: „ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს – ცალკეული, სახელისუფლებო დეპუტატების თუ, ზოგადად, უმაღლესი საბჭოს? – საბჭოს თავმჯდომარემ იცის, რომ მას არ გააჩნია უმრავლესობა, ამის მიუხედავად ის ვერ უზრუნველყოფს თავისი ფრაქციის წევრების დასწრებას სხდომაზე. ბოლოს წინა სხდომაზე ვთქვი, რომ ვიქნებოდი მე-11კვორუმის მისაღწევად, თუ შეძლებდნენ ათი წევრის მოყვანას. ვერ შეძლეს. პირადად რატომ არ ვრეგისტრირდები? – როდესაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ გადის კონსულტაციას იურიდიული კომისიის თავმჯდომარესთან, კოალიცია არ გადის კონსულტაციას ოპოზიციასთან, თავმჯდომარე არ მართავს კონსულტაციებს იმისთვის, რომ შედგეს სხდომა მინიმუმ ფონის შესაქმნელად, რომ თითქოსდა უმაღლესი საბჭო მუშაობს… ამათ ხელში საერთოდ უფუნქციოა საბჭო“, – ამბობს თემურ კახიძე.

დეპუტატ მედეა ვასაძის თქმით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ „კონსესუსი ვერ შედგა ე.წ. ყოფილ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის. ისინი ვერ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რაც უმაღლეს საბჭოში უმრავლესობის დაშლამ გამოიწვია.“

მედეა ვასაძე არ უარყოფს, რომ უმრავლესობის დაშლის შემდეგ წარმოშობილი დაპირისპირების გამო რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა გადაიდო. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ამაზე თითოეულ დეპუტატს ეკისრება პასუხისმგებლობა.

დეპუტატების ურთიერთბრალდებების ფონზე შეფერხდა რეგიონის სასარგებლოდ „საკუთრების უფლების კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტის განხილვა. დეპუტატმა ანზორ თხილაიშვილმა იმ მოტივით, რომ აჭარაში მიწის რეფორმა არ ჩატარებულა და ეს მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ცვლილების პროექტი პარლამენტის იურიდიულ კომიტეტს წარუდგინა, რომელმაც ის დაიწუნა და დახვეწის მიზნით უმაღლეს საბჭოში დააბრუნა. ამის შემდეგ ამ პროექტზე არაფერი გაგვიგია.

უმაღლესი საბჭოს წევრი პეტრე ზამბახიძე კი იმაზე საუბრობს, რომ უსკოს თავმჯდომარის არჩევის პირველივე მცდელობის შემდეგ, არჩილ ხაბაძეს ახალი კანდიდატი დარჩენილი ორიდან უნდა წარედგინა. მისი თქმით, ამის შესახებ კანონში ნათლად წერია და არა ბუნდოვნად, როგორც ამას არჩილ ხაბაძე ამბობდა. თუმცა,თავად პეტრე ზამბახიძეს ამის დამტკიცება უმაღლეს საბჭოში არც კი უცდია.

ბოლო მოწვევის უმაღლესი საბჭო გამორჩეულია იმითაც, რომ მმართველი პარტია გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ეს მთავრობის მიერ წარდგენილ საკითხებზე ავტომატურ დასტურს გამორიცხავს და კარგია: „პოზიტივია ის, რომ მმართველ გუნდს ბევრ საკითხზე უწევს კონსულტაციის გავლა პოზიციის შესაჯერებლად. შესაბამისად, მმართველი პარტია მონოლითური არ არის, როგორიც ეს წინა წელს იყო. მანამდე გადაწყვეტილებები მიიღებოდა მხოლოდ უმრავლესობის აზრის გათვალისწინებით. ამას უნდა გაეზარდა პოლიტიკური კულტურა უმაღლეს საბჭოში, მაგრამ კონსესუსის ნაცვლად, სამწუხაროდ, ვიღებთ ახალ ბრალდებებსა და შეუთანხმებელ პროცესს, რაც აზარალებს რეგიონს“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

ამ მოწვევის უმაღლესი საბჭო გამორჩეულია იმითაც, რომ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას თავადაც უარყოფითად აფასებენ, მათ შორისაა დეპუტატი პეტრე ზამბახიძე. ის ამბობს, რომ `უმაღლესი საბჭო გადაიქცა იმ ორგანიზაციად, სადაც ხალხისთვის არაფერი კეთდება.~ თუმცა, ის ამართლებს სხდომაზე თავისი ფრაქციის წევრების მიუსვლელობას: „ვერ ჩაითვლება ვერც ერთი ჩაშლილი სხდომა პრობლემად იმის გამო, რომ ამ სხდომებზე არ ყოფილა მოსახლეობისთვის საჭირო კანონპროექტი ან დადგენილების პროექტი. ფორმალური სხდომებია, რომლის ჩატარება-არჩატარებაც არანაირ გავლენას არ ახდენს რეგიონზე.“

მედეა ვასაძის თვითშეფასება კი ასეთია: „ერთხელ უკვე ვთქვი, გასარეკი ვართ აქედან-მეთქი, მაგრამ ამომრჩეველს ვთხოვ, ეს ხუთი თვეც მოითმინოს.“

ამომრჩეველთან აღებულ პასუხისმგებლობაზე საბჭოს თავმჯდომარე ტრადიციულად არ საუბრობს. „ამ ეტაპზე თავს შეიკავებს“,- გვიპასუხეს პრესსამსახურში.

„ასე გაგრძელების შემთხვევაში“ არასამთავრობო ორგანიზაციები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა უმაღლესმა საბჭომ არჩევნებამდე ვერ მიაღწიოს და ხუთი თვით ადრე პრეზიდენტის ჩარევა გახდეს საჭირო. კანონი ამას მაშინ ითვალისწინებს, თუ უმაღლესი საბჭო დაკისრებულ უფლებამოსილებას თავს ვერ ართმევს. სხდომების გამართვა, მთავრობის კონტროლი, ანგარიშის მოსმენა… უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაა.

ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტმა აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ ინიცირებული ოთხი კანონპროექტი დაამტკიცა: მედეა ვასაძის ინიციატივა გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, თემურ კახიძის ინიციატივა სიტყვისა და გამოხატვის კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით, ლობისტური საქმიანობის შესახებ საბიუჯეტო კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ.

უფასო სამედიცინო აქციები მახუნცეთსა და რიყეთის თემში

7 მაისს ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აქციის ფარგლებში ადგილობრივებს უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს შპს „ონკოლოგიური საავადმყოფოს“, შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ და შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის“ ექიმები ჩაუტარებენ.

სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ოჯახის ექიმით, ოფთალმოლოგით, ენდოკრინოლოგით, უროლოგით, ექოსკოპისტით, კარდიოლოგით, გინეკოლოგითა და ონკოლოგით.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რიყეთში ჩატარდება ექოსკოპიური და ელექტროკარდიოგრაფიული კვლევები, ასევე შაქრის განსაზღვრა სისხლში.

გარდა ამისა, 7 მაისს ამავე ტიპის უფასო სამედიცინო აქცია ქედის მუნიციპალიტეტში, მახუნცეთის თემშიც ჩატარდება. აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციებსა და კვლევებს ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები ჩატარებენ.

სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია: ლარინგოლოგით, ოფთალმოლოგით, უროლოგით, პედიატრით, ფტიზიატრით, კარდიოლოგით, ალერგოლოგით, გინეკოლოგით, ენდოკრინოლოგით და ექოსკოპისტით.

უფასო სამედიცინო აქციების ინიციატორი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროა.

რა შეუძლია მოქალაქეს ძველი ბათუმის დასაცავად

როგორი იქნება ბათუმი, თუ კი ქალაქში ისტორიული შენობების ნგრევა არ შეჩერდა? რა პასუხისმგებლობა აქვთ ამ პროცესში მოქალაქეებს და რა მიმართულებით უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ კულტურული მემკვიდრეობის მართვის პოლიტიკა? – თემაზე „ბათუმელებს“ კულტუროლოგი, ურბანისტი, „ტფილისის ჰამქარის“ წევრი ცირა ელისაშვილი ესაუბრა.

გასულ კვირას ბათუმში მშენებელმა კომპანიამ დაანგრია ბათუმის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ბათუმური ბელეტაჟი, რომელსაც არ ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა ასწლოვანი შენობა იყო. თქვენი აზრით, რას კარგავს ქალაქი მსგავსი შენობების დანგრევის შედეგად?

„ერთსართულიანი ბათუმი“ წარმოადგენს იმ ფასეულობას და ღირებულებას, რომლითაც ზოგადად განისაზღვრება ბათუმის მნიშვნელობა ურბანული თვალსაზრისით. იმიტომ, რომ ის მასშტაბი, რომელიც აქვს ამ ქალაქს [რაც საქართველოს სხვა ქალაქებში არ იგრძნობა], სწორედ ასეთი, ერთსართულიანი, ე.წ. ბელეტაჟის მაგვარი შენობებით იქმნება და თუ კი ეს მახასიათებელი დაიკარგება ბათუმში, ბათუმი დაკარგავს თავის ისტორიულ სახეს, იმას, რითაც არის გამორჩეული.

ამდენად, მნიშვნელოვანია ამ ტიპის შენობების შენარჩუნება და უფრო მეტიც, თუ ამ ტიპის შენობებს არ აქვს ძეგლის სტატუსი, ეს არ უნდა იყოს მიზეზი მისი დანგრევის, არამედ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა იზრუნოს, რომ ასეთი ტიპის შენობებს მიენიჭოს ძეგლის სტატუსი, რათა სამართლებრივ რეჟიმში მოხდეს მათი დაცვა.

მოსახლეობის დიდი ნაწილი ისტორიული შენობების მიმართ ხშირად გულგრილია. ბევრი მათგანი მიიჩნევს, რომ ძველს ახალი სჯობია. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში მცხოვრებნი ხშირად იმედით და სიხარულითაც კი ელოდებიან როდის შესთავაზებენ მათ სახლის დანგრევის სანაცვლოდ მატერიალურ კომპენსაციას, ახალ და უფრო დიდ ბინას… რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ მოცემულობას, თან მაშინ, როცა ძირითადად ეს ყველაფერი წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან?

ეს უკვე კომპლექსური პრობლემაა. საქმე ისაა, რომ მოსახლეობის მდგომარეობაში შესვლაც შეიძლება როდესაც ინვესტორს ვახსენებთ, იქ სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე მიდის ხოლმე ლაპარაკი, ამიტომ ნებისმიერი ისეთი ადამიანი, ვისაც არ აქვს გაცნობიერებული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა, ელოდება ინვესტორს, მიუხედავად იმისა, ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში ცხოვრობს თუ არა. ეს არის პრობლემა, რომელიც განათლების ხაზზე გადის და ჩვენთვის ამის აღმოფხვრა ძნელი პერსპექტივაა, მაგრამ უნდა არსებობდეს მექანიზმები სახელმწიფოს მხრიდან, პირველ რიგში პოლიტიკური ნება იმისა, რომ ქვეყანამ გაიაზროს, გაითავისოს საერთაშორისო გამოცდილება ამ კუთხით, რომელიც არსებობს ისტორიული ქალაქების განვითარების თვალსაზრისით. ანუ ის საშეღავათო პირობები, რომლებიც უკვე აპრობირებულია ბევრ ისტორიულ ქალაქში, რომლითაც რეალურად სარგებლობს როგორც ის მოსახლეობა, რომელიც ასეთი ტიპის შენობებში ცხოვრობს, ასევე ინვესტორი, რომელიც უკვე, ვთქვათ, არა სართულიანობის ზრდაზე გააკეთებს აქცენტს, არამედ ისტორიული ქალაქის რეაბილიტაციაზე, იმიტომ, რომ ისარგებლებს რეალური საგადასახადო შეღავათით, მაგრამ ეს თემა, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, აქტუალური არ არის ხელისუფლებისთვის.

ანუ სახელმწიფომ რაიმე სახის ცვლილებები უნდა შეიტანოს კანონმდებლობაში და ინვესტორი წაახალისოს ამ მხრივ?

დიახ. არსებობს, ასე ვთქვათ, დისციპლინა, რომელიც ცალკე საგნად ისწავლება _ კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკა. ეს უკვე ნიშნავს, რომ კულტურულ მემკვიდრეობასაც მოაქვს მოგება და არა მარტო ახალმშენებლებს. კულტურული მემკვიდრეობის ეკონომიკის საფუძველი არის გადასახადების ლიბერალიზაცია: ინვესტორი, ანუ ბიზნესი არის მოგებაზე ორიენტირებული, რაც ნიშნავს, რომ მოგება მან უნდა ნახოს არა სართულიანობის გაზრდით, ძველი სახლის დანგრევით და ახალის აშენებით, არამედ, როდესაც თანხას ჩადებს რეაბილიტაციაში და სანაცვლოდ ის თავის ძირითად საქმიანობაში მიიღებს საგადასახადო შეღავათებს. ეს პაკეტები უნდა მომზადდეს, რა თქმა უნდა, კანონპროექტის სახით, პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და მერე უკვე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ უნდა აღასრულოს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც, „ტფილისის ჰამქარმა“ რამდენჯერმე დავაყენეთ დღის წესრიგში ეს საკითხი, ჩამოვიყვანეთ ორი ჰოლანდიელი სპეციალისტი, რომლებმაც დადეს დასკვნა ამასთან დაკავშირებით, ამის იქით ეს საქმე არ წასულა, იმიტომ, რომ ამ კუთხით პოლიტიკური ნება ჯერჯერობით არ არსებობს.

თუ გახსენდებათ საქართველოში მაგალითი, როდესაც ხელისუფლებამ იხელმძღვანელა სწორი სტრატეგიით და რომელიმე კულტურული ძეგლი შენარჩუნდა, თუნდაც ინვესტორთან მოლაპარაკების ან სხვა გზებით?

სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ქმედება დადებითი კონტექსტით არასოდეს დამთავრებულა. თუ რაიმე მაგალითი გვაქვს იმისა, რომ გადავარჩინეთ რომელიმე შენობა, მხოლოდ იმიტომ, რომ სამოქალაქო სექტორი იყო აქტიური და არა იმიტომ, რომ ხელისუფლება იყო მოწოდების სიმაღლეზე.

როგორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში მოქალაქეების როლი? მოქალაქეები ხშირად ამბობენ, რას შევცვლით, როცა ქალაქის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, გადაწყვეტილების მიმღები ყველა უწყება, მთელი სისტემა წყვეტს ამას. არის მაგალითები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ისტორიაში, როცა მოქალაქეებმა შეძლეს ნგრევის შეჩერება?

მოქალაქეების როლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში არის უმნიშვნელოვანესი და ეს როლი ასმაგად იზრდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება ახორციელებს არასწორ პოლიტიკას კულტურული მემკვიდრეობის მიმართ. მარტივად რომ გითხრათ, როდესაც ქალაქს არ ჰყავს პატრონი ხელისუფლების სახით, ეს პატრონი უნდა იყოს ყველა მოქალაქე. მე ახლა უკვე ვხედავ ამ ტენდენციას ბათუმში, ბულვარის თემაზე გააქტიურებული სამოქალაქო სექტორის სახით. რაც შეეხება მაგალითებს, მე შემიძლია ჩვენი ორგანიზაციის [„ტფილისის ჰამქარი“] მაგალითზე გითხრათ, რომ გუდიაშვილის მოედანი გადარჩა, მიუხედავად დიდი დანაკარგისა რამდენიმე შენობის სახით, რაც იმ საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც წლების განმავლობაში სიცივეში, წვიმაში, ყინვაში იდგა და აპროტესტებდა იმ პოლიტიკას, რომელსაც ახორციელებდა ქალაქი ამ მოედანთან მიმართებაში. ის, რომ „იმელის“ შენობა გადარჩა, ესეც იმ საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც ხან რუსთაველს კეტავდა, ხან ცოცხალ ჯაჭვს აკეთებდა და ა.შ. ჩვენ გადავარჩინეთ კონკრეტული შენობა თბილისში, იალბუზის 18 ნომერში და ეს იყო პრეცედენტი, როდესაც ინვესტორი წამოვიდა პირველივე, ასე ვთქვათ, ჩვენს განაცხადზე და მიიღო ქალაქისათვის სასიკეთო გადაწყვეტილება. ეს იყო „სოკარ ჯგუფი“, რომლის სათავო ოფისიც არის თბილისში და მათ მიიღეს გადაწყვეტილება და შენობა, რომელსაც არ ჰქონდა ძეგლის სტატუსი, მაგრამ ნამდვილად იმსახურებდა, შეინარჩუნეს. ძალიან რთულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სამოქალაქო სექტორის როლი – ხშირ შემთხვევაში ეს ფაქტი არ მთავრდება გამარჯვებით, თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია ძველი ბათუმის გადარჩენა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა ხომ არ მოხდება ისე, რომ ბათუმში დარჩება ისტორიული ქუჩები ისტორიული სახლების გარეშე?

უკვე ძალიან ბევრია დაკარგული და ეს პროცესი შეუქცევადია, იმ თვალსაზრისით, რომ იმ დანაკარგს ვერასოდეს ავანაზღაურებთ, მაგრამ ის, რაც თუნდაც კუნძულების სახით რჩება ძველი ბათუმის ტერიტორიაზე, ნამდვილად ღირს ბრძოლად.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მივიღებთ ქალაქს, რომელსაც ერქმევა ბათუმი, მაგრამ ის ურბანული შინაარსის თვალსაზრისით, დაცლილი იქნება იმ დამოკიდებულებისაგან და იმ სიყვარულისაგან, რაც გვაკავშირებს თითოეულ ჩვენგანს ბათუმთან. ანუ ეს იქნება ბათუმი, მაგრამ არა ბათუმური ხასიათის მქონე ქალაქი. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება ამ კუთხით გაკეთდეს, სამწუხაროა, რომ დღეს აჭარაში ის ინსტიტუცია, რომელიც კანონის მიხედვით მოწოდებული უნდა იყოს პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობის დაცვისაკენ, ხშირ შემთხვევაში პასიურობს და უმრავლეს შემთხვევაში, პირიქით, ხელს უწყობს ამ ტენდენციის გაღრმავებას, მე ვგულისხმობ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ასეთ დროს ქალაქის მოსახლეობამ საკუთარ თავზე აიღოს დაცვის მისია და თუ სახელმწიფო, ქალაქის მესვეურები ამას არ აკეთებენ, მაშინ სწორედ სამოქალაქო სექტორმა უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება. რა ძნელი გზაც არ უნდა იყოს გასავლელი.

ლევან ბერძენიშვილის და ლევან გიგინეიშვილის ერთობლივი საჯარო ლექცია ბათუმში

15 მაისს, 14:00 საათზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, საჯარო ლექცია-მოხსენებას გააკეთებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ლევან ბერძენიშვილი და ლევან გიგინეიშვილი.

მომხსენებლები ისაუბრებენ უმაღლესი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და როლზე. ასევე, უმაღლესი განათლების დღევანდელ მდგომარეობასა და ბოლონიის პროცესის შესახებ.

ღონისძიება ტარდება თანამშრომლობის და განვითარების რეგიონული ქსელი – ” R N C D-ს” პროექტის – ‘’უმაღლესი განათლების წახალისება და პოპულარიზაცია აჭარის რეგიონური განვითარებისათვის’’ ფარგლებში, რომლის მიზანიც უმაღლესი განათლების წახალისება და პროფესიული არჩევანის უკეთესი პრაქტიკის დანერგვაა აჭარის მაღალმთიანი სკოლის მოსწავლეებისთვის.

 

„ტელეარხი 25“-ის საქმის განხილვა დასრულდა

მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ უკვე დაასრულა „ტელეარხი 25“-დან გათავისუფლებული ჟურნალისტების სარჩელის განხილვა. გადაწყვეტილება 17 მაისს გამოცხადდება. ჟურნალისტები: მაია მერკვილაძე, ნინო ხელაძე, ირმა ზოიძე და ჯაბა ანანიძე გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენას და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იცავს.

„თანახმა ვარ ამ ჟურნალისტებს გადავუხადო კომპენსაცია, მაგრამ მათი ტელევიზიაში დაბრუნება გამორიცხულია,“ – თქვა „ტელეარხი 25“-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გია სურმანიძემ, როცა მოსამართლემ მხარეებს მორიგებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ტელევიზიაში დღემდე არ ფორმდება ხელშეკრულებები, დანიშვნა-გათავისუფლების ბრძანებებიც არ იწერება, რადგან თანამშრომლებს შორის ახლო ურთიერთობები არსებობს. „ამ ჟურნალისტების გათავისუფლების გადაწყვეტილება ემოციურ ნიადაგზე მივიღე, მაგრამ არ ვნანობ. მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცი,“ – თქვა გია სურმანიძემ.

სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ტელევიზიის არც ერთი თანამშრომელი, რომლებსაც მოწმის სახით უნდა მიეცათ ჩვენებები. მოწმეების იძულებით წარმოდგენაზე მოსარჩელე ჟურნალისტებმა უარი თქვეს, ტელევიზიის ხელმძღვანელმა  გია სურმანიძემ კი იმავეზე უარი მას შემდეგ განაცხადა, როცა მას მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ განუმარტა, რომ სამოქალაქო საქმეზე მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა: „წარმოიდგინეთ,  რომ რამდენიმე პოლიციელი შემოდის ტელევიზიაში და იქედან ძალით მოჰყავს ჟურნალისტები სასამართლოში ჩვენების მისაცემად. ეს არ უნდა იყოს სასარგებლო თავად მედიასაშუალებისთვის“.

მოწმის სახით დაბარებულ ჟურნალისტებს უნდა ეთქვათ, რის გამო გაათავისუფლეს ტელევიზიიდან ჟურნალისტები, რომლებსაც გათავისუფლების შესახებ ბრძანებები არ ჩაბარებიათ. მათ მხოლოდ უწყისები გაუგზავნეს იმის შესახებ, რომ ტელევიზიაში რეორგანიზაციაა ფინანსური პრობლემის გამო. მოგვიანებით, სასამართლო სარჩელის შესაგებელში ტელევიზიის ხელმძღვანელობამ გათავისუფლების სხვა საფუძველი დაასახელა – კონფლიქტური სიტუაციის შექმნა სხვა თანამშრომლებთან.

ტელევიზიიდან წამოსული ოთხივე ჟურნალისტი ამბობს, რომ სამართლებრივი დავა დაიწყეს, რადგან პრობლემა შეექმნა მედიათავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს – მიუკერძოებლობას: „ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, მაია მერკვილაძე გასული წლის დეკემბერში გაუშვეს იძულებით შვებულებაში. ამ გადაწყვეტილების მიზეზი ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი თანამშრომლის მამის დაკავების შესახებ გასული  რეპორტაჟი გახდა, რის გამოც განაწყენებულმა თანამშრომელმა საინფორმაციო სამსახურის  უფროსს საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჟურნალისტებმა ხელმძღვანელობის „სასჯელი“ საჯაროდ მას შემდეგ გააპროტესტეს, როცა ვერ მიიღეს დასაბუთება, რის გამო ისჯებოდა საინფორმაციო სამსახურის უფროსი. მათი აზრით, ეს იყო ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობა: „თუკი ჩვენს გათავისუფლებას სასამართლო უკანონოდ მიიჩნევს, ეს შექმნის პრეცედენტს, რომ ჟურნალისტებს პროფესიული პრინციპების დაცვის გამო ვეღარ გაათავისუფლებენ“.

„ეს საქმე სცილდება შრომითი დავის ფარგლებს. ეს პირდაპირ უკავშირდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას…” – თქვა თავის დასკვნითი სიტყვაში გიორგი ხიმშიაშვილმა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.

„ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლებმა 31 დეკემბერს, საღამოს, ტელევიზიის მაუწყებლობა შეწყვიტეს და რეორგანიზაცია გამოაცხადეს. ტელევიზიამ მუშაობა 11 იანვრიდან განაახლა. თუმცა 8 იანვარს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უწყისები ჩაბარდათ: საინფორმაციო სამსახურის უფროსს მაია მერკვილაძეს, გადაცემა „დიალოგის“ პროდიუსერს ირმა ზოიძეს და ამავე გადაცემის წამყვანს ჯაბა ანანიძეს [ეს გადაცემა ეთერში აღარ გადის]. საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ნინო ხელაძემ კი ტელევიზია პროტესტის ნიშნად დატოვა. ტელევიზიამ კონკურსის გზით ახალი ჟურნალისტები უკვე შეარჩია, საინფორმაციო სამსახურის უფროსად კი პირველი მარტიდან ჟურნალისტი ირინა ყურუა დაინიშნა.

გადაწყვეტილება ხელვაჩაურში მოკლული ქალის საქმეზე

25 წლით პატიმრობა მიესაჯა მ.მ.-ს ხელვაჩაურში ქალის მკვლელობის გამო. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ მიიღო. იმის გამო, რომ მსჯავრდებული შეურაცხადია, პატიმრობას იგი სრულ გამოჯანმრთელებამდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოიხდის. მსჯავრდებული სასამართლო სხდომებს მას შემდეგ აღარ დასწრებია, რაც დაცვის მხარემ ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები წარმოადგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. პროკურორი რამაზ შავაძე მოსამართლეს მკვლელობაში ბრალდებულისთვის უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას სთხოვდა.

“მკვლელობისთვის მ.მ.-ს მიუსაჯეს 20 წლით პატიმრობა. ამას დაემატა 4 წელი სხვა პირის მკვლელობის მცდელობისთვის და 1 წელი იარაღის უკანონოდ ტარებისთვის. მოსამართლემ გაითვალისწინა დაცვის მხარის მოთხოვნა, რომ მისთვის უვადოდ თავისუფლების აღკვეთა არ მიესაჯათ” – უთხრა “ბათუმელებს” ადვოკატმა დავით კეკელიძემ.

მკვლელობა ხელვაჩაურის გზატკეცილზე გასული წლის 2 სექტემბერს მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა 39 წლის ქალს მრავლობითი ჭრილობები იმიტომ მიაყენა, რომ ორი ბოთლი ლუდის ნისიად გაცემაზე მიიღო უარი. მან ასევე დანით დაჭრა პირი, რომელიც ქალის მკვლელობის დროს სუპერმარკეტში აღმოჩნდა. მძიმედ დაჭრილი ამ საქმის ერთადერთი თვითმხილველი იყო. მოკლულს სამი ჭრილობა მარტო გულის არეში, რვა კი კისერში ჰქონდა მიყენებული. მოკლულს 300 დოლარის ღირებულების ოქროს ყელსაბამი მოგლიჯა მსჯავრდებულმა და სახლში წავიდა. ადგილზე გამოძახებულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

პეტრე ზამბახიძე: უმაღლესი საბჭოს სხვაგან გადატანას მხარს არ დავუჭერ

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ზამბახიძემ დღეს, 5 მაისს უმაღლეს საბჭოში ბრიფინგი გამართა. დეპუტატი გამოეხმაურა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის განცხადებას.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ მწვანე კონცხზე, უნივერსიტეტის სარგებლობაში მყოფი მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის დაბრუნება [შემდგომ მისი ინვესტორზე გასხვისების მიზნით] აჭარის მთავრობის მიერ, უნივერსიტეტისთვის უმაღლესი საბჭოს შენობის სარგებლობაში გადაცემის საკითხის განხილვის პირობით მოხდა.

პეტრე ზამბახიძის განცხადებით, უნივერსიტეტს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ უმაღლესი საბჭოს შენობას სარგებლობაში მიიღებს.

„მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს, ისევე როგორც უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელობას, ვურჩევ, რომ გონივრული გადაწყვეტილება მიიღონ და ხელი არ შეუშალონ განათლების კერების განვითარებას და უნივერსიტეტს არ წაართვან შენობა, ერთი კონკრეტული ადამიანის, ქვეყნის ფაქტობრივი მმართველის ბიძინა ივანიშვილის ახირების გამო. რეგლამენტის მე-7 მუხლის მიხედვით უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელია ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი. 2012 წლის შემდეგ ეს ნორმა მოქმედებს რეგლამენტში და ამის შეცვლაზეც კი არ ყოფილა ლაპარაკი. შესაბამისად, არ განიხილება ეს საკითხი. როგორც ჩანს ატყუებენ სტუდენტებს, ატყუებენ მოსახლეობას, რომ განიხილება უნივერსიტეტის გადმოტანა აქ, უმაღლესი საბჭოს შენობაში“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ პეტრე ზამბახიძემ და აღნიშნა, რომ განხილვის შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხვაგან გადატანის საკითხს.

კითხვაზე, განიხილება თუ არა უმაღლესი საბჭოს შენობის, ბსუ-სთვის სარგებლობაში გადაცემის საკითხი, „ბათუმელები“ პასუხს აჭარის მთავრობისგან ელოდება.

ილია ვერძაძე: „არ უნდა ვითვლიდეთ გარდაცვლილების რაოდენობას, საჭიროა პრევენციული ზომები“

5 მაისს აჭარის არქიტექტორთა და მშენებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლები ლუკა ასათიანის №13-ში შეიკრიბნენ, სადაც გუშინ კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა .  მათ შრომისა და უსაფრთხოების მაკონტროლებელი უწყებისათვის უფლებების გაზრდა მოითხოვეს.

როგორც „ბათუმელებს“ პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ილია ვერძაძემ უთხრა, პროფესიული კავშირები დიდი ხანია ითხოვს ქვეყანაში შრომის ტექნიკური ინსპექციის სრული სიმძლავრით ამოქმედებას. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ ინსტიტუტს მონიტორის უფლებები და მეთვალყურის ფუნქციები დააკისრა.  ინსპექცია ნებაყოფლობით უნდა მიიწვიოს დამსაქმებელმა, მას საკუთარი ინიციატივით მისვლის უფლება [შრომის ტექნიკურ ინსპექციას] არ აქვს. ილია ვერძაძე ამბობს, რომ ეს სიმბოლურს ხდის ამ ინსტიტუტს: „საქართველოს ასოცირების შეთანხმებით აქვს ეს ვალდებულება აღებული. ჩვენ სამმხრივ ფორმატში, საქართველოს პროფესიული გაერთიანების ეგიდით, ადგილებზე, ყველგან ვითხოვთ მკაცრად და კატეგორიულად, რომ გაძლიერდეს შრომის ტექნიკური ინსპექციის ინსტიტუტი, რადგან ამ ინსტიტუტის ამოქმედების გარეშე რეალურად არ გადაწყდება არც ერთი საკითხი და არ მოგვარდება პრობლემა. უნდა მიხვდეს ხელისუფლება, რომ ჩვენ არ უნდა ვიჯდეთ და ვითვლიდეთ გარდაცვლილების რაოდენობას, რომ 370 ადამიანი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც 2006 წელს დამახინჯდა ეს კოდექსი და გაუქმდა შრომის ტექნიკური ინსპექცია.  ჩვენ არ უნდა ვითვლიდეთ იმას, რომ წელს ამდენი დაიღუპა, მომავალში ამდენი დაიღუპება და ა.შ. მხოლოდ მაყურებლის როლში გამოვდიოდეთ. ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი პრევენციული ზომები და  როდესაც მშენებლებს ეცოდინებათ, რომ სანქციაა შემოღებული, რომ ინსპექტორი ყოველ წუთს შეიძლება მივიდეს და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული ჯარიმა შეიძლება დაემუქროს, კეთილს ინებებს და უფრო მკაცრად დაიცავს დასაქმებულთა უსაფრთხოებას“, –  ამბობს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე.

ილია ვერძაძის ინფორმაციით, სამუშაო ადგილებზე ბოლო ათი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 359 ადამიანი დაიღუპა.

shvela
ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსი, რომლის მე-6 სართულიდან 4 მაისს მუშა გადმოვარდა და დაიღუპა.

გასხვისებული ქონება მწვანე კონცხზე და ორი განცხადება უნივერსიტეტში

დღეს, 5 მაისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რეზო ხარაზმა ჟურნალისტები უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან ღია შეხვედრის ჩასატარებლად მიიწვია. ადგილზე მისულ ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ შეხვედრას დასწრებოდნენ, მერაბ ხალვაში ხარაზს რამდენიმე სტუდენტთან ერთად შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რეზო ხარაზმა და მერაბ ხალვაშმა განცხადებები გააკეთეს.

რეზო ხარაზის თქმით, იგი მერაბ ხალვაშისგან ითხოვდა ინფორმაციას მწვანე კონცხის დასახლებაში ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიისა და სასწავლებლის შენობის გასხვისების საკითხებზე.

„სამწუხაროა, რომ დღეს რექტორი უარს ამბობს ჟურნალისტების თანდასწრებით საუბარზე, ის საუბრობდა წლების წინ გასხვისებულ უნივერსიტეტის ქონებაზე. ჩვენ ყოველ დღე მოვალთ აქ და ასეთი ლექტორები თუ დაგვხვდება, მე მზად ვარ, მათთან ერთად ვიბრძოლო. წლების განმავლობაში ჩვენ მათ ვებრძოდით, რადგან ისინი ებრძოდნენ ცოდნას და იყვნენ უნივერსიტეტის კლანურ მმართველობაში“, – განაცხადა რეზო ხარაზმა. მას მხედველობაში ჰყავდა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი არმაზ კახიძე, რომელიც მანამდე დაცვას ჟურნალისტებისა და რეზო ხარაზის შენობიდან გაყვანას სთხოვდა. არმაზ კახიძე აცხადებდა, რომ ხარაზს უნივერისიტეტში პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლებას არ მისცემდა.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, მერაბ ხალვაშის თქმით, უნივერსიტეტის ქონების გასხვისების პროცესი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო, როდესაც სახელმწიფომ უნივერსიტეტთან შეუთანხმებლად გაასხვისა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის შენობა და მიწის ნაკვეთი.

მწვანე კონცხზე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი გასულ წელს გასხვისდა, უნივერსიტეტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს შორის შეთანხმების საფუძველზე. შეთანხმების თანახმად, მთავრობა უნივერსიტეტს სთავაზობს, რომ „განიხილება დაბა ჩაქვში, მეგენეიშვილის ქ. №25 მდებარე უძრავი ქონების სარგებლობაში გადმოცემის საკითხი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სარგებლობაშია“. ამ პირობით უნივერსიტეტმა აღნიშნული უძრავი ქონების სარგებლობაზე უარი განაცხადა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი იგი „ბიზნეს დეველოპმენტზე“ გაასხვისა. 

20160505_123745-1[1]
ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებისთვის გაგზავნილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის წერილი. 25/08/2015
მერაბ ხალვაშის თქმით, უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მომგებიანია მსგავსი გაცვლა, თუმცა „ბათუმელების“ შეკითხვაზე, თუ რა გარანტიები არსებობს, რომ მთავრობა აუცილებლად გადასცემს უნივერსიტეტს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკუთრებაში მყოფ აღნიშნულ უძრავ ქონებას სარგებლობაში, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ მას სჯერა, ასე იქნება: „მე არ ვფიქრობ, რომ არ გადმოგვეცემა, სხვა გარანტია რა უნდა მოეცათ, ახლა შუა საუკუნეები არ არის, რომ ულვაში მოეცათ ხომ?! წერილია გადმოგზავნილი“. მისივე თქმით, ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სასწავლებლის შენობა კვლავ უნივერსიტეტის სარგებლობაშია და სარგებლობაზე უარის თქმის მოთხოვნა დღემდე არ მიუღია უნივერსიტეტს.

სტუდენტები, რომლებიც მწვანე კონცხზე სწავლობდნენ, ამ დროისათვის გრიშაშვილის #5-ში მდებარე აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შენობაში სწავლობენ.

ამავე თემაზე:

ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა

უნივერსიტეტის სტუდენტების პრობლემები გრიშაშვილის #5-ში 

ქედაში დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ქედაში, სოფელ კოლოტაურში, 30 აპრილს დაკარგული 85 წლის მურთაზ წითელაძე სოფლის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახლობლების ინფორმაციით, სოფელ კოლოტაურში მცხოვრები მურთაზ წითელაძე სახლიდან 30 აპრილს, საღამოს, პირუტყვის საძებრად გავიდა.

კაცი საყურით – პოსტსაბჭოთა საზოგადოების აგრესიის მიზეზი

26 აპრილს, თბილისში, მოქალაქე ნიკა ბერიძე და მისი მეგობრები საყურეს ტარების გამო უცნობმა პირებმა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს. „ქართველ კაცს საყურე არ შეეფერება“, „ქართველს არ გავხარ“, –  მათი თქმით, სწორედ ეს იყო თავდასხმის მოტივი. კაცები საყურეს  გამო სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ობიექტი არაერთხელ გამხდარან საქართველოში. როგორც ჩანს, ადამიანებმა, რომლებიც ლოზუნგით – „ქართველობას გვართმევენ“ ყველა სიახლეს ეწინააღმდეგებიან, არ იციან, რომ საყურეს არაერთი ქართველი მეფე ატარებდა. ეს ისტორიული წყაროებითა და ფრესკებით დასტურდება.

ბათუმელი ფოტოგრაფი ირაკლი ძნელაძე საყურეს 13 წლიდან ატარებს. „პეტერბურგში სამხატვრო ტექნიკუმში სწავლის დროს ერთი გოგო სიგიჟემდე მომწონდა. იმ გოგომ მითხრა, შენი შეყვარებული ვიქნები, თუ ყურს გაიხვრეტო. 15 წუთში მქონდა საყურე და იმის შემდეგ შემრჩა“, – ასე იხსენებს ყურის გახვრეტის ისტორიას ირაკლი.

ირაკლი ამბობს, რომ საყურე მოსწონს, უხდება და სხვა რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა ამას არ აქვს, „უბრალოდ, ჩემი სიამოვნებისთვის მიკეთია“, – ამბობს ის.

კონფლიქტი საყურის გამო ძირითადად სასულიერო პირებთან ჰქონია. „რატომ გიკეთია, მოიხსენი“, – ხშირად უთქვამთ მისთვის. „ფიქრობენ, რომ კაცი არ უნდა იყოს საყურეთი, თუმცა ისტორიულად საყურე საქართველოში ბევრს ეკეთა, მეფეებსაც კი“, – ამბობს ირაკლი.

ირაკლის აზრით, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კაცს საყურე არ უნდა ეკეთოს, საბჭოთა წარსულიდან აზროვნებენ. „საკუთარი ბებია მეუბნება-ხოლმე, „საყურე იმფერებს უკეთიაო“. რაფერებს-მეთქი და „ცისფერები რომ არიანო“. ეს სტერეოტიპიც საბჭოთა გადმონაშთია, – რაღაც კლიშეები შექმნეს და იქ იყვნენ გაჩხერილები. დიდი სირცხვილია ადამიანს იმიტომ დაარტყა, სცემო, რომ საყურე უკეთია“.

ირაკლი ამბობს, რომ საყურის გამო ფიზიკური დაპირისპირება არავისთან ჰქონია, თუმცა სიტყვიერი კონფლიქტი – კი: „საქართველოში რომ ჩამოვედი, ბათუმში საყურეთი არავინ დადიოდა. ერთი მე ვიყავი და მეორე მუსიკოსი კახა ცისკარიძე. იყო შემთხვევა, როცა ჩემი შვილი სტუდიიდან მოვიდა და მითხრა, რატომ გიკეთია მამა საყურე, საყურე მარტო გოგოებს უკეთიაო. როგორც ჩანს, იქ უთხრეს, რომ საყურეს გოგონები იკეთებენ მხოლოდ. მაგ გაგებით მაშინ შარვალს არ უნდა იცვამდეს ქალი“.

კვირა ტიტანი [ასე გვეცნობა] გვეუბნება, რომ მისთვის საყურე პროტესტის ფორმაა კრიმინალური სუბკულტურის და იმ სტერეოტიპების მიმართ, ვინც ამბობს, რომ „საყურეს ტარება არაკაცურია“.

„ზოგს ვუხსნი, რატომ მიკეთია, ვისაც არ უნდა რომ გაიგოს, იმასთან საუბარი ჩხუბით მთავრდება. ამოვიდა უკვე ყელში ეს „კიკინა რატომ გაქვს, მოტკეცილი შარვალი რატომ გაცვია. მე რომ ვუთხრა ვინმეს, შავი მაისური რატომ გაცვია-მეთქი, კარგი იქნება?“ – გვეუბნება კვირა. მისი აზრით, მსგავსი კომპლექსები ნაკლებად განვითარებულ ადამიანებს აწუხებთ, ვინც ვერ ახერხებს საკუთარი თავის სხვა ფორმით რეალიზებას და თავად იგონებენ „პრობლემას“.

ირაკლი ძნელაძე. ფოტოგრაფი. ელდარ ბერიძის ფოტო
ირაკლი ძნელაძე. ფოტოგრაფი.
ელდარ ბერიძის ფოტო

საყურეს  ხუთი წელია ატარებს როკ-ჯგუფ „დაგდაგანის“ გიტარისტი გიორგი კოჭლაშვილიც. კვირასგან განსხვავებით, ამბობს, რომ საყურეს გამო კონფლიქტი ჯერ არავისთან ჰქონია: „მხოლოდ უმნიშვნელო შელაპარაკებები ოჯახის წევრებთან,  „ბიჭი ხარ და რად გინდა“. ისევე როგორც ირაკლი და კვირა, გიორგიც ფიქრობს, რომ საყურეს მიმართ აგრესია საბჭოთა აზროვნების გადმონაშთია და პროგრესთან კავშირი არ აქვს.

„მე საყურეებიანი კაცები შუა საუკუნეების ქართულ ფრესკებზეც მინახია და ამაზე არავის ჰქონია გართულება“, – გვეუბნება ის.

თათა ცოფურაშვილი. ფილოსოფოსი.
თათა ცოფურაშვილი. ფილოსოფოსი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი თათა ცოფურაშვილი ამ აგრესიის მთავარ მიზეზს იმაში ხედავს, რომ ქართულ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი. „კლასიკური განმარტებით, სამოქალაქო თავისუფლება უწინარესად განისაზღვრება იმით, რომ საზოგადოება განსხვავებული აზრის თუ რელიგიური შეხედულებების გვერდით უშვებს ინდივიდისთვის იმის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრებისა და თვითგამოხატვის ფორმები, სადაც ერთგვარი „მორალური მარწუხებით“ არ იზღუდება ადამიანის პიროვნული თავისუფლება და მისი პირადი სივრცე.

აგრესია მამაკაცების მიმართ, რომლებიც გრძელ თმას ატარებენ, ან საყურე და პირსინგი აქვთ, ჩვენში ახალი არ არის. მისი საწყისები საბჭოთა პერიოდშიც კი შეიძლება მოვიძიოთ. მაშინ დაკვეთა იყო იმაზე, რომ ყველა ერთნაირი, უნიფიცირებული ყოფილიყო. ის ახალგაზრდები, რომლებიც თავს დასავლური „ჰიპების“ მოძრაობასთან აიგივებდნენ და კონტრკულტურას მიეკუთვნებოდნენ, ხდებოდნენ კომკავშირელებისა თუ მილიციის სპეციალური დანაყოფების დევნის ობიექტი.

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ უკვე 25 წელია, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, საზოგადოებამ მაინც ვერ მიაღწია თავისუფლების მაღალ ხარისხს და ჯერ კიდევ არსებობს ტოტალიტარული ცნობიერებისთვის დამახასიათებელი დაკვეთა ერთგვაროვნებაზე, რაც თავს იჩენს განსხვავებული აზრის, რელიგიური აღმსარებლობის თუ სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანებისადმი აგრესიაში.”

როგორც თათა ცოფურაშვილი ამბობს, ეს მთლიანობაში განსხვავებულის მიუღებლობის პრობლემაა. „მოცემულობა, როცა ადამიანებს არ შეუძლიათ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისას ერთ სივრცეში აიტანონ, სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, უბრალოდ განსხვავებული გარეგნობისა და თვითგამოხატვის მქონე ადამიანებიც კი, ყველაზე თვალსაჩინოდ აჩვენებს, რომ ჩვენ დღემდე პოსტტოტალიტარულ საზოგადოებად ვრჩებით და ეს სიმპტომები კონკრეტულ მოცემულობებში სხვადასხვანაირად იჩენს თავს“.

თათა ცოფურაშვილის აზრით, ერთნაირობაზე, ტოტალურ ერთგვაროვნებაზე მოთხოვნა ფუნდამენტალისტური რელიგიური დაჯგუფებებიდანაც მოდის. „ამის გამოხატულება იყო თუნდაც 2013 წლის 17 მაისი და მომდევნო დღეები, როცა ადგილი ჰქონდა ქუჩაში თავდასხმებს ახალგაზრდებზე, რომლებიც ერთგვაროვანი მასისგან იყვნენ გამორჩეული თავიანთი ჩაცმულობითა თუ ვარცხნილობით. ამიტომ მუშაობს წარმატებულად კლიშე, როცა საყურეანი კაცის გაიგივება ხდება სექსუალურ უმცირესობასთან. საყურე ისტორიულადაც არ ყოფილა უცხო ქართველი კაცებისთვის, რადგან ქართველ მეფეებს საყურეც ეკეთათ, გრძელი თმებიც ჰქონდათ, მაგრამ მათ სექსუალურ ორიენტაციასთან ეს არ ყოფილა დაკავშირებული“.

თათა ცოფურაშვილის თქმით, მამაკაცები საყურეს ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში ატარებდნენ ევროპაშიც და აზიაშიც. „შუა საუკუნეებში ჩვენთან აზიური კულტურის დიდი გავლენა იყო და საყურე მამაკაცზე არანაირი ეგზოტიკა არ იყო“.

„World Cafe“ ბათუმში

27 მაისს ბათუმში „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“  ღია დისკუსიას – „World Cafe“ გამართავს.

ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პროექტი მიზნად ისახავს ახალი თაობის განვითარებას, აზრთა და იდეათა გაცვლას,  ნოვატორული იდეების განხორციელებას, აქტუალური პრობლემების გადაწყვეტასა და ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაზრდას  ქვეყნის განვითარების პროცესებში.

პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა საკითხის გარშემო ერთ მაგიდასთან დაჯგუფებული 10-20-კაციანი ჯგუფები დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. 15-20-წუთიანი ინტერვალით მონაწილეები შეცვლიან საკითხებს და გადავლენ შემდეგ მაგიდასთან. შეხვედრის დასასრულს შეაჯერებენ მოსაზრებებს და დასახავენ პრიორიტეტებს.

მსგავსი შეხვედრები 10 მაისს თბილისში დაიწყება და სულ საქართველოს 10 ქალაქში გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ შესაბამისი განაცხადის ფორმა.

კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში

ხულოს გამგეობის ანგარიშის მიხედვით მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში გამოვლინდა დაავადება, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს კარტოფილის მოსავლიანობას. ჩატარებული კვლევის შედეგად ნიადაგში აღმოჩნდა ე.წ. „კარტოფილის კიბო“ რომელიც ცნობილია კარტოფილზე მძიმე მავნებლური თვისებებითა და გამძლეობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა რეზისტენტული თვისებებით გამორჩეული კარტოფილის ჯიშების მოძიება და მათი ადგილობრივ მოსახლეობაზე გავრცელება.

ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევის პირველი ფაზა, რის მიხედვითაც ხულოს მუნიცპალიტეტის 3 სოფელში არსებულ საცდელ ნაკვეთებზე კარტოფილის 13 სხვადასხვა რეზისტენტული ჯიშები და კლონები დაითესა. დაავადება გამძლე ჯიშებს შორის არის კარტოფილის ელიტური ჯიშები: მარფონა, მარაბელი, მესხური, აგრია, მესხური წითელი, და ჯავახეთური. საცდელ ნაკვეთებზე ადგილობრივ ჯიშებთან ერთად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის 3 კლონი (21, 22, 24) და ჰოლანდიური ჯიშები: სილვანა, ფაბულა და ფარიდა დაითესა.

2016 წლის შემოდგომაზე მოხდება დათესილი მოსავლის აღება და შემდგომ მისი ლაბორატორიული კვლევა. კვლევითი ცენტრის – მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ხიდეშელის განმარტებით დათესილი კარტოფილიდან ახლო მომავალში გამოვლინდება „კარტოფილის კიბოს“ რეზისტენტული და ადგილორივ პირობებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ჯიშები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით  ახლო პერიოდში მოხდება სათესლე კართოფილის  ადგილობრივ ფერმერებზე გადაცემა.

IMG_1485

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ვებ-გვერდი: www.moa.gov.ge

ხელვაჩაურში ინგლისური ენის პედაგოგებს გადაამზადებენ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მომუშავე ინგლისური ენის პედაგოგების პროფესიული განვითარების მიზნით, აჭარის განათლების  ფონდი, ბრიტანეთის საბჭოს თანადაფინანსებით სპეციალური პროგრამის განხორციელებას გეგმავს.

განათლების ფონდის ინფორმაციით, „პროგრამა მიზნად ისახავს უცხო ენების პედაგოგების ენის კომპეტენციისა და სწავლების მეთოდოლოგიის გამჯობესებას, უზრუნველყოფს ინგლისური ენის ცოდნის ხარისხობრივ და რაოდენობრივი მაჩვენებლების ზრდას ჯერ ამ კონკრეტული მუნიციპალიტეტების სოფლებში, ხოლო შემდგომში, აქ მიღებული გამოცდილების გამოყენებით, სხვა მუნიციპალიტეტებში“.

პროგრამის განსახორციელებლად 64 892 ლარია საჭირო. აქედან 50 229 ლარს განათლების ფონდი გადაიხდის საკუთარი ბიუჯეტიდან, ხოლო დანარჩენს ბრიტანეთის საბჭო საქართველოში.

საპროექტო წინადადება – „სასწავლო მეთოდოლოგიების გაუმჯობესება და ინგლისური ენის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა“ საბჭოს მიერ  ფონდისთვის შეთავაზებული იქნა 2016 წლის 3 მაისს, შესაბამისად, ა[ა]იპ აჭარის განათლების ფონდი ამ მომსახურების შესყიდვას გამარტივებული წესით ითხოვს და შესაბამის თანხმობას შესყიდვების სააგენტოსგან 6 მაისამდე ელოდება.

გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, პროგრამა განხორციელდება 2016 წლის მაისიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

ფონდის ინფორმაციით, „დაქირავებული იქნება 5 ტრენერი და მოხდება მუშაობა მათთან მათი პროფესიული უნარ-ჩვევების შემდგომი განვითარების მიზნით. პროგრამის დასაწყისში ტრენერები ჩაატარებენ პირისპირ შეხვედრებს მასწავლებლებთან, რომლის დროსაც მოხდება პედაგოგთა პროფესიული საჭიროებების კვლევა, პროგრამის განხორციელების გეგმის განხილვა; ტრენერი აწარმოებს მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილების დაგეგმვას, მასწავლებელთა სწავლების პრაქტიკაზე დაკვირვებას, რის შედეგადაც მოახდენს მათი პროფესიული საჭიროებების კვლევას და ანალიზს. მასწავლებლებთან შეხვედრების დროს ტრენერი ჩაატარებს კონსულტაციებს თანამედროვე სასაუბრო ინგლისური ენის ეფექტური სწავლების საკითხებზე. ტრენერი აგრეთვე უზრუნველყოფს მასწავლებელთა მიერ საინფორმაციო ტექნოლოგიების და სოციალური ქსელის ეფექტურად გამოყენებას და სხვ.“

weriliaaa
ამონარიდი ბრიტანეთის საბჭოს მიერ აჭარის განათლების ფონდში გაგზავნილი წერილიდან

განათლების ფონდში აღნიშნავენ, რომ „ბრიტანეთის საბჭოს მიერ დასმულია საკითხი მისი უახლოეს პერიოდში განხორციელების შესახებ, რაც შეუძლებელი იქნება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, რაც გულისხმობს, როგორც ტენდერის გამოქვეყნება-ჩატარების, ასევე ხელშეკრულების გაფორმებისათვის, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვის აუცილებლობას. ბრიტანეთის საბჭოს პროექტში გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი თანადაფინანსება, რისი მიღებაც მიმწოდებლისაგან გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, დიდი ალბათობით, შეუძლებელი იქნება“.

„წიგნის კუთხე“ – ნახევაფინალში მონაწილე სკოლები გამოვლენილია

3 მაისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში, ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ მესამე და მეოთხე მეოთხედფინალური თამაშები ჩატარდა.

მონაწილე გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ:

  • კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“;
  • რიუნოსკე აკუტაგავა – „წყლის კაცების ქვეყანაში“;
  • ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“;
  • გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელიწადი“; 
  • ჰერბერტ უელსი – „უჩინარი კაცი“. 

მესამე მეოთხედფინალური თამაში გაიმართა სკოლა „იმედისა“ [ალეკო ბერიძე; სერგი მახარაძე; ანა დიასამიძე] და ბათუმის №10 საჯარო სკოლის [მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე] გუნდებს შორის.  ანგარიშით 10:5, ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა ბათუმის №10 საჯარო სკოლა.

სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე] და სკოლა-ლიცეუმი „მასტერკლასის“ [ალექსანდრე ბარამიძე, ქეთი მათითაიშვილი და ნოდარ ჯინჭარაძე] გუნდებს შორის გაიმართა ბოლო – მეოთხე მეოთხედფინალური თამაში. აღნიშნულ თამაშში ბლიც ტურის შემდეგ ანგარიში კვლავ თანაბარი იყო, რის გამოც დაისვა დამატებითი კითხვა. პირველი დამატებითი კითხვაც არ აღმოჩნდა თამაშის გამარჯვებულის გამოსავლენად და მეორე დამატებითი შეკითხვის შემდეგ, ანგარიშით – 14:11 ნახევარფინალურ ეტაპზე გადავიდა სკოლა „ევრო 2000“.

აღნიშნული თამაშებით დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. საბოლოო შედეგებით ნახევარფინალურ ეტაპზე ითამაშებენ შემდეგი სკოლების გუნდები:

  • ბათუმის №2 საჯარო სკოლა [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი];
  • ბათუმის №20 საჯარო სკოლა [სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე];
  • ბათუმის №10 საჯარო სკოლა[მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე];
  • სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე];

ნახევარფინალური თამაშები გაიმართება 7-8 მაისს, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში.

„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.

პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.

ამავე თემაზე იხილეთ:

„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.

„წიგნის კუთხე“ – III და IV მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – V და VI მერვედფინალური თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები

„წიგნის კუთხე“ – მეოთხედფინალის I-II თამაში

პოლიციამ ბობოყვათის სკოლის შენობაში შეჭრილები გამოასახლა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის სკოლის ყოფილი შენობიდან მოქალაქეები პოლიციელებმა დღეს გამოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „პოლიციას ძალის გამოყენება არ დასჭირვებია და რვა ოჯახმა, ვინც გუშინ სახელმწიფო საკუთრება თვითნებურად დაიკავა, ტერიტორია დატოვა“.boboyvati 2

სხვა ინფორმაციას გვაწვდიან თავად მოქალაქეები, ვინც ამ დროისთვისაც ბობოყვათის ყოფილი სკოლის შენობის ეზოში არიან და არსად წასვლას არ აპირებენ: „პოლიციამ ძალით გამოგვყარა. ოთხმა პოლიციელმა ამწია ხელში და ისე გამომიყვანა შენობიდან. პოლიციელები უხეშად ექცეოდნენ ფეხმძიმე ქალებსაც. ახლა ეზოში ვართ და არსად არ გვაქვს წასასვლელი. სკოლის შენობას ბოქლომი დაადეს და პოლიციელებიც აქ დგანან. დასახმარებლად და ამბის მოსაკითხად არავინ მოსულა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გარდა“ – ამბობს ვარდო მოწყობილი.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ოჯახების წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მიხედვით, რაც მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ, ბინაში, ან სხვა მფლობელობაში უკანონოდ შესვლას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, 2 წლით გამასწორებელ სამუშაოს ან იმავე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

skolaaa
ყოფილი სკოლის შენობის ადგილი / საქართველოს საკადასტრო რუკა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს ტერიტორია, სადაც ბობოყვათის სკოლის ყოფილი შენობა დგას, სახელმწიფო საკუთრებად არაა დარეგისტრირებული და მასზე საკადასტრო კოდი არ არის მინიჭებული.

ბობოყვათის ყოფილი სკოლის შენობაში 8 ოჯახი გუშინ შეიჭრა. მათი განმარტებით,  ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოუხდათ.

bobokvati 3

 

 

 

 

 

 

 

 

საპროტესტო აქცია ხულოში საკუთრების დასაცავად

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხში მცხოვრები ექვსი ოჯახი 5 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს. ისინი საკუთრების შენარჩუნებას ითხოვენ. „რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ აღსრულების ბიუროდან და გვითხრეს, რომ სახლ-კარი უნდა დავცალოთ, მიწაც თქვენი არ არისო. ღია ცის ქვეშ გვტოვებენ. არადა, ჩემი ბაბუაც და იმის ბაბუაც ამ მიწაზე ცხოვრობდა,” – ამბობს „ბათუმელებთან” თემურ პაქსაძე.

მიწის ნაკვეთები რომ ამ ოჯახებს ეკუთვნით, ადასტურებს სოფელ კორტოხში გამგებლის რწმუნებული, ზვიად პაქსაძეც: „ჩემი მეზობლები არიან და მათი წინაპრებიც აქ ცხოვრობდნენ. საკომლო წიგნის მიხედვითაც საკუთრება მათ ეკუთვნით. ალბათ, შესაბამისი უწყებები გაარკვევენ, რა მოხდა”.

paqsadze
სოფელ კორტოხის მცხოვრებლები

თემურ პაქსაძის თქმით, პრობლემა იდენტურმა სახელებმა და გვარებმა შექმნა: „მამაჩემი იყო გივი პაქსაძე. სხვა გივი პაქსაძემ, რომელსაც ვალის გადაუხდელობის გამო სასამართლოში უჩივლეს, დავა წააგო და მიიჩნიეს, რომ მამაჩემის მიწის ნაკვეთი მისი საკუთრება იყო. მამაჩემი 2007 წელს გარდაიცვალა. 2008 წელს ჩემი მიწა ვინმე დავით ბერიძეს დაურეგისტრირეს, რომელმაც იმ სხვა გივი პაქსაძეს მოუგო სასამართლოში დავა. დანარჩენი ხუთივე ოჯახის მიწის ნაკვეთები ოთარ პაქსაძეს ეკუთვნის. მათ საკუთრებას პრობლემა სხვა ოთარ პაქსაძემ შეუქმნა, რომელსაც ასევე ვალები ჰქონდა გადასახდელი.“

ამ მოქალაქეებმა უკვე მიმართეს საჯარო რეესტრს და პროკურატურასაც. „საჯარო რეესტრში მითხრეს, სასამართლო გადაწყვეტილებაში რაც იყო მითითებული, ჩვენ ის დავარეგისტრირეთო, პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა და სამოქალაქო დავააო, ასე გვითხრეს,“ – გვიყვება თემურ პაქსაძე.

ექვსივე ოჯახი თავს დაზარალებულად მიიჩნევს და როგორც ამბობენ, მათი აქცია ერთადერთ მიზანს ემსახურება – გაირკვეს სიმართლე და დაიცვან საკუთრება: „შემოსავლის ერთადერთი წყარო მიწაა და იმასაც ვერ ვამუშავებთ, თქვენი არ არის, მაინც ჩამოგართმევენო – დადიან აღსრულების ბიუროდან… ერთმა სახლიც კი დაშალა და სხვა ნაკვეთში გადაიტანა შიშით… უფულობის გამო ვერც ადვოკატის აყვანას ვახერხებთ“.

ამ საქმის შესწავლა უკვე დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“.

რაზეა დამოკიდებული კარგი მეხსიერება – ინტერვიუ ექიმთან

რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება, შეიძლება თუ არა მეხსიერების გაუმჯობესება, რა გავლენა აქვს სტრესს და რა საკვების მიღება სჯობს მეხსიერების გასაუმჯობესებლად? – ამ თემაზე „ბათუმელებს“ ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი ესაუბრა.

  • რა ასაკიდან იწყება მეხსიერების გაუარესება? ამ პროცესის მართვა შესაძლებელია?

დღეს ძალიან გაახალგაზრდავდა ეს პრობლემა. გაუარესებულ მეხსიერებას უჩივიან 30-35 წლამდე ადამიანებიც კი. ეს შეიძლება პირდაპირ კავშირში იყოს ცხოვრების წესთან, ინტერესების სფეროსთან, ადამიანის გონებრივ დატვირთვასთან. ამ თემაზე ბევრი კვლევა არსებობს, რომელთა უმრავლესობაში საუბარია იმაზე, რომ მეხსიერება ნელ-ნელა უარესდება 40 წლის შემდეგ, თუმცა ასევე, არის კვლევები, სადაც საუბარია იმაზე, რომ თუ ადამიანი ცხოვრობს ჯანსაღი ცხოვრების წესით, არის აქტიური როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად, მან კარგი მეხსიერება 80 წლის ასაკშიც შეიძლება შეინარჩუნოს.

როცა მეხსიერების გაუარესებაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია რა ტიპის მეხსიერებაში აქვს პრობლემა ადამიანს. არსებობს ხანმოკლე და ხანგრძლივი მეხსიერება – ასეა დაყოფილი პირობითად. ხანმოკლე მეხსიერების დროს ინფორმაციას რამდენიმე საათის მანძილზე იმახსოვრებს ადამიანი, ხანგრძლივი მეხსიერებისას კი – შეიძლება მთელი ცხოვრების განმავლობაშიც.

ზოგადად, ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად „ავარჯიშებს“ ადამიანი მეხსიერებას. მე ვიცნობ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ერთხელ წაიკითხოს, მაგალითად, ლექსი და ზეპირად თქვას, იმიტომ, რომ გავარჯიშებული აქვს ტვინი. ასევე, არის მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია მეხსიერების გაუმჯობესება. ინტელექტის კოეფიციენტის [IQ] შედგენისას ტესტის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა მეხსიერებას. ითვლება, რომ თუ მეხსიერებაში პრობლემა არის, ინტელექტის კოეფიციენტი დაბალია.

  • თუ ადამიანი ამჩნევს, რომ გაუარესდა მეხსიერება, ისე ადვილად ვერ იმახსოვრებს ახალ ინფორმაციას, როგორც ადრე [არ ვგულისხმობ შორს წასულ ფორმებს, როცა სპეციალისტის ჩარევა ხდება საჭირო], არსებობს რაიმე ტიპის სავარჯიშოები მეხსიერების გასაუმჯობესებლად?

ჯერ შესასწავლია გარემო, რა გარემოში ცხოვრობს და მუშაობს ადამიანი. თუ გარემო ზედმეტად სტრესულია, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მეხსიერების გადაღლას, კონცენტრაციის უნარს აქვეითებს. თუ ადამიანს არა აქვს განსაკუთრებული, სტრესული სამსახური, მაშინ მეხსიერების გასაუმჯობესებლად შეიძლება ეფექტური იყოს ახალი ენის შესწავლა, მაგალითად, დღეში რამდენიმე ახალი სიტყვის.

ზოგადად, კითხვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას. კარგია, ასევე, კროსვორდების შევსება, რადგან ვითარდება ასოციაციური მეხსიერება, რომელიც მეხსიერების ცალკე სახეა. იმ სიტყვის გახსენების პროცესი, რომელიც სხვა სიტყვასთანაა დაკავშირებული, პირდაპირ კავშირშია მეხსიერების გავარჯიშებასთან.

მეხსიერების სავარჯიშოდ კარგია ჭადრაკი. განსაკუთრებით ზეპირი, ბლიც-ჭადრაკი, როცა ვიზუალური მეხსიერებაც ერთვება პროცესში.

  • რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, აქვს თუ არა ამას გავლენა მეხსიერებაზე?

ნამდვილად აქვს. პირველ რიგში – ჯანსაღ კვებას. სასარგებლოა თხილეული, კაკალი. იმასაც ამბობენ ხუმრობით, რომ კაკალი თავის ტვინს ჰგავს, მის ხვეულებს იმეორებს. კაკალი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, ლეციტინს, რომელიც ნეიროპროტექტორივით „მუშაობს“ და ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს. ასევე, კაკალი, თხილი, თუ მზესუმზირა შეიცავს ანტიოქსიდანტებს – ეს ცხიმოვანი, აქტიური ნივთიერებებია, რომლებიც დღის მანძილზე მიღებული საკვების შემდეგ „ალაგებს“ ნივთიერებათა ცვლის პროცესს ორგანიზმში.

ანტიოქსიდანტებს შეიცავს ასევე მოცვი, მოცხარი, თაფლი, პომიდორი… ძალიან სასარგებლოა თევზი, რომელიც ასევე შეიცავს ცხიმოვან მჟავებს. მიიჩნევა, რომ წითელი ღვინოც სასარგებლოა მეხსიერებისთვის, ზომიერად, რა თქმა უნდა. წითელ ღვინოს ალცჰაიმერის დაავადების [დაავადება, რომლის დროსაც ხდება ტვინის ატროფია და მეხსიერების დაქვეითება] პროფილაქტიკისთვისაც კი იყენებენ.

  • არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ ცუდი მეხსიერება, მაგრამ დეტალურად ახსოვთ ბავშვობის ამბები. ეს რით აიხსნება?

ბავშვობა იმდენად მკვეთრადაა ჩაბეჭდილი მეხსიერებაში, რომ იგი იშვიათად ავიწყდება ადამიანს, გამონაკლისს წარმოადგენს ტრავმები. ამიტომაცაა, რომ დაავადების დროს ჯერ ნადგურდება ხანმოკლე მეხსიერება, მაგალითად, შეიძლება ადამიანს არ ახსოვდეს რა ჭამა დღეს, რა მოხდა გუშინ, თუმცა ახსოვს ბავშვობა.

  • რა მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქმე, უბრალოდ, გულმავიწყობას კი არა, დაავადებას ეხება და ექიმის ჩარევაა საჭირო?

არსებობს მეხსიერების ისეთი უცნაური დარღვევები, როცა ადამიანს ესაუბრები, ვერაფერს ამჩნევ, მაგრამ იგი შეიძლება ვერ წავიდეს სახლში, რადგან ვერ იხსენებს საკუთარი სახლის მისამართს. ამ დროს მან შეიძლება რთული ამოცანაც ამოხსნას, ოპერაცია გააკეთოს, სტატია დაწეროს, ანუ თავისი საქმე უშეცდომოდ შეასრულოს, მაგრამ სახლისკენ გზა ვერ გაიხსენოს. ალცჰაიმერის დაავადებას ახასიათებს მსგავსი რამ. ასეთ დროს ადამიანი თავის დაავადებასაც ვერ აღიქვამს სერიოზულად, ვერ აფასებს სიტუაციას. მეხსიერების გაუარესების ასეთი გამოვლინებები არის საშიში, ეს უკვე მნიშვნელოვან დარღვევად მიიჩნევა.

ადამიანებს, რომლებიც დაკავებულნი არიან სპორტით, ჯანსაღი ცხოვრების წესით, შედარებით ნაკლებად აწუხებთ მეხსიერების პრობლემები. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვისას ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესებულია და ეს აისახება, ზოგადად, ადამიანის ჯანმრთელობაზე და მათ შორის, მეხსიერებაზეც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი ბოტანიკური ბაღის შესახებ

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა.

ზურაბ ჭურკვეიძე
ზურაბ ჭურკვეიძე

„სასტუმრო კომპლექსს, რომელიც მწვანე კონცხზე უნდა აშენდეს, არანაირი შემხებლობა არ აქვს ბოტანიკურ ბაღთან. ადგილი, სადაც სასტუმრო შენდება, 200 მეტრითაა დაშორებული ბაღის შესასვლელს და მათ შორის მოსახლეობა ცხოვრობს,“ – განმარტავს ზურაბ ჭურკვეიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პროვატიზაციის დეპარტამენტის უფროსი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილის ახალი სასტუმრო მწვანე კონცხზე მთლიანად ჩაკეტავს ბოტანიკური ბაღის შესასვლელს აგრარული უნივერსიტეტის მხრიდან.

სააღდგომო საჩუქარი სოციალურად დაუცველებს ქედაში

ქედაში არსებულ უფასო მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაული ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ, განათლების სამსახურის უფროსთან, ეკა ქაჯაიასთან ერთად მიულოცა და მათ საჩუქრად პასკები, კვერცხები და შოკოლადი გადასცა.

მუნიციპალური სასადილოს ბენეფიციართა სააღდგომო საჩუქრებისთვის, მთლიანობაში, 52 პასკა და 130 კვერცხი, ქედის გამგეობამ ელექტრონული ტენდერით შეისყიდა. საჩუქარი ქედაში სასადილოს ყველა ბენეფიციარს – 26 ადამიანს ერგო. სააღდგომოდ გაცემული ამ საჩუქრისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 464 ლარი დაიხარჯა.

ოჯახში ძალადობა ხელვაჩაურში

ხელვაჩაურის სასამართლო განიხილავს ოჯახური ძალადობის სავარაუდო შემთხვევას, სადაც ქმარი უჩივის ცოლს. საქმის მასალების მიხედვით, ქმარმა პოლიციას მაშინ მიმართა, როცა მას ცოლმა თავში ბოთლი ჩაარტყა. საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რაც ადასტურებს, რომ დაზარალებულს სახის მიდამოში დაზიანებები აქვს მიღებული.

დაცვის მხარის ადვოკატის ინფორმაციით, ამ ოჯახიდან პოლიციისთვის დასახმარებლად ადრეც მიუმართავთ, თუმცა არც ერთ შემთხვევაში შემაკავებელი ან გამაფრთხილებელი ორდერი არ გაცემულა. წინა შემთხვევებში პოლიციას ცოლი ურეკავდა, რომელიც ადგილზე მისულ პოლიციელებს ეუბნებოდა, რომ ქმარს იგი არ უცემია და მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება ჰქონდათ, ხოლო პოლიციას აღელვების გამო მიმართა.

„ამ დროისთვის ისინი შერიგდნენ და ისევ ერთად ცხოვრობენ. სასამართლო განხილვა რამდენიმე დღეში დაიწყება. ეს შერიგება ალბათ იქნება იმის წინაპირობა, რომ გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა მზია დიასამიძემ. მისი თქმით, წყვილი დაახლოებით სამი წლის წინ დაქორწინდა.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.

პირველკლასელებს ბათუმში სასურველ სკოლებში ვერ არეგისტრირებენ

ბათუმში მშობლები იმ საჯარო სკოლებში, რომლებიც მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოსაა ან ერთი შვილი მაინც სწავლობს ამ სკოლაში, მომავალ პირველკლასელ შვილებს ვეღარ არეგისტრირებენ. მიზეზი, როგორც სკოლებში ეუბნებიან, უკვე შევსებული ადგილებია.

ბათუმის რესურსცენტრში აცხადებენ, რომ რეგისტრაციის დროს ტერიტორიული პრინციპი აღარ მოქმედებს; რაც შეეხება მოსწავლეთა დედმამიშვილებსა და სკოლის თანამშრომელთა შვილებს, მათი რეგისტრაცია აპრილში დასრულდა, შესაბამისად, ამ ეტაპზე მათ რაიმე პრიორიტეტი აღარ მიენიჭებათ. ცენტრის ინფორმაციით, ასეთი 800 მოსწავლე დარეგისტრირდა ბათუმში.

ბათუმის რესურსცენტრის უფროსის, გოჩა დავითაძის განცხადებით, ამ დროისთვის ბათუმის ცხრა საჯარო სკოლაშია თავისუფალი ადგილები. ეს სკოლებია: N 13, 22, 23, 26, 27, 28, 29, 30, და 31. ეს სკოლები, ძირითადად, ქალაქის გარეუბნებში, ეგრეთ წოდებულ შემოერთებულ ტერიტორიებზე მდებარეობს. ამ სკოლების ჩათვლით საერთო რაოდენობა თავისუფალი ადგილებისა, ამ დროისთვის, ჯამში 145-ია [ეს მონაცემი მუდმივად ცვალებადია].

ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2015 წლის სექტემბრისთვის ბათუმის სკოლებში 1995 პირველკლასელი დარეგისტრირდა, 2014 წელს კი – 1914; შესაბამისად, კლასებისა და ადგილების მიხედვით, წელს 2200 ბავშვის მიღება იყო განსაზღვრული სკოლების მიერ, თუმცა 2055 ბავშვი უკვე დარეგისტრირებულია. შესაბამისად, ამ ეტაპზე 145 ვაკანსიაა. ადგილები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაემატება, რაც გამოცხადებული ვაკანსია ბოლომდე შეივსება.

„ჩვენ გვქონდა სიტყვიერი მოლაპარაკება საქართველოს განათლების სამინისტროსთან და დაგვპირდნენ, რომ რამდენიმე კლასის დამატების უფლებას მოგვცემენ; ჯერ წერილობით ოფიციალურად არ მიგვიმართავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ქალაქის პირველ, მე-2 და მე-3 საჯარო სკოლებში ადგილები სავარაუდოდ ვეღარ დაემატება, იმიტომ, რომ აქ ფიზიკურად ოთახების საშუალება არ აქვთ“, – განაცხადა გოჩა დავითაძემ. მისივე თქმით, არც ერთი მომავალი პირველკლასელი რეგისტრაციის გარეშე არ დარჩება, ვინაიდან მათ სამინისტროს თანხმობით რამდენიმე კლასი ზოგ სკოლაში გასულ წელსაც დაამატეს.

დამატებულ ადგილებზე რა პრინციპით იქნება რეგისტრაცია და როდის, დაზუსტებული არ არის. შესაძლოა ეს ადგილები რეგისტრაციის მესამე ეტაპისთვის დაემატოს, რომელიც 2016 წლის 14 ივნისს დაიწყება და გაგრძელდება 30 ივნისამდე.

2016-2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია 4 მაისს, დილის 9 საათზე დაიწყო და გაგრძელდება 25 მაისის, 20:00 საათამდე.

ვაკანსიების შესახებ აჭარაში ახალი, ერთიანი პორტალი შეიქმნება

საქართველოს მოქალაქეს ან/და იმ პირებს, ვისაც კანონით აქვთ უფლება საქართველოში მუშაობის [არა საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ მცხოვრებს საქართველოში] 14 წლიდან შეეძლება რეგისტრაცია გაიაროს ვებგვერდზე, მიიღოს ინფორმაცია აჭარის დასაქმების სააგენტოში გამოცხადებული ვაკანსიის შესახებ და წარადგინოს განაცხადი ვაკანსიაზე [რეგისტრაციისათვის აუცილებელია გააჩნდეს პირადი ნომერი].

ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად კი, აჭარის დასაქმების სააგენტომ, სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის მოდულების ერთიანი პორტალის [მონაცემთა ბაზა და ვებგვერდი] შექმნაზე გამარტივებული  ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

პორტალის შექმნისთვის სააგენტომ ბიუჯეტიდან 40 ათასი ლარი გამოყო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასული წლის ანგარიშში მიუთითა, რომ აჭარის დასაქმების სააგენტოს არსებული ვებგვერდის მეშვეობით ძირითადი და სრული მომსახურების მიღება ინტერნეტით არ იყო შესაძლებელი.

„სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი ვებპორტალის ფუნქციონირება, რომელიც დაკავშირებული იქნება მთავარ საინფორმაციო ბაზებთან და სრულ ინფორმაციას მიაწვდის როგორც სამუშაოს მაძიებლებს, ასევე დამსაქმებლებს არსებული ვაკანსიების შესახებ,“ – აღნიშნული იყო აუდიტის დასკვნაში.

აუდიტი ასევე აღნიშნავდა, რომ აჭარის დასაქმების სააგენტო არ აწარმოებდა სარწმუნო მონაცემებს.

მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა

ლუკა ასათიანის ქუჩაზე, კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა გარდაიცვალა. ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, გამოძახებულ ბრიგადას მუშა ადგილზე გარდაცვლილი დახვდა, მაგრამ იქ მყოფთა მოთხოვნით, ის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„ძალიან დაბნეულები ვართ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. არაფერი ვიცით, რა მოხდა, ჩვენც ახლა გავიგეთ,” – გვიპასუხეს კომპანია “შველას” სამშენებლო დაფაზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე.

ადგილზე მყოფი მუშები  ამ დროისთვის სამშენებლო საქმიანობას განაგრძობენ. მათი თქმით, გარდაცვლილი დაახლოებით 40 წლის იყო და ხშირად მაღალი წნევა აწუხებდა. მშენებლების თქმით, დაცულია უსაფრთხოების ნორმები და გადმოვარდნის დროს მე-6 სართულზე სხვა მუშა არ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე უკვე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მშენებლობა
მშენებარე კორპუსი ლუკა ასათიანის ქუჩაზე

 

ენმ: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი ივანიშვილმა მიისაკუთრა

„თბილისის ბოტანიკური ბაღის მსგავსად, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც ბიძინა ივანიშვილი ისაკუთრებს. ახალი სასტუმრო ისე აშენდება, რომ ბოტანიკურ ბაღს ერთ-ერთი შესასვლელი აღარ ექნება.” – განაცხადეს “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რომლებმაც დღეს ბრიფინგი მწვანე კონცხზე გამართეს. ისინი ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სასტუმრო კომლექსის მშენებლობას აპროტესტებენ. სასტუმროს სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესჯგუფი აშენებს.

„საუბარია ბოტანიკური ბაღის შესასვლელზე უნივერსიტეტის მხრიდან. დარწმუნებული ვართ, ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა ისაკუთრებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღსაც. ყოფილი ტექნიკუმის შენობის დემონტაჟი უკვე დაწყებულია და ახალი სასტუმრო კომპლექსი მთლიანად დახურავს ბოტანიკური ბაღის შესასვლელს,” – ამბობს ქობულეთის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ელგუჯა ბაგრატიონი.

შესაძლოა თუ არა გაუქმდეს ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი შესასვლელი? ამ კითხვაზე პასუხი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუცია.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სასწავლებლის ტერიტორიის ნაწილი – 25 160 კვ/მ მიწის ფართობი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო, აჭარის ქონებად 2015 წლის სექტემბერში დაარეგისტრირა; აქედან 1 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს დანიშნულება შეუცვალა და მთელი ეს ქონება, 200 კვ/მ ფართობის ნაგებობებთან ერთად, საკუთრებაში გაფორმებიდან ერთ კვირაში პირობებიან აუქციონზე გაიტანა. საწყისი გასაყიდი ფასი – 2,8 მილიონი ლარი იყო. აუქციონში მონაწილეობდა მხოლოდ „ბიზნეს დეველოპმენტი“ და ქონება 12 ოქტომბერს 2 მილიონ 856 ათას ლარად შეიძინა.

აუქციონის პირობების თანახმად, „ბიზნეს დეველოპმენტი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის ვადაში აქ ააშენოს არანაკლებ 150-ნომრიანი სასტუმრო, ავტოსადგომით, ღია და დახურული ტიპის აუზებით, კვების ობიექტებით, გამაჯანსაღებელი სპაცენტრით. აღნიშნულ პროექტში კომპანიამ არანაკლებ 30 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

რვა ოჯახი ქობულეთში, ყოფილი სკოლის შენობაში შეიჭრა

ქობულეთში, სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლის ყოფილ შენობაში რვა ოჯახი შეიჭრა. შენობაში არც წყალია, არც ელექტროენერგია და არც კარ-ფანჯარა. შეჭრილები ამბობენ, რომ მათი ეს ნაბიჯი მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა და ყველას თავ-თავისი ისტორია აქვს. რამდენიმე წარმომადგენელი დღეს ქობულეთის პოლიციაში დაკითხეს.

„ჯერ მოვიდა სოფლის გამგებელი რუსლან ანთაძე, ცუდად არაფერი უთქვამს. დაგვპირდა, თუ რამე შეგვეძლება, გავაკეთებთო. მერე მოვიდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი და გვითხრა, პოლიციელი ვარო. წაგვიყვანეს სამი ქალი პოლიციის განყოფილებაში და დაგვკითხეს” – ამბობს „ბათუმელებთან“ ვარდო მოწყობილი.

ვარდო მოწყობილის ოჯახი მარტვილიდანაა. მისი თქმით, ოჯახში „ბევრი დაგროვდნენ“ და იძულებული გახდა, ქობულეთში გადმოსახლებულიყო: „შევთანხმდით, რომ სახლს მოვუვლიდი და ქირის გადახდა არ მომიწევდა. ახლა სახლის პატრონმა ქირა მომთხოვა და ქუჩაში დავრჩი მცირეწლოვან შვილებთან ერთად. აქ ზოგიერთი ეკომიგრანტი ოჯახია წალკიდან, ვინც ასევე ქირის გადახდა ვეღარ შეძლო და აჭარაში დაბრუნდა“.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას ამ მოქალაქეების გამოკითხვის შესახებ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მათ შენობის დაცლისთვის ვადა ხვალამდე მისცეს “გავითვალისწინეთ ამ ოჯახების მძიმე სოციალური მდგომარეობა. მათ შორის რამდენიმე ფეხმძიმე ქალია. თუკი ისინი ნებაყოფლობით არ დატოვებენ შენობას, მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ ზომებს” – განმარტავენ შსს-ს პრესსამსახურში.

კომენტარს არ აკეთებენ ქობულეთის გამგეობასა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ამ უწყებათა პრესსამსახურებში გვითხრეს, რომ ყოფილი სკოლის შენობა ბობოყვათში ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ეკუთვნის და ისინი ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.

ბობოყვათში, ყოფილი საჯარო სკოლის შენობა, რამდენიმე მეტრითაა დაშორებული ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიას. რეზიდენცია [149 796 კვ/მ მიწის ნაკვეთი, 4 662,21 კვ/მ შენობა-ნაგებობები და მათში განთავსებული მოძრავი ქონება] შარშან, საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს გადასცა საკუთრებაში.

 

 

ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდი დარბაზი დღეს მოქალაქეებმა სრულად შეავსეს. სავსე იყო სასამართლო დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილი სპეციალური, გისოსებიანი ადგილიც – პროკურატურა ხულიგნობას ხუთ პირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ სლოტკლუბში ბრალდებულები არ შეუშვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად სლოტკლუბის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რაზედაც სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარის ადვოკატის, დავით ჯაფარიძის მტკიცებით, რამდენიმე პოლიციელმა და გამომძიებელმა სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება არ უნდა მისცეს. ამავე სხდომაზე მოწმე ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლებმა სასამართლოს საქმის დეტალები გააცნეს.

ხუთი ბრალდებულიდან სამი მიმალვაში იმყოფებოდა. ხუთივე ადასტურებს დაპირისპირებისa და დაცვის თანამშრომლების ცემის ფაქტს, მაგრამ მათი განმარტებით, ეს არ იყო ხულიგნობა და ბრალდებულები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ [სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.]

დაცვის მხარის კიდევ ერთი ადვოკატი, მზია დიასამიძე ამბობს, რომ მუხლი უნდა შეიცვალოს და ბრალდებულები სსკ-ის 125-ე მუხლით უნდა გასამართლდნენ, რაც ცემას გულისხმობს: „ჩვენ ამ შუამდგომლობით უკვე მივმართეთ სასამართლოს. იმედია, მოსამართლე ამ მოთხოვნას და ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მზია დიასამიძემ.

კანონის მიხედვით, ცემა მხოლოდ ჯარიმით ან საზოგადოებითვის სასარგებლო შრომით ისჯება, ხულიგნობა კი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს 2-დან 5-წლამდე, როცა დანაშაული წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი. ამ საქმეში პროკურატურა სწორედ ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება ბრალდებულებს.

ხულიგნობა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში

უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს

უმაღლესი საბჭოუმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს.

პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა.

პირველი კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის საკითხთან დაკავშირებით მოქმედი კანონით გათვალისწინებული რეგულაცია არ იძლევა მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფორმულირებას და ტოვებს ნორმის არაერთგვაროვნად გაგებისა და განმარტების შესაძლებლობას. ამასთანავე, კანონის მოქმედი რედაქცია მთავრობის თავმჯდომარის მიერ უსკოს თავმჯდომარეობის მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას ითვალისწინებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უსკოს წევრი, ასევე უსკოს თავმჯდომარის კონკურსის წესი, პირობები და შერჩევის მექნიზმი იდენტურია უსკოს წევრის მიმართ კანონით გათვალისწინებული წესებისა, მიზანშეწონილია, რომ მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოსათვის მოხდეს უსკოს თავმჯდომარეობის არა მხოლოდ ერთი უალტერნატივო კანდიდატურის წარმოდგენა, არამედ უმაღლეს საბჭოს ჰქონდეს მეტი არჩევანის შესაძლებლობა და უსკოს წევრის კანდიდატურის მსგავსად, უსკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის თავმჯდომარემ წარმოადგინოს ორი კანდიდატი,“ – ნათქვამია კანონპროექტში.

პროექტის მიხედვით, კანონპროექტის მიღების მიზეზს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ კანონი უსკოს თავმჯდომარის/წევრის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებისას არ ითვალისწინებს მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობას: „ჩვენი აზრით, აღნიშნული შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებით კომისიის საქმიანობა გახდება გაცილებით ეფექტური და მის მიმართ მეტი იქნება სანდოობის ხარისხიც.“

პროექტის ავტორების მოსაზრებით, საკონკურსო კომისია სამთავრობო პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით 50- 50-ზე უნდა დაკომპლექტდეს:

„ კომისიის შემადგენლობის ნახევარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომლებსაც უსკოს თავმჯდომარის/წევრის კონკურსის გამოცხადებამდე ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება გააჩნიათ და საზოგადოებაში სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით. თუ ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები უარს განაცხადებენ კომისიაში საქმიანობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკონკურსო კომისიას აკომპლექტებს საკუთარი შეხედულებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.“

კითხვაზე, როგორ უნდა განსაღვროს მთავრობამ გამოცდილების მეტნაკლებობა თუ კომისიაში შესვლის სურვილი ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა ან როგორ უნდა განსაზღვროს ვინ სარგებლობს მაღალი რეპუტაციით? – პროექტის ერთ-ერთი ავტორი თემურ კახიძე პასუხობს – „ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს, შეიძლება იქ სუბიექტური მომენტებიც იყოს, მაგრამ გამოცდილების გათვალისწინებაა აუცილებელი და ჩვენ ამ მხრივ სათქმელი გვენება.“

თემურ კახიძის ინფორმაციით, პროექტის პირველადი ვარიანტი „საიას“ აჭარის ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ , „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ უკვე განიხილეს და პროექტში მათი შენიშვნები გათვალისწინებულია.

მერაბ აბაშიძის ინიციატივა კი, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევას 50+1- ის პრინციპით ითვალისწინებს. კანონპროექტების განხილვა ხვალ, 4 მაისს, ბიუროს სხდომაზეა დაგეგმილი.

Exit mobile version