მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს

03.05.2016 • 1569
უმაღლესი საბჭო საარჩევნო კანონში ცვლილებებს განიხილავს

უმაღლესი საბჭოუმაღლესი საბჭო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით ორ კანონპროექტს განიხილავს.

პირველი უსკოს თავმჯდომარისა და წევრის შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის ავტორები ფრაქცია „თავისუფლალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე და „ნაციონალური მოძრაობიდან“ პეტრე ზამბახიძე არიან. მეორე ცვლილება უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევის წესის შეცვლას გულისხმობს და მისი ავტორი ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი მერაბ აბაშიძეა.

პირველი კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ უსკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის საკითხთან დაკავშირებით მოქმედი კანონით გათვალისწინებული რეგულაცია არ იძლევა მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ფორმულირებას და ტოვებს ნორმის არაერთგვაროვნად გაგებისა და განმარტების შესაძლებლობას. ამასთანავე, კანონის მოქმედი რედაქცია მთავრობის თავმჯდომარის მიერ უსკოს თავმჯდომარეობის მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას ითვალისწინებს.

„იმის გათვალისწინებით, რომ უსკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის უსკოს წევრი, ასევე უსკოს თავმჯდომარის კონკურსის წესი, პირობები და შერჩევის მექნიზმი იდენტურია უსკოს წევრის მიმართ კანონით გათვალისწინებული წესებისა, მიზანშეწონილია, რომ მთავრობის თავმჯდომარის მიერ კანონის მე-13 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოსათვის მოხდეს უსკოს თავმჯდომარეობის არა მხოლოდ ერთი უალტერნატივო კანდიდატურის წარმოდგენა, არამედ უმაღლეს საბჭოს ჰქონდეს მეტი არჩევანის შესაძლებლობა და უსკოს წევრის კანდიდატურის მსგავსად, უსკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის თავმჯდომარემ წარმოადგინოს ორი კანდიდატი,“ – ნათქვამია კანონპროექტში.

პროექტის მიხედვით, კანონპროექტის მიღების მიზეზს ასევე წარმოადგენს ის გარემოება, რომ კანონი უსკოს თავმჯდომარის/წევრის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დაკომპლექტებისას არ ითვალისწინებს მასში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის შესაძლებლობას: „ჩვენი აზრით, აღნიშნული შესაძლებლობის საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებით კომისიის საქმიანობა გახდება გაცილებით ეფექტური და მის მიმართ მეტი იქნება სანდოობის ხარისხიც.“

პროექტის ავტორების მოსაზრებით, საკონკურსო კომისია სამთავრობო პირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით 50- 50-ზე უნდა დაკომპლექტდეს:

„ კომისიის შემადგენლობის ნახევარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლებით უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომლებსაც უსკოს თავმჯდომარის/წევრის კონკურსის გამოცხადებამდე ჩატარებულ ბოლო საერთო არჩევნებზე დაკვირვების გამოცდილება გააჩნიათ და საზოგადოებაში სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით. თუ ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები უარს განაცხადებენ კომისიაში საქმიანობაზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საკონკურსო კომისიას აკომპლექტებს საკუთარი შეხედულებით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კომისიის შემადგენლობაში საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარს.“

კითხვაზე, როგორ უნდა განსაღვროს მთავრობამ გამოცდილების მეტნაკლებობა თუ კომისიაში შესვლის სურვილი ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა ან როგორ უნდა განსაზღვროს ვინ სარგებლობს მაღალი რეპუტაციით? – პროექტის ერთ-ერთი ავტორი თემურ კახიძე პასუხობს – „ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს აქვს, შეიძლება იქ სუბიექტური მომენტებიც იყოს, მაგრამ გამოცდილების გათვალისწინებაა აუცილებელი და ჩვენ ამ მხრივ სათქმელი გვენება.“

თემურ კახიძის ინფორმაციით, პროექტის პირველადი ვარიანტი „საიას“ აჭარის ორგანიზაციამ, „სამართლიანმა არჩევნებმა“ , „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ და „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ უკვე განიხილეს და პროექტში მათი შენიშვნები გათვალისწინებულია.

მერაბ აბაშიძის ინიციატივა კი, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარის არჩევას 50+1- ის პრინციპით ითვალისწინებს. კანონპროექტების განხილვა ხვალ, 4 მაისს, ბიუროს სხდომაზეა დაგეგმილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: