მთავარი,სიახლეები

ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში

03.05.2016
ხულიგნობაში ბრალდებულების საქმე ბათუმის სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დიდი დარბაზი დღეს მოქალაქეებმა სრულად შეავსეს. სავსე იყო სასამართლო დარბაზში ბრალდებულისთვის განკუთვნილი სპეციალური, გისოსებიანი ადგილიც – პროკურატურა ხულიგნობას ხუთ პირს ედავება. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის დეკემბერში ბათუმის ერთ-ერთ სლოტკლუბში ბრალდებულები არ შეუშვეს, რასაც ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად სლოტკლუბის დაცვის რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, რაზედაც სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების უდავოდ ცნობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარის ადვოკატის, დავით ჯაფარიძის მტკიცებით, რამდენიმე პოლიციელმა და გამომძიებელმა სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება არ უნდა მისცეს. ამავე სხდომაზე მოწმე ბათუმის პოლიციის მე-3 განყოფილების გამომძიებლებმა სასამართლოს საქმის დეტალები გააცნეს.

ხუთი ბრალდებულიდან სამი მიმალვაში იმყოფებოდა. ხუთივე ადასტურებს დაპირისპირებისa და დაცვის თანამშრომლების ცემის ფაქტს, მაგრამ მათი განმარტებით, ეს არ იყო ხულიგნობა და ბრალდებულები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ [სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, ან ძალადობის მუქარით.]

დაცვის მხარის კიდევ ერთი ადვოკატი, მზია დიასამიძე ამბობს, რომ მუხლი უნდა შეიცვალოს და ბრალდებულები სსკ-ის 125-ე მუხლით უნდა გასამართლდნენ, რაც ცემას გულისხმობს: „ჩვენ ამ შუამდგომლობით უკვე მივმართეთ სასამართლოს. იმედია, მოსამართლე ამ მოთხოვნას და ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მზია დიასამიძემ.

კანონის მიხედვით, ცემა მხოლოდ ჯარიმით ან საზოგადოებითვის სასარგებლო შრომით ისჯება, ხულიგნობა კი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს 2-დან 5-წლამდე, როცა დანაშაული წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ არის ჩადენილი. ამ საქმეში პროკურატურა სწორედ ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას ედავება ბრალდებულებს.

ხულიგნობა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: