მოქალაქეების ინფორმაციით, 14 მაისს, ღამით, შერიფ ხიმშიაშვილის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ოთხი ლიფტის სალაროებიდან ფული მოიპარეს.
„წუხელ ღამით ოთხი ლიფტი გატეხეს. ლიფტის ფული ამოიღეს და ლიფტი აღარ იმუშავებს. პოლიციაც გამოვიძახეთ და ვნახოთ“, – ამბობს კორპუსში მცხოვრები თამუნა კაკაბაძე.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პირველი აპრილიდან საჯარო სკოლების პედაგოგებს ხელფასები გაუზარდა. ხელფასების ზრდა 2017 წლის იანვარშიც იგეგმება. რა მდგომარეობაა ბათუმში მოქმედ კერძო სკოლებში და შეიცვალა თუ არა იქ დასაქმებულ პედაგოგთა ხელფასები?
იმ მასწავლებელთა და დირექციის წარმომადგენელთა შორის, რომლებსაც „ბათუმელები“ ესაუბრა, კონკრეტული ციფრები – ხელფასის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა, – მხოლოდ „მომავლის სკოლის“ დირექტორმა ცირა ქასრაძემ დაასახელა. მისი თქმით, „მომავლის სკოლის“ პედაგოგთა მინიმალური ანაზღაურება საათში 6 ლარი, ხოლო მაქსიმალური _ 15 ლარია: „ამ ეტაპზე ხელფასების ზრდა არ მომხდარა, თუმცა ჩვენს სკოლაში არსებული ანაზღაურება უკვე შეესაბამებოდა საჯარო სკოლებში გაზრდილ ხელფასებს“.
ბათუმის საერო ელიტარული სკოლა „გორდას“ დირექტორის ნინო მურვანიძის თქმით: „მაქსიმალური ხელფასი კონფიდენციალურია და არც მე, არც თქვენ და არც სხვას, არ აქვს უფლება ამის გამჟღავნების. პედაგოგები კატეგორიების მიხედვით რაც უნდა იყოს, მთავრობის დადგენილების თანახმად, ზუსტად ისე იღებენ, როგორც საჯარო სკოლაში“. ამ სკოლის ბიუჯეტის 80-85% სახელფასო ფონდს შეადგენს [პრემიისა და წამახალისებელი ხარჯების ჩათვლით]. „გორდაში“ 359 მოსწავლე ირიცხება.
შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ სასწავლო აღმზრდელობით დარგში ნათია მაკარაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში აღნიშნა, რომ ის არ ფლობს ინფორმაციას საჯარო სკოლების პედაგოგთა ხელფასების შესახებ და ვერ შეადარებს. ამასთან არ ფლობს ინფორმაციას თავად შაჰინის სკოლის პედაგოგთა მაქსიმალური და მინიმალური ხელფასების ოდენობის შესახებ. „ჯერჯერობით ცვლილება არ ყოფილა ხელფასებთან დაკავშირებით, ანუ ეს სახელფასო დანამატი ჩვენ არ აგვიღია“, – ამბობს ნათია მაკარაძე. მისივე თქმით, სკოლა-ლიცეუმში 416 მოსწავლე სწავლობს.
მირანდა თურმანიძე საჯარო სკოლის პედაგოგია. იგი მანამდე კერძო სკოლაში მუშაობდა. მისი თქმით, კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ სხვა კერძო სკოლებისგანაც ჰქონდა შეთავაზება, თუმცა ხელფასი საჯარო სკოლის შეთავაზებასთან შედარებით 20-30 ლარით დაბალი იყო. მან საჯარო სკოლაში მუშაობა ამჯობინა, იმ მოტივაციით, რომ საჯარო სკოლებში პედაგოგთა უფლებები მეტადაა დაცული და „ყველაფერში დამნაშავე მასწავლებელი არ გამოდის“.
მზია ცხომელიძემ კი, სკოლა „ევრო 2000“-ის მასწავლებელმა საჯარო სკოლაში მუშაობაზე დაბალი ხელფასის გამო თქვა უარი. მისი თქმით, საჯარო სკოლიდან 5-6 წლის წინ წამოვიდა და 150 ლარით მაღალი ხელფასი აქვს კერძო სკოლაში. იგი ამბობს, რომ საჯარო სკოლაში არც ხელფასების მატების შემდეგ დაბრუნდება: „კერძო სკოლაში საათების რაოდენობა მეტია, საჯარო სკოლებში კი ერთ მასწავლებელს შეიძლება მოუწიოს 5-6 ან მაქსიმუმ 10 საათი. კერძო სკოლაში მე მიწვეული მასწავლებელი ვარ და ეს პრობლემა არ მაქვს“.
სკოლა „ნიკეს“ პედაგოგი, კესო ბორჩხაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მისთვის ცნობილია ისეთი პედაგოგები, რომლებიც კერძო სკოლებში დაბალ ანაზღაურებას იღებენ და ისეთებიც, რომელთა ანაზღაურებაც მაღალია. შესაბამისად, ეს დამოკიდებულია სკოლაზე. კესო ბორჩხაძემ რაოდენობის დაკონკრეტება არ ისურვა. ამბობს, რომ დედის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლის მასწავლებელია, ახლახან „წამოეწია~ თავისას და არჩევანის წინაშე რომ იყოს, მაინც კერძო სკოლას არჩევდა, „რადგან იქ მოსწავლეთა კონტინგენტი ნაკლებია და მასწავლებელს მაქსიმალური შედეგის მიღწევა უფრო უადვილდება“.
რესპონდენტებმა „ბათუმელებთან“ საუბარში ისიც აღნიშნეს, რომ სერტიფიცირებასთან დაკავშირებული და სხვა რიგი გადასამზადებელი კურსები კერძო სკოლებისთვის ფასიანია. ზოგიერთი კერძო სკოლა მთლიანად ან ნაწილობრივ აფინანსებს ამ კურსებს.
ამასთან, ყველა თანხმდება, რომ სერტიფიცირება, რომელიც სავალდებულოა საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის, თანდათან სავალდებულო მოთხოვნად იქცევა კერძო სკოლებშიც. ამბობენ იმასაც, რომ თუ კადრს აქვს გამოცდილება და შესაბამისი პროფესიონალიზმი, სერტიფიცირების გამო შესაძლოა სკოლამ უარი არ უთხრას მას, რადგან მასწავლებლებს ჯერ კიდევ აქვთ დრო სერტიფიცირების გავლისთვის და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვისთვის. სქემა წელს საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე მიღებული კატეგორია მასწავლებლებს უნარჩუნდებათ.
პედაგოგთა სულ ოთხი კატეგორიაა: პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი პედაგოგი. მენტორი პედაგოგები საქართველოს ამ დროისთვის არ ჰყავს. წამყვანი პედაგოგის სტატუსი ენიჭება სერტიფიცირებული დოქტორის ხარისხის მქონე პედაგოგს. ყველა სერტიფიცირებულ პედაგოგს მიენიჭა უფროსი პედაგოგის კატეგორია, დანარჩენ მასწავლებლებს კი პრაქტიკოსის სტატუსი აქვთ. სწორედ ამ დიფერენციაციის მიხედვით იცვლება ხელფასები საჯარო სკოლებში.
ბათუმის შემოვლითი გზა, ძირითადად, არსებული პროექტით აშენდება, თუმცა, გადამოწმდება და განახლდება განსახლებისა და მიწის გამოსყიდვის გეგმა. სიების გადამოწმება დაწყებულია. არის ოჯახები, რომლებიც აცხადებენ, რომ არსებული პროექტით ავტობანის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდებიან.
„თითქმის ყველა ინსტანციას მივმართეთ – ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, აჭარის მთავრობას, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობას თბილისში… ოფიციალური პასუხი ვერავისგან მივიღეთ“, – ამბობს მახინჯაურში მცხოვრები მირანდა ნაკაშიძე. მისი თქმით, მისი და კიდევ რამდენიმე ოჯახისთვის ავტობანის აშენების შემდეგ იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდება.
„იმ ზოლიდან, სადაც ავტობანი უნდა აშენდეს, სამი ოჯახი, ვინც სიაში არ ვართ, 11 მეტრით ვართ დაშორებული [სახლებთან ახლოს ხიდი კეთდება]. ამბობენ, რომ გზის პროექტი არ შეიცვლება. თუ ეს მართალია, ხიდთან 11 მეტრში, მაგისტრალის ქვეშ ცხოვრება ჩვენთვის შეუძლებელი იქნება“, – ამბობს თამარ ნაკაშიძე.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ელოდებიან განსახლების გადამოწმებულ გეგმას, რის შემდეგაც განიხილავენ ნებისმიერ პრეტენზიას.
„ამ ეტაპზე არ არის შემოსული განსახლების განახლებული პროექტი. აქედან გამომდინარე, თუ ვის ეკუთვნის კომპენსაცია და ვის არა, ვერ ვისაუბრებთ. როდესაც პროექტირება დასრულდება, გვექნება საშუალება ვისაუბროთ ვის ეკუთვნის კომპენსაცია“, – უთხრეს „ბათუმელებს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
კითხვაზე, რამდენ მეტრზე ვრცელდება ზემოქმედების არეალი – სამინისტროში ზოგადად პასუხობენ: „არსებობს საერთაშორისო ავტობანის სტანდარტები, რომლითაც ვხელმძღვანელობთ მშენებლობის პროცესში“.
განსახლების გეგმის განახლებაზე ამჟამად კომპანია „გეოგრაფიკი“ მუშაობს. კომპანიაში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ ისინი სწავლობენ მხოლოდ იმ ე.წ. „ბუფერულ ზოლს“, რომელიც მათ გზების დეპარტამენტმა მიაწოდა.
„ამ ზოლში მოხვედრილ ნებისმიერ ოჯახს, თუ მიწის ნაკვეთს გადავამოწმებთ, მაგრამ თუ ოჯახი ბუფერულ ზოლში არ ხვდება, მას ვერ გადავამოწმებთ. თავად დეპარტამენტმა უნდა გვითხრას, რომ დამატებით შევისწავლოთ ესა თუ ის ოჯახი ან ნაკვეთი“, – აღნიშნა სატელეფონო საუბარში „გეოგრაფიკის“ წარმომადგენელმა მალხაზ ხურციძემ.
„ყველაფერი უნდა იყოს შესწავლილი. სიაში ასე განცხადებებით ვერ შევიყვანთ ხალხს. ყველა მოსახლე იქნება შესწავლილი. რაც შეეხება პრეტენზიებს, ამ მოქალაქეების განცხადება ჩემთანაც არის შემოსული. ამ დღეებში სპეციალურად უნდა ჩავიდე თბილისში და პასუხსაც გავცემთ. ამ ეტაპზე, ეკუთვნის კომპენსაცია თუ არა – ამ ადამიანებს პასუხს ვერავინ გასცემს, ზუსტი აზომვები არ გვაქვს“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციის ხელმძღვანელმა ზურაბ სიხარულიძემ.
მისივე თქმით, ქობულეთის გზის მშენებლობის პროცესში უყურადღებოდ დეპარტამენტს არავინ დაუტოვებია: „შემიძლია გაჩვენოთ დამატებითი სიები და ისიც თუ რამდენზე გაიცა დამატებით კომპენსაცია მშენებლობის პროცეში. ქობულეთში საბოლოოდ 560 ოჯახზე გაიცა კომპენსაცია“.
ზურაბ სიხარულიძის თქმით, ის ამ დღეებში განსახლების დეპარტამენტიდანაც ელოდება სპეციალისტებს: „წინასწარ ნერვიულობენ – სახლი დაიბზარება, გზა არ გვექნება… ერთი ადამიანიც კი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ, ყველას სიტუაცია განვიხილეთ. ექვსი ადამიანი დავობს დღეს – ხიდთან 11-20 მეტრში ვცხოვრობთო. არის კომუნისტების დროინდელი კანონი, სადაც წერია 50 მეტრი, მაგრამ, არის 25 მეტრიც, სადაც უნდა გაუკეთო ხმაურის დამხშობი [მაგალითად, 10-მეტრიანი ხეები უნდა დაირგოს], მტვრისგან დამცავი, დაჯახების შემანელებელი და გადმოვარდნის საწინააღმდეგო ბორდიურები კი ისედაც კეთდება ხიდებზე“.
მალხაზ ხურციძის თქმით, ბუფერული ზოლის სიგანე ზოგან 25, ზოგან 70 მეტრია. რაც შეეხება ზოლს მიღმა ტერიტორიას, ზემოქმედების ხარისხის დადგენა გარემოს დაცვის სამსახურების კომპეტენციაა [„გეოგრაფიკი“ განსახლების გეგმის საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ამოწმებს, რაშიც დეპარტამენტი 285 ათას ლარს გადაუხდის. გადამოწმება აგვისტოში უნდა დასრულდეს].
ქობულეთის მშენებარე [წითელი] და ბათუმის დაგეგმილი [ლურჯი] ასაქცევი გზაჩაქვის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში მაგისტრალი დაახლოებით ასეთი მარშრუტით გაივლის – მწვანე კონცხი, მახინჯაური, სალიბაური, სამება, განახლება, მახვილაური და მეჯინისწყალი [რა ადგილზე გადაკვეთს მდინარე ჭოროხს ავტობანი არ არის დაზუსტებული].
ბათუმის ასაქცევი გზის პირველ მონაკვეთზე [მახინჯაურიდან ჭოროხამდე] აშენდება 25 ხიდი, რომელთაგან სამი სატრანსპორტო კვანძებში იქნება განლაგებული; 5 კვანძი; 5 გვირაბი და მშენებლობისთვის საჭირო გვირაბები. ტრასის ჩვეულებრივი სიგანე 40 მეტრია, გარდა კვანძებზე, გვირაბებსა და ხიდებზე გამავალი მონაკვეთებისა. ხიდები გეგმის მიხედვით ორზოლიანია, მაგრამ მომავალში გაფართოვდება 4 ზოლამდე. ხიდების საშუალო სიგრძე შეადგენს 30 მეტრს [12-დან 50 მეტრამდე], ხოლო სიგანე – 15 მეტრს.
აჭარაში [48,4 კმ სიგრძის] ქობულეთისა და ბათუმის ასაქცევი გზების მშენებლობა აზიის განვითარების ბანკიდან მიღებული სესხით [500 მილიონი აშშ დოლარი] დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ბანკის სათავო ოფისიდან წარმომადგენლებს თბილისში ამ თვეში ელოდებიან.
აჭარის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა არც ისე ცოტაა. ექვსი ათასზე მეტი ადამიანი მხოლოდ აფხაზეთიდან დევნილია, ეკომიგრანტ ოჯახთა სტატისტიკა კი ჯერ კიდევ არ არსებობს. წლებია ამ ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას სახელმწიფო ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს, დევნილებს ყოველთვიურად მიზერული დახმარება ერგებათ, ამიტომ მათი უმეტესობა სოციალურად დაუცველთა კატეგორიაშია.
წლების განმავლობაში იძულებით გადაადგილებული პირები ცდილობენ ოჯახები ფინანსურად უზრუნველყონ, თუმცა მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და ქვეყანაში უმუშევრობის გათვალისწინებით, ეს საკმაოდ რთულია მათთვის.
ნანა ლეჟავაც დევნილია. იგი თამარის დასახლებაში, სადაც 3000 დევნილისთვის სახელმწიფომ კორპუსები ააშენა, 2012 წლიდან ცხოვრობს. ნანა გვიყვება, რომ წლებია ნამცხვრის ცხობით ირჩენს თავს: „ხოფის ბაზრობაზე ვვაჭრობდი, იქ ერთი ქალი ნამცხვრებს ყიდდა ყოველდღიურად. ერთხელ მეც ვიყიდე და როცა გავსინჯე, გავიფიქრე, ამაზე უკეთესად მე გამოვაცხობ ნამცხვრებს-მეთქი. მეორე დღეს გამოვაცხვე ნამცხვარი და წავიღე გასაყიდად. მოეწონათ, ხშირად მიკვეთავდნენ და ყიდულობდნენ ჩემგან ნამცხვრებს. ასე აეწყო ჩემი პატარა ბიზნესი, რომელსაც ისეთი მწირი შემოსავალი ჰქონდა, რომ ოჯახის ელემენტარულ ხარჯებს ძლივს ვწვდებოდი. ელექტროენერგიის ფასმა რომ მოიმატა, მაშინ გავაჩერე ცხობა, ძალიან დიდი გადასახი მქონდა და გადავწყვიტე, როგორმე გაზის ქურა მეშოვა. ეს კი ჩემი ფინანსური რესურსით შეუძლებელი იყო“.
მსგავსი ისტორია აქვს რიტა ბოჯგუასაც. იგი ნანას მეზობელია, ისიც ვაჭრობით ირჩენდა თავს, თუმცა არასაკმარისი ტექნიკური საშუალებების გამო მისი შემოსავალი ხარჯებს ძლივს წვდებოდა.
ქალბატონები იხსენებენ, რომ რამდენიმე თვის წინ მათთან ჰუმანიტარული ცენტრიდან, „აფხაზეთიდან“ მივიდნენ. ორგანიზაციის წევრებმა მათ ბიზნესიდეების დაფინანსებაში ან უკვე არსებული ბიზნესის გაფართოებაში დახმარება შესთავაზეს. ამასთან, ბიზნესპროექტების დაწერაშიც გაუწევდნენ კონსულტაციას.
„გაგეცინებათ და, თავიდან ვერაფრით დავიჯერეთ, რომ ასე უსასყიდლოთ დაგვეხმარებოდნენ. ეჭვის თვალით ვუყურებდით, ვეკითხებოდით ბიზნესიდეას რა პროცენტში დაგვიფინანსებდნენ და ა.შ. რაღაც ბანკის მსგავსი გვეგონა. ვერც კი წარმოგვედიგინა, რომ შესაძლებელია პროექტი დაწერო და ბიზნესიდეა დაგიფინანსონ. ისიც არ ვიცოდით, როგორ უნდა დაგვეწერა ან სად უნდა შეგვეტანა. რაღაცა პერიოდის შემდეგ კი ნდობა გაძლიერდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენმა ერთმა მეზობელმა ბიზნესპროექტი შეიტანა და დაუფინანსეს“, – იხსენებს ნანა ლეჟავა.
„ამის შემდეგ ყველა ჩავერთეთ საქმეში, დავიწყეთ ოფისში სიარული, სადაც არაჩვეულებრივი ადამიანები დაგვხვდნენ. ისინი ყველაფერში გვეხმარებოდნენ, გვასწავლიდნენ რა შემთხვევაში იქნებოდა ბიზნესი მომგებიანი, როგორ უნდა დაგვეწერა ეს გეგმა, როგორ დავრეგისტრირებულიყავით ოფიციალურად. ახლა უკვე ინდმეწარმე ვარ და 4 სახის აჯიკას ვაწარმოებ, ვაფასოებ და ისე ვაწვდი მომხმარებელს. ძალიან მოსწონთ რესტორნებში, სადაც ჩემს ნაწარმს ვაბარებ. ადრე ხელით მცირე რაოდენობის, ერთი სახის აჯიკას ვაკეთებდი. ახლა ავიღე გრანტი, ვიყიდე ელექტროსატარებლები, გავარემონტე სახლის ერთი ოთახი, სხვა ტექნიკაც შევიძნე და უკვე შემიძლია იმდენი პროდუქტი ვაწარმოო, რამდენსაც შემიკვეთავენ და რა სახისაც“, – ამბობს რიტა.
რიტამ და ნანამ, სხვა მეზობლებთან ერთად, გრანტის სახით 500-500 ევრო მიიღეს და ამ თანხით საჭირო ინვენტარი შეიძინეს. ამბობენ, რომ ეს მათი საქმისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი იყო და მომავალშიც აპირებენ სხვადასხვა ორგანიზაციის გრანტებით ისარგებლონ.
რიტა ბოჯგუა და ნანა ლეჟავა ჰუმანიტარული ორგანიზაცია „აფხაზეთის“ ბენეფიციარები არიან. ინფორმაციას სხვადასხვა გრანტის შესახებ მათ ორგანიზაციის „ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში“ აწვდიან, რომელიც ბათუმში, კ. გამსახურდიას ქუჩაზე მდებარეობს. აქ მისულ ნებისმიერ დევნილს, ეკომიგრანტს, შშმ ომის ვეტერანს და ბათუმელებს, რომლებიც მათ დაასაქმებენ, ყველა სახის კონსულტაციას გაუწევენ.
„ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი“ ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი – „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას ევროკავშირი უწევს. პროექტის- „დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობაა, გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების უზრუნველყოფით. პროექტის ფარგლებში დევნილებისთვის და ბათუმელებისთვის, როგორც მასპინძელი თემის წევრებისთვის, სამი ტიპის ბიზნესგრანტი გაიცა, 2000 და 4000 ევროს ღირებულების.
„ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი“ აგრძელებს მუშაობას. მისი მიზანია, საარსებო წყაროების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სათემო ორგანიზაციების გაძლიერება. ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში გრანტების გაცემა დასრულდა, თუმცა „ბიზნეს საინფორმაციო ცენტს“ აქვს მონაცემთა ბაზა, სადაც შესულია ინფორმაცია ყველა გრანტის გამცემი ორგანიზაციის შესახებ, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის.
„ბიზნეს საინფორმაციო ცენტრში“ კონსულტაციას უწევენ იქ მისულ მცირე ბიზნესიდეების მქონე პირებს და აწვდიან ბაზას, სადაც განთავსებულია ინფორმაცია გრანტებსა თუ კონკურსებზე.
ასე რომ, თუ თქვენ დევნილი, ეკომიგრანტი, შშმ ომის ვეტერანი ან უბრალოდ ბათუმელი ბრძანდებით, შეგიძლიათ ამ მომსახურებით უფასოდ ისარგებლოთ და თქვენი მცირე ბიზნესის გაფართოებისთვის ან ახალი ბიზნესიდეის განხორციელებისთვის ყველა სახის დახმარება და ინფორმაცია მიიღოთ.
ბათუმის ბიზნეს საინფორმაციო ცენტრი მის: ქ. ბათუმი, გამსახურდიას ქ. 13 ტელ.: +995 593 730 293 / +995 592 908 258
პროექტის ჩარჩო ინფორმაცია: საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით ახორციელებს პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“. ქ. ბათუმში ცენტრი „აფხაზეთის“ პარტნიორია ორგანიზაცია ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, რომელიც მართავს ბიზნეს საინფორმაციო ცენტრს.
ბათუმის ნავმისადგომთან, გოგებაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერში მდებარე მრავალწლოვანი დეკორატიული მცენარეები ხმება. მცენარეთა ვარჯის ზოგი ნაწილი ფაქტობრივად უკვე გამხმარია.
„ესენია ტუიას მსგავსი ხამეციპარისები, საბაღე მცენარეები, რომლებიც ბათუმის კლიმატური პირობებისთვის შეუფერებელია და ასეთ ნესტიან ჰავას ვერ ეგუებიან. სწორედ ეს არის ხმობის მიზეზი, თან ზღვასთან ახლოს არის დარგული. ამდენად, ასეთი დაავადება არაადაპტირებად მცენარეებში ძნელად განკურნებადია. ესენი დაირგო ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს, თუ არ ვცდები თბილისელი სპეციალისტების მიერ. თითქოს შეეგუა კიდეც გარემოს, თუმცა, რამდენიმე ძირი ადრეც გახმა და ჩავანაცვლე. ამჯერად გამოწერილი მაქვს სპეციალური საშუალება, კვირაში ორჯერ ვახდენ შეწამლვას და ვცდილობ როგორმე გადავარჩინო“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ეთერ მაჭუტაძემ.
მისივე თქმით, მცენარეების ხმობის მიზეზი მხოლოდ კლიმატია და გამორიცხულია მცენარეების ხელოვნური დაზიანება. ეთერ მაჭუტაძე ასევე აცხადებს, რომ მცენარეების დაავადება არანაირად არ უკავშირდება ნავმისადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
ბათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძებათუმის ნავსადგურთან დეკორატიული მცენარეები ხმება / ფოტო: თორნიკე თავაძე
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს 19:00 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 543 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის ყველაზე ბევრი – 426 ადამიანი პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 70 – ნიშანში დგომისთვის, 32 – ტროტუარზე დგომის გამო, 13 დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 2 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.
ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს 2002 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4 371.535 იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 13 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა 657 731 ადამიანით შემცირდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები აცხადებენ, რომ საქართველოში შობადობა გაიზარდა, თუმცა მიგრაციის დონე ისევ მაღალია.
აჭარაში შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით მაღალმთიანი აჭარა გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი ხულოს მუნიციპალიტეტი. თუმცა როგორც ხულოს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ სამსახურში გვეუბნებიან, შობადობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით აქაც შემცირებულია, მაგრამ არა საგანგაშოდ.
ხულოს გამგეობის ინფორმაციით, მრავალშვილიანი ოჯახების რაოდენობა ძირითადად იმ პროგრამით განისაზღვრება, რომლის ფარგლებშიც ხუთ და მეტშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ყოველწლიურად ათასი ლარით ეხმარება. გასულ წელს ათასლარიანი დახმარება ხულოს მუნიციპალიტეტში 49 ოჯახზე გაიცა. 2016 წელს კი განაცხადი 53 ოჯახს აქვს შეტანილი.
„ათასლარიანი დახმარება გაიცემა ოჯახზე, რომელსაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავს. თუმცა 2014 წელს პროგრამა ითვალისწინებდა ოთხშვილიან ოჯახებზე დახმარებასაც,“ – ამბობს სამსახურის უფროსი, ბულბული აბაშიძე.
მისივე ინფორმაციით, იმ 53 მრავალშვილიანი ოჯახიდან, რომლებმაც გამგეობას დასახმარებლად მიმართეს, ხუთ ოჯახს შვიდი შვილი ჰყავს, დანარჩენს კი – ხუთი შვილი. გამგეობის ინფორმაციით, ხულოში სამი წლის განმავლობაში მეოთხე შვილი თანაბარი რაოდენობით დაიბადა: „2013 წელს 19 მეოთხე შვილი დაიბადა, 2014 წელსაც ამდენივე და 2015 წელსაც 19 მეოთხე შვილია დაბადებული. რაც იმას ნიშნავს, რომ სამი წლის განმავლობაში 57 მეოთხე შვილი დაიბადა,“ – ამბობს ბულბული აბაშიძე.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მიხედვით, დღეს ხულოს მუნიციპალიტეტში 23 327 კაცი ცხოვრობს. 2002 წელს კი 33 430 კაცი ცხოვრობდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მრავალშვილიანობით ცნობილი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ათი ათას ასით შემცირდა.
2016 წლიდან შობადობა წახალისებულია მთის კანონით, რომელიც პირველ და მეორე ბავშვზე 100 და 200-ლარიან ყოველთვიურ დახმარებას ითვალისწინებს მხოლოდ იმ ოჯახებზე, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ მთაში. წაახალისა თუ არა მოსახლეობა ამ ინიციატივამ, ამის შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.
სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში ახალშობილთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 56 ათასიდან 62 ათასამდეა გაზრდილი. თუმცა, როგორც საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი ამბობს, შობადობის ზრდა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობის რაოდენობის ზრდას, რადგან ქვეყანაში მაღალია მიგრაციის მაჩვენებელი: „2002 წლის მონაცემებით, საქართველოში 4 371.535 კაცი ცხოვრობდა, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით კი, 3 713 804 კაცი ცხოვრობს. ფაქტობრივად, მოსახლეობა 15%-ით, ანუ 650 ათასზე მეტი ადამიანით შემცირდა. მონაცემების მიხედვით შობადობა გაზრდილია, მაგრამ ეს იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, 90-იან წლებში დაბადებული ქალები აჩენენ ბავშვებს. როგორც კი შემცირდება ამ ქალების რაოდენობა, შობადობის ტემპებიც დაიწევს.“
პაატა შავიშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მეტი სტიმულია საჭირო, რომ წინა საუკუნის 90-იან წლებში დაბადებულმა ქალებმა ორი და მეტი შვილი გააჩინონ: „თუმცა, სოციალური ფონი თუ არ გაუმჯობესდა, მარტო შობადობა ვერ უშველის. აუცილებელია, რომ შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი საქართველოში იყოს რეალიზებული. თუ ასე არ მოხდა, გამართლდება გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგნოზი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ორ მილიონამდე შემცირებას ითვალისწინებს.“
იმას, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი გაზრდილია, სოციოლოგი, დემოგრაფი გიორგი წულაძეც ადასტურებს:
„ბუნებრივია, წინა საუკუნეებთან შედარებით შობადობა იკლებს, რადგან ქვეყანაში შეიცვალა როგორც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ქალის როლი. ადრე ქალი იჯდა სახლში და აჩენდა შვილებს. დღეს ქალის როლი და აქტიურობა გაიზარდა საზოგადოებაში და შეიცვალა დამოკიდებულებაც. ეს ისტორიული განვითარების პროცესია, შეიცვალა გარემოებებიც, რომელიც უზრუნველყოფდა მრავალშვილიანობას. მარტო სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზეც არ არის დამოკიდებული შობადობა, მთავარი ფასეულობები და მიდგომებია.“
გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე ამბობს, რომ შობადობის ზრდა საქართველოში 2007 წლიდან ფიქსირდება: „ზრდა ნიშნავს, როცა ერთი ქალი საშუალოდ ორ ბავშვზე მეტს აჩენს. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში. თუმცა, როცა მოსახლეობის დინამიკაზე ვსაუბრობთ, აქ ბევრი ასპექტია გასათვალისწინებელი. ძირითადი პოსტულატი კი არის ის, რომ აქცენტი უნდა გაკეთდეს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, რაც ქვეყნების მდგრადი განვითარების საფუძველია.“
ლელა ბაქრაძის აზრით, დემოგრაფიული პოლიტიკა ვერ იქნება ცალმხრივი და მხოლოდ შობადობაზე მიმართული. ამ პრობლემას სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს.
„ყველა კომპონენტი, იქნება ეს შობადობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, მოსახლეობის დაბერება, ავადობა თუ სიკვდილიანობა, არის ფუნდამენტური, რაც ახდენს მოსახლეობის დინამიკაზე გავლენას. ამიტომ, პარლამენტი სხვადასხვა უწყებებთან ერთად უკვე მუშაობს დემოგრაფიული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტზე, სადაც ყველა ეს კომპონენტი იქნება გათვალისწინებული,“ – ამბობს ლელა ბაქრაძე.
დემოგრაფიული პოლიტიკის დოკუმენტი, ლელა ბაქრაძის თქმით, ივნისის დასაწყისში იქნება მზად, შემდეგ კი სახელმწიფო მასზე დაყრდნობით სტრატეგიების შემუშავებას დაიწყებს: „ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს რეგიონალური განვითარების წახალისება, რომ გაჩნდეს პატარა ურბანიზაციის ცენტრები, დასაქმება და ღირსეული ცხოვრების პერსპექტივა, ადვილი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება და ა.შ. ამის გარეშე რთული იქნება როგორც მიგრაციის შეჩერება, ასევე შობადობის ზრდა“.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრაციაში 88,5 ათასი ადამიანი იმყოფება. „აქედან 45,4 პროცენტი კაცია, 54,6 პროცენტი კი – ქალი“. ემიგრირებულთა ასაკობრივი ინტერვალი 20-54 წელია. ემიგრანტებიდან ჭარბობენ 39 წლამდე კაცები, ქალები კი – 40 წელს გადაცილებულები არიან.
სერგი მესამე კლასში სწავლობს ერთ-ერთ კერძო სკოლაში. ის ამბობს, რომ ხელოვნების გაკვეთილი არ უტარდება. როცა ეკითხები, თუ რას აკეთებენ ხელოვნების გაკეთილზე, ამბობს, – „აი, ასე ვსხედვართ“ და ხელს ნიკაპქვეშ იდებს. პედაგოგების აზრით კი, ხელოვნება, როგორც საგანი, სრულიად უყურადღებოდ აქვს სახელმწიფოს მიტოვებული. მშობლების უმეტესობა საერთოდაც არ ინტერესდება, როგორ ასწავლიან მის შვილს ხელოვნებას სკოლაში.
ხელოვნების მიმართულებით უფროსი მასწავლებლის სტატუსი საქართველოში ამ დროისთვის მხოლოდ 329 პედაგოგს აქვს. ხელოვნების მასწავლებელთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსთვის არც ეს საგანი და არც მისი პედაგოგები პრიორიტეტი არ არის. რას ითხოვს სახელმწიფო ხელოვნების პედაგოგებისგან და რა არის პედაგოგთა უკმაყოფილების მიზეზი?
მაია მახარაძე პირველი საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელია – 11 წელია სკოლაში ასწავლის. ის ამბობს, რომ თავისი საგანი უყვარს, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება სკოლიდან წავიდეს კიდეც. პედაგოგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ხელოვნების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად არაფერს აკეთებს.
„ტრენინგები არ არის. ახლახან შემოგვთავაზეს და ველოდებით. შარშან იყო მხოლოდ ერთი ტრენინგი, მაგრამ რომ გითხრათ, გავგიჟდი და ძალიან მომეწონა, არა“.
მაია მახარაძე თავს პროფესიონალ პედაგოგად მიიჩნევს, თუმცა ამბობს, რომ საგნობრივი გამოცდების შიში მაინც აქვს.
„არ ჩამიბარებია გამოცდა, რადგან თავმოყვარეობის საკითხია, რომ არ გამომივიდეს“, – გვეუბნება ის. შიშის მიზეზი კი საგამოცდო საკითხებია, რომლებიც, მისი აზრით, ზოგადი განათლების პედაგოგს არ უნდა მოეთხოვებოდეს.
„ელექტრონული საგამოცდო ვერსია რომ ვნახე, კინაღამ შოკში ჩავვარდი. ექვსი მთავარი, გამსვლელი საკითხი შეტანილია მუსიკიდან. უნდა გაიკეთო ყურზე „ნაუშნიკი“, მოისმინო მუსიკა და შემდეგ გაარჩიო კომპოზიციურად (მაჟორი, მინორი და ა.შ), დაადგინო ავტორი, ეპოქა, რაც ორ წუთში წარმოუდგენელია. ასეთი ექვსი საკითხია შეტანილი. ამას საჯარო სკოლის პედაგოგი არ უნდა აკეთებდეს, ეს არის პროფესიული სკოლის საკითხები და არა ზოგადი დონე“, – გვეუბნება ის.
პედაგოგი მიიჩნევს, რომ მისი დიპლომი არ იძლევა ამის კომპეტენციას. „კონსერვატორიადამთავრებული ადამიანი კი სკოლაში პედაგოგად არ მიდის. ნაწარმოების მოსმენას და კომპოზიციურ გარჩევას სკოლის პროგრამა არ მავალდებულებს, არც პრაქტიკაში გვქონია არასდროს, ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა ვაბარებდეთ ამ საკითხებს“, – გვეუბნება მაია მახარაძე. მისი აზრით, არც ანაზღაურება და არც პროფესიული კარიერა ამდენ შრომად არ ღირს.
„ძალიან ცუდ რამეს ვამბობ, რადგან იტყვიან, რომ მასწავლებელი თავის განვითარებაზე, კარიერაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ერთ დღეს, ალბათ მომიწევს სკოლიდან წასვლა. მხოლოდ იმიტომ, რომ შეუძლებელს ითხოვენ“, – ამბობს პედაგოგი.
ამ ყველაფრის მიუხედავად, მაია მახარაძე მიიჩნევს, რომ ხელოვნების გაკვეთილები მოსწავლეებს მოსწონთ. „იცით, როგორ უყვართ ბავშვებს ჩემი გაკვეთილი? – გვეუბნება და მოსწავლეებს გვაცნობს. – „ძალიან კარგ აუდიო-ვიდეოპრეზენტაციებს, კროსვორდებს აკეთებენ ხელოვნებაზე“.
„მე მხატვარი მინდა გამოვიდე. ისეთი ნახატები მინდა დავხატო, ევროპაში რომ მაღიარონ და სახელი გავითქვა“, – გვეუბნება ნიკა აგირბა.
გიგას მუსიკა უფრო მოსწონს. „ყველაზე მეტად პაგანინი დამამახსოვრდა, საუკეთესო მევიოლინე იყო. მხოლოდ ის არ მომეწონა, რომ მას ეშმაკეული უწოდეს და შურიანმა ადამიანებმა კონცერტის წინ სიმებიც კი დაუჭრეს ვიოლინოზე, მაგრამ მან მაინც შეძლო და ერთი სიმით დაუკრა“.
ელენე გოგოტიშვილი „მომავლის სკოლაში“ სწავლობს. ხელოვნება და მუსიკა მეცხრე კლასის ცხრილში საერთოდ არ ჰქონიათ. `არ ვიცი რატომ, ალბათ, სხვა საგნები უფრო მნიშვნელოვანია. ისე, ეს საგანი არც სხვა სკოლაში მაინტერესებდა, ყოველთვის მოსაწყენი გაკვეთილები იყო და თითქმის მეძინა“, – გვეუბნება ის.
მაია მახარაძის აზრით, „ის, რომ მოსწავლეები ნაკლებ ინტერესს იჩენენ ამ საგნის მიმართ, ან მომავალ პროფესიად ხელოვნებას არ ირჩევენ, ოჯახის გავლენითაცაა. ამიტომ, სკოლამ ხშირად უნდა ატაროს ბავშვები თეატრში, კონცერტზე და ა.შ“
მაია მახარაძე ამბობს, რომ არასწორადაა შედგენილი მუსიკის სახელმძღვანელოც – _ ზოგადი განათლების დროს ბავშვს არ სჭირდება მაჟორების, მინორებისა და გამების სწავლა, რაც შეტანილია სახელმძღვანელოში: „როცა მე-6 კლასელ მოსწავლეს აძლევ ეტიუდს და ეუბნები, დაადგინე რომელი სტოკატოა, რომელი ლეგატო თუ ინტერი, ამას ბავშვი ვერ გაგიკეთებს, თუ არ აქვს სპეციალური მუსიკალური განათლება. ამის გარჩევა მუსიკის მასწავლებლებსაც კი უჭირთ. ბავშვმა უნდა ისწავლოს მხატვრების, მუსიკოსების… ცხოვრება, მათი შემოქმედება. სხვა დანარჩენი უკარგავს ინტერესს“.
მაია მახარაძის თქმით, პირველ საჯარო სკოლაში მუსიკის 6 და ხელოვნების 4 პედაგოგია, თუმცა საგნობრივი გამოცდა არც ერთს არ აქვს ჩაბარებული.
საგნობრივი გამოცდა არც მე-9 საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელს, თალიკო აბაშიძეს ჩაუბარებია. კოლეგის მსგავსად ისიც ფიქრობს, რომ თანამედროვე მოსწავლის ყურადღების მისაქცევად ტექნოლოგიებია საჭირო. „თვალსაჩინოება, ვიდეომასალები გვჭირდება. ყველაფერს ჩვენი ხარჯით ვაკეთებთ“, – ამბობს ის.
პედაგოგის თქმით, `ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ხელოვნება მარტო ხატვა ან მუსიკაა და თეორიული განათლება საერთოდ ვერ წარმოუდგენიათ. სინამდვილეში, ხელოვნება ბევრ სფეროს მოიცავს და კარგად თუ გაერკვევი, უმაღლესი რომც არ დაამთავრო, მაინც განვითარებული ადამიანი იქნები, უკეთესი ცნობიერებით“.
რაც შეეხება კვალიფიკაციას, თალიკო აბაშიძე მიიჩნევს, რომ გამოცდების ჩაბარებას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს: „47 წლის ვარ, შეიძლება ჩემზე ახალგაზრდებს უღირთ ბრძოლა, მაგრამ რადგან სახელმწიფო მავალდებულებს, შეიძლება მეც ჩავაბარო“. თალიკო აბაშიძეც გვეუბნება, რომ ის თავის სკოლაში ხელოვნების ერთადერთი პროფესიონალი პედაგოგია.
ახალი სასწავლო წლიდან, ბათუმის საბავშვო ბაღებში დამატებით 1000-ზე მეტ აღსაზრდელს მიიღებენ. მშობლებს სამი წლის ასაკს მიღწეული შვილების დარეგისტრირება ონლაინრეჟიმში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ახალი სასწავლო წლიდან სააღმზედელო დაწესებულებებში 2 ათას 593 ადგილი გამოთავისუფლდება. ამ დროისთვის 1500 აღსაზრდელი უკვე დარეგისტრირებულია.
აღსანიშნავია, რომ ბათუმის საბავშვო ბაღების ჯგუფებში განსაზღვრული 35 აღსაზრდელის ადგილი. ლიმიტის ზემოთ პროგრამა არ ჩარიცხავს აღსაზრდელს.
ააიპ ,,ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების” ინფორმაციით 2016-2017 სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 2 ეტაპად განხორციელდება:
I ეტაპი – ბათუმის საბავშვო ბაღებში მიმდინარე წლის 1 ივლისიდან 10 ივლისის ჩათვლით ჩაირიცხებიან პრიორიტეტებით განსაზღვრული სტატუსის მქონე აღსაზრდელები, რომლებიც 10 ივლისის ჩათვლით რეგისტრირებული იქნებიან ელექტრონულ პროგრამაში.
II ეტაპი-მიმდინარე წლის 15 ივლისიდან ჩაირიცხებიან რიგში მდგომი აღსაზრდელები რეგისტრაციის რიგითობის მიხედვით.
საბავშვო ბაღებში დარეგისტრირების აუცილებელი პირობაა ის , რომ აღსაზრდელის ერთ-ერთი მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული როგორც მაცხოვრებელი ბათუმში.
საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის პრეტენდენტი პასუხს აგებს სისტემაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე.
სასურველ საბავშვო ბაღში ჩარიცხვის შემდეგ 10 დღის ვადაში მშობელმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამგეს უნდა წარუდგინოს საჭირო დოკუმენტაცია:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
2) აღსაზრდელის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
3) ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100);
4) ფერადი ფოტო (ორი ცალი 3X4);
5) ID ბარათის შემთხვევაში ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ (გაცემული უფლებამოსილი ორგანოს მიერ).
იმ ჯგუფებში, რომლებიც იქნება შევსებული, შესაძლებელია რიგის დაკავება. რიგში მდგომ აღსაზრდელებს პროგრამა ავტომატურად ჩარიცხავს საბავშვო ბაღში ადგილის განთავისუფლების შემთხვევაში.
რას აჩვენებენ ტურისტს ბათუმში, თუ ის ქალაქში სულ რამდენიმე საათით ჩამოვიდა და ქალაქგარეთ გასასვლელად დრო არ რჩება? – ათეულში, რომელიც ტურისტულმა სააგენტოებმა ჩამოთვალეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი სახლები არ შედის. კულტურული მეკვიდრეობის ძეგლებზე ინფორმაცია არც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ სარეკლამო ჟურნალებსა და ბროშურებში იძებნება.
ტურისტული სააგენტოების ინფორმაციით, ქალაქის ფარგლებს თუ არ გავცდებით, ბათუმში ჩამოსული ტურისტების ინტერესს ყველაზე მეტად ბათუმის ძველი ბულვარი, რომელიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ზღვის სანაპიროზე განთავსებული ალისა და ნინოს ქანდაკება იწვევს.
„ექსკურსია ბათუმის შემოგარენში ყოველთვის დიდი ინტერესით სარგებლობს. მაგალითად, ზღვისპირა პარკი, საოცრებათა მოედანი და ალისა და ნინოს ქანდაკება ყოველთვის განსაკუთრებით დიდ ინტერესს იწვევს. ასევე, რელიგიური-საკულტო ნაგებობები. ინტერესს იწვევს მეჩეთი და მიმდებარე ქუჩები დამახასიათებელი კაფეებით. მოთხოვნადია საბაგირო გზა.
გამოვყოფდი ასევე ძველ ბათუმსა და საჭაშნიკოებს, სადაც შესაძლებელია ღვინის დეგუსტაცია. რაც შეეხება კულტურულ მემკვიდრეობას, ძველ ბათუმში ტური თავისთავად მოიცავს კულტურული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების დათვალიერებას, ამ ისტორიის მოყოლას. სამწუხაროდ, ბევრი შენობა დღეს ავარიულ მგომარეობაშია. ბევრი მიშენებულ-დაშენებულია, რაც ღირებულებას უკარგავს და ტურისტებისთვის უკვე ნაკლებად მიმზიდველია,“ – ამბობს „მეტრო თრეველის“ დირექტორი ირაკლი თავართქილაძე.
მისივე ინფორმაციით, თუ ტურისტს მხოლოდ ბათუმის დათვალიერება უნდა და ქალაქის ფარგლებს გარეთ გასასვლელად, მაგალითად, გონიოს ციხის ან ბოტანიკური ბაღის სანახავად დრო არ აქვს, განრიგი ასეთია: ძველი ბულვარი, ძველი ბათუმი, დელფინარიუმი, მუზეუმები, გალერეები, რესტორნები – აჭარული სამზარეულო, ანბანის კოშკი, ევროპის მოედანი, პიაცა, ეკლესიები, მეჩეთი, სინაგოგა და ბათუმის საბაგირო.
გასულ კვირას „ბათუმელებმა“ ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მომზადებული სარეკლამო ჟურნალები, ბროშურები და ტურისტული რუკები შეისწავლა. მათში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ან ძეგლის სტატუსის მქონე სახლებს ადგილი არ ეთმობა და არც ფოტოა გამოქვეყენებული. თუ არ ჩავთვლით ერთ ჩანაწერს, სადაც ნათქვამია, რომ ბათუმში ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შერწყმის ნახვაა შესაძლებელი.
სარეკლამო ჟურნალებში მოკლე ჩანაწერები ჯერ კიდევ პორტო-ფრანკოდ წოდებული ბათუმის შესახებაც არსებობს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, თუ სად შეიძლება ნახონ ეს შენობები და არ არის გამოქვეყნებული არც ერთი კულტურული მემკვიდრეობის შენობის ფოტო.
სარეკლამო ჟურნალში, რომელიც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 2016 წელს გამოსცა, ნათქვამია: `საინტერესო ისტორიულმა წარსულმა მნიშვნელოვნად განაპირობა ბათუმის არქიტექტურული სიმდიდრე. ევროპელი არქიტექტორების არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ პორტო-ფრანკოდ წოდებულ პერიოდში…“
ტურისტები ევროპის მოედანზე. თორნიკე თავაძის ფოტო
იყენებენ თუ არა გიდები კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც სანახაობას, რომელიც ქალაქის ისტორიასთან არის კავშირში? – გიდი აჩიკო ტოტოჩავა ამბობს, რომ იშვიათად: `სტანდარტული კულტურული ტური უფრო ნაკლებად აინტერესებთ. სახლებს ვაჩვენებ და ვუყვები მათ ისტორიას, მაგალითად, სამშობიაროზე ვეუბნები, რომ როტშილდის სახლი იყო, თურქი ვაჭრის სახლზე ვუყვები ასევე, სადაც ახლა ცვილის ფიგურების მუზეუმია. ვერ გეტვით, რომ დიდი ინტერესია. მე, ძირითადად, ებრაელ ტურისტებთან ვმუშაობ, მათთვის სინაგოგაა მნიშვნელოვანი. რუსები თუ ჩამოვლენ, ესენინზე ვუყვები. არის შემთხვევები, როცა არქიტექტურით ინტერესდებიან, უკითხავთ, როდისაა აშენებული, რა სტილია და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მაინც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით შეთავაზების არსებობა, რადგან ევროპელ ტურისტებს უფრო სიძველეები აინტერესებთ.“
საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი შოთა გუჯაბიძე მიიჩნევს, რომ კულტურული მემეკვიდრეობის სტატუსის მატარებელი შენობები შეიძლება იყოს კულტურული ტურის ერთ-ერთი მარშრუტი ბათუმში და თუ ტურისტული სააგენტოები ამ მიმართულებით იმუშავებენ, ეს შეიძლება გახდეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად:
„ჩვენთან, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, ტურისტულ მარშრუტად შეიძლება ვაქციოთ ის ადგილები, სადაც ცხოვრობდნენ ცნობილი ადამიანები. ადგილი, სადაც ესენინი ცხოვრობდა, სადაც ცხოვრობდა მისი სატრფო შაგანე, სადაც დადიოდნენ, ხვდებოდნენ ერთმანეთს. ვუთხრათ ტურისტს, რომ აქ სკოლა იდგა, ამ სკოლაში შაგანე მუშაობდა, აქ ხვდებოდნენ ერთმანეთს და აქ წაუკითხა მან ლექსი შაგანზე. ესენინს ნაყოფიერი ცხოვრება აქვს ბათუმში გატარებული. ასევე შეიძლება გორკზე, ჩეხოვზე, ამ ბოლო დროს გასაგები მიზეზების გამო მათი კვალი იშლება. ამ ხელისუფლებას ვერაფერს გააგებინებ, მაგრამ, ეს შეიძლება ერთ-ერთი ბერკეტი იყოს კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. სტალინი საშინელი ადამიანი იყო, ასე შეაფასა ის მსოფლიოს ცივილიზებულმა საზოგადოებამ, მაგრამ ძალიან დიდია მის მიმართ ინტერესი არამარტო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროპიდანაც. სტალინზე გამოცემული წიგნი იყო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი. ჩვენ გვქონდა სტალინის სახლი, რომელიც დავანგრიეთ, სადაც ბათუმში ერთად აღებული სხვა მუზეუმებთან შედარებით ყველაზე მეტი ტურისტი იქ მიდიოდა. სტალინის სახლს შეიძლება დაუკავშირო ლითონის ნაკეთობათა საამქრო, რომელსაც უკავშირდება ისტორია, რაც მე ნახევრად ჭორიც კი მგონია. კაპლანის რკინის მასალების ნაკეთობები, მაგალითად, ზღვისპირას გემის დასაბმელი, საყრდენები, რომლებიც დღესაც არის შემორჩენილი. ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმში იყო, იყო ასევე ფოსტაში, რკინიგზაში და ასე შემდეგ… თუ როგორ უკავშირდება ეს ისტორიები კაპლანს, რომელმაც ესროლა ლენინს და შეცვალა სამყაროს ბედი.
მნიშვნელოვანია ერთსართულიანი ბათუმი, რომელიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა შემორჩენილი. ის მართლა შეიძლება ჩვენი ქალაქის ბრენდი იყოს, თუ ვინმე მოდის, მოდის სიძველის სანახავად და ეს ბათუმისთვის სავიზიტო ბარათია, რადგან ქალაქი როცა გაჩნდა, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და მზარდი ქალაქი იყო მთელ მსოფლიოში. ბევრ უცხოელთან მქონია ურთიერთობა, თუნდაც ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩამოსულებთან, როცა ბათუმში ჩამოდის მსოფლიოს ინტელექტუალური კინოელიტა და ვიცი, რომ ძველი სახლებით, ბელეტაჟებით, სწორი განაშენიანებით, მწკრივით და რიტმით აღფრთოვანებულები არიან.“
კითხვაზე, ტურისტულ შეთავაზებებს შორის რატომ არ არის აქცენტი კულტურულ მემკვიდრეობაზე? – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში უპასუხეს, რომ გიდებს ტურისტული ობიექტების ჩამონათვალში აქვთ ისტორიული სახლების შესახებ ინფორმაცია და დათვალიერებისას მათი აჩვენებენ კიდეც. თუმცა, მართალია ისიც, რომ სარეკლამო მასალებში ისინი ამ დრომდე არ არის შეტანილი.
„ეროვნულმა ფორუმმა“ პარლამენტში უმრავლესობა დატოვა და ოპოზიციურ ფლაგზე გადაინაცვლა, მაგრამ რეგიონებში ფორუმელები თანამდებობებსაც ინარჩუნებენ და უმრავლესობაშიც რჩებიან. პარტიის ყრილობაზე დელეგატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში „ეროვნული ფორუმის“ დამოუკიდებლად მონაწილეობას. როგორ აღიქვამს ამომრჩეველი „ეროვნულ ფორუმს“ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად, თუკი მისი წარმომადგენლები დღემდე არჩევით ორგანოებში მმართველ ძალას არ ემიჯნებიან? -„ბათუმელების“ შეკითხვებს უპასუხა დავით ანანიძემ, „ეროვნული ფორუმის“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ.
ბატონო დავით, რა რესურსი აქვს „ეროვნულ ფორუმს“ გადალახოს საა¬რჩევნო ბარიერი, თუ მიზანი მხოლოდ პოლიტიკურ ველზე დარჩენაა?
პოლიტიკურ ველზე დარჩენა არ არის მხოლოდ ჩვენი მიზანი. „ეროვნული ფორუმი“ აუცილებლად გადალახავს ბარიერს. ამას გვაფიქრებინებს ის ხალხი, ვინც ჩვენთან მოდის. ჩვენი პარტია 2006 წელს ჩამოყალიბდა და დამოუკიდებლად აქამდე არასდროს გვიცდია ბედი. პარტიაში სულ 15-ათასამდე წევრია, აჭარაში დაახლოებით – 800. მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში გადავედით, განსაკუთრებით ახალგაზრდების დაინტერესება იგრძნობა. როგორც ჩანს, მათ აღელვებთ ეროვნული ფასეულობები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.
მაგალითად, რომელია ასეთი ღირებულება, რის გამოც პარტიაში შემოსვლის სურვილი გაუჩნდება ვინმეს?
მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის მთავარი თემა. ხედავთ ალბათ გამოკითხვებიდან, რომ იმ საკითხებს შორის, რომელიც მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, ამ საკითხმა თანდათან უკან გადაიწია. ჩვენ დავარწმუნებთ ამომრჩეველს, რომ პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. პირდაპირ უნდა ვესაუბროთ ოსებს და აფხაზებს.
ამისთვის დროც გქონდათ და რესურსიც – უმრავლესობას ახლახან გაემიჯნეთ. თქვენ იმავეს დაჰპირდით ამომრჩეველს ოთხი წლის წინაც. შემდეგ პრემიერ-მინისტრის რანგში ბიძინა ივანიშვილის კომენტარი მოვისმინეთ, არ მეგონა, თუ ასეთი რთული დარჩებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაო.
გარედან პრობლემის მოგვარება მართლაც უფრო იოლი ჩანს, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამომრჩეველი უნდა ენდოს ჩვენს სახეებს – კახაბერ შარტავას, რეზო შავიშვილს, გუბაზ სანიკიძეს. ისინი აქამდე არასდროს ყოფილან დიდ პოლიტიკაში და არ ჰქონიათ იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად მიეღოთ გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღემდე ასეა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას ენდობა ლიდერების გამო. ჩვენ უნდა აღვადგინოთ მეზობლური ურთიერთობები რუსეთთან. დასავლეთთანაც უნდა შევინარჩუნოთ ის კურსი, რომელიც ქვეყანას აქვს. არ უნდა იმართებოდეს ქვეყანა რომელიმე უცხო ქვეყნიდან, პროდასავლეთელობა ან პრორუსულობა მიუღებელია. ნეიტრალიტეტი არაა ეს, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ. კარგი დიპლომატიის პირობებში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია.
თქვენი ეს გზავნილი ემთხვევა ნინო ბურჯანაძის დაპირებებს. რით უნდა გამოგარჩიოთ ამომრჩეველმა? თქვენ ელექტორატი სწორედ იმ პარტიებს უნდა წაართვათ, ვინც რუსეთთან ურთიერთობების დათბობაზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს.
რატომ უნდა წავართვათ ვინმეს ამომრჩეველი? გამოკითხვებიდან ჩანს, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცეს ხმა. ჩვენ ამ ნაწილზე ვიმუშავებთ. ვფიქრობ, „ეროვნულ ფორუმს~ ისინი დაინახავენ, როგორც ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს თავისი ხედვები. მაგალითად, ჩვენს პროგრამაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ადმინისტრაციული ორგანოების იმგვარად მოწყობის საკითხი იქნება, რომ მოქალაქეთა ინტერესები იყოს დაცული.
სამართლიანობის აღდგენას დავპირდით ხალხს და საპირისპირო მივიღეთ: თუ ნახავთ სასამართლო სტატისტიკას, უფრო და უფრო მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ორგანოს უჩივიან. იმის გარდა, რომ ამ საქმეებზე იხარჯება დრო და ადამიანური რესურსი, ხალხის ჯიბის ხარჯზე ხდება შემდეგ კომპენსაციის გადახდა, ჩინოვნიკების მიერ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გამო. ასევე სერიოზული ცვლილებებია შესატანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, მაგალითად, პროკურატურას არ აქვს გამოძიების კონკრეტული ვადები და საქმის ძიება შეიძლება წლობით გაგრძელდეს. თაროდან მაშინ იღებენ ამ საქმეებს, როცა ვინმეს პოლიტიკურად სჭირდება.
თქვენ ექვსი დეპუტატი გყავთ პარლამენტში. რამ შეგიშალათ ხელი თუნდაც ამ კუთხით მოგემზადებინათ კანონპროექტი?
ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი იურიდიულ ან ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში. მესმის, რომ ეს არ არის არგუმენტი, მაგრამ დეპუტატებმა სხვადასხვა კანონში შეიტანეს მნიშვნელოვანი ცვლილებები. რატომღაც, აქამდე ვერ მივიდა საქმე.
როგორ უნდა აღგიქვათ ამომრჩეველმა ოპოზიციურ ძალად, როცა თქვენი წარმომადგენლები რჩებიან თანამდებობებზე და ინარჩუნებენ პრივილეგიებს, მაგალითად, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ასევე ხელვაჩაურის საკრებულოში კომისიის თავმჯდომარე ფორუმელია. ასევე ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე…
პრივილეგიის გამო არ რჩებიან ისინი თანამდებობებზე. უმაღლესი საბჭოს წევრს ისედაც მაღალი ხელფასი აქვს და კომისიის თავმჯდომარეობა კომფორტს არ ნიშნავს. იმიტომ არ დატოვა მერაბ აბაშიძემ თანამდებობა, რომ მისი წამოსვლით კომისია გაუქმდებოდა. „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა დაკარგა და თავის კანდიდატს ვერ გაიყვანდა, „ნაციონალური მოძრაობა“ უარს ამბობს ახალ თანამდებობებზე და დანარჩენ დეპუტატებს ისედაც აქვთ თანამდებობები. ჩვენ რეგიონის დონეზე გადავწყვიტეთ არ დაგვეტოვებინა თანამდებობა, კრიზისი რომ არ შექმნილიყო. ვფიქრობ, ამომრჩევლის ნაწილი გაიგებს, რატომაც მოვიქეცით ასე.
წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა და შშმ პირდა შინმოვლის მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 43 814 ლარია.
აიპ „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“ პროგრამას 41 314 ლარით, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი კი 2 500 ლარით აფინანსებს.
პროგრამის ბენეფიციარები არიან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში (ორთაბათუმი, ყოროლისთავი, წინსვლა, მასაურა, აგარა, კაპრეშუმი, წიქარაული, სალიბაური) მცხოვრები უძლური ხანდაზმული შშმ პირები; დროებით ან ხანგრძლივად უძლურებაში მყოფილი პირები (ოპერაციების, მოტეხილობის, ინსულტის შემდეგ) და ტერმინალური (მომაკვდავი) პაციენტები.
პროგრამა გულისხმობს სახლის პირობებში, პროგრამის ბენეფიციარებისთვის სამედიცინო და სოციალური სერვისების მიწოდებას. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ყოველთვიური მომსახურება 40 ზრუნვის საჭიროების მქონე პირს გაეწევა. გადამზადდებიან მათი ოჯახის წევრები.
შინმოვლის პროგრამას 2014 წლიდან ბათუმის მერია, ბათუმში რეგისტრირებული ბენეფიციარებისთვის ახორციელებს. მუნიციპალიტეტებში ამ ტიპის სამედიცინო მომსახურებას ბენეფიციარები სოფლის ექიმების დახმარებით იღებენ.
მომსახურებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, აჭარაში მოქმედი კოალიციის წევრი ორგანიზაცია -„გენეზისი“ განახორციელებს. მონიტორინგს კი ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახური გაუწევს.
გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“-სთან ერთად ახალი პროგრამა აპრილის თვეში დაიწყო და იგი წლის ბოლომდე გაგრძელდება.
რომელია თქვენი საყვარელი ადგილი ბათუმში? მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში. შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ვარიანტი, ასევე, დატოვეთ კომენტარი, თქვენი აზრით, კიდევ რა ადგილები უნდა იყოს ამ ჩამონათვალში?
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ – „ავტონომია უნივერსიტეტს“ 22-ის აპრილის განცხადებაზე, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან ოფიციალური პასუხი მიიღო. როგორც „ავტონომია უნივერსიტეტს“ წევრები აცხადებენ, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან 25 მარტს შეტანილ განცხადებაზე მიღებული პასუხი სტუდენტებისთვის არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა. ამიტომ მათ კონკრეტებული კითხვებით ბსუ-ს ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ [22 აპრილს] ხუთ ძირითად საკითხზე მიმართეს:
საუნივერსიტეტო საქმიანობაში ჩარევა – ამ პუნქტში მოცემულია 21 მარტის შეხვედრაზე ყოფილი პრორექტორის, ირაკლი ბარამიძისა და ბსუ-ს მოქმედი ლექტორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გიორგი მასალკინის ხმაურიანი განცხადებები. სტუდენტები ამ განცხადებებზე მოკვლევის დაწყებასა და მათ ირგვლივ გაჩენილ კითხვებზე პასუხებს ითხოვდნენ.
სტუდენტური თვითმმართველობა – ამ პუნქტში სტუდენტები ითხოვენ სამი სტუდენტის – მინურ პაქსაძის, უჩა აბრამიშვილისა და ბოჩია ზარანდიას ევროპაში გამგზავრების, წვეულებებისა და საჯარო სივრცის სეკულარულობის პრინციპის დამრღვევ ღონისძიებათა ხარჯების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულ პუნქტში ნათქვამია:„თვითმმართველობას არ აქვს უფლებამოსილება დამოუკიდებლად განკარგოს ბიუჯეტი და, შესაბამისად, მას ვერ ექნება ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა, სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას დავაყენოთ ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი. რადგანაც მათ მიერ მოხდა იმ თანხების გამოყოფა, რომლებიც თვითმმართველობამ მოითხოვა და არამიზნობრივად დახარჯა. მოვითხოვთ შესაბამისმა სამსახურებმა მოიკვლიონ არსებული ხარჯები, ყურადღება გაამახვილონ იმ ხარჯებზე, რომლებიც სცდება აკადემიური სფეროს ინტერესებს“.
ვიდეო-კამერები – ამ პუნქტის თანახმად სტუდენტური მოძრაობის წევრები ითხოვენ სალექციო აუდიტორიებში არსებული ვიდეო-კამერების დემონტაჟს, როგორც აკადემიური თავისუფლებისთვის უნივერსიტეტის მზაობის დამადასტურებელ ქმედებას.
ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილება საუნივერსიტეტო სივრცეში – ამ პუნქტში ნათქვამი იყო იმაზე, რომ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ხალვაშმა პირად საუბრებში თქვა, რომ მან ენრიკო დევაძისგან [პირი, რომელსაც მოძრაობის წევრები არაოფიციალურ „ოდეერად“ ასახელებენ] მოისმინა სავარაუდო შესაძლებლობა 2014 წელს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეიარაღებული გადაადგილების შესახებ. სტუდენტები ამ საკითხზე შემდგომი რეაგირების შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ.
წერილში, რომელიც სტუდენტური მოძრაობის წევრებმა ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერით მიიღეს და ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებზე პასუხებს შეიცავს წერია, რომ უნივერსიტეტის რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ისევე როგორც კანცლერის არჩევნები ჩატარდა მშვიდ გარემოში, საარჩევნო პროცედურების სრული დაცვით და მასთან დაკავშირებით არც ერთ კანდიდატს პრეტენზია არ გამოუთქვამს [მათ შორის არც ირაკლი ბარამიძეს].
ირაკლი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით წერილში ასევე ნათქვამია: „შეგიძლიათ მიმართოთ ბატონ ირაკლი ბარამიძეს, რომელსაც არჩევნების მიმდინარეობის პროცესში ეკავა რექტორის მოადგილის თანამდებობა“.
წერილში განმარტებულია ახალი კანცლერის დანიშვნის შემდეგ ბსუ-ს საშტატო განრიგისთვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის უფროსის თანამდებობის დამატებისა და ამ თანამდებობაზე ყოფილი კანცლერის, ედიშერ ჩავლეიშვილის დანიშვნის საკითხი. ეს საკითხი ახსნილია სამართლებრივი რეგულაციებით, რის საფუძველზეც იქნა გადაწყვეტილება მიღებული.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ სტუდენტური მოძრაობის განცხადების ასლები გადაეგზავნათ ედიშერ ჩავლეიშვილსა და გიორგი მასალკინს, რათა წარმოადგინონ თავიანთი მოსაზრებები. უნივერსიტეტს არ აქვს ინფორმაცია ედიშერ ჩავლეიშვილის მიერ თანამდებობაზე ყოფნის პერდიოში რაიმე ტიპის პოლიტიკური დაკვეთების შესრულების შესახებ [რაზეც გიორგი მასალკინი საუბრობდა 21 მარტის შეხვედრაზე].
სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ დასმულ საკითხზე განმარტებულია დასახელებული სამი სტუდენტისათვის ქალაქ ვენაში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობის ხარჯის ანაზღაურების სამართლებრივი ინსტრუმენტები: “სტუდენტებმა წარმოადგინეს ყველა შესაბამისი დოკუმენტი”. თუმცა აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ „გაცემული თანხის მგზავრობისთვის, პროგრამაში მონაწილეობის რეგისტრაციისა და ცხოვრებისთვის ხარჯვის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ იქნა წარმოდგენილი“.
ვიდეო-კამერების შესახებ ნათქვამია, რომ „განცხადება გადაეგზავნა უნივერსიტეტის ფაკულტეტების ადმინისტრაციას, რათა წარმოადგინონ სამსახურებრივი ბარათები ვიდეო-კამერების განთავსების ადგილებზე არსებობის საფუძვლიანობისა და მიზანშეწონილობის შესახებ“.
ცეცხლსასროლი იარაღით უნივერსიტეტის სივრცეში გადაადგილების საკითხთან დაკავშირებით სტუდენტებს ეცნობებათ, რომ უნივერსიტეტის დოქტორანტ ენრიკო დევაძეს გაეგზავნა განცხადების ასლი შესაბამისი განმარტების წარმოსადგენად და მიღებული პასუხი დამატებით ეცნობებათ სტუდენტებს.
უნივერსიტეტის ტერიტორიაზე კიდევ ერთი პირის იარაღით გადაადგილებაზე ასევე მითითებულია წრილში, რომელიც სტუდენტებმა უნივერსიტეტისგან 5 აპრილს მათი 31 მარტის განცხადების პასუხად მიიღეს. ამ წერილში უნივერისტეტის კანცლერი იტყობინებოდა, რომ მართლაც დადგინდა 30 მარტს 14 საათიდან 15 საათამდე შუალედში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეირაღებული პირის გადაადგილება: „ეზოში შემოსულ ავტომანქანაში [ავტომანქანის მარკა „შკოდა“ სახელმწიფო ნომრისთ „XRX 089“] იმყოფებოდა ორი პიროვნება, ერთი სამოქალაქო ტანსაცმლით, რომელიც აღმოჩნდა ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი – ზურაბ მამულაძე, ხოლო მეორე – პოლიციის თანამშრომელი ზვიად კერვალიშვილი [რომელსაც ტანთ ეცვა უნიფორმა წარწერით „პოლიცია“ და თან ჰქონდა ცეცლსასროლი იარაღი]. ისინი ავიდნენ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის მეხუთე სართულზე. ეს პიროვნებები შენობაში მცირე დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც მალევე დატოვეს უნივერსიტეტის ტერიტორია“.
კანცლერის ხელმოწერილი წერილში ასევე განმარტებულია, რომ 4 აპრილის წერილით ეთხოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტს შეიარაღებული პირების უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების მიზნების შესახებ ინფორმაციის მოწოდება.
„ავტონომია უნივერისტეტს“ წევრების თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, კიდევ ერთი ღია შეხვედრის ჩატარების შეთავაზებაზე უარი განაცხადა. თუმცა, დოკუმენტებში, რომელიც “ბათუმელებს” მოგვიანებით გააცნეს უნივერსიტეტში, წერია, რომ ადმინისტრაცია მზად არის სხვა ნებისმიერ დროს მიიღოს მონაწილეობა სტუდენტების მიერ ორგანიზებული მსგავსი საკითხების განხილვაში.
სტუდენტური მოძრაობა „ავტონომია უნივერისტეტს”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტის თვეში განვითარებული მოვნლენებისა და სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია #115“-ის ჩამოყალიბების პარალელურად შეიქმნა. თავდაპირველად ბსუ-ს სტუდენტთა ნაწილი „აუდიტორია #115“-ის წევრებს სოლიდარობას უცხადებდნენ და მათ მოთხოვნებს უერთდებოდნენ. მათ ასევე დააყენეს ბსუ-ში არაოფიციალური „ოდეერის“ არსებობის საკითხი.
21 მარტს, ბსუ-ს 55-ე აუდიტორიაში „ავტონომია უნივერსიტეტს“ ინიციატივით ღია შეხვედრა მოეწყო სტუდენტების, ლექტორ-მასწავლებლებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობით ორგანოებს შორის.
შენიშვნა: მოცემული სტატიის თავდაპირველი ვერსია შეიცავდა გარკვეულ უზუსტობებს, შესაბამისად, ის ვებგვერდზე განთავსებულია შეცვლილი სახით.
12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს აღინიშნება დიდაჭარობა.
ყოველწლიურად ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მომლოცველები თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას სტუმრობენ, სადაც ანდრია პირველწოდებულის სახელობის ნაეკლესიარია. სოფელში იმართება კონცერტი და სხვადასხვა ღონისძიება.
წელს დიდაჭარობაზე სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე, სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი, ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე ჯამბულ ხოზრევანიძე, ასევე ხულოსა და შუახევის გამგებლები – ბესიკ ბაუჩაძე და ტარიელ ებრალიძე.
სტუმრებმა ნაეკლესიარიდან დიდაჭარის საჯარო სკოლის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც სასულიერო პირებმა ღვთისმშობლისა და წმ. ანდრია პირველწოდებულის ხატებიც მიიტანეს.
სკოლის მოსწავლეებმა და ადგილობრივებმა სკოლაში საზეიმო კონცერტი გამართეს.
სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლის ეზო / 12.05.2016კონცერტი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში / 12.05.2016კონცერტი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში / 12.05.2016კონცერტი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში / 12.05.2016კონცერტი სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში / 12.05.2016
გიორგი ბრწყინვალისა და 26 მაისის ქუჩების კუთხეში, ავტოსამრეცხაოს უკან, ძველი, ქვის კედლებზე ჩამოშლილი კრამიტებიანი სახურავია. ამ სახურავის ქვეშ, ქვის კედლებში (რომლებიც ნელ-ნელა იშლება), ლპობაშეპარულ ხის იატაკსა და ჭერს შორის ორი ოჯახი ცხოვრობს. შესასვლელი ხის ფიცრებით შეჭედილი პატარა ხიდულაა, სადაც ჩამოშლილი სახურავის ბოძებისა და ფიცრებისგან, ისევე, როგორც ამ სახურავიდან გადმოწეული კრამიტებისგან, თავის ასარიდებლად სიფრთხილე გმართებთ. ვიწრო დერეფნის ხის იატაკი დაწეულია, ალაგ-ალაგ ჩანს სარდაფიც… ჭერის ბოძები ნახევრად ჩამოშლილია, შესაძლოა სწრაფი მოძრაობის ან სიბნელის გამო სიცოცხლისათვის საშიში დაზიანება მიიღო.
სწორედ ამიტომ ხშირად გვიმეორებს გულნარა სალუქვაძე, რომ ფრთხილად ვიყოთ, შემობრუნების დროსაც კი. თან საკუთარი ბინის კარისკენ მიგვიძღვება, სადაც დედამთილი და მეუღლე ელოდებიან. ბინაშიც არ არის განსხვავებული მდგომარეობა, ჩამოსული წყლის კვალი, ხვრელები ჭერში…
შესასვლელი კარის პირდაპირ გულნარა სალუქვაძის დედამთლი, 82 წლის მარია ლეონოვა ზის. ის გიორგი ბრწყინვალის 48 ნომერში ყველაზე დიდი ხნის მკვიდრია. როგორც ყვება, ტყავის ქარხანაში მუშაობდა მთავარ ბუღალტრად. იმ სახლში, სადაც ახლა ცხოვრობს, ბუღალტრების „კანტორა“ ყოფილა. როცა სხვა მისამართზე გადაუტანიათ ეს „კანტორა“, ძველ შენობაში მარია ლეონოვასთვის, რომელიც ნაქირავებში ცხოვრობდა, ბინა გადაუციათ. ეს იყო 1959 წელს. მარია ლეონოვა დღემდე ინახავს მაშინ გაცემულ ორდერს.
სახლი, რომელშიც ორი ოჯახი დღემდე ცხოვრობს
ამ დროისთვის მარია ლეონოვა 62 წლის ვაჟთან და 56 წლის რძალთან ერთად ცხოვრობს. შვილიშვილები არ ჰყავს. მხედველობისა და სმენის პრობლემები აქვს, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან ერთად. ამბობს, რომ სამი წელია სახლიდან ვერ გადის და რძალი – გულნარა სალუქვაძე უვლის. ოჯახს არც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს, არადა, შემოსავალი მხოლოდ მარიას პენსიაა. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა მათთვის სახლია, რომელიც ყოველდღიურად თავზე ენგრევათ.
გულნარა სალუქვაძე სადარბაზოს შესასვლელთან
„არ მინდა მაგათი ფული, გაგვიყვანონ აქედან ჩვენი ბინის სანაცვლოდ, ან ეს გაამაგრონ და გაარემონტონ. ყოველდღე რისკის ქვეშ ვცხოვრობთ. ერთი ძლიერი ქარი დაანგრევს ყველაფერს“, – ყვება გულნარა სალუქვაძე.
მათ ისედაც ძველ და სარემონტო სახლს სახურავი იანვრის დიდთოვლობაზე ჩამოექცა. გულნარა სალუქვაძე ამბობს, რომ მას შემდეგ სხვადასხვა ინსტანციას არაერთხელ მიმართა – დახმარება არსაიდან ჩანს. ახლა იხსენებს, რომ დიდთოვლობამდე რამდენიმე წლით ადრე სახლის გასამაგრებელი სამუშაოების ჩატარება უნდოდა, მაგრამ შესაბამის სამსახურებში უთხრეს, რომ მხოლოდ ხის კონსტრუქციები შეეძლო გამოეყენებინა, ხოლო ბეტონის ჩამოსხმის შემთხვევაში მას დააჯარიმებდნენ.
სადარბაზოში შემოსასვლელი ხის ფიცრებით შეჭედილი პატარა ხიდისადარბაზოს იატაკი გადახრილია, ჩამოცვენილია ჭერის საყრდენი ბოძებიშუა სადარბაზოში ჩამოვარდნილი წვეტიანი ბოძი
„30 იანვარს მივმართე მერიას, მას შემდეგ ექვსი განცხადება მაქვს და წესიერი პასუხი არ მიმიღია. ხან იმას გადააწერეს, ხან მეორეს, არ ვიცი პასუხი სადაა. მანველიძესთან [ბათუმის ვიცე-მერი ბაგრატ მანველიძე] ვიყავი მისული, ერთხელ შემხვდა და მერე აღარ მხვდებოდა, ხან ვითომ ის მიზეზი, ხან – ეს… მერე მთავრობაშიც ვიყავი მისული და დამირეკა მანველიძემ მოდიო. სიტყვიერად დამპირდა ნაქირავებში გაგიყვანთ და სამი თვე 350 ლარს გადაგიხდითო.
მართლაც ასე იყო, გასული ვიყავით ნაქირავებში. ორი თვის ფული დაგვიანებით ირიცხებოდა და ბინის მეპატრონემ გამოგვიშვა. ისევ ძველ სახლში დავბრუნდით. მეოთხე თვე მიდის და მესამე თვის ფული ჯერაც არ არის დარიცხული, როგორ არ დავბრუნდებოდი… სადმე ხომ უნდა ვიცხოვროთ?! ეს მოხუცი სად წავიყვანო?! ჩემმა ქმარმა სამსახური დაკარგა, რაც ჰქონდათ იქაც 150 ლარამდე იყო ხელფასი. ის ეთნიკურად რუსია, ჩვენთან ქართველს უჭრის მუშაობა და მას ვინ ამუშავებს… „ბალკები“ ჩამოშლილი, ყოველდღე ცვივა კრამიტი და ხის კონსტრუქციის ნამსხვრევები, წყალი დიდი ხანია ჩამოგვდის… ცოტა ხნის წინ, ძლიერი ქარის დროს, მეზობლებთან შევაფარეთ თავი“, – ყვება გულნარა სალუქვაძე.
მისი თქმით, მერიამ მთავრობასთანაც გადაამისამართა, მაგრამ მათგან მიიღო პასუხი, რომ მთავრობაში მხოლოდ ეკომიგრანტებისთვის იყო გამოყოფილი მსგავსი დახმარება და კვლავ მერიასთან გადაამისამართეს.
ჭერში ხვრელებია და წყალი ჩამოდისადგილებზე, სადაც წყალი დიდი ოდენობით ჩამოდის, ტაშტები აქვთ დადგმული
მარია ლეონოვა ცდილობს აგვიხსნას, რომ მთელი ცხოვრება შრომაში გაატარა და ახლა, როცა დასვენებისა და მშვიდი სიბერის დრო უნდა ჰქონდეს, გარეთ გაუსვლელად ცხოვრობს საკუთარ სახლში, რომელიც იქცა ერთგვარ საფრთხედ. იმეორებს, რომ მხოლოდ გაცვლა უნდა საკუთარი ბინის ან უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რომ ამ ქვეყანაში მისი ასაკის ხალხი არავის სჭირდება, ბოლო დროინდელმა ამბებმა კი ყველა იმედი გადაუწურა და ყურის სასმენ აპარტზე ოცნებაც შეაწყვეტინა. ახლა ის აწუხებს, მისი წამლების ხარჯებთან ერთად ამდენი პრობლემა დააწვა თავის რძალ-შვილს.
82 წლის მარია ლეონოვა
„ბათუმელებს“ მერიაში უთხრეს, რომ პირი, ვისაც მარია ლეონოვასა და გულნარა სალუქვაძის განცხადებებზე შეუძლია ინფორმაციის მოწოდება, შვებულებაში იმყოფებოდა და ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
2017 წლიდან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მოქმედ პროგრამებს კიდევ ერთი ახალი პროგრამა დაემატება, რომლის მიზანიც რეგიონის ბაღის აღსაზრდელებში კალციუმის დეფიციტისa და ოსტეოპოროზის ადრეული გამოვლენაა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2017 წლის პროგრამების პროექტების საჯარო განხილვა გუშინ, 11 მაისს მოეწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პრიორიტეტებზე ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი პროგრამის – ,,Ca–ის დეფიციტის პრევენცია სამიზნე ჯგუფში“- ფარგლებში დაგეგმილია ძვლის სიმკვრივის განსაზღვრა ინსტრუმენტულ -ლაბორატორიული გამოკვლევით (ულტრაბგერითი დენსიტომეტრია, კალციუმის განსაზღვრა სისხლში) და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური პროფილაქტიკა.
პროგრამის მოსარგებლეები რეგიონის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები იქნებიან.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ცვლილება შევა პროგრამაში – ,,ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“. 2017 წელს ყველა მოსარგებლეს ჩაუტარდება მედიკამენტოზური პროფილაქტიკა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ორსულს გადაეცემა მედიკამენტის სამკურნალო დოზის გარკვეული მარაგი.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ შევაბურში მცხოვრები 78 წლის იური ბასილაძე შპს „კაპიტალს“ 3 400 ლარს ედავება. კომპანიასა და იური ბასილაძეს შორის დავის მიზეზი სოფელ ბელტურში ბაგირზე დაკიდული ის ხიდია, რომელიც იურიმ ორ შვილთან ერთად კომპანიასთან სიტყვიერი მოლაპრაკების საფუძველზე შეაკეთა. იურის თქმით, გაწეული სამუშაოებისთვის კომპანია მას დაპირებულ ანაზღაურებას არ უხდის.
78 წლის იური ბასილაძემ სოფელ ბელტურში ბაგირზე დაკიდული ხიდი შპს „კაპიტალთან“ სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე გასულ წელს ორ შვილთან ერთად გაარემონტა. როგორც თვითონ ამბობს, ხიდის გასარემონტებლად 45 დღე დასჭირდა. იურის თქმით, სკოლის მოსწავლვლეებისთვის გადაადგილების პრობლემა რომ აეცილებინა და რემონტი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დაესრულებინა, ამ ხნის განმავლობაში დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად მუშაობდა.
იური ბასილაძე„უამრავი ბაგირის ხიდი მაქვს გაკეთებული და გარემონტებული, ეს ყველამ იცოდა. როდესაც კომპანიამ ბაგირზე დაკიდული ხიდის ტენდერი მოიგო და დასჭირდა ამ საქმის მცოდნე, უთხრეს, რომ მე ვიყავი სპეციალისტი. სწორედ ასე დამიკავშირდა ეს კომპანია. პირველ ეტაპზე სიტყვიერად მოვილაპარაკეთ, რომ 3 400 ლარს გადაგვიხდიდა. პირველ აგვისტოს დავიწყეთ მუშაობა და 15 სექტემბერს დავასრულეთ“, – ამბობს იური. მისი თქმით, მუშაობის ათეულობით წლების გამოცდილება აქვს, მაგრამ დღემდე ასე არავის მოუტყუებია.
„ეს პირველი შემთხვევაა, მოტყუებული რომ დამტოვეს მოხუცებული კაცი. ჯერ კიდევ სამუშაოს დაწყებისთანავე ვთხოვდი კომპანიის წარმომადგენლებს ხელშეკრულება გაეფორმებინათ ჩვენთვის. სამი დღის შემდეგ საერთოდ აღარ გამოჩენილან ობიექტზე, მხოლოდ ტელეფონით ვუკავშირდებოდი. ხიდის გარემონტების დაწყებიდან დაახლოებით ერთი თვე იქნებოდა გასული, როდესაც გავიგე, რომ ამ კომპანიას ქედაში სხვა ობიექტები ჰქონდა აღებული და ის ობიექტები მიეტოვებინა. გამგებელთან ავედი, ვუთხარი კომპანიის წარმომადგენლები არ მოდიოდნენ, მე ხელშეკრულება არ მქონდა გაფორმებული და უხელფასოდ ხომ არ დავრჩებოდი. გამგებელმა მითხრა, ხიდის მშენებლობა არ გამიჩერო და რაც იმუშავე, ერთი თეთრიც არ დაგეკარგებაო. მეც გამგებლის სიტყვას ვენდე, მუშაობა გავაგრძელე და ხიდის გარემონტება დავასრულე. ვინმეს რომ არ ეთქვა ხიდი გაუღებავია და დაუსრულებელიაო, საღებავიც კი საკუთარი თანხით ვიყიდე, 85 ლარი გადავიხადე და სამუშაოები ხიდის გაღებვით დავასრულე“, – ყვება იური.
ხიდის შეკეთების დასრულებიდან შვიდი თვე გავიდა, თუმცა იურის და მის შვილებს დაპირებული თანხა – 3 400 ლარი დღემდე არ მიუღიათ. იურის სასამართლოს იმედი აქვს და სჯერა, რომ მისი შრომის საფასურს ამ გზით დაიბრუნებს. მის ინტერესებს სასამართლოში საიას იურისტები დაიცავენ.
ქედის გამგებელი დავით დუმბაძე ადასტურებს, რომ ხიდი 78 წლის იურიმ შეაკეთა. თუმცა, მისი თქმით, გამგეობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია კომპანია აიძულოს, სამუშაოს შემსრულებელს თანხა გადაუხადოს.
„ერთადერთი, რაც ჩვენ შეიძლება კომპანიას მოვთხოვოთ, ეს არის დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვა. რაც შეეხება ანაზღაურებას, ყველა მუშამ უნდა მოითხოვოს და ხელშეკრულება გააფორმოს კომპანიასთან. მე ვუთხარი ბატონ იურის სასამართლოსთვის მიემართა. გამგეობა დაადასტურებს, რომ ხიდი მან შეაკეთა, ჩვენ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გავწყვიტეთ, რადგან ქედის გამგეობის ორი ტენდერით აღებული ვალდებულებები არ შეასრულა და ობიექტები დაუსრულებელი დატოვა. ამ სამუშაოების დასასრულებლად მეორედ მოგვიხდა ტენდერის გამოცხადება“, – ამბობს დავით დუმბაძე.
კომპანიის დირექტორი როლანდ დიასამიძე ამბობს, რომ ცდილობს იური ბასილაძეს მისი კუთვნილი თანხა მანამდე გადაუხადოს, ვიდრე სასამართლო პროცესი დაიწყება: „ქედის გამგეობამ შესრულებული სამუშაოებისთვის 7 000 ლარი ჩაგვირიცხა, რაც შეეხება ხიდზე მომუშავეთა ანაზღაურებას, იმ ობიექტზე მინდობილმა პირმა მომატყუა და იური ბასილაძეს თანხა არ ჩაურიცხა, ვცდილობ, თანხა მოვიძიო და გადავუხადო“.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ბელტურის ბაგირზე დაკიდული საცალფეხო ხიდის, დამცავი გაბიონისა და მასთან ერთად სამ ობიექტზე ტენდერი ქედის გამგეობამ 37 305 ლარზე გასული წლის 25 მაისს გამოაცხადა. ხელშეკრულება ქედის გამგეობამ ტენდერში გამარჯვებულ შპს „კაპიტალთან“ 27 898 ლარზე ივნისში გააფორმა. იმავე დღეს გამგეობამ ამ კომპანიას კიდევ ერთი ხელშეკრულება გაუფორმა, რითაც კომპანია ვალდებულებას იღებდა, რომ 49 999 ლარით ქედის მუნიციპალიტეტში შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებდა. კომპანიამ ორივე ტენდერით ნაკისრი ვალდებულებების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოებისთვის შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ ქედის გამგეობის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კომპანია შავ სიაში გადაიყვანა.
ფოტოზე: ბაგირის ხიდი აჭარაში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.
ლუკა ასათიანის ქუჩაზე მშენებარე სახლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშა დაიღუპა. ეს უკვე 359-ე უბედური შემთხვევაა ბოლო 10 წლის განმავლობაში მშენებლობიდან ადამიანის ჩამოვარდნის და დაღუპვის. მხოლოდ წელს ბათუმში უკვე სამი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა მშენებარე კორპუსის სხვადასხვა სართულიდან გადმოვარდნის შედეგად. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში არავის აქვს უფლება აკონტროლოს არის თუ არა დაცული შრომის უსაფრთხოების პირობები მშენებლობის დროს. არც დასჯის უფლება აქვს ვინმეს.
„ჩვენ სწორი გზით მივდივართ“, – მიიჩნევს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელზა ჯგერენაია იმის მიუხედავად, რომ მის სამსახურს, მშენებელი კომპანიის ნებართვის გარეშე, არ აქვს უსაფრთხოების ნორმების შემოწმების უფლება. დეპარტამენტს არ აქვს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სანქციის გატარების უფლებამოსილება.
მშენებლობებზე ადამიანების დაღუპვის მაჩვენებელი კი მატულობს: „ბევრი დარღვევაა უსაფრთხოების კუთხით, მაგრამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა საკმაოდ პოზიციტიურია. შემოწმებული კომპანიებიდან 60 პროცენტს ნაწილობრივ შესრულებული აქვს რეკომენდაციები, 30 პროცენტს – სრულად, ხოლო 10 პროცენტს, ეს სადღაც 7 კომპანია გამოდის, არ გაუთვალისწინებია რეკომენდაციები“.
ელზა ჯგერენაიას აზრით, შრომის დაცვის ინსპექცია მართებულად გააუქმეს, რადგან კორუფციის რისკები ძალიან მაღალი იყო და რეალურ კონტროლს ეს მექანიზმი ვერ უზრუნველყოფდა. ამ სფეროში ჩართული პირები კი პირიქით ფიქრობენ. მათი მტკიცებით, მაკონტროლებელი ორგანოს გაუქმება იყო დანაშაული და გაუქმების ნაცვლად, ის უნდა გაეძლიერებინათ.
„მუშა აბსოლუტურად დაუცველია, ელემენტარული ჩაფხუტი და ქამარიც კი არ აქვთ ბევრგან“, – ამბობს აჭარის მშენებელთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, იაშა გურგენიძე. ის წლებია ამ მიმართულებით მუშაობს. მისი დაკვირვებით, ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, როცა 2006 წელს შრომის დაცვის ინსპექცია გაუქმდა. „მარტო აჭარაში ამჟამად დაახლოებით 7 ათასამდე ადამიანი მუშაობს მშენებლობებზე. ამ ადამიანების დაუცველი შრომა რატომღაც დღემდე არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ. კანონში ყველაფერი შესანიშნავად წერია, მაგრამ არავინ ამოწმებს არის თუ არა სადმე დაცული უსაფრთხოების ნორმები. ელემენტარული ნორმების დაცვას არც ისე ბევრი თანხა სჭირდება, მაგრამ ინვესტორები ამ პასუხისმგებლობას ვერ გრძნობენ, რისკავენ, სიხარბე სძლევთ“, – ამბობს იაშა გურგენიძე.
მშენებელი კომპანიების უპასუხისმგებლობაზე მიუთითებენ დამსაქმებელთა ასოციაციაშიც. „ბევრი აბრალებს მუშებს, რომ ისინი არ იცავენ დისციპლინას, მაგრამ თუკი დამსაქმებელი მოითხოვს, შეუძლებელია, უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტის დაცვა პრობლემა იყოს. ხშირ შემთხვევაში, სწორედ ფუნდამენტური პრინციპების დაუცველობა ხდება უბედური შემთხვევის მიზეზი. ვიდრე სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საკითხი არ დადგება, არავინ ამოწმებს უსაფრთხოების პირობებს“, – გვეუბნება დავით ჭყონია, „დამსაქმებელთა ასოციაციის“ აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
მშენებლობაზე მომხდარ უბედურ შემთხვევებზე დაწყებულ გამოძიებებს თვალს ადევნებს იაშა გურგენიძეც: „არ გამიგია ვინმე დაეპატიმრებინოთ ამის გამო. აჯარიმებენ 10-12 ათასი ლარით და ისევ გრძელდება მშენებლობა“.
გამოძიება უკვე დაწყებულია კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი მუშის საქმეზე. კომპანიის ხელმძღვანელობა ჯერ გასაუბრებას დაგვპირდა, თუმცა შემდეგ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხეს.
გამოძიება არ დასრულებულა, მაგალითად, მიმდინარე წლის 8 თებერვალს „პორტა ბათუმის“ მშენებლობაზე მუშის დაღუპვის საქმეზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
„აქ 200-მდე მუშაა. ბევრი გათავისუფლდა, ან თავისი სურვილით წავიდა, რადგან უსაფრთხოების კუთხით მოთხოვნების შესრულება არ სურს“, – ამბობს თემურ ზანაქიძე, „პორტა ბათუმის“ მშენებლობის უსაფრთხოებაზე ხელმძღვანელი პირი. მისი თქმით, მუშის დაღუპვა მისივე გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. „ხელშეკრულების გაფორმების დროს, მათ დეტალურად ვაცნობთ უსაფრთხოების ინსტრუქციებს. შემდეგ თვეში ორჯერ ვუტარებ ტრენინგებს და დეტალურად ვახსენებ წესებს. თითოეულ ჯგუფს ვაკვირდები ყოველდღიურად, რომ არ იმუშავოს, მაგალითად, ჩაფხუტის, ან შესაბამისი ჟილეტის გარეშე“, – გვიყვება თემურ ზანაქიძე.
რატომ არიდებს თავს ხელისუფლება სანქციების ამოქმედებას იმ მშენებელი კომპანიების მიმართ, ვინც უსაფრთხო შრომის პირობებს არ ქმნის? – ელზა ჯგერენაია, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სანქციები უნდა დაწესდეს, მაგრამ ეტაპობრივად: „ეს არაა დამოკიდებული მხოლოდ სახელმწიფოზე, დასაქმებულზე ან დამსაქმებელზე – სამივეს ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ. შესაძლოა, მკაცრმა სანქციებმა გარკვეული მშენებლობის შეჩერება და უმუშევრობა გამოიწვიოს. ჩვენ გასულ წელს დავიწყეთ ამაზე მსჯელობა პროფესიულ კავშირებთან და ბიზნესმენთა ასოციაციასთან ერთად. აუცილებლად უნდა შემუშავდეს კანონპროექტი ამ კუთხით და ეს წლის ბოლომდე გაკეთდება. ზაფხულის დასაწყისში ამ თემაზე შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მრგვალ მაგიდას მოაწყობს. იქ ვიმსჯელებთ, სანქციების რა მოდელი იქნება ყველაზე ეფექტური“.
კანონის სრული სიმკაცრით ამოქმედების მომხრე არც „დამსაქმებელთა ასოციაციაა“. „კანონმდებლობა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოშია მიღებული. ეს კანონი საკმაოდ მკაცრია და მისი სრულად ამოქმედება დაარტყამს ბაზარს, მაგრამ ვემხრობი იმას, რომ ნებისმიერ მშენებელს მოსთხოვონ მინიმალური პირობების დაკმაყოფილება, მაგალითად, აღჭურვილობის შეძენა, რაც ერთი მუშის შემთხვევაში 200 ლარამდე ჯდება“, – აცხადებს დავით ჭყონია.
რატომ აარიდა თავი, ან რატომ ვერ მოიცალა ხელისუფლებამ დღემდე უსაფრთხო შრომითი ნორმებისთვის, რომლის დაუცველობასაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე ეწირება? – „ასე არ არის, არ აგვირიდებია თავი. უბედური შემთხვევა ყველა ქვეყანაში ხდება და შრომის ინსპექცია არ არის იმის გარანტი, რომ 100 პროცენტით აღმოიფხვრება ასეთი შემთხვევები,“ – ამბობს ელზა ჯგერენაია, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
„ჩვენთვის სად სცალიათ პოლიტიკოსებს? ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს და ამას ვეუბნები სხვებსაც. ეთამაშებიან სიკვდილს, სიცოცხლე ყველას გვინდა, მაგრამ ბევრს ჩაქნეული აქვს ხელი ყველაფერზე“, – გვითხრა ერთ-ერთმა მუშამ კომპანია „შველას“ მშენებარე კორპუსთან, რომლის მე-6 სართულიდან გადმოვარდნილი 40 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.
ავტოსადგურები ტურისტული ქალაქების ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. ბათუმს კი აქვს ავტოსადგური, რომლის ინფრასტრუქტურა წლებია არ განახლებულა. ქალაქის შემოსასვლელში არსებული სადგურის შენობა, ასევე მიმდებარე ტერიტორია მოუწესრიგებელია – მგზავრებს გადაადგილება არაჰიგიენურ გარემოში უწევთ. როგორც ჩანს, ბათუმის ავტოსადგურის განახლება ჯერ არ იგეგმება. ამ თემაზე სააქციო საზოგადოება „ბათუმის სადგურის“ უფროსის მოადგილემ, ბადრი სოლომონიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა.
ბადრი სოლომონიძებატონო ბადრი, იგეგმება თუ არა 2016 წლისთვის ავტოსადგურის ინფრასტრუქტურის განახლება და თუ არა, რატომ?
ინფრასტრუქტურა გასაახლებელია და ვაპირებთ რაღაცების გაკეთებას. ტურისტული სეზონის დაწყებამდე მეორე სართულის მოწესრიგებას ვგეგმავთ შიგნიდან. გასულ წელს მეორე სართულზე სასტუმრო გავაკეთეთ და სახურავი მოვაწესრიგეთ. პირველ სართულზე ტერიტორია მთლიანად არის მობეტონებული, დანარჩენი კი კომერციული ობიექტებია და ცდილობენ მოაწესრიგონ გარემო… მთლიანობაში ინფრასტრუქტურაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი.
შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ, სადაც ავტოტრანსპორტი ჩერდება, არაფრის შეცვლას არ აპირებთ?
მიმდებარე ტერიტორიაც გვინდა მოვაწესრიგოთ, დავხაზოთ ადგილები და ისე გავაჩეროთ ავტომანქანები. მოიშლება ღობეც, რომელიც ავტოსადგომს აქვს შემოკრული, არც თავის დროზე იყო საჭირო მაგის გაკეთება.
ავტობუსების გასაჩერებელ ადგილზე სახურავი არის დახავსებული, წვიმა ჩამოდის და დგება ტბორები. ამ მიმართულებით რას შეცვლით?
მართალია, ეგ სახურავიც შესაბათქაშებელია და ამ სამუშაოებს წელს შევასრულებთ.
გაქვთ პროექტი, რისი მიხედვითაც აახლებთ შენობის ინტერიერს ან ექსტერიერს, თუ სამუშაოები სპონტანურად ხორციელდება?
ჩვენ გვინდა ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები ამის საშუალებას არ იძლევა. იმდენი არ არის, რამდენიც ავტოსადგურის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ევროსდანტარდებთან მიახლოებას სჭირდება.
სახელმწიფო წილი რამდენია „ბათუმის ავტოსადგურში“ და ამ წილიდან გამომდინარე აკისრია რაიმე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს?
ეკონომიკის სამინისტროს აქვს 30-პროცენტიანი წილი, მაგრამ ცალკე სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს, ერთად უნდა შევიმუშაოთ პროექტი.
როდის და რაზე იმუშავეთ ერთად და როგორია სამინისტროს პოზიცია მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე?
სამი წლის განმავლობაში 480 ათასი ლარის სარემონტო სამუშაოები გავაკეთეთ და ეკონომიკის სამინისტროსთვის ეს ცნობილია. გვქონდა სამმილიონიანი პროექტი, ინვესტორიც გვყავდა, მაგრამ წინა ხელისუფლებამ არ დაგვიმტკიცა და ინვესტორიც წავიდა.
მოქმედი მთავრობის დროს ხომ შეგეძლოთ ისევ წარგედგინათ ეს პროექტი?
რადგან ინვესტორი წავიდა, პრობლემები გაჩნდა და საქმე დღემდე სასამართლოშია. ვედავებით ინვესტორსაც და ძველ მთავრობასაც, ვითხოვთ პროექტზე დახარჯული თანხის კომპენსაციას. ორი პროექტი გავაკეთეთ, რომელიც 50 ათასი დოლარი დაგვიჯდა.
თქვენ თქვით, რომ შემოსავალი ცოტა აქვს სადგურს, ხომ არ აპირებთ ბიზნესპარტნიორის მოძიებას და რას შეცვლის ეს?
რა თქმა უნდა, მაგაზე ვფიქრობთ, რადგან სადგურების საკითხი ქალაქში მოწესრიგებული არ არის და მთელი ქალაქი გავსილია მიკროავტობუსებით, მინიბუსებით და ამის გამო მგზავრი სადგურში აღარ შემოდის. ამიტომ ვცდილობთ მოვიყვანოთ ვინმე პარტნიორი და გავზარდოთ შემოსავლები. სამი მილიონი ლარი სჭირდება სადგურის მოწესრიგებას, ეს თანხა კი ამ დროისთვის არ გვაქვს.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან, 26 მაისთან დაკავშირებით, დღეს, 12 მაისს, ბათუმში, „ვარდების სკვერში“ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ექსპონატები გამოფინეს. გამოფენა ბათუმში 17:00 საათამდე გაგრძელდება, ხვალ კი ექსპონატებს ოზურგეთში გამოფენენ. საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ახორციელებს პროექტს, რომელიც ითვალისწინებს 1918 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ექსპონატების გატანას რეგიონებში.
საქართველოს პირველი კონსტიტუცია ფრანგულ ენაზე. გამოცემის წელი 1919. ფოტო: ლელა დუმბაძის
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლის, ჯული ცხვედიანის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტი, 1919 წელს, ფრანგულ ენაზე დაბეჭდილი საქართველოს პირველი კონსტიტუცია, 1918-21 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო თამარ მეფის ორდერი, პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები – საბეჭდი მანქანა, ხელჯოხი და სამელნეები. აქვეა წარმოდგენილი ნოე რამიშვილისა და ექვთიმე თაყაიშვილის ნაქონი ხელჯოხებიც.
ნოე ჟორდანიასა და ნოე რამიშვილის პირადი ნივთები. ფოტო: ლელა დუმბაძის
ექსპონატები დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში გამოიფინება, შემდეგ კი აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში გამოფენენ.
დღეს, 12 მაისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა: მიშა მჟავანაძემ [ფრაქცია „მაჟორიტარები“], ასმათ დიასამიძემ [ფრაქცია „თავისუფლება“], პეტრე ზამბახიძემ და ეკატერინე თარგამაძემ [„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“] ერთიანი ბრიფინგი გამართეს. ისინი აჭარის თავმჯდომარის მიერ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად უმაღლესი საბჭოსთვის დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურების წარდგენას გამოეხმაურნენ. მათი თქმით მხარს არ დაუჭერენ დავით ქარცივაძისა და მამუკა ჯაშის კანდიდატურებს და იგივესკენ მოუწოდებენ სხვა დეპუტატებსაც.
„ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანი იყო სწორედ იმ სიაში, რომლიდანაც აარჩიეს დეპუატატის შვილი და პარტიული ნიშნით, ცალკეული პარტიის – „ქართული ოცნების“ პარტიის წევრი. ეს არის მიუღებელი და მოვუწოდებ ყველა ადამიანს, ყველა დეპუტატს, ვინც მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რომ არ წავიდეს კანონის და საკუთარი პრინციპების წინააღმდეგ, რათა არ მივიღოთ მართული საარჩევნო ადმინისტრაცია“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა პეტრე ზამბახიძემ.
ფრაქცია „თავისუფლების“ წარმომადგენელმა, ასმათ დიასამიძემ განაცხადა, რომ ფრაქციის ორი წევრი – თავად, ასმათ დიასამიძე და მურმან ბერიძე, უერთდებ აღნიშნულ განცხადებას და თვლიან, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ მიკერძოებულად წარმოადგინა კანდიდატურები და უარი თქვა სხვა ნეიტრალურ კანდიდატებზე კომისიის მიერ წარდგენილი სიიდან:
„ამ შემთხვევაში ძალიან გულდასაწყვეტია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს თავისი კანდიდატურის და კანდიდატის წარმოდგენას, მხარდაჭერას. მე მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ პირველ რიგში იყვნენ მართლანი საკუთარი თავისა და საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ასმათ დიასამიძემ.
სოციალური მეწარმეობის ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა. პროექტის ფარგლებში, წლის განმავლობაში 4 პროექტი შეირჩევა. თითოეული ჯგუფი დაფინანსების სახით 8 ათას ევროს მიიღებს. პროექტი ითვალისწინებს იმ ბიზნესპროექტის განხორციელებას, რომელიც რომელიმე სოციალური პროგრამის მოგვარებას შეუწყობს ხელს, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასაქმება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოება და ასე შემდეგ.
პროექტს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ასევე ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი უწევს ორგანიზებას ევროკავშირის მხარდაჭერით. დღეს პროექტის ორგანიზატორებმა საინფორმაციო შეხევდრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.
„ამ პროექტის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალგაზრდების ჩართულობა. პროექტი სამწლიანია და ყოველწლიურად დაფინანსებული 4 ბიზნესჯგუფის გარდა, დაფინანსებას მიიღებს სტუდენტთა ერთი ჯგუფიც – დაახლოებით 20 ათასი ლარის ოდენობით. პროექტში ჩართული სტუდენტების ნაწილი ასევე მიიღებენ დაფინანსებას, დაახლოებით 1500 ლარის ოდენობით, უკვე არსებული სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი გიგა ჩიტიშვილი.
ეს ცენტრი 2009 წლიდან ახორციელებს ამ პროექტს. ამჯერად სოციალური მეწარმეობის მხარდამჭერი ევროკავშირი გახდა და გაიზარდა პარტნიორი ორგანიზაციების ქსელიც. გიგა ჩიტიშვილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით უკვე 50 სოციალური საწარმოა შექმნილი: „ბათუმში ასეთია „აგროდილერი“, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მარწყვს აწარმოებს. სოციალური წარმოების კარგი მაგალითია ტრადიციული მოდის სახლიც, სადაც შშმ პორები ქართული ორნამენტებით ევროპულ ტანსაცმელს კერავენ“.
პროექტის ფარგლებში საკონსულტაციო ცენტრი ქუთაისში გაიხსნება. კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ საინიციატივო ჯგუფს შეუძლია, სადაც მინიმუმ ორი წევრი მაინცაა გაერთიანებული. ყოველწლიურად 16 ჯგუფი შეირჩევა. მათ სოციალურ წარმოებაზე სამთვიანი ტრენინგი ჩაუტარდებათ. გამარჯვებული 4 გუნდი კი დაფინანსებას მიიღებს და სოციალურ საწარმოს აამუშავებს.
ზუბალაშვილის და ლუკა ასათიანი ქუჩების კვეთაში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ბათუმის საკრებულოს ფრაქცია„თავისუფალი დემოკრატების“ ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ გააპროტესტა. მისი თქმით, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე მიმდინარეობს.
„საქმე გვაქვს სამართალდარღვევასთან, რომელსაც ხელი შეუწყო ბათუმის მერმა, საკრებულოს წინა თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა. ამ უკანონობას დღესაც უწყობს ხელს მერიის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც არ რეაგირებს ამ დარღვევებზე. ეს არის დივერსიული აქტი, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც არის წახალისებული. ერთადერთი ინტერესი აქ არის ის, რომ ინვესტორი იყოს ფუფუნებაში საჯარო ინტერესების დაცვის ხარჯზე“ – აცხადებს კობა ჩხეიძე.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის N02/610 ბრძანებით ზუბალაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში არსებული ტერიტორიის ნაწილი სარეკრეაციო ზონაა. ბრძანებას თან ახლდა რუკა, სადაც სარეკრეაციო ზონები მწვანე ფერითაა აღნიშნული.
ვიდრე ზუბალაშვილის ქუჩა N37-ში მშენებლობას კომპანია „DS GROUP” დაიწყებდა, ტერიტორიიდან 25 ძირი მრავალწლიანი ხე გადაიტანეს, 2 – მოჭრეს. ქალაქის ცენტრალურ ადგილას სარეკრეაციო ზოლს მალე მრავალსართულიანი კორპუსი ჩაანაცვლებს. „ორი ძირი კვიპტომერია ისეც მოსაჭრელი იყო, გამხმარი იყო თითქმის. დანარჩენი კი გადავრგით და ყველა კარგადაა“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურის უფროსმა, ეთერ მაჭუთაძემ. მისი განმარტებით, 12 ძირი ოლიანდრა ლერმონტოვის ქუჩაზე მოწყობილ სკვერში გადაირგო, ხოლო დარაჩენს, მათ შორის რამდენიმე მუშმულას ხე, სპეციალურ სანერგეშია მოთავსებული და გამწვანების სამსახური მათ გადარგვას ბაგრატიიონის ქუჩაზე მოწყობილ სკვერში აპირებს.
„ეს ადგილი, როგორც მახსოვს, სარეკრეაციო ზონა არ არის. დაზუსტებით არქიტექტურის სამსახური გეტყვით“ – ასე გამოემხაურა დღეს კობა ჩხეიძის ბრიფინგს ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი. ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი ახალაძემ კი, „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
საკრებულოს წევრის, კობა ჩხეიძის განმარტებით, ბათუმის მერს თვალები დაახუჭინეს: „ნებართვა ასე არასწორად გასცა საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ აქ მხოლოდ შენობის დემონმტაჟის ნებართვაა გაცემული, მიმდინარეობს საძირკვლის მომზადება ახალი მშენებლობლისთვის“
ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ.
ნახევარფინალური თამაშები 7-8 მაისს გაიმართა. ნახევარფინალების ლიტერატურულ ნაწარმოებთა სია ასე გამოიყურება:
ჰომეროსი – „ოდისეა“;
გურამ დოჩანაშვილი – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“;
ფიოდორ დოსტოევსკი – „დანაშაული და სასჯელი“;
სტივენ კინგი – „მწვანე გზა“;
ჯეკ ლონდონი – „მარტინ იდენი“.
პირველ ნახევარფინალურ თამაშში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ბათუმის #20 [სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე] და #2 [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი] საჯარო სკოლების გუნდები. თამაშის შედეგებით ფინალში გადავიდა ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა, ანგარიშით 10:7.
მეორე ნახევარფნალურ თამაშში ერთმანეთს შეხვდნენ: სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე] და ბათუმის #10 [მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე] საჯარო სკოლა. საბოლოო შედეგებით, ანგარიშით – 14:6 ფინალურ ეტაპზე გადავიდა ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა.
ფინალისტი გუნდების წევრებს ორი კვირა აქვთ, რომ გასული თამაშების განმავლობაში დაგროვებული ლიტერატურული ნაწარმოებები კიდევ ერთხელ გადაიკითხონ და მოემზადონ ფინალისათვის. ფინალური თამაშის ფორმატი განსხვავებული იქნება; თამაშში იქნება 7 ძირითადი შეკითხვა, ბლიც-კითხვები იქნება ყველა გავლილი ნაწარმოებიდან და ბლიცის დრო 45-დან 60 წამამდე გაიზრდება. ამჯერად მონაწილეებმა არ იციან, თუ კონკრეტულად რომელი 7 ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ დაისმება ძირითადი შეკითხვები.
15 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთაგანაც 7 ნაწარმოები ფინალური ეტაპის ძირითად შეკითხვებში მოხვდება.
ევრიპიდე – „მედეა“;
ოსკარ უაილდი – „დორიან გრეის პორტრეტი“;
დენიელ კიზი – „ყვავილები ელჯერნონისთვის“;
ვაჟა-ფშაველა – „ალუდა ქეთელაური“;
ერნესტ ჰემინგუეი – „მოხუცი და ზღვა“;
ჯორჯ ორუელი – „1984“;
უილიამ შექსპირი – „ჰამლეტი“;
ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“
ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა პრინცი“;
ალბერტ კამიუ – „უცხო“;
ილია ჭავჭავაძე – „კაცია ადამიანი?!“;
ვირჯინია ვულფი – „საკუთარი ოთახი“;
გაბრიელ გარსია მარკესი – „მარტოობის ასი წელიწადი“;
ჰომეროსი – „ოდისეა“;
სტივენ კინგი – „მწვანე გზა“.
20 ლიტერატურული ნაწარმოები, რომელთა შესახებაც ფინალურ თამაშში ბლიც-კითხვები დაისმება:
ნოდარ დუმბაძე – „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“;
„ანა ფრანკის დღიური“;
ორჰან ფამუქი – “თოვლი”;
ალექსანდრე დიუმა – “კავკასია”;
პროსპერ მერიმე – “მათეო ფალკონე”;
რეი ბრედბერი – „451 ფარენჰეიტით“;
ჯემალ ქარჩხაძე – „ოპერაცია დეიდა ტასო“;
ფრედერიკ ბეგბედერი – „99 ფრანკი“;
სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“;
ალექსანდრე ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“;
ჩარლზ დიკენსი – „ოლივერ ტვისტი“;
კონსტანტინე გამსახურდია – „მთვარის მოტაცება“;
რიუნოსკე აკუტაგავა – „წყლის კაცების ქვეყანაში“;
ჰერბერტ უელსი – „უჩინარი კაცი“;
მიხეილ ბულგაკოვი – „ოსტატი და მარგარიტა“;
რიჩარდ ბახი – „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“;
ბერტოლტ ბრეხტი – „კავკასიური ცარცის წრე“;
ჰომეროსი – „ოდისეა“;
დოჩანაშვილი – „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“;
ჯეკ ლონდონი – „მარტინ იდენი“.
ფინალი 22 მაისს გაიმართება.
„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.
პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. გამარჯვებული გუნდები დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბნქ-ს ტერიტორიაზე არსებულ ანგარის ტიპის შენობის სამწლიანი იჯარით გაცემას გეგმავს. შესაბამისი უპირობო აუქციონი სამინისტროს გამოცხადებული აქვს და ის 13 მაისს უნდა დასრულდეს. ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის [ბნქ] ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ ეს და სხვა ქონება თავის დროზე ქარხნის ბალანსიდან გაიტანეს, პარალელურად კი სამინისტრომ დაბლოკა ყველა ინიციატივა, რომელთა განხორციელებაც ქარხნისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნებოდა.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ყოფილი დირექტორი, ლევან ჯინჭარაძე აცხადებს, რომ ინვესტორების მოთხოვნა იყო რკინიგზისა და სასაწყობე მეურნეობის მოწესრიგება, რასაც ქარხანამ იმ დროს გაართვა თავი, თუმცა ინვესტორები დაბლოკა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ, „ამიტომ იძულებული გავხდი დამეწყო პერსპექტიული ტვირთების მოძიება. კერძოდ, კომპანია „ტრანსისტემი“ მზად იყო ჩვენი საწყობის გავლით დაემუშავებინა მშრალი ტვირთი, საიდანაც წელიწადში 144 ათას ლარს მიიღებდა ქარხანა, ტვირთის არარსებობის შემთხვევაში კი კომპანია მზად იყო, [ფიქსირებულად] გადაეხადა წელიწადში 24 ათასი ლარი. ასევე გვქონდა „კარგო ტრანს გრუპის“ შემოთავაზება. ტექნიკურად შესაძლებელი იყო ორივე კომპანიის მომსახურება“.
ყოფილი დირექტორი ასევე ამბობს, რომ კომპანია „მაქსოილ პლიუსის“ თხოვნაც არ იქნა გათვალისწინებული იმავე სასაწყობე მეურნეობის მიწის ნაკვეთში რკინიგზის გასწვრივ მიწაში ჩაეფლო 200 გრძივი მეტრი ლითონის მილი, რათა გაეგრძელებინა მუშაობა.
„აქაც ქარხანამ წელიწადში 74 250 ლარი დაკარგა. სამინისტროს მხრიდან უარის მიზეზები, როგორც სხვა, ასევე ამ შემთხვევაშიც, არ იქნა განმარტებული… პროკურატურაში შევიტანე განცხადება სამინისტროს კორუფციულ სქემებზე, თუმცა პროკურატურის ერთადერთი პასუხი გახლდათ ის, რომ მასალები საგამოძიებო უწყებებს გადეცა,“ – ამაბობს ლევან ჯინჭარაძე, რომელიც ქარხნის დირექტორად 2013-2014 წლებში მუშაობდა.
ამჟამად გამოცხადებული აუქციონის მიხედვით, შენობის საწყისი წლიური სარგებლობის საფასური სამინისტროს მითითებული აქვს 2900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოიჯარე შენობას 2019 წლის 13 მაისამდე ისარგებლებს. მას ასევე წარმოეშვება ვალდებულება, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების დღიდან ერთ თვეში გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები კი არ ანაზღაურდება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლევან ჯინჭარაძე „საწარმოთა მართვაში არსებული ნაკლოვანებების გამო უწყებამ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებით კი სამინისტრო იქნა გამართლებული. შესაბამისად, ჩვენი კომენტარი არის ის, რომ მისი განცხადებები რეალურ საფუძველს მოკლებულია“.
ლევან ჯინჭარაძის თქმით კი, საქმე არ დასრულებულა და ის დავის გაგრძელებას ევროპულ სასამართლოში აპირებს.
იჯარით გასაცემი ნაგებობა
ანგარის ტპის შენობა-ნაგებობაში [516,96 კვ.მ] ამჟამად განთავსებულია შპს „ქ. ბათუმის N1 საავადმყოფოს“ საარქივო დოკუმენტაცია და ინვენტარი. სამინისტროს პრივატიზების განყოფილების უფროსის, ია ზაქარაძის განცხადებით, როცა აუქციონში გამარჯვებული გამოვლინდება, ისინი შენობას გამოათავისუფლებენ.
ტერიტორია, რომელზეც იჯარით გასაცემი ნაგებობა დგას, თავის დროზე ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ბალანსზე იყო. საუბარია დღეს უკვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, თამარის დასახლება ბნქ-ს ტერიტორიაზე მდებარე ექვსი შენობა-ნაგებობის და მასზე დამაგრებული 40 547 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე.
გაზეთ „ბათუმელების“ N15-ში გამოქვეყნდა სტატია სათაურით – „ბიზნესი მორიგი ძეგლის განადგურების ხარჯზე“, რომელშიც საუბარია ბათუმში, ზუბალაშვილის N37-ში მდებარე შენობის დემონტაჟზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რასაც ადასტურებდა სააღრიცხვო ბარათი N0103320, რომელშიც აღწერილი იყო ძეგლის მახასიათებლები.
სტატიის მომზადების პროცესში „ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ კომენტარს დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ შეძლებდა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ მირანდა ჩარკვიანმა განაცხადა, რომ აღნიშნულ შენობას არ გააჩნია ძეგლის სტატუსი და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებაში [რომლის თანახმადაც ერთ-ერთ სახლს ძეგლის სტატუსი მიენიჭა], შეცდომითაა მითითებული მისამართი და ფაქტობრივად აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მდებარეობს არა ზუბალაშვილის ქ. N37-ში, არამედ ზ. გამსახურდიას ქ. N39/ხულოს ქ. N9-ში:
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია
კომპანია „გეოგრაფიკმა“ ასევე მოგვაწოდა სია, [„სამინისტროს მიერ საგანგებოდ გამოყოფილი სამუშაო ჯგუფისა და ტენდერის მონაწილეთა ერთობლივი განხილვის შედეგად შეჯერებული სტატუსი და კატეგორია“], სადაც ზუბალაშვილის 37-ში ორი ძეგლია: სიითი ნომრები – 239 [ამჟამინდელი „თიბისი“ ბანკის შენობა] და 259.
ამონარიდი „გეოგრაფიკის“ მიერ მოწოდებული სიიდანზუბალაშვილის 37-ში დანგრეული შენობის დახასიათება
„სტატუსთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, იქნებ მოუხსნეს კიდეც, ან რაღაც ეტაპზე არ ჰქონდა, თუმცა, ზუბალაშვილის 37-ში მდებარე ერთსართულიანი შენობა, რომელიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში იყო აგებული, ნამდვილად წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტს – ის შეიცავდა მოდერნის ელემენტებს“ – აცხადებენ კომპანია „გეოგრაფიკში“, რომელმაც ამჯერად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაკვეთით, აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული ძეგლების ინვენტარიზაცია უნდა ჩაატაროს.
ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, #37-ში მდებარე შენობა კერძო კომპანიამ დაანგრია. კომპანიაში აცხადებენ, რომ შენობის დემონტაჟზე ნებართვა ბათუმის მერიამ დაახლოებით ორი თვის წინ გასცა.
ზუბალაშვილის ქუჩაზე, #37-ში, 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს დღეს შპს „დს გრუპი“ აწარმოებს, რომელსაც ეს ნაკვეთი საკუთრებაში შპს „კ.მ გრუპმა“ გარიგების საფუძველზე გადასცა.
აქ მდებარე შენობის აღწერის ბარათი კომპანია „გეოგრაფიკმა“ მოამზადა გასულ წელს, ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ინვენტარიზაციის დროს. ბარათის მიხედვით, ბათუმში, ზუბალაშვილის #37-ში მდებარე [უკვე დანგრეული] ერთსართულიანი შენობა, აგებული იყო მე-20 საუკუნის პირველ პერიოდში და წარმოადგენდა კულტურული მემკვიდრეობის არქიტექტურულ ძეგლს, კატეგორიის გარეშე. ბარათი შედგენილია 2015 წლის 15 სექტემბერს. სააღრიცხვო ბარათის თანახმად, ამ დროისთვის შენობა საშუალო მდგომარეობაში იყო, მხოლოდ სახურავიდან ჩადიოდა წყალი.
ზემოაღნიშნული ნაგებობა, როგორც არქიტექტურული ძეგლი, დატანილია „გეოგრაფიკის“ მიერ შედგენილ რუკაზეც. „გეოგრაფიკმა“ კი ქალაქ ბათუმში არსებული კულტურული მემკვიდრეობითი ძეგლების ინვენტარიზაცია, ბათუმის განვითარების ფონდის დაკვეთით, გასულ წელს ჩაატარა და შედეგების საჯარო პრეზენტაცია გასული წლის დეკემბერში – ზუბალაშვილის 37-ში შენობის დანგრევამდე სამი თვით ადრე, – ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობაში გამართა.
რატომ ვერ მოხერხდა შენობის დაცვა; რა ინფორმაციას ფლობს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო? – „ბათუმელები“ სააგენტოს ხელმძღვანელს, მირანდა ჩარკვიანს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სააგენტოში საკითხს სწავლობენ და კომენტარს მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტის გაცნობა-შესწავლის შემდეგ გააკეთებენ.
„ჩვენი ინფორმაციით, არავითარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მანდ შენობას არ გააჩნდა. ჩვენ სხვა კომპანიისგან შევისყიდეთ ტერიტორია და გამზადებული პროექტი გვაქვს აღებული. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას – ჯერ არ არის გაცემული, ამას აქვს თავისი პროცედურა, რომელიც ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ დაიწყება. რაც შეეხება შენობების დემონტაჟს, შესაბამისი ნებართვა დაახლოებით ორი თვის წინ გაიცა,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში კომპანია „დს გრუპის“ წარმომადგენელმა დავით სალაძემ.
აღნიშნული ტერიტორია ზუბალაშვილის 37-ში [ჭავჭავაძის, ლუკა ასათიანისა და ზუბალაშვილის ქუჩებს შორის] აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს პირობებით გაასხვისა შპს „კ.მ გრუპზე“ [კომპანიის ძირითადი ვალდებულება იყო აეშენებინა და ექსპლუატაციაში შეეყვანა საცხოვრებელი სახლი და მოეწყო სკვერი].
2015 წლის ბოლოს, როგორც რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, ხელშეკრულებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა, რის შემდეგაც ტერიტორია შემოღობეს და მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოებიც დაიწყო.
რეესტრის ამონაწერით „კ.მ გრუპ“-მა აღნიშნული ტერიტორია 2016 წლის აპრილში გარიგების საფუძველზე საკუთრებაში გადასცა შპს „დს გრუპი DS GROUP“-ს.
„დს გრუპმა“ კი ტერიტორია საკუთრებაში 2016 წლის 27 აპრილს დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში [„ბათუმელების“ ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 16 აპრილს დაანგრიეს].
სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, „კ.მ გრუპ“-ს ვალდებულების შესრულებამდე, ანუ საცხოვრებელი სახლის აშენებამდე, არ ჰქონდა უფლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე განეკარგა ან დაეტვირთა აღნიშნული ქონება.
სამინისტროში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მათი მხრიდან თანხმობა – ერთი კომპანიის მიერ ქონების სხვა კომპანიისთვის გადაცემაზე – ვალდებულების შესრულების პირობით, დაახლოებით ერთი თვის წინ გაიცა. სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, „დს გრუპი“ „კ.მ გრუპს“ ასაშენებელ სახლში პირველ სართულზე გადასცემს: ორ არასაცხოვრებელ ფართობს – ჯამში 900 კვ/მ-ს; ასევე სხვადასხვა სართულზე 11 ბინას – ჯამში 1449 კვ/მ-ს; მანსარდის სართულზე – 104,1 კვ/მ ბინას და ტერასაზე – 529 კვ/მ ფართობს.
„დს გრუპი“ ასაშენებელ საცხოვრებელ კომპლექსში, რომელიც, მინიმუმ 10-სართულიანი მაინც იქნება, ბინებს უკვე ყიდის – 1 კვ მეტრს – 650 აშშ დოლარიდან. ჩვენი ინფორმაციით, ბინებს მიიღებს აჭარის მთავრობაც – ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობით, ამავე კომპლექსში კომპანიამ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში უნდა გადასცეს ჯამში 400 კვ/მ საცხოვრებელი ფართობი.
ყოფილი ძეგლის შენობიდან ლუკა ასათიანის ქუჩამდე [ასევე ამ ადგილიდან „თიბისი“ ბანკის შენობის მხარეს, რომელიც ასევე ძეგლია] არსებული მონაკვეთი [ზუბალაშვილის ქუჩის გასწვრივ] ბათუმის საკრებულოს მიერ 2013 წელს დამტკიცებული „კონკრეტული ფუნქციური ზონირების რუკის“ მიხედვით, ქალაქის სარეკრეაციო ზონაა.
მშენებარე კომპლექსთან სკვერის მოწყობის ვალდებულება კომპანიას ხელშეკრულებით აქვს, თუმცა აქვე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ზემოაღნიშნული სკვერი [ზუბალაშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში] მიმდინარე სამუშაოების შედეგად, უკვე განადგურებულია.
„არავითარ სარეკრეაციო ზონაზე ინფორმაცია არ გვაქვს. მანდ იყო პატარა ბუჩქნარი. საერთოდ, ტერიტორიიდან გამწვანების სამსახურმა რვა მანქანა მცენარე გაიტანა და გადარგო. სკვერი იქ მოეწყობა, სადაც ამჟამად მრავალწლიანი მაგნოლიებია, ანუ ეს მაგნოლიები დარჩება. ეს პროექტი 2010 წლიდან არის მზად, უბრალოდ „კ.მ გრუპმა~ ვერ მოახერხა მშენებლობის დაწყება და გადავადდა… ამასთან, ყველა დოკუმენტაცია დევს სახელმწიფო უწყებებში. თუ სარეკრეაციო ზონა იყო, თუ ძეგლი იყო, ამაზე საუბარი აქამდე უნდა დაწყებულიყო,“ – აღნიშნა დავით სალაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჯავახიშვილისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში „დს გრუპს“ აჭარის მთავრობამ [ბუნებრივია, ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანხმობით და ნებართვით], ასევე სარეკრეაციო ზოლის, ფაქტობრივად, სკვერის ნაწილი მიჰყიდა. აქ კომპანია მრავალსართულიან კომპლექსს აშენებს.
„დს გრუპი“ კიდევ ერთი ცათამბჯენის აშენებას ძველ ბულვართან აპირებს.
დღეს, 11 მაისს, თურქეთის საკონსულოს მანქანას საკონსულოს ტერიტორიიდან გამოსვლის საშუალება იმ მძღოლებმა არ მისცეს, რომელთაც სარფის საბაჟოზე პრობლემები ექმნებათ. საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ათეულობით მძღოლი სამუშაოს გარეშე დარჩენას აპროტესტებდა. მათი თქმით, თურქეთის მხარის მებაჟეები მათ არ აძლევენ საშუალებას, ქართველი მუშები საკუთარი მიკროავტობუსებით თურქეთის ტერიტორიაზე შეიყვანონ. მძღოლები ამ პრობლემაზე უკვე რამდენიმე დღეა საუბრობენ.
მძღოლების საპროტესტო აქციას დღეს თავად თურქეთის კონსული იასინ თემიზქანიმი გამოეხმაურა. ის ჟურნალისტებთან ერთად, ერთ-ერთ მძღოლს და არასამთავრობო ორგანიზაცია “ჩვენი უფლებებისთვის” ხელმძღვანელს, თამაზ ბაკურიძეს შეხვდა. კონსულის თქმით, ის ამ პრობლემის შესახებ ინფორმირებული არ იყო და მისი გარკვევა საკონსულოს თანამშრომელს დაავალა.
“პრობლემა იქნება იმის გამო, რომ მათ არ აქვთ შესაბამისი ნებართვა, რაც სატრანსპორტო საშუალებით თურქეთის ტერიტორიაზე რამდენჯერმე შესვლის საშუალებას მისცემს” – თქვა საკონსულოს წარმომადეგნელმა, რომელიც შეხვედრას შემოუერთდა. კონსულთან მყოფმა მძღოლმა თქვა, რომ თითოეულ მიკროავტობუსს შესაბამისი ნებართვა აქვს და ეს რეალური მიზეზი ვერ იქნება. “იქნებ იმის გამო გადაიტვირთა მოძრაობა, რომ ჩაის კრეფის სეზონი დაიწყო” – აღნიშნა კონსულმა, რასაც არასამთავრაბო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, თამაზ ბაკურიძემ ინიციატივით უპასუხა: “უმჯობესია, შეიმქნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც რეგულარულად ნახავს, რა მდგომარეობაა სარფის საბაჟოზე. როცა ორი დღის წინ იქ ტელევიზიებთან ერთად მივედი, უპრობლემოდ გაატარეს მანქანები.“
მონიტორინგის ჯგუფის შექმნას კონსული არ დაეთანხმა. ის მძღოლებს ვითარების გარკვევას დაჰპირდა.
შექმნილ პრობლემაზე ინფორმაციას არ ფლობენ შემოსავლების სამსახურში. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათთვის ამ პრობლემით თურქეთის საბაჟოს არ მოუმართავს.
გუშინ მძღოლებმა საპროტესტო აქცია სარფის საბაჟოსთანაც გამართეს. მათ თურქეთიდან მომავალ ავტობუსს არ მისცეს ბათუმის მიმართულებით წამოსვლის საშუალება: “ამის შემდეგ მოვიდა ჩვენი საპატრულო პოლიცია და მათი დახმარებით მოგვცეს გადასვლის საშუალება. დღეს ისევ ჩაგვიკეტეს გზა. მებაჟეები გაიძახიან, კოდი, კოდი არ არისო, მეტი არაფერი ვიცით” – ამბობს “ბათუმელებთან” როლანდ გორგილაძე, „დოუ კარადენიზ ბათუმის“დირექტორი.
რამდენიმე კომპანიას მიკროავტობუსებით მუშები თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გადაჰყავთ. მძღოლების თქმით, ისინი მგზავრებს უფრო იაფად ემსახურებიან, ვიდრე თურქეთის მხარეს მდგომი სატრანსპორტო საშუალებები. “ამას გარდა, ჩვენ სარფიდან კონკრეტულ სოფლამდე აგვყავს მუშები, სადაც მათ ჩაი, ან თხილი უნდა დაკრიფონ” – გვითხრა როლანდ გორგილაძემ.
14 მაისს, შაბათს, 18 საათზე, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოფენა – „ორი მხარე“ გაიხსნება.
„ორი მხარე“ ორი ხელოვანის – თამარ ბოჭორიშვილისა და რაიმონდა სერეიკეიტის ერთობლივი პროექტია. „ორივე ავტორი ცდილობს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, თუმცა ისინი მიზნად არ ისახავენ კონკრეტული განცხადების მტკიცებას, მხოლოდ კითხვებს სვამენ და რეაგირებენ. მათი ნამუშევრები აერთიანებს რამდენიმე მედიას, რის საშუალებითაც ქმნიან სხვადასხვა ტიპის ობიექტსა და ინსტალაციას. სივრცის ორიგინალური ათვისების მეთოდით მაყურებელს საშუალებას აძლევენ, საკუთარი სამყაროს პრიზმიდან დაინახონ გარე სამყარო და მოვლენები,“ – აღნიშნულია ღონისძიების პრესრელიზში.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დავით ქარცივაძის, ხოლო უსკოს წევრობის კანდიდატებად მამუკა ჯაშისა და ირაკლი გვარამიას კანდიდატურები წარუდგინა.
მარჯვნიდან პირველი, პირველ რიგში დავით ქარცივაძე
დავით ქარცივაძის საარჩევნო გამოცდილება: 2005-2010 წლებში დავით ქარცივაძე #81 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი იყო N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. დავით ქარცივაძე სახელისუფლებო გუნდს წარმოადგენდა 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებშიც N79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მოდუს ვივენდი“-ს დამკვირვებელი იყო.
არჩილ ხაბაძე და დავით ქარცივაძე
ოპოზიციური ფრაქციები უმაღლეს საბჭოში, რომლებმაც უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატურას მანამდე მხარი სამჯერ არ დაუჭირეს, არჩილ ხაბაძისგან ნეიტრალური, არაპარტიული კანდიდატის წარდგენას ითხოვდნენ.
ყალბი ფულის გასაღებას პროკურატურა რ.შ.-ს ედავება. ბრალდებული მაკლერად მუშაობს და სამი შვილის დედაა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ქალს ბრალი მას შემდეგ დაუმძიმდა, როცა გამოძიებას სხვა პირები დაუსახელა, ვინც ყალბი ფულის გავრცელებაში იყო ჩართული.
„მოატყუეს და წინა ადვოკატმაც ვერ დაიცვა. იფიქრა, რომ საპროცესოს გაუფორმებდნენ და გაუშვებდნენ, თუკი სხვების შესახებ მიაწვდიდა ინფორმაციას. პირიქით მოხდა, ბრალი დაუმძიმდა და ამჯერად მას ბრალი ედება ყალბი ფულის გასაღებაში წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ. რ.შ. არ აღიარებს ჯგუფთან ერთად მოქმედებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა, ნოდარ ბოლქვაძემ.
საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულმა 700 დოლარის ყალბი კუპიურა გაყიდა და ამის სანაცვლოდ 350 დოლარი მიიღო. ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულს კონკრეტული პირი ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერად გაეცნო, რომელმაც მას ყალბი ფულის გასაღება შესთავაზა. „ეს მენეჯერი მოგვიანებით ფინანსური პოლიციის თანამშრომელი აღმოჩნდა, ვინც მაკლერთან საუბარი აუდიომოწყობილობით ჩაიწერა”.
ყალბი ფულის გასაღების საქმეს მოსამართლე დავით მამისეიშვილი განიხილავს.
„მერაბ ცეცხლაძე გადაადგილდებოდა ბათუმში ავტომანქანით, რა დროსაც მან მანქანის სალონიდან პირდაპირ ქუჩაში გადმოაგდო თამბაქოს კოლოფი“, – ასე აღწერა შემთხვევა გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტმა, ლანა კიკავამ სასამართლო პროცესზე. მან პირის სამართალდამრღვევად ცნობა და მისთვის ჯარიმის – 120 ლარის გადახდა მოითხოვა.
„არ მესმის ამ სისტემის არაფერი. იქვე ახლო-მახლო ნაგვის ურნა ვერ შევნიშნე და ამიტომ გავაკეთე. ვაღიარებ, არ უნდა მექნა, დამაჯარიმეთ, თუ არაა სხვა გამოსავალი“, – მიმართა მოსამართლეს მერაბ ცეცხლაძემ. ის მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ 120 ლარით დააჯარიმა.
გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტის ინფორმაციით, ეს არაა პირველი შემთხვევა და მსგავს შემთხვევებს ყოველთვის სასამართლო განიხილავს.