შვიდი მომხრე და რვა წინააღმდეგი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. კეჭისყრაში მონაწილეობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და მედეა ვასაძემ არ მიიღეს.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატორი „ ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სხდომას თვრამეტი დეპუტატი ესწრებოდა. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარმენ ჯალაღონია, ხოლო უსკოს წევრად სოფიო კახაძე დაამტკიცა.
პარმენ ჯალაღონია აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თემურ კახიძის ინფორმაციით პარმენ ჯალაღონიამ 11 ხმა მიიღო, ხოლო უსკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა სოფიო კახაძის კანდიდატურას.
ქობულეთში არსებული გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა. პანსიონი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ იყო დაარსებული.
პანსიონის დახურვას ლეონიდ ჩერნოვეცკი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა, სადაც ის შერჩევით სამართალზე საუბრობს: „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ყველა ის არალიცენზირებული ბავშვთა სახლი, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან ხდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის თითოეულ დამრღვევზე უნდა ვრცელდებოდეს“.
საქართველოში მოქმედი კანონის მიხედვით, აკრძალულია დიდი ზომის ბავშვთა სახლების ფუნქციონირება, სადაც ბავშვს 24 საათის განმავლობაში უწევს ყოფნა. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მზრუნველობამოკლებული ბავშვი გადადის მინდობით აღზრდაში ან მცირე ტიპის საოჯახო სახლში.
ქობულეთის ბავშვთა პანსიონში 20 არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობდა, რაც ხელისუფლების განცხადებით, კანონდარღვევა იყო. არსებული ნორმების დარღვევის გამო, ქობულეთის ბავშვთა პანსიონის ადმინისტრაცია გასულ წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ დააჯარიმა, თუმცა, პანსიონის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ რელიგიური კონფესიებისა თუ სხვა კერძო პირების მფლობელობაში არსებული ბავშვთა სახლები, სადაც ბავშვთა რაოდენობა 10-ს აღემატება, წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო პოლიტიკასთან. ჯანდაცვის სამინისტრო ამ ტიპის ბავშვთა სახლების კანონმდებლობაში მოსაქცევად ახალი რეგულაციების შემუშავებას აპირებდა.
ქობულეთის ბავშვთა პანსიონი 2014 წლის 24 ნოემბერს გაიხსნა.
ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, ნონეშვილის ქუჩა 30-ის მიმდებარედ არსებულ ბაღთან ტრენაჟორები ორი კვირაა რაც დაამონტაჟეს. დღეს დილით კი ტრენაჟორები მოსახლეობას დაზიანებული დახვდა. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ „ხელოვნურ დაზიანებასთან არ გვაქვს საქმე. ტრენაჟორები უხარისხიოა, ან უხარისხოდაა დამონტაჟებული… სავარაუდოდ, ჭანჭიკებმა ვერ გაუძლეს და ერთი მათგანი მოტყდა“.
ტრენაჟორების შეძენა-დამონტაჟება ბათუმის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ბათუმის მერის წარმომადგენელმა თამარის უბანში, თამაზ სალუქვაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ დაუკავშირდება შესაბამის კომპანიას ვინც ტრენაჟორები დაამონტაჟა: „არაჯეროვნად არის თუ არა შესრულებული სამუშაო ამას ვერ გეტყვით, მაგრამ კომპანიას აქვს პასუხისმგებლობაც და პრობლემა უმოკლეს დროში მოგვარდება“.
ტერიტორია, 6 მაისის პარკთან, სადაც პატარა ბუნებრივი ტბაა, დღეს ბათუმის დელფინარიუმის საკუთრებაშია. შესაბამისად, ამ ტბაზე [რომელიც ერთი შეხედვით დაბინძურებული ჩანს] ზრუნვა, დელფინარიუმის ადმინისტრაციის ვალდებულებაა.
ბათუმის დელფინარიუმის დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტბა, ნურიგელის ტბასთან ზიარჭურჭელის პრინციპითაა დაკავშირებული, ის პრობლემა რაც ნურიგელის ტბას აქვს, აქ არ შეინიშნება: „ეს ტბა გაცილებით პატარაა, მოსავლელადაც ადვილია და პერიოდულად ვწმენდთ“.
6 მაისის პარკი ნური გელის ტბასთან ერთად ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ეკუთვნის. პატარა ტბა, საზღვაო აკადემიასა და პარკს შორის მდებარეობს. ამ ტბასა და ნურიგელის ტბას შორის კი ავტოპარკინგია მოწყობილი. ავტოპარკინგიც დელფინარიუმის საკუთრებაშია. ტბის ირგვლივ კი, რომელიც დღეს ორი მხრიდან ხის ღობითაა შემოსაზღვრული, რაიმე ინფრასტრუქტურის მოწყობა დაგეგმილი არ არის.
არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა: ,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა მათ ვუსურვო წარმატებები, სიყვარული, სიხარული. მე დღეს აღვნიშნე, რომ დიდი კულტურა და ისტორია გვაქვს თანაცხოვრების, ერთად ყოფნის, ჩვენ ერთად შევქმენით ჩვენი სახელმწიფო, ბევრი წარმატება გავიზიარეთ ერთად. ჩვენი მომავალიც არის ჩვენს ერთად ყოფნაში, ტოლერანტობაში ერთამნეთისადმი და ურთიერთსიყვარულში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისათვის ყველა მუსლიმს, ეს არის სიყვარულის, მიტევების და სიკეთის დღესასწაული“.
დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში კენჭი უნდა უყარონ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილ პარმენ ჯალაღონიას კანდიდატურას. წინასწარი ინფორმაციით მას ფრაქცია „ქართული ოცნების“ გარდა მხარს უჭერენ „თავისუფალი დემოკრატები.“
დღესვე, რიგგარეშე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. საკითხის ინიციატორია „ნაციონალური მოძრაობა“. სხდომა 12 საათზე დაიწყება.
უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად ეს რიგით მეოთხე კონკურსია. მანამდე არჩილ ხაბაძემ ორჯერ დავით კვაჭაძის კანდიდატურა, შემდეგ კი დავით ქარცივაძე წარუდგინა უმაღლეს საბჭოს. ორივე „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული პირია, რის გამოც მათ უმაღლესი საბჭოს ოპოზიციის მხარდაჭერა ვერ მიიღეს.
პაატა ჯალაღონია დღემდე მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ურთიერთობა კი ამ ორ სტრუქტურას შორის უფლებამოსილების ოთხ წელიწადში ბევრჯერ გართულდა. მიუხედავად ამისა, წინასწარი მონაცემების მიხედვით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, პაატა ჯალაღონიას, ასარჩევად საჭირო 11 მხარდამჭერი ჰყავს. რას შეცვლის უსკოს მუშაობაში არჩევის შემთხვევაში და გეგმავს თუ არა საკადრო ცვლილებებს – ამ და სხვა კითხვებზე მან „ბათუმელებს“ უპასუხა.
რთულია საკუთარ თავზე ისაუბრო. 1999 წლიდან თითქმის ყველა არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა დამკვირვებლის სტატუსით, როგორც საუბნო საოლქო, ასევე უმაღლესი საარჩევნო კომისიის დონეზე. საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ამ კუთხით. ამასთანავე გამოცდილება გამაჩნია საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო პროცედურების კუთხით, ვკითხულობდი ტრენინგებს და სემინარებს. გარდა ამისა, ვფიქრობ, ასვე მნიშვნელოვანია ის, რომ არ ვარ არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების წევრი, არ მქონია პრეტენზია და სურვილი ვყოფილიყავი პოლიტიკურად აქტიური. შესაბამისად ვაკმაყოფილებ ყველა იმ მოთხოვნას და სტანდარტს, რაც აუცილებელია უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისათვის.
მე ვარ საჯარო მოხელე ხაბაძის აპარატში. მაგრამ რას ნიშნავს ობიექტური ვერ იქნებაო?! ვფიქრობ, საზოგადოების მხრიდან ზედმეტად გაპოლიტიზებულია უსკოს თამჯდომარის კანდიდატურა. დიახ, ის არის მნიშვნელოვანი ფიგურა, მაგრამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს უსკოს კომისია და არა მხოლოდ თავმჯდომარე.
რამდენიმე მიმართულებაა, რის შეცვლასაც ვგეგმავ, ეს არის თვითონ საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც ინსტიტუციის ცნობადობის გაზრდა საზოგადოებაში. ბევრს ვსაუბრობთ არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციებზე, თუმცა რა ფუნქციას ასრულებს ეს დაწესებულება, ამ მხრივ ინფორმაციის ნაკლებობაა. ხშირია პოლიტიკური კუთხით ამ ორგანოს მოხსენიება. იგივე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის კუთხით, მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო საზოგადოებისათვის: თუ რას წარმოადგენს ეს დაწესებულება და შიგნით რა ხდება, როგორ იმართება. საჭიროა როგორც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრების, ასევე აპარატის ცნობიერების ამაღლება. ამით არანაირად არ მინდა იმის თქმა, რომ იქ არაპროფესიონალები მუშაობენ, პირიქით, თუმცა მუდმივი ზრუნვა, განახლება, განვითარებაა საჭირო, მითუმეტეს როდესაც ხშირად იცვლება საარჩევნო კანონმდებლობა.
უმაღლესი საარჩევნო კომისია უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონში ერთგვარ განათლების ცენტრად, რომელიც ნებისმიერ მსურველს მიაწვდის დროულ სწორ ინფორმაციას საარჩევნო საკითხებზე, საარჩევნო პროცედურებზე. ვისაც აქვს იმის სურივილი, რომ მომავალში იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე, მიიღოს სერტიფიკატი, უნდა ჰქონდეს რეგიონში ამ ტიპის ინფორმაციის თუნდაც ახსნა-განმარტებების კანონმდებლობის კუთხით მიღების შესაძლებლობა. ეს არის ის, რისი შეცვლაც, ვფიქრობ, აუცილებელია უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 12 წელი არასამთავრობო სექტორში ვმუშაობდი. შესაბამისი ფონდების ან საერთაშორისო ორგანიზაციების მოძიება დაგვეხმარება როგორც უმაღლესი საარჩევნო კომისიის განახლებაში, ასევე ცენტრად ჩამოყალიბებაში. ამ ორგანიზაციების მოძიება რთული არ იქნება.
დამერწმუნეთ, ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში, შეუძლიათ ეს ტვირთი დამატებით იკისრონ. თუკი ეს აუცილებელი არ იქნება, შეიძლება გარედან შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა, რომლებიც საარჩევნო პერიოდში იმუშავებენ სწორედ ამ საარჩევნო პროცედურაზე საარჩევნო საკითხების ან ტრენინგების მოწყობის კუთხით. არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში ცვლილებები ისედაც შეუძლებელია და ნამდვილად არ ვგეგმავ არაფერს.
უსკო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას ვერ შეეწინააღმდეგება, კანონით გაწერილი აქვს ორივეს თავისი ფუნქცია. რაც შეეხება წინააღმდეგობას, არც მიფიქრია ამ კუთხით ჩემი საქმიანობის გაგრძელება სადმე. თუ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეებს ადმინისტრაციული სახდელები ან ისეთი დარღვევები ჰქონდათ, რის გამოც ისინი არ შეიძლება იყვნენ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, შესაბამისი გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული.
ამ საკითხზე ნამდვილად მაქვს პოზიცია, მაგრამ რადგანაც მე ვარ ამჟამად უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, საარჩევნო სისტემების რაობაზე, საჭიროებაზე, აუცილებლობაზე საუბრისგან ამჯერად თავს შევიკავებ.
დღეს, 5 ივლისს, მუსლიმები რამადან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ. რამადანი [რამაზანი] ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება.
ამ თვეში განთიადიდან მზის ჩასვლამდე ყველა მორწმუნე მარხულობს. 30-დღიანი მარხვის შემდეგ, ეს დღე, მუსლიმებისთვის ერთ–ერთია ისლამის ორი დიდი დღესასწაულიდან.
რამადან-ბაირამთან დაკავშირებით ლოცვა დღეს დილით ბათუმის მეჩეთში ჩატარდა.
რამადან-ბაირამის ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტორამადან-ბაირამი, ლოცვა ბათუმის მეჩეთში 5.07.2016. / თორნიკე თავაძის ფოტო
4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღედ მიიჩნევა. დამოუკიდებლობის დეკლარაცია გახდა პირველი ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ბრიტანული კოლონიები ამერიკის შეერთებულ შტატებად მოიხსენიება.
დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წელს მიიღეს
დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წლის 4 ივლისს, ფილადელფიაში მიიღეს, რომელიც ეროვნული მოძრაობის გამორჩეულმა წევრმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა.
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ნათქვამი იყო რომ ადამიანები თანასწორნი არიან და მათი ხელშეუხებელი უფლებებია სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა.
დეკლარაციის შემქმნელებმა დაგმეს კოლონიური ჩაგვრა და ადამიანის წოდებად დაყოფა. კაცობრიობის ისტორიაში პირველად საკანონმდებლო წესით მოისპო ფეოდალური წოდებები და დამყარდა პოლიტიკური თანამდებობები.
მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს 27 წლის გ.ჯ.-ს საქმეს. მას განზრახ მკვლელობის ჩადენის მცდელობაში ედება ბრალი. გამოძიების ვერსიით, 9 მარტს ახალგაზრდებს კონფლიქტი სასტუმრო „ლეო გრანდის“ ღამის კლუბში მოუხდათ, რომლის შემდეგაც ბრალდებულმა დანით მძიმედ დაჭრა რ.წ. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.
„კითხეთ თუ არა თავად დაზარალებულს, ვინ დაარტყა დანა?“ – შეკითხვა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ უბნის ინსპექტორს, თენგიზ კვირკველიას დაუსვა, რომელიც დღეს სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა. მოწმემ ადვოკატს უთხრა, რომ მას დაზარალებულისთვის არ უკითხავს, ვინ მიაყენა ჭრილობა და „სანდო წყაროსგან“ მიღებულ ინფორმაციას დაეყრდნო. დღესვე მოწმის სახით ის დეტექტივ-გამომძიებლები დაიკითხნენ, რომლებმაც ამ საქმეზე სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
ადვოკატი დავით ჯაფარიძე ყურადღებას პროცედურულ დარღვევაზე ამახვილებს – ამოცნობის ოქმში ამოსაცნობი პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მითითებული არ არის: „ეს კანონის დარღვევაა. ამოცნობის ოქმში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული პირადი ნომრები. დეტექტივ-გამომძიებელმა ჩემს შეკითხვას – რატომ არ შეავსო ოქმი სწორად – არ უპასუხა“.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე ის ახალგაზრდები დაიკითხებიან, ვინც ბრალდებული ამოიცნეს და ისინიც, ვინც ღამის კლუბში 9 მარტის საღამოს იმყოფებოდნენ. ჩვენებას სასამართლოს მისცემს თავად დაზარალებულიც, თუმცა მან გამომძიებლებს უკვე უთხრა, რომ არ იცის, ვინ მიაყენა ჭრილობა. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში მოწმეები იტყვიან, რომ მათზე ზეწოლა განხორციელდა: „ბრალდებულისთვის უცნობია ვინ გამოიყენა დანა. მოწმეები აიძულეს, რომ ხელი ბრალდებულისთვის დაედოთ, თითქოს მან გამოიყენა დანა. იმედი მაქვს, ისინი ამას სასამართლოს დაუდასტურებენ“ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.
გამოძიებას სასამართლოსთვის ჯერ არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნები. ექსპერტიზა დანაზე აღმოჩენილ თითის ანაბეჭდს ჩაუტარდება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ახალგაზრდა მამაკაცს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის ყოველდღიურად აპირებს იმ შეჩერებულ პროექტებზე განცხადებების გაკეთებას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ახალი ხელისუფლების პირობებში შეჩერდა. დღეს, 4 ივლისს, მან ჟურნალისტებთან, ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ქუჩის რეაბილიტაციაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, თუმცა დღემდე არ დასრულებულა.
ლევან ვარშალომიძის ბრალდებებს მერიაში უპასუხეს:
„ერისთავისა და დადიანის ქუჩების კვეთაში არსებული საცხოვრებელი კორპუსი არის ავარიულ მდგომარეობაში, არსებობს დასკვნა, რომელიც გულისხმობს აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას და აღნიშნულის მიზნით, ბათუმის ბიუჯეტში გამოყოფილია 650 ათასი ლარი. აქედან 400 ათასი ლარი გათვალისწინებულია აღდგენითი სამუშაოებისთვის, ნაწილი კი 6 თვის ბინის ქირისთვის, ამ სახლში მცხოვრები ოჯახებისთვის. თუმცა, მოსახლეობის თხოვნით, ბათუმის მერიაში განიხილება საკითხი და უახლოეს საკრებულოს სხდომაზე როცა საბიუჯეტო ცვლილებებზე იქნება საუბარი, წარედგინება შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამ თანხის მოსახლეობისთვის, ანუ კერძო ამხანაგობისთვის გადარიცხვას, იმ მიზნით, რომ მოხდება აღნიშნული ავარიული კორპუსის დემონტაჟი და ინვესტორთან შეთანხმებით, ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა“ – აცხადებს, მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსი გოგა ლომაძე.
„ბაგრატიონის ქუჩის კილომეტრი და 700 მეტრი კეთილმოვაწყეთ, დარჩენილია 110 მეტრი, ზუსტად ის მონაკვეთი სადაც ავარიული სახლი დგას. ამიტომ, დროებით, სანამ ეს საკითხი არ გადაწყდება, ჩვენ თავი შევიკავეთ ყველა სხვა სახის ღონისძიებების განხორციელებისგან“.
ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გაგრძელებაზე გზის მშენებლობა შეჩერებულია. მიზეზი მშენებარე გზის პირას არსებული ავარიული კორპუსის მცხოვრებთა პროტესტია. მოსახლეობა კომპანიას გზის მშენებლობის საშუალებას არ აძლევს, ვიდრე მათი საკითხი არ გადაწყდება. გარდა ამისა, საჭიროა პროექტის კორექტირებაც.
„უშუალოდ ბაგრატიონის ქუჩა (აეროპორტის გზატკეცილიდან შავშეთის ქუჩამდე) უკვე დასრულებულია. შავშეთის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე კი, ანუ ბაგრატიონის გაგრძელება, ეს არის ერისთავის ქუჩა. ამ ქუჩის ნაწილიც (დადიანის ქუჩამდე) ფაქტობრივად გაკეთებულია, განათების ბოძები დამონტაჟებულია, ტროტუარზე ფილების დაგებაც მთავრდება. დარჩენილია დადიანის ქუჩიდან გოგოლის ქუჩამდე, ბონის კულტურის სახლამდე მონაკვეთი, დაახლოებით 260 მეტრი. თვე-ნახევარი, მაქსიმუმ 2 თვის საქმეა დარჩნილი. უბრალოდ, 5-სართულიანი კორპუსის პრობლემა დგას და ამის გამოა შეფერხებული სამუშაოები,“ – განაცხადა „ბათუმელებთან~ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა თენგიზ პეტრიძემ.
მისივე განცხადებით, ფაქტობრივად, შეთანხმება მიღწეულია მერიასა და მოსახლეობას შორის – უნდა დაიდოს თითოეულ მათგანთან კონტრაქტი, გაყვანილ იქნეს მოსახლეობა და მოხდეს არსებული კორპუსის დემონტაჟი. მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება გზის მშენებლობა.
გზის მშენებლობაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზა“ მუშაობს. პროექტის ღირებულება 13,5 მილიონი ლარია, რაც შესაძლოა დაკორექტირდეს. როდის გააგრძელებენ და დაასრულებენ მშენებლობას, კომპანიაში ვერ დაგვიკონკრეტეს.
„წელიწადნახევარია მაგ მონაკვეთში ფაქტობრივად ვერ ვმუშაობთ მოსახლეობის მხრიდან პროტესტის გამო. ვადა, ხელშეკრულების მიხედვით, მიმდინარე წლის ბოლომდე გვაქვს და თუ საკითხი ვერ მოგვარდება, ალბათ, გავაუქმებთ კონტრაქტს. სულ 300 მეტრი მონაკვეთია დარჩენილი. მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობის გამოც იყო შეფერხება,“ – გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა ალექსანდრე ბაღათურიამ.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს კერძო ინვესტორი აწარმოებს.
„ინვესტორსა და მოსახლეობას შორის გაფორმდება კონტრაქტი, პროექტი შემოვა მერიაში, რომელიც შემდეგ დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. სავარაუდოდ, ინვესტორი სხვა ადგილზე ააშენებს ახალ კორპუსს, ხოლო არსებული ავარიული კორპუსის დემონტაჟს მოახდენს. მერიას რაც შეეხება, მხოლოდ იმ თანხას გამოყოფს, რაც ავარიული კორპუსის გამაგრებისთვის და ოჯახების 7 თვის ქირის საფასურად იქნებოდა საჭირო – სადღაც 670 ათას ლარამდე,“ – განაცხადა მუნიციპალური ორგანიზაცია „ბათუმის კორპუსის“ დირექტორმა ზურაბ ნაკაიძემ.
კონკრეტული თარიღი, თუ როდის განახლდება გზის მშენებლობა, უცნობია.
პროექტი, რაზედაც ტენდერია გამოცხადებული, ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების გაკეთებას ითვალისწინებს – აჭარის გზატკეცილიდან (ანგისიდან) გოგოლის ქუჩამდე, ბონის კულტურის სახლამდე. აქედან მაგისტრალი გოგოლის ქუჩით უნდა გაგრძელდეს მაიაკოვსკის ქუჩიდან ნონეშვილის ქუჩამდე (ბარცხანის დასახლება). ამ მონაკვეთში პროექტი მნიშვნელოვან კორექტირებას საჭიროებს. ვინაიდან გზის გაფართოება აქ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბათუმის ნავთობტერმინალის ტერიტორიის ხარჯზე ყოფილა დაგეგმილი, ნავთობტერმინალი კი კატეგორიულ უარს ამბობს დათმოს კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი [გოგოლის ქუჩის გასწვრივ].
პროექტის კორექტირებამ, რაც ჯერ არ დაწყებულა, შესაძლოა სხვა პრობლემა წარმოქმნას. კერძოდ, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩების კვეთაში არსებული კომერციული ობიექტი [სარიტუალო დარბაზი] შესაძლოა აღებაში მოყვეს. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ასევე მინიმუმ ორი-სამი ოჯახი ნონეშვილის ქუჩასთან.
ამ მონაკვეთში მოსაწყობია ასევე საკანალიზაციო ქსელის ახალი სისტემა, რაც ასევე შეაფერხებს გზის რეკონსტრუქციას.
ბაგრატიონი-ერისთავი-გოგოლის ქუჩების ზემოაღნიშნული მონაკვეთის სრულ რეკონსტრუქციაზეა დამოკიდებული ბათუმში მოძრაობის პრობლემის მოგვარება. ბათუმის შემოვლითი გზის [ავტობანის] აშენებამდე ამ გზაზე იმოძრავებენ მძიმე სატვირთო მანქანები, რაც ქალაქში ავტომოძრაობას მნიშვნელოვნად განტვირთავს. ბაგრატიონის ქუჩის მშენებლობა 2011 წელს დაიწყო.
რუკაზე წყვეტილი ხაზით აღნიშნულია გზის ის მონაკვეთი, რომლის მშენებლობაც შეფერხდა
ფერადი, მოხატული პიანინოები ბათუმის ზღვისპირა ნაწილში წელსაც გამოჩნდა. შარშან ათი ცალი პიანინოს მოხატვაში და ქალაქის სხვადასხვა ნაწილში განთავსებისთვის მერიამ ათი ათასი ლარი გადაიხადა, თუმცა ტურისტული სეზონის ბოლოს, პიანინოების დიდი ნაწილი დაიმტვრა.
პიანინოებს დაუზიანდათ კლავიშები, სახურავები და სხვა ნაწილები. გასულ წელს, პიანინოები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში „ჰიტ ბათუმის“ პროექტის ფარგლებში განთავსდა. მერიის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჯონი საბაშვილი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობდა, რომ დაზიანებული პიანინოები მერიას გადაეცემოდა და დასაწყობდებოდა.
თუმცა, წელს, როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ფერადი პიანინოები ქალაქში პროექტ „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განთავსდა.
ფერადი პიანინოები ბულვარში „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში განთავსდა. გასულ წელს მერიის მიერ განთავსებული ათი პიანინოდან, უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა.
„წინა წელს მთავრობამ დადგა პიანინოები ჩვენ არ ვაკეთებდით, ახლა ამას კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი აკეთებს და ჩვენ ავიღეთ ჩვენს თავზე. შესაბამისად, წინა წელს როგორ დაზიანდა და რამდენი დაზიანდა, ინფორმაციას არ ვფლობთ. ეს პიანინოები ახალია“ – გვეუბნება „ჩექ ინ ჯორჯიას“ წარმომადგენელი ბათუმში, გვანცა კილასონია.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რომელი უწყების თანხით მოხდა პიანინოების შესყიდვა და გაძლიერდება თუ არა ზედამხედველობა წელს, გვანცა კილასონია გვეუბნება, რომ ეს ინფორმაცია მხოლოდ წერილობით შეგვიძლია მივიღოთ: „ოფიციალურად უნდა მოგვმართოთ ფონდში და მიიღებთ საჯარო ინფორმაციას“.
ხვალ, 5 ივლისს, 17 საათიდან, ამჯერად ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე, ბათუმელი ახალგაზრდები კვლავ შეეცდებიან 9 წლის ლანჩხუთელი ნინისა და მისი ოჯახის წევრების, ნორმალურ საცხოვრებელში დასაბრუნებლად თანხის შეგროვებას. ადეიშვილების ოჯახს, ცოტა ხნის წინ სახლი დაეწვათ და ახლა ხის პატარა ქოხში ათევენ ღამეს.
ამ ქოხში 9 წლის ნინი მამასთან, ბაბუასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. ბებია მძიმე ავადმყოფია, მწოლიარე.
ადეიშვილების საცხოვრებლის აღდგენისთვის საჭირო თანხისა თუ მასალების შეგროვებას ლაშა ქამადაძე და ლევან დევაძე, ბათუმელი მუსიკოსებისა და უბრალო მოქალაქეების დახმარებით შეეცდებიან.
საქველმოქმედო კონცერტი, ვეტერან მოჭადრაკეთა კლუბთან გაიმართება, მათ ვინც ღონისძიებაზე მისვლას ვერ ახერხებს, შეუძლიათ თანხა აქციის ორგანიზატორების ანგარიშზე გადარიცხოს: GE21BG0000000641931300 (საქართველოს ბანკი) – ლევან დევაძე
GE61TB7442845063600033 (თიბისი ბანკი) – ლაშა ქამადაძე
აქციის ორგანიზატორების თქმით, პირველ ჯერზე საქველმოქმედო კონცერტზე, რომელიც 25 ივნისს ერას მოედანზე მოეწყო, ბევრმა მსურველმა ვერ მოახერხა მისვლა, რადგან დაკვრა დღის პირველ ნახევარში დაიწყეს და ძალიან ცხელოდა, შესაბამისად თანხის საკმარისი რაოდენობა ვერ შეგროვდა, ამიტომ საჭიროდ ჩავთვალეს, რომ კიდევ ეცადათ.
გარდა სამშენებლო მასალებისთვის საჭირო თანხებისა, მსურველებს შეუძლიათ ნინისთვის სათამაშოები და სასკოლო ნივთებიც მიიტანონ ადგილზე.
ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარე მშენებლობის დროს დაშავებული ორი მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სპეციალური მკურნალობა ერთ მათგანს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო მეორეს რეფერალურ საავადმყოფოში უტარდება.
ისინი საავადმყოფოში სხვადასხვა დაზიანებებით – მრავლობითი მოტეხილობებითა და შინაგანი ორგანოების დაზიანებებით მოათავსეს. როგორც საავადმყოფოებში „ბათუმელებს“ განუცხადეს, ორივე პაციენტი უგონო მდგომარეობაშია და აპარატზეა მიერთებული.
აჭარაში უკვე დადასტურებულად საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გადადგება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. რატომ და ვინ გადაწყვიტა უფლებამოსილების მიწურულს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ჩანაცვლება და რა გათვლები აქვს „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ? ახალი საკადრო პოლიკის შესაძლო მიზნებსა და შედეგებზე „ბათუმელები“ არმაზ ახვლედიანს, „ქართული ოცნების“ ყოფილ აღმასრულებელ მდივანს ესაუბრა.
ბატონო არმაზ, უკვე დარწმუნებით საუბრობენ, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაწერა განცხადება გადადგომაზე და უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს. რას უნდა ნიშნავდეს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მისი შეცვლის გადაწყვეტილება?
დაგვიანებული გადაწყვეტილებაა. საქართველოს ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება გაცილებით ადრე უნდა მიეღო. 2013-ში უკვე კარგად ჩანდა, რომ აჭარაში ძალიან სუსტი მმართველობა იყო, რომ საქმე ცუდად მიდიოდა. საჭირო იყო დროული რეაგირება. დღეს ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დაგვიანებული, უაზროცაა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის აშკარა მცდელობაა.
თქვენი აზრით, არჩილ ხაბაძის წასვლის გადაწყვეტილებას ახლა, მისი უფლებამოსილების მიწურულს, როგორ აღიქვამს საზოგადოება, მითუმეტეს ამ ნაბიჯს არ განიხილავენ როგორც საკუთარი სურვილით გადადგომას. ამით „ქართულმა ოცნებამ“ არჩილ ხაბაძე სუსტ მმართველად აღიარა?
თუ ასე გადაწყდა, რა თქმა უნდა, ეს აჭარაში ოთხწლიანი ექსპერიმენტის წარუმატებლობის აღიარება იქნება. თორემ საზოგადოებამ ისედაც იცის, რომ ექსპერიმენტი ჩავარდა. ხელისუფლება ვერაფრით ხვდება, რომ საზოგადოების სურვილს, მის განწყობას, დროულად უნდა უპასუხოს. აჭარაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ სულ მალე შეიქმნა ასეთი განწყობა, მაგრამ ხელისუფლება იგნორირების გზას დაადგა, ამიტომაც თანდათანობით ხილული გახდა უფსკრული ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და პრაქტიკულად ნულზე დავიდა ნდობა საზოგადოების მხრიდან. საზოგადოება არაა ჩართული მმართველობით პროცესში, იგი გაუცხოებულია ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან, გრძნობს თავს გარიყულად, ერთგვარ მასალად, რომელსაც ხელისუფლება მხოლოდ საარჩევნოდ იყენებს. ასეთ პირობებში მთავრობის თავმჯდომარისა და სამთავრობო გუნდის ცვლილებას აჭარაში ნამდვილად კოსმეტიკური ხასიათი ექნება. საზოგადოება უკვე კარგად ხვდება, სად არის სიმართლე და სად ტყუილი და სვამს ობიექტურ შეკითხვებს: რატომ ასე დაგვიანებით? რატომ ხალხის ნების ასეთი უგულებელყოფა? ამ და სხვა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემა ხელისუფლებას მოუწევს. დარწმუნებული ვარ, ასეთ იგნორირებას ამომრჩევლის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება 8 ოქტომბერს.
ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამას საზოგადოება აღიქვამს როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს?
საზოგადოება ხვდება, რომ დღეს მას ისევე ატყუებენ, როგორც წარსულში და აღარავინ აპირებს ამ საკენკის მიღებას. საზოგადოებამ იცის, რომ ეს ცვლილება სასიკეთოდ უკვე ვერაფერს შეცვლის.
სავარაუდო შემცვლელად სახელდება დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ პატარაძე, თქვენი აზრით, რა ნიშნით შეარჩიეს ის?
თუ ეს ცვლილება მოხდა, ახალ თავმჯდომარეს წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ გავიმეორებ, იგი რეალურად ვერაფერს შეცვლის. დღეს აჭარაში ისეთი დაჭაობებული გარემოა, რომ მის შეცვლას ვერც ერთი სახელისუფლებო კანდიდატი ვერ მოახერხებს, თუ არ იქნა მტკიცე, გონივრული პოლიტიკური ნება და სწორად შერჩეული გუნდი. არც ერთი და არც მეორე არ არსებობს და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ სამწუხაროდ ეს ექსპერიმენტიც წარუმატებელი იქნება. ამ წარუმატებლობის მორევში კი, ძალიან ზიანდება რეგიონი და ქვეყანაც.
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იმყოფებოდა 9 ივნისს ყაზახეთში, რის შემდეგაც მან ისაუბრა ყაზახეთიდან ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობაზე. საუბარი იყო სარკინიგზო გადაზიდვებსა და ავიარეისების გახშირებაზე, მეტი ტურისტის ჩამოსვლაზე. თქვენი აზრით, ხომ არ არის გათვლა იმაზე, რომ ელჩი პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე მოვა ახალი ინესტიციებისა და სამუშაო ადგილების დაპირებებით?
არ გამოვრიცხავ ასეც იყოს. თუმცა ხელისუფლება დღეს უმთავრეს გათვლას იმაზე აკეთებს, რომ მთავრობის მომავალი თავმჯდომარე, ვინც არ უნდა იყოს ის, კვლავინდებურად დავალებების ბრმად, უსიტყვოდ, უპირობოდ შემსრულებელი იყოს. ინვესტიციებზე, ხალხის კეთილდღეობასა და სხვა სიკეთეებზე საუბარი მხოლოდ ფასადია.
პატარაძე ყოფილი ხელისუფლების დროსაც ელჩი იყო თურქეთის რესპუბლიკაში. როგორ ფიქრობთ, შესაძლოა საზოგადოებაში გაჩნდეს ეჭვები გარიგებაზე?
მთავარია, რამდენად წესიერად და ხარისხიანად მუშაობ. არ მინდა ეჭვი შევიტანო კანდიდატის წესიერებაში და კომპეტენციაში, თუმცა ამ შემთხვევაში ეს საკმარისი აღარაა! იმიტომ, რომ ხელისუფლების ამოცანაა აჭარაში ჰყავდეს სრულიად ლოიალური მმართველობა. ზოგიერთი ამ გზით კვლავაც შეძლებს სხვადასხვა საეჭვო გარიგებას, აჭარა ხომ მათთვის მსუყე ლუკმაა და ცდუნებაც დიდია.
პატარაძის კანდიდატურის დასახელებით გამოდის, რომ „ოცნება“ ერთგული გუნდის გარეთ ეძებს ახალ სახეებს?
„ოცნება“ გვიან, მაგრამ ალბათ მაინც ხვდება, რამდენად უსუსური და არაადეკვატურია მისი გუნდი. საუბედუროდ, ოთხი წელი ისე გავიდა, რომ ვერ მოხერხდა პროფესიონალი, განათლებული, დემოკრატიულად მოაზროვნე ადამიანების შემოკრება. როგორც ჩანს, ამის სურვილი არც არსებობს. ასეთ უხარისხო მმართველობას და საზოგადოების ამგვარ იგნორირებას ამომრჩეველი აღარ მოითმენს. „ოცნების“ დრო იწურება. მისი უკანონო მანიპულაციებით გახანგრძლივების მცდელობა კი, ამ პოლიტიკური ძალისთვის გამოუსწორებელი შედეგით დასრულდება.
ბათუმის საქალაქო სასამართლო ოჯახური ძალადობის შემთხვევას განიხილავს. დავის საგანი ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე კერძო საცხოვრებელი სახლია, რომელიც ანდერძით და-ძმას ერგო. სადაო, საერთო ეზოს გამოყენება გახდა. დაზარალებული ამბობს, რომ ძმამ მასთან შეუთანხმებლად გააფართოვა თავისი საკუთრება.
სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება დაზარალებულის უფროსმა დამ, რომლის თქმითაც და-ძმას შორის ქონებრივი დავა ხშირად ხდებოდა. მოწმემ სასამართლოს უთხრა, რომ თავად შეესწრო კონფლიქტს, როცა მისმა ძმამ დას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელები გადაუგრიხა, ყელში სწვდა და სცემა.
პროკურატურამ უკვე წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დაზარალებულს სხეულზე მიყენებული აქვს მსუბუქი დაზიანებები.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახური ძალადობა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე.
უფლებადამცველი ორგანიზაცია „ლეონიდ ჩერნოვეცკი ქართული მომავალი” აწარმოებს მსურველების მიღებას მოქალაქეების ინტერესების დამცველი საკანონმდებლო ინიციატივების მხარდასაჭერი ხელმოწერების შესაგროვებლად ბათუმსა და ქობულეთში.
აჭარის მთავრობის შენობის წინ, იპოთეკით დაზარალებული პირების შიმშილობა გრძელდება. 20-მა ადამიანმა შიმშილობა გუშინ დაიწყო. ისინი დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე შიმშილობენ და აჭარის მთავრობისგან ბანკთან შუამდგომლობას და დაბალპროცენტიან, გრძელვადიან კრედიტებს მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გუშინ პოლიცია მივიდა და მათ დაშლას შეეცადა.
„მთავრობის სახლიდან 20 მეტრის მოშორებით მოგვთხოვეს პროტესტის გაგრძელება. პოლიციას ვუთხარი, რომ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მათ შორის იპოთეკით დაზარალებულ პირებსაც მეთქი“ – ამბობს, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი დავით ბერიძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო მონიტორინგის ხელმძღვანელია.
იპოთეკით დაზარალებული პირების საპროტესტო აქცია, აჭარის მთავრობის შენობის წინ. ფოტო: როინ გუნდაძე.
„საპროტესტო აქცია ყოველ დღე გაგრძელდება, სანამ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს. მთავრობამ გვითხრა რომ სიები გამზადებულია და დამტკიცებულია უკვე ბანკებში გადასაგზავნად, მაგრამ რამდენი ხანია გამზადებულია? რატომ არ აგზავნიან? კარვებს გავშვლით და შიმშილობას 24-საათიან რეჟიმში გავაგრძელებთ“ – გვეუბნება აქციის მონაწილე, ირმა მიქელაძე.
აქციის მონაწილეები შიმშილობის გაგრძელებას პრობლემის მოგვარებამდე აპირებენ.
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, მიწის ნაკვეთი, სადაც ავარიული კორპუსი იდგა და სახელმწიფომ დაანგრია, ქალაქის მერიამ 10 წლით კერძო კომპანიას გადასცა. ამით მერიამ იქვე მდებარე სხვა კორპუსთან მისასვლელი გზაც გაასხვისა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზოში ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩა. მიწის ახალმა მფლობელმა კორპუსის წინ უსახური ღობე გაავლო. დროებით გასხვისებულ ნაკვეთზე ავტოსამრეცხაო მოაწყეს, სადაც მერიისა და საკრებულოს მანქანები უფასოდ გაირეცხება.
„მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის მთავარი მიზანი ის იყო, რომ გამარჯვებულს ავტოსამრეცხაო გაეკეთებინა, რომელიც მერიისა და საკრებულოს ავტომანქანებს უფასოდ მოემსახურება,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხეს ბათუმის მერიაში ზემოაღნიშნული ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეტალებს, მერიაში გვითხრეს, რომ მივწეროთ და წერილობით გვიპასუხებენ.
„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ საკუთარი ავტომანქანების გასარეცხად ბათუმის მერიამ 2862 კვ/მ მიწის ნაკვეთი გაასხვისა. დროებით გასხვისებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოიცავს იმ გზას და ეზოს, რომელსაც ყოფილი ავარიული და მის წინ მდებარე კორპუსის მცხოვრებლები იყენებდნენ.
როგორც ჩანს, მერიამ საკუთრებაში ისე დაირეგისტრირა ეს ნაკვეთი, რომ მის საზღვრებში არათუ საერთო ეზო, არამედ მომიჯნავე კორპუსებთან მისასვლელი გზებიც მოაყოლა. მთელი ეს ტერიტორია კი აუქციონზე გაიტანა და აღნაგობის უფლებით, აუქციონში გამარჯვებულ შპს „ტრივიჟენს“ 10 წლით გადასცა.
კომპანიის ხელმძღვანელის როინ ლამპარაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ავტოსამრეცხაო მერიისა და საკრებულოს ავტომანქანებს უნდა მოემსახუროს, ვალდებულება აქვთ აუქციონზე დაფიქსირებული მაქსიმალური თანხა – თითქმის 30 ათასი ლარი ყოველწლიურად გადაიხადონ ბათუმის ბიუჯეტში. კომპანიას ვალდებულების პარალელურად, ბუნებრივია, ბიზნესის წარმოების უფლებაც აქვს, ანუ მოემსახუროს ნებისმიერ კლიენტს.
მთელი ეს ტერიტორია [იქვე არსებული კორპუსის ეზოს ჩათვლით] მერიამ აუქციონზე პირობებით გაასხვისა„ავარიული კორპუსის ამხანაგობას თავისი ტერიტორიის საზღვრები არასწორად, შეცდომით ჰქონდა დარეგისტრირებული – ფაქტობრივად, ამ ტერიტორიის საზღვარი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, გადის გვერდით მდგარი კორპუსის ძირში. როცა ავიღე ფინანსური და სამრეცხაოს მოწყობის ვალდებულება და დავიწყე მშენებლობა, მაგ კორპუსის მოსახლეობა წინააღმდეგი წავიდა. მე მქონდა ჩემს ტერიტორიაზე მოქმედების უფლება, მაგრამ მოსახლეობამ ხელი შემიშალა. შემდეგ მერიიდან მოვიდნენ, წერილიც მომწერეს, რომ ასეთი მდგომარეობაა და ცვლილება გავაკეთოთო. რეესტრში საზღვრები შეიცვალა და გზა დავუთმეთ“.
რატომ აღმოჩნდა 70-ოჯახიან კორპუსთან მისასვლელი გზა და ეზო ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და რატომ გასცა ის მერიამ კერძო კომპანიაზე? – ამ კითხვაზე ბათუმის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებად მიწის ნაკვეთი 2012 წლის აპრილშია დარეგისტრირებული. 2015 წლის სექტემბერში ის აღნაგობის უფლებით, ხოლო მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, იმავე წლის დეკემბერში, სერვიტუტით დაიტვირთა. სერვიტუტის საფუძველზე 553 კვ/მ ფართობს [კორპუსის სადარბაზოებში შესასვლელი ერთადერთი გზით] კორპუსის მოსახლეობა კვლავ ისარგებლებს.
მიუხედავად ამისა, 70-მდე ოჯახს ერთი ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი არ დარჩა. ავტომანქანებს ისინი ყოფილ საერთო ეზოში აჩერებენ, რომელიც უკვე კომპანია „ტრივიჟენს~ ეკუთვნის.
„ჯერ არ არის ეს ტერიტორია დატვირთული ჩვენ მიერ და მოსახლეობა იყენებს უფასო პარკინგისთვის, ანუ მოსახლეობას ვცემთ პატივს. ეს ჩემი კეთილი ნებაა,“ – აცხადებს როინ ლამპარაძე.
აღნიშნული ტერიტორიაც სავარაუდოდ შემოიღობება. აღნაგობა მიწის მფლობელს აძლევს მასზე ნებისმიერი მშენებლობის წარმოების საშუალებას, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ფარგლებში. როინ ლამპარაძის თქმით, აქ ვულკანიზაცია და საბურავების მაღაზია უნდა გააკეთოს.
„მანქანა კი მოსახლეობას შეუძლია ქუჩაში გააჩეროს, მერიას მაგისთვის გამოყოფილი აქვს ადგილები – ამბობს როინ ლამპარაძე – მე შემიძლია ესეც შემოვღობო, რაღაც ეტაპზე მაგას გავაკეთებ“.
მოსახლეობა თუ დარჩენილი ტერიტორიის შემოღობვის წინააღმდეგ წავა, როინ ლამპარაძე პოლიციის ჩარევასაც არ გამორიცხავს და იქვე ამბობს, რომ „ბიზნესის ხელშეწყობა უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი, საზოგადოების ინტერესების დაცვით“.
„იდგა კორპუსი, რომელსაც თავისი მცხოვრებლები ჰყავდა, თავისი მანქანები და პრობლემა არ იყო… მესმის, რაც უფრო დიდი იქნება ეზო, უკეთესია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ეს საზღვარი დადგენილია საჯარო რეესტრში. ავარიული იყო ის შენობა და მერიამ სერიოზული ხარჯები გასწია – საბინაო ფონდიდან ბინები გავეცით და ა.შ. ახლა აქეთ შემოგვედავოს ვინმე ჩვენც გვასარგებლეო, არაა სწორი, თუმცა ნაწილობრივ ესეც დაკმაყოფილდა – ნაწილი ჩვენი საკუთრებისა სერვიტუტით დავტვირთეთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ.
ის, თუ რატომ გახდა სერვიტუტით დატვირთვა აუცილებელი და თავიდანვე რატომ გაიტანეს აუქციონზე მიწის ნაკვეთი ასეთი საზღვრებით – ამ კითხვაზე მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსისგან პასუხი ვერ მივიღეთ.
„ყველა კორპუსს მერია უდგენს საზღვრებს. მათ შორის მაგ კორპუსებს… დადგენილი იყო თავიდანვე, ჩვენ არავის საკუთრებაში არ შევჭრილვართ, ახლა ორბელიანის ქუჩამდე ეზოს გაფართოვების სურვილი აქვს შეიძლება მოსახლეობას, მაგრამ ყველაფერს აქვს გონივრული ჩარჩოები“.
ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. N107-ის მიმდებარედ 2862 კვ/მ. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით, სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის 2015 წლის აგვისტოს შესაბამისი ბრძანებით გამოცხადდა. წლიური სარგებლობის საწყის საფასურად კი 14 500 ლარი განისაზღვრა.
აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა მოაწყოს ავტოსამრეცხაო, „თავისუფალ მიწის ნაკვეთის ნაწილზე კი, სურვილის შემთხვევაში, დამატებით განათავსოს ავტოსალონის ქიმწმენდის/საბურავების მონტაჟის ობიექტები, ბარი ან/და სხვა მოსასვენებელი ადგილი, რომლის ესკიზური ვარიანტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან“.
გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს კალენდარული წლის განმავლობაში მერიის ბალანსზე რიცხული პიკაპისა და ჯიპის ტიპის ავტომანქანების უსასყიდლო რეცხვა – არაუმეტეს 100 ერთეული და სედანის ტიპის ავტომანქანების რეცხვა არაუმეტეს – 1000 ერთეული წელიწადში, ხოლო ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული სედანის ტიპის მანქანების რეცხვა – არაუმეტეს 760 ერთეული წელიწადში.
როინ ლამპარაძის თქმით, სამრეცხაო გაკეთებულია, ამჯერად აკეთებენ მოსასვენებელს, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მანქანებს, მათი მომსახურება ერთ კვირაში, პირველი ივლისიდან დაიწყება.
ავტოსამრეცხაო, კორპუსის მხრიდან უსახური თუნუქის ღობითაა შემოსაზღვრული. „იქედან ხან ქვებს ურტყამენ, ხან ფეხს და ხან მანქანას აჩერებენ უშნოდ და აფუჭებენ კედელს. ძვირადღირებული აპარატურა გვიდევს და ეს ღობე იქნება ჯერ, რომ არ დაგვიზიანონ ქონება. ახლა მაქ დაცვას ვერ დავაყენებ ფიზიკურად. რაც აქ კეთდება ყველაფერი კანონის დაცვით და მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვით კეთდება. ზედამხედველობაც იყო მოსული და დეტალურად ამოწმებდა პროექტს,“ – აცხადებს როინ ლამპარაძე.
თუკი ქალაქში სამრეცხაოებზე არსებულ ფასებს გავითვალისწინებთ, მერიას და საკრებულოს ავტომანქანების რეცხვაში მაქსიმუმ 13 320 ლარი დაეზოგება.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიის მიმართულებით საუკეთესო სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. ჰოსპიტალში ოფთალმოლოგთა მაღალკვალიფიციურ გუნდს კიდევ ერთი ცნობილი ექიმი, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი მიშა ომიაძე შეემატა, რომელიც პაციენტებს რეგულარულად, თვეში ორჯერ, ყოველ მეორე კვირას მიიღებს და ჩაატარებს კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციებს ახალი მეთოდით, ნემსით ანესთეზიის გარეშე, წვეთების გამოყენებით.
მიშა ომიაძეს საქართველოში იცნობენ, როგორ ოფთალმოლოგს, რომელიც კატარაქტასა და გლაუკომაზე ოპერაციებს საკუთარი, ნაკლებტრავმული მეთოდით ატარებს. იგი ამჟამად თბილისში, „ნიუ ჰოსპიტალში“ თვალის ეროვნულ ცენტრს და თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის კათედრას ხელმძღვანელობს.
მიშა ომიაძის კონსულტაციები პაციენტებთან ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ძირითადად კატარაქტის, გლაუკომის, ბადურას, კერატოკონუსის პრობლემებსა და რეფრაქციულ ქირურგიას შეეხება.
„ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალსა და „ნიუ ჰოსპიტალს“ შორის, რომელიც თბილისში მდებარეობს, დაიდო ხელშეკრულება, რის საფუძველზეც თვეში ორჯერ ჩამოვალ ბათუმში, გავსინჯავ პაციენტებს და ჩავატარებ ოპერაციებს, კერძოდ: კატარაქტის ოპერაციას ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით და გლაუკომას – ექსპრესშუნტის იმპლანტაციით. გამოვიყენებთ იმ უახლოეს ტექნოლოგიებს, რაც მე დავნერგე თბილისში – კატარაქტის ოპერაცია კეთდება არა ნემსით გაუმტკივარებით, არამედ წვეთებით. პაციენტი ოპერაციის დასრულებიდან 10 წუთში ხედავს. ასევე, პაციენტს არ აეხვევა თვალი და შეუძლია თვალახელილი წავიდეს სახლში. განსაკუთრებით აქტუალურია ეს საკითხი იმ პაციენტებისთვის, რომელთაც მხოლოდ ერთ თვალში აქვთ მხედველობა.
იმავე მეთოდით გაკეთდება გლაუკომის ოპერაცია შუნტის გადანერგვით, რომელიც მიკროინვაზიური პროცედურაა,“ – ამბობს მიშა ომიაძე.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ოფთალმოლოგიური მიმართულება მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:
გადაუდებელი მდგომარეობა: კონიუნქტივისა და რქოვანას უცხო სხეულის ამოღება ქუთუთოსა და თვალის კაკლის ჭრილობის დამუშავება და გაკერვა; გლაუკომის მწვავე შეტევა; ბადურის არტერიის ემბოლია.
4 ივლისიდან გაზეთ „ბათუმელების“ 23-ე ნომერში წაიკითხავთ:
მთავარი თემა:რა შემოსავალი რჩება ბათუმს ზღვის სანაპირო ზოლიდან – კვარიათიდან მწვანე კონცხამდე არსებულ სანაპირო ზოლიდან და პლაჟიდან, რომელიც ბათუმის საკუთრებაშია, ქალაქის ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ 480 ათასი ლარი შედის. ქალაქის სანაპირო ზოლი, თითქმის მთლიანად, ბათუმის მერიას „ბათუმის ბულვარისთვის” აქვს გადაცემული მართვაში. „ბათუმელები” შეეცადა დაედგინა, რა შემოსავლები მოაქვს სანაპირო ზოლს მთლიანობაში. მერიაში ეს მონაცემები დათვლილი არ აქვთ.
პოლიტიკა: წინასაარჩევნო „კოსმეტიკური ცვლილებები“ აჭარის მთავრობაში – აჭარაში უკვე დადასტურებულად საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს დღეებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე გადადგება. გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ხაბაძეს დიპლომატი, საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე ჩაანაცვლებს. ახალი საკადრო პოლიტიკის შესაძლო მიზნებსა და შედეგებზე „ბათუმელებთან“ არმაზ ახვლედიანი საუბრობს, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი.
საერთაშორისო პოლიტიკა:ნატო შავ ზღვაზე, რუსეთი და საქართველო – ნატო შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების განმტკიცების თვალსაზრისით უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად გააქტიურებას გეგმავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში რისი გაკეთება მოუწევს საქართველოს, რომელსაც ზღვაში შეზღუდული სამხედრო შესაძლებლობები აქვს და აჩენს თუ არა ეს დამატებით საფრთხეს რუსეთიდან?
ადამიანის უფლებები:ბრალდებული, ვის გასამართლებასაც ხალხი ლინჩის წესით ითხოვდა – 61 წლის დიმიტრი გ.-ს წინააღმდეგ მთავარი მოწმეები 12 წლის გოგონა და მისი 13 წლის ძმა იქნებიან. პროკურატურამ ვერ დაადასტურა თავდაპირველი ვერსია არასრულწლოვანთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით, დაკავებულს ახლა მუქარაში სდებენ ბრალს.
საზოგადოება:მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა – შავი ზღვა, ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია- ასეთი შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური და უნიკალური კვლევის შედეგბი, რომელშიც ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა.
თემა: როგორ წაართვეს ქალაქს ტროტუარები – ბათუმში ფეხითმოსიარულეებისათვის სივრცე თანდათან ვიწროვდება. ტროტუარებზე კაფეები და რკინის კონსტრუქციებია დადგმული, რაც ქვეითებს ავტომანქანის სავალ გზაზე გადასვლას, მოძრაობის წესების დარღვევას და სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებას აიძულებს.
ქალაქი:„აქ მხოლოდ სიკვდილს ველოდები“ – მოხუცი, რომელიც „ვოლგაში“ ცხოვრობს – 75 წლის თევდორე ზოიძე 4 წელია საკუთარ ავტომანქანაში ცხოვრობს, მას შემდეგ, რაც სახლიდან წამოვიდა.
კულტურული მეხსიერება:აჭარული გოდრის ისტორია – გოდორი ზუსტად იმდენი იყო უწინ აჭარაში, რამდენი წევრიც თითოეულ ოჯახს ჰყავდა…“ – სულხან სალაძის საავტორო რუბრიკა.
ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში.
რას ნიშნავს თანასწორობა და რას მოიცავს კანონის წინაშე თანასწორობის უფლება?
თანასწორობის უფლება ნიშნავს თანასწორი, ანუ თანაბარი შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული თანასწორი მოპყრობის ვალდებულებას, არსებითად უთანასწოროთა მიმართ კი პირიქით. თანასწორი მოპყრობის მაგალითია, როდესაც გასხვავებული რელიგიური შეხედულების ბავშვს საჯარო სკოლაში თანაბრად აქვს სწავლის უფლება.
კანონის წინაშე თანასწორობის უფლება არ გულისხმობს შესაძლებლობების განურჩევლად, ყველა ადამიანის ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. ეს უფლება გულისხმობს ისეთი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის ვალდებულებას, რომელიც ყოველი კონკრეტული ურთიერთობისთვის არსებითად თანასწორთ შეუქმნის თანასწორ შესაძლებლობებს, უთანასწოროებს კი პირიქით.
რა ნიშნები აქვს დისკრიმინაციას საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით? და რას ნიშნავს პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაცია?
ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად
რასისა
კანის ფერისა,
ენისა
სქესისა
რელიგიისა
პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა
ეროვნული
ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა
წარმოშობისა
ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა
საცხოვრებელი ადგილისა
მე-14 მუხლში ჩამოთვლილი ნიშნები არ არის ამომწურავი ხასიათის. მაგალითად, დისკრიმინციის ნიშანია სექსუალური ორიენტაცია, მოქალაქეობა და სხვა.
პირდაპირი დისკრიმინაცია წარმოადგენს თანასწორ პირობებში მყოფი პირების არათანასწორ მოპყრობას აკრძალულ ნიადაგზე.
არაპირდაპირი დისკრიმინაციის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს კონკრეტულ კანონს, ნორმას და ქცევას, რომელიც, თავის მხრივ, არ არის დისკრიმინაციული, თუმცა დამდგარი შედეგი აშკარა დისკრიმინაციაა გარკვეული პირთა წრისთვის. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კონკურსში გასაუბრებისას აშკარად რთულ კითხვებს უსვამენ და არ ასაქმებენ სახელმწიფო სამსახურში.
როდის ითვლება განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად?
განსხვავებული მოპყრობა უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა. მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი.
განსხვავება დისკრიმინაციულად არ ჩაითვლება, თუკი მას „ობიექტური და გონივრული გამართლება“ აქვს. ობიექტური და გონივრული გამართლების კრიტერიუმი შემდეგია:
განსხვავებული მოპყრობა, შეიძლება ობიექტური და გამართლებული იყოს, თუკი
მას გააჩნია კანონიერი მიზანი და
გამოყენებული საშუალებები კანონიერი მიზნის პროპორციულია.
როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს მოქალაქე, რომლის მიმართაც ირღვევა თანასწორობის უფლება? ეხება თუ არა თანასწორობის უფლების დაცვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს?
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. თუკი პირი მიიჩნევს, რომ მისი თანასწორობის უფლება ირღვევა ან იზღუდება, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს მათ დასაცავად.
საქართველოს კონსტიტუცია დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის მოქმედებას ავრცელებს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე, არამედ საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებზეც. საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად:
„საქართველოში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოს მოქალაქის თანაბარი უფლებანი და მოვალეობანი აქვთ, გარდა კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“
რა ვალდებულებები ეკისრება სახელმწიფოს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში? და რა ვალდებულებებს აკისრებს პოლიციელს საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დასაცავად?
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფოს ეკისრება ნეგატიური და პოზიტიური ვალდებულებები.
ნეგატიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფო თანასწორად უნდა მოეპყროს თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს.
პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს, რომ სახელმწიფო განსხვავებულად უნდა მოეპყროს არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე.
საქართველოს კანონის „პოლიციის შესახებ“ მე-11 მუხლის თანახმად, პოლიცია ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა და სხვა მახასიათებლებისა.
რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირი, რომელმაც დღეს სარფში, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს ფეხსაცმელი ესროლა დაკავებულია.
„ეს პიროვნება დაკავებულია ადმინისტრაციულად, წვრილმანი ხულიგნობისთვის, 166-ე მუხლით; ფეხსაცმლის სროლისა და სიტყვიერი შეურაცხმყოფის მიყენებისთვის. ვინ არის დაკავებული, ამას ვერ დაგიდასტურებთ“ – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს: „საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით“.
„ბათუმელების“ ინფორმაციით დაკავებულია მერაბ ღოღობერიძე, რაც მისმა მეუღლემ, მალვინა ღომიძემ, სატელეფონო საუბარში დაგვიდასტურა.
დღეს 3 ივლისს, 13:00 საათზე, სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ. მას სარფის საბაჟოსთან დახვდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და პარტიის მხარდამჭერები.
ლევან ვარშალომიძის მომლოდინე ხალხი საბაჟოდან გამოსული ტრაილერების გადაადგილებას აფერხებდა, რის გამოც პოლიციას მათი წითელ ზოლში მოქცევა მოუხდა.
ლევან ვარშალომიძესთან შესახვედრად მოვიდა, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსიც. ვარშალომიძეს თან ახლდა აჭარის ტელევიზიის ყოფილი ხელმძღვანელი, თეა ცეცხლაძე, რომელიც ვარშალომიძის პრესსპიკერი იყო, მისი მთავრობაში ყოფნის დროს.
სარფის საბაჟო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ლევან ვარშალომიძეს დახვდნენ.
ლევან ვარშალომიძე პარტიის მხარდამჭერებთან რამდენიმე წუთს გაჩერდა: „ახლა წავიდეთ სარფის გამშვები პუნქტიდან და ხვალიდან გავაგრძელოთ ბრძოლა“- განაცხადა მან.
„იაგუნდი“ – ასე ეწოდება ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. 8 ივნისს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ეს ანსამბლი აჭარაში ტრადიციული სიმღერის აღდგენასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებოდ დააჯილდოვა.
ეკა ბარამიძე
„იდეა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ირაკლი სირაბიძეს გაუჩნდა, ერთ დღესაც დამიძახა და მითხრა, თუ გოგონებს შეკრებ, მე ვიცნობ საუკეთესო ეთნომუსიკოსს ქეთევან ნაგერვაძეს, რომელიც ამ საქმეში დაგვეხმარება და გოგონათა ვოკალური ანსამბლი ჩამოვაყალიბოთო,“ – იხსენებს ანსამბლის დღევანდელი ხელმძღვანელი მარინა ჯიჯავაძე, რომელმაც შესაბამისი ხმის მქონე რვა გოგონა თავის გარშემო შეკრიბა და ანსამბლიც ჩამოაყალიბა.
„თავიდან ათნი ვიყავით, ანსამბლის ცხრა წევრი და ჩვენი ხელმძღვანელი ქეთევან ნაგერვაძე. ქეთევანი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ანსამბლი წარმატებული ყოფილიყო, დაუღალავად მუშაობდა სიმღერების აღდგენაზე, მოჰქონდა როგორც ადგილზე სოფლებში არსებული, ასევე მაჭახლის ხეობაში მოპოვებული ჩანაწერები და თვითონ აკეთებდა ჩანაწერებს, სიმღერებს ვამუშავებდით და ყოველკვირეულად ჩვენს რეპერტუარს ახალი სიმღერები ემატებოდა, რაც პერიოდულად სცენაზეც გაგვქონდა. შეიძლება ითქვას, მან თითქმის ამოწურა აჭარული რეპერტუარი, არამარტო აჭარული, არამედ საქართველოს სხვა კუთხის, კახური, იმერული, გურული… ყველა კუთხის ქალთა სიმღერები გვაქვს დამუშავებული,“ – ამბობს მარინა.
ანსამბლს ამჟამად რვა წევრი ჰყავს, დაარსებიდან დღემდე ანსამბლს მარინა ჯიჯავაძესთან ერთად ლელა დუმბაძე, შორენა ჯიჯავაძე, ქეთინო ბარამიძე და ბულბული ბერიძე შემორჩნენ. უახლოეს პერიოდში კი ანსამბლის სხვა წევრები ანჟელა ბერიძემ, თინათინ და ლინდა დევაძეებმა ჩაანაცვლეს.
ანსამბლის ჩამოყალიბებიდან მეხუთე წელს ანსამბლს სახელი შეუცვალეს [თავდაპირველად „ხარატული“ ერქვა] მას შემდეგ, რაც ანსამბლის ერთ-ერთი წევრი, ია ბერიძე მოულოდნელად გარდაიცვალა – გოგონებმა მის პატივსაცემად ანსამბლს „იაგუნდი“ უწოდეს.
„ამ დროისთვის სამი სიმღერის აღდგენასა და დამუშავებაზე ვმუშაობთ. აი, მაგალითად, სიმღერა „თირინს“, რომლის აღდგენაზეც ვმუშაობთ, ასეთი ისტორია აქვს: სოფელ ოქტომბრელი კაცი შრომის პროცესში მღეროდა. ეს სიმღერა გარკვეულ სამუშაოს შესრულებისას სრულდებოდა, გვინდა ეს სიმღერა საკუთარ რეპერტუარში შევიტანოთ, ასევე ვმუშაობთ სიმღერა „მასპინძლურის“ აღდგენაზე“, – გვიყვება ანსამბლის ხელმძღვანელი.
ანსამბლის რეპერტუარში 55-მდე სიმღერაა, აქედან 20-მდე სიმღერა აჭარულია, დანარჩენი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორია. „დილოვ ნანე~, „ნაი ნაი“, „ხერტლის ნადური“, „გელინო“ – ეს ის სიმღერებია, რომლითაც ანსამბლი მსმენელის წინაშე ფოლკლორულ ფესტივალებსა თუ ჩვეულებრივ ღონისძიებებზე გამოდის.
„ხერტლის ნადურის“ სამი ვარიანტი გვაქვს დამუშავებული, აქედან ერთი ვარიანტი ისაა, რასაც ქედის სოფლებში მღეროდნენ, მეორე კი შუახევში სრულდებოდა, ასევე „ნაინას“ ორი ვარიანტი გვაქვს აღდგენილი, „დილოვ ნანე“ – რომელიც ხორუმის გაცეკვებით სრულდება, „გელინო“, „ბაბუჩები“…
ჩვენს რეპერტუარში არსებული სიმღერების ნაწილი 50-60-იან წლებში ნანა ვალიაშვილის ექსპედიციით მოპოვებულ ჩაწერებზე დაყრდნობით აღვადგინეთ. მე სოფელ მერისიდან ვარ წარმოშობით, კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში ამ სიმღერებს როგორ ასრულებდნენ ჩვენი ბაბუები სოფელში, მღეროდა მამაჩემიც. ბავშვი ვიყავი და არც აპარატი გაგვაჩნდა, რომ ის სიმღერები ჩაგვეწერა, სამაგიეროდ სიმღერები ნანამ ჩაწერა და ნინო რაზმაძემ მოგვაწოდა,“ – ამბობს მარინა. მისი თქმით, ძველი ჩანაწერის აღდგენა და რეპერტუარში შეტანა საკმაოდ რთულია, რადგან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ჩანაწერებში ხმის ჟღერადობა ხშირ შემთხვვეაში რთული აღსადგენია.
ანსამბლი სიმღერასთან ერთად ხალხურ ფოლკლორულ საკრავს იყენებს.
„მე კარგად მახსოვს, როგორ მღეროდა მამაჩემი ბანს… ბევრი რეპეტიციაა საჭირო, ფოლკლორს თავისებური მუშაობა სჭირდება, ხმების ჩანაცვლება რომ შევისწავლოთ, სულ რეპეტიციას გავდივართ. ჩვენი ძირითადი მუსიკალური საკრავი ჩონგური, ჭიპონი და ხალხური დიატონური ფანდურია, ბას-ფანდურსაც ვიყენებთ, თუმცა არა ფოკლორულ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. როცა ფესტივალზე გავდივართ, ვიცავთ ტრადიციული სიმღერის შესრულების მანერას,“ – ამბობს მარინა.
„იაგუნდმა“ ახლახან ქართული ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ორი ტური გადალახა. ფესტივალის მესამე, დასკვნითი ტური 27, 28 და 29 ივლისს თბილისში გაიმართება.
ქვეყნის მასშტაბით ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია და შეკეთებას საჭიროებს. დაზიანებულ ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს პრობლემას სპორტულ მოედანზე ხელოვნური საფარის არარსებობა უქმნის, ბავშვები აქ მხოლოდ მაშინ თამაშობენ, როდესაც წყლის გუბეებს მზე ამოაშრობს.
სპორტულ მინიმოედნებს, რომლებიც სოფლის ცენტრებსა და სკოლების გვერდითაა მოწყობილი, ძირითადად, ხელოვნური საფარი არ აქვთ.
სპორტული მინიმოედანი ქედის სოფლებში: ტაკიძეებში, გოგიაშვილებში, დანდალოში, ხარაულაში, ცხმორისში, გეგელიძეებში, ვარჯანისში, წონიარისში, ზესოფელში… სულ 30 სოფელშია მოწყობილი. მათი უმრავლესობა 2005-2006 წლებშია აშენებული. მოედნის კონსტრუქცია თითქმის ყველგან ერთნაირია, რამდენიმე კვადრატზე მოწყობილ სტადიონებს დამცავ კედლებად თითქმის ერთ მეტრ სიმაღლეზე ხის ძელები, შემდეგ კი ლითონის მავთული აქვს გარშემორტყმული. 30 მოედნიდან ხელოვნური საფარი აქ მხოლოდ დაბა ქედაში არსებულ სპორტულ მოედანს აქვს.
ხელოვნური საფარის გარეშე არსებულ მოედნებზე თამაში მხოლოდ კარგი ამინდის დროსაა შესაძლებელი, რადგან საფარის გარეშე დარჩენილ მოედანზე წვიმის დროს წყალი გუბდება და ტალახდება. გარდა ამისა, მსგავს მოედნებზე იზრდება ჯანმრთელობის რისკები ბავშვებისთვის. პრობლემაა ისიც, რომ ათეული წლის წინ აშენებულ სტადიონებზე მოწყობილი ხის ძელები ალაგ-ალაგ ჩამტვრეულია და დღეს იმ დანიშნულებას ვეღარ ასრულებს, რისთვისაც მოეწყო.
მწყობრიდან გამოსულია და შეკეთებას საჭიროებს სოფელ პირველ მასში არსებული სპორტული მოედანიც, აქ ხის ძელებიც დამპალია და მავთულიც დაზიანებულია ალაგ-ალაგ, მოედანს, ისევე როგორც სხვა სოფლებში, არც აქ აქვს ხელოვნური საფარი. ანალოგიურად საფარის გარეშეა სოფელ კვაშტაში არსებული მოედანიც. გასარემონტებელია სოფელ ძენწმანში, ზედა ბზუბზუსა და სხვა სოფლებში არსებული მოედნებიც.
ქედის გამგეობაში განმარტავენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით გამგეობა წელს ხუთ მოედანს არემონტებს, სოფელ ცხომორისის ცენტრში კი ახლის მშენებლობა მიმდინარეობს, მოედნის ასაშენებლად აქ 17 699 ლარი დაიხარჯება.
„სოფელ დოლოგანში არსებული მოედნის რემონტზე 5 167 ლარი, ოქტომბერში – 13 265, ზვარეს ცენტრში მოწყობილ მოედნის რემონტზე – 13 960, დანდალოში – 11 684 და წონიარისის მოედნის რემონტზე 10 134 ლარი დაიხარჯება,“ – ამბობს ქედის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი გივი დევაძე.
სარემონტო სამუშაოებზე გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი მოედნის საყრდენი კედლის მზა ბეტონით ჩამოსხმას მოხმარდება.
მიუხედავად იმისა, რომ სპორტული მოედნები ავარიულ მდგომარეობაშია, დღემდე არც ერთი მათგანი არ გაურემონტებიათ. ადგლობრივ ხელისუფლებას დღემდე არც ხელოვნური საფარის მოწყობაზე უფიქრია.
ამის მიუხედავად ქედის გამგებელი დავით დუმბაძე მაინც წინამორბედ ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, რომ სტადიონები იმდროინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყოველგვარი გათვლების გარეშე გააკეთა. მისი თქმით, სოფლებში მოედნების მოწყობამდე არავის უფიქრია, იყო თუ არა ამის საჭიროება და არც ის გაუთვლიათ, ნაძვის ძელისგან გაკეთებული დამცავი კედელი მალე რომ დაზიანდებოდა.
სპორტული მოედანი სოფელ კვაშტაში
„ისეთი სპორტული მოედნის რემონტზე, როგორიც სოფელ მეძიბნაში, სოფლის თავშია მოწყობილი და იქ ბურთი დღემდე არავის უთამაშია, საუბარი არ არის. ხოლო ისეთი მოედნები, როგორიცაა სოფლებში: აგარაში, ვაიოში, კვაშტაში, სადაც ბავშვები აქტიურად იყენებენ და თამაშობენ, დაგეგმილი გვაქვს გავარემონტოთ, მიმდინარე წლისთვის დაგეგმილი გვაქვს ორი მოედნის ხელოვნური საფარით უზრუნველყოფა და ათამდე მოედნის გარემონტება. სარემონტო სამუშაოები დაწყებულია რიგ სოფლებში. ეტაპობრივად ის მოედნები გარემონტდება, რომლებიც გამოყენებადია. ვფიქრობ, მომავლისთვის სოფლების სტადიონების პრობლემა სრულიად მოგვარდება.
რაც შეეხება ნაძვის ძელებს, რომლითაც მინისტადიონებს აწყობდნენ, პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ნაძვის ძელი 3-4 წელიწადში ლპება, რაც დამატებით პრობლემას ქმნის. ვფიქრობთ, სადაც ძელებია გაკეთებული და ამ დროისთვის დაზიანებულია, იქ ბეტონის კედელი მოვაწყოთ, ან სხვა მყარი ნაწილით ჩავანაცვლოთ ძელები, წაბლის მასალა მყარი და უფრო გამძლეა, მაგრამ ვერ მოვაწყობთ, რადგან ძვირია. ამ დროისთვის სოფელ დოლოგანში ბეტონს ვაწყობთ ძელების ნაცვლად. რაც შეეხება ხელოვნური საფარის მოწყობას, ჯერ ის ფუფუნება არ გვაქვს, ყველა ხელოვნური საფარით დავფაროთ“, – ამბობს დავით დუმბაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ქედის გამგებელი იმედოვნებს, რომ სოფლებში ბავშვებს მალე ხელოვნურსაფარიანი მოედნები ექნებათ, ხელოვნური საფარის მოწყობა არც ახალი მოედნის ხარჯთაღრიცხვაშია გაწერილი და არც იმ მოედნების სარემონტო სამუშაოებში, რაზეც ქედის გამგეობის ბიუჯეტიდან 54 210 ლარია გაწერილი [მთლიანობაში ხუთი მოედნის გასარემონტებლად].
გივი დევაძის თქმით, დაბაში არსებული სპორტული მოედნის ხელოვნური საფარით დაფარვა გამგეობას რამდენიმე წლის წინ დაახლოებით 30 000 ლარი დაუჯდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტომ და სპორტულმა კლუბმა – MIA Force, ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ბათუმში უსაფრთხო მოძრაობის კვირეული დაიწყო.
„2 ივლისიდან, ერთი კვირის განმავლობაში, შსს-ს მომსახურების სააგენტო ყოველდღიურად ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ ღონისძიებას შესთავაზებს. საგამოფენო სივრცეში მოწყობილ „მართვის სკოლაში“ ბავშვებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე სახალისო შემეცნებითი ლექციები გაიმართება, ასევე, დამთვალიერებელს საშუალება ექნება, ნახოს შსს-ს სპორტული კლუბის – MIA Force იმიტირებული სარბოლო ტრასა, ლეგენდის და ფორმულას კლასის ავტომობილები. კვირეულის ფარგლებში გაიცემა ველოსიპედების მართვის მოწმობები ბავშვებისთვის და გაიმართება ველომოყვარულების მარათონი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მხარდასაჭერად“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
საგზაო უსაფრთხოების კვირეულის გახსნა ბათუმში / ფოტო:შსს
კვირეული ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან გამოფენით გაიხსნა, სადაც დაინტერესებულ პირებს, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ინფორმაცია შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორმა, დათო ნიკოლეიშვილმა გააცნო.
ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირის კრიზისების მართვის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მნიშვნელოვან კონტრიბუტორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ეს ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილების გაზრდას.
საქართველო ევროკავშირის მისიებში 2013 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ხელმოწერილი ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში მონაწილეობს. 2014 წლის ივნისიდან საქართველო პირველად ჩაერთო ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიებში.
EUFOR RCA – ევროკავშირის სამხედრო ოპერაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბანგიში ერთი მსუბუქი ქვეითი ასეული (156 ს/მ) შესაბამისი ტექნიკით 2014 წლის ივნისში გაემგზავრა, ამავე წლის დეკემბერში ქვეითი ასეული ორმა ოცეულმა (85ს/მ) ჩაანაცვლა. დამატებით, ერთი მეკავშირე ოფიცერი 2014 წლის აპრილიდან ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ევროკავშირის ოპერაციების შტაბ-ბინაში (ქ. ლარისა, საბერძნეთი).
EUAM Ukraine – ევროკავშირის მრჩეველთა მისია უკრაინაში
საქართველო EUAM Ukraine-ში 2015 წლის 1 სექტემბრიდან ჩაერთო. მისიის დაწყების გადაწყვეტილება 2014 წლის 22 ივლისს ევროკავშირის საბჭომ უკრაინაში სამოქალაქო სექტორის რეფორმირების მიზნით მიიღო. მისიის მიზანია უკრაინაში პოლიციისა და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმირების ხელშეწყობა. უკრაინაში ადამიანური რესურსების სფეროში მრჩევლის თანამდებობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის თანამშრომელი 2015 წლის სექტემბრიდან მაისამდე მონაწილეობდა. ეს იყო საქართველოს პირველი გამოცდილება ევროკავშირის სამოქალაქო მისიებში.
EUMAM RCA – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მრჩეველთა მისია
2015 წლის ოქტომბრიდან ცენტრალურ აფრიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს (სწრაფი რეაგირების ჯგუფი – Immediate Reaction
Team) 6-თვიანი როტაციის წესით. 2016 წლის აპრილში განხორციელდა ქართული კონტიგენტის როტაცია, რომელიც დარჩება ცენტრალურ აფრიკაში 2016 წლის ივლისამდე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო მრჩეველთა მისია (EUMAM RCA) 2015 წლის 16 მარტს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. მისიის მიზანს წარმოადგენს ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა შეიარაღებული ძალების რეფორმის განხორციელების კუთხით.
EUTM Mali- მალის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელი მისია
2016 წლის იანვარში მალის შეიარაღებული ძალების საწვრთნელ მისიაში (EUTM Mali) 6 თვის ვადით მეკავშირე ოფიცრის თანამდებობაზე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გაემგზავრა. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ადგილზე მიმდინარე მისიებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია; სამხედრო სამოქალაქო თანამშრომლობის საკითხების განხორციელება (CIMIC); მეკავშირე ოფიცრის როტაცია განხორციელდა 2016 წლის მაისში, სამხედრო ოფიცერი მალიში 2016 წლის ოქტომბრამდე.
2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოეწერა. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ევროკავშირის მისიებში მონაწილეობა აღნიშნული შეთანხმების ეფექტურად განხორციელებას უწყობს ხელს. ჩვენი ჯარისკაცები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით მსოფლიოს ცხელ წერტილებში მსახურობენ და ამით პოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ აძლიერებენ საქართველოს „ევროპულ გზას“.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლებისგან მაღალ დონეზე მომზადებული არმიისთვის საქართველო ყოველთვის გამორჩეულ მადლობას იღებს. ხშირად გვეუბნებიან, რომ ქართველი ჯარისკაცები მისაბაძი არიან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის.
საქართველო მზად არის მომავალშიც გააგრძელოს ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობა. 2016 წლის 30 მაისს საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დადებითად გადაწყდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ახალ საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA)საქართველოს ოცეულით ჩართვის საკითხი. წინ მომზადების ერთთვიანი დაძაბული პერიოდია, ოცეულის გადასროლის შემდეგ კი საქართველოს დროშა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად უკვე ახალ მისიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში აფრიალდება.
ირინა ცერცვაძე
ევროკავშირში ინტეგრაციისა და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან
ურთიერთობის სამმართველო
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge
2016 წლის 1 ივლისს, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება სრულად ამოქმედდა. შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს (DC FTA) მოიცავს. ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს, ქ. ბრიუსელში მოეწერა.
ასოცირების შეთანხმება, პრაქტიკულად, საქართველოს მოდერნიზაციის სამოქმედო გეგმაა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა სფეროს შეეხება. ასოცირების შესახებ შეთანხმება ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის განმტკიცებას, დემოკრატიის გაღრმავებას, მეტ გამჭვირვალობას, ეფექტიან მმართველობას, უსაფრთხოებისა და რეგიონული თანამშრომლობის განმტკიცებას, მომხმარებელთა და საკუთრების უფლებების დაცვას, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს უზრუნველყოფას. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, სატარიფო და არასატარიფო ბარიერების მოხსნით, საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ევროპის ბაზარი, 500 მილიონიანი მაღალი შემოსავლების მქონე მოსახლეობით, ყველაზე დიდი ბაზარია მსყიდველობითუნარიანობის თვალსაზრისით, რაც საქართველოს უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად აქცევს.
ქართული წარმოშობის ყველა პროდუქტი გარკვეული პირობების (სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების სტანდარტები) დაკმაყოფილების შემთხვევაში, ნულოვანი საბაჟო ტარიფით შევა ევროკავშირის ბაზარზე. ამჟამად, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან ექსპორტირებულ აგრარულ პროდუქციაში წამყვან ადგილს იკავებს ახალი და ხმელი თხილი, ღვინო, ნატურალური ყურძნის წვენი და მინერალური წყლები.
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირება, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური ზრდის სტიმულირებასა და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საქართველო თანმიმდევრულად ხდება ევროკავშირის ეკონომიკის ნაწილი, რაც ქვეყნის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგების მომტანია.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა, ყოველწლიური სამოქმედო გეგმების საფუძველზე, 2014 წლის სექტემბრიდან ახორციელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
ასოცირების შეთანხმების განხორციელებისა და მონიტორინგის კუთხით, საქართველოს მთავრობა ეფექტიანად თანამშრომლობს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმომწერ ქვეყნებს შორის, რომელმაც არასამთავრობო სექტორი აქტიურად ჩართო შეთანხმების სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და მისი განხორციელების მონიტორინგის პროცესში.
გასული 2 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული შემდეგ სფეროებში: მართლმსაჯულება (სასამართლოს, პროკურატურისა და სისხლის სამართლის რეფორმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება), სასჯელაღსრულება და პრობაცია, პერსონალური მონაცემების დაცვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის სისტემის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, უსაფრთხოების სფეროს რეფორმა, საჯარო სექტორის რეფორმა, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კულტურა, განათლება, ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები. ასოცირების შესახებ შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული რეფორმები ევროპული მხარის მიერ დადებითად იქნა შეფასებული 2014 და 2015 წლებში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომებზე. ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ევროპული კუთვნილების გამყარების, ევროინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობისა და ევროპული პარტნიორების მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერისათვის, მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ევროინტეგრაციის ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ამაღლების მიზანს ემსახურება.
ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი ჯერ კიდევ 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც ძალაში არ შევიდა 2014 წელს, წევრი ქვეყნების და არა ევროკავშირის ინსტიტუტების კომპეტენციას განეკუთვნებოდა.
წელს კი, 2016 წლის 1 ივლისს ამოქმედებული მუხლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული მუხლები, რომელშიც მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ერთგულებას ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ. სრულად ამოქმედდა მუხლები, რომლებიც დაკავშირებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან. აგრეთვე შემდეგ საკითხებთან: თანამშრომლობა მიგრაციის, თავშესაფრისა და საზღვრის მართვის სფეროებში, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება, საჯარო ფინანსების მართვა და ფინანსური კონტროლი; ტრანსპორტი, გარემოს დაცვა, კორპორაციული სამართალი, ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი და კორპორაციული მმართველობა, განათლება, ჯანდაცვა და ასე შემდეგ.
გასათვალისწინებელია, რომ ამ სფეროების უმეტესობაზე ამოქმედებული იყო შეთანხმების დანართები, რომლებშიც ასახულია საქართველოს მიერ განსახორციელებელი საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებები.
2016 წლის 1 ივლისიდან ასევე ძალაში შევიდა შეთანხმების 2 დარჩენილი დანართი, რომლებიც განათლების და ახალგაზრდობის, ასევე, აუდიოვიზუალური და მედიის სფეროებში თანამშრომლობას ეხება. ასოცირების შეთანხმების სექტორული კომპონენტი, დანართებითურთ, შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ძირითადად, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას ისახავს მიზნად.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge
თინათინ ხიდაშელის განცხადებით: ერთი წლის წინ დადებული პირობები შესრულებულია, დღეს ქვეყანა უფრო დაცულია – საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები გაძლიერებულია;
JTEC – ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გახსნილია;
NRF ნატოს მიერ სერტიფიცირებულია პირველი ქართული ასეული; ამოქმედებულია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის თვისობრივად ახალი ეტაპი – მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის გაძლირებისათვის; საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სრულფასოვანი პარტნიორია; ქართველი ჯარისკაცები პირველად მონაწილეობენ ევროკავშირის საწვრთნელ მისიებში;
DIB – ნატო-საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა დაფუძნებულია;
მეტი წვრთნები პარტნიორებთან ერთად – ჩატარებულია უპრეცენდენტო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ ამერიკული სამხედრო ტექნიკის მონაწილეობით; ქართული ჯარი იკვებება ქართული პროდუქტით და ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია რჩება ქართულ ეკონომიკაში; ჯარში სავალდებულო გაწვევა გაუქმებულია – ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან; ამოქმედდება სრულიად ახალი, ნატოს სტანდარტების ქართული რეზერვი; განახლდა ჯარში საკონტრაქტო გაწვევა. 2016 წელს კი 1000-მდე ახალი ჯარისკაცი შეემატა შეიარაღებულ ძალებს; ჰაუტვახტები გაუქმებულია; სპეცუბნები გაუქმებულია; თანასწორობა ჩვენთვის უპირველესია – კადეტთა ლიცეუმში გოგონები ისწავლიან; სამხედრო ნაწილებში ამოქმედდა მუსლიმთა სამლოცველოები; ათეულობით პანკისელი ჩაირიცხა ქართულ ჯარში; აქ გმირები მსახურობენ – აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ფსიქოლოგიურ ტრავმასთან – ამოქმედდა პროგრამა „მხარი მხარს“, ამპუტირებული სამხედრო მოსამსახურეების ინტეგრაციის სპეციალური პროგრამები; სამხედრო მოსამსახურეთა ცერებრალური დამბლით და აუტიზმით დაავადებული შვილების რეაბილიტაცია; შემუშავებულია ახალი, 7-მილიონდოლარიანი პროექტი დაჭრილების სრულყოფილი რეაბილიტაციის ცენტრის განვითარებისთვის; შემუშავებულია „არმიქარდი“ – ფასდაკლების და ბონუსების სისტემა ჯარისკაცებისთვის; სამინისტროსთვის პრიორიტეტულია სამხედრო განათლება – ამოქმედდა პროფესიული ზრდის და განვითარების ახალი სისტემა, დაინერგა ახალი სამაგისტრო პროგრამა თავდაცვის აკადემიაში;
27 ივნისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს ვარშავის სამიტის წინ განხორციელებულ პროექტებზე ქართული და უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან თავდაცვის უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა საკუთარ ანგარიშში დეტალურად წარმოადგინა ერთი წლის განმავლობაში უწყებაში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, ნატოსთან ინტეგრაციისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით მიღწეული წარმატებები. მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანამშრომლობაზე; სამხედრო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროგრამებზე; ჯარისკაცებისა და მათი ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის ხარისხის გაუმჯობესებაზე, სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ანგარიშის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;
ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge;
ვებ–გვერდი: mod.gov.ge
რჩევების სერია საზოგადოებას, თუ როგორ ამოვიცნოთ პროპაგანდისტული ტექსტი
ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას ასევე, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაგალითისათვის, თუ ჩვენ გვეცოდინება ზუსტი ამინდის პროგნოზი, მაშინ იოლად მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ დავიცვათ მოსავალი მოსალოდნელი სეტყვისაგან ან როდის ჩავიცვათ საწვიმარი ლაბადა. ხოლო თუ თქვენი კონკურენტი თქვენზე ადრე დაეუფლება აღნიშნულ ინფორმაციას და თქვენთვის ინფორმაციის მოწოდების ერთადერთ წყაროდ იქცევა მაშინ იგი შეეცდება არ გაგაგებინოთ სწორი ინფორმაცია და ამით მაქსიმალურად დიდი ზიანი მოგაყენოთ.
სწორედ მაქსიმალური ზიანის მიყენებას ისახავს მიზნად საქართველოში, უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებული პროპაგანდისტული საქმიანობა, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლაც თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?
პროპაგანდისგან თავის დაღწევის მიზნით გთავაზოთ რჩევების სერიას, როგორ განვასხვავოთ ყალბი ინფორმაცია რეალურისგან? ამის რამდენიმე მარტივი ხერხი არსებობს
V – გამავრცელებლის წარმომავლობა
გადაამოწმეთ ინფორმაცია ინფორმაციის გამავრცელებლის შესახებ – უმეტეს შემთხვევაში, პროპაგანდის გამავრცელებლები ცდილობენ დამალონ საკუთარი წარმომავლობა და მისწრაფებები. გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული და სანდო მედიასაშუალება, იქნება ეს ბეჭდური თუ ელექტრონული გამომცემელი, არ მალავს ინფორმაციას მისი რედაქტორის, ჟურნალისტებისა და ტექნიკური პერსონალის შესახებ. შესაბამისად თუ თქვენ ხელთ ჩაგივარდათ გაზეთი, რომელსაც არც რედაქტორი ჰყავს, არც მასალის ავტორები და არც ამ გაზეთის დამაარსებლის შესახებ არ მოიპოვებ ინფორმაცია, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენ საქმე პროპაგანდასთან გაქვთ და ასეთი გაზეთი არასანდოა. ასევე უნდა მოიქცეთ ელექტრონული გამოცემების თვალიერებისას, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ავტორიტეტული ელექტრონული გამოცემა საკუთარ გვერდზე ათავსებს ტექსტს იმის შესახებ, ვინ არის და რას წარმოადგენს. პროპაგანდისტები კი ასეთი ტექსტის წერით თავს არ იწუხებენ, რადგან სჯერათ, რომ მკითხველი არასოდეს დაინტერესდება მათი წარმომავლობით.
დაბოლოს, პროპაგანდასთან დაპირისპირების საუკეთესო საშუალება საკითხის კრიტიკული შეფასებაა, არ მიიღოთ ინფორმაცია ფაქტად მანამ, სანამ მას მინიმუმ 3 სხვადასხვა საინფორმაციო საშუალება არ დაგიდასტურებთ, რომელთაგან მინიმუმ ერთი მაინც იქნება თქვენთვის სანდო მედიასაშუალება.
გაითვალისწინეთ, ჩვენი რჩევები და თქვენ არასოდეს დაეჭვდებით, რომ დედამიწა მრგვალია და ნამდვილად მზის გარშემო ბრუნავს.
მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ ტელ: +995(32) 2 72 35 35; ელ–ფოსტა: stratcom@mod.gov.ge; ვებ–გვერდი: mod.gov.ge