კვირის ამბები,კვირის ამბები,მთიანი აჭარა

აჭარული ფოლკლორის შემგროვებლები ქედიდან

03.07.2016 • 4022
აჭარული ფოლკლორის შემგროვებლები ქედიდან

„იაგუნდი“ – ასე ეწოდება ქედის კულტურის ცენტრთან არსებულ გოგონათა ფოლკლორულ ანსამბლს, რომელიც 2007 წელს დაფუძნდა. 8 ივნისს ფონდმა „ქართულმა გალობამ“ ეს ანსამბლი აჭარაში ტრადიციული სიმღერის აღდგენასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საგანგებოდ დააჯილდოვა.
ეკა ბარამიძე

„იდეა ქედის კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ირაკლი სირაბიძეს გაუჩნდა, ერთ დღესაც დამიძახა და მითხრა, თუ გოგონებს შეკრებ, მე ვიცნობ საუკეთესო ეთნომუსიკოსს ქეთევან ნაგერვაძეს, რომელიც ამ საქმეში დაგვეხმარება და გოგონათა ვოკალური ანსამბლი ჩამოვაყალიბოთო,“ – იხსენებს ანსამბლის დღევანდელი ხელმძღვანელი მარინა ჯიჯავაძე, რომელმაც შესაბამისი ხმის მქონე რვა გოგონა თავის გარშემო შეკრიბა და ანსამბლიც ჩამოაყალიბა.

„თავიდან ათნი ვიყავით, ანსამბლის ცხრა წევრი და ჩვენი ხელმძღვანელი ქეთევან ნაგერვაძე. ქეთევანი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ანსამბლი წარმატებული ყოფილიყო, დაუღალავად მუშაობდა სიმღერების აღდგენაზე, მოჰქონდა როგორც ადგილზე სოფლებში არსებული, ასევე მაჭახლის ხეობაში მოპოვებული ჩანაწერები და თვითონ აკეთებდა ჩანაწერებს, სიმღერებს ვამუშავებდით და ყოველკვირეულად ჩვენს რეპერტუარს ახალი სიმღერები ემატებოდა, რაც პერიოდულად სცენაზეც გაგვქონდა. შეიძლება ითქვას, მან თითქმის ამოწურა აჭარული რეპერტუარი, არამარტო აჭარული, არამედ საქართველოს სხვა კუთხის, კახური, იმერული, გურული… ყველა კუთხის ქალთა სიმღერები გვაქვს დამუშავებული,“ – ამბობს მარინა.

ანსამბლს ამჟამად რვა წევრი ჰყავს, დაარსებიდან დღემდე ანსამბლს მარინა ჯიჯავაძესთან ერთად ლელა დუმბაძე, შორენა ჯიჯავაძე, ქეთინო ბარამიძე და ბულბული ბერიძე შემორჩნენ. უახლოეს პერიოდში კი ანსამბლის სხვა წევრები ანჟელა ბერიძემ, თინათინ და ლინდა დევაძეებმა ჩაანაცვლეს.

ანსამბლის ჩამოყალიბებიდან მეხუთე წელს ანსამბლს სახელი შეუცვალეს [თავდაპირველად „ხარატული“ ერქვა] მას შემდეგ, რაც ანსამბლის ერთ-ერთი წევრი, ია ბერიძე მოულოდნელად გარდაიცვალა – გოგონებმა მის პატივსაცემად ანსამბლს „იაგუნდი“ უწოდეს.

„ამ დროისთვის სამი სიმღერის აღდგენასა და დამუშავებაზე ვმუშაობთ. აი, მაგალითად, სიმღერა „თირინს“, რომლის აღდგენაზეც ვმუშაობთ, ასეთი ისტორია აქვს: სოფელ ოქტომბრელი კაცი შრომის პროცესში მღეროდა. ეს სიმღერა გარკვეულ სამუშაოს შესრულებისას სრულდებოდა, გვინდა ეს სიმღერა საკუთარ რეპერტუარში შევიტანოთ, ასევე ვმუშაობთ სიმღერა „მასპინძლურის“ აღდგენაზე“, – გვიყვება ანსამბლის ხელმძღვანელი.

ანსამბლის რეპერტუარში 55-მდე სიმღერაა, აქედან 20-მდე სიმღერა აჭარულია, დანარჩენი კი საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორია. „დილოვ ნანე~, „ნაი ნაი“, „ხერტლის ნადური“, „გელინო“ – ეს ის სიმღერებია, რომლითაც ანსამბლი მსმენელის წინაშე ფოლკლორულ ფესტივალებსა თუ ჩვეულებრივ ღონისძიებებზე გამოდის.

„ხერტლის ნადურის“ სამი ვარიანტი გვაქვს დამუშავებული, აქედან ერთი ვარიანტი ისაა, რასაც ქედის სოფლებში მღეროდნენ, მეორე კი შუახევში სრულდებოდა, ასევე „ნაინას“ ორი ვარიანტი გვაქვს აღდგენილი, „დილოვ ნანე“ – რომელიც ხორუმის გაცეკვებით სრულდება, „გელინო“, „ბაბუჩები“…

ჩვენს რეპერტუარში არსებული სიმღერების ნაწილი 50-60-იან წლებში ნანა ვალიაშვილის ექსპედიციით მოპოვებულ ჩაწერებზე დაყრდნობით აღვადგინეთ. მე სოფელ მერისიდან ვარ წარმოშობით, კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში ამ სიმღერებს როგორ ასრულებდნენ ჩვენი ბაბუები სოფელში, მღეროდა მამაჩემიც. ბავშვი ვიყავი და არც აპარატი გაგვაჩნდა, რომ ის სიმღერები ჩაგვეწერა, სამაგიეროდ სიმღერები ნანამ ჩაწერა და ნინო რაზმაძემ მოგვაწოდა,“ – ამბობს მარინა. მისი თქმით, ძველი ჩანაწერის აღდგენა და რეპერტუარში შეტანა საკმაოდ რთულია, რადგან ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ჩანაწერებში ხმის ჟღერადობა ხშირ შემთხვვეაში რთული აღსადგენია.

ანსამბლი სიმღერასთან ერთად ხალხურ ფოლკლორულ საკრავს იყენებს.

„მე კარგად მახსოვს, როგორ მღეროდა მამაჩემი ბანს… ბევრი რეპეტიციაა საჭირო, ფოლკლორს თავისებური მუშაობა სჭირდება, ხმების ჩანაცვლება რომ შევისწავლოთ, სულ რეპეტიციას გავდივართ. ჩვენი ძირითადი მუსიკალური საკრავი ჩონგური, ჭიპონი და ხალხური დიატონური ფანდურია, ბას-ფანდურსაც ვიყენებთ, თუმცა არა ფოკლორულ ფესტივალებსა და ღონისძიებებში. როცა ფესტივალზე გავდივართ, ვიცავთ ტრადიციული სიმღერის შესრულების მანერას,“ – ამბობს მარინა.

„იაგუნდმა“ ახლახან ქართული ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ორი ტური გადალახა. ფესტივალის მესამე, დასკვნითი ტური 27, 28 და 29 ივლისს თბილისში გაიმართება.

ქვეყნის მასშტაბით ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2006 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.

ფოლკლორული ანსამბლი „იაგუნდი“

ფოლკლორული ანსამბლი „იაგუნდი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: