კვირის ამბები,მთავარი

70 ოჯახის ხარჯზე მერიამ მანქანების უფასო სამრეცხაო გაიკეთა

04.07.2016 • 3296
70 ოჯახის ხარჯზე მერიამ მანქანების უფასო სამრეცხაო გაიკეთა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, მიწის ნაკვეთი, სადაც ავარიული კორპუსი იდგა და სახელმწიფომ დაანგრია, ქალაქის მერიამ 10  წლით კერძო კომპანიას გადასცა. ამით მერიამ იქვე მდებარე სხვა კორპუსთან მისასვლელი გზაც გაასხვისა, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზოში ავტომანქანების გასაჩერებელი ადგილი აღარ დარჩა. მიწის ახალმა მფლობელმა კორპუსის წინ უსახური ღობე გაავლო. დროებით გასხვისებულ ნაკვეთზე ავტოსამრეცხაო მოაწყეს, სადაც მერიისა და საკრებულოს მანქანები უფასოდ გაირეცხება.

„მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის მთავარი მიზანი ის იყო, რომ გამარჯვებულს ავტოსამრეცხაო გაეკეთებინა, რომელიც მერიისა და საკრებულოს ავტომანქანებს უფასოდ მოემსახურება,“ – მხოლოდ ეს გვიპასუხეს ბათუმის მერიაში ზემოაღნიშნული ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დეტალებს, მერიაში გვითხრეს, რომ მივწეროთ და წერილობით გვიპასუხებენ.

„ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ საკუთარი ავტომანქანების გასარეცხად ბათუმის მერიამ 2862 კვ/მ მიწის ნაკვეთი გაასხვისა. დროებით გასხვისებული ტერიტორია, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მოიცავს იმ გზას და ეზოს, რომელსაც ყოფილი ავარიული და მის წინ მდებარე კორპუსის მცხოვრებლები იყენებდნენ.

როგორც ჩანს, მერიამ საკუთრებაში ისე დაირეგისტრირა ეს ნაკვეთი, რომ მის საზღვრებში არათუ საერთო ეზო, არამედ მომიჯნავე კორპუსებთან მისასვლელი გზებიც მოაყოლა. მთელი ეს ტერიტორია კი აუქციონზე გაიტანა და აღნაგობის უფლებით, აუქციონში გამარჯვებულ შპს „ტრივიჟენს“ 10 წლით გადასცა.

კომპანიის ხელმძღვანელის როინ ლამპარაძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ავტოსამრეცხაო მერიისა და საკრებულოს ავტომანქანებს უნდა მოემსახუროს, ვალდებულება აქვთ აუქციონზე დაფიქსირებული მაქსიმალური თანხა – თითქმის 30 ათასი ლარი ყოველწლიურად გადაიხადონ ბათუმის ბიუჯეტში. კომპანიას ვალდებულების პარალელურად, ბუნებრივია, ბიზნესის წარმოების უფლებაც აქვს, ანუ მოემსახუროს ნებისმიერ კლიენტს.

IMG_20160623_143008

მთელი ეს ტერიტორია [იქვე არსებული კორპუსის ეზოს ჩათვლით] მერიამ აუქციონზე პირობებით გაასხვისა

„ავარიული კორპუსის ამხანაგობას თავისი ტერიტორიის საზღვრები არასწორად, შეცდომით ჰქონდა დარეგისტრირებული – ფაქტობრივად, ამ ტერიტორიის საზღვარი, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა, გადის გვერდით მდგარი კორპუსის ძირში. როცა ავიღე ფინანსური და სამრეცხაოს მოწყობის ვალდებულება და დავიწყე მშენებლობა, მაგ კორპუსის მოსახლეობა წინააღმდეგი წავიდა. მე მქონდა ჩემს ტერიტორიაზე მოქმედების უფლება, მაგრამ მოსახლეობამ ხელი შემიშალა. შემდეგ მერიიდან მოვიდნენ, წერილიც მომწერეს, რომ ასეთი მდგომარეობაა და ცვლილება გავაკეთოთო. რეესტრში საზღვრები შეიცვალა და გზა დავუთმეთ“.

რატომ აღმოჩნდა 70-ოჯახიან კორპუსთან მისასვლელი გზა და ეზო ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და რატომ გასცა ის მერიამ კერძო კომპანიაზე? – ამ კითხვაზე ბათუმის მერიისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

რეესტრის ბოლო ამონაწერების მიხედვით, მუნიციპალიტეტის საკუთრებად მიწის ნაკვეთი 2012 წლის აპრილშია დარეგისტრირებული. 2015 წლის სექტემბერში ის აღნაგობის უფლებით, ხოლო მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, იმავე წლის დეკემბერში, სერვიტუტით დაიტვირთა. სერვიტუტის საფუძველზე 553 კვ/მ ფართობს [კორპუსის სადარბაზოებში შესასვლელი ერთადერთი გზით] კორპუსის მოსახლეობა კვლავ ისარგებლებს.

მიუხედავად ამისა, 70-მდე ოჯახს ერთი ავტომანქანის გასაჩერებელი ადგილიც კი არ დარჩა. ავტომანქანებს ისინი ყოფილ საერთო ეზოში აჩერებენ, რომელიც უკვე კომპანია „ტრივიჟენს~ ეკუთვნის.

„ჯერ არ არის ეს ტერიტორია დატვირთული ჩვენ მიერ და მოსახლეობა იყენებს უფასო პარკინგისთვის, ანუ მოსახლეობას ვცემთ პატივს. ეს ჩემი კეთილი ნებაა,“ – აცხადებს როინ ლამპარაძე.

აღნიშნული ტერიტორიაც სავარაუდოდ შემოიღობება. აღნაგობა მიწის მფლობელს აძლევს მასზე ნებისმიერი მშენებლობის წარმოების საშუალებას, რა თქმა უნდა, კანონმდებლობის ფარგლებში. როინ ლამპარაძის თქმით, აქ ვულკანიზაცია და საბურავების მაღაზია უნდა გააკეთოს.

„მანქანა კი მოსახლეობას შეუძლია ქუჩაში გააჩეროს, მერიას მაგისთვის გამოყოფილი აქვს ადგილები – ამბობს როინ ლამპარაძე – მე შემიძლია ესეც შემოვღობო, რაღაც ეტაპზე მაგას გავაკეთებ“.

მოსახლეობა თუ დარჩენილი ტერიტორიის შემოღობვის წინააღმდეგ წავა, როინ ლამპარაძე პოლიციის ჩარევასაც არ გამორიცხავს და იქვე ამბობს, რომ „ბიზნესის ხელშეწყობა უნდა იყოს მთავარი ამოსავალი წერტილი, საზოგადოების ინტერესების დაცვით“.

„იდგა კორპუსი, რომელსაც თავისი მცხოვრებლები ჰყავდა, თავისი მანქანები და პრობლემა არ იყო… მესმის, რაც უფრო დიდი იქნება ეზო, უკეთესია, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს და ეს საზღვარი დადგენილია საჯარო რეესტრში. ავარიული იყო ის შენობა და მერიამ სერიოზული ხარჯები გასწია – საბინაო ფონდიდან ბინები გავეცით და ა.შ. ახლა აქეთ შემოგვედავოს ვინმე ჩვენც გვასარგებლეო, არაა სწორი, თუმცა ნაწილობრივ ესეც დაკმაყოფილდა – ნაწილი ჩვენი საკუთრებისა სერვიტუტით დავტვირთეთ,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსმა, გოგა ლომაძემ.

ის, თუ რატომ გახდა სერვიტუტით დატვირთვა აუცილებელი და თავიდანვე რატომ გაიტანეს აუქციონზე მიწის ნაკვეთი ასეთი საზღვრებით – ამ კითხვაზე მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

„ყველა კორპუსს მერია უდგენს საზღვრებს. მათ შორის მაგ კორპუსებს…  დადგენილი იყო თავიდანვე, ჩვენ არავის საკუთრებაში არ შევჭრილვართ, ახლა ორბელიანის ქუჩამდე ეზოს გაფართოვების სურვილი აქვს შეიძლება მოსახლეობას, მაგრამ ყველაფერს აქვს გონივრული ჩარჩოები“.

ქ. ბათუმში, ლერმონტოვის ქ. N107-ის მიმდებარედ 2862 კვ/მ. მიწის ნაკვეთის აღნაგობის უფლებით, სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაზე აუქციონი ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის 2015 წლის აგვისტოს შესაბამისი ბრძანებით გამოცხადდა. წლიური სარგებლობის საწყის საფასურად კი 14 500 ლარი განისაზღვრა.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა უნდა მოაწყოს ავტოსამრეცხაო, „თავისუფალ მიწის ნაკვეთის ნაწილზე კი, სურვილის შემთხვევაში, დამატებით განათავსოს ავტოსალონის ქიმწმენდის/საბურავების მონტაჟის ობიექტები, ბარი ან/და სხვა მოსასვენებელი ადგილი, რომლის ესკიზური ვარიანტი წინასწარ უნდა შეთანხმდეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან“.

გამარჯვებულმა ასევე უნდა უზრუნველყოს კალენდარული წლის განმავლობაში მერიის ბალანსზე რიცხული პიკაპისა და ჯიპის ტიპის ავტომანქანების უსასყიდლო  რეცხვა – არაუმეტეს 100 ერთეული და სედანის ტიპის ავტომანქანების რეცხვა არაუმეტეს – 1000 ერთეული წელიწადში, ხოლო ბათუმის საკრებულოს ბალანსზე რიცხული სედანის ტიპის მანქანების რეცხვა – არაუმეტეს 760 ერთეული წელიწადში.

როინ ლამპარაძის თქმით, სამრეცხაო გაკეთებულია, ამჯერად აკეთებენ მოსასვენებელს, რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მანქანებს, მათი მომსახურება ერთ კვირაში, პირველი ივლისიდან დაიწყება.

IMG_20160623_140928ავტოსამრეცხაო, კორპუსის მხრიდან უსახური თუნუქის ღობითაა შემოსაზღვრული. „იქედან ხან ქვებს ურტყამენ, ხან ფეხს და ხან მანქანას აჩერებენ უშნოდ და აფუჭებენ კედელს. ძვირადღირებული აპარატურა გვიდევს და ეს ღობე იქნება ჯერ, რომ არ დაგვიზიანონ ქონება. ახლა მაქ დაცვას ვერ დავაყენებ ფიზიკურად. რაც აქ კეთდება ყველაფერი კანონის დაცვით და მერიის შესაბამისი სამსახურების ნებართვით კეთდება. ზედამხედველობაც იყო მოსული და დეტალურად ამოწმებდა პროექტს,“ – აცხადებს როინ ლამპარაძე.

თუკი ქალაქში სამრეცხაოებზე არსებულ ფასებს გავითვალისწინებთ, მერიას და საკრებულოს ავტომანქანების რეცხვაში მაქსიმუმ 13 320 ლარი დაეზოგება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: