ბატონი ავთანდილის ოთხი წელიწადი

„კინო ქართველების მოგონილია,“ – თქვა ავთანდილ ბერიძემ 2013-ში საავტორო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალზე. შეიძლება ეს ფრაზა არა, მაგრამ არასდროს დაგავიწყდებათ კადრი კინოფესტივალის ცერემონიალის დაწყებამდე, „ბათუმელების“ ჟურნალისტმა, მანანა ქველიაშვილმა რომ გადაიღო – ბატონ ავთანდილს წვიმაში ქოლგით მოაცილებენ… ავთანდილ ბერიძე მეოთხე წელია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა და ისევ აქვს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის სურვილი.

„როგორ გითხრათ, ცოცხალი ადამიანია ძალიან და ამიტომ უნდა დარჩეს პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ სიძნელეებში იმყოფება უმაღლესი საბჭო ყოველთვის, ბატონი ავთანდილი ყველაფერს ახერხებს, კარგად მიჰყავს სხდომები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი ჯაში, ფრაქციის – „ქართული ოცნება-აჭარა“ თავმჯდომარე. მან ვერ დაგვისახელა „კარგად ჩატარებული სხდომების“ კონკრეტული შედეგი: „მასე ზეპირად არ ვიცი. გადავხედო უნდა მაშინ.“

მიუხედავად იმისა, რომ გარედან უმაღლესი საბჭო ხშირად ფასდებოდა როგორც „მკვდარი“ ან „კომფორტზე ორიენტირებული“ სახელმწიფო ორგანო, ავთანდილ ბერიძის თანაგუნდელები „ცოცხალზე“ აკეთებენ აქცენტს.

„ამ ოთხ წელიწადში ყველამ დაინახა, როგორი ცოცხალი და ფუნქციური ორგანოა უმაღლესი საბჭო. აქამდე საბჭოს არსებობის შესახებ არც კი იცოდნენ“, – ამბობს ალექსანდრე ჩიტიშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

„ბათუმელებს“ არ უცდია დაკავშირება თავად ავთანდილ ბერიძესთან, რადგან ის გასული ოთხი წლის განმავლობაში არიდებდა თავს ჟურნალისტებთან კომუნიკაციას.

რისთვის იყო სასარგებლო, როცა მაცივრიანი ჯიპი, ქოლგა ან სასაფლაოებზე სიარული იუმორისტული შოუების თემად იქცა? – კითხვაზე ავთანდილ ბერიძის თანაგუნდელმა ალექსანდრე ჩიტიშვილმა ასე გვიპასუხა: „თუ დააკვირდებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მას ასეთი შეცდომები აღარ დაუშვია. საზოგადოებრივმა აზრმა იქონია გავლენა. ესეც ხომ გასათვალისწინებელია?“

„ბოლო დროს ჟურნალისტებს არც კი ახსოვთ ავთანდილ ბერიძე. როცა მნიშვნელოვან მოვლენებზე ჟურნალისტებს აღარ უჩნდებათ სურვილი ჩაწერონ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კომენტარი, ეს აჩვენებს, რომ მის მიმართ დაკარგულია ნდობა. ყველამ ნათლად დაინახა, რომ უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ეფექტურობა არის ნული და ამაზე პასუხისმგებლობა უწყების თავმჯდომარესაც ეკისრება“, – ფიქრობს ასლან ჭანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი. ის კონკრეტულ შემთხვევას იხსენებს, როცა აჭარის მაღალმთიანეთში მშენებარე ჰესებით ავთანდილ ბერიძე აქტიურად იყო დაინტერესებული, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა: „შემდეგ მისი რეაქციები იყო ან გაუგებარი, ან საერთოდ არაფერს ამბობდა. ახლა რომც გამოჩნდეს იმ ხეობაში და დაიწყოს პრობლემაზე საუბარი, აღარავინ მოუსმენს“.

„მას შემდეგ, რაც უმრავლესობა დაიშალა, ის კიდევ უფრო ჩაიკეტა. ამან, როგორც ჩანს, ძალიან იმოქმედა მასზე. ეს იყო ალბათ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ის ბოლო ორი წლის განმავლობაში აღარ ჩანდა“, – ასე ხსნის ავთანდილ ბერიძის „პოპულარობის“ კლებას მისი ყოფილი თანაგუნდელი, ფრაქციის – „თავისუფალი დემოკრატები“ ხელმძღვანელი, სულხან ღლონტი. მისი აზრით, ავთანდილ ბერიძე ვერ შედგა როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ის, ძირითადად, ანგარიშვალებული იყო საკუთარ პარტიასთან და არა საზოგადოებასთან: „ის უფრო „ქართული ოცნების~ თავმჯდომარე იყო და არა – მთლიანად უმაღლესი საბჭოს“.

ჩაკეტილობას საყვედურობს ავთანდილ ბერიძეს ეკა თარგამაძეც, დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“: „ვერ ვიხსენებ ვერც ერთ კრიზისულ მომენტს და ასეთი არაერთი იყო უმაღლეს საბჭოში, როცა ავთანდილ ბერიძემ მინიმუმ სცადა ოპოზიციასთან დალაპარაკება. ნაცვლად იმისა, რომ ის უნდა იყოს მოვლენების ეპიცენტრში, გარბის. აშკარად ვერ გაათვიცნობიერა, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეა. ის ჩაკეტილი იყო მედიისთვისაც. გახსოვთ, მას თავდაპირველად ყოველკვირეულად ბრიფინგი ჰქონდა ჟურნალისტებისთვის, რომელმაც ასევე კარიკატურული ხასიათი მიიღო და რომელმაც, სამწუხაროდ, უმაღლესი საბჭოს იმიჯი მნიშვნელოვნად დააზარალა. მას არ მიუღია მონაწილეობა არც ერთხელ საჯარო დებატებში, სადაც ეყოლებოდა მოპასუხე, ან დაისმებოდა კრიტიკული კითხვები. მხოლოდ იქ მიდიოდა, თუ პერსონალურად მას მიუძღვნიდნენ გადაცემას და მონოლოგის რეჟიმში ისაუბრებდა.“

ერთ-ერთი ბრიფინგის დროს, ავთანდილ ბერიძემ კატეგორიულად მოითხოვა ჟურნალისტებისგან მისთვის მიემართათ, როგორც „ბატონი ავთანდილი“ და არამც და არამც – „ბატონი ავთო“. სამაგიეროდ, მისმა პრესსამსახურმა ნება დართო ნებისმიერს, ავთანდილ ბერიძისთვის ეწოდებიათ VIP [ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა] ეს მას შემდეგ მოხდა, როცა მისი სამსახურებრივი ავტომანქანა ბულვარში, მოძრაობისთვის აკრძალულ ადგილზე გამოჩნდა.

რაზე იყო ორიენტირებული უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე? – კითხვაზე ირაკლი ჯაშმა „ქართული ოცნებიდან“ გვითხრა, სამშობლოზე: „ერთგულია ქვეყნის, წინსვლა აინტერესებს ჩვენი კუთხის“. დაახლოებით იგივე პათოსი ჰქონდა ალეკო ჩიტიშვილსაც და როცა კონკრეტული, გაკეთებული საქმის გახსენება ვთხოვეთ, გვითხრა: „მოსახლეობას ზოგჯერ სხვანაირი წარმოდგენა აქვს უმაღლეს საბჭოზე და მინდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვერ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენი მოვალეობაა, ჩვენი კანონები მოვიყვანოთ შესაბამისობაში საქართველოს კანონებთან. მთავარი ამოცანაა ბიუჯეტის მიღება და ვისაც არ უნდა უნდოდეს ამის დანახვა – ბიუჯეტი გაორმაგებულია“.

ასლან ჭანიძე სამოქალაქო სექტორიდან დეპუტატებს ახსენებს, რომ მათი მთავარი იარაღი პოლიტიკური ტრიბუნაა, რომელიც არ გამოუყენებიათ: „პოლიტიკის კეთების ნაცვლად ამ გუნდმა ავთანდილ ბერიძის მეთაურობით აჩვენა, რომ ორიენტირებული იყო ძალაუფლების მოხვეჭასა და მის შენარჩუნებაზე. ავთანდილ ბერიძის ძალაუფლება „ქართული ოცნების~ წევრებზეც არ ვრცელდებოდა სრულად. გასაგებია, რომ შეიძლება იგივე ავთანდილ ბერიძეს ჰქონდა პროფესიონალიზმის პრობლემა, მაგრამ მეორეა, რამდენად იზრდები და ითვალისწინებ შენიშვნებს, საზოგადოების ხმას. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობამ უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში მალევე მიიღო ფორმალური ხასიათი“.

„მისი ქმედებებიდან გამომდინარე, სავარძელზე იყო ორიენტირებული. თავიდან მურმან დუმბაძესთან იყო ასოცირებული, მაგრამ მასაც გაემიჯნა, ოღონდაც თანამდებობა შეენარჩუნებინა“, – ამბობს ეკა თარგამაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~. დეპუტატი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებას იხსენებს, რომელიც სასამართლომდე მივიდა. აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი კი, ეკა თარგამაძის აზრით, ავთანდილ ბერიძემ ვერც ერთხელ გაბედა: „მე არ მახსენდება მისი კრიტიკული მოსაზრება თუნდაც მთავრობის რომელიმე წევრის საქმიანობაზე, ან ბიუჯეტის შესრულებაზე“.

ოპოზიციონერი სულხან ღლონტი თავმჯდომარის დადებით მხარეზეც – შრომისმოყვარეობაზე ამახვილებს ყურადღებას: „ავთანდილ ბერიძე ყველაზე დიდ დროს ატარებდა სამსახურში და ძალიან პუნქტუალური იყო. ამ კუთხით ყველაზე მაღალი მოსწრება ჰქონდა~.
რა შედეგი მისცა უმაღლეს საბჭოს ამ პუნქტუალობამ? „არ მახსენდება“ – გვიპასუხა დეპუტატმა: „არ ვთვლი ამ თემას ასე მნიშვნელოვნად, რომ ამაზე ვიფიქრო და სერიოზული პასუხები გაგცეთ. ფაქტია, რომ გასული ოთხი წელი ყველაზე მარტივი ეპიზოდი იყო და ეს ყველაფერი მომავალ საბჭოს გამოადგება გამოცდილებად“.

სულხან ღლონტი არ იყო ერთადერთი, ვისაც ავთანდილ ბერიძეზე საუბარი საინტერესოდ არ მოეჩვენა. „აღარ მინდა. თქვით, რომ ინტერვიუ არ მოგეცით“, – გვითხრა, მაგალითად, რესპუბლიკელმა გიორგი მასალკინმა. მან კომენტარი გადაიფიქრა კითხვის -„რომელი ფრაზა დაგამახსოვრდათ ავთანდილ ბერიძის პოლიტიკური შემოქმედებიდან?“ – დასმის შემდეგ.

ვინც დაგვთანხმდა, მათი განწყობაც ასეთი იყო – საუბარი „ქოლგიან კაცზე“? ეგ ხომ უკვე ნანახი კინოა?

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე.

„გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, 250 და 300 ცხენის ძალის მქონე ოთხი კატერი და ერთი ბუქსირი, რომელიც სამბალიან შტორმში გადის, მას ოდნავი რემონტი ჩაუტარდა, რამაც, ფაქტობრივად, თავისი ძველი სიჩქარე დაუბრუნა და ძალიან კარგ ფორმაშია,“ – ამბობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე.

უკვე მეორე წელია სამაშველოს სკუტერები და კატერები გამოძახებებზე იახტკლუბიდან აღარ გადიან, ნაცვლად ამისა, სწრაფმავალი მცურავი საშუალებები მონაკვეთების მიხედვით არიან ზღვაში განლაგებული. ეს, მაშველების თქმით, უფრო ოპერატიულად მუშაობის საშუალებას იძლევა. „ერთი მცურავი საშუალება გონიოშია მოთავსებული – იგი აკონტროლებს გონიოსა და კვარიათს. ახალ ბულვარში ცალკე მცურავი საშუალება გვაქვს, რომელიც ნაპირიდან სამ მეტრში, სპეციალურ სამაგრზე იქნება მიმაგრებული, იქედან გავა და გააკონტროლებს ახალ ბულვარს, ცალკე მცურავი საშუალება ექნება ძველ ბულვარსა და ბენზე-ბარცხანას, ქობულეთს კი ორი სკუტერი გააკონტროლებს,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო

სარფიდან ჩოლოქის ჩათვლით განთავსებულ საგუშაგო კოშკებში, რომლებიც ერთმანეთისგან 170-200 მეტრის დაშორებით არის განთავსებული, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ორი მაშველი მორიგეობს. როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, ადამიანი, რომელიც იხრჩობა, აგრესიულია და შეიძლება მაშველიც დაძიროს, ამიტომ, როგორც წესი, მის გადასარჩენად ერთი ადამიანი არასდროს შედის.

მაშველებს სამუშაო საათებში ეკრძალებათ ყურადღების მოდუნება კითხვით, გასართობი თამაშებითა თუ სხვა საქმიანობით.
საზღვაო მიმართულების მაშველები წელსაც კონკურსის წესით შეარჩიეს. კონკურსის პირველი ეტაპი კონკურსანტების ისტორიის შესწავლა იყო. „როცა პოლიციის სისტემაში მოდის ადამიანი, მას საფუძვლიანად სწავლობენ, არ უნდა იყოს ნასამართლევი, არ უნდა ჰქონდეს საპროცესო, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი ადმინისტრაციული ჯარიმები და ა.შ.“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

კონკურსის მომდევნო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კანდიდატების ფიზიკური შემოწმებაა. ნორმატივები, რომელთა ჩაბარებაც მაშველებს მოუხდათ – 100 მეტრის მაქსიმუმ 3 წუთში გაცურვას გულისხმობდა. „ეტაპობრივად გავატარეთ შემოწმებაზე 135 ადამიანი, ჯერ პირველი ოცეული გავატარეთ, მათ, ვისაც ამ ოცეულში წუთები არ ეყო (გადაამეტეს სამი ან ხუთი წამი), მივეცით საშუალება მომზადებულიყვნენ და მეორე ოცეულთან მოსულიყვნენ, ანუ შანსი ყველას მივეცით,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მაშველის სტატუსის მოპოვებამდე მათ გაიარეს პირველადი დახმარების კურსი და ტრენინგი სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში.
როგორც სამაშველო სამსახურში გვითხრეს, 135 მაშველთაგან დაახლოებით 100 აჭარის სამაშველო სამსახურში უკვე სამი-ოთხი წელია სეზონურად მუშაობს. საზღვაო მიმართულების მაშველის სამსახურში ასაკი შეზღუდული არ არის. „მათ შორის არიან 50 წლის ადამიანებიც, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან და მათზე ახალგაზრდებზე უკეთ ცურავენ. 60 წლის კაცი ჩვენთან არ მოვა სამუშაოდ და 50 წლამდე არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის მიმართულების მაშველის სამსახურზე გენდერული შეზღუდვა არ არის, წელსაც ყველა მაშველი კაცია. როგორც მამუკა თურმანიძე ამბობს, ამ სამუშაოზე ქალებს განაცხადები არ შეუტანიათ. „დღეს მოთხოვნაც არ არის ქალების მხრიდან ამ პროფესიაზე, ისეთი მომზადებული ქალი ჩვენ არ გვყავს, რომ მაშველებად ვამუშაოთ. როცა ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე, რეკლამაზე ვერ იმუშავებ“, – ამბობს მამუკა თურმანიძე. მისივე თქმით, შეზღუდვა ქალ მაშველებზე არსად არის გაწერილი და თუ ქალი კანდიდატი დააკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს და ექნება შესაბამისი სპორტული მონაცემები, ის შეძლებს მაშველად მუშაობას.

მოქალაქისთვის მზის დაკვრის შემთხვევაში ჰაერის უკმარისობისას, ღია ჭრილობაზე და სხვა, შედარებით უფრო მსუბუქ დაზიანებებზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მაშველებსაც შეუძლიათ. მაგრამ მძიმე ტრავმებსა და გართულებებზე დამსვენებლებისთვის დახმარების აღმოჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პრეროგატივაა.

„ბათუმის სანაპიროზე შვიდი ივნისიდან მუდმივად მორიგეობს ერთი ბრიგადა [ექიმი, ექთანი და მძღოლი]“ – ამბობს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, როცა ბრიგადა გამოძახებაზეა გასული, დამსვენებლებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს ექთანი, რომელიც შაუმიანის ქუჩის დასაწყისში [პლაჟთან] განთავსებულ ბეტონის სამაშველო-სახანძრო კოშკურაში იქნება მუდმივად მობილიზებული.

ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო
ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო

ბადრი პაქსაძისავე განმარტებით, გონიო-სარფის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, ივლისიდან დაემატება კიდევ ერთი ბრიგადა. „ახლა არ არის დიდი დატვირთვა და ეს ერთი ბრიგადა ემსახურება სანაპიროს,“ – ამბობს ის.

როგორც სამაშველო სამსახურში ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, სანაპიროზე შესაძლოა მაშველების რაოდენობაც გაიზარდოს. „მაგალითად, ციხისძირში გაიხსნა ახალი დიდი სასტუმრო კომპლექსი, რაც სეზონზე დამსვენებელთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს და ამიტომ ციხისძირში რამდენიმე მაშველი დავამატეთ,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მაშველები ამინდის ცვლასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს რაციის მეშვეობით იღებენ, თუ რაციით კავშირი გაწყდა – კორპორაციული ტელეფონებით. აქედან გამომდინარე იცვლება ალმებიც საგუშაგოზე: წითელი ალამი ნიშნავს, რომ წყალში შესვლა სარისკოა, თეთრი ალამი კი მიანიშნებს, რომ ბანაობა დაშვებულია.

ზღვაში ბანაობასთან დაკავშირებით, სამაშველო სამსახურის მთავარი რეკომენდაცია უცვლელია – დაუშვებელია ზღვაში შესვლა არაფხიზელ მდგომარეობაში.

უსკო – მორიგ კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის თანამდებობების დასაკავებლად 9 ივნისს გამოცხადებულ ღია კონკურსზე კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა.

კომისიის თავმჯდომარის თანამდებობის კანდიდატად კონკურსში სულ შვიდი პირი დარეგისტრირდა. მათ შორისაა აჭარის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პაატა ჯალაღონია.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კონკურსში მონაწილე კანდიდატთა სია:

1. ბერიძე მურად;
2. დავითაძე ოთარ;
3. დიასამიძე ნერიმან;
4. იაკობაძე ზებურ;
5. მამულაძე ვლადიმერ;
6. ფარტენაძე დავით;
7. ჯალაღონია პარმენ.

ოცი პირი დარეგისტრირდა, უსკოს წევრის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილე კანდიდატად.

კონკურსზე რეგისტრაციის დამთავრებიდან  არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში კომისია უსკოს თავმჯდომარეობის  ორ კანდიდატს და წევრობის სამ კანდიდატს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არჩილ ხაბაძეს წარუდგენს,  ხოლო არჩილ ხაბაძე, წარდგენილი კანდიდატებიდან უსკოს თავმჯდომარეობის ერთ კანდიდატს და  წევრობის ორ კანდიდატს დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს წარუდგენს.

 

ბათუმში, რაგბის მოედანზე, მწვანე საფარს აგებენ [ფოტო]

ბათუმის მშენებარე სარაგბო სტადიონის მთავარ მოედანზე ბუნებრივ მწვანე საფარს აგებენ. უკვე დასრულებულია ხელოვნური საფარის დაგება ერთ-ერთ მოედანზე. მესამე, შედარებით პატარა მოედანი კი ქვიშისსაფარიანი იქნება.

ბათუმის სარაგბო სტადიონი, რომელიც ბათუმის მერიისა და „ქართუს“ დაფინანსებით შენდება, 2016 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

ერთ-ერთ მოედანზე ხელოვნური საფარი ფაქტობრივად დაგებულია
ერთ-ერთ მოედანზე ხელოვნური საფარი, ფაქტობრივად, დაგებულია
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016
ბუნებრივი საფარის დაგება რაგბის ცენტრალურ მოედანზე / ბათუმი, 23.06.2016

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ბათუმში აქციის დაშლას გამოეხმაურა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 22 ივნისს, აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, „დაუყოვლებლივ დაიწყოს შიდაუწყებრივი მოკვლევა სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო კანონსაწინააღდეგო ქმედებასთან დაკავშირებით და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, აჭარაში პოლიციამ მიწის მესაკუთრეებს საპროტესტო აქციის გამართვის საშუალება არ მისცა.

გონიოელები წლებია მიწების დაბრუნებას ითხოვენ. სადავო მიწები გონიოში 271 ოჯახს ექსპრეზდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადასცა. 2010 წელს ეს მიწები გონიოელებს ჩამოართვეს. ხელისუფლებაში მოსვლადე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირება სწორედ გონიოს მიწების დაბრუნება იყო.

ამავე თემაზე იხილეთ:

გონიოელები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან 

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლეიბები წაართვა 

მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

საია: პირველადი მონაცემებით საპროტესტო აქცია უკანონოდ დაშალეს

 ირაკლი ჭეიშვილი: “დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად”

„ხოფის ბაზრობა“ – ვაჭრობა სანთლის შუქზე [ფოტო]

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩის ერთ ნაწილს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, მესამე დღეა შუქი სამუშაო საათებში ფაქტობრივად არ მიეწოდება.

ამავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში კი მოვაჭრეების ნაწილი სანთლის შუქზე მუშაობს, ნაწილს კი გაზის ლამპები უნთია. აღმაშენებლის ქუჩის ამ ნაწილში სავაჭრო ობიექტების მფლობელები გენერატორებსაც ამუშავებენ.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და აღმაშენებლის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება დღეს, 23 ივნისის საღამოს 6 საათის შემდეგ აღდგება.

IMG_20160623_151509IMG_20160623_151501IMG_20160623_151550IMG_20160623_151407IMG_20160623_151421IMG_20160623_152706

რაში იყენებს მერია 215 ვიდეოთვალს ბათუმის ქუჩებში

რაში იყენებს ბათუმის მერია ვიდეო სათვალთვალო კამერებს, რაშიც ქალაქის ბიუჯეტიდან 2014 წელს ზუსტად ერთი მილიონი ლარი დაიხარჯა? – შეკითხვაზე პასუხი მერიაში არ აქვთ, არც – საკრებულოში, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს. „ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებს,“ – აღნიშნულია წერილში, რომელიც გიორგი ერმაკოვის ხელწერით „ბათუმელებმა“ ადმინისტრაციული საჩივრის შეტანის შემდეგ მიიღო.

ვიდეო სათვალთვალო კამერები ბათუმის მუნიციპალიტეტმა ძირითადად იმ მიზნით შეიძინა, რომ მუნიციპალური ქონება დაიცვას. კამერები უკვე დამონტაჟებულია, თუმცა მერია არ ასაჯაროვებს ინფორმაციას – რის დაცვა მოხერხდა, რამდენი დანაშაული გაიხსნა, ვის აქვს წვდომა ამ მონაცემზე, როგორ მუშავდება ჩანაწერები, დაცულია თუ არა მისი უსაფრთხოება და ასე შემდეგ. ინფორმაცია ამ თემაზე ვერც საკრებულოს წევრებს აქვთ.

„რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე ამ საკითხზე მერს“, – გვიყვება საკრებულოს წევრი „რესპუბლიკური პარტიიდან“ ირაკლი ჩავლეიშვილი: „ტერნოპოლში თავად მაქვს ნანახი, როგორ იყენებენ ვიდეოთვალს და რადმენად იოლია მართვის გაუმჯობესება ამ გზით. ტერნოპოლში ვიდეოთვალით კონტროლდება ქალაქის დასუფთავება, კომუნალური სერვისები. თავის დროზე ჩვენ სწორედ ამ მიზნით შევისყიდეთ ეს კამერები“.

შესყიდვამდე რატომ არ იყო გათვლილი, რა ფორმით და კონკრეტულად რა მიზნით გამოიყენებდა მერია ვიდეოკამერებს? – საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი ჩავლეიშვილს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს: „ეს შეკითხვები მერიის წარმომადგენლებს უნდა დაუსვათ. არ ვიცი, რატომ ვერ ახერხებს მერია ამ კამერების გამოყენებას“.

მან საუბრის დროს გვითხრა ისიც, რომ ძვირადღირებული კამერების ნაწილი არც მუშაობს: „რამდენიმე დღის წინ ბათუმის საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით იყო შეხვედრა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ. ვიცით, რომ მერიის კამერებს საჭიროების შემთხვევაში პატრულიც იყენებს, როცა ავარია ხდება, მაგალითად. პატრულის წარმომადგენელმა იმ შეხვედრაზე თქვა, რომ კამერების ნაწილი აღარ მუშაობს. რატომ – არ ვიცი“.

„თუკი ამ კამერებს იყენებს მხოლოდ პოლიცია, მომხრე ვარ, გადავცეთ იგი პოლიციას“, – მოითხოვს საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე, კობა ჩხეიძე. მისთვის გაუგებარია, რისთვის დაიხარჯა რესურსი – მილიონი ლარი. 2015 წელს საკრებულოს კამერების მუშაობის ხარჯისთვის დამატებით კიდევ დაახლოებით 200 ათასი ლარი გამოუყვია. „ჩვენ გასული წლის 3 აპრილში მივმართეთ მერიას, რომ გაგვეგო, ვის აქვს წვდომა ვიდეოკამერიდან მიღებულ ინფორმაციაზე. მივიღეთ პასუხი, რომ 6 აპრილს გიორგი ერმაკოვის ბრძანებით მერიის აპარატის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილების უფროსს, გიორგი ყენიას მიენიჭა ამ ინფორმაციაზე წვდომის და დაშვების უფლებამოსილება. გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთი ადამიანი 215 კამერის მონაცემს ამუშავებდეს, თან ის განყოფილების უფროსია და თავისი საქმე აქვს“, – განმარტავს კობა ჩხეიძე.

ვიდეოკამერა ბათუმის ქუჩებში. ჯაბა ანანიძის ფოტო
ვიდეოკამერა ბათუმის ქუჩებში. ჯაბა ანანიძის ფოტო

„აღნიშნული ვიდეოკამერების ფუნქციონირება ხდება ბათუმის მერიის შესაბამისი დანაყოფის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით“, – ასე უპასუხა გიორგი ერმაკოვმა ჩვენს წერილობით კითხვას – როგორ რეგულირდება ვიდეოკამერების მუშაობა?
„ეს უნდა იყოს გაწერილი შიდა უწყებრივ დოკუმენტში. თითოეული ორგანიზაცია ვალდებულია, მიიღოს როგორც ორგანიზაციული, ისე ტექნიკური ზომები უსაფრთხოების დაცვისთვის. თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება მიიღოს პასუხი კითხვებზე: შესაძლებელია თუ არა ამ ჩანაწერების პირადი მიზნებისთვის გადაწერა, აძლევენ თუ არა ამ ჩანაწერებს მესამე პირს და რა საფუძვლით აძლევენ, რა ვადით ინახება ჩანაწერები. მხოლოდ ის, რომ მერია მუნიციპალური ქონების დაცვას ცდილობს და აქვს ლეგიტიმური მიზანი, არ არის საკმარისი“, – განმარტავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, ოთარ ჩახუნაშვილი.

საკრებულოს წევრი კობა ჩხეიძე არ გამორიცხავს რისკს, რომ კამერებს შესაძლოა უკანონო თვალთვალისთვის იყენებდნენ. ამის პირობას რეგულაციის არარსებობაში ხედავს: „ვვარაუდობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს ეს კამერები, რომ ადამიანს ან ავტომობილს გასდიოს, უთვალთვალოს ქუჩის დასაწყისიდან – ბოლომდე“.

„ეს უფრო შეთქმულების თეორიას ჰგავს“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი და რეგულაციის გარეშე დარჩენილი 215 კამერიდან უკანონო თვალთვალის საფრთხეს ვერ ხედავს: „თუ ვინმეს უკანონო თვალთვალი უნდა, ამას ისედაც მოახერხებს, იმდენი საშუალებაა ამისთვის. როცა ადამიანი ქუჩაში გადაადგილდება და კამერაში ფიქსირდება, ეს რატომ წარმოადგენს საშიშროებას, არ მესმის“.

ვიდეოკამერა ბათუმის ქუჩებში. ჯაბა ანანიძის ფოტო
ვიდეოკამერა ბათუმის ქუჩებში. ჯაბა ანანიძის ფოტო

ბათუმის მუნიციპალიტეტს ზუსტად მილიონ ლარად 215 ვიდეოკამერა 2014 წლის 20 ოქტომბერს მიაწოდა კომპანია „დელტა კომმა“. თითოეულ ვიდეოკამერაში მერიამ 1306,77 ლარი გადაიხადა. ამას დაემატა შესაბამისი აღჭურვილობა, მათ შორის, კომპიუტერული ტექნიკა.

ბათუმის მერიამ გასულ წელს ვიდეო სათვალთვალო კამერებთან საცნობარო ნიშნები განათავსა, თუმცა თავად მერიის შენობაზე, გორგილაძის ქუჩის მხრიდან, მიმაგრებულია ვიდეოთვალი, რომელსაც არ ახლავს კანონმდებლობით განსაზღვრული ნიშანი: „ვიდეოკონტროლი“.

სისტემა, რომელიც აფერხებს ქალაქს

კორპუსები ეზოების, 80-100-ბინიანი სახლები პარკინგისა და გამწვანების გარეშე – ეს არის ტენდენცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დანერგა და მოქმედმა ზედმიწევნით აითვისა. მოიმატა ავტომანქანების რაოდენობამაც და ასე თანდათან ბათუმი იქცა „საცობების“ ქალაქად. მალე, როდესაც ახალაშენებულ თუ მშენებარე ბინებში ადამიანები დასახლდებიან, კიდევ უფრო შეუძლებელი გახდება გადაადგილება. ინფორმაცია, რომ მსგავსი ნებართვების გაცემა დაკავშირებულია მენაშენეებსა და აჭარისა თუ ბათუმის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებებთან, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მსჯელობის საგანია – ამის მტკიცებულება, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #17-ში, ერთი პატარა, ორსართულიანი სახლის ადგილზე 6-სართულიანი კორპუსი შენდება. ეს კორპუსი ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობიდან ორ კვარტალში, „გაზეთ ბათუმელების“ რედაქციის შენობის გვერდით მდებარეობს. სახლს, რომლის ეზოს მხარეს ერთი კვადრატული მეტრი შავი კარკასი 800 ამერიკული დოლარი ღირს, ხოლო ქუჩის მხარეს – 1000 დოლარი, არც ავტომანქანებისთვის განკუთვნილი პარკინგი აქვს და არც ეზო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მობინადრეს ავტომანქანა გაეჩერებინა.

15-სართულიან სახლს, რომელიც, მაგალითად, ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში შენდება და რომელშიც სავარაუდოდ 80-100 ბინა მაინც იქნება, ავტომანქანების გასაჩერებლად მხოლოდ 11 ადგილი აქვს გამოყოფილი;

გორგილაძის ქუჩის 28 ნომერში აშენებული თუ მშენებარე სამი კორპუსიდან [5-5-7-სართულიანი კორპუსებია], არც ერთში არ არის გათვალისწინებული ადგილი ავტომანქანების გასაჩერებლად. ამ სახლებს ისეთი ერთი საერთო შესასვლელი და ეზო აქვს, ორი ან სამი მეზობელი ძლივს რომ აუქცევს გვერდს. ეს მშენებლობაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან 3 კვარტალში მდებარეობს.
მელიქიშვილის ქუჩაზე, #43-ში თავდაპირველად აშენებულ უზარმაზარ კორპუსს მართალია აქვს საკუთარი პარკინგი კორპუსის სივრცეში, მაგრამ იმავე მისამართზე არანაკლებ დიდი ზომის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჯერ კიდევ სამშენებლო ღობე აქვს შემოვლებული [სხვათა შორის, ქუჩის ამ მონაკვეთზე ტროტუარი წლებია გადაკეტილია და ფეხითმოსიარულეებს მანქანების ნაკადში უწევთ მოძრაობა – ავტ] ასევე პარკინგის გარეშეა.

ეს ის მისამართებია, რომლებიც „გაზეთმა ბათუმელებმა“ გასულ კვირას იმ ნიშნით შეარჩია და გადაამოწმა, რომ ყველა მათგანი ბათუმის მერიასთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, ქალაქის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, სავარაუდოდ, ყოველ დღეს თუ არა კვირაში ერთხელ მაინც უნდა ხედავდეს ამ მშენებლობებს, რომლებიც, ფაქტობრივად, პარკინგის გარეშე, ანუ სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.

რას აკეთებს ასეთ სიტუაციაში ბათუმის მერიის ზედამხედველი ორგანო – ბათუმის საკრებულო? – ამ ორგანოში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ მსგავსი მიდგომა „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს“. გასულ კვირას უკვე მეორედ შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სცადა ემსჯელა, რა ეშველება ბათუმს ტურისტულ სეზონზე, როცა ახლაც კი დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული ავტომანქანით გადაადგილება. ლაშა სირაბიძე _ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ამავდროულად ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, მიიჩნევს, რომ `საცობების~ პრობლემა მხოლოდ ავტომანქანების ჭარბი რაოდენობით არის გამოწვეული. მას არაფრის გაგონება არ სურს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში შენდება კორპუსები, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილები, ან აქვთ, მაგრამ შენობის მასშტაბებთან შედარებით მინიმალურია, ან კიდევ პროექტით გათვალისწინებული პარკინგი სხვა დანიშნულებით – საწყობად თუ სავაჭრო ობიექტად გამოიყენება.

ლაშა სირაბიძე დაჟინებით აცხადებს, რომ პარკინგის გარეშე სამშენებლო ნებართვები მხოლოდ წინა ხელისუფლების პირობებში გაიცემოდა და აქედან მომდინარე კორუფციაც მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს იყო.

„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ - ფოტო ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტიდან.
„მკვდარი ჩრდილების ქალაქი“ – ფოტო ლაშა ფალავანდიშვილის ფოტოპროექტიდან.

ლაშა სირაბიძის ხედვით „საცობების“ პრობლემა დიდწილად მოიხსნება, თუ გორგილაძის ქუჩაზე ავტომანქანები ცალხმრივად იმოძრავებს, რასაც „სპონტანურ გადაწყვეტილებად“ აფასებს ამავე სამუშაო ჯგუფის წევრი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი ზურაბ გვარიშვილი. „ბათუმელებთან“ კერძო საუბარში ოფიცერი ამბობს, რომ პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია და უკავშირდება როგორც პარკინგების, ისე ეზოების უქონლობას ახალაშენებულ კორპუსებში.

ამ საქმის ბევრი მცოდნე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, თუ ბათუმის საკრებულოს „დადგენილება #50-ში“ გაჩნდება ჩანაწერი სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს პარკინგისთვის ადეკვატური ზომის ადგილის გამოყოფაზე. ამ ჩანაწერის არარსებობის გამო მენაშენეები ზუსტად იმდენ ფართობს ტოვებენ პარკინგისთვის, რამდენიც მათთვის არის მისაღები და არა იმდენს, რამდენის საჭიროებაც არსებობს.

გარდა ამისა, ბათუმისთვის განსაკუთრებული მოვლენაა „K2-ის სინდრომი“, რომლის გამოყენებითაც, გარდა ძველი ბათუმისა, ქალაქის ნებისმიერ მონაკვეთში იმ სიმაღლის კორპუსის აშენება შეიძლება, რამდენსაც მენაშენე მოისურვებს. ცხადია, ამ მენაშენეს ხელი უნდა მიუწვდებოდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემდე, რომელიც მოამზადებს სარეკომენდაციო წერილს დასაქმებისა და ინვესტიციის მოზიდვის საფარქვეშ, შენობის სიმაღლეში გაზრდის უფლების მიცემაზე. არჩილ ხაბაძის სარეკომენდაციო წერილებს მერიაში, როგორც წესი, ყოველთვის აკმაყოფილებენ. შედეგად ქალაში, სადაც ადრე ერთი ორსართულიანი სახლი იდგა პატარა ეზოთი, ჩნდება 8 ან 10-სართულიანი კორპუსი ყოველგვარი ეზოსა და მწვანე ნარგავის გარეშე.

იმავე „დადგენილება #50“-ში წერია, რომ რეკრიაციულ ზონაში, ანუ ქალაქის მწვანე მონაკვეთებში ასევე შეიძლება მშენებლობის წარმოება, მაგალითად, სასტუმროს, ეკლესიის ან სხვა კომერციული ტიპის დაწესებულების აშენება. ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი და ამჟამად უბრალოდ არქიტექტორი გია რამიშვილი მიიჩნევს, რომ თუ სათანადოდ არ იქნა დაცული რეკრიაციული ზონები, 10 წლის შემდეგ შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას ბათუმში, როგორიც დაახლოებით 10 წლის წინ იყო მეზობელი სახელმწიფოს ქალაქ ტრაპზონში, როდესაც მუნიციპალიტეტმა კერძო მესაკუთრეებისგან დაიწყო სახლების შესყიდვა სკვერების გასაშენებლად – რადგან ტრაბზონში მაშინ არც ერთი ძირი ხე არ იდგა.

Untitled

ბოლო აღწერის მონაცემებით, ბათუმში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის 153 ათასს აღწევს.

ამ თემაზე მოსაზრება „ბათუმელებმა“ ირაკლი ჭეიშვილსაც სთხოვა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი:

გორგილაძის ქუჩის ცალმხრივობა შეღავათს მოგვცემს, რადგან ძირითადი დატვირთვა ტურისტულ სეზონზე მოდის რუსთაველისა და ასევე გორგილაძის ქუჩებზე. მაგას დაემატება მოპირკეთებული პუშკინის ქუჩა, რომელიც სრული დატვირთვით მალე ამუშავდება და ბაგრატიონის ქუჩა – პროექტი, რომელიც წელს სრულდება. ვფიქრობ, ასე ბათუმის დიდი ნაწილი განიტვირთება… სხვა გამოსავალი მე ამ ეტაპზე არ ვიცი.

ირაკლი ჭეიშვილი
ირაკლი ჭეიშვილი
ვფიქრობ, ბარაკები თუ უსახური შენობები უნდა ჩანაცვლდეს კორპუსებით, ხალხი დასაქმდა და ეს მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვქონდეს რეგულაციები, რაც იქნება ქალაქის იერ-სახესთან შესაბამისობაში. რეგულაციები არის გადასახედი და მოსაწესრიგებელი – ეს ქალაქი არ ვითარდება ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ყოველ შემთხვევაში არის საკითხები, რაც ჩვენი გამოსასწორებელია და ამაზე უახლეს ხანში აუცილებლად ვიმსჯელებთ.

კიდევ ერთ პრობლემად განიხილება K2-ის საკითხი – თვითმმართველობის კოდექსში წერია, რომ K2 უნდა გასცეს თვითმმართველობამ, მაგრამ წინა მოწვევის საკრებულომ გადასცა ეს უფლება აჭარის მთავრობას. ოპოზიცია ახლა ითხოვს, რომ ეს უფლება დაიბრუნოს მუნიციპალიტეტმა… მაგრამ მე მოვაწერ სარეკომენდაციო წერილს ხელს თუ ხაბაძე, ამით რა შეიცვლება? არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ, ზოგადად, მიდგომა არ შეიცვალა.

რადგან მშენებლობა ქაოტურია, სიმაღლეები ვერ რეგულირდება, ამიტომ საჭიროა სტანდარტული ფორმა და ზომა მივიღოთ. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ამ ზონაში, მხოლოდ X-სართულიანი სახლის აშენება შეიძლება. როგორც ძველ ბათუმშია – არის 15 მეტრი და მორჩა. აი, ისე უნდა დაიყოს ქალაქი ზონებად და განისაზღვროს, სად რა სიმაღლის მშენებლობა იქნება შესაძლებელი. 15 მეტრში გინდა 9 სართული ააშენე, გინდა – 5. იმის იქეთ ვერც არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, ვერც მე და ვერც ვერავინ.

სიმაღლე კვარტალების მიხედვით უნდა განისაზღვროს, რაღაც მსგავსია მოსაფიქრებელი, რაზეც ახლა ვიწყებთ მუშაობას და იმ თვეს არ გადავაცილებთ, რომ შესაბამისი სტანდარტი არ დავადგინოთ. ყოველ შემთხვევაში, ზომებს შემოვიღებთ, ასე ქაოტურად რომ არ მივიღოთ სიმაღლეები. ჩვენი მოწვევის საკრებულო აუცილებლად მიიღებს მაგ რეგულაციებს. ამიტომაც არ ვჩქარობ კ2-ის წამოღებას…

რაც შეეხება პარკინგს – რამდენადაც არქიტექტურის სამსახურისგან ვიცი, ისინი პარკინგის გარეშე ნებართვას არ გასცემენ, ან ეზო უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ არ სჭირდებოდეს მიწისქვეშა პარკინგი. მაგრამ რამდენად საკმარისია ეგ სივრცე, ან რა დანიშნულებით გამოიყენება საპარკინგე ტერიტორია, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამას ზედამხედველობა უნდა აკონტროლებდეს. რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუ 15-სართულიან სახლს 11 ავტომანქანის გასაჩერებელი აქვს. მინიმუმ 30 მაინც უნდა იყოს.
პარკირება არ უნდა იყოს კეთილი ნების საკითხი. შეგიძლიათ გააშუქოთ, რომ აუცილებლად მოვიკითხავ მაგ საკითხს და თუ რაიმე რეგულაცია იქნება მისაღები, აუცილებლად დავინტერესდები. ამ იდეის ინიცირებას პირადად მე მოვახდენ საკრებულოში. ვიფიქრებ, რაღაც ცვლილებებს მაგ მიმართულებით მოვიფიქრებთ…

რეკრიაციულ ზონებთან დაკავშირებით კი ერთი რამ ვიცი ზუსტად – ქალაქს ჟანგბადი რომ ჰქონდეს, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ – სკვერს ვაკეთებთ ხელოვნების ინსტიტუტის უკან, ლერმონტოვის ქუჩაზე გავაკეთეთ კარგი სკვერი. მაგრამ, ჩემი აზრით, ქალაქში არსებული რეკრიაციული ზონები არის გადასახედი, ერთგვარი ინვენტარიზაციაა ჩასატარებელი. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია იყოს სასტუმრო, ვიდრე რეკრიაციული ზონა, მაგალითად, აეროპორტის გზაზე არსებულ რეკრიაციულ სამკუთხედს ვგულისხმობ, სადაც ახლა ინვესტორი 50 მილიონს ხარჯავს. ვფიქრობ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

ჩვენ წელს ვაპირებთ რეკრიაციული ზონების გადახედვას – ამას დიდი ფული არ სჭირდება, საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყდება, რას მიენიჭოს სკვერის სტატუსი და რას – არა.

საცობი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. თორნიკე თავაძის ფოტო
საცობი ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმის ორ უბანში აბონენტებს დენი არ მიეწოდება

დღეს, 23 ივნისს, ბათუმის მერიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, №58-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა ელექტროგადამცემი კაბელები დაზიანდა, რის გამოც ახალდაგებული ასფალტის საფარის გადათხრა გახდა საჭირო. „მონაკვეთის კეთილმოწყობას „ენერგო-პრო ჯორჯია“ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ უთხრეს „ბათუმელებს“, ხიმშიაშვილის ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 1 500-მდე აბონენტს. მათივე თქმით, დენის მიწოდებას მალევე აღადგენენ. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 700-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია აღმაშენებლის ქუჩაზეც. მათ ელექტროენერგიას საღამოს 6 საათის შემდეგ ჩაურთავენ.

22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 22 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილე გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმეს. პოლიციამ  აქცია გუშინ ძალის გამოყენებით დაშალა, რაშიც მონაწილეობდნენ კუნთმაგარი მამაკაცები უნიფორმის გარეშე. გუშინ არც ერთ მათგანს არ გაუცია კითხვაზე პასუხი – იყვნენ პოლიციელები თუ არა?

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან გვინდოდა მოწმედ წარმოგვედგინა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აჭარის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი ციალა ქათამიძე, რომელიც სასამართლო უწყების გარეშე ვერ გამოცხადდებოდა. ის მომხდარის თვითმხილველია და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის ადვოკატი პაატა დიასამიძე, რომელიც სასამართლოში გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის ინტერესებს იცავს.

გუშინ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო სამი პირი  [გურამ მიქელაძე, ენვერ ირემაძე, იასონ პაქსაძე] ადმინისტრაციული კოდექსისი 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

იასონ პაქსაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინვე [22 ივნისს] ყოველგვარი სანქციის გარეშე გაათავისუფლა. გურამ მიქელაძე და ენვერ ირემაძე კი, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაუშვა. დღეს სწორედ მათ საქმეს განიხილავდა მოსამართლე ლევან მიქაბერიძე.

გონიოელები ამ დროისთვის საპროტესტო აქციას საკრებულოს შენობასთან აგრძელებენ. მოთხოვნა უცვლელია – მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სასამართლო სხდომა 28 ივნისისთვის გადაიდო.

219 100 ლარი შშმ ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამისთვის

ბათუმის მერია წელს 219 100 ლარს დახარჯავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაში. პირველი ჯგუფი კურორტზე 10 ივლისს გაემგზავრება.

პროგრამა სამ კურორტზე [წყალტუბო, ურეკი, ბორჯომი] ბათუმში რეგისტრირებულ 26 წლის ჩათვლით ასაკის შშმ პირებს, მცირე ტიპის საოჯახო სახლის ბენეფიციარებს, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს, ომში დაზარალებულ ვეტერანებსა და მათ თანმხლებ პირებს, ორკვირიან სამკურნალო-დასასვენებელ პაკეტს სთავაზობს.

როგორც „ბათუმელებს“ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილემ მარინა რუხაძემ უთხრა, წელს ომის ვეტერანები აღნიშნულ პროგრამაში პირველად მოხვდნენ, თუმცა ამ დროისათვის ვეტერანებს რეგისტრაციაში აქტიურობა არ გამოუჩენიათ.

„მათი ჩართვა პილოტური სახით ხორციელდება წელს, ვეტერანთა სამსახურის მომართვის საფუძველზე. იმედი გვაქვს ვეტერანთა აქტივობა გაიზრდება, ამ ეტაპზე  განაცხადია შემოსული, თუ გავითვალისწინებთ თანმხლებ პირს არის 230. სულ თანმხლები პირების ჩათვლით, გათვალისწინებულია 362 ბენეფიციარი“, -ამბობს მარინა რუხაძე.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ მერიის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში. მის. ლუკა ასათიანის ქ. N25. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 24 63 02. 

ბრალდებული, რომელიც პოლიციას გაექცა, პოლიციას ჩაბარდა

„გაზეთ ბათუმელების“ ინფორმაციით, მოქალაქის დაჭრაში ბრალდებული, რომელიც პოლიციას სამი დღის წინ ავტომანქანიდან გაექცა, 22 ივნისს სამართალდამცავებს ჩაბარდა.

ლერი შ. რომელიც მოქალაქის დაჭრაშია ბრალდებული, პოლიციამ 20 ივნისს დააკავა, თუმცა იმავე დღეს ის სამართალდამცავებს მანქანიდან იმ დროს გაექცა, როცა სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაჰყავდათ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 20 ივნისს, დაახლოებით დილის 4 საათზე, ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს კარაოკე-ბარში ორმა მოქალაქემ იჩხუბა, ამ კონფლიქტის დროს ბრალდებულმა ლერი შ-მ დანით დაჭრა – გია ბ.

„ბათუმელები“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. „აღნიშნული პირი დაკავებულია 19-108 და 379-ე მუხლებით. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადეს პრესსამსახურში.

სს კოდექსის 19-108 მუხლები – მკვლელობის მცდელობას, ხოლო 379-ე მუხლი – დაკავების ადგილიდან, პენიტენციური დაწესებულებიდან, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან, გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს.

 

აჭარაში გაზის მიწოდება 24 ივნისს დილიდან შეწყდება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზის მიწოდება აჭარაში მიმდინარე წლის 24 ივნისს დილის 6 საათიდან შეწყდება.

24-27 ივნისს აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის   მიწოდება ყველა მომხმარებელს შეუწყდება.

რეგიონში გაზის მიწოდებას “სოკარ ჯორჯია გაზი” აღადგენს ეტაპობრივად – ეს პროცესი 27 ივნისს დაიწყება.

„დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, მისტიკური გვირაბი მეგონა“

17 წლის ნინო ჭაღალიძე ბათუმელი მოსწავლეა, რომელმაც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში დამრგვალების გარეშე 10 ქულა, ხოლო ფიზიკაში 9 ქულა მიიღო.

„მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები რომ მიმდინარებდა, დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, რაღაც მისტიკური გვირაბი მეგონა, რომლის ბოლოშიც ან სინათლეა, ან სიბნელე, ან ბედნიერი დაბრუნდები იქიდან, ან უბედური… ახლა ეს სასაცილოა, მაგრამ ასე მეჩვენებოდა“, – ამბობს ნინო, რომელიც ბათუმის მეათე საჯარო სკოლის ოქროსმედალოსნობის კანდიდატი მოსწავლეა. მისი თქმით, ყველაზე მეტად სიახლეები და განვითარება უყვარს, მიზნისკენ სწრაფვის პროცესი, თავისი დაძაბულობისა და სტრესულობის მიუხედავად, ყველაზე მეტად მოსწონს. გამოცდების წარმატებით დამთავრების შედეგ უკან მოხედვისას ამას მიხვდა: „ძალიან კარგი იყო, სასიამოვნო… ახლა უკვე სხვა მიზანია, ისევ თავიდან უნდა დაიწყოს ეს გზა და მიზანი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს სიხარული დიდ ხანს არ გეყოფა“.

გარდა მაღალი მოსწრებისა, ნინო სკოლაში აქტიურ ცხოვრებას ეწევა – ჩართულია სასკოლო კლუბების სხვადასხვა აქტივობაში, კონკურსში და ახალ-ახალ გამოწვევებს ეძებს. იგი მეგობრებთან ერთად გამოცდების პარალელურად ლიტერატურულ კონკურსშიც მონაწილეობდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავეს. როგორც ნინო ამბობს, წარმოდგენა, რომ ფრიადოსანი მოსწავლეების ცხოვრება ნაცრისფერია და „წიგნის ჭიად“ ყოფნას ნიშნავს, სრულიად მცდარია:

„რა თქმა უნდა, გამოცდების პერიოდში, არც მე და არც ჩემს მეგობრებს ბევრი დრო არ გვქონდა, მაგრამ მანამდეც და მაშინაც კი ვპოულობდით დროს გართობისთვის, სიახლეების ძიებისთვის. არ მახსენდება, როდესმე მეგობრებისთვის მეთქვას ვერ წამოვალ, სამეცადინო მაქვს-მეთქი. ჩვენ ორივეს ვათავსებთ. ამის გამო ღამეც გამითენებია, დაბრუნებულს რომ მემეცადინა… მიუხედავად იმისა, რომ დიდად არასდროს ვყოფილვარ ინიციატორი, შატალოზეც წავსულვარ“, – ამბობს ნინო და დასძენს, „შესაძლებლობა რომ მქონოდა, შეიძლება ცოტა კიდევ უფრო გიჟური ვყოფილიყავი“. ამბობს, რომ ბევრი რამ უცდია – ზოგი მოეწონა, ზოგ შემთხვევაში მიხვდა, რომ მისთვის არ იყო, მაგრამ მცდელობად ყველაფერი ღირდა.

„ბევრი რამ მომწონდა, მასწავლებლობაც მინდოდა და კიდევ ბევრი სხვა. იყო პერიოდი, ჟურნალისტიკით ვიყავი გატაცებული, მეგონა, რომ ეს იყო ყველაზე ცოცხალი, აქტიური და განვითარებადი, სიახლეებით აღსავსე პროფესია“, – იხსენებს ნინო და ამბობს, რომ ჟურნალისტიკის კურსებზეც ჩაეწერა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ან ზედმეტად დიდი მოლოდინი ჰქონდა, ან ამ კურსებმა შესაბამისად ვერ აჩვენა ეს პროფესია: „ალბათ ბავშვურად მეგონა რეპორტაჟებს მოვამზადებდით, ამბების გასაშუქებლად გაგვიშვებდნენ… სინამდვილეში ჟურნალისტიკაზე თეორიული საკითხების სწავლა დავიწყეთ და ცოტა რუტინულად მომეჩვენა. ჩავთვალე, რომ ალბათ ეს არ არის ჩემი საქმე“.

ნინოს პროფესია დღემდე არ აქვს არჩეული. ამბობს, რომ იურისტობა მოსწონს, მაგრამ ორი მომენტი აყოვნებს. პირველი, რასაც საკუთარ თავთან კონფლიქტში შეჰყავს იმის გააზრებაა, რომ იურისტს მოუწევს თუნდაც დამნაშავე დაიცვას და გაამართლოს. რაც შეეხება მეორეს, აქ კვლავ განვითარების შესაძლებლობაზე ფიქრობს: „არ ვიცი, ვთქვათ და ჩავაბარე იურიდიულზე, იქნებ ისიც ისეთივე ან უარესად რუტინული აღმოჩნდეს, როგორც ჟურნალისტიკა მომეჩვენა?! ან ვთქვათ დავასრულე ბაკალავრიატი, შემდეგ მაგისტრატურა, დოქტორანტურა… მერე?!“

გამოცდებზე საუბრისას ნინო ამბობს, რომ აქ გამართლება და ცოდნა სადღაც 50/50-ია. მისი თქმით, შესაძლოა ეს გამოცდები ცოდნასაც ამოწმებს, მაგრამ ამასთან ერთად, უფრო სტრესულ მდგომარეობაში მობილიზების უნარები მოწმდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია: „ჩვენ მანამდეც გვქონდა გამოცდები. ალბათ, ასე რომ არ ყოფილიყო, კიდევ უფრო გამიჭირდებოდა. ამიტომ მგონია, რომ აჯობებს თუ თავიდანვე მივეჩვევით. მგონი გამოცდების ცუდი შედეგებიც ამ მიზეზით დგება ხოლმე“, – აღნიშნავს ნინო.

მას საკუთარი მოსაზრება აქვს პროფილურ სწავლებაზეც. „საერთოდ მგონია, რომ საშუალო საფეხური [X, XI და XII კლასები] პროფილური სწავლება უნდა იყოს. არ შეიძლება თავს მოვახვიოთ ზედმეტი საგნები. მაგალითად, მე უფრო ჰუმანიტარი ვარ და თუნდაც ის საგნები, რაც ახლა ჩავაბარე, საბაზო საფეხურის შემდეგ რომ მესწავლა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. აჯობებდა ჰუმანიტარული მიმართულებით უფრო დიდი დატვირთვით მემუშავა – იმაზე, რაც მაინტერესებს“, _ მსჯელობს 17 წლის ბათუმელი მოსწავლე და დასძენს, რომ თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას სკოლის ლიტერატურული კლუბის მეშვეობით ცდილობდა. კლუბის ფარგლებში რამდენიმეჯერ საზაფხულო ბანაკ „ლიტერატურლ ქალაქშიც“ ყოფილა.

საერთო ჯამში, სკოლით და მასწავლებლებით კმაყოფილია. ამბობს, რომ მასწავლებლები მას და თანაკლასელებს დამატებით უსასყიდლოდ ამეცადინებდნენ და წინასაგამოცდო პერიოდში, სკოლიდან ღამითაც წასულან: „მეამაყება, რომ ჩვენ სკოლაში წელს არც მეთორმეტეკლასელთა და არც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე არავინ ჩაჭრილა. ჩვენთან სხვასაც აქვს ძალიან კარგი ქულები და არ ჩამითვლია, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემი შედეგები“, – ამბობს ნინო და იხსენებს, რომ გამოცდის დღეს მეგობრები სწორედ იმ დერეფანში, რომელიც მისტიურ გვირაბად ეჩვენებოდა, მეცადინეობდნენ, ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ, გამოცდიდან გამოსულები კითხვებს სვამდნენ, რომლებიც უცხოდ ან გაუგებრად ეჩვენათ, რომ შემდეგი შემსვლელი მომზადებული ყოფილიყო: „ამოხსნის პრინციპს ვეძებდით, რომ სწრაფად გაეკეთებინა შემდეგს“.

ნინოს საყვარელ გასართობთა სიაში ეზოში „წრეში ბურთის“, „კლასობანას“ და „შვიდ ქვობანას“ თამაში, წიგნების კითხვა და სიახლეების ძიება დაუგროვდა, ახლა უკვე აბიტურიენტობისთვის ემზადება. მანამდე კი ფიქრობს, კიდევ ერთხელ ხომ არ სცადოს ჟურნალისტიკის გაცნობა, მას ხომ პროფესია აქვს ასარჩევი – ენერგიული, დინამიკური და საინტერესო.

საპროტესტო აქცია ხელვაჩაურში

ხელვაჩაურში გარდაცვლილი მოზარდის ახლობლებმა საქმის გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით აქცია გამართეს.
14 წლის მოზარდი 26 მარტს ხელვაჩაურში, დაბა შარაბიძეებში გარდაიცვალა. შს სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი ანრი გოგიტიძის ოჯახის წევრები საქმის კვალიფიკაციას არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ 14 წლის მოზარდი თანატოლებმა ცემით მოკლეს.

აქცია ხელვაჩაურში
აქცია ხელვაჩაურში

ირაკლი ჭეიშვილი: “დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად”

გონიოელების აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დღეს 3 პირი დააკავეს, ამათაგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მესამე დაკავებული კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ საქმის წარმოების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა. დაკავებულებს სამართლებრივ მხარდაჭერას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უწევდა.

აქციის მონაწილე იასონ პაქსაძე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარზე კარვის აღება მოსთხოვა და ლეიბები წაართვა. ვიდრე პოლიცია კიდევ ორ პირს დააკავებდა, აქციაზე გამოჩნდნენ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი და საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი.

საკრებულოს წევრებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ კომისია კვირის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ვერ გასცეს შეკითხვას პასუხი – რის გამო ვერ მოახერხა კომისიამ შეკრება და რატომ ვერ შეასრულა დანაპირები საკრებულომ? როგორც ცნობილია, ლევან კინწურაშვილი 15 ივნისს დაპირდა გონიოელებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია 21 ივნისს მიიღებდა. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა ასევე მედეა ვასაძემ. ის გონიოელებს საკითხით აქტიურად დაინტერესებას დაპირდა.

“დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად” – უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ გონიოელებს, როცა გაისმა რეპლიკა, რომ პოლიციამ ისინი ორჯერ დაარბია და ხელისუფლება ამგვარად არ უნდა იქცეოდეს. “თქვენთან არავინ მოსულა პოლიციიდან, როცა იყავით საკრებულოს შენობასთან” – მიმართა აქციის მონაწილეებს ლევან კინწურაშვილმა.

“რომელი კანონის შესაბამისად დაშალა პოლიციამ აქცია?” – “ბათუმელების” ამ შეკითხვაზე ირაკლი ჭეიშვილმა ასე უპასუხა: “არ ვიცი, ჩემი შინაგანი რწმენის საფუძველზე ვფიქრობ ასე”.

ირაკლი ჭეიშვილის წასვლის შემდეგ აქციის მონაწილეების საკრებულოს შენობისკენ დაიძრნენ. ამ დროს დააკავეს აქციის ორი მონაწილე. 

გონიოელები ამ დროისთვის საპროტესტო აქციას საკრებულოს შენობასთან აგრძელებენ. მოთხოვნა უცვლელია – მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

gonio 2

13499818_1040999492657092_1760695659_o

მთავრობასთან აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს, მაგრამ მთავრობაში ამის შესახებ არ გაუგიათ

აპირებთ თუ არა კომენტარის გაკეთებას იმასთან დაკავშირებით, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ხდება? – ამ კითხვის პასუხად აჭარის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო გუჯაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ. კითხვაზე ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის, სოფო გუჯაბიძე ამბობს, რომ ეს არჩილ ხაბაძის გადაწყვეტილებაა.
სოფო გუჯაბიძეს ასევე ჰკითხა „ბათუმელებმა“ იციან თუ არა იმის შესახებ, რაც მათი ადმინისტრაციული შენობის წინ ხდება? – ამის პასუხად სოფო გუჯაბიძემ თქვა, რომ ზუსტად არ იცის რა ხდება, მაგრამ იცის იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებთან ირაკლი ჭეიშვილი [ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე] იყო მისული.
20 წუთის წინ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ პოლიციამ და უნიფორმის გარეშე მყოფმა ადამიანებმა დაშალეს გონიოს მოსახლეობის აქცია ძალის გამოყენებით.

მამაკაცი, რომელიც მანქანის ქვეშ შევარდა პოლიციამ ძალით გამოათრია
მამაკაცი, რომელიც მანქანის ქვეშ შევარდა პოლიციამ ძალით გამოათრია

უნიფორმის გარეშე პოლიციელები აქციის დაშლის შემდეგ საკმაოდ მხიარულად გამოიყურებოდნენ, რამაც აქციის მონაწილეებში გაღიზიანება გამოიწვია.
პოლიციამ ასევე იძულების წესით წაიყვანა პარკინგიდან აქციის ერთ-ერთი მონაწილის ავტომანქანა. სწორედ მაშინ, ერთი მოქალაქე მანქანის შეჩერების მზინით მიკროავტობუსის ქვეშ შევარდა. პოლიციელებმა ის ძალის გამოყენებით გამოათრიეს და დააკავეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვიდრე დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, არ დაიშლებიან.
გონიოს მოსახლეობა 5 დღის განმავლობაში ბათუმის მერიასთან მართავდა საპროტესტო აქციებს. დღეს აქციის მონაწილეთა ჯგუფმა აჭარის მთავრობასთან გადაინაცვლა.

აჭარის მთავრობა, სხვა მსგავსი შემთხვევებისგან განსხვავებით, საარჩევნო წელს, როგორც ჩანს, უკმაყოფილო ხალხის პროტესტს მის ადმინისტრაციული შენობასთან აღარ დაუშვებს. შედეგად, აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.
გონიოს მიწებთან დაკავშირებით არჩილ ხაბაძემ გუშინ შემდეგი განმარტება გააკეთა: “ხელისუფლების პოლიტიკური ნებაა გონიოს საკითხი მოგვარდეს ისე, რომ სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესები გათვალისწინებული იყოს. სამი წლის განმავლობაში ჩვენ რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ მოსახლეობას, თუმცა უშედეგოდ. ახლა ვმუშაობთ ბოლო ვარიანტზე, რომელიც სავარაუდოდ მათთვის მისაღები იქნება”.

ნარკოტესტი იძულებით და ორი ექსპერტიზის სხვადასხვა დასკვნა

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში ბრალდებულ დათო ნ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ექსპერტიზის ორი დასკვნიდან მოსამართლე ირაკლი შავაძისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი არ მოუხმარია. მანამდე დათო ნ.-ს ნარკოტესტირება ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩაუტარეს, სადაც ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე უთხრეს, რომ ნარკოტიკი მოიხმარა. პროკურატურა მის დასჯას სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე აპირებდა.

„ღამის ათ საათზე მომაკითხეს სახლში და წამიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში მივედით და ჩავაბარე ბიოლოგიური მასალა. მითხრეს, მეტადონი გაქვს უკანონოდ მოხმარებული, ასე დადგინდაო,“ – იხსენებს დათო ნ. იგი წარსულში მარიხუანას მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. ეჭვობს, რომ პოლიციას სწორედ წარსულში მომხდარმა ფაქტმა „გაუჩინა გონივრული ეჭვი“.

მას შემდეგ, რაც სამხარაულის ბიურომ პოლიციისგან სრულიად საწინააღმდეგო შედეგი დადო, დათო ნ. ქობულეთის პოლიციას კიდევ ორჯერ დაუკავებია: „ორივეჯერ 12 საათს მამყოფეს პოლიციის განყოფილებაში. ადვოკატისგან მქონდა ინფორმაცია, რომ პოლიციელებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავების უფლება აქვთ, მაგრამ ნიმუშის ჩაბარება ნებაყოფლობითია. არ უთქვამთ, გინდა თუ არა ჩაგვაბარე ბიოლოგიური მასალაო, მაგრამ ტუალეტში არ მიშვებდნენ. მაქ არ შეიძლებაო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ უპასუხეს „ბათუმელების“ კითხვას, რატომ შეიძლება იყოს განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო პოლიციის ლაბორატორიისა და სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნები. „ჩვენთან ნამდვილად ჩაუტარდა ამ პიროვნებას ანალიზი აპარატით, რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველზე ზუსტ აპარატად და დაუდგინდა დადებითი პასუხი. იგივე ბიოლიოგიური მასალა მას არ გაუტანია ალტერნატიული ანალიზის ჩასატარებლად. მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში. კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებენ არც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

პოლიციაში ჩატარებული ნარკოტესტირებისგან გასხვავებული შედეგი მიიღო ბესიკ მახარაძემაც დამოუკიდებელი ექსპერტიზისგან. მას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გარდა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად და მისი საქმის განხილვა ახლახან დაიწყო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. „ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა დამაკავეს. არ ვიცი, იძულებით ჰქვია თუ არა ამას, მაგრამ ვიცოდი, არ მომეშვებოდნენ – მთელი ღამე იქ მაყურყუტებდნენ. ადვოკატსაც არ მისცეს შემოსვლის უფლება. იგივე ბიოლოგიური მასალის ნაწილი გავაგზავნეთ თბილისში და დადასტურდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვარ. ალტერნატიულ ექსპერტიზაში დაახლოებით 300 ლარი გადავიხადე,“ – ყვება ბესიკ მახარაძე.

ორი ექსპერტიზის ურთიერთგამომრიცხავი შედეგი დაფიქსირდა 2013 წელსაც. მაშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგი არ გაითვალისწინა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ლევან ლორთქიფანიძე 500 ლარით დააჯარიმა. მსჯავრდებულს სამსახურიც დაატოვებინეს.

„ესეც მიღწევაა, რომ ნარკოტესტირებისგან გასხვავებულ შედეგს დებს ექსპერტიზა. სასამართლოში კი ამ კუთხით განსხვავებული პრაქტიკა მკვიდრდება,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი. ადვოკატების თქმით, სამხარაულის ბიუროს მეტი შესაძლებლობა აქვს, ზუსტი შედეგი დადოს და სასამართლო ამას იზიარებს. პრობლემა ამ კუთხით იქმნება იმ შემთხვევაში, თუკი პირს, ვინც საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია, არ აქვს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის ფული. „პრობლემაა ექსპერტის პასუხისმგებლობაც. როცა დგინდება რამდენიმე შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი შედეგი, ამ საკითხით უნდა ინტერესდებოდეს პროკურატურა,“ – ამბობს მერი ცინარიძე. ის ნარკოტიკის მოხმარებაში გამართლებული ბრალდებულის, დათო ნ.-ს ადვოკატია.

„ქობულეთი ლიდერია აჭარაში. იქ ყველაზე მეტ ადამიანს აკავებენ და მიჰყავთ ნარკოტესტირებაზე. არ ვიცი, რატომაა ასე. ალბათ, პოლიციის უფროსის მიდგომაა ასეთი,“ _ ამბობს ზორია წურწუმია, კავშირ „იმედის“ ხელმძღვანელი. ის იხსენებს შემთხვევას, როცა პირმა ნებაყოფლობით არ მისცა ნიმუში ქობულეთის პოლიციის ლაბორატორიას, კანონით გათვალისწინებული 12 საათის შემდეგ იგი გაათავისუფლეს, მაგრამ გამოსვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციის სხვა თანამშრომლებმა უკანვე შეაბრუნეს – ისევ 12 საათით.

ზორია წურწუმიას მსგავსად, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, თემურ ქორიძეც მიიჩნევს, რომ ზეწოლაა დაკავებული პირის 12 საათით პოლიციის შენობაში გაჩერება: „მხოლოდ წელს ხუთმა ადამიანმა მომართა სახალხო დამცველის აპარატს აჭარის რეგიონში, აქედან სამმა უარი თქვა ნიმუშის ჩაბარებაზე, მაგრამ ისინი მაინც 12 საათის განმავლობაში გააჩერეს განყოფილებაში. ამ გაჩერების მიზანი არის ის, რომ ადამიანი იძულებული გახდეს მოსცეს ბიოლოგიური მასალა. ჩვენ ეს შემთხვევები გადავამოწმეთ და მივმართეთ პროკურატურას. რეაგირების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჯამში 37 503 პირი დააკავეს ნარკოტესტირებისთვის, აქედან 10 894 შემთხვევაში დაფიქსირდა ნარკოტიკის მოხმარება. 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, 8095 ადამიანი დააკავეს იმავე მიზეზით, დადებითი პასუხი 2180 შემთხვევაზე გასცა პოლიციის სხვადასხვა განყოფილების ლაბორატორიამ.

სახალხო დამცველის აპარატმა კვლევა ქუთაისში ჩაატარა. გასული ორი წლის მონაცემებით, ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა 80 პროცენტს ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა. კვლევის შედეგების გასაანალიზებლად ქუთაისში გამართულ დისკუსიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ოქროპირიძემ განაცხადა: „რა თქმა უნდა, პრობლემები ამ კუთხით არსებობს. ეს მონაცემები შემაშფოთებელია. მინისტრის ახალი ბრძანება გასული წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა და ვფიქრობ, ის შეცვლის მოცემულობას. მხოლოდ პოლიციელის საფუძვლიანი ეჭვი აღარ არის საკმარისი. სამი შემთხვევაა განსაზღვრული: როცა პოლიციელი შეესწრება სამართალდარღვევის ფაქტს, მეორე – როცა პრევენციის მიზნით პოლიციელი აჩერებს პირს, ახდენს გამოკითხვას და ადამიანი ცდილობს მიმალვას და მესამე რჩება ოპერატიული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება უნდა იყოს შესაძლებელი და ის უნდა იყოს ასევე დაფიქსირებული 112-ზე.“

„რეალობა მინისტრის ამ ბრძანების შემდეგ არ შეცვლილა,“ – ამბობს „მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის“ წარმომადგენელი საქართველოში ინა ინარიძე. ინარიძის თქმით, ისევ არავის აქვს წვდომა, საიდან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია პოლიციელმა: „მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის, რომ მათ აქვთ უფლება, არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და არ ჩააბარონ ბიოლოგიური მასალა. ვინც იცის ამ უფლების შესახებ, მას პოლიცია აშინებს, ეუბნებიან, მაინც დაგიჭერთ, ვერ გადაგვირჩებითო და ასე შემდეგ“.

მინისტრის ახალი ბრძანების ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს ბათუმში ორი პირი დააკავა პოლიციამ. დაკავებულებმა უარი თქვეს ნიმუშის ნებაყოფლობით ჩაბარებაზე, მაგრამ ისინი არ გამოუშვეს პოლიციის განყოფილებიდან, ვიდრე დაკავებიდან 12 საათი არ გავიდა. დაკავებულებთან რამდენიმე საათის დაგვიანებით შეუშვეს მათი ინტერესების დამცველი, საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე: „ბრძანებას არაფერი შეუცვლია, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ინსტრუქციები გაიწერა პოლიციელებისთვის.

არაფერი შეცვლილა საკანონმდებლო ხარვეზის კუთხით – ისევ შეუძლია პოლიციას ადმინისტრაციული წესით დააკავოს ადამიანი, რომელმაც შემდეგ ნებაყოფლობით უნდა მისცეს ნიმუში ნარკოტესტისთვის. რატომ უნდა ხდებოდეს დაკავება, გაუგებარია“.

ფოტოზე: აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა. ჯაბა ანანიძის ფოტო

დაკავებულია აქციის სამი მონაწილე [ვიდეო]

გონიოელების აქცია მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პლიციელებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის სამი მონაწილე დააკავა. პოლიციელებთან ერთად არიან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულებიც, რომლებიც ჟურნალისტის კითხვაზე ხართ თუ არა პოლიციელი?; ფორმა რატომ არ გაცვიათ?- არ პასუხობენ და კამერებს ერიდებიან. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამდე არ დაიშლებიან ვიდრე პოლიცია დაკავებულებს არ გაათავისუფლებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებენ, ისინი – გზას გადაკეტავენ.
გონიოელების აქცია მთავრობის სახლთან

ამავე თემაზე:

საია: პირველადი მონაცემებით საპროტესტო აქცია უკანონოდ დაშალეს

პოლიციელებმა გონიოელებს კარვის აღება აიძულეს და ერთი მონაწილე დააკავეს

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლეიბები წაართვა

 

საია: პირველადი მონაცემებით საპროტესტო აქცია უკანონოდ დაშალეს

საპროტესტო აქციის მონაწილის დაკავება დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. “იასონ პაქსაძე დაკავებულია ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის” – უთხრეს “ბათუმელებს” შსს-ს პრესსამსახურში.

პოლიციელების მოქმედებას გონიოელების საპროტესტო აქციაზე უკანონობად აფასებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: “პირველადი მონაცემებით, შეკრების დაშლა და კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ხელშეშლა პოლიციელების მხრიდან ამ ფორმით იყო აბსოლუტურად უსაფუძვლო და უკანონო. ამ ვითარებაში პირის დაკავებაც, დიდი ალბათობით, ვერ იქნება არგუმენტირებული” – ამბობს საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე ამ დრომდე რჩება აჭარის მთავრობის შენობასთან.

IMG_0011
გონიოელების საპროტესტო აქცია ძირითადად სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელებმა დაშალეს

IMG_0015

 

პოლიციელებმა გონიოელებს კარვის აღება აიძულეს და ერთი მონაწილე დააკავეს

გონიოელებს კარვის აღება პოლიციელებმა აიძულეს. კარავი საპროტესტო აქციის მონაწილეებს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ჰქონდათ გაშლილი, აჭარის მთავრობის სახლის წინ. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ათეულობით პოლიციელი ადგილზე ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როცა გონიოელებმა ქუჩა გადაკეტეს და მეგაფონიდან მიმართეს აჭარის მთავრობას.

“მოვიდეს პოლიციელი პოლიციელის ფორმით და მას დავემორჩილები”, – მიმართა სამოქალაქო ფორმიან სამართალდამცველს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე, ენვერ ირემაძემ. ამ მოწოდების შემდეგ კარავთან ფორმიანი პოლიციელი გამოჩნდა. სამართდამცველებს აქციის მონაწილეებმა უთხრეს, რომ ისინი მთავრობამ მიწის გარეშე დატოვა და არსად წასვლას არ აპირებენ. საბოლოოდ კარავი აქციის მონაწილეებმა ისევ ბათუმის საკრებულოს შენობასთან დააბრუნეს.

პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს ლეიბები წაართვეს, რომელიც აქციის მონაწილეებს ტროტუარის მიმდებარედ, ბალახიან საფარზე ჰქონდათ გაშლილი. ლეიბების აღება პოლიციელბმა მაშინ მოითხოვეს, როცა კარვის გადატანის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და აქციის მონაწილე ენვერ ირემაძემ შიმშილობა დაანონსა. დაკავებულია აქციის ერთ-ერთი მონაწილე იასონ პაქსაძე, “ბათუმელებთან” ტელეფონით საუბრის დროს მან თქვა, რომ ის პოლიციის მე-3 განყოფილებაშია გადაყვანილი. მისთვის უცნობია, რის გამო დააკავეს. დაკავების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარის, გიორგი ხიმშიაშვილის შეფასებით, კარვის დადგმის უფლება მოქალაქეებს ჰქონდათ, თუკი იგი ტროტუარს არ კეტავდა და დაწესებულებაში შესასვლელი თავისუფალი რჩებოდა.

IMG_0002

 

 

 

პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლეიბები წაართვა

მოსახლეობასთან, რომლებიც დღეს ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობიდა აჭარის მთავრობასთან გადავიდნენ პროტესტის გასაგრძელებლად, პოლიცია მივიდა. მათ საპროტესტო აქციის მონაწილეებს წაართვეს ის ლეიბები, რომლებიც გაზონზე ჰქონდათ გაშლილი [გონიოელები ღამისთევით მართავენ აქციებს და ლეიბებს ამ მიზნით იყენებდნენ].
13501610_10210291923881178_441948207780263442_nმოსახლეობის თქმით, პოლიციამ ასევე დააკავა მათი ერთ-ერთი თანასოფლელი, რომელსაც ევროკავშირის დროშა ჰქონდა. აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ ამ მოქალაქეს წაართვა ევროკავშირის დროშაც.
აქციის მონაწილეები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში საპროტესტო აქციაზე თან დაჰქონდათ ევროკავშირის დროშა, ახლა აცხადებენ, რომ “ეს არის ევროკავშირის პოლიცა”.

გონიოელები: თუ მიწას არ დაგვიბრუნებენ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შევეკვრებით [ვიდეო]

გონიოს მოსახლეობა, რომლებიც ბოლო 5 დღეა ბათუმის მერიასთან ღამისთევით საპროტესტო აქციებს მართავდნენ, დღეს აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან გადაინაცვლეს. იქ შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ბათუმის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელობამ მათ არავითარი ყურადღება არ მიაქცია, ამიტომ იძულებული არიან აჭარის მთავრობას მიმართონ დასახმარებლად.

საპროტესტო აქციის დაწყების ეტაპზე ბათუმის საკრებულომ დაანონსა, რომ გონიოს მიწების საკითხზე იმსჯელებდა 21 ივნისის შესაბამისი კომისიის სხდომაზე. უფრო მეტიც, ოფიციალიურად განაცხადეს, რომ საკრებულოს კომისია გააბათილებდნენ იმ დოკუმენტს, რის საფუძველზეც გონიოელებს მიწა ჩამოართმვეს.

13507128_10210291926521244_7369906899740930183_nმაგრამ გუშინ საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა ისე გადაიდო, რომ არც საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის და არც მედიისთვის არავითარი განმარტება არ გაკეთებულა. მოსახლეობა ამბობს, რომ შეურაცხყოფილია ბათუმის ხელმძღვანელობის მათთდამი დამოკიდებულებით.

ბათუმის საკრებულოსა და მერიის არც ერთი მოხელე [საკრებულოში თავისუფალი დემოკრატების  წარმომადგენლის, კობა ჩხეიძის გარდა] არც დღეს გამოჩენილა მათ ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მოსახლეობისთვის განმარტების გასაკეთებლად.

საპროტესტო მსვლელობაზე აქციის ლიდერი მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ არ დაშლილიყვნენ, ასევე ითქვა იმაზეც, რომ თუ აჭარის მთავარობაც ისევე მოექცევა, როგორც ბათუმის ხელისუფლება, ისინი ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას შეეკვრებიან თავიანთი საკუთრების – მიწის დასაბრუნებლად.

გონიოს მოსახლეობა, დაახლოებით 300-მდე ოჯახი ლამის ერთი ათეული წელია იბრძვის მათთვის ჩამორთმეული მიწების დასაბრუნებლად, მაგრამ ამ მოქალაქეების მოთხოვნების შესრულებას, როგორც ჩანს, არც ეს ხელისუფლება აპირებს.

ქობულეთსა და ხელვაჩაურში წელს 13 სოფლის გაზიფიცირება უნდა დასრულდეს

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი“ ქობულეთისა და ხელვაჩაურის 13 სოფლის გაზიფიცირებას იწყებს. გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე გაზის გაყვანა უნდა დასრულდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ქვედა სამება, ბობოყვათი, ქვედა დაგვა, ხუცუბანი, ნაკაიძეები, დაგვა; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში: კაპრეშუმი, ზედა ახალშენი, ახალშენი, ხეღრუ, განახლება, სამება, ქვედა სამება.

gazi 3
ქობულეთში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები / ფოტო: აჭარის მთავრობის პრესსამსახური

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქობულეთისა და ხელაჩაურის მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები 320 კილომეტრიან მონაკვეთს და 4855 აბონენტს მოიცავს.

 

40 ათასი ლარი ორი მეორადი მსუბუქი ავტომობილისთვის

ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტო, რომელიც ბათუმის მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციაა,  2 ერთეულ მსუბუქ ავტომანქანა ( სედანი) შეიძენს. სააგენტოს ავტომანქანების შესაძენად 40 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოცხადებულია.

ტენდერით მოთხოვნილი სატრანსპორტო საშუალებები მინიმუმ უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მახასიათებლებს:

sedania

სააგენტოში აცხადებენ, რომ ავტომანქანები სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად სჭირდებათ.

საჯარო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ [ანონსი]

24 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება საჯარო შეხვედრა ევროკავშირის შესახებ.

შეხვედრაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

➣ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ევროკავშირში;
➣ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები;
➣ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესი და სხვა თემები.

ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება.

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ქირავდება ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე   ქირავდება 30 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა   დღიურად. ფასი: 50 აშშ დოლარი.

samaklero.ge

2. (2)

 

ბათუმში, ბერიძის (ყოფილი კალიევის) ქუჩაზე გირავდება გარემონტებული ბინა

ბათუმში, ბერიძის (ყოფილი კალიევის) ქუჩაზე გირავდება 44 კვ/მ გარემონტებული ბინა. ფასი: 14 ათასი აშშ დოლარი.

samaklero.ge

4. (1)

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, ქირავდება ბინა დღიურად

ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე, N4 ში  ქირავდება  37 კვ/მ ევრორემონტით უზრუნველყოფილი ბინა დღიურად. ფასი: 100 ლარი.

samaklero.ge

1. (2)

როდის აღადგენენ გარეგანათებას ბათუმის ქუჩებში

როდის აღადგენენ გარეგანათებას ბათუმის ქუჩებში? -კითხვაზე “ბათუმელებს” ზუსტი პასუხი ბათუმის მერიაში ვერ გასცეს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, გაფრთხილეს კომპანია “ზიმო 7-ი”, რომელიც ტენდერის მიხედვით ე.წ. ჭაობის უბანში სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

„რეაბილიტაციის დროს დაზიანდა ელექტროსადენები. ბოლო დროს კომპანია ორიენტირებული იყო მაქსიმალურად გზის მოასფალტებაზე და ამიტომ ვერ მოხერხდა გარეგანათების აღდგენა,” – უთხრეს “ბათუმელებს” ბათუმის მერიის პრესსამსახურში.

ამავე პრობლემაზე “ბათუმელებს” 11 მაისს მერიაში უთხრეს, რომ გარეგანათება ორი კვირის ვადაში აღდგებოდა. გარეგანათების გარეშეა ამჟამად გრიბოედოვის, ლერმონტოვის, თაყაიშვილისა და თავდადებულის ქუჩები პუშკინის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე, ასევე ლუკა ასათიანი ბაგრატიონიდან – მთის ძირის ქუჩამდე.

გუშინ, 21 ივნისს, გარეგანათება გამორთული იყო ბარათაშვილის ქუჩაზეც. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში მორიგი ტექნიკური პრობლემა დაფიქსირდა და განათების სისტემა უკვე აღდგენილია.

გონიოელები საპროტესტო აქციას აჭარის მთავრობასთანაც გამართავენ

ამ დრომდე გაურკვეველია, როდის გაიმართება ბათუმის საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის სხდომა, სადაც გონიოელების სადავო მიწის საკითხი უნდა გადაწყდეს. კომისიის თავმჯდომარე, ლევან კინწურაშვილი 15 ივნისს დაჰპირდა მოსახლეობას, რომ კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას 21 ივნისს მიიღებდა. გუშინ საკრებულოში არც კომისიის სხდომა გამართულა და არც განმარტება გაუკეთებია ვინმეს, თუ რატომ ვერ შედგა სხდომა, ან როდის შეიკრიბება კომისია.

გონიოელებმა მჯდომარე საპროტესტო აქცია საკრებულოს შენობასთან 14 ივნისს დაიწყეს და კარავიც გაშალეს. ისინი არც კინწურაშვილის დაპირების მოსმენის შემდეგ დაშლილან. „გუშინ ღამით მოვიდა ლევან კინწურაშვილი და უთხრა აქ შეკრებილებს, ყველაფერი მზადაა, თბილისიდან თანხმობას ველოდებითო,“ – ამბობს გონიოელი ენვერ ირემაძე.

ენვერ ირემაძის თქმით, საკრებულოს შენობასთან შეკრებილების ერთი ჯგუფი დღის 2 საათზე აჭარის მთავრობის შენობასთანაც გამართავს საპროტესტო აქციას. ისინი არჩილ ხაბაძისგან დაპირების შესრულებას მოითხოვენ.

შენობა-ნაგებობები, სადაც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო მასალების განთავსება

მუნიციპალიტეტების მიერ უკვე განსაზღვრულია იმ შენობა-ნაგებობებისა და ადგილების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია/დაშვებულია საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსება და საჯარო ღონისძიებების ორგანიზება/ჩატარება.

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მიერ გამოქვეყნდა აჭარის 5 მუნიციპალიტეტის – ბათუმის, ხელვჩაურის, ქედის, შუახევისა [ბმული 1 და 2] და ხულოს მიერ მიღებული შესაბამისი დადგენილებები, თუმცა არ არის გამოქვეყნებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დადგენილება.

უსკოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დოკუმენტს მიღებისთანავე გამოაქვეყნებენ.

ქობულეთის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი დადგენილება მიღებულია და ის ცესკოშიც არის გადაგზავნილი. ქობულეთის მონაცემები კი ამ დროისთვის არც ცესკოს აქვს გამოქვეყნებული.

[შენიშვნა: ქობულეთის საკრებულოს დადგენილება უსკომ გამოაქვეყნა]

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა – 306 091 ამომრჩეველი.

ანბანის კოშკი გაიხსნა

21 ივნისს ბათუმში, ანბანის კოშკში, გასართობი ობიექტები გაიხსნა. 130 მეტრ სიმაღლის ორიგინალურ ნაგებობაში საინფორმაციო-ტურისტული ზონა, პანორამული რესტორანი და ღია ტერასა სტუმრებს ხვალიდან მოემსახურება.

ანბანის კოშკი
ანბანის კოშკი

1 (5)

კოშკის მენეჯმენტის წარმომადგენლების ინფორმაციით, საინფორმაციო-ტურისტული ზონა ბათუმის პანორამული ხედებით კოშკის წვერში მდებარეობს. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას იძლევა ონლაინგიდის მეშვეობით სტუმრებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ საქართველოსა და მისი ღირსშესანიშნაობების შესახებ. იქვე, ტურისტებისთვის შესაძლებელია სუვენირებისა და სხვადასხვა თემატური ნივთების შეძენაც.

1 (13)

1 (11)

1 (10)
საინფორმაციო სივრცის ქვედა დონეზე განლაგებულია კომფორტული პანორამული რესტორანი აზიურ-ევროპული სამზარეულოთი. რესტორანი 360 გრადუსით ბრუნავს და ერთი საათის განმავლობაში სტუმრებს ბათუმის ხედების დათვალიერების საშუალებას მისცემს. კოშკში საკონფერენციო დარბაზი და VIP ოთახებიც მდებარეობს. კოშკის პირველ დონეზე მდებარეობს ღია ტერასა, სადაც ყოველდღიურად მრავალფეროვანი გასართობი პროგრამაა დაგეგმილი.

ანბანის კოშკის მშენებლობა ბათუმში 2011 წელს დასრულდა. მისი პროექტი ესპანელ არქიტექტორ ალბერტო დომინგო კაბოს ეკუთვნის. ანბანის 33 ასოთი გარშემორტყმული თანამედროვე ნაგებობა დნმ-ის უჯრედის მსგავს არქიტექტურას წარმოადგენს. მასში გადაადგილება მხოლოდ შემინული პანორამული კონსტრუქციის ლიფტებითაა შესაძლებელი. შენობა 2015 წლის 9 ივნისს, სიმბოლურ ფასად, 20 წლის ვადით კომპანია Boost Spain S.I – გადაეცა. ამ შენობისთვის ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტიდან 60 მილიონზე ლარი მეტი დაიხარჯა.

1 (9)

1 (6)

1 (7)

ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია

ბათუმში არდაგანის ტბაც დაბინძურებულია. ეს ვიზუალურადაც შესამჩნევია. სპეციალისტის თქმით კი, ტბაში არსებული მდგომარეობა მომავალში შეიძლება ქალქს მნიშვნელოვან პრობლემად ექცეს.

არდაგანის ტბა ბათუმში
არდაგანის ტბა ბათუმში

შავი ზღვის ეკოლოგიური კვლევის ცენტრის სპეციალისტის, არჩილ გუჩმანიძის თქმით, პრობლემა არის ჯავახიშვილის ქუჩის კოლექტორი, შტორმების დროს ზღვა არ იღებს წყალს, ამ დროს ხდება კოლექტორში წყლის დონის მკვეთრი მატება და გადაღვრა ტბაში.

„ბუნებრივია ამ კოლექტორს აქვს მიერთებული საკანალიზაციო წყლებიც, ასევე სამეურნეო ნახმარი წყლები. ეს ყველაფერი ხვდება ტბაში, რაც იწვევს ეკოლოგიური ბალანსის რღვევას. ეს პროცესი არდაგანის ტბაში დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს აღრიცხული ოთხი შემთხვევა იქ თევზების მასობრივი ხუთვის. ტბაში მიმდინარეობს ინტენსიური შხამდაგროვებითი პროცესი. ფსკერისპირა შრეში ანაირობული მასის წარმოქმნა, ჟანგბადის პრობლემები რასაც თან სდევს წყლის ხარისხის გაუარესება და თევზების მასიური ხოცვა. ჩვენ ორჯერ ამ ტბაში გავუშვით თევზი თეთრი ამური. ეს არის თევზი სანიტარი, ბიოლოგიური ფილტრი, ის ითვისებს ამ მასებს საკვების სახით და გარდაქმნის მას ორგანიკად, მაგრამ სამწუხაროდ გაშვებული თევზი მონადირეებმა დაიჭირეს. ამის კონტროლი არ ხდება. პროცესს სჭირდება კვლევა – კვლევის გარეშე კი შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ეს ჰგავს ლუჯმწვანე წყალმცენარეების თიანოფიტების ყვავილობას. ესენი არიან ფორმები, რომლებიც ტოქსიკურობით გამოირჩევიან. იმ თევზის საკვებად მიღებაც არ შეიძლება, რომელიც ამით იკვებება. არდაგანის ტბა, ტბური ეკოსისტემა აღარ არსებობს, მოშლილია. საბოლოო ჯამში ჩვენ იქ მივიღებთ ორგანული ნივთიერებებით გაჯერებულ არასასიამოვნო ტბორს. რომელიც მომავალში მნიშვნელოვან პრობლემას შეუქმნის ქალაქს.“ – განმარტა არჩილ გუჩმანიძემ.

ბათუმში, პრობლემები აქვს 6 მაისის პარკში არსებულ ნურიგელის ტბასაც.

1 (2)
არდაგანის ტბა

1 (3)

ფოტო: თორნიკე თავაძე
ფოტო: თორნიკე თავაძე

1 (5)

1 (6)

1 (7)

1 (8)

1 (9)

1 (10)

1 (11)

1 (13)

Exit mobile version