Batumelebi | მაშველები სეზონის წინ მაშველები სეზონის წინ – Batumelebi
RU | GE  

მაშველები სეზონის წინ

წელს აჭარის სამაშველო სამსახურის ტექნიკურ აღჭურვილობას ორი კატერი და ერთი სკუტერი დაემატა, შესაბამისად, ახლა სანაპირო ზოლზე ხუთი კატერითა და ექვსი სკუტერით იმორიგევებენ. სანაპირო ზოლი, სადაც ბანაობა ნებადართულია, წელს არ გაზრდილა და დამსვენებელთა უსაფრთხოებაზე, წინა წლების მსგავსად, კვლავაც 135 მაშველი იზრუნებს. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მათ 350-ზე მეტ ადამიანს შეუნარჩუნეს სიცოცხლე.

„გვექნება 6 სწრაფმავალი სკუტერი, 200, 250 და 300 ცხენის ძალის მქონე ოთხი კატერი და ერთი ბუქსირი, რომელიც სამბალიან შტორმში გადის, მას ოდნავი რემონტი ჩაუტარდა, რამაც, ფაქტობრივად, თავისი ძველი სიჩქარე დაუბრუნა და ძალიან კარგ ფორმაშია,“ – ამბობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძე.

უკვე მეორე წელია სამაშველოს სკუტერები და კატერები გამოძახებებზე იახტკლუბიდან აღარ გადიან, ნაცვლად ამისა, სწრაფმავალი მცურავი საშუალებები მონაკვეთების მიხედვით არიან ზღვაში განლაგებული. ეს, მაშველების თქმით, უფრო ოპერატიულად მუშაობის საშუალებას იძლევა. „ერთი მცურავი საშუალება გონიოშია მოთავსებული – იგი აკონტროლებს გონიოსა და კვარიათს. ახალ ბულვარში ცალკე მცურავი საშუალება გვაქვს, რომელიც ნაპირიდან სამ მეტრში, სპეციალურ სამაგრზე იქნება მიმაგრებული, იქედან გავა და გააკონტროლებს ახალ ბულვარს, ცალკე მცურავი საშუალება ექნება ძველ ბულვარსა და ბენზე-ბარცხანას, ქობულეთს კი ორი სკუტერი გააკონტროლებს,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო

სარფიდან ჩოლოქის ჩათვლით განთავსებულ საგუშაგო კოშკებში, რომლებიც ერთმანეთისგან 170-200 მეტრის დაშორებით არის განთავსებული, დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე ორი მაშველი მორიგეობს. როგორც სამაშველო სამსახურში განმარტავენ, ადამიანი, რომელიც იხრჩობა, აგრესიულია და შეიძლება მაშველიც დაძიროს, ამიტომ, როგორც წესი, მის გადასარჩენად ერთი ადამიანი არასდროს შედის.

მაშველებს სამუშაო საათებში ეკრძალებათ ყურადღების მოდუნება კითხვით, გასართობი თამაშებითა თუ სხვა საქმიანობით.
საზღვაო მიმართულების მაშველები წელსაც კონკურსის წესით შეარჩიეს. კონკურსის პირველი ეტაპი კონკურსანტების ისტორიის შესწავლა იყო. „როცა პოლიციის სისტემაში მოდის ადამიანი, მას საფუძვლიანად სწავლობენ, არ უნდა იყოს ნასამართლევი, არ უნდა ჰქონდეს საპროცესო, არ უნდა ჰქონდეს გადახდილი ადმინისტრაციული ჯარიმები და ა.შ.“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

კონკურსის მომდევნო და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კანდიდატების ფიზიკური შემოწმებაა. ნორმატივები, რომელთა ჩაბარებაც მაშველებს მოუხდათ – 100 მეტრის მაქსიმუმ 3 წუთში გაცურვას გულისხმობდა. „ეტაპობრივად გავატარეთ შემოწმებაზე 135 ადამიანი, ჯერ პირველი ოცეული გავატარეთ, მათ, ვისაც ამ ოცეულში წუთები არ ეყო (გადაამეტეს სამი ან ხუთი წამი), მივეცით საშუალება მომზადებულიყვნენ და მეორე ოცეულთან მოსულიყვნენ, ანუ შანსი ყველას მივეცით,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მაშველის სტატუსის მოპოვებამდე მათ გაიარეს პირველადი დახმარების კურსი და ტრენინგი სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში.
როგორც სამაშველო სამსახურში გვითხრეს, 135 მაშველთაგან დაახლოებით 100 აჭარის სამაშველო სამსახურში უკვე სამი-ოთხი წელია სეზონურად მუშაობს. საზღვაო მიმართულების მაშველის სამსახურში ასაკი შეზღუდული არ არის. „მათ შორის არიან 50 წლის ადამიანებიც, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან და მათზე ახალგაზრდებზე უკეთ ცურავენ. 60 წლის კაცი ჩვენთან არ მოვა სამუშაოდ და 50 წლამდე არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მიუხედავად იმისა, რომ ზღვის მიმართულების მაშველის სამსახურზე გენდერული შეზღუდვა არ არის, წელსაც ყველა მაშველი კაცია. როგორც მამუკა თურმანიძე ამბობს, ამ სამუშაოზე ქალებს განაცხადები არ შეუტანიათ. „დღეს მოთხოვნაც არ არის ქალების მხრიდან ამ პროფესიაზე, ისეთი მომზადებული ქალი ჩვენ არ გვყავს, რომ მაშველებად ვამუშაოთ. როცა ადამიანის სიცოცხლესთან გვაქვს საქმე, რეკლამაზე ვერ იმუშავებ“, – ამბობს მამუკა თურმანიძე. მისივე თქმით, შეზღუდვა ქალ მაშველებზე არსად არის გაწერილი და თუ ქალი კანდიდატი დააკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს და ექნება შესაბამისი სპორტული მონაცემები, ის შეძლებს მაშველად მუშაობას.

მოქალაქისთვის მზის დაკვრის შემთხვევაში ჰაერის უკმარისობისას, ღია ჭრილობაზე და სხვა, შედარებით უფრო მსუბუქ დაზიანებებზე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა მაშველებსაც შეუძლიათ. მაგრამ მძიმე ტრავმებსა და გართულებებზე დამსვენებლებისთვის დახმარების აღმოჩენა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის პრეროგატივაა.

„ბათუმის სანაპიროზე შვიდი ივნისიდან მუდმივად მორიგეობს ერთი ბრიგადა [ექიმი, ექთანი და მძღოლი]“ – ამბობს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი პაქსაძე. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, როცა ბრიგადა გამოძახებაზეა გასული, დამსვენებლებს სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს ექთანი, რომელიც შაუმიანის ქუჩის დასაწყისში [პლაჟთან] განთავსებულ ბეტონის სამაშველო-სახანძრო კოშკურაში იქნება მუდმივად მობილიზებული.

ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო

ბათუმის სანაპირო ზოლი. თორნიკე თავაძის ფოტო

ბადრი პაქსაძისავე განმარტებით, გონიო-სარფის მონაკვეთზე, სავარაუდოდ, ივლისიდან დაემატება კიდევ ერთი ბრიგადა. „ახლა არ არის დიდი დატვირთვა და ეს ერთი ბრიგადა ემსახურება სანაპიროს,“ – ამბობს ის.

როგორც სამაშველო სამსახურში ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, სანაპიროზე შესაძლოა მაშველების რაოდენობაც გაიზარდოს. „მაგალითად, ციხისძირში გაიხსნა ახალი დიდი სასტუმრო კომპლექსი, რაც სეზონზე დამსვენებელთა რაოდენობის გაზრდას გამოიწვევს და ამიტომ ციხისძირში რამდენიმე მაშველი დავამატეთ,“ – ამბობს მამუკა თურმანიძე.

მაშველები ამინდის ცვლასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს რაციის მეშვეობით იღებენ, თუ რაციით კავშირი გაწყდა – კორპორაციული ტელეფონებით. აქედან გამომდინარე იცვლება ალმებიც საგუშაგოზე: წითელი ალამი ნიშნავს, რომ წყალში შესვლა სარისკოა, თეთრი ალამი კი მიანიშნებს, რომ ბანაობა დაშვებულია.

ზღვაში ბანაობასთან დაკავშირებით, სამაშველო სამსახურის მთავარი რეკომენდაცია უცვლელია – დაუშვებელია ზღვაში შესვლა არაფხიზელ მდგომარეობაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან