მთავარი,სიახლეები

22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

23.06.2016 • 1750
22 ივნისს დაკავებული გონიოელების საქმის განხილვა სასამართლოში გადაიდო

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავდა 22 ივნისს დაკავებული აქციის მონაწილე გონიოელების – გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის საქმეს. პოლიციამ  აქცია გუშინ ძალის გამოყენებით დაშალა, რაშიც მონაწილეობდნენ კუნთმაგარი მამაკაცები უნიფორმის გარეშე. გუშინ არც ერთ მათგანს არ გაუცია კითხვაზე პასუხი – იყვნენ პოლიციელები თუ არა?

„ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლო სხდომის გადადებასთან დაკავშირებით, რადგან გვინდოდა მოწმედ წარმოგვედგინა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აჭარის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი ციალა ქათამიძე, რომელიც სასამართლო უწყების გარეშე ვერ გამოცხადდებოდა. ის მომხდარის თვითმხილველია და სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურსტთა ასოციაციის ადვოკატი პაატა დიასამიძე, რომელიც სასამართლოში გურამ მიქელაძისა და ენვერ ირემაძის ინტერესებს იცავს.

გუშინ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო სამი პირი  [გურამ მიქელაძე, ენვერ ირემაძე, იასონ პაქსაძე] ადმინისტრაციული კოდექსისი 173-ე მუხლით დააკავა, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ნიშნავს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ეს მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევი პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

იასონ პაქსაძე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გუშინვე [22 ივნისს] ყოველგვარი სანქციის გარეშე გაათავისუფლა. გურამ მიქელაძე და ენვერ ირემაძე კი, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გაუშვა. დღეს სწორედ მათ საქმეს განიხილავდა მოსამართლე ლევან მიქაბერიძე.

გონიოელები ამ დროისთვის საპროტესტო აქციას საკრებულოს შენობასთან აგრძელებენ. მოთხოვნა უცვლელია – მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

სასამართლო სხდომა 28 ივნისისთვის გადაიდო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: