კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ნარკოტესტი იძულებით და ორი ექსპერტიზის სხვადასხვა დასკვნა

22.06.2016 • 2683
ნარკოტესტი იძულებით და ორი ექსპერტიზის სხვადასხვა დასკვნა

ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში ბრალდებულ დათო ნ.-ს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა. ექსპერტიზის ორი დასკვნიდან მოსამართლე ირაკლი შავაძისთვის დამაჯერებელი აღმოჩნდა სამხარაულის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც წერია, რომ ბრალდებულს ნარკოტიკი არ მოუხმარია. მანამდე დათო ნ.-ს ნარკოტესტირება ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ჩაუტარეს, სადაც ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე უთხრეს, რომ ნარკოტიკი მოიხმარა. პროკურატურა მის დასჯას სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე აპირებდა.

„ღამის ათ საათზე მომაკითხეს სახლში და წამიყვანეს. პოლიციის განყოფილებაში მივედით და ჩავაბარე ბიოლოგიური მასალა. მითხრეს, მეტადონი გაქვს უკანონოდ მოხმარებული, ასე დადგინდაო,“ – იხსენებს დათო ნ. იგი წარსულში მარიხუანას მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს. ეჭვობს, რომ პოლიციას სწორედ წარსულში მომხდარმა ფაქტმა „გაუჩინა გონივრული ეჭვი“.

მას შემდეგ, რაც სამხარაულის ბიურომ პოლიციისგან სრულიად საწინააღმდეგო შედეგი დადო, დათო ნ. ქობულეთის პოლიციას კიდევ ორჯერ დაუკავებია: „ორივეჯერ 12 საათს მამყოფეს პოლიციის განყოფილებაში. ადვოკატისგან მქონდა ინფორმაცია, რომ პოლიციელებს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაკავების უფლება აქვთ, მაგრამ ნიმუშის ჩაბარება ნებაყოფლობითია. არ უთქვამთ, გინდა თუ არა ჩაგვაბარე ბიოლოგიური მასალაო, მაგრამ ტუალეტში არ მიშვებდნენ. მაქ არ შეიძლებაო“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში არ უპასუხეს „ბათუმელების“ კითხვას, რატომ შეიძლება იყოს განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო პოლიციის ლაბორატორიისა და სამხარაულის ექპერტიზის ბიუროს დასკვნები. „ჩვენთან ნამდვილად ჩაუტარდა ამ პიროვნებას ანალიზი აპარატით, რომელიც ითვლება მსოფლიოში ყველზე ზუსტ აპარატად და დაუდგინდა დადებითი პასუხი. იგივე ბიოლიოგიური მასალა მას არ გაუტანია ალტერნატიული ანალიზის ჩასატარებლად. მეტს ვერაფერს გეტყვით,“ – გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში. კომენტარს ამ თემაზე არ აკეთებენ არც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

პოლიციაში ჩატარებული ნარკოტესტირებისგან გასხვავებული შედეგი მიიღო ბესიკ მახარაძემაც დამოუკიდებელი ექსპერტიზისგან. მას ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გარდა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად და მისი საქმის განხილვა ახლახან დაიწყო მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. „ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა დამაკავეს. არ ვიცი, იძულებით ჰქვია თუ არა ამას, მაგრამ ვიცოდი, არ მომეშვებოდნენ – მთელი ღამე იქ მაყურყუტებდნენ. ადვოკატსაც არ მისცეს შემოსვლის უფლება. იგივე ბიოლოგიური მასალის ნაწილი გავაგზავნეთ თბილისში და დადასტურდა, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი არ ვარ. ალტერნატიულ ექსპერტიზაში დაახლოებით 300 ლარი გადავიხადე,“ – ყვება ბესიკ მახარაძე.

ორი ექსპერტიზის ურთიერთგამომრიცხავი შედეგი დაფიქსირდა 2013 წელსაც. მაშინ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ ალტერნატიული ექსპერტიზის შედეგი არ გაითვალისწინა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი, ლევან ლორთქიფანიძე 500 ლარით დააჯარიმა. მსჯავრდებულს სამსახურიც დაატოვებინეს.

„ესეც მიღწევაა, რომ ნარკოტესტირებისგან გასხვავებულ შედეგს დებს ექსპერტიზა. სასამართლოში კი ამ კუთხით განსხვავებული პრაქტიკა მკვიდრდება,“ – ამბობს ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი. ადვოკატების თქმით, სამხარაულის ბიუროს მეტი შესაძლებლობა აქვს, ზუსტი შედეგი დადოს და სასამართლო ამას იზიარებს. პრობლემა ამ კუთხით იქმნება იმ შემთხვევაში, თუკი პირს, ვინც საკუთარ უდანაშაულობაში დარწმუნებულია, არ აქვს ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებისთვის ფული. „პრობლემაა ექსპერტის პასუხისმგებლობაც. როცა დგინდება რამდენიმე შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი შედეგი, ამ საკითხით უნდა ინტერესდებოდეს პროკურატურა,“ – ამბობს მერი ცინარიძე. ის ნარკოტიკის მოხმარებაში გამართლებული ბრალდებულის, დათო ნ.-ს ადვოკატია.

„ქობულეთი ლიდერია აჭარაში. იქ ყველაზე მეტ ადამიანს აკავებენ და მიჰყავთ ნარკოტესტირებაზე. არ ვიცი, რატომაა ასე. ალბათ, პოლიციის უფროსის მიდგომაა ასეთი,“ _ ამბობს ზორია წურწუმია, კავშირ „იმედის“ ხელმძღვანელი. ის იხსენებს შემთხვევას, როცა პირმა ნებაყოფლობით არ მისცა ნიმუში ქობულეთის პოლიციის ლაბორატორიას, კანონით გათვალისწინებული 12 საათის შემდეგ იგი გაათავისუფლეს, მაგრამ გამოსვლიდან რამდენიმე წუთში პოლიციის სხვა თანამშრომლებმა უკანვე შეაბრუნეს – ისევ 12 საათით.

ზორია წურწუმიას მსგავსად, სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, თემურ ქორიძეც მიიჩნევს, რომ ზეწოლაა დაკავებული პირის 12 საათით პოლიციის შენობაში გაჩერება: „მხოლოდ წელს ხუთმა ადამიანმა მომართა სახალხო დამცველის აპარატს აჭარის რეგიონში, აქედან სამმა უარი თქვა ნიმუშის ჩაბარებაზე, მაგრამ ისინი მაინც 12 საათის განმავლობაში გააჩერეს განყოფილებაში. ამ გაჩერების მიზანი არის ის, რომ ადამიანი იძულებული გახდეს მოსცეს ბიოლოგიური მასალა. ჩვენ ეს შემთხვევები გადავამოწმეთ და მივმართეთ პროკურატურას. რეაგირების შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ჯამში 37 503 პირი დააკავეს ნარკოტესტირებისთვის, აქედან 10 894 შემთხვევაში დაფიქსირდა ნარკოტიკის მოხმარება. 2016 წლის პირველი სამი თვის მონაცემებით, 8095 ადამიანი დააკავეს იმავე მიზეზით, დადებითი პასუხი 2180 შემთხვევაზე გასცა პოლიციის სხვადასხვა განყოფილების ლაბორატორიამ.

სახალხო დამცველის აპარატმა კვლევა ქუთაისში ჩაატარა. გასული ორი წლის მონაცემებით, ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს მიერ დაკავებულთა 80 პროცენტს ნარკოტიკული თრობა არ დაუდგინდა. კვლევის შედეგების გასაანალიზებლად ქუთაისში გამართულ დისკუსიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ოქროპირიძემ განაცხადა: „რა თქმა უნდა, პრობლემები ამ კუთხით არსებობს. ეს მონაცემები შემაშფოთებელია. მინისტრის ახალი ბრძანება გასული წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდა და ვფიქრობ, ის შეცვლის მოცემულობას. მხოლოდ პოლიციელის საფუძვლიანი ეჭვი აღარ არის საკმარისი. სამი შემთხვევაა განსაზღვრული: როცა პოლიციელი შეესწრება სამართალდარღვევის ფაქტს, მეორე – როცა პრევენციის მიზნით პოლიციელი აჩერებს პირს, ახდენს გამოკითხვას და ადამიანი ცდილობს მიმალვას და მესამე რჩება ოპერატიული ინფორმაცია. ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება უნდა იყოს შესაძლებელი და ის უნდა იყოს ასევე დაფიქსირებული 112-ზე.“

„რეალობა მინისტრის ამ ბრძანების შემდეგ არ შეცვლილა,“ – ამბობს „მსოფლიო ექიმები – საფრანგეთის“ წარმომადგენელი საქართველოში ინა ინარიძე. ინარიძის თქმით, ისევ არავის აქვს წვდომა, საიდან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია პოლიციელმა: „მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ისევ არ იცის, რომ მათ აქვთ უფლება, არ მისცენ ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და არ ჩააბარონ ბიოლოგიური მასალა. ვინც იცის ამ უფლების შესახებ, მას პოლიცია აშინებს, ეუბნებიან, მაინც დაგიჭერთ, ვერ გადაგვირჩებითო და ასე შემდეგ“.

მინისტრის ახალი ბრძანების ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წლის 23 თებერვალს ბათუმში ორი პირი დააკავა პოლიციამ. დაკავებულებმა უარი თქვეს ნიმუშის ნებაყოფლობით ჩაბარებაზე, მაგრამ ისინი არ გამოუშვეს პოლიციის განყოფილებიდან, ვიდრე დაკავებიდან 12 საათი არ გავიდა. დაკავებულებთან რამდენიმე საათის დაგვიანებით შეუშვეს მათი ინტერესების დამცველი, საია-ს იურისტი პაატა დიასამიძე: „ბრძანებას არაფერი შეუცვლია, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ინსტრუქციები გაიწერა პოლიციელებისთვის.

არაფერი შეცვლილა საკანონმდებლო ხარვეზის კუთხით – ისევ შეუძლია პოლიციას ადმინისტრაციული წესით დააკავოს ადამიანი, რომელმაც შემდეგ ნებაყოფლობით უნდა მისცეს ნიმუში ნარკოტესტისთვის. რატომ უნდა ხდებოდეს დაკავება, გაუგებარია“.

ფოტოზე: აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა. ჯაბა ანანიძის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: