კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

„დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, მისტიკური გვირაბი მეგონა“

23.06.2016 • 2830
„დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, მისტიკური გვირაბი მეგონა“

17 წლის ნინო ჭაღალიძე ბათუმელი მოსწავლეა, რომელმაც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა. მან ქიმიაში, ბიოლოგიასა და გეოგრაფიაში დამრგვალების გარეშე 10 ქულა, ხოლო ფიზიკაში 9 ქულა მიიღო.

„მე-11 კლასელთა საატესტატო გამოცდები რომ მიმდინარებდა, დერეფანი, რომლის ბოლოშიც საგამოცდო ოთახია, რაღაც მისტიკური გვირაბი მეგონა, რომლის ბოლოშიც ან სინათლეა, ან სიბნელე, ან ბედნიერი დაბრუნდები იქიდან, ან უბედური… ახლა ეს სასაცილოა, მაგრამ ასე მეჩვენებოდა“, – ამბობს ნინო, რომელიც ბათუმის მეათე საჯარო სკოლის ოქროსმედალოსნობის კანდიდატი მოსწავლეა. მისი თქმით, ყველაზე მეტად სიახლეები და განვითარება უყვარს, მიზნისკენ სწრაფვის პროცესი, თავისი დაძაბულობისა და სტრესულობის მიუხედავად, ყველაზე მეტად მოსწონს. გამოცდების წარმატებით დამთავრების შედეგ უკან მოხედვისას ამას მიხვდა: „ძალიან კარგი იყო, სასიამოვნო… ახლა უკვე სხვა მიზანია, ისევ თავიდან უნდა დაიწყოს ეს გზა და მიზანი უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ეს სიხარული დიდ ხანს არ გეყოფა“.

გარდა მაღალი მოსწრებისა, ნინო სკოლაში აქტიურ ცხოვრებას ეწევა – ჩართულია სასკოლო კლუბების სხვადასხვა აქტივობაში, კონკურსში და ახალ-ახალ გამოწვევებს ეძებს. იგი მეგობრებთან ერთად გამოცდების პარალელურად ლიტერატურულ კონკურსშიც მონაწილეობდა, სადაც მეორე ადგილი დაიკავეს. როგორც ნინო ამბობს, წარმოდგენა, რომ ფრიადოსანი მოსწავლეების ცხოვრება ნაცრისფერია და „წიგნის ჭიად“ ყოფნას ნიშნავს, სრულიად მცდარია:

„რა თქმა უნდა, გამოცდების პერიოდში, არც მე და არც ჩემს მეგობრებს ბევრი დრო არ გვქონდა, მაგრამ მანამდეც და მაშინაც კი ვპოულობდით დროს გართობისთვის, სიახლეების ძიებისთვის. არ მახსენდება, როდესმე მეგობრებისთვის მეთქვას ვერ წამოვალ, სამეცადინო მაქვს-მეთქი. ჩვენ ორივეს ვათავსებთ. ამის გამო ღამეც გამითენებია, დაბრუნებულს რომ მემეცადინა… მიუხედავად იმისა, რომ დიდად არასდროს ვყოფილვარ ინიციატორი, შატალოზეც წავსულვარ“, – ამბობს ნინო და დასძენს, „შესაძლებლობა რომ მქონოდა, შეიძლება ცოტა კიდევ უფრო გიჟური ვყოფილიყავი“. ამბობს, რომ ბევრი რამ უცდია – ზოგი მოეწონა, ზოგ შემთხვევაში მიხვდა, რომ მისთვის არ იყო, მაგრამ მცდელობად ყველაფერი ღირდა.

„ბევრი რამ მომწონდა, მასწავლებლობაც მინდოდა და კიდევ ბევრი სხვა. იყო პერიოდი, ჟურნალისტიკით ვიყავი გატაცებული, მეგონა, რომ ეს იყო ყველაზე ცოცხალი, აქტიური და განვითარებადი, სიახლეებით აღსავსე პროფესია“, – იხსენებს ნინო და ამბობს, რომ ჟურნალისტიკის კურსებზეც ჩაეწერა. მისი თქმით, სამწუხაროდ, ან ზედმეტად დიდი მოლოდინი ჰქონდა, ან ამ კურსებმა შესაბამისად ვერ აჩვენა ეს პროფესია: „ალბათ ბავშვურად მეგონა რეპორტაჟებს მოვამზადებდით, ამბების გასაშუქებლად გაგვიშვებდნენ… სინამდვილეში ჟურნალისტიკაზე თეორიული საკითხების სწავლა დავიწყეთ და ცოტა რუტინულად მომეჩვენა. ჩავთვალე, რომ ალბათ ეს არ არის ჩემი საქმე“.

ნინოს პროფესია დღემდე არ აქვს არჩეული. ამბობს, რომ იურისტობა მოსწონს, მაგრამ ორი მომენტი აყოვნებს. პირველი, რასაც საკუთარ თავთან კონფლიქტში შეჰყავს იმის გააზრებაა, რომ იურისტს მოუწევს თუნდაც დამნაშავე დაიცვას და გაამართლოს. რაც შეეხება მეორეს, აქ კვლავ განვითარების შესაძლებლობაზე ფიქრობს: „არ ვიცი, ვთქვათ და ჩავაბარე იურიდიულზე, იქნებ ისიც ისეთივე ან უარესად რუტინული აღმოჩნდეს, როგორც ჟურნალისტიკა მომეჩვენა?! ან ვთქვათ დავასრულე ბაკალავრიატი, შემდეგ მაგისტრატურა, დოქტორანტურა… მერე?!“

გამოცდებზე საუბრისას ნინო ამბობს, რომ აქ გამართლება და ცოდნა სადღაც 50/50-ია. მისი თქმით, შესაძლოა ეს გამოცდები ცოდნასაც ამოწმებს, მაგრამ ამასთან ერთად, უფრო სტრესულ მდგომარეობაში მობილიზების უნარები მოწმდება, რაც ასევე მნიშვნელოვანია: „ჩვენ მანამდეც გვქონდა გამოცდები. ალბათ, ასე რომ არ ყოფილიყო, კიდევ უფრო გამიჭირდებოდა. ამიტომ მგონია, რომ აჯობებს თუ თავიდანვე მივეჩვევით. მგონი გამოცდების ცუდი შედეგებიც ამ მიზეზით დგება ხოლმე“, – აღნიშნავს ნინო.

მას საკუთარი მოსაზრება აქვს პროფილურ სწავლებაზეც. „საერთოდ მგონია, რომ საშუალო საფეხური [X, XI და XII კლასები] პროფილური სწავლება უნდა იყოს. არ შეიძლება თავს მოვახვიოთ ზედმეტი საგნები. მაგალითად, მე უფრო ჰუმანიტარი ვარ და თუნდაც ის საგნები, რაც ახლა ჩავაბარე, საბაზო საფეხურის შემდეგ რომ მესწავლა, ამის აუცილებლობას ვერ ვხედავ. აჯობებდა ჰუმანიტარული მიმართულებით უფრო დიდი დატვირთვით მემუშავა – იმაზე, რაც მაინტერესებს“, _ მსჯელობს 17 წლის ბათუმელი მოსწავლე და დასძენს, რომ თავისი ინტერესების დაკმაყოფილებას სკოლის ლიტერატურული კლუბის მეშვეობით ცდილობდა. კლუბის ფარგლებში რამდენიმეჯერ საზაფხულო ბანაკ „ლიტერატურლ ქალაქშიც“ ყოფილა.

საერთო ჯამში, სკოლით და მასწავლებლებით კმაყოფილია. ამბობს, რომ მასწავლებლები მას და თანაკლასელებს დამატებით უსასყიდლოდ ამეცადინებდნენ და წინასაგამოცდო პერიოდში, სკოლიდან ღამითაც წასულან: „მეამაყება, რომ ჩვენ სკოლაში წელს არც მეთორმეტეკლასელთა და არც მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდებზე არავინ ჩაჭრილა. ჩვენთან სხვასაც აქვს ძალიან კარგი ქულები და არ ჩამითვლია, რომ რაღაც განსაკუთრებული იყო ჩემი შედეგები“, – ამბობს ნინო და იხსენებს, რომ გამოცდის დღეს მეგობრები სწორედ იმ დერეფანში, რომელიც მისტიურ გვირაბად ეჩვენებოდა, მეცადინეობდნენ, ერთმანეთს გულშემატკივრობდნენ, გამოცდიდან გამოსულები კითხვებს სვამდნენ, რომლებიც უცხოდ ან გაუგებრად ეჩვენათ, რომ შემდეგი შემსვლელი მომზადებული ყოფილიყო: „ამოხსნის პრინციპს ვეძებდით, რომ სწრაფად გაეკეთებინა შემდეგს“.

ნინოს საყვარელ გასართობთა სიაში ეზოში „წრეში ბურთის“, „კლასობანას“ და „შვიდ ქვობანას“ თამაში, წიგნების კითხვა და სიახლეების ძიება დაუგროვდა, ახლა უკვე აბიტურიენტობისთვის ემზადება. მანამდე კი ფიქრობს, კიდევ ერთხელ ხომ არ სცადოს ჟურნალისტიკის გაცნობა, მას ხომ პროფესია აქვს ასარჩევი – ენერგიული, დინამიკური და საინტერესო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: