კორპუსები ეზოების, 80-100-ბინიანი სახლები პარკინგისა და გამწვანების გარეშე – ეს არის ტენდენცია, რომელიც წინა ხელისუფლებამ დანერგა და მოქმედმა ზედმიწევნით აითვისა. მოიმატა ავტომანქანების რაოდენობამაც და ასე თანდათან ბათუმი იქცა „საცობების“ ქალაქად. მალე, როდესაც ახალაშენებულ თუ მშენებარე ბინებში ადამიანები დასახლდებიან, კიდევ უფრო შეუძლებელი გახდება გადაადგილება. ინფორმაცია, რომ მსგავსი ნებართვების გაცემა დაკავშირებულია მენაშენეებსა და აჭარისა თუ ბათუმის ხელისუფლების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებებთან, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მსჯელობის საგანია – ამის მტკიცებულება, ჯერჯერობით, არ არსებობს.
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, #17-ში, ერთი პატარა, ორსართულიანი სახლის ადგილზე 6-სართულიანი კორპუსი შენდება. ეს კორპუსი ბათუმის მუნიციპალიტეტის შენობიდან ორ კვარტალში, „გაზეთ ბათუმელების“ რედაქციის შენობის გვერდით მდებარეობს. სახლს, რომლის ეზოს მხარეს ერთი კვადრატული მეტრი შავი კარკასი 800 ამერიკული დოლარი ღირს, ხოლო ქუჩის მხარეს – 1000 დოლარი, არც ავტომანქანებისთვის განკუთვნილი პარკინგი აქვს და არც ეზო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მობინადრეს ავტომანქანა გაეჩერებინა.
15-სართულიან სახლს, რომელიც, მაგალითად, ასევე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში – გორგილაძისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში შენდება და რომელშიც სავარაუდოდ 80-100 ბინა მაინც იქნება, ავტომანქანების გასაჩერებლად მხოლოდ 11 ადგილი აქვს გამოყოფილი;
გორგილაძის ქუჩის 28 ნომერში აშენებული თუ მშენებარე სამი კორპუსიდან [5-5-7-სართულიანი კორპუსებია], არც ერთში არ არის გათვალისწინებული ადგილი ავტომანქანების გასაჩერებლად. ამ სახლებს ისეთი ერთი საერთო შესასვლელი და ეზო აქვს, ორი ან სამი მეზობელი ძლივს რომ აუქცევს გვერდს. ეს მშენებლობაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობიდან 3 კვარტალში მდებარეობს.
მელიქიშვილის ქუჩაზე, #43-ში თავდაპირველად აშენებულ უზარმაზარ კორპუსს მართალია აქვს საკუთარი პარკინგი კორპუსის სივრცეში, მაგრამ იმავე მისამართზე არანაკლებ დიდი ზომის საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ჯერ კიდევ სამშენებლო ღობე აქვს შემოვლებული [სხვათა შორის, ქუჩის ამ მონაკვეთზე ტროტუარი წლებია გადაკეტილია და ფეხითმოსიარულეებს მანქანების ნაკადში უწევთ მოძრაობა – ავტ] ასევე პარკინგის გარეშეა.
ეს ის მისამართებია, რომლებიც „გაზეთმა ბათუმელებმა“ გასულ კვირას იმ ნიშნით შეარჩია და გადაამოწმა, რომ ყველა მათგანი ბათუმის მერიასთან ახლოს მდებარეობს. შესაბამისად, ქალაქის არჩეული მერი გიორგი ერმაკოვი, სავარაუდოდ, ყოველ დღეს თუ არა კვირაში ერთხელ მაინც უნდა ხედავდეს ამ მშენებლობებს, რომლებიც, ფაქტობრივად, პარკინგის გარეშე, ანუ სამშენებლო ნორმების დარღვევით მიმდინარეობს.
რას აკეთებს ასეთ სიტუაციაში ბათუმის მერიის ზედამხედველი ორგანო – ბათუმის საკრებულო? – ამ ორგანოში სულ ცოტა ხნის წინ დაიწყეს იმაზე ფიქრი, რომ მსგავსი მიდგომა „ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიცვალოს“. გასულ კვირას უკვე მეორედ შეიკრიბა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც სცადა ემსჯელა, რა ეშველება ბათუმს ტურისტულ სეზონზე, როცა ახლაც კი დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული ავტომანქანით გადაადგილება. ლაშა სირაბიძე _ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ამავდროულად ამ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელია, მიიჩნევს, რომ `საცობების~ პრობლემა მხოლოდ ავტომანქანების ჭარბი რაოდენობით არის გამოწვეული. მას არაფრის გაგონება არ სურს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქში შენდება კორპუსები, რომლებსაც ან საერთოდ არ აქვთ პარკინგისთვის გათვალისწინებული ადგილები, ან აქვთ, მაგრამ შენობის მასშტაბებთან შედარებით მინიმალურია, ან კიდევ პროექტით გათვალისწინებული პარკინგი სხვა დანიშნულებით – საწყობად თუ სავაჭრო ობიექტად გამოიყენება.
ლაშა სირაბიძე დაჟინებით აცხადებს, რომ პარკინგის გარეშე სამშენებლო ნებართვები მხოლოდ წინა ხელისუფლების პირობებში გაიცემოდა და აქედან მომდინარე კორუფციაც მხოლოდ წინა ხელისუფლების დროს იყო.
ლაშა სირაბიძის ხედვით „საცობების“ პრობლემა დიდწილად მოიხსნება, თუ გორგილაძის ქუჩაზე ავტომანქანები ცალხმრივად იმოძრავებს, რასაც „სპონტანურ გადაწყვეტილებად“ აფასებს ამავე სამუშაო ჯგუფის წევრი, საპატრულო პოლიციის ოფიცერი ზურაბ გვარიშვილი. „ბათუმელებთან“ კერძო საუბარში ოფიცერი ამბობს, რომ პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია და უკავშირდება როგორც პარკინგების, ისე ეზოების უქონლობას ახალაშენებულ კორპუსებში.
ამ საქმის ბევრი მცოდნე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაწყვეტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება, თუ ბათუმის საკრებულოს „დადგენილება #50-ში“ გაჩნდება ჩანაწერი სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს პარკინგისთვის ადეკვატური ზომის ადგილის გამოყოფაზე. ამ ჩანაწერის არარსებობის გამო მენაშენეები ზუსტად იმდენ ფართობს ტოვებენ პარკინგისთვის, რამდენიც მათთვის არის მისაღები და არა იმდენს, რამდენის საჭიროებაც არსებობს.
გარდა ამისა, ბათუმისთვის განსაკუთრებული მოვლენაა „K2-ის სინდრომი“, რომლის გამოყენებითაც, გარდა ძველი ბათუმისა, ქალაქის ნებისმიერ მონაკვეთში იმ სიმაღლის კორპუსის აშენება შეიძლება, რამდენსაც მენაშენე მოისურვებს. ცხადია, ამ მენაშენეს ხელი უნდა მიუწვდებოდეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემდე, რომელიც მოამზადებს სარეკომენდაციო წერილს დასაქმებისა და ინვესტიციის მოზიდვის საფარქვეშ, შენობის სიმაღლეში გაზრდის უფლების მიცემაზე. არჩილ ხაბაძის სარეკომენდაციო წერილებს მერიაში, როგორც წესი, ყოველთვის აკმაყოფილებენ. შედეგად ქალაში, სადაც ადრე ერთი ორსართულიანი სახლი იდგა პატარა ეზოთი, ჩნდება 8 ან 10-სართულიანი კორპუსი ყოველგვარი ეზოსა და მწვანე ნარგავის გარეშე.
იმავე „დადგენილება #50“-ში წერია, რომ რეკრიაციულ ზონაში, ანუ ქალაქის მწვანე მონაკვეთებში ასევე შეიძლება მშენებლობის წარმოება, მაგალითად, სასტუმროს, ეკლესიის ან სხვა კომერციული ტიპის დაწესებულების აშენება. ქალაქის ყოფილი მთავარი არქიტექტორი და ამჟამად უბრალოდ არქიტექტორი გია რამიშვილი მიიჩნევს, რომ თუ სათანადოდ არ იქნა დაცული რეკრიაციული ზონები, 10 წლის შემდეგ შეიძლება ისეთი ვითარება შეიქმნას ბათუმში, როგორიც დაახლოებით 10 წლის წინ იყო მეზობელი სახელმწიფოს ქალაქ ტრაპზონში, როდესაც მუნიციპალიტეტმა კერძო მესაკუთრეებისგან დაიწყო სახლების შესყიდვა სკვერების გასაშენებლად – რადგან ტრაბზონში მაშინ არც ერთი ძირი ხე არ იდგა.
ბოლო აღწერის მონაცემებით, ბათუმში მოსახლეობის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის 153 ათასს აღწევს.
ამ თემაზე მოსაზრება „ბათუმელებმა“ ირაკლი ჭეიშვილსაც სთხოვა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჭეიშვილი:
გორგილაძის ქუჩის ცალმხრივობა შეღავათს მოგვცემს, რადგან ძირითადი დატვირთვა ტურისტულ სეზონზე მოდის რუსთაველისა და ასევე გორგილაძის ქუჩებზე. მაგას დაემატება მოპირკეთებული პუშკინის ქუჩა, რომელიც სრული დატვირთვით მალე ამუშავდება და ბაგრატიონის ქუჩა – პროექტი, რომელიც წელს სრულდება. ვფიქრობ, ასე ბათუმის დიდი ნაწილი განიტვირთება… სხვა გამოსავალი მე ამ ეტაპზე არ ვიცი.
ვფიქრობ, ბარაკები თუ უსახური შენობები უნდა ჩანაცვლდეს კორპუსებით, ხალხი დასაქმდა და ეს მისასალმებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვქონდეს რეგულაციები, რაც იქნება ქალაქის იერ-სახესთან შესაბამისობაში. რეგულაციები არის გადასახედი და მოსაწესრიგებელი – ეს ქალაქი არ ვითარდება ისე, როგორც უნდა ვითარდებოდეს. ყოველ შემთხვევაში არის საკითხები, რაც ჩვენი გამოსასწორებელია და ამაზე უახლეს ხანში აუცილებლად ვიმსჯელებთ.კიდევ ერთ პრობლემად განიხილება K2-ის საკითხი – თვითმმართველობის კოდექსში წერია, რომ K2 უნდა გასცეს თვითმმართველობამ, მაგრამ წინა მოწვევის საკრებულომ გადასცა ეს უფლება აჭარის მთავრობას. ოპოზიცია ახლა ითხოვს, რომ ეს უფლება დაიბრუნოს მუნიციპალიტეტმა… მაგრამ მე მოვაწერ სარეკომენდაციო წერილს ხელს თუ ხაბაძე, ამით რა შეიცვლება? არავითარი მნიშვნელობა არ ექნება, თუ, ზოგადად, მიდგომა არ შეიცვალა.
რადგან მშენებლობა ქაოტურია, სიმაღლეები ვერ რეგულირდება, ამიტომ საჭიროა სტანდარტული ფორმა და ზომა მივიღოთ. უნდა იცოდეს ყველამ, რომ ამ ზონაში, მხოლოდ X-სართულიანი სახლის აშენება შეიძლება. როგორც ძველ ბათუმშია – არის 15 მეტრი და მორჩა. აი, ისე უნდა დაიყოს ქალაქი ზონებად და განისაზღვროს, სად რა სიმაღლის მშენებლობა იქნება შესაძლებელი. 15 მეტრში გინდა 9 სართული ააშენე, გინდა – 5. იმის იქეთ ვერც არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, ვერც მე და ვერც ვერავინ.
სიმაღლე კვარტალების მიხედვით უნდა განისაზღვროს, რაღაც მსგავსია მოსაფიქრებელი, რაზეც ახლა ვიწყებთ მუშაობას და იმ თვეს არ გადავაცილებთ, რომ შესაბამისი სტანდარტი არ დავადგინოთ. ყოველ შემთხვევაში, ზომებს შემოვიღებთ, ასე ქაოტურად რომ არ მივიღოთ სიმაღლეები. ჩვენი მოწვევის საკრებულო აუცილებლად მიიღებს მაგ რეგულაციებს. ამიტომაც არ ვჩქარობ კ2-ის წამოღებას…
რაც შეეხება პარკინგს – რამდენადაც არქიტექტურის სამსახურისგან ვიცი, ისინი პარკინგის გარეშე ნებართვას არ გასცემენ, ან ეზო უნდა იყოს ისე მოწყობილი, რომ არ სჭირდებოდეს მიწისქვეშა პარკინგი. მაგრამ რამდენად საკმარისია ეგ სივრცე, ან რა დანიშნულებით გამოიყენება საპარკინგე ტერიტორია, სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. ამას ზედამხედველობა უნდა აკონტროლებდეს. რა თქმა უნდა, პრობლემაა, თუ 15-სართულიან სახლს 11 ავტომანქანის გასაჩერებელი აქვს. მინიმუმ 30 მაინც უნდა იყოს.
პარკირება არ უნდა იყოს კეთილი ნების საკითხი. შეგიძლიათ გააშუქოთ, რომ აუცილებლად მოვიკითხავ მაგ საკითხს და თუ რაიმე რეგულაცია იქნება მისაღები, აუცილებლად დავინტერესდები. ამ იდეის ინიცირებას პირადად მე მოვახდენ საკრებულოში. ვიფიქრებ, რაღაც ცვლილებებს მაგ მიმართულებით მოვიფიქრებთ…
რეკრიაციულ ზონებთან დაკავშირებით კი ერთი რამ ვიცი ზუსტად – ქალაქს ჟანგბადი რომ ჰქონდეს, ჩვენ ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ – სკვერს ვაკეთებთ ხელოვნების ინსტიტუტის უკან, ლერმონტოვის ქუჩაზე გავაკეთეთ კარგი სკვერი. მაგრამ, ჩემი აზრით, ქალაქში არსებული რეკრიაციული ზონები არის გადასახედი, ერთგვარი ინვენტარიზაციაა ჩასატარებელი. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია იყოს სასტუმრო, ვიდრე რეკრიაციული ზონა, მაგალითად, აეროპორტის გზაზე არსებულ რეკრიაციულ სამკუთხედს ვგულისხმობ, სადაც ახლა ინვესტორი 50 მილიონს ხარჯავს. ვფიქრობ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.
ჩვენ წელს ვაპირებთ რეკრიაციული ზონების გადახედვას – ამას დიდი ფული არ სჭირდება, საკითხს სპეციალისტები შეისწავლიან, რის შემდეგაც გადაწყდება, რას მიენიჭოს სკვერის სტატუსი და რას – არა.





