მთავარი,სიახლეები

ირაკლი ჭეიშვილი: “დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად”

22.06.2016 • 1734
ირაკლი ჭეიშვილი: “დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად”

გონიოელების აქციაზე პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დღეს 3 პირი დააკავეს, ამათაგან ორი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, მესამე დაკავებული კი ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ საქმის წარმოების დაწყების საფუძველი ვერ დაინახა. დაკავებულებს სამართლებრივ მხარდაჭერას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” უწევდა.

აქციის მონაწილე იასონ პაქსაძე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა მაშინ დააკავეს, როცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ტროტუარზე კარვის აღება მოსთხოვა და ლეიბები წაართვა. ვიდრე პოლიცია კიდევ ორ პირს დააკავებდა, აქციაზე გამოჩნდნენ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი და საკრებულოს მიწის საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარე ლევან კინწურაშვილი.

საკრებულოს წევრებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ კომისია კვირის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა მათ ვერ გასცეს შეკითხვას პასუხი – რის გამო ვერ მოახერხა კომისიამ შეკრება და რატომ ვერ შეასრულა დანაპირები საკრებულომ? როგორც ცნობილია, ლევან კინწურაშვილი 15 ივნისს დაპირდა გონიოელებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია 21 ივნისს მიიღებდა. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა ასევე მედეა ვასაძემ. ის გონიოელებს საკითხით აქტიურად დაინტერესებას დაპირდა.

“დარბევას ნუ დაგვაბრალებთ, პოლიცია მოქმედებდა კანონის შესაბამისად” – უთხრა საკრებულოს თავმჯდომარემ გონიოელებს, როცა გაისმა რეპლიკა, რომ პოლიციამ ისინი ორჯერ დაარბია და ხელისუფლება ამგვარად არ უნდა იქცეოდეს. “თქვენთან არავინ მოსულა პოლიციიდან, როცა იყავით საკრებულოს შენობასთან” – მიმართა აქციის მონაწილეებს ლევან კინწურაშვილმა.

“რომელი კანონის შესაბამისად დაშალა პოლიციამ აქცია?” – “ბათუმელების” ამ შეკითხვაზე ირაკლი ჭეიშვილმა ასე უპასუხა: “არ ვიცი, ჩემი შინაგანი რწმენის საფუძველზე ვფიქრობ ასე”.

ირაკლი ჭეიშვილის წასვლის შემდეგ აქციის მონაწილეების საკრებულოს შენობისკენ დაიძრნენ. ამ დროს დააკავეს აქციის ორი მონაწილე. 

გონიოელები ამ დროისთვის საპროტესტო აქციას საკრებულოს შენობასთან აგრძელებენ. მოთხოვნა უცვლელია – მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

gonio 2

13499818_1040999492657092_1760695659_o

გადაბეჭდვის წესი