ქობულეთში, ფიჭვნარში არქეოლოგიურ გათხრებს ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ჩაატარებს, რისთვისაც 25 ათასი ლარია გათვალისწინებული.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ შესაბამისი ტენდერი აუქციონის გარეშე მიმდინარე წლის 12 ივლისს გამოაცხადა.
სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ზემოაღნიშნულ ტენდერში მხოლოდ ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა მიიღო მონაწილეობა, რომელთანაც ხელშეკრულება 25 ივლისამდე გაფორმდება.
[ახალი შესყიდვის საშუალება – „ტენდერი აუქციონის გარეშე“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას 2016 წლის ივლისიდან დაემატა. სხვა ტენდერებთან შედარებით აქ განსხვავება ისაა, რომ წინადადების ღირებულების წარდგენა ხდება მხოლოდ ერთხელ, ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში და შესაბამისად, არ ხორციელდება ფასების კლება ვაჭრობის დამატებით რაუნდებში. შეთავაზებული ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ, ვაჭრობის ძირითად დროში].
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ფიჭვნარის არქეოლოგიური გათხრების წარმოება მუზეუმის მიერ მომზადებული არქეოლოგიური პროექტის შესაბამისად განხორციელდება.
გათხრების შემდეგ სააგენტოს უნდა გადაეცეს: შესწავლილი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ძეგლების განლაგების სქემა, კროკები, ასევე არქეოლოგიური კვლევის შედეგების ანგარიში.
პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა ფიჭვნარის არქეოლოგიური ზონის დადგენისა და მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე. როგორც „ბათუმელებთან“ სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირანდა ჩარკვიანმა განაცხადა, პროცესი მარტივი არ არის, ამ ეტაპზე მუშაობენ არქეოლოგები და ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადების შემდეგ მიმართავენ ეროვნულ სააგენტოს.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის შესწავლის მოთხოვნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და 79-ე ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართავს. საუბარია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებაზე – “სოციალურ სახლებზე”, რომლის ფარგლებშიც პარტიის წევრი, ლევან ვარშალომიძე მოსახლეობის კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და მათ საცხოვრებელ სახლს უსასყიდლოდ პირდება.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ სახელმწიფო აუდიტისთვის და საოლქო კომისიისთვის მიწერილ განცხადებაში აღნიშნულია: “ვფიქრობთ, ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე და მას უყალიბებს მცდარ მოლოდინებს წინასაარჩევნოდ, რაც ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესების თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში წარმართვას… ხელშეკრულებაში ასახული ინფორმაცია არის წინასაარჩევნო აგიტაციის მატარებელი, რადგან მასში საუბარია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობასა და მის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ამომრჩევლისთვის, მაგრამ ხელშეკრულებაში არსად გვხდება მინიშნება იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებით გეგმავს პოლიტიკური პარტია საჯაროდ გაცხადებული დაპირების განხორციელებას და წარმოადგენს თუ არა ის საბიუჯეტო სახსრების სამომავლო გადანაწილებას. სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა.”
ცესკოში დღეს “ბათუმელებს” დაუდასტურეს, რომ ამ შემთხვევას უახლოეს დღეებში განიხილავენ. ლევან ვარშალომიძეს ორშაბათისთვის ელოდებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურშიც. თუკი რომელიმე ორგანო ამომრჩევლის მოსყიდვას დაადგენს, ამას შესაძლოა პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება მოჰყვეს, ან დაჯარიმება. საბოლოო გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე სასამართლომ უნდა მიიღოს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უკვე დარეგისტრირდა განსახილველად განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ. განცხადებით ცესკოს უწყებათშორისმა კომისიამ მიმართა და იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ წინასაარჩევნო პროგრამას „სოციალურ სახლებს“ ეხება. ამ პროგრამის ფარგლებში პარტიის ერთ-ერთი წევრი – ლევან ვარშალომიძე მოსახლეობასთან ხელშეკრულებებს დებს. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით მოქალაქეებს საცხოვრებელ სახლებს უსასყიდლოდ პირდება. გუშინ, 19 ივლისს “საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველომ” თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს პროგრამა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს. ამ ორგანიზაციამ ასევე განცხადებით მიმართა ცესკოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
„ცესკო ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას იმაზე, რაც სასამართლოს საქმეა. ცესკო უახლოეს დღეებში შეიკრიბება და განიხილავს ამ განცხადებას. ჯერ ვერ გეტყვით, რა შინაარსის გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს ცესკომ, ან რა სანქცია შეიძლება გატარდეს“ – უთხრა “ბათუმელებს” ქეთევან დანგაძემ, ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა.
ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუმცა მას სარჩელით უნდა მიმართოს ცესკომ, ან რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა, პოლიტიკურმა პარტიამ, ბლოკმა, ან საინიციატივო ჯგუფმა, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციამ. „თუკი ცესკო მიიჩნევს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვაა ეს პროგრამა, მას შეუძლია დააჯარიმოს პარტია დაპირებული პროგრამის ღირებულების ათმაგი ოდენობით, ან მოითხოვოს პოლიტიკური პარტიის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება. ცესკოს ეს მოთხოვნა უნდა განიხილოს სასამართლომ და მიიღოს საბოლოო გადაწყვეიტლება“, – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.
ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამ დროისთვის ბათუმში იმყოფება. ხვალ ის პოლიტიკური პარტიის წევრებთან აპირებს შეხვედრას, მათ შორის, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
პარტიაში თვლიან, რომ მათი პროგრამა არასწორად გაიგეს და ეს დაპირება არ არღვევს კანონს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. პარტია არ ემიჯნება ლევან ვარშალომიძეს, რომელიც ამ დროისთვის რეგისტრირებული არ არის, როგორც მაჟორიტარი, ან საარჩევნო პარტიული სიის წევრი. „ნებისმიერი დაპირება, რომელიც არის გათვლილი სამომავლო ურთიერთობებზე და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე, არ შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩევლის მოსყიდვად. ასე ყველა პარტია უნდა დაისაჯოს მაშინ მოსყიდვისთვის, როცა გაიცემა დაპირებები ხელფასების, ან პენსიების გაზრდაზე. ხელშეკრულება უბრალოდ არის ამ დაპირების გამოხატვის საინტერესო ფორმა“, – გვითხრა პეტრე ზამბახიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.
დღეს, ლევან ვარშალომიძემ „სოციალური სახლების პროგრამის“ ფარგლებში ხელშეკრულების გაფორმება “ოცნების ქალაქში” სცადა, რასაც იქ მცხოვრები მოსახლეობის ნაწილის გაღიზიანება მოჰყვა. „…მე მესმის ხელისუფლების და მათ მიერ მართულ-გააქტიურებული ადამიანების „აგრესიის“, თუმცა ვურჩევ დამკვეთებს, შეეშვან ხალხს“ – წერს ლევან ვარშალომიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.
ლევან ვარშალომიძეს ორშაბათისთვის ელოდებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, სადაც ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის შესწავლა დაიწყეს. თუკი აუდიტი მოსყიდვას დაადასტურებს, მას მხოლოდ ჯარიმის გამოყენების უფლება აქვს. სანქციის ამოქმედებას, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება სჭირდება.
სამი პატიმარი ბათუმის ციხიდან სამედიცინო მომსახურების ხარისხს აპროტესტებს და მთავარი ექიმის, ინგა სურმანიძის მოპყრობას ღირსების შელახვად აფასებს.
წერილში პატიმრები კონკრეტულ შემთხვევას ასახელებენ, როცა მსჯავრდებული რეგისტრირებულია, როგორც საოპერაციო და ამ დროს მას ე.წ. ანტივანდალურ საკანში ათავსებენ: „დღეს, 14 ივლისს, ეს პატიმარი ექიმის, ინგა სურმანიძის გულგრილი დამოკიდებულებიდან გამომდინარე არის მოთავსებული „უსაფრთხოების საკანში“… მისი ქცევა და მიდგომა თითოეული საკითხთან მთავრდება „ანტივანდალურში“ მოთავსებით. ეს ცნება აქ დაფუძნებულია დიდი ხანია, რომ ექიმი თავს არიდებს კონკრეტულ საკითხებს და დასჯის მეთოდებს იყენებს“.
[„ანტივანდალური საკანი“ იგივე უსაფრთხოების საკანია, სადაც ციხის ადმინისტრაცია ათავსებს იმ პატიმარს გარკვეული ვადით, რომელიც საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებს, ან საკუთარ თავს. ასეთ საკანში არ არის მაგალითად საწოლი, მაგიდა, სკამი]
სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო ადასტურებს, რომ მსჯავრდებული ჯ.მ. ნამდვილად არის რეგისტრირებული, როგორც საოპერაციო და მას უახლოეს დღეებში ჩაუტარდება ოპერაცია. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს მსჯავრდებული „უსაფრთხოების საკანში“ არ გადაუყვანიათ და არც ამჟამად იმყოფება. „ეს პრეტენზიები არის უსაფუძვლო. მთავარ ექიმს არ აქვს უფლება, ვინმე დასაჯოს“, – მოგვწერეს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურიდან.
პატიმრებს ამავე წერილში მაგალითად მოჰყავთ მონაცემები და შეფასებები სახალხო დამცველის ანგარიშიდან, სადაც აღნიშნულია, რომ „უსაფრთხოების საკანი“ არ შეესაბამება სტანდარტებს, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება არის პრობლემა, მათ შორის, ბათუმის სასჯელაღსრულების მე-3 დაწესებულებაში. ციალა ქათამიძე სახალხო დამცველის აპარატიდან „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ისინი კონკრეტულად ამ მსჯავრდებულების მდგომარეობას უახლოეს დღეებში შეისწავლიან, ამ დროისთვის კი, რაიმე კონკრეტული მონაცემი რომელიმე მათგანზე არ აქვთ.
ხმაურით შეხვდა „ოცნების ქალაქი“ ლევან ვარშალომიძეს, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აპირებს კენჭისყრას. მოსახლეობის ნაწილმა მასთან გასაუბრებაზე უარი თქვა, ნაწილმა კი აჭარის მთავრობის ყოფილ ლიდერს შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა და აგრესიულად მოუწოდა, დაეტოვებინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ტერიტორია.
ლევან ვარშალომიძე დღეს, 20 ივლისს, ე.წ. ოცნების ქალაქში წინასაარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული „სოციალური სახლების“ პროგრამის შესაბამისად, ხელშეკრულებების გაფორმებას აპირებდა, თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა. ვარშალომიძემ მოსახლეობას პარტიის ოფისში მისვლისკენ მოუწოდა, თუკი ისინი „სოციალური სახლით“ დაინტერესდებიან.
„მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობა არ შეიძლება იყოს აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი, მე ვაკმაყოფილებ ადვოკატის შუამდგომლობას. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გიორგი პაპიძე პატიმრობიდან“, – მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის ამ გადაწყვეტილებას ბრალდებულის ახლობლებმა ტაში დაუკრეს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი დღეს სავსე იყო.
ვიდრე მოსამართლე წინასწარ პატიმრობას 10 ათასლარიანი გირაოთი შეუცვლიდა გიორგი პაპიძეს, ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ თხოვნით მიმართა სასამართლოს: „ბრალდებული უკვე 34 დღეა შიმშილობს, მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა. შესაძლებელია დადგეს ფატალური შედეგი გიორგი პაპიძის მიმართ, მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს…“. მოსამართლემ აღნიშნა, რომ თხოვნას არ იზიარებს, მაგრამ რადგან ბრალდებულის ნათესავი თანახმაა გირაოს უზრუნველყოფა საკუთარი საცხოვრებელი სახლით მოახდინოს, ეს გარკვეულ პასუხისმგებლობას ავლენს.
გიორგი პაპიძეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება გამოძიება. მასთან ერთად პოლიციამ კარლო სურგულაძეც დააკავა, მას პირადი ჩხრეკის დროს ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს. კარლო სურგულაძე სასამართლოს წინა სხდომაზე გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე, მიზეზი – ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.
ბრალდებული 27 მაისს დააკავეს ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაში. დაკავების ფაქტი სავარაუდოდ დააფიქსირა „VTB ბანკის“ და „პოლიგრაფ-სერვისის“ ვიდეოსათვალთვალო კამერებმა. ადვოკატ პაატა ბოლქვაძის ინფორმაციით, პოლიციამ იმ დღესვე წაშალა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. პროკურატურას იმავე ჩანაწერის ამოღების შუამდგომლობა არ დაუყენებია. გამოძიება, ძირითადად, სამართალდამცველების ჩვენებებს ეყრდნობა, ვინც გაჩხრიკა და დააკავა ბრალდებულები.
დღეს, 20 ივლისს, ბათუმში „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს.
„პარტიაში მოხდა მუხანათური საქციელი, რის გამოც ჩვენ დღეს აღმოვჩნდოთ პარტიის გარეთ, ხოლო ის ადამინები ვის გამოც დავტოვეთ პარტია, პარტიის ცენტრალურ თანამდებობზე არიან“- განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილმა წევრმა მანუჩარ აბაშიძემ. ის კონკრეტულ პირებს, თუ ვის გამო დატოვა 15-მა წევრმა პარტია, არ ასახელებს.
მანუჩარ აბაშიძე ასახელებს მათ, ვინც, მასთან ერთად დატოვა პარტია: ირაკლი თებიძე, მირზა აბაშიძე, დურმიშხან შაინიძე, თამილა ხალვაში, გელა გოგელია, რეზო ფარსენაძე, მალხაზ ჟორჟაძე, თემურ ბაუჟაძე, სოსო ჩხაიძე, ლუიზა ბერიძე, გენადი ბერიძე, ზვიად თურმანიძე, ბადრი სარჯველაძე და ელგუჯა სურმანიძე.
პარტიის ყოფილი წევრების განცხადებით, მათ არ უნდათ პასუხისმგებლობა აიღონ საზოგადოების წინაშე, „პატრიოტთა ალიანსის“ ქმედებებზე.
„ პირადად მე და პარტიის წევრები ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვეწეოდით აქტიურ მუშაობას მოსახლეობასთან, ვაცნობდით ჩვენ პროგრამას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით, პრესით, ტელევიზიით და ვპირდებოდით, რომ ყველა მათ პრობლემაზე ვიზრუნებდით, რომელიც არსებობდა სოფელში თუ ამა თუ იმ რეგიონში. იმისთვის, რომ მოსახლეობასთან ტყუილი არ გამოგვივიდეს, მათ უნდა იცოდნენ რომ ჩვენ დავტოვეთ ამ პარტიის რიგები“- ამბობს მანუჩარ აბაშიძე.
ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მათ ახალი პარტიის შექმნა სურთ: „თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვწყვეტთ ბრძოლას. მაგრამ დღეს რთულ და გაურკვეველ სიტუაციაში ვართ, პრაქტიკულად დრო არ დაგვრჩა არჩევნებამდე, რომ დავარეგისტრიროთ ახალი პოლიტიკური პარტია“.
ბათუმის ცენტრში მდებარე ექვს საზოგადოებრივ სკვერში საპირფარეშო მოეწყობა. ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს აბაშიძისა და გამსახურდიას ქუჩების კვეთაში, ე.წ. „ბლაგოევგრადის სკვერთან“ მცხოვრებლებმა. მერია აქციის მონაწილეებს საპირფარეშოს მისამართის შეცვლას დაჰპირდა. სხვა სკვერებთან მცხოვრებლებს საპირფარეშოების აშენების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.
საპირფარეშოებს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკვერებში ინდივიდუალური მეწარმე თამილა თოფურიძე ააშენებს. ის მერიის მიერ გამოცხადებული აუქციონის ერთადერთი მონაწილე იყო. წლის განმავლობაში 6 საზოგადოებრივ ტუალეტში მიღებული შემოსავლიდან ბათუმის ბიუჯეტში თამილა თოფურიძე მხოლოდ 3200 ლარს გადაიხდის. ხელშეკრულების თანახმად, მან საზოგადოებრივი საპირფარეშოს ერთი კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის უნდა მოაწყოს. მიწის ნაკვეთები 6 სხვადასხვა სკვერში მერიამ იჯარით გაასხვისა აღნაგობის უფლებით და 15 წლის ვადით.
„თუ ვინმე ფიქრობს, რომ მერიას გავურიგდი, ძალიან ცდება. ამ ტუალეტების მოწყობა 40 ათასი დოლარი მაინც მიჯდება. იმიტომ მოვიგე, რომ 12-წლიანი გამოცდილება გვაქვს…“ – გვითხრა რომან კირკიტაძემ, ინდივიდუალური მეწარმის, თამილა თოფურიძის მეუღლემ. ოჯახს ერთი საზოგადოებრივი ტუალეტი უკვე აქვს მოწყობილი ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტის“ პირდაპირ. საპირფარეშოთი სარგებლობა 70 თეთრი ღირს. რომან კირკიტაძის თქმით, საპირფარეშოში სეზონის დროს დღის განმავლობაში დაახლოებით 250 ადამიანი შედის. ტუალეტში შემსვლელ-გამომსვლელს ვიდეოთვალი აკონტროლებს.
„ეს არის ქალაქის განვითარება და იმიტომ დავთანხმდი, რომ ევროპასთან ცოტა დაახლოებული ვიყოთ, მილიონერი ამით არ გამხდარა არავინ. თან იმდენი ტუალეტი გაიხსნა, ყველა რესტორანს თავისი აქვს, კორტებსაც აქვს, ტურისტებმაც უკვე ყველაფერი იციან… ამას გარდა, იქ თუ მშენებელია ვინმე, ან დამლაგებელი და მეეზოვე, ყველა უფასოდ დადის. 12 წლის წინ მოვაწყვეთ ეს საპირფარეშო, როცა აქ ჯუნგლები იყო,“ – გვიყვება რომან კირკიტაძე.
„ლოგიკური ფასია. 22 ლარია კვადრატული მეტრი პლაჟის წლიური ფასი, შეადარე ახლა პლაჟის და ამის ფასი“ – გვითხრა თენგიზ აფხაზავამ, საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის ხელმძღვანელმა. მას ვკითხეთ, არის თუ არა ადეკვატური 3200 ლარი წლიური გადასახადი 6 საპირფარეშოს მფლობელისთვის, როცა ტუალეტით სარგებლობა ერთჯერადად 70 თეთრი ღირს. თენგიზ აფხაზავამ გვითხრა, რომ ფასი ტენდერით შერჩეულმა აუდიტორულმა კომპანიამ დაადგინა და საკრებულომ მხოლოდ გადაწყვეტილება მიიღო.
„საიჯარო ქირის ოდენობა დგინდება საბაზრო ღირებულების არანაკლებ ხუთი პროცენტის ოდენობის ნამატით. შესაბამისად, აუდიტმა დაადგინა ამ მიწის ნაკვეთების საბაზრო ფასები და გაიტანა საკრებულოზე დასამტკიცებლად,“ – ამბობს გოგა ლომიძე, ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი.
თამილა თოფურიძესთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, 6 საპირფარეშო უნდა აშენდეს: მეჩეთთან ახლოს მდებარე სკვერში, გრიბოედოვისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში, აბაშიძის ქუჩის სკვერში, ღვთისმშობლის ტაძართან მდებარე სკვერში, 26 მაისის ქუჩაზე, ასევე მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში. თითოეული საპირფარეშოსთვის გადაცემული მიწის ნაკვეთი 8-დან 12 კვადრატულ მეტრს მოიცავს. საპირფარეშოების მოწყობა 25 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჯერ არც ერთ მისამართზე მშენებელი არ გამოჩენილა.
„შეგვიცვალეს პირობა და ამიტომ არ დავიწყეთ“, – უთხრა „ბათუმელებს“ მეწარმე თამილა თოფურიძემ. მისი განმარტებით, რამდენიმე სკვერი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მოექცა. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და არა მანამდე, საკითხი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განუხილავს. საკრებულოს წევრი თენგიზ აფხაზავა ამბობს, რომ თავდაპირველად ტუალეტის მოწყობა ტროტუარის გასწვრივ იყო გადაწყვეტილი, სააგენტოს რეკომენდაციით კი, პროექტი შეიცვალა და საპირფარეშოები სკვერში უნდა გაკეთდეს. „მირჩევნია ყველა ერთად მოვაწყო. მერიისგან უკვე მივიღე თანხმობა და სამი თვით გამიგრძელეს ხელშეკრულება“, – განმარტა თამილა თოფურიძემ.
მერიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და საზოგადოებრივი საპირფარეშო აღარ მოეწყობა „ბლაგოევგრადის სკვერში“. გოგა ლომიძე, ბათუმის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ამის მიზეზი მოსახლეობის პროტესტი გახდა. მას არ აქვს პასუხი კითხვაზე, როგორ მოიქცევა მერია, თუკი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს სხვა სკვერების შემთხვევაშიც: „საპირფარეშო ზოგადად საზოგადოებრივ ადგილებში ეწყობა, პარკებში, სკვერებში. ასეა ევროპაში და რატომ უნდა გააპროტესტონ, არ ვიცი.“
აბაშიძის ქუჩაზე, „ბლაგოევგრადის სკვერთან“ შეკრებილებმა თქვეს, რომ სკვერი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ იქ საზოგადოებრივი საპირფარეშო მოეწყოს. გარდა ამისა, ტუალეტი დაეფარება იმ მაღაზიებს, რომელთაც შესასვლელი სკვერის მხრიდან აქვთ.
მერიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ სკვერს შესთავაზებს მეწარმეს „ბლაგოევგრადის სკვერის“ ნაცვლად. „თუ ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში გამომიყვეს ადგილი, სადაც ხალხი არ დადის და მომხმარებელი არ არის, არ მინდა, არ მოვაწერ ხელშეკრულებას ხელს“, – ამბობს რომან კირკიტაძე, თამილა თოფურიძის მეუღლე.
„გაქვთ პროექტი ნანახი როგორი გაკეთდება? იქ არც ქალი იქნება დამჯდარი, არც არავინ, ყველაფერი ციფრულად გამართული იქნება და ავტომატიზებული, თავისი დაცვის სისტემებით, თვითმრეცხებით და ასე შემდეგ. ეს ადგილები მერიამ შეარჩია და წარმოგვიდგინა საკრებულოს დასამტკიცებლად. ჩვენც მხარი დავუჭირეთ. სადღაც ხომ უნდა განთავსდეს საპირფარეშოები და რა პრობლემაა?“ – კითხულობს თენგიზ აფხაზავა, ბათუმის საკრებულოს საფინანსო-ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარე.
რომან კირკიტაძემ, ვისთან გასაუბრებაც ჩვენ თამილა თოფურიძემ გვირჩია, გვითხრა, რომ ჯერ შერჩეული არ აქვს, საიდან ჩამოიტანს საჭირო ტექნიკას. მიგვანიშნა იმაზეც, რომ მისთვის ხელშეკრულებაში ავტომატიზებული მართვის ვალდებულება არავის ჩაუწერია. ხელშეკრულებაში მხოლოდ ეს წერია: „გათვალისწინებული იქნას 2 ერთეული ავტომატური სალარო აპარატი, უწყვეტი კვების წყაროთი“.
ვალდებულების არქონის მიუხედავად, რომან კირკიტაძე ამბობს, რომ უნდა მოაწყოს ისეთი საპირფარეშოები, რომელთა ანალოგიც აქამდე საქართველოში არ არსებობს: „ხელშეკრულებაში მარტო ის მიწერია, რომ აპარატი უნდა დავდგა, სადაც ხურდას ჩააგდებ და კარი გაიღება, გამოხვალ – დაიხურება. ვესაუბრები ხალხს უცხოეთში, ახლახან ხორვატიაში ვეძებდი ელექტრონული მართვის მოწყობილობას, ძალიან ძვირი ჯდება და არ ვიცი, რას ვიზამ. ჩვენთან პროგრამისტებიც არ არიან, რომ ყველაფრის ციფრულად მართვა მოხერხდეს. მინდა, ევროპული დონის ჰიგიენა მოვაწყო, მაგრამ არა ისე, რომ ძალიან გამეზარდოს ხარჯები. ამ ეტაპზე ვეძებ ალტერნატივას…“
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონაცემებით, აჭარის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში ვიზიტორთა 73,35-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2016 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით (იანვარ-ივნისი) ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს საინფორმაციო ცენტრებს 21 518 ვიზიტორი სტუმრობდა.
„ცენტრების მომსახურებით განსაკუთრებით რუსი, პოლონელი, უკრაინელი და ებრაელი ტურისტები სარგებლობენ. მათი უმრავლესობა ძირითადათ მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტებითა და ეკოტურიზმით ინტერესდება. საინფორმაციო ტურისტულ ცენტრებში ვიზიტორებს კონკრეტული მარშრუტის შესახებ დეტალური ინფორმაციის, ბროშურებისა და რუკების მიღების გარდა ტურების შეძენაც შეუძლიათ“ – აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, შემდეგი კვირიდან სააგენტოს ყველა საინფორმაციო ცენტრებში შესაძლებელი იქნება აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი, ადგილზე წარმოებული პროდუქტებისა და სუვენირების შეძენა – ეს იქნება მაჭახელას ისტორიული თოფის სუვენირი, მტირალას ეროვნული პარკისა და ბოტანიკური ბაღის თაფლი თუ ქედაში დამზადებული ჯემები, მურაბები და ფელამუში.
ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს რეგიონში 8 ტურისტული საინფორმაციო ცენტრი აქვს, რომელსაც წელს კიდევ ერთი ბათუმი ცენტრალის შენობაში შეემატება.
ამასთან, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი აგრძელებს პროექტს „იდუმალი სტუმარი“, რომლის ფარგლებშიც აჭარაში მდებარე 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხს „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს. „მომსახურების კვლევა „იდუმალის სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და 70 კვების ობიექტში განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებს რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის“ – აცხადებენ დეპარტამენტში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში, 20 ივლისს, დილის 4 საათზე რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შემთხვევა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ბარში მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, სამი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთი კი მსუბუქადაა დაჭრილი. საქმეს პოლიციის ბათუმის საქალაქო განყოფილება იძიებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი, სავარაუდოდ ბლაგვი საგნით; დაკავებული ამ დროისთვის არავინაა და მომხდარზე საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით“ – ეს პასუხი წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან „ბათუმელებმა“ ოთხჯერ მოისმინა. ოთხჯერ მშენებლობიდან გადმოვარდა მუშა ბათუმში. ოთხივე დაიღუპა.
ამჟამად მშენებლობაზე ერთი დაშავებული მუშა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული. სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი იმ პირის დასჯას ითვალისწინებს, რომელიც მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების წესებს არღვევს. ბათუმში წელს მშენებლობებზე მუშების დაშავების ან დაღუპვის არც ერთი შემთხვევის გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. სახელმწიფოს მშენებლობებზე უსაფრთხოების კონტროლის ნება არა აქვს.
„პაციენტი მკურნალობას გადის რეანიმაციის ზოგად განყოფილებაში და იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე,“ – ამბობს ექიმი გოჩა აბაშიძე ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალიდან. პაციენტი 49 წლის იოსებ შავაძეა, ის 2 ივლისს „DS Group“-ის მშენებლობაზე დაშავდა ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კვეთაში.
„ზამთარს აქეთ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა, მანამდე არასდროს უმუშავია მშენებლად, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს, იქვე მუშაობდა სკოლაში, მეურნე იყო სკოლის…“, – გვიყვება დაშავებულის სიძე, ლევან გურგენიძე.
ის ამბობს, რომ მშენებლობაზე მაღალი ანაზღაურება შესთავაზეს და წამოვიდა, ოჯახს მეტი სჭირდებაო. იოსებს ოთხი შვილი ჰყავს.
იოსებ შავაძესთან ერთად, 2 ივლისს ქარგილის, ე.წ. „აპალოვკის“ დასხმის დროს დაშავდა იოსებ გობაძეც. ის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანიდან მესამე დღეს გარდაიცვალა. „ბოლო ათი წელია მუშაობდა მშენებლად, მანამდე მძღოლი იყო. კოლმეურნეობის დროს ჩაის მკრეფავებთან მუშაობდა,“ – გვიყვება გარდაცვლილის სიძე, დათო გელაძე, „თვითნასწავლი იყო, მაგრამ კარგად იცოდა თავისი საქმე, ბევრ უმაღლეს დამთავრებულს ჯობდა. ბოლოს ავარიაში მოყვა, ფეხს იტკიებდა, არავის ბრალი არ იყო, ასე ვთვლი მე… 54 წლის იყო, ვაჟიშვილი შარშან დააქორწინა, გახარებული დადიოდა.“
38 წლის მერაბ ჭაღალიძე ფიროსმანის ქუჩაზე ჩამოვარდა მშენებლობიდან 24 ივნისს. აქ საცხოვრებელ კორპუსს „Real Palace“ აშენებს. კორპუსში, რომლის მეათე სართულიდანაც მერაბი გადმოვარდა, მისმა ოჯახმა საცხოვრებელი ბინა მიიღო. მერაბის ძმა უბედური შემთხვევის დროს და ახლაც ამავე მშენებლობაზე განაგრძობს მუშაობას მშენებლად. მას ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.
„მე შაქრო ჭაღალიძე ვარ, მერაბი ბიძაშვილია ჩემი, ერთი ბრიგადა ვართ სოფელ ჭალადან, შუახევის რაიონია, გეცოდინებათ… იმ დღეს ერთად ჩამოვედით დასასვენებლად მე-10 სართულზე. მერაბი მოაჯირისკენ წავიდა, იქედან კარგად ჩანდა ყველაფერი და ალბათ, ამიტომ მოუნდა იქ გასვლა, რა ვიცი. მოაჯირს გადააბიჯა, იქ ჩამოჯდომას ცდილობდა, მერე აღარ ვიცი რა მოხდა… 12 წელია ერთად ვმუშაობდით, ყველაზე ფრთხილი და დაკვირვებული მერაბი იყო ჩვენ შორის. ყველას აფრთხილებდა, მაინც მას მოუვიდა ასე… ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა, მეუღლე და დედ-მამა.“
„რა თქმა უნდა, მიმდინარეობს გამოძიება. შედეგს მე რატომ მეკითხებით? როგორც უყურებთ, გისოსებში არ ვარ. ის თუ მოგიკითხავთ, რა მდგომარეობაში ცხოვრობდა 18 ოჯახი, ვინც მშენებლობის დაწყებამდე იქ ცხოვრობდა? ყოველთვის პრობლემას რატომ ეძებთ…“ – ასე კომპანია „შველას“ წარმომადგენელმა გვიპასუხა, ვისი საკონტაქტო ინფორმაციაც სამშენებლო დაფაზეა გამოკრული და რომელმაც ვინაობა არ დაგვიზუსტა. ბათუმში, „შველას“ მშენებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან მშენებელი მუშა მაისში ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ის 30 წლის იყო. გამოძიება არ დასრულებულა.
კიდევ ერთი მუშა „პორტა ბათუმის“ მშენებლობიდან 8 თებერვალს ჩამოვარდა. მუშა იქაც ადგილზე გარდაიცვალა.
მშენებელი კომპანიების პასუხები იდენტურია. ისინი მუშების დაღუპვაში საკუთარ პასუხისმგებლობას გამორიცხავენ და ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული აქვთ. ამის მიუხედავად, ბათუმის ქუჩებში იოლია ნახო მშენებელი სამშენებლო ჩაფხუტის გარეშე, ან კიდევ მშენებლობა – მოაჯირის გარეშე.
მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
„ამ საკითხზე ახლა ვერ გიპასუხებთ. შემიძლია, დამაჯერებლად გითხრათ, რომ შრომის პირობების მონიტორინგი და მისი უზრუნველყოფა შრომის და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პრეროგატივაა. იქ უკვე მოქმედებს შრომის ინსპექცია, ეს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოეწყო და კომენტარი მათ უნდა გააკეთონ,“ – გვიპასუხა არჩილ თალაკვაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
მინისტრის მოადგილეს ვკითხეთ, რა სირთულის გამო ვერ სრულდება 240-ე მუხლით დაწყებული გამოძიება? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს, არჩილ თალაკვაძემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო არ უნდა დაზარალდეს: „საქართველომ უნდა მოახერხოს რეგულირება იმგვარად, რომ დაცული იყოს დასაქმებულის უფლებები და ისიც, რომ ინვესტორებისთვის იყოს ხელსაყრელი გარემო. ეს ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს.“
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებს~ კანონით განსაზღვრულ 10 დღის ვადაში არ მოაწოდა ინფორმაცია, რამდენი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მშენებლობებზე უსაფრთოების წესების დარღვევის საფუძვლით, თუმცა ამ უწყებიდან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისთვის~ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2011 წლიდან 2015 წლის ჩათვლით, მშენებლობებზე სულ 691 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა – 212. საერთო სასამართლოებმა სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დარღვევაზე სულ 126 საქმე განიხილეს, სადაც პროკურატურას ბრალი 159 პირის წინააღმდეგ ჰქონდა წაყენებული. ამ სტატისტიკაში არ ჩანს, რა შედეგით დასრულდა საქმის განხილვა სასამართლოებში.
სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5-წლამდე, ასევე თანამდებობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით 3 წლამდე – კანონის ამ შეზღუდვით არ უსარგებლია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბოლო სამი წლის განმავლობაში. „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2014 წლიდან დღემდე სასამართლოს მშენებლობებზე უსაფრთხოების წესების დარღვევის სულ 12 საქმე განუხილავს, თორმეტივეზე გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარა და თორმეტივე შემთხვევაში მხოლოდ ჯარიმით დაუღწევიათ დამრღვევებს თავი სასამართლოსგან. 9 შემთხვევაში საპროცესო გარიგება გაფორმდა და მშენებელ კომპანიების ხელმძღვანელ პირებს პირობითი მსჯავრი შეეფარდათ ჯარიმებთან ერთად. დანარჩენ 3 შემთხვევაში კი სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლა [ჯარიმის მინიმალური ოდენობა 1000 ლარია გამოყენებული, მაქსიმალური – 7 ათასი.] მიმდინარე წელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მხოლოდ ერთი საქმე განუხილავს მშენებლობების უსაფრთხოების წესების დარღვევაზე.
„სახელმწიფოს მალე ეყოლება ძლიერი და ეფექტური შრომის ინსპექცია“, – ამბობს ელზა ჯგერენაია, ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. მას ვკითხეთ, ვის უნდა მოეთხოვოს პასუხი, როცა ადამიანები მშენებლობებზე იღუპებიან. შრომის ინსპექციას ამ ეტაპზე მშენებლების შემოწმება მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუკი მესაკუთრე წერილობით თანხმობას განუცხადებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, უწყებას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემის უფლება აქვს.
„ასეა, მაგრამ გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატისტიკა საკმაოდ პოზიტიურია“, – გვარწმუნებს ელზა ჯგერენაია, „შემოწმებული კომპანიებიდან 60 პროცენტს ნაწილობრივ შესრულებული აქვს რეკომენდაციები, 30 პროცენტს – სრულად, ხოლო 10 პროცენტს, ეს სადღაც 7 კომპანია გამოდის, არ გაუთვალისწინებია რეკომენდაციები. დამსაქმებლების მხრიდან აშკარაა ცნობიერების დაბალი დონე, არ იციან, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ისინი, რა სტანდარტით უნდა გამოიყენონ შესაბამისი ტექნიკა და ასე შემდეგ. ჩვენი ამოცანა უფრო ისაა, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია დამსაქმებლებს და მოხდეს პრევენცია. გასაგებია, რომ უბედური შემთხვევების რაოდენობა საგანგაშოა, მაგრამ აუცილებელია მომზადდეს ნორმატიული ბაზა, რის საფუძველზეც შრომის ინსპექცია გახდება ეფექტური და მას ექნება სანქციების გატარების უფლება. ჩვენ მივყვებით გეგმას. მოგეხსენებათ, ეს პროგრამა გასულ წელს ამოქმედდა და ჩვენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ვმუშაობთ. მუშაობა მიმდინარეობს კანონპროექტზეც, რომელიც შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრებასაც მოიცავს და მას რამდენიმე თვეში შევიტანთ პარლამენტში“.
რატომ ვერ მოახერხა ხელისუფლებამ დღემდე შრომის ინსპექციის ამოქმედება და გრძნობენ თუ არა პარლამენტში პასუხისმგებლობას მშენებლობებზე, რომელზეც უსაფრთოხების უზრუნველყოფის ნება ხელისუფლებას აქამდე არ გაუჩნდა – პარლამენტის ვიცე-სპიკერი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, მანანა კობახიძე ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სამართლებრივი ბაზა ამ კუთხით სრულად მოწესრიგებულია:
„ეს არის, პირველ რიგში, შრომის კოდექსი, სადაც პირდაპირ გვაქვს მითითებული 35-ე მუხლი – უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს უფლება. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მივიღეთ ახალი შრომის კოდექსი, რომელიც მოწონებული იქნა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ამან მნიშვნელოვნად შეცვალა ის რეალობა, რომელიც მანამდე იყო. შრომის ახალმა კოდექსმა პირდაპირ უზრუნველყო ჯანსაღი გარემოს შექმნა…“.
მანანა კობახიძეს ვკითხეთ, რას გულისხმობდა „ჯანსაღ გარემოში“, ვუთხარით, რომ ბოლო 6 თვეში მარტო ბათუმში მშენებლობებიდან ჩამოვარდნილი 4 მუშა დაიღუპა. გვითხრა, რომ თუკი აღსრულების პრობლემა არსებობს, ეს საკითხი შესაბამისმა დარგობრივმა კომიტეტმა უნდა გაააქტიუროს: „კანონი გვაქვს, საჭიროა მისი სწორად აღსრულება… გარდა ამისა, ყველა საქმე ინდივიდუალურია. საინტერესოა, თვითონ მსხვერპლმა დაიცვა თუ არა უსაფრთხოების ზომები. იქნებ სწორედ საწარმოს მხრიდან ეს ზომები არ იყო დარღვეული? ყველა საქმე უნდა იქნეს გამოძიებული. ამის მეტს ვერაფერს გეტყვით, მე არ ვარ შრომითი უსაფრთხოების ექსპერტი“.
დარგობრივი კომიტეტი ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის კომიტეტია. მისი ხელმძღვანელი – დიმიტრი ხუნდაძეა. იგი თავდაპირველად კომენტარს დაგვპირდა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
კიდევ ერთი უწყება, რომელმაც მშენებლობის უსაფრთხოება უნდა აკონტროლოს, მერიის ზედამხედველობის სამსახურია. წესი არსებობს, თუმცა აქ არ მუშაობს ტექნიკური ჯგუფი ან სპეციალისტი, რომელიც შეამოწმებს, არის თუ არა რეალურად დაცული უსაფრთხოების ნორმები მშენებლობაზე: „ასეთი ჯგუფი არ გვყავს. მარტო მაშინ ვრეაგირებთ, როცა ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ მშენებლები. ამ შემთხვევაში იწყება ადმინისტრაციული წარმოება და კომპანიას ვაძლევთ გაფრთხილებას. შემდეგი შემოწმების დროს, თუ ანალოგიური მდგომარეობა დაფიქსირდება, 500 ლარით ვაჯარიმებთ ობიექტს. მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აღსრულებას მაშინ გადაეცემა საქმე, თუკი ამ დარღვევას სისტემატური ხასიათი აქვს,“ – გვითხრა ირაკლი მოქიამ, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა.
მოითხოვა თუ არა ბათუმის მერიამ რომელიმე მშენებელი კომპანიის მშენებლობის შეჩერება იმის გამო, რომ იქ უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო? – ირაკლი მოქიას თქმით, ასეთი რამდენიმე შემთხვევა იყო, თუმცა რომელი – არ ახსოვს: „DS Group“-ის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნაც გვქონდა გადაცემული აღსრულებაზე, ოღონდ სამშენებლო პროექტის დარღვევის გამო. აღსრულება არ მომხდარა მაინც.“
მშენებლობა ბათუმში. თორნიკე თავაძის ფოტო
მერია და აღსრულების ეროვნული ბიურო უკანონოდ მიჩნეული მშენებლობის შეჩერებას რომ ვერ ახერხებს, ამის შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა. ირაკლი მოქია ფიქრობს, რომ კანონი უნდა შეიცვალოს და აღსრულების ბიურო მხოლოდ წერილობითი შეტყობინებებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს: „როცა საჭიროა, მაშინვე უნდა ჩაერთოს საქმეში პოლიცია და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაც უნდა იყოს შესაძლებელი“.
გიორგი ხიმშიაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შრომითი უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფოს დამოკიდებულება სიცოცხლის უფლების ხელყოფად შეიძლება შეფასდეს: „სწორედ სახელმწიფოს უმოქმედობა არის ირიბი მონაწილეობა იმ „დანაშაულში“, რომელსაც ჩადის დამსაქმებელი სამუშაოს წარმოებისას. სახელმწიფო ცდილობს დამსაქმებლებს შეუქმნას კომფორტული გარემო, რასაც არაერთი ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება“.
მერია აღიარებს, რომ ვერ აკონტროლებს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – კანონს ელოდება, კანონმდებლებმა იციან, რომ კანონი უკვე დაწერილია, შსს-ს უცვლელი გზავნილი აქვს – „მიმდინარეობს ძიება 240-ე მუხლით~. შესაბამისად, გამონაკლისი მშენებელი, თუკი ამ უმოქმედობის მიუხედავად, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა, ჯარიმას იხდის და ისევ სამშენებლო პოლიგონს უბრუნდება, სადაც უკვე სხვა ადამიანის სიცოცხლე დგას რისკის ქვეშ.
ბრალდებული, ვისაც დღეს მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა. დღეს, 19 ივლისს პოლიციაში სხვა ახალგაზრდა გამოცხადდა, ვინც თქვა, რომ დანაშაული მან ჩაიდინა და თავად უნდა აგოს პასუხი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს, ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ ამ პირის გამოკითხვის ოქმი წარუდგინა, მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი მაინც ამოცნობის ოქმს დაეყრდნო, სადაც ბრალდებულს დაადეს ხელი.
„ამ შემთხვევაში სასამართლოს შეეძლო მინიმუმ გირაო შეეფარდებია აღმკვეთის ღონისძიებად, რადგან სხვა პირი ამბობს, დანაშაული მე ჩავიდინეო. შემთხვევა დაახლოებით საღამოს 11 საათზე მოხდა ცეკვის დროს და დაჭრას 20-მდე თვითმხილველი ჰყავს. ისინი დაუდასტურებენ სასამართლოს, რომ ბრალდებული უდანაშაულოა“, – უთხრა ადვოკატმა ზვიად მარკოიძემ „ბათუმელებს“.
ყოფილი 53–ე ბატალიონის ტერიტორიაზე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებნი აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მისვლას ელოდებიან. „ოცნების ქალაქში“ ამბობენ, რომ მთავრობის ახალი თავმჯდომარისთვის ბევრი რამ აქვთ სათქმელი, თუმცა მოსახლეობის აზრი აქ ორად იყოფა, მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ახალი კადრის მოსვლამ „ოცნების ქალაქში“ ზოგს იმედი გაუჩინა, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ამით არაფერი შეიცვლება.
თამარ კოკობინაძე „ოცნების ქალაქში“ 2012 წლიდან ცხოვრობს. იგი შვიდ შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობს. მისი ყველა უმცროსი შვილი 5 თვისაა.
„გვინდა, რომ ამოვიდეს, ნახოს, თუ რა მდგომარეობაში გვიწევს მცირეწლოვანი ბავშვებით ცხოვრება და შეაფასოს, რამდენად მისაღებია აქ ცხოვრება ბავშვებისთვის, როგორ ვცხოვრობთ, რითი ვარსებობთ. სახლში შიშით ვრჩებით, წვიმის დროს სახლში წყალი ჩამოდის, გვეშინია, რომ ჭერი არ დაგვენგრეს თავზე.“ – ამბობს თამარი. მისი თქმით, ყოფილმა მთავრობის თავმჯდომარემ მათ დანაპირები არ შეუსრულა, თუმცა ახლა ცდილობს იმედი არ დაკარგოს. კითხვაზე, როგორ უნდა გადაჭრას ხელისუფლებამ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთან პრობლემები, მას საკუთარი შეთავაზებაც აქვს:
„მაგალითად, აგვიშენოს კორპუსები და შეგვასახლოს. აქ უამრავი გაჭირვებული ცხოვრობს სხვადასხვა პრობლემებით, ზოგი სტიქიის შედეგად დაზარალებულია, ზოგი მრავალშვილიანი, მარტოხელა, შშმ პირები, მრავალსულიანიები… იმედი გვაქვს რომ დაგვეხმარება.“
მთავრობის ახალ თავმჯდომარეს 74 წლის ანეტა სურმანიძეც ელის: „ველოდებით სულითა და გულით, გვინდა, რომ დაგვეხმაროს და ბინით თუ ვერა, აქაური პირობები მაინც გაგვიუმჯობესოს.
თუ ბატონი ზურაბი აჭარის ხელისუფლებაში ყოფნას აპირებს, შეგვხვდება ამ გაჭირვებულ გლეხ ხალხს და გულთან მიიტანს ჩვენი გულის ტკივილს. ჩვენ ვითხოვთ დაკმაყოფილებას, როდემდე უნდა ვიყოთ ასე უპატრონოდ? ჩვენი შეთავაზებაა, რომ დაგვეხმაროს ყველას შესაბამისი პრობლემის მიხედვით, მიწით იქნება ეს, ბინით თუ სხვა რაიმე ალტერნატიული საშუალებით. “
ჯამბულ დიასამიძე ომის ვეტერანია. იგი არ არის დარწმუნებული, რომ ზურაბ პატარაძე „ოცნების ქალაქში“ მათთან შესახვედრად მივა, არც ის იცის, შეძლებს თუ არა პატარაძე მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას:
„რითი დაგვეხმარება ეს არ ვიცით, თუმცა ჩვენ გვინდა დახმარება. ხელისუფლებამ ამ დასახლებაში ყველაფერი უნდა შეცვალოს, არის ანტისანიტარიაა, არ არის როგორც საკანალიზაციო სისტემა, ასევე ინფრასტრუქტურა.
შემომსვლელმა ისე არ უნდა შემოგვხედოს, თითქოსდა განსხვავებულია ჩვენგან, მდიდარი და ღარიბი არ უნდა განასხვავოს.
ასევე შევთავაზებდი მას, რომ თუ ვერ გვეხმარებიან, მოგვიზომონ რამოდენიმე კვადრატი მიწის ნაკვეთი და გაგვიფორმონ, სახლებს ჩვენც ნელ-ნელა ავაშენებთ“ – ამბობს ჯამბული.
„ოცნების ქალაქი“ ხელვაჩაურში, ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე 2012 წელს გაშენდა. ამჟამად აქ 1100-ზე მეტი ქოხი მდებარეობს. აქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ სხვადასხვა სოციალური პრობლემების მქონენი დ ასევე, ეკომიგრანტები არიან. დასახლებას „ოცნების ქალაქი“ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ საპატივცემულოდ დაარქვეს აქ ჩასახლებულებმა. ოთხი წლის მანძილზე „ოცნების ქალაქის“ საკითხი აჭარის მთავრობამ ვერ მოაგვარა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განცხადებას ავრცელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო აქტივობასთან დაკავშირებით, რომელიც, ორგანიზაციის აზრით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
ლევან ვარშალომიძე ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან. ხელშეკრულების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის რეგიონული ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას, რომ ბათუმში მრავალბინიან სახლებს ააშენებს და უსასყიდლოდ გადასცემს დასახლებაში მცხოვრებ პირებს. ამის განხორციელებას „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებიდან 4 წლის მანძილზე გეგმავს. „გამჭვირვალობა“ აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული, თუ რა წყაროებიდან იქნება ეს პროექტი დაფინანსებული.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემის დაპირებით. ამასთანავე, ამომრჩევლის მოსყიდვა აკრძალული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
ნორმის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სუბიექტებმა წინასაარჩევნო კამპანია სხვადასხვა პროგრამებსა და იდეებზე დაყრდნობით აწარმოონ და არა ფინანსური/მატერიალური დაინტერესების მეშვეობით. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქმედება, შესაძლოა, მიმართული იყოს მეჯინისწყლის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეთა ხმების მიღების სანაცვლოდ, მათი საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისკენ.
მიგვაჩნია, რომ პარტიის ქმედება, შესაძლოა, შეიცავდეს საარჩევნო კოდექსით აკრძალულ ამომრჩეველთა მოსყიდვის ნიშნებს, შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, დაინტერესდეს აღნიშნული ფაქტით, გამოიკვლიოს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართოს შესაბამის პასუხისმგებლობის ზომებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ, ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ამომრჩევლის მხრიდან შეიძლება აღიქმებოდეს მათ მოსყიდვად“ – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა.
სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ დანაშაულის შეგრძნება, რადგან ვერ გაუფრთხილდნენ ბაღს და არაფერი იღონეს მისი შესანარჩუნებლად.
რეჟისორი კალევ კუდუ. ნაზი ბერიძის ფოტოსპექტაკლი ბათუმის თეატრალურ სარდაფში ესტონელმა რეჟისორმა, ქალაქ ტარტუში მდებარე თეატრ „ზეროს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, კალევ კუდუმ დადგა.
„ყველაზე მთავარი ამ სპექტაკლში არის ბაღი. ეს უბრალო ბაღი არაა, ეს არის ადამიანობა, აქ მთავარია დრო. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც მე-19 საუკუნის თეატრს ვერ დადგამ. არა აქვს მნიშვნელობა ეს ესტონეთია, ამერიკა თუ საქართველო, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სივრცეში და ისე უნდა დავდგათ სპექტაკლი, რომ დღევანდელ დღეს ეხმიანებოდეს. ალუბლის ბაღში ადამიანები ერთმანეთთან არ ურთიერთობენ, ისინი ერთმანეთის მტრები არიან, სწორედ ისე, როგორც დღეს პოლიტიკოსები, ამიტომ იწყება კრიზისი. ჩეხოვი წერდა კომედიას, მაგრამ ეს იყო შავი კომედია. ამ პიესაში ბაღი გაყიდულია, ანუ გაყიდულია სამშობლო“ – ამბობს რეჟისორი კალევ კუდუ.
„მზე ჩავიდა ბატონებო!“ ბათუმის თეატრალურ სარდაფში წარმოდგენილი პირველი სპექტაკლია. სარდაფი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის შენობაში მდებარეობს. ამ თეატრის დირექტორის მედეა ჩარკვიანის ინფორმაციით პროექტი ხორციელდება ირაკლი გოგიასა (ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და მსახიობ ოთარ ქათამაძის ინიციატივით, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ბაზაზე.
„მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოვიდა. ანტონ ჩეხოვი ყველა თეატრალისათვის ძალიან ცნობილი და საყვარელი დრამატურგია და მითუმეტეს, ჩვენი ესტონელი რეჟისორისთვის კალევ კუდუსთვის. რეჟისორი ამ პიესას დგამს უკვე მესამედ, ოღონდ ყოველ ჯერზე სხვადასხვაა ინტერპრეტაციით. პირველი იყო ესტონეთში, მეორე რუსეთში და მესამე – საქართველოში.
სცენა სპექტაკლიდან. ფოტო ბათუმის თოჯინების თეატრის ფეისბუქგვერდიდან.
თვითონ რეჟისორი ძალიან საინტერესო პიროვნებაა და მისი ბიოგრაფია მრავალფეროვანია. ასეთი პროექტების განხორციელება ემსახურება ახალი ხედვის, ახალი კონცეფციის შემოსვლას და დამკვიდრებას თეატრში. გარდა ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ ამ სპექტაკლით გაიხსნა თეატრალური სარდაფი ბათუმში, ეს არის ალტერნატიული სივრცე და ექსპერიმენტული სცენა“ – აღნიშნავს მედეა ჩარკვიანი.
სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობები: მანანა გოგიტიძე, ანრი ჩაგუნავა და ლევან მიდილიში. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები: მარინა ბურდული და ოთარ ქათამაძე. ასევე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ცაგურია.
სპექტაკლი – „მზე ჩავიდა ბატონებო!“ თეატრალურ სარდაფში დღეს, 19 ივლისს, 20 საათზე იქნება წარმოდგენილი, სპექტაკლზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალმა გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო ლიცენზია მიიღო. წესრიგი, ტექნიკურად ევროსტანდარტების დონეზე აღჭურვილი განყოფილება და პროფესიონალი ექიმები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მზად არიან პაციენტებს გადაუდებელი დახმარება გაუწიონ – ეს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაა, სადაც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებაზე ზრუნავენ.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში იდეალური წესრიგია. პაციენტებს აქ მათი ჩივილების მიხედვით ათავსებენ პალატებში, რომელიც ყველა საჭირო ტექნიკითაა აღჭურვილი.
გადაუდებელი დახმარების განყოფილების ექიმი, გიორგი ლომიძე ამბობს, რომ ამჟამად დღეში საშუალოდ 30 პაციენტს უწევენ გადაუდებელ დახმარებას, თუმცა განყოფილებას მეტი პაციენტის მიღებაც შეუძლია. ზოგიერთი პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით მოჰყავთ საავადმყოფოში, ზოგიერთი კი თავად მოდის.
„გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შეგვიძლია ნებისმიერი სიმძიმის პაციენტი ვმართოთ. გვაქვს რეანიმაციული განყოფილება, ინტენსიური თერაპიის ბლოკი, სხვადასხვა მიმართულების სტაციონარული განყოფილებები და ფაქტობრივად, ყველანაირ პაციენტს შეგვიძლია გავუწიოთ დახმარება,“ – ამბობს გიორგი ლომიძე.
გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში
გადაუდებელი დახმარების ექიმი შედარებით ახალი პროფესიაა, რომელიც საქართველოში ბოლო წლებში დაინერგა. ამ პროფილის ექიმებს მრავალმხრივი ცოდნა, მაღალი კვალიფიკაცია და საგანგებო უნარ-ჩვევები სჭირდებათ. სწორედ ამიტომ მათ სახელმწიფო აძლევს შესაბამის ლიცენზიას. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაუდებელი დახმარების ოთხი ექიმი მუშაობს: ალექსი გოხელაშვილი, გიორგი ლომიძე, პავლე კაკაურიძე და შალვა კუტალაძე. ოთხივე მათგანს აქვს გადაუდებელი დამხარების ექიმის ლიცენზია და ამ მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
გადაუდებელი დახმარების განყოფილება ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში კვირაში 7 დღეს, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გადაუდებელი დახმარების ექიმი გიორგი ლომიძე ამბობს, რომ პაციენტების უმრავლესობას ძირითადად კარდიოლოგიური პრობლემები აქვს:
„ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ტკივილით გულ-მკერდის არეში და კარდიოლოგიური მიმართულების პაციენტები, თუმცა ბოლო პერიოდში დაიწყო ტრავმული პაციენტების მომართიანობა, მივიღეთ პაციენტი პოლიტრავმით, ნეიროქირურგიული მიმართულების პაციენტებიც. ჩვენ ადგილზე ყველაფერი გვაქვს, რომ მათ შესაბამისი დახმარება გავუწიოთ და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენივე ჰოსპიტლის სხვა განყოფილებაში გადავიყვანოთ,“ – ამბობს გიორგი ლომიძე.
გადაუდებელი დახმარების ექიმი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ჰოსპიტლის გადაუდებელი დახმარების ცენტრს ხშირად მიმართავენ თვითდინებით მისული პაციენტები, რომლებიც თავად ირჩევენ საერთაშორისო ჰოსპიტალს და კვალიფიციურ ექიმებს ანდობენ თავიანთ ჯანმრთელობას.
„თვითდინებით მოსული პაციენტების რაოდენობის მომატება მეტყველებს ყველაზე მეტად კლინიკის იმიჯზე, მის სანდოობასა და რეპუტაციაზე, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კლინიკაში, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს გიორგი ლომიძე.
ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.
გადაუდებელი დახმარების განყოფილების თანამშრომლები მისამართი: ბათუმი, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge
ბათუმში 220-ზე მეტი ქუჩაა, მათგან 163 ქუჩა საქართველოს ან კონკრეტულად აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მამაკაცების სახელობისაა, ქალი მოღვაწეების სახელს კი მხოლოდ 9 ქუჩა ატარებს. თუ ქუჩების დასახელებებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ან მთლიანად საქართველოს ისტორიიდან, საზოგადოებამ მხოლოდ 9 ღვაწლმოსილი ქალი გამოარჩია.
გენდერული დისბალანსი ქუჩების სახელდებისას მხოლოდ ბათუმის პრობლემა არ არის. გენდერის კვლევების სპეციალისტი, ეთუნა ნოღაიდელი ამბობს, რომ ასეთი ტენდენცია საქართველოსა და ევროპის ქვეყნების სხვა ქალაქებშიც შეიმჩნევა და ქალების ღვაწლის დავიწყება ზოგადად პატრიარქალური კულტურის მახასიათებელი ნიშანია.
„ქუჩების გარდა იგივე ეხება საჯარო სივრცესაც. ძალიან იშვიათად არის ის ქალის სახელობის. ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქალები ძალიან ცოტანი არიან ყველა სფეროში, თუმცა როცა ქალების ისტორიის შესწავლა ქალებმა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სფეროში ყოფილა ბევრი ქალი, მათ შორის ტექნიკურ მეცნიერებებში, ხელოვნებაში თუ სხვაგან. ხშირად, როცა რომელიმე მეცნიერულ მიღწევას ქალი და კაცი ერთად აკეთებდა, ქალს ივიწყებდნენ და ეს აღმოჩენა მხოლოდ კაცს მიეწერებოდა. სწორედ ამასთანაა კავშირში ის, თუ ვინ შევიდა ჩვენი ქალაქის ისტორიაში, ვინ აღიარა საზოგადოებამ. ის, რომ ასეთი ქალების სახელები არ ერქმევა ქუჩებსა თუ საჯარო დაწესებულებებს, რაც ხალხის მეხსიერებაში ამ ადამიანებს სამუდამოდ ჩაბეჭდავდა – პოლიტიკური საკითხია. ასე კიდევ უფრო მყარდება სტერეოტიპი, რომ ქალი მეცნიერები თუ მწერლები ძალიან ცოტანი არიან ისტორიაში“ – ამბობს ის.
ბათუმში ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია განიხილავს, რომელიც დასკვნას საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიაში აგზავნის და იქედან მიღებული კიდევ ერთი დასკვნის საფუძველზე საკითხს უკვე ბათუმის საკრებულო განიხილავს. ინიციატორი, ვისაც კონკრეტული ქუჩისთვის, ამა თუ იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელდების მინიჭება სურს, აუცილებლად უნდა იყოს იურიდიული პირი, გაერთიანება, არასამთავრობო ორგანიზაცია ან სხვა. ასევე შესაძლოა ინიციატორი იყოს სახელმწიფო დაწესებულება, მერია ან საკრებულოს ცალკეული წევრი. „ადრე ერთ პიროვნებასაც შეეძლო შემოეტანა ინიციატივა, მაგრამ იმის გამო, რომ ხშირად იყო მომართვები ოჯახის წევრებზე და ა.შ., ამოვიღეთ ეს ნაწილი დებულებიდან, რათა თავიდან აგვეცილებინა მსგავსი განცხადებები,“ – ამბობს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე.
დებულების მიხედვით, პიროვნება ვისი სახელიც შესაძლოა მიენიჭოს ამა თუ იმ ქუჩას, გარდა ღვაწლმოსილი ბიოგრაფიისა, უნდა იყოს გარდაცვლილი არა უახლეს 20 წლისა, თუმცა ნინო ბერაძის განმარტებით, დებულებაში გამონაკლისებიც არის გათვალისწინებული. ნინო ბერაძე ამბობს, რომ გენდერული დისბალანსის მხრივ გარკვეული ტენდენცია ნამდვილად ჩანს ბათუმის ქუჩების სახელდების საკითხში, თუმცა სურვილი და ინიციატივები, რომ ეს გარემოება გამოსწორდეს – არსებობს.
2014 წლის შემდეგ ბათუმში სულ ორი ქუჩის სახელდების საკითხი განიხილეს, რის შედეგადაც ბულვარში მდებარე ერთ პატარა ქუჩას ქართველი რეჟისორის, სულიკო ჟღენტის სახელი მიენიჭა, მეორე საკითხი კი ევგენი მიქელაძის ქუჩის ერთ-ერთი შესახვევისთვის ციალა სურმანიძის სახელის მინიჭების ინიციატივაა, რომელსაც იქ მცხოვრები 350 მოქალაქე აწერს ხელს. საკითხი უკვე გადაგზავნილია სამთავრობო კომისიაში. ციალა სურმანიძე აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი იყო, იქამდე მეჯინისწყლის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ (1997) დააარსა გლეხთა და ფერმერთა საფინანსო-საკრედიტო კავშირი „მეჯინისწყალი“, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე. იგი ასევე იყო აჭარის ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ციალა სურმანიძე 2013 წელს გარდაიცვალა.
ახლა ბათუმში არსებობს: საქართველოსა და აჭარის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ქსენია ბახტაძის (1899-1979) ქუჩა, რომელიც მწვანე კონცხის უბანში მდებარეობს; ექიმ, მეან-გინეკოლოგ ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩა (1908-1976), რომელიც აეროპორტის ადმინისტრაციულ უბანში მდებარეობს. აჭარელი მფრინავი ქალის – ფადიკო გოგიტიძის ქუჩა, რომლის სახელიც ყოფილ სევასტოპოლის ქუჩას წლების წინ გადაერქვა. ასევე, ბათუმში არსებობს თამარ მეფის გამზირი, დამსახურებული მსახიობის სესილია თაყაიშვილის ქუჩა, პოეტ ანა კალანდაძის ქუჩა – კახაბრის უბანში, წმინდა ნინოს ქუჩა – გონიო-კვარიათის უბანში, ქეთევან წამებულისა და გერმანელი ფემინისტი ქალის – კლარა ცეტკინის ქუჩები.
ბათუმის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ აჭარის ისტორიაში არიან ქალები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით აჭარისა და ზოგადად საზოგადოების განვითარებაში, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ხალხი მათ არ იცნობს.
„ამ საკითხის წამოჭრა ძალიან საინტერესოა, არც ერთი რეპრესირებული ქალის უკვდავსაყოფად არაფერი გაკეთებულა, თუმცა საპატიო ბათუმელის წოდებას ხშირად ვანიჭებთ იგივე კომუნისტურ ელიტას. პირველ რიგში სწორედ ის ხალხია დასაფასებელი, მათზე უნდა ვიზრუნოთ,“ – ამბობს ის.
რამაზ სურმანიძის თქმით, 1937 წელს აჭარაში რეპრესირებულთა შორის 12 ქალია, იგი მათგან რამდენიმეზე ამახვილებს ყურადღებას:
„აღსანიშნავია იმ დროს აჭარის სააფთიაქო სამმართველოს უფროსი ანა დანელია, იგი კიდევ ერთი საზოგადო მოღვაწის ჯემალ ქიქავას მეუღლეც იყო, ორივე მათგანი დახვრიტეს 37 წელს. ასევე, გულიზარ გიგინეიშვილი – 19 წლის, სრულიად ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის მახუნცეთის აწჰესის მშენებლობაში. ის მახუნცეთში ბიძასთან იყო სტუმრაც ჩასული, რომელიც მას სამსახურის პოვნაში დაეხმარა, რის შემდეგაც იგი ერთ-ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ ორგანიზაციის ახალგაზრდებმა ააშენეს მახუნცეთის აწჰესი. აკვედუკი [წყალსატარი] სულ მისი ორგანიზაციის ახალგაზრდების აშენებულია, რაც შეეძლო და რაც მოასწრო – გააკეთა, შემდეგ კი ისიც დახვრიტეს. ასევე, თამარ ებრალიძე ერმილეს ასული – ექიმი ქალი, რომელიც სალიბაურში მუშაობდა, სალიბაურშივე ჩეკას თავისი პუნქტი ჰქონდა, იქ დაიბარეს დაკითხვაზე და იქვე დახვრიტეს ეს ქალი. სწორედ ასეთი ქალების სახელები უნდა უკვდავვყოთ, ქალების, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ თავიანთ მოღვაწეობას,“ – ამბობს რამაზ სურმანიძე.
სულ ახლახან ბათუმის საკრებულომ ქალაქში ახალი ქუჩების მოწყობის შესახებ მიიღო პროექტი, რომელშიც ადლიის დასახლებაში 33 ახალი ქუჩის გაყვანაზეა საუბარი, ასევე, არსებული ქუჩების გაფართოებასა და კეთილმოწყობაზე. ვისი სახელები დაერქმევა 33 ახალ ქუჩას და იქნება თუ არა მათ შორის აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე უცნობი თუ ნაცნობი ქალების სახელები, ჯერ უცნობია.
ახლახან რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა, 20 წლის რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო საქართველოს ნაკრებმაც – ჯამში 62 ქულა და 12 ქულით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს.
რამაზ, როგორ ემზადებოდით ჩემპიონატისთვის და ელოდით თუ არა გამარჯვებას?
ჩემპიონატისთვის უკვე ექვსი თვე ვემზადებოდი, იქამდე რამდენიმე შეკრება გვქონდა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი შეჯიბრი იყო. ძლიერი კონკურენტებიც მყავდა. მაგალითად, პირველი შეხვედრა მქონდა გასული წლის ევროპის ჩემპიონ, თურქ სპორტსმენ მურატ ფირატთან, რომელიც ანგარიშით 8:1 დავამარცხე. შემდეგ, მეოთხედფინალში, რუმინელ სპორტსმენს ვძლიე, რომელთანაც დაძაბული ორთაბრძოლა გვქონდა და რომელიც ანგარიშით – 5:5 დავამარცხე, ნახევარფინალში ბულგარელ სპორტსმენს მოვუგე – 8:0, ბოლოს კი გასული წლის ევროპის ფინალისტს, უკრაინელ სპორტსმენ ფარვიზ ნასიბოვს შევხვდი, რომელიც ანგარიშით – 10:0 დავამარცხე და გავხდი ევროპის ჩემპიონი. საერთოდ ლიდერად ვითვლებოდი, რადგან გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი ამ წონაში, მაგრამ ეს ჭიდაობაა, წინასწარ გამორიცხულია რაიმეს ცოდნა, თუმცა მაინც ველოდი.
გარდა ამისა გუნდურშიც პირველი ადგილი დავიკავეთ, საქართველოს ნაკრებმა სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. მათი გამარჯვებებიც ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. მე 10 ქულა მოვუტანე გუნდს, სულ 62 ქულით გავედით პირველ ადგილზე.
რამაზ ზოიძე
შარშან მსოფლიო ჩემპიონი გახდი კლასიკურ ჭიდაობაში, სხვა რა ტიტულები გაქვს მოპოვებული?
შარშან ბრაზილიაში გავხდი მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში, 2012-ში ევროპის ჩემპიონი უმცროს ასაკში [ჭაბუკებში], 2011 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი ასევე – ჭაბუკებში.
რამდენი ხანია ვარჯიშობ, როგორ მოხვედი ჭიდაობაში?
6 წლის ვიყავი, ჭიდაობაში რომ დავიწყე სიარული. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვიცოდი რა იყო ჭიდაობა, უბრალოდ ჩემი ძმა დადიოდა, დავყვებოდი მეც, ვუყურებდი და ასე გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მეჭიდავა. მამაც ჭიდაობის მაგარი გულშემატკივარია. თავიდანვე მარად არძენაძესთან დავიწყე ვარჯიში, ოღონდ თავისუფალ ჭიდაობაში და მერე გადავინაცვლე კლასიკურში.
მწვრთნელს ყოველთვის განსაკუთრებული როლი აქვს სპორტსმენის ცხოვრებაში, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?
ძალიან დიდი წვლილი შეაქვს რა თქმა უნდა. იგი ჯერ თავიდან გასწავლის ჭიდაობას, გასწავლის ილეთს, გასწავლის ყოფა-ქცევასაც და ფაქტობრივად, ყველაფერს. ყოველთვის გვერდში გიდგება. შეიძლება წააგო შეხვედრა, მაგრამ მოვა, დაგამშვიდებს და დაგარიგებს, გეტყვის, რომ ივარჯიშებ და შემდეგში გაიმარჯვებ. გეტყვის, რა მინუსი გქონდა, რა – პლუსი, ზუსტად ისეთ ვარჯიშებს ჩაგიტარებს, რომელიც შენ გაგაძლიერებს და გაქცევს ჩემპიონად.
როგორც წესი, ჭიდაობაში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, სპორტსმენებს თავიანთი ტექნიკა, თავიანთი სტილი აქვთ. თქვენი ჭიდაობის სტილი როგორია?
კი, ასეა. ზოგიერთი სპორტსმენი, მაგალითად, ძალიან უხეშია, ცდილობს ჭიდაობის მომენტში აგრიოს, დაგაბნიოს… ზოგი არის ძალისმიერი _ უნდა, რომ ძალით დაგჩაგროს, ზოგიც ტექნიკური მოჭიდავეა _ ცდილობს რაღაც მოგატყუოს ილეთში. მე უფრო ელასტიურობის ხარჯზე, ტექნიკურ მოჭიდავედ ვითვლები.
რა დროს უთმობთ ვარჯიშს?
ძირითადად მწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობ, ფიროსმანზე ბათუმის სასპორტო სკოლაში. ყოველდღიურად, კვირა დღის გარდა, ორი ან ორსაათნახევარი გვიწევს ერთად მუშაობა. დასვენების დღეებში მეგობრებთან ერთად გავდივარ, ფეხბურთსა და კალათბურთს ვთამაშობ. სპორტის სხვა სახეობებიც ძალიან მომწონს, მაგრამ ჭიდაობა პირველია, რა თქმა უნდა.
უახლოეს მომავალში რა შეჯიბრები გაქვთ დაგეგმილი?
ორ თვეში მსოფლიო ჩემპიონატი მაქვს საფრანგეთში. ერთ კვირაში გავემგზავრები მინსკში, სადაც დაიწყება შეკრება, მზადება იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი ჩამოვუტანო საქართველოს. ვიმედოვნებ, ასეც იქნება. ამის შემდეგ კი გადავინაცვლებ უფროს ასაკში და იქ უკვე მეტი შრომა მომიწევს, მეტი სირთულეებია, მაგრამ მზად ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი დავძლიო და გადავლახო. ვიცი, რომ ძნელი იქნება, მაგრამ მწვრთნელების, ოჯახისა და საკუთარი თავის დახმარებით შევძლებ ამას.
ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული რა იქნება თქვენთვის?
ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა. სწორედ ეს არის სპორტის მწვერვალი და ჩემი ოცნებაც, რომელიც იმედი მაქვს, რომ ამიხდება.
ორი კვირის წინ პოლიციამ გურიაში დააკავა დიმიტრი გ. მას ბრალი მცირეწლოვანზე განხორციელებულ მუქარაში ედება. იმავე დიმიტრი გ.-ს ქობულეთის მოსახლეობის ნაწილი პედოფილიაში ადანაშაულებს. მის საცხოვრებელ სახლთან მაისში ქობულეთელებმა რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია და ბრალდებულის ლინჩის წესით გასამართლება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა და ბავშვის დედამ მაშინ ჟურნალისტებს უთხრეს, რომ 61 წლის დიმიტრი გ.-მ 12 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა.
61 წლის დიმიტრი გ.-ს წინააღმდეგ მთავარი მოწმე 12 წლის გოგო იქნება, ასევე გოგონას 13 წლის ძმა, ვისაც პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი და ვის მიმართ განხორციელებულ მუქარასაც ედავება გამოძიება ბრალდებულს. საქმის პროკურორმა, გიორგი რამიშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ვერ დადასტურდა თავდაპირველი ვერსია არასრულწლოვანთან ჩადენილ გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით:
„როდესაც ჩავატარეთ გამოძიება, არ დადასტურდა აღნიშნული ინფორმაცია. გოგონა ყვება, რომ მას ბრალდებული სთავაზობდა მანქანით წაყვანას და კანფეტების ყიდვას, ეს არ შეიძლება აღქმული იყოს გარყვნილ ქმედებად. ჩვენი მტკიცებით, ადგილი ჰქონდა მუქარას გოგონას ძმის მიმართ. მას ბრალდებული დაემუქრა, თუ შენს დას დაუშლი ჩემთან ურთიერთობას, თავს მოგაჭრიო და ასე შემდეგ. ამას ყვებიან ბავშვები გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებში. მუქარა ბავშვმა აღიქვა რეალურად და დღემდე მას სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება,“ – ამბობს პროკურორი გიორგი რამიშვილი.
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან“ გამომდინარე, ბავშვები სპეციალიზებულმა სასამართლომ უნდა დაკითხოს ფსიქოლოგისა და ბავშვების კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით. პროკურორის თქმით, სხვა უშუალო მოწმე არ არსებობს, მაგრამ დაიკითხებიან სხვა პირებიც, რომლებიც დაადასტურებენ, როგორ განიცადა ბავშვმა მუქარა, რომ მას ეშინოდა გარეთ გასვლის, ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემები და ასე შემდეგ.
ბრალდებულის ადვოკატის, რამინ პაპიძის თქმით, ბავშვების გარდა, ერთადერთი მოწმე ამ საქმეში ქობულეთის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი კობა კილაძეა, რომლის ჩვენებაც სასამართლოსთვის დამაჯერებელი არ უნდა იყოს: „გააჩნია რამდენად თანმიმდევრული და დამაჯერებელი იქნება ასევე ბავშვების მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები. ძალიან რთული იქნება მუქარის დადასტურება და შემოდავება, რომ თურმე ბრალდებული ემალებოდა პოლიციას. თავიდან, როცა მოსახლეობის ნაწილი საპროტესტო აქციებს მართავდა, თავად პოლიციამ ურჩია დიმიტრის გარიდებოდა სიტუაციას,“ – ამბობს ადვოკატი.
„ასეთი მოთხოვნა პოლიციას არ ჰქონია,“ – გვითხრა პროკურორმა გიორგი რამიშვილმა: „მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ასევე საცხოვრებლის მისამართზე, დაბარების მიუხედავად, ის არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. დიმიტრი გ.-ს დაკავება მოხერხდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 27 ივნისს“.
ჯერ უცნობია, რომელი მოსამართლე განიხილავს არსებითად არასრულწლოვნის მუქარაში ბრალდებულის საქმეს. წინასასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილმა ჩაატარა და მან ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.
პროკურორ გიორგი რამიშვილის ინფორმაციით, ბრალდებული დიმიტრი გ.-ს წარსულშიც ჰქონდა პრობლემები სამართალთან, თუმცა ამ დროისთვის მას ნასამართლეობა აღარ აქვს. დიმიტრი გ.-ს გაუპატიურებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას ედავებოდნენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დიმიტრი გ.-ს არასრულწლოვანზე მუქარისთვის დასჯიან ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით – 120-დან 180 საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. სწორედ ამ სანქციებს ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი, რომლის სრული სიმკაცრით გამოყენება უკვე მოითხოვა სასამართლოში პროკურატურამ. არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების დადასტურების შემთხვევაში [სსკ-ის 141-ე მუხლი] კი, იგი 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯებოდა. ამ სასჯელს ითხოვდა დაზარალებულის დედა, რომელიც ირწმუნება, რომ ბრალდებულმა მისი შვილის გაუპატიურება სცადა.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავს მ.მ.-ს საქმეს. მას გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემას ედავება. სასტუმრო ჯორჯიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს, ხოლო ბრალდებულს რამდენიმე წლის წინ პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული იგივე ბრალის გამო.
„ბრალი უსაფუძვლოა, რადგან სასტუმრო, რომელსაც გამოძიების ვერსიით პროსტიტუციის მიზნით გამოიყენებენ, საერთოდ არ ეკუთვნის ბრალდებულს“, – ამბობს ადვოკატი ჯემალ კიკნაძე. მისი განმარტებით, მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, ბრალი შესაძლოა წარდგენილი ყოფილიყო ბრალდებულის დედის მიმართ, ვისი საკუთრებაც არის სასტუმრო. დაცვის მხარეს საქმეში წარმოდგენილი აქვს სასტუმროს ქირავნობის ხელშეკრულებაც, სადაც ხელს სასტუმროს ქირით გაცემაზე ბრალდებულის დედა აწერს.
საქმეში მთავარი მოწმეები სექსმუშაკები არიან. მათ უკვე მისცეს ჩვენებები ბრალდებულის წინააღმდეგ და თქვეს, რომ უშუალოდ მ.მ.-ს მითითებით მუშაობდნენ სასტუმროში.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მ.მ.-ს ჯარიმის გადახდა მოუწევს, ან თავისუფლების აღკვეთა 2-დან 4-წლამდე.
პეტრო განჯა სასამართლოში კაზინო „რედისონ ივერიას“ ედავება. ის სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის სრულ ანაზღაურებას მოითხოვს. მასთან კაზინოს ადმინისტრაციას ხელშეკრულება 2019 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, თუმცა იგი მიმდინარე წლის თებერვალში შეწყდა. ადმინისტრაციის განმარტებით, პეტრო განჯა გათავისუფლებამდე ერთი კვირის განმავლობაში უმიზეზოდ არ გამოცხადდა სამსახურში.
პეტრო განჯას თქმით კი, კაზინოს ადმინისტრაციამ მას 27 იანვარს უთხრა, რომ სამსახურში აღარ უნდა მისულიყო. „მისთვის არაფერი განუმარტავთ და იმ დღეს არც ბრძანება ჩაუბარებიათ“, – გვიყვება ადვოკატი ლელი ბჟალავა: „მეორე დღესვე პეტრო დამიკავშირდა და მთხოვა, სარჩელის მომზადებაში დამეხმარეო. მაშინ კაზინოდან კიდევ სამი თანამშრომელი გამოუშვეს, მაგრამ დღეს მოწმის სახით ჩვენების მიცემა არავის უნდა, ყველა დაშინებულია, რადგან არსებობს ე.წ. შავი სიები, იქ მოხვედრა საერთოდ დაუსაქმებლობას ნიშნავს სხვა კაზინოში. პეტროსაც ეს უთხრეს, თუ არ გაჩერდები, ისე ვიზამთ, ვერსად დასაქმდებიო. არადა, მას მხოლოდ ამ სექტორში აქვს 14-წლიანი გამოცდილება. გაუგებარია, რის გამო არ შეიძლება მისულიყო უმიზეზოდ პეტრო სამსახურში, როცა ის სპეციალურად ამ საქმისთვის არის ჩამოსული უკრაინიდან საქართველოში და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს”.
„რა მტკიცებულება ადასტურებს პეტროს იძულებით სამსახურიდან გაშვებას?” – კითხვაზე ადვოკატმა გვიპასუხა, რომ მტკიცებულება 8 თებერვალია, როცა პეტროს გათავისუფლების შესახებ ბრძანება ოფიციალურად ჩაბარდა და იმავე დღეს მან სასამართლოს მიმართა: „წინა დღეებში პრობლემა რომ არ ჰქონოდა პეტროს, სარჩელის მომზადებას ხომ არ დავიწყებდით? ერთ დღეში კი სარჩელს ვერ მოვამზადებდით, ფაქტია“ – ამბობს ადვოკატი ლელი ბჟალავა.
შრომით დავას ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე სალიხ შაინიძე განიხილავს.
15 ივლისს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა. ბოლო მონაცემებით ამბოხს 265 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ათასობით ადამიანი ხელისუფლებამ დააპატიმრა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პროცესები აშშ-ში მცხოვრები მწერლის, ყოფილი იმამის, ფეტულა გულენის მიერ იმართებოდა. მეზობელ სახელმწიფოში განვითარებულ მოვლენებს „ბათუმელებთან“ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიკოსი ემზარ კახიძე აფასებს.
ბატონო ემზარ, პირველ რიგში, რა ძალები დგას გადატრიალების მცდელობის უკან, ვინ არიან ისინი და რატომ სურდათ სამხედრო გადატრიალება?
ემზარ კახიძე
ჩემი აზრით, ოთხი გადატრიალება, რომელიც მოხდა თურქეთის რესპუბლიკაში გასულ წლებში, დიდი ალბათობით, იმის ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ იგივე ძალები მოქმედებენ. ანუ სამხედრო ძალები, რომლებიც უკმაყოფილო არიან ამ შემთხვევაში ერდოღანით. არ გამოვრიცხავ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც ყოფილიყვნენ საქმის კურსში, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ტრადიციული გადატრიალებების გაგრძელებაა. ამასთან, როგორც ყველა პროცესმა, ამ პროცესმაც დეგრადაცია განიცადა და დამარცხდა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასეთი აქციები ნაკლებად მოსალოდნელია მომავალში.
ვისთვის იყო პოლიტიკურად მომგებიანი გადატრიალება თურქეთში? და ვისთვის – ერდოღანის გამარჯვება?
პოლიტიკურად მომგებიანი ქემალისტებისთვის იყო. მათ ყველამ ერთად დაგმეს ეს, მაგრამ პოლიტიკა პოლიტიკაა და შეთანხმება თუ არა, რაღაც თანაგრძნობა რომ იქნებოდა, ეს ერთმნიშვნელოვანია. ქემალისტები აგებენ პოლიტიკურ ბრძოლას ერდოღანთან და მის პარტიასთან და მათთვის ალბათ სასურველი იქნებოდა სამხედრო გადატრიალება შემდგარიყო. ვინაიდან დამარცხდა, ბუნებრივია ეს მათ უარყვეს. პირველ რიგში, გადატრიალება ლაიცისტების [ლაიციზმი გულისხმობს რელიგიის გამოყოფას სახელმწიფოსგან] ინტერესებშია, მაგრამ, იმის თქმა, რომ ისინი მონაწილეობდნენ და მოკავშირეები იყვნენ – ჩემთვის ძალიან ძნელია. რაც შეეხება თვითონ ერდოღანის მიერ მოხსენიებულ ფეტულა გულენის კვალს, ძალიან ბევრი სამხედროა დაკავშირებული გულენის მოძრაობასთან და შესაძლებელია ისიც ყოფილიყო საქმის კურსში. ის, რომ ისინი ამას საჯაროდ უარყოფენ, არაფერს ნიშნავს. ჩემი აზრით, გადატრიალების იდეა მაინც სამხედროებში მომწიფდა.
რამდენად გავლენიანი ფიგურაა თურქეთში ფეტულა გულენი და რატომ ასახელებს მას ერდოღანი? რამდენადაც ცნობილია, ისინი ერთ დროს თანამოაზრეებიც იყვნენ…
ის საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა თურქეთში, სწორედ სამხედროებში, პოლიციელებში, ასე ვთქვათ, ძალოვან სტრუქტურებშია პოპულარული. ასევე გავლენიანია მოსახლეობის საშუალო ფენებშიც, ვინაიდან ის ზომიერი ისლამის მომხრეა. სამხედრო ადამიანებისთვის, რომლებიც თავიდანვე იყვნენ გარანტები საერო ცხოვრების, ბუნებრივია მისი იდეოლოგია იყო მისაღები. ვერ ვიტყვი, რომ ერდოღანიც რაღაც განსხვავებული და რადიკალური იყოს, თუმცა გულენი, შეიძლება ითქვას, ეს არის ერდოღანის ისლამისტური მოძრაობის ზომიერი ფრთა.
რატომ დაასახელა, პრეზიდენტმა სწორედ გულენი?
ვფიქრობ, ეს მისი პოლიტიკური ახირებაა. ბუნებრივია, ის დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ არის განწყობა, მაგრამ გულენი ყველაზე უფრო გავლენიანი და საკმაოდ ინტელექტუალი პიროვნებაა. ის ერთ-ერთ ინტელექტუალურ პიროვნებადაა დასახელებული მსოფლიოში და ას ყველაზე უფრო ინტელექტუალურ პოლიტიკოსს შორისაა მოხსენიებული. ამიტომ ერდოღანი ცდილობს მისი ალტერნატივა, ასე ვთქვათ, სწორედ გულენი იყოს ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ სხვა არც ერთ პოლიტიკურ გუნდში მისი წონის პოლიტიკოსი ჯერჯერობით არ ჩანს.
არის მოსაზრება, რომ შესაძლოა ერდოღანმა იცოდა გადატრიალების მზადების შესახებ, ხელი არ შეუშალა და ახლა ამას საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებს. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება? თქვენი აზრით, ჩნდება ეჭვის საფუძველი?
არის ასეთი მოსაზრება, თვითონ ერდოღანისთვის არსებული სიტუაცია მომგებიანია, მაგრამ… ეს რომ ყოფილიყო გადატრიალების გათამაშება, ეჭვის მეტი საფუძველი იქნებოდა, მაგრამ რაც ვნახეთ, რა ინფორმაციაც მაქვს, იქ სერიოზული ბრძოლებიც იყო… ხალხი რომ არ გამოსულიყო ქუჩაში, ერდოღანის საქმე ცუდად წავიდოდა, ამიტომ ამხელა რისკზე წამსვლელად მე ერდოღანი არ მიმაჩნია. ასეთი შეთქმულების თეორიების მე ნაკლებად მჯერა.
თურქეთში მომხდარი ცვლილებები აისახება თუ არა საქართველოზე და როგორ?
ჩვენთვის თურქეთი, როგორც მეზობელი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ეკონომიკურად, არამედ პოლიტიკურადაც. თურქეთი არის ისლამისტური ფრონტის ბოლო ზღუდე, ჩვენ რომ წარმოვიდგინოთ თურქეთში დესტაბილიზაცია, ჩათვალეთ, ისლამიზმის საფრთხე უშუალოდ ჩვენს საზღვართან გაჩნდება. ამიტომ ჩვენი ზოგიერთი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ვფიქრობ, რომ არ გვაწყობს თურქეთის დასუსტება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იქ იყოს სტაბილურობა, მაგრამ სტაბილურობა დიდხანს არ მიიღწევა, თუ არ იქნება დემოკრატიული მართვა.
ერდოღანის გამარჯვება სტაბილიზაციის გარანტია?
საბოლოოდ, ერდოღანის გამარჯვება მაინც დესტაბილიზაციისკენ მიაქანებს ამ ქვეყანას, თუ მან განახორციელა მისი ზრახვები და მოახდინა ხელისუფლების უზურპაცია. ეს აუცილებლად დამთავრდება კრახით ამ ქვეყნისთვის და ამ შემთხვევაში ოდნავ იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყნის პარლამენტის და ოპოზიციური ძალების. ერდოღანი გამოცდილი პოლიტიკოსია და აუცილებლად გამოიყენებს ამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ.
თურქეთში არეულობის ფონზე იზრდება თუ არა საფრთხეები რუსეთიდან?
აუცილებლად. ჩვენ გვაწყობს დაბალანსებული სიტუაცია და არ გვინდა რომელიმე ძალის ცალმხრივად გამარჯვება კავკასიაში. სრულიად შესაძლებელია, დავუშვათ, დაკარგოს თურქეთმა აქ გავლენა და რუსეთმა ცალმხრივად მოიპოვოს უპირატესობა. მართლა რომ რაღაც მოხდეს, როგორც 1921 წელს დასრულდა, ისე ტრაგიკულად დასრულდება ეს ჩვენთვის.
თურქეთში სამხედროების ჩარევა პოლიტიკაში რამდენჯერმე განხორციელდა, მაგრამ ახლანდელი მარცხი, თქვენი აზრით, რით იყო განპირობებული?
ქემალისტურმა იდეამ თურქეთი გადაარჩინა და ახალ განზომილებაში გადაიყვანა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა არ არის მარადიული. ქემალიზმს გაუვიდა ყავლი. ეს არის ცალსახა. არშემდგარი გადატრიალება, ეს იყო ქემალიზმის დამარცხება. მიუხედავად ამისა, მთავარია განგრძობითობა იყოს, მემკვიდრეობითობა, ანუ თუ ერდოღანი ქემალიზმს მთლიანად არ მოსპობს, მაშინ არ იქნება ეს უარყოფითი, მთავარია, ერდოღანმა მთლიანად არ ამოძირკვოს ქემალიზმი.
მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხალხი დააპატიმრა, მგონი თავადაც დაინახა, რომ თურქეთში ხალხს აქვს ფასი. მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის ბედი და სრულიად შესაძლებელია ნახევარ თვეში ეს ხალხი მის წინააღმდეგ გამოვიდეს. ამიტომ, ვფიქრობ, ზომიერად უნდა მოიქცეს, ეს მისთვისაც კარგი იქნება და ქვეყნისთვისაც.
დღეს ერდოღანი იღებს გადაწყვეტილებას თურქეთში, თუ ხალხი?
ხალხი. არ გამოვრიცხავ, რომ თუ ის რადიკალური იქნება, გააგრძელებს არაპერსპექტიულ პოლიტიკას სირიასა და არაბულ სამყაროში, ხალხი მის წინააღმდეგაც გამოვა. ხალხმა აჩვენა ძალა. რუსეთშიც გამოჩნდა ხალხი, მაგრამ პუტინმა ჩაახშო, თურქეთის გამოცდილება კი დემოკრატიაში უფრო დიდია.
„ბათუმის ავტოტრანსპორტის “ დირექტორის ინფორმაციით, ბათუმში ელექტროავტობუსების შემოყვანის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„ჩვენ გვქონდა წინადადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, რომ გაგვეკეთებინა ერთი საცდელი ხაზი ელეტრონული ავტობუსების, დანარჩენი კი, ევრო 5 დიზელის სტანდარტზე მომუშავე ავტობუსები შეგვეძინა. დასკვნები, რაც ბანკისგან მივიღეთ, არის კონფიდენციალური და ვერ გავასაჯაროვებთ მანამ, სანამ ოფიციალური თანხმობა არ გვექნება“ -გვეუბნება „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორი პაატა დუმბაძე.
მისი ინფორმაციით, სესხის გამოყოფამდე ბანკმა ჯერ ბათუმის რელიეფი და გარემო პირობები უნდა შეისწავლოს, თუ რამდენად შეესაბამება ელექტროავტობუსებს. „იმის შემდეგ, როცა გვექნება დადასტურება, დავაანონსებთ. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“.
იმ შემთხვევაში, თუკი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ წინადადებას მიიღებს, სესხის ფარგლებში ათი ერთეული ელეტროავტობუსის შესყიდვა მოხდება. თუმცა, სესხის ოდენობას ავტოტრანსპორტის დირექტორი, ამ დროისთვის არ ასაჯაროვებს.
„სექტემბრის 15-მდე უნდა გვქონდეს ბანკის პასუხი. თანხმობის შემთხვევაში დეტალებს გავახმაურებთ“ – გვეუბნება პაატა დუმბაძე.
„პოზა სიარული წინ და უკან“ – გამოფენა ამ სახელწოდებით ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარეობს.
ოთხი სლოვაკი ხელოვანის: გინტა ვეისერმენის, იზაბელ ვენცელის, MML Studio-ს და ლუსია ნიმცოვას ნამუშევრები შემოქმედებითმა ჯგუფმა „ფლოატმა“ ჩამოიტანა ბათუმში.
გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები და ვიდეო ინსტალაციები, რომელიც სხვადასხვა სოციალურ დონეზე მყოფი ადამიანის მდგომარეობას ასახავს.
როგორც თანამედროვე ხელოვნების სივრცის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლაშა ფალავანდიშვილი განმარტავს, გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებში ასახულია ადამიანის პლასტიკა, საკუთარი თავის მალვის თუ გარდასახვის იდეა, ვიდეოებში კი ძირითადად ვხვდებით დეკონსტრუქციას, წესრიგის დარღვევას – თუ როგორ შლიან და აფუჭებენ ადამიანები ბუნებაში მიღებულ წესებს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე.
გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში 31 ივლისამდე გაგრძელდება და მისი დათვალიერება უფასოა.
„თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს პარლამენტში ნუგზარ ვარშანიძე და ნინო ბერაძე იქნებიან. მესამე კანდიდატი პარტიას ჯერ არ დაუსახელებია.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, კობა ჩხეიძე, რომელიც „ბათუმელების“ ინფორმაციით, სიის პირველი ნომერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებს, რომ, საარჩევნო სუბიექტების პრეზენტაცია უახლოეს დღეებში ექნებათ და ყველა კანდიდატის ვინაობა მაშინ გახდება ცნობილი.
„ჯერ-ჯერობით საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარობის ორი კანდიდატი დავასახელეთ. ნინო ბერაძე ბათუმის საკრებულოს წევრია, ნუგზარ ვარშანიძე კი ინჟინერი. ოჯახით არის პოეტ მამია ვარშანიძის შვილი, თვითონ კი პროფესიონალი რკინიგზელია. რკინიგზის სადგურის გადატანა ბათუმში მისი პროექტის მიხედვით მოხდა, რკინიგზის ახალი სადგურიც მისი დაპროექტებულია“.
ნინო ბერაძე
კობა ჩხეიძის ინფორმაციით, ნუგზარ ვარშანიძე პოლიტიკაში აქამდე არ ყოფილა, „გარკვეული ხნის წინ მოვიდა და გაწევრიანდა ჩვენს პარტიაში“-გვეუბნება ის.
ნუგზარ ვარშანიძე
ნუგზარ ვარშანიძე 2004 საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ბათუმის ტერიტორიული სამმართველოს უფროსად მუშაობდა. როგორც ნუგზარ ვარშანიძე გვეუბნება, ის 2004 წლის მარტში ასლან აბაშიძემ დააკავა. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხმარებაო და ეს იყო მიზეზი, თუმცა ოფიციალურ მოტივად ფინანსური დარღვევები დაასახელეს. შემდეგ, ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, გამათავისუფლეს, თუმცა ძალიან მალე, სააკაშვილის ხელისუფლებამ დამაკავა იმ მოტივით რომ „ასლან აბაშიძის გუნდის წევრი ვიყავი“. ოფიციალური ბრალდება იგივე იყო, რაც აბაშიძის დროს. თუმცა, რამდენიმე თვეში საპროცესო გარიგების საფუძველზე გამათავისუფლეს“- გვეუბნება ნუგზარ ვარშანიძე.
რა არის „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანი და მოქმედების სფერო?
2014 წლის 2 მაისს საქართველოს პარლამენტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ~ საქართველოს კანონი მიიღო, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 7 მაისს.
ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.
ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით.
რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად?
დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია:
ა) თავისი საქმიანობა, აგრეთვე სამართლებრივი აქტები და შიდა რეგულაციები, თუ ისინი არსებობს, შეუსაბამოს ამ კანონსა და სხვა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას; ბ) სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს;
გ) დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობისა და შიდა რეგულაციების შესაბამისად პასუხისმგებლობა დააკისროს მის დაქვემდებარებაში მყოფ დამრღვევ პირს და უზრუნველყოს დისკრიმინაციის შედეგების აღმოფხვრა მესამე პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
ვინ ახორციელებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას?
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი.
საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საქართველოს სახალხო დამცველი:
ა) განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს;
ბ) შეისწავლის დისკრიმინაციის ფაქტს როგორც განცხადების ან საჩივრის არსებობისას, ისე საკუთარი ინიციატივით და გამოსცემს შესაბამის რეკომენდაციას;
გ) ამზადებს და შესაბამის დაწესებულებას ან პირს უგზავნის ზოგად წინადადებებს დისკრიმინაციის თავიდან აცილების და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე;
დ) ამ კანონის მიზნებისათვის შეიმუშავებს მოსაზრებებს აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ და მათ საკანონმდებლო წინადადების სახით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;
ე) იწვევს დისკრიმინაციის მსხვერპლს და სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს და ცდილობს საქმე მხარეთა მორიგებით დაასრულოს;
ვ) დისკრიმინაციის მსხვერპლის უფლებების აღსადგენად რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის დაწესებულებას ან პირს, თუ საქმის მორიგებით დასრულება შეუძლებელი აღმოჩნდება და არსებობს საკმარისი მასალები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
ზ) უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
თ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ;
ი) ახორციელებს ღონისძიებებს დისკრიმინაციის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;
კ) დისკრიმინაციის საკითხებზე თანამშრომლობს საერთაშორისო სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
როგორ ხდება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ საქმის განხილვა?
პირმა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით/საჩივრით მიმართავს, უნდა მიუთითოს ის ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, და უნდა წარადგინოს შესაბამისი მასალები ასევე, უნდა წარადგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც სავარაუდო დისკრიმინაციული ქმედების განმახორციელებელ პირს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
თუ საქართველოს სახალხო დამცველი საჭიროდ მიიჩნევს, იგი უფლებამოსილია დანიშნოს ზეპირი მოსმენა და მოიწვიოს მხარეები საქმის მორიგებით დასასრულებლად. საქმის მორიგებით დასრულების შემთხვევაში საქართველოს სახალხო დამცველი ახორციელებს მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
ნებისმიერი ადმინისტრაციული, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო (მათ შორის, პროკურატურის, საგამოძიებო, სასამართლო ორგანო) ვალდებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული მასალა, საბუთი, ახსნა-განმარტება და სხვა ინფორმაცია კანონით დადგენილი წესების დაცვით გადასცეს საქართველოს სახალხო დამცველს მოთხოვნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. თუ ინფორმაცია ნებაყოფლობით კერძო პირისგან მიიღება, მას საკუთარი მოთხოვნით შეიძლება აუნაზღაურდეს ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებული ასლის გადაღების და საფოსტო მომსახურების ხარჯები.
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას/საჩივარს განიხილავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო: დავას სასამართლო განიხილავს, მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ან მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა.
ვის შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელით?
ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით.
რუბრიკის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. შინაარსზე პასუხისმგებელია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ , ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივანი 8 ხმით სოფიო კახაძე გახდა. იგი უსკო-ს წევრად, უმაღლესმა საბჭომ, 2016 წლის 5 ივლისს აირჩია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის მდივნის თანამდებობაზე კიდევ ერთი კანდიდატი იყო წარდგენილი. რამაზ გოლომანიძემ 5 ხმა მიიღო. მდივნის ასარჩევად მინიმუმ 7 წევრის მხარდაჭერა იყო საჭირო.
„საარჩევნო კომისია სრულფასოვან მუშაობას მაშინ შეძლებს, როცა არჩეული იქნება მდივანიც და თავმჯდომარის მოადგილეც. ამ შემთხვევაში შეფერხებები იმიტომ არ იყო, რომ კომისიაში მდივნის მოვალეობის შემსრულებელი გვყავდა… მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა“- ამბობს სოფიო კახაძე.
უსკოს თავმჯდომარის მოადგილე გუგული დუაძეა.
დღეს, 18 ივლისის, სხდომაზე ცვლილება შევიდა ასევე უსკოს რეგლამენტშიც. ამიერიდან უსკო ვალდებულია სხდომის გამართვის წინა დღეს გამოაქვეყნოს ინფორმაცია კომისიის ვებ-გვერდზე, დასაშვებია გამონაკლისი, რაც ინფორმაციის გავრცელებას 3 საათით ადრე ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, თუ უსკოს სხდომას არ ესწრება კომისიის სრული შემადგენლობის უმრავლესობა [მინიმუმ 7 წევრი, 13-დან], სხდომა უნდა გადაიდოს, ოღონდ, სხდომის ჩატარების თარიღი თავმჯდომარემ უნდა გამოაცხადოს.
სასტუმრო „ლეო გრანდთან” დაკავებული ირაკლი ჯაშის და ირაკლი ბჟალავას საქმეზე დღეს შსს-ს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა, ლევან ფუტკარაძემ სასამართლოს ჩვენება მისცა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სამივე პოლიციელს აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სხეულის მსუბუქი დაზიანებები.
ირაკლი ჯაში და ირაკლი ბჟალავა მიმდინარე წლის 16 აპრილს დააკავეს სასტუმრო „ლეო გრანდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. რამდენიმე დღეში ადვოკატებმა სასტუმროს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი მოიპოვეს, სადაც ჩანს, რომ ბრალდებულები მხოლოდ სიტყვიერად უპირისპირდებიან პოლიციელებს. მანამდე გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში პოლიციელებმა თქვეს, რომ ჯაში და ბჟალავა მათ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.
ექსპერტს ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ ბრალდებულების დაზიანებებზეც დაუსვა შეკითხვა, თუმცა პროკურორმა, ზურაბ კონცელიძემ მისი აცილება მოითხოვა და მოსამართლის თანხმობა მიიღო. მოსამართლე ირაკლი შავაძემ განმარტა, რომ ექსპერტის დაკითხვა ორივე მხარის მოთხოვნაა, დღისთვის კი იგი პროკურატიურის მოთხოვნით აძლევდა სასამართლოს ჩვენებას. ბრალდებულების შესახებ კითხვების დასმის საშუალება ადვოკატებს იგივე ექსპერტთან მორიგ სხდომაზე შეეძლებათ.
“ამავე ექსპერტმა დადო დასკვნა ბრალდებულების სხეულის დაზიანებებზე. ირაკლი ჯაშს 18 დაზიანება აქვს, მათ შორის ზურგის არეში. პოლიციელებმა თქვეს, რომ ბრალდებულების დაკავების დროს მიიღებდნენ ისინი სისხლჩაქცევებს, რადგანაც პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწის, მაგრამ საინტერესოა, დაკავების დროს, საიდან უნდა მოხვედროდა ადამიანს დაზიანება ზურგის არეში”, – ამბობს ადვოკატი დავით ჯაფარიძე “ბათუმელებთან”.
დღეს, 18 ივლისს გამართულ სხდომაზე პროკურატურამ მოწმის სახით მხოლოდ ერთი ექსპერტი დაკითხა. ადვოკატების დავით ჯაფარიძის და რამინ პაპიძის თქმით, პროკურატურა არ უნდა აჭიანურებდეს პროცესს და შესაძლებელი იყო რამდენიმე მოწმის დაკითხვა ერთ სხდომაზე.
ბრალდებული ირაკლი ჯაში სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულია, ირაკლი ბჟალავა კი დღემდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, როცა პროკურატურამ ახალი ბრალი წაუყენა – პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ბრალის დადასტურების შემთხვევევაში, ირაკლი ჯაშს და ირაკლი ბჟალავას 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, 16 ივლისს, თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში, იასინ თემიზქანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან“ [იგულისხმება ბათუმში მდებარე კერძო სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“]. განცხადებას სოციალურ ქსელებში მალევე მოჰყვა სკოლის მასწავლებლების, კურსდამთავრებულების, მოსწავლეებისა და მშობლების რეაქცია.
„ბათუმელები“, განცხადების შეფასებისთვის დაუკავშირდა სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ რამდენიმე კურსდამთავრებულს.
სახელი, გვარი, ასაკი: ასლან ართმელაძე, 23 წლის.
პროფესია: სოციალური და პოლიტიკის მეცნირებათა ბაკალავრი.
სამუშაო: არასამთავრობო ორგანიზაცია „თანამშრომლობის და განვითარების რეგიონალური ქსელის“ გამგეობის თავჯდომარე.
„ვთვლი, რომ კონსულმა არასწორი და უპასუხისმგებლო განცხადება გაავრცელა სკოლასთან დაკავშირებით. მე 5 წელი ვსწავლობდი ამ სკოლაში, სწავლება მიმდინარეობდა ქართულად და ინგლისურად. თურქული ენა დამატებითი საგანი იყო და კვირაში რამდენიმე საათი ეთმობოდა. ანტისახელმწიფოებრივი და მითუმეტეს ტერორიზმთან მისადაგებული საქმიანობის არავითარი მიმართულება არ არსებობდა, უფრო მეტიც საკონსულოს თანამშრომლები სწავლა-განათლებას ამ სკოლაში აძლევდნენ თავიანთ შვილებს. სკოლა არის სრულიად სეკულარული. მიმაჩნია, რომ მან პოსტი სასწრაფოდ უნდა დატოვოს, რადგან ამ ქმედებით შეურაცხყოფას აყენებს როგორც ჩაღლაღის საგანმანათლებლო დაწესებულებების ათასობით მოსწავლესა და თანამშრომელს, აგრეთვე ქართულ-თურქულ ურთიერთობებს“.
სახელი, გვარი, ასაკი: სოფიო ხაჯიშვილი, 23 წლის.
პროფესია: იურისტი.
სამუშაო: მოქმედი ადვოკატი. სადისტრიბუციო კომპანიის მთავარი იურისტი
„ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტულად რას და ვის მიზანს ემსახურება მსგავსი განცხადება და რა მოტივი უდევს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემი იქ სწავლის პერიოდზე შემიძლია ვთქვა, რომ სკოლაში იყო სრული წესრიგი, რეჟიმი და განათლების მისაღებად საუკეთესო გარემო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ სკოლას აღზრდილი ჰყავს ძალიან წარმატებული თაობები, კურსდამთავრებულები, რომლებმაც სწავლა გააგრძელეს საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით წამყვან უნივერსიტეტებში. დღეს ისინი მათ მიერ არჩეულ სფეროში აგრძელებენ წარმატებულ მოღვაწეობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არ მახსენდება შემთხვევა, როცა რომელიმე თურქი მასწავლებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა რაიმე თურქული ღირებულების, კულტურის თუ რელიგიის თავზე მოხვევას. უფრო მეტიც, ეს იყო სკოლის კედლებში გატარებული მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის რამდენიმე წელი და მადლობას ვუხდი თითოეულ ჩემს მასწავლებელს, რომელმაც თავის დროზე არ დაიზარა და დიდი შრომა ჩადო ასეთი თაობების აღსაზრდელად“.
სახელი, გვარი, ასაკი: თორნიკე მახაჭაძე, 21 წლის.
პროფესია: საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროპულ მეცნიერებათა სპეციალობის მიმართულება
სტატუსი: პრაღის მეტროპოლიტენისა და კალიფორნიის სახალხო უნივერსიტეტების სტუდენტი
„პირველ რიგში, როგორც შაჰინის სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულმა, მინდა განვაცხადო, რომ ბოლო დროს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებაში თურქეთის კონსულის განცხადება, ლიცეუმისა და მისი აღსაზრდელების ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირის შესახებ, არის სრული აბსურდი და შეურაცხმყოფელი! როგორც კურსდამთავრებულმა და ადამიანმა, რომელმაც სასკოლო წლების უდიდესი ნაწილი ამ სკოლაში გაატარა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს სკოლა არის ერთ-ერთი საუკეთესო როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მთლიანად საქართველოს მასშტაბით. ეს არის სკოლა, სადაც ყოველი სასწავლო კვირა იწყება სახელმწიფო ჰიმნით, ადგილი, სადაც საუკეთესო პედაგოგები ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრების აღზრდას, ხოლო ის რაც კონსულმა განაცხადა, არის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, რომლითაც დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამ სკოლის ასეულობით აღსაზრდელს, კურსდამთავრებულს თუ საქართველოს საგანმანათლებლო სისტემას. ასევე, როგორც მომავალი საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი დავამატებდი, რომ კონსულის განცხადება არის სრულიად არადიპლომატიური, რომელმაც სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას შეურაცხყოფა მიაყენა და გარდა ამისა ასეულობით არასრულწლოვანს საზოგადოების თვალში სულიერი ტრავმა მიაყენა. ჩემი აზრით, ბატონმა კონსულმა პირველ რიგში საჯარო ბოდიში უნდა მოიხადოს როგორც საზოგადოების, ასევე კერძოდ სკოლა-ლიცეუმის წინაშე“.
სახელი, გვარი, ასაკი: დიანა დევაძე, 17 წლის.
სტატუსი: აბიტურიენტი.
„ამ სკოლაში გავიზარდე, ვისწავლე ძალიან ბევრი რამ, პირველ რიგში მეგობრობა, ადამიანებთან ურთიერთობა, უფროსებისა და მეგობრების პატივისცემა. ცოტა მეუხერხულება იმის ახსნა, რომ ის რაც კონსულმა განაცხადა რეალობას არ შეესაბამება. ვფიქრობ ასეთი რამე არ უნდა ეთქვა, მითუმეტეს როცა დამამტკიცებელი საბუთი არ გააჩნია. მსგავსი უაზრობა ცხოვრებაში არ წამიკითხავს და სასაცილოცაა ეს ყველაფერი. ვიმეორებ, რომ შაჰინის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმში მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა და ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. ჩემი სკოლა N1-ია“!
დღეს, 18 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა კონსულის ამ განცხადებასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.
„არც მას [კონსულს] და არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც დადიან საქართველოში ამ კონკრეტულ სკოლებში განათლების მისაღებად, ან ამ სკოლის კურსდამთავრებულები, არიან ტერორისტები. ეს სრული გაუგებრობაა. მეორეს მხრივ, ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს ჩვენი შეშფოთება ფეტულას ტერორისტული ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათი კავშირებისა და სკოლების მართვის გამო, როგორც სხვა მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებში,” – განმარტა ელჩმა.
დღეს 18 ივლისს, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა.
უმაღლესმა საბჭომ კენჭი უყარა ზურაბ პატარაძის მიერ წარდგენილ მინისტრობის კანდიდატებს: ნუგზარ სურმანიძე, გიორგი თავამაიშვილი [ყოფილი მინისტრები], რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე. პოსტი ვერ შეინარჩუნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დავით ბალაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ.
ფინანსთა და ეკონომიკის ახალ მინისტრად, ყოფილი მინისტრის მოადგილე, რამაზ ბოლქვაძე, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლაშა კომახიძე წარადგინეს, რომელიც მანამდე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის „ენპარდ აჭარას“ პროექტის მენეჯერი იყო. ნუგზარ სურმანიძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრად გააგრძელებს მუშაობას, ხოლო გიორგი თავამაიშვილი განათლებისა და კულტურის მინისტრად.
უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თემურ კახიძის ინფორმაციით, კენჭისყრაში 19 დეპუტატი მონაწილეობდა. აქედან 12-მა მხარი დაუჭირა მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას, შვიდი წინააღმდეგი იყო, ერთმა დეპუტატმა, – მედეა ვასაძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ერთი დეპუტატი თემურ ბოლქვაძე კი სხდომას არ ესწრებოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ახალი მინისტრთა კაბინეტი, დამტკიცებულია.
აჭარის ახალი მინისტრთა კაბინეტი. მარცხნიდან: ლაშა კომახიძე, რამაზ ბოლქვაძე, გიორგი თავამაიშვილი, ნუგზარ სურმანიძე
ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად, 11 ხმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში რექტორად აირჩია.
რექტორის არჩევნები, ფაქტობრივად ერთი კანდიდატით ჩატარდა, რადგან რექტორობის მეორე კანდიდატმა, ანთაზ ქიქავამ საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე მოხსნა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა 11-ივე ხმის მიღების მოლოდინი, მერაბ ხალვაშმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ანთაზ ქიქავამ კანდიდატურა მოხსნა, ასეთი მოლოდინი გაუჩნდა.
„ეს არის ძალიან დიდი პატივი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა, რომელიც ჩემს მხრებზე ავიღე, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ თქვენთან ერთად“ – ასე მიმართა აკადემიურ საბჭოს მერაბ ხალვაშმა.
ბსუ-ში ახალი რექტორი აირჩიეს
მისი თქმით, აკადემიურ საბჭოს კენჭისყრამდე ბევრი კითხვა ჰქონდა.
„კითხვები იყო ყველა მიმართულებით, როგორც სასწავლო, ასევე სამეცნიერო მიმართულებით, იყო მწვავე შეკითხვებიც, რომელიც ძირითადად ეხებოდა აკადემიური პერსონალის დატვირთვას, სწავლის საფასურს და ა.შ. მე შევეცადე გამეცა პასუხები. თუმცა არის საკითხები, რომლის გადაწყვეტა უნდა მოხდეს კონსესუსის გზით და ეს კონსესუსი იქნება მიღწეული, არა მარტო აკადემიური საბჭოს წევრებთან, უნივერსიტეტის მთლიან პერსონალთან“ – განაცხადა მერაბ ხალვაშმა.
„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ დატოვა მისმა კონკურენტმა ანთაზ ქიქავამ საბჭოს სხდომა და რა არგუმენტები ჰქონდა მას კანდიდატურის მოხსნამდე? მერაბ ხალვაშმა განაცხადა: „ვერ გეტყვით, არ ვიცი. მას არ აუხსნია მიზეზები“.
17 ივლისს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში, შავი ზღვის რიგით მე-10 ჯაზ ფესტივალის ფარგლებში, ამერიკელი მომღერლის, კომპოზიტორის, რეპერისა და პროდიუსერის – მის ლორენ ჰილის კონცერტი ჩატარდა.
მუსიკოსი შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალზე 17 კაციანი ბენდით წარსდგა და კონცერტი სიმღერით – Conformed To Love-ით გახსნა.
ლორენ ჰილი 90-იანებში გახდა ცნობილი, რამდენიმე გრემის მფლობელი ჯგუფის Fugees-ის ვოკალისტის სახელით. მისი მუსიკა რეპს, R&B-ს, სოულს და ნაწილობრივ რეგისაც აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ფესტივალის, ყველაზე მეტი მაყურებელი, სწორედ მესამე დღეს დაესწრო.
ფესტივალის დარჩენილი დღეების განრიგი ასეთია:
21 ივლისი – THE PRODIGY
აჭარის უმაღლეს საბჭოს, რომელმაც დიდი ალბათობით, აჭარის ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცოს, „ძველი“ მთავრობისგან გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში არ მოუსმენია. ბიუჯეტის კონტროლზე, ქონების განკარგვასა თუ ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე, უმთავრესად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა პასუხისმგებელი. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით კი, სამინისტრო ქონებასაც არაეფექტურად განკარგავს, ბიზნესთან დამოკიდებულებაში ხშირად ორმაგ სტანდარტს ავლენს და საკუთარ ბიუჯეტსაც არასათანადოდ გეგმავს.
სამინისტროს 2015 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში, ისევე როგორც ადრინდელ ანგარიშებში, საუბარია სამინისტროს მხრიდან არსებულ დარღვევებზე.
მაგალითად, სოფელ ვაშლოვანში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის გარკვეულ სამუშაობზე შპს „ე-კონთან“ სამინისტროს მიერ ანგარიშსწორება განხორციელებულია იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებლების მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ, რაც, აუდიტის შეფასებით, დარღვევაა.
აჭარის მთავრობის მარტის განკარგულებით, სამინისტროს მიეცა თანხმობა სარეკლამო ვიდეორგოლის – „აჭარა როგორც საინვესტიციო გარემოს“ შესყიდვა განეხორციელებინა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. შპს „სტუდია მეტროსთან~ გაფორმდა ხელშეკრულება 65 ათას ლარზე, რომელიც აჭარაში 2,5-3 წუთამდე სარეკლამო რგოლების გადაღებასა და მიწოდებას ითვალისწინებდა. აუდიტი აღნიშნავს, რომ ვიდეორგოლის შესყიდვისათვის თანხა გათვალისწინებული იყო „რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის~ ქვეპროგრამის ფარგლებში, სამინისტროსათვის ცნობილი იყო ამ შესყიდვის აუცილებლობა და `დროში შეზღუდვის მოტივით“ გამარტივებული შესყიდვის გამოყენება საფუძველს მოკლებულია.
2008-2012 წლებში პრივატიზებული ქონების იპოთეკით დატვირთვისა და დაყადაღების გამო ვალდებულების შეუსრულებლობისა და სამინისტროს მხრიდან გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დღემდე ვერ ხერხდება 160 ათასი აშშ დოლარისა და 2 476 800 ლარის ღირებულების ქონების აჭარის საკუთრებაში დაბრუნება.
ამასთან, 2015 წელს სამინისტრო ახორციელებდა პირობების შესრულების მონიტორინგს 118 ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით. ამ ხელშეკრულებებიდან 34 შემთხვევაში [საერთო რაოდენობის 28,8%], ვერ ხერხდება დადგენილ ვადებში ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამინისტროს მხრიდან „ადგილი აქვს სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არათავისდროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და არაერთგვაროვანი მიდგომის ფაქტებს“.
ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული საჯარიმო სანქციების ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების მიზნით, შესაბამისი სარჩელები შეტანილია სასამართლოშიც. 2015 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით დასრულებული იყო 35 საქმე და 44 078 426 ლარის და 1 423 759 აშშ დოლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ ამოღების მიზნით მასალები გადაგზავნილი იქნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. გასული წლის განმავლობაში ამოღებული იყო მხოლოდ 375 808 ლარი, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2016 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, ადმინისტრაციული წარმოების შედეგად დარიცხული თანხიდან ნაშთად ირიცხებოდა 42 407 99 ლარი და 6 831 157 აშშ დოლარი.
გასულ წელსვე, საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მოტივით, სამინისტროს წინადადებებითა და მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, ქონების მყიდველები 22 შემთხვევაში პირობით გათავისუფლდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის დარიცხული 4 709 999 ლარისა და 1 890 272 აშშ დოლარის საჯარიმო სანქციისაგან. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოტივით 2014 წელს 25 შემთხვევაში ჩამოეწერათ დარიცხული 3 739 800 ლარი.
კანონის მიხედვით კი, პირობების შეუსრულებლობისათვის დარიცხული სანქციებისაგან გათავისუფლება, დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. `ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა შემთხვევები, როცა სანქციებისაგან გათავისუფლება არაარგუმენტირებულად არის განხორციელებული. მიგვაჩნია, რომ სანქციებისაგან გათავისუფლება, დამატებით დასაბუთებას მოითხოვს“ – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
მინისტრის ბრძანების შესაბამისად შექმნილი კომისიის მიერ გამოვლენილია აჭარის ქონების არამართლზომიერი გამოყენების 43 შემთხვევა, რომლებიც 2008-2012 წლებშია რეგისტრირებული აჭარის საკუთრებად. თუმცა, გამოვლენილი უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით, სამინისტროს მიერ ქმედითი ღონისძიებები არ არის გატარებული.
შედეგად კი, ქონების არამართლზომიერი გამოყენება 2015 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა. ქონების სარგებლობის საფასურის სახით დარიცხვას შარშან დაექვემდებარა 2 638 761 ლარი, საიდანაც ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხა არ იყო ჩარიცხული.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წილობრივი მონაწილეობით მოქმედ 61 საწარმოდან 2014 წელი მოგებით დასრულებული აქვს მხოლოდ 14 საწარმოს. აღნიშნული 61 საწარმოდან, 2015 წელს კი დივიდენდი გადახდილი აქვს მხოლოდ 10 საწარმოს, საიდანაც სამი საწარმოს მიერ გადახლი დივიდენდების საერთო წილი 79 პროცენტს შეადგენს.
აჭარის მთავრობის 2014 წლის პირველი აგვისტოს დადგენილებით შეიზღუდა საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებზე პრემიის სახით გაცემული თანხის ოდენობა, თუმცა ამავე დროს, აღნიშნული რეგულაციის ძალაში შესვლის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა „დანამატის“ მუხლით გაცემული საბიუჯეტო სახსრების მოცულობა. ფაქტობრივად ადგილი ჰქონდა პრემიის დანამატით ჩანაცვლების ფაქტს.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, დანამატის გაცემა ხდება შესაბამისი დასაბუთების გარეშე.
გასულ წელს სამინისტროს შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეთა ხელფასებში 1 973 889 ლარი გაიხარჯა. შტატგარეშე მუშაკთა ხელფასებში კი – 254 974 ლარი და გაფორმებული იყო 34 შრომითი ხელშეკრულება.
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ბრძანებით, სსიპ „ბათუმის ბულვარის“ დირექტორს მიეცა თანხმობა თანამშრომლებზე პრემიის სახით გაეცა თანამდებობრივი სარგო არაუმეტეს 250%-სა. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2015 წლის ნოემბერში ბულვარის 97 თანამშრომლიდან 90 თანამშრომელზე პრემიის სახით გაცემულია სულ 55 205 ლარი. ამასთან, გაცემული პრემიის ოდენობა ცალკეულ შემთხვევებში 100 პროცენტიდან 250-პროცენტამდე მერყეობს, `თუმცა წახალისების დასაბუთებულობასთან დაკავშირებით აუდიტორული მტკიცებულებები ვერ იქნა წარმოდგენილი“.
აუდიტმა ასევე შეისწავლა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აპარატის 2015 წლის პროგრამების შესრულება: აჭარის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვა [შესრულება – 75,9%], რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის პრომოუშენი [90,9%], ეკონომიკური ობსერვატორია [66,1%], აჭარაში თვითმმართველი ერთეულების სივრცითი მოწყობის დოკუმენტის შედგენა [90,1%], სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის პროგრამა [75,2%] და მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა [ შესრულდა 21,6%-ით].
აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით აუდიტის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის რიგი ქვეპროგრამები შესრულების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდებიან, რაც ბიუჯეტის არასათანადო დაგეგმვა-შესრულებაზე მიუთითებს~.
სამინისტროს გასული წლის ბოლოს ერიცხებოდა 804 609 ლარი დებიტორული და 706 790 ლარი კრედიტორული დავალიანება. აუდიტი მიიჩნევს, რომ დებიტორული დავალიანება ავანსად გადახდილმა თანხამ, ხოლო კრედიტორული დავალიანება მიწოდებული საქონლისა თუ მომსახურების აუნაზღაურებლობამ გამოიწვია.
მთელ რიგ პრობლემებზეა საუბარი აუდიტის ანგარიშში სსიპ „ბათუმის ბულვარის“ საქმიანობასთან დაკავშირებით. მათ შორის აღნიშნულია, რომ „ბულვარის დებიტორული დავალიანება გასულ წელს 6 184 ლარით გაიზარდა და 89 282 ლარი შეადგინა. აღნიშნული დავალიანებები კი საიჯარო ქირის გადაუხდელობით არის გამოწვეული, რაც ბულვარის ადმინისტრაციის მიერ ამ მიმართებით გაწეული საქმიანობის ნაკლებეფექტურობაზე მიუთითებს“.
აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციები და მათ შორის, ბუნებრივია, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, 2017 წლის ბიუჯეტის შედგენაზე მუშაობენ. რაც შეეხება უმაღლეს საბჭოს, რომელსაც შარშანდელი ბიუჯეტის ანგარიში არ მოუსმენია, თავისი 2017 წლის ბიუჯეტი განიხილა და დაამტკიცა კიდეც. ახალი უმაღლესი საბჭო აჭარის ბიუჯეტიდან [რომელსაც თავად ამტკიცებს] 4 მილიონ 848 ათასი ლარით დაფინანსდება.
შენიშვნა:
სტატია გამოქვეყნდა 2016 წლის 11 ივლისს „ბათუმელებში“. 13 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა გადააყენა, მთავრობის ახალმა თავმჯდომარემ კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატად უმაღლეს საბჭოს ყოფილი მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე წარუდგინა. აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას უმაღლეს საბჭოში კენჭს დღეს, 18 ივლისს უყრიან.
ხელვაჩაურში, სოფელ თხილნარში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევა 17 ივლისს ღამით მოხდა – შელაპარაკებისა და შემდეგ ჩხუბის დროს, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მეორეს დანით მუცლის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა.
დაზარალებული, 28 წლის მამაკაცი, კლინიკა „მედინაშია“ გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მამაკაცის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაკავებული არ არის და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმე აღძრულია სს კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შენიშვნა:
შს სამინისტროდან მოგვიანებით გვაცნობეს, რომ ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ბრალდებული დაკავებულია და საქმე ამჯერად სს კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ბათუმში თურქეთის კონსულის იასინ თემიზქანის ინტერვიუ შაჰინის სკოლასთან დაკავშირებით იყო არასწორი ინტერპერაცია – ეს ინფორმაცია „ბათუმელებს“ ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოდან მიაწოდეს. მედიის ცნობით, კონსულმა განაცხადა, რომ ბათუმში მდებარე შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ტერორისტულ ორგანიზაციასთანაა კავშირში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე შეხვდა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ზექი ლევენთ გუმრუქჩუს, ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუსთან დაკავშირებით.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელჩმა განმარტა, რომ ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის ინტერვიუ არასწორად იქნა წარმოდგენილი და განცხადებები არასწორად იქნა ინტერპრეტირებული მედიაში.