კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

რამდენი ქუჩა ატარებს ქალის სახელს ბათუმში

19.07.2016 • 6805
რამდენი ქუჩა ატარებს ქალის სახელს ბათუმში

ბათუმში 220-ზე მეტი ქუჩაა, მათგან 163 ქუჩა საქართველოს ან კონკრეტულად აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილის მქონე მამაკაცების სახელობისაა, ქალი მოღვაწეების სახელს კი მხოლოდ 9 ქუჩა ატარებს. თუ ქუჩების დასახელებებით ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ აჭარის ან მთლიანად საქართველოს ისტორიიდან, საზოგადოებამ მხოლოდ 9 ღვაწლმოსილი ქალი გამოარჩია.

გენდერული დისბალანსი ქუჩების სახელდებისას მხოლოდ ბათუმის პრობლემა არ არის. გენდერის კვლევების სპეციალისტი, ეთუნა ნოღაიდელი ამბობს, რომ ასეთი ტენდენცია საქართველოსა და ევროპის ქვეყნების სხვა ქალაქებშიც შეიმჩნევა და ქალების ღვაწლის დავიწყება ზოგადად პატრიარქალური კულტურის მახასიათებელი ნიშანია.

„ქუჩების გარდა იგივე ეხება საჯარო სივრცესაც. ძალიან იშვიათად არის ის ქალის სახელობის. ყოველთვის ამბობდნენ, რომ ქალები ძალიან ცოტანი არიან ყველა სფეროში, თუმცა როცა ქალების ისტორიის შესწავლა ქალებმა დაიწყეს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრ სფეროში ყოფილა ბევრი ქალი, მათ შორის ტექნიკურ მეცნიერებებში, ხელოვნებაში თუ სხვაგან. ხშირად, როცა რომელიმე მეცნიერულ მიღწევას ქალი და კაცი ერთად აკეთებდა, ქალს ივიწყებდნენ და ეს აღმოჩენა მხოლოდ კაცს მიეწერებოდა. სწორედ ამასთანაა კავშირში ის, თუ ვინ შევიდა ჩვენი ქალაქის ისტორიაში, ვინ აღიარა საზოგადოებამ. ის, რომ ასეთი ქალების სახელები არ ერქმევა ქუჩებსა თუ საჯარო დაწესებულებებს, რაც ხალხის მეხსიერებაში ამ ადამიანებს სამუდამოდ ჩაბეჭდავდა – პოლიტიკური საკითხია. ასე კიდევ უფრო მყარდება სტერეოტიპი, რომ ქალი მეცნიერები თუ მწერლები ძალიან ცოტანი არიან ისტორიაში“ – ამბობს ის.

ბათუმში ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისია განიხილავს, რომელიც დასკვნას საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიაში აგზავნის და იქედან მიღებული კიდევ ერთი დასკვნის საფუძველზე საკითხს უკვე ბათუმის საკრებულო განიხილავს. ინიციატორი, ვისაც კონკრეტული ქუჩისთვის, ამა თუ იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელდების მინიჭება სურს, აუცილებლად უნდა იყოს იურიდიული პირი, გაერთიანება, არასამთავრობო ორგანიზაცია ან სხვა. ასევე შესაძლოა ინიციატორი იყოს სახელმწიფო დაწესებულება, მერია ან საკრებულოს ცალკეული წევრი. „ადრე ერთ პიროვნებასაც შეეძლო შემოეტანა ინიციატივა, მაგრამ იმის გამო, რომ ხშირად იყო მომართვები ოჯახის წევრებზე და ა.შ., ამოვიღეთ ეს ნაწილი დებულებიდან, რათა თავიდან აგვეცილებინა მსგავსი განცხადებები,“ – ამბობს საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ბერაძე.

დებულების მიხედვით, პიროვნება ვისი სახელიც შესაძლოა მიენიჭოს ამა თუ იმ ქუჩას, გარდა ღვაწლმოსილი ბიოგრაფიისა, უნდა იყოს გარდაცვლილი არა უახლეს 20 წლისა, თუმცა ნინო ბერაძის განმარტებით, დებულებაში გამონაკლისებიც არის გათვალისწინებული. ნინო ბერაძე ამბობს, რომ გენდერული დისბალანსის მხრივ გარკვეული ტენდენცია ნამდვილად ჩანს ბათუმის ქუჩების სახელდების საკითხში, თუმცა სურვილი და ინიციატივები, რომ ეს გარემოება გამოსწორდეს – არსებობს.

2014 წლის შემდეგ ბათუმში სულ ორი ქუჩის სახელდების საკითხი განიხილეს, რის შედეგადაც ბულვარში მდებარე ერთ პატარა ქუჩას ქართველი რეჟისორის, სულიკო ჟღენტის სახელი მიენიჭა, მეორე საკითხი კი ევგენი მიქელაძის ქუჩის ერთ-ერთი შესახვევისთვის ციალა სურმანიძის სახელის მინიჭების ინიციატივაა, რომელსაც იქ მცხოვრები 350 მოქალაქე აწერს ხელს. საკითხი უკვე გადაგზავნილია სამთავრობო კომისიაში. ციალა სურმანიძე აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი მოწვევის დეპუტატი იყო, იქამდე მეჯინისწყლის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ მუშაობდა, შემდეგ (1997) დააარსა გლეხთა და ფერმერთა საფინანსო-საკრედიტო კავშირი „მეჯინისწყალი“, რომლის დირექტორიც იყო გარდაცვალებამდე. იგი ასევე იყო აჭარის ქალთა ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ციალა სურმანიძე 2013 წელს გარდაიცვალა.

ახლა ბათუმში არსებობს: საქართველოსა და აჭარის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ქსენია ბახტაძის (1899-1979) ქუჩა, რომელიც მწვანე კონცხის უბანში მდებარეობს; ექიმ, მეან-გინეკოლოგ ნევრესტან შაშიკაშვილის ქუჩა (1908-1976), რომელიც აეროპორტის ადმინისტრაციულ უბანში მდებარეობს. აჭარელი მფრინავი ქალის – ფადიკო გოგიტიძის ქუჩა, რომლის სახელიც ყოფილ სევასტოპოლის ქუჩას წლების წინ გადაერქვა. ასევე, ბათუმში არსებობს თამარ მეფის გამზირი, დამსახურებული მსახიობის სესილია თაყაიშვილის ქუჩა, პოეტ ანა კალანდაძის ქუჩა – კახაბრის უბანში, წმინდა ნინოს ქუჩა – გონიო-კვარიათის უბანში, ქეთევან წამებულისა და გერმანელი ფემინისტი ქალის – კლარა ცეტკინის ქუჩები.

ბათუმის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ აჭარის ისტორიაში არიან ქალები, რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვით აჭარისა და ზოგადად საზოგადოების განვითარებაში, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ხალხი მათ არ იცნობს.

„ამ საკითხის წამოჭრა ძალიან საინტერესოა, არც ერთი რეპრესირებული ქალის უკვდავსაყოფად არაფერი გაკეთებულა, თუმცა საპატიო ბათუმელის წოდებას ხშირად ვანიჭებთ იგივე კომუნისტურ ელიტას. პირველ რიგში სწორედ ის ხალხია დასაფასებელი, მათზე უნდა ვიზრუნოთ,“ – ამბობს ის.

რამაზ სურმანიძის თქმით, 1937 წელს აჭარაში რეპრესირებულთა შორის 12 ქალია, იგი მათგან რამდენიმეზე ამახვილებს ყურადღებას:

„აღსანიშნავია იმ დროს აჭარის სააფთიაქო სამმართველოს უფროსი ანა დანელია, იგი კიდევ ერთი საზოგადო მოღვაწის ჯემალ ქიქავას მეუღლეც იყო, ორივე მათგანი დახვრიტეს 37 წელს. ასევე, გულიზარ გიგინეიშვილი – 19 წლის, სრულიად ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის მახუნცეთის აწჰესის მშენებლობაში. ის მახუნცეთში ბიძასთან იყო სტუმრაც ჩასული, რომელიც მას სამსახურის პოვნაში დაეხმარა, რის შემდეგაც იგი ერთ-ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. სწორედ ამ ორგანიზაციის ახალგაზრდებმა ააშენეს მახუნცეთის აწჰესი. აკვედუკი [წყალსატარი] სულ მისი ორგანიზაციის ახალგაზრდების აშენებულია, რაც შეეძლო და რაც მოასწრო – გააკეთა, შემდეგ კი ისიც დახვრიტეს. ასევე, თამარ ებრალიძე ერმილეს ასული – ექიმი ქალი, რომელიც სალიბაურში მუშაობდა, სალიბაურშივე ჩეკას თავისი პუნქტი ჰქონდა, იქ დაიბარეს დაკითხვაზე და იქვე დახვრიტეს ეს ქალი. სწორედ ასეთი ქალების სახელები უნდა უკვდავვყოთ, ქალების, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ თავიანთ მოღვაწეობას,“ – ამბობს რამაზ სურმანიძე.

სულ ახლახან ბათუმის საკრებულომ ქალაქში ახალი ქუჩების მოწყობის შესახებ მიიღო პროექტი, რომელშიც ადლიის დასახლებაში 33 ახალი ქუჩის გაყვანაზეა საუბარი, ასევე, არსებული ქუჩების გაფართოებასა და კეთილმოწყობაზე. ვისი სახელები დაერქმევა 33 ახალ ქუჩას და იქნება თუ არა მათ შორის აჭარის ისტორიაში მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე უცნობი თუ ნაცნობი ქალების სახელები, ჯერ უცნობია.

ფოტოზე: ფადიკო გოგიტიძის ქუჩა ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: