კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

20 წლის ევროპის ჩემპიონი აჭარიდან – „ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა“

19.07.2016 • 2962
20 წლის ევროპის ჩემპიონი აჭარიდან – „ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა“

ახლახან რუმინეთში, ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოსა და აჭარის ნაკრების წევრმა, 20 წლის რამაზ ზოიძემ 66 კგ. წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამავე ჩემპიონატზე პირველი ადგილი აიღო საქართველოს ნაკრებმაც – ჯამში 62 ქულა და 12 ქულით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ რუსეთის ნაკრებს.

  • რამაზ, როგორ ემზადებოდით ჩემპიონატისთვის და ელოდით თუ არა გამარჯვებას?

ჩემპიონატისთვის უკვე ექვსი თვე ვემზადებოდი, იქამდე რამდენიმე შეკრება გვქონდა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი შეჯიბრი იყო. ძლიერი კონკურენტებიც მყავდა. მაგალითად, პირველი შეხვედრა მქონდა გასული წლის ევროპის ჩემპიონ, თურქ სპორტსმენ მურატ ფირატთან, რომელიც ანგარიშით 8:1 დავამარცხე. შემდეგ, მეოთხედფინალში, რუმინელ სპორტსმენს ვძლიე, რომელთანაც დაძაბული ორთაბრძოლა გვქონდა და რომელიც ანგარიშით – 5:5 დავამარცხე, ნახევარფინალში ბულგარელ სპორტსმენს მოვუგე – 8:0, ბოლოს კი გასული წლის ევროპის ფინალისტს, უკრაინელ სპორტსმენ ფარვიზ ნასიბოვს შევხვდი, რომელიც ანგარიშით – 10:0 დავამარცხე და გავხდი ევროპის ჩემპიონი. საერთოდ ლიდერად ვითვლებოდი, რადგან გასული წლის მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი ამ წონაში, მაგრამ ეს ჭიდაობაა, წინასწარ გამორიცხულია რაიმეს ცოდნა, თუმცა მაინც ველოდი.

გარდა ამისა გუნდურშიც პირველი ადგილი დავიკავეთ, საქართველოს ნაკრებმა სამი ოქრო, ორი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვა. მათი გამარჯვებებიც ძალიან დიდი სტიმული იყო ჩემთვის. მე 10 ქულა მოვუტანე გუნდს, სულ 62 ქულით გავედით პირველ ადგილზე.

რამაზ ზოიძე

რამაზ ზოიძე

  • შარშან მსოფლიო ჩემპიონი გახდი კლასიკურ ჭიდაობაში, სხვა რა ტიტულები გაქვს მოპოვებული?

შარშან ბრაზილიაში გავხდი მსოფლიო ჩემპიონი ახალგაზრდებში, 2012-ში ევროპის ჩემპიონი უმცროს ასაკში [ჭაბუკებში], 2011 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი ასევე – ჭაბუკებში.

  • რამდენი ხანია ვარჯიშობ, როგორ მოხვედი ჭიდაობაში?

6 წლის ვიყავი, ჭიდაობაში რომ დავიწყე სიარული. სიმართლე გითხრათ, დიდად არც ვიცოდი რა იყო ჭიდაობა, უბრალოდ ჩემი ძმა დადიოდა, დავყვებოდი მეც, ვუყურებდი და ასე გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მეჭიდავა. მამაც ჭიდაობის მაგარი გულშემატკივარია. თავიდანვე მარად არძენაძესთან დავიწყე ვარჯიში, ოღონდ თავისუფალ ჭიდაობაში და მერე გადავინაცვლე კლასიკურში.

  • მწვრთნელს ყოველთვის განსაკუთრებული როლი აქვს სპორტსმენის ცხოვრებაში, თქვენს შემთხვევაში როგორ არის?

ძალიან დიდი წვლილი შეაქვს რა თქმა უნდა. იგი ჯერ თავიდან გასწავლის ჭიდაობას, გასწავლის ილეთს, გასწავლის ყოფა-ქცევასაც და ფაქტობრივად, ყველაფერს. ყოველთვის გვერდში გიდგება. შეიძლება წააგო შეხვედრა, მაგრამ მოვა, დაგამშვიდებს და დაგარიგებს, გეტყვის, რომ ივარჯიშებ და შემდეგში გაიმარჯვებ. გეტყვის, რა მინუსი გქონდა, რა – პლუსი, ზუსტად ისეთ ვარჯიშებს ჩაგიტარებს, რომელიც შენ გაგაძლიერებს და გაქცევს ჩემპიონად.

  • როგორც წესი, ჭიდაობაში, ისევე როგორც სპორტის სხვა სახეობებში, სპორტსმენებს თავიანთი ტექნიკა, თავიანთი სტილი აქვთ. თქვენი ჭიდაობის სტილი როგორია?

კი, ასეა. ზოგიერთი სპორტსმენი, მაგალითად, ძალიან უხეშია, ცდილობს ჭიდაობის მომენტში აგრიოს, დაგაბნიოს… ზოგი არის ძალისმიერი _ უნდა, რომ ძალით დაგჩაგროს, ზოგიც ტექნიკური მოჭიდავეა _ ცდილობს რაღაც მოგატყუოს ილეთში. მე უფრო ელასტიურობის ხარჯზე, ტექნიკურ მოჭიდავედ ვითვლები.

  • რა დროს უთმობთ ვარჯიშს?

ძირითადად მწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობ, ფიროსმანზე ბათუმის სასპორტო სკოლაში. ყოველდღიურად, კვირა დღის გარდა, ორი ან ორსაათნახევარი გვიწევს ერთად მუშაობა. დასვენების დღეებში მეგობრებთან ერთად გავდივარ, ფეხბურთსა და კალათბურთს ვთამაშობ. სპორტის სხვა სახეობებიც ძალიან მომწონს, მაგრამ ჭიდაობა პირველია, რა თქმა უნდა.

  • უახლოეს მომავალში რა შეჯიბრები გაქვთ დაგეგმილი?

ორ თვეში მსოფლიო ჩემპიონატი მაქვს საფრანგეთში. ერთ კვირაში გავემგზავრები მინსკში, სადაც დაიწყება შეკრება, მზადება იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი ჩამოვუტანო საქართველოს. ვიმედოვნებ, ასეც იქნება. ამის შემდეგ კი გადავინაცვლებ უფროს ასაკში და იქ უკვე მეტი შრომა მომიწევს, მეტი სირთულეებია, მაგრამ მზად ვარ იმისთვის, რომ ყველაფერი დავძლიო და გადავლახო. ვიცი, რომ ძნელი იქნება, მაგრამ მწვრთნელების, ოჯახისა და საკუთარი თავის დახმარებით შევძლებ ამას.

  • ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული რა იქნება თქვენთვის?

ყველაზე დიდი მიზანი ოლიმპიური ოქროა. სწორედ ეს არის სპორტის მწვერვალი და ჩემი ოცნებაც, რომელიც იმედი მაქვს, რომ ამიხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: