Batumelebi | „მზე ჩავიდა ბატონებო!“ „მზე ჩავიდა ბატონებო!“ – Batumelebi
RU | GE  

„მზე ჩავიდა ბატონებო!“

„მზე ჩავიდა ბატონებო!“ – ასე ეწოდება სპექტაკლს, რომელიც 18 ივლისს, ბათუმის თეატრალურ სარდაფში ნახა მაყურებელმა.

სპექტაკლი ანტონ ჩეხოვის პიესის, „ალუბლის ბაღის“ ადაპტირებული ვერსიაა. აქ ალუბლის ბაღი უკვე გაყიდულია და პერსონაჟები ჩაკეტილ სივრცეში იმყოფებიან, საიდანაც მუდმივად ცდილობენ გაღწევას, მაგრამ არსად აქვთ წასასვლელი. ბაღი განადგურდა, იგი აღარ არსებობს და დარჩა მხოლოდ მოგონებები და განცდები. პერსონაჟებს მუდმივად სტანჯავთ დანაშაულის შეგრძნება, რადგან ვერ გაუფრთხილდნენ ბაღს და არაფერი იღონეს მისი შესანარჩუნებლად.

რეჟისორი კალევ კუდუ. ნაზი ბერიძის ფოტო

რეჟისორი კალევ კუდუ. ნაზი ბერიძის ფოტო

სპექტაკლი ბათუმის თეატრალურ სარდაფში ესტონელმა რეჟისორმა, ქალაქ ტარტუში მდებარე თეატრ „ზეროს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, კალევ კუდუმ დადგა.

„ყველაზე მთავარი ამ სპექტაკლში არის ბაღი. ეს უბრალო ბაღი არაა, ეს არის ადამიანობა, აქ მთავარია დრო. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, სადაც მე-19 საუკუნის თეატრს ვერ დადგამ. არა აქვს მნიშვნელობა ეს ესტონეთია, ამერიკა თუ საქართველო, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სივრცეში და ისე უნდა დავდგათ სპექტაკლი, რომ დღევანდელ დღეს ეხმიანებოდეს. ალუბლის ბაღში ადამიანები ერთმანეთთან არ ურთიერთობენ, ისინი ერთმანეთის მტრები არიან, სწორედ ისე, როგორც დღეს პოლიტიკოსები, ამიტომ იწყება კრიზისი. ჩეხოვი წერდა კომედიას, მაგრამ ეს იყო შავი კომედია. ამ პიესაში ბაღი გაყიდულია, ანუ გაყიდულია სამშობლო“ – ამბობს რეჟისორი კალევ კუდუ.

„მზე ჩავიდა ბატონებო!“ ბათუმის თეატრალურ სარდაფში წარმოდგენილი პირველი სპექტაკლია. სარდაფი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის შენობაში მდებარეობს. ამ თეატრის დირექტორის მედეა ჩარკვიანის ინფორმაციით პროექტი ხორციელდება ირაკლი გოგიასა (ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) და მსახიობ ოთარ ქათამაძის ინიციატივით, ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ბაზაზე.

„მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტი გამოვიდა. ანტონ ჩეხოვი ყველა თეატრალისათვის ძალიან ცნობილი და საყვარელი დრამატურგია და მითუმეტეს, ჩვენი ესტონელი რეჟისორისთვის კალევ კუდუსთვის. რეჟისორი ამ პიესას დგამს უკვე მესამედ, ოღონდ ყოველ ჯერზე სხვადასხვაა ინტერპრეტაციით. პირველი იყო ესტონეთში, მეორე რუსეთში და მესამე – საქართველოში.

სცენა სპექტაკლიდან. ფოტო ბათუმის თოჯინების თეატრის ფეისბუქგვერდიდან.

სცენა სპექტაკლიდან. ფოტო ბათუმის თოჯინების თეატრის ფეისბუქგვერდიდან.

თვითონ რეჟისორი ძალიან საინტერესო პიროვნებაა და მისი ბიოგრაფია მრავალფეროვანია. ასეთი პროექტების განხორციელება ემსახურება ახალი ხედვის, ახალი კონცეფციის შემოსვლას და დამკვიდრებას თეატრში. გარდა ამისა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმიტომ რომ ამ სპექტაკლით გაიხსნა თეატრალური სარდაფი ბათუმში, ეს არის ალტერნატიული სივრცე და ექსპერიმენტული სცენა“ – აღნიშნავს მედეა ჩარკვიანი.

სპექტაკლში მონაწილეობენ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობები: მანანა გოგიტიძე, ანრი ჩაგუნავა და ლევან მიდილიში. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები: მარინა ბურდული და ოთარ ქათამაძე. ასევე, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე ცაგურია.

სპექტაკლი – „მზე ჩავიდა ბატონებო!“ თეატრალურ სარდაფში დღეს, 19 ივლისს, 20 საათზე იქნება წარმოდგენილი, სპექტაკლზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნაზი ბერიძე