Batumelebi | შაჰინის სკოლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხობს შაჰინის სკოლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხობს – Batumelebi
RU | GE  

შაჰინის სკოლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს პასუხობს

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისთვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე 7 თებერვალს განცხადება გაავრცელა. ცენტრის ამ განცხადებას უპასუხა შაჰინის სკოლამ, რომ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის გაუქმების თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადება „არ შეესაბამება სიმართლეს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“.

„სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქულენოვანი სექტორი არ ფუნქციონირებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოგახსენებთ, რომ სკოლა-ლიცეუმი 2015 წლის 4 სექტემბრამდე მოქმედებდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თურქულენოვანი კლასები გაიხსნა ბათუმში თურქეთის საკონსულოს თანამშრომლების მოთხოვნითა და შესაბამისი ქართული სახელმწიფო სტრუქტურების ნებართვის საფუძველზე.

2015 წელს სკოლამ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ავტორიზაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე. 2015 წლის 4 სექტემბერს გაიმართა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, სადაც განხილულ იქნა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმისათვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხი. აღნიშნულ სხდომაზე სკოლის დირექციამ გაითვალისწინა ავტორიზაციის საბჭოს მიდგომა ტექნიკური საგნების ინგლისურ ენაზე სწავლებისა და თურქულენოვანი კლასების არსებობის მიმართ. სხდომაზე აღვნიშნეთ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტულია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა. აქედან გამომდინარე, გამოვთქვით მზადყოფნა, თურქულენოვანი სექტორის გაუქმების თაობაზე. ამის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს შაჰინის სკოლა-ლიცეუმს მიენიჭა ავტორიზაცია ხუთი წლის ვადით.

ცენტრის განცხადებაში ნახსენები გეგმიური ორი მონიტორინგის ნაცვლად ჩატარდა 3 მონიტორინგი. პირველი მონიტორინგის შედეგები განხილულ იქნა 2015 წლის 25 დეკემბერს. ავტორიზაციის საბჭოს სხდომის N 10 ოქმში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 ოქტომბერს სკოლის დირექტორმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით ეტაპობრივად უნდა შესრულებიყო შემდეგი პროცედურები: 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე უნდა განხორციელებულიყო მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში თურქულ სექტორზე რეგისტრირებული მოსწავლეების გადაყვანა ქართულ სექტორზე შექმნილ პარალელურ კლასებში. ამავე ბრძანების მიხედვით, გაძლიერდებოდა ქართული ენის სწავლება, მშობლებს მიეწოდებოდათ შესაბამისი ინფორმაცია და 2016-2017 სასწავლო წლისათვის სწავლის მსურველ არაქართულენოვან მოსწავლეთა კონტინგენტის ჩარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ავტომატურად, ქართულენოვან კლასებში. როგორც ზემოთქმული ცხადყოფს, ეს პროცესი მიმდინარეობდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ.

უნდა აღინიშნოს, რომ სკოლამ ვადების დაცვით განახორციელა ყველა ის მოქმედება, რაც აღნიშნული ბრძანებით ჰქონდა დავალებული ავტორიზაციის საბჭოს მიერ; კერძოდ, მოსწავლეები მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემაში არსებული თურქული სექტორის ბაზიდან გადაიყვანა ქართული სექტორის ბაზაში და გაზარდა ქართული ენის საათები.

აშკარაა, რომ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაში აღნიშნული გარემოება, თითქოს სკოლამ დაარღვია „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურების დამტკიცების შესახებ“ ბრძანება, რადგან არ მოახდინა თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე გადმოყვანილი მოსწავლეების განათლების აღიარება, უსაფუძვლოა. აღნიშნული ბრძანება არ არეგულირებს მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შიგნით, ერთი კლასის დახურვის შედეგად მეორე კლაში (პარალელურ კლასში) მოსწავლის გადაყვანისას ამ მოსწავლეთა განათლების აღიარების ვალდებულებას და შესაბამისად, არც განათლების აღიარების წესს ადგენს.

საბჭოს ოქმიდანაც კარგად ჩანს, რომ თურქულენოვანი სექტორის გაუქმება ეტაპობრივად ხორციელდებოდა 2015-2016 სასწავლო წელს. ხოლო 2016-2017 სასწავლო წლისათვის დირექტორის ბრძანების საფუძველზე სკოლაში ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომელიც ადგენდა თურქულენოვანი კლასებიდან ქართულენოვან კლასებში გადმოსული თითოეული მოსწავლის ცოდნის შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან და ქმნიდა ინდივიდუალურ სასწავლო გეგმებს. ხოლო საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდა კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე.

სიმართლეს არც ის ბრალდება შეესაბამება, რომლის მიხედვით, თითქოს მოსწავლეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ ცხადდებოდნენ სკოლაში. გაუგებარია რა პერიოდი იგულისხმება ფრაზაში „ხანგრძლივი დროის განმავლობაში“. სიმართლე ისაა, რომ თურქულენოვანი სექტორის გაუქმების შემდეგ არ დაფიქსირებულა მოსწავლეების მიერ გაკვეთილების მასიური გაცდენების ფაქტები. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სასწავლო წლის ბოლოს არაქართულენოვან მოსწავლეთა დიდმა ნაკადმა დატოვა სკოლა და გადავიდა ბათუმში ახალგახსნილ თურქულ სკოლაში, რომელსაც საქართველოში საქმიანობის წარმართვისათვის არანარი კანონიერი საფუძველი არ გააჩნია, მათ შორის ავტორიზაცია. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში სკოლაში დარეგისტრირებული არაქართულენოვანი მოსწავლეებიდან მხოლოდ 5 არ ცხადდებოდა სკოლაში. სკოლის ადმინისტრაცია ამ მოსწავლების სტატუსის შესაჩერებლად ელოდებოდა კანონით გათვალისწინებულ 90-დღიან ვადას, რომელიც იწურებოდა 2017 წლის 8 თებერვალს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განცხადების ის ნაწილი, სადაც მითითებულია, თითქოს სკოლა წლების განმავლობაში სარგებლობდა მოსწავლეებზე გაცემული ვაუჩერული დაფინანსებით. 2017 წლის 3 თებერვალს ცენტრში ჩატარებული ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე ჩვენც და დამსწრე საზოგადოებამაც ერთად მოვისმინეთ ცენტრის მიერ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მიწერილი წერილის პასუხი, სადაც მითითებულია, რომ ამ მოსწავლეებისათვის არანაირი ვაუჩერული დაფინანსება არ ყოფილა.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მესვეურებს, თავი დაანებონ საზოგადოებისათვის მცდარი ინფორმაციის მიწოდებას და დროულად აღმოფხვრან შაჰინის სახელობის სკოლის მიმართ დაშვებული კანონდარღვევები,“  – აღნიშნულია შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაციის საპასუხო განცხადებაში.


3 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა ავტორიზაცია შეუჩერა შაჰინის სკოლას მოსწავლეების მიღების საკითხის გამო.

შაჰინის სკოლა მას შემდეგ მოექცა ყურადღების ცენტრში, რაც თურქეთის გენერალურმა კონსულმა ბათუმში თურქეთში მომხდარი გადატრიალების მცდელობის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ბათუმში, შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ტერორისტებს ზრდიან.

კონსულმა მაშინ აღნიშნა, რომ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი ფეტულა გულენის მიმდევრებს ეკუთვნით, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება და პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ავტორად ასახელებს.

მოგვიანებით კონსულმა ეს განცხადება უარყო და თარგმანის არასწორ ინტერპრეტაციას დააბრალა, თუმცა ვიდეომასალაში, რომელიც ტელევიზიებმა გაავრცელეს, ჩანდა, რომ კონსულის განცხადებას საკონსულოს თარჯიმანი თარგმნიდა.

კონსულის განცხადებას დიდი საპროტესტო გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. ბათუმის შაჰინის სკოლის კურსდამთავრებულები კონსულს პასუხობდნენ, რომ ისინი ტერორისტები არ არიან, ხოლო შაჰინის სახელობის ლიცეუმი ერთ-ერთი საუკეთესოა ბათუმში.

გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ყველა სახელმწიფოს მოსთხოვა ეგრეთ წოდებული გიულენის სკოლების დახურვა. სკოლები დახურეს აზერბაიჯანში.

2016 წლის აგვისტოში განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თურქეთში ვიზიტის დროს დაგეგმილი იყო უმაღლეს დონეზე შეხვედრა, რომელზეც ასევე განიხილებოდა შაჰინის სკოლის საკითხი.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას. მოგეხსენებათ, რომ ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე და მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი არ ართულებდეს, ხოლო, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება”, – ამბობს განათლების მინისტრი.

ჟურნალისტების კითხვას, შესაძლებელია თუ არა სკოლას აკრედიტაცია შეუჩერონ, ალექსანდრე ჯეჯელავამ ასე უპასუხა: „კანონში კონკრეტულად გაწერილია აკრედიტაციის შეწყვეტის კრიტერიუმები. თუ მართლა აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი, თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არა გვაქვს”.

შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმი ბათუმში 1994 წელს გაიხსნა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com