მთავარი,სიახლეები

რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

07.02.2017 • 3933
რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის ჩათვლით, რვა მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, სხვას ამბობს დოკუმენტი, რომელიც მან ბრიფინგზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა.

მტკიცებულება საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს უნივერსიტეტიდან გამოუთხოვია, მასზე მიმაგრებულია თავად ელგუჯა ბაგრატიონის მიმართვაც [ინფორმაციის გამოთხოვნასთან დაკავშირებით].

ელგუჯა ბაგრატიონი ამ წერილით ითხოვდა ინფორმაციას 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით გაცემული ხელფასების, პრემიებისა და მივლინებების შესახებ. იქვე მითითებულია, რომ ის ითხოვდა ინფორმაციას სახელობითი სიით თვეების მიხედვით. მიღებული პასუხით კი მისი თანაპარტიელი რეზო ხარაზი უკმაყოფილოა და ამბობს, რომ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს „არასრულფასოვანი დოკუმენტით“ უპასუხეს.

„უნივერსიტეტის რექტორმა ჩვენდა სამარცხვინოდ დამალა ინფორმაცია. გამოგვიგზავნა ორი ფარატინა ფურცელი, რომელზეც ასახულია მილიონობით გაცემული ლარი, მაგრამ დოკუმენტში არ არის სქემატურად მოწოდებული ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დღესვე თუ არა ხვალისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კეთილი ინებოს და გაასაჯაროოს ის ხელფასები და პრემიები, დანამატები და სამივლინებო თანხა, რომლებიც უნივერსიტეტს აქვს 2016 წელს გაცემული. დღეს ვხედავთ რეალურად, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მალავს ამ ხარჯებს. ვხედავთ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაურბის პასუხს“ – განაცხადა რეზო ხარაზმა ბრიფინგზე.

ოფიციალური პასუხის მიხედვით, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით უნივერსიტეტს ხელფასის სახით 7 მილიონ 009 ათას 698 ლარი გაუცია. აქედან ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს 698 ათას 278 ლარი შეხვდათ. უნივერსიტეტში სულ 638 პირია დასაქმებული.

წერილში ნათქვამია, რომ ადმინისტრაციულ თანამდებობის პირებზე მოთხოვნილ ვადაში დანამატი და პრემია არ გაცემულა.

პრემიის სახით გასულ წელს უნივერსიტეტს სულ 12 490 ლარი გაუცია. დეპუტატისთვის მიწერილ პასუხში მინიშნებულია, რომ ეს თანხა ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკურ და დამხმარე, სულ 25 თანამშრომელს მიუღია. როგორც მოგვიანებით უნივერსიტეტის რექტორმა განმარტა: „პრემია მიიღეს მათ, ვისი ხელფასიც 400-დან 700 ლარამდე მერყეობს.“

რექტორის ინფორმაციით, მისი ხელფასი დარიცხვით – 2700, ხელზე კი 2100 ლარია. 2600 ლარია ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ხელფასი, 2300 ლარს შეადგენს რექტორის მოადგილის, 2080 ლარს კი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასი. ამ თანამდებობების პირებზე 2016 წელს უნივერსიტეტს არც დანამატი გაუცია და არც პრემია. ეს ხარაზისთვის მიცემული პასუხით ირკვევა. თუმცა ხარაზი ამბობს, რომ საქმე სინამდვილეში სხვანაირადაა:

„აქვე წერს, რომ პრემია არ გაგვიციაო, ქვემოთ წერს, რომ  25 თანამშრომელზე გაცემულია პრემია, რომელიც მიეცა მხოლოდ ტექნიკურ პერსონალსო.“ რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ „ტექნიკურ პერსონალში შედიან განყოფილების უფროსები და სხვა თანამდებობის პირებიც“.

რაც შეეხება მივლინებებს. 2016 წელს უვერსიტეტის 167 თანამშრომელი ყოფილა მივლინებით ქვეყნის გარეთ, ამ მივლინებებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ჯამში 133 ათას 73 ლარი დახარჯულა, საიდანაც 13 ათას 130 ლარი ადმინისტრაციულ თანამდებობის პირებზე მოდის. დარჩენილი თანხა კი აკადემიურმა პერსონალმა გამოიყენა მივლინებისთვის. მივლინებების მიზანი კი საკონფერენციო და საგრანტო პროექტებში მონაწილეობა იყო.

ხარაზს კი ეჭვი აქვს, რომ სამივლინებო თანხით უცხოეთში რექტორის ნათესავები მოგზაურობენ. მას ამ ეჭვს უმყარებს მისივე ინფორმაცია რექტორისა და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ.

რექტორმა მივლინებებზეც გააკეთა კომენტარი: „იმ დროის მანძილზე, რაც რექტორი ვარ, ორჯერ ვიყავი მივლინებაში, როცა აუცილებელი იყო პოლონეთში წასვლა. 47 უნივერსიტეტთან გავაფორმეთ მემორანდუმი ამ ორი წლის მანძილზე და 45 რექტორი აქ ჩამოვიდა.“

თუ გავითვალისწინებთ, რომ კანონმდებლობა დაბალი რანგის საჯარო მოხელეებისთვის გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციის პერსონიფიცირებას არ ითვალისწინებს, რჩება ერთი კითხვა, რატომ არ გაასაჯაროვა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ კონკრეტულად ვინ, სად, როდის და რამდენჯერ იყო მივლინებაში? – რექტორი ამბობს, რომ ასეთი ინფორმაცია არ მოუთხოვიათ: „რომ დაუკავშირდნენ ადმინისტრაციას, უთხრეს, მოგცემთ კონკრეტულ ინფორმაციასო, მაგრამ აღარ მოსულან.“

ელგუჯა ბაგრატიონის წერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე 2016 წლის 26 დეკემბრითაა დათარიღებული, პასუხი კი მას 2017 წლის 31 იანვარს მიუღია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: