მთავარი,სიახლეები

კანონიერია თუ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებების მიცემა პროკურორისთვის

10.02.2017 • 2368
კანონიერია თუ არა საკუთარი თავის წინააღმდეგ მტკიცებულებების  მიცემა პროკურორისთვის

„პროკურორს არ უნდა ჰქონდეს უფლება, დამავალოს საკუთარი თავის წინააღმდეგ წარვადგინო მტკიცებულებები“, – მიმართა მოსამართლეებს იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ. ის მოქალაქე ტატიკო ჩორგილიანის ინტერესებს იცავს ორგანიზაციიდან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

„იყო შემთხვევა, როცა ადამიანს საკუთარი ხმის აუდიოჩანაწერის წარმოდგენა მოსთხოვეს, ასევე ხელმოწერის ნიმუშის წარმოდგენას სთხოვენ. გამოძიებას შეუძლია მოიპოვოს სხვა წყაროებიდან ბრალდებულის ხელმოწერა, მაგრამ თავად ბრალდებული არ უნდა იყოს ვალდებული მისთვის საზიანო მტკიცებულება მიაწოდოს პროკურორს“, – ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

„საქართველოს კონსტიტუციის“ 42-ე მუხლის მიხედვით: „არავინ არის ვალდებული მისცეს თავის, ან მის ახლობელთა წინააღმდეგ ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით“.

მოსარჩელე მხარე კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. არსებული პრაქტიკის მიხედვით, თუკი დაცვის მხარის ანუ ბრალდებულის მოთხოვნით სასამართლო დააკმაყოფილებს ამა თუ იმ მტკიცებულების ამოღებაზე შუამდგომლობას, ჩხრეკას ატარებს გამომძიებელი და ამოღებულ მტკიცებულებას პირდაპირ გადასცემს ბრალდების მხარეს, ანუ პროკურატურას.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, კონსტიტუციურია თუ არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის სამართლებრივი ნორმა, რომლის მიხედვითაც „დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ამოღებული საგნის, ნივთის, ნივთიერების, აგრეთვე ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს ბრალდების მხარეს“.

გიორგი მშვენიერაძეს მოსამართლეებმა კითხვები ძირითადად დაუსვეს იმ კუთხით, რომ თუკი დაცვის მხარის [ანუ ბრალდებულის] ინიციატივით ამოღებული მტკიცებულება ჩაბარდება პირველად დაცვის მხარეს [ანუ ბრალდებულს], შესაძლოა, ბრალდებულმა მისი განადგურება მოახერხოს.

„მაგალითად, მედავებიან თაღლიოთობას ან დოკუმენტების გაყალბებას. გამოძიებამ ზუსტად არ იცის, სად არის ეს გაყალბებული დოკუმენტები. მე, ბრალდებულმა ვიცი, სადაც შეიძლება ის იყოს, ვითხოვ მათ ამოღებას, გამომძიებელი ჩხრეკის შედეგად იღებს ამ დოკუმენტებს ამა თუ იმ ორგანიზაციიდან და შესწავლის გარეშე მაძლევს მე. შესაძლოა მე ეს მტკიცებულებები აღარ წარვადგინო, რადგან ის არის ჩემ წინააღმდეგ, ხოლო ბრალდების მხარეს ექნება არგუმენტი, რომ ისინიც მოახერხებდნენ გარკვეულ დროში ამ დოკუმენტების ამოღებას, მაგრამ იგი უკვე განადგურებულია“, – თქვა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

„ამისთვის სპეციალური რეგულაციის შემუშავება შეიძლება. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ ავტომატურ რეჟიმში არ უნდა ჰქონდეს ბრალდების მხარეს წვდომა იმ მტკიცებულებებზე, რაც დაცვის მხარის შუამდგომლობით ამოიღო გამოძიებამ“, – უპასუხა მოსამართლეს გიორგი მშვენიერაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: