მთავარი,სიახლეები

რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს

10.02.2017
რატომ არ აძლევს მთავრობა სოციალურ შემწეობას უსახლკაროებს

ვლადიმერ ჩიტაია საქართველოს მთავრობასa და პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. ის სოციალურ შემწეობას ვერ იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადების დარეგისტრირებასა და დეკლარაციის შევსებაზე უარს ეუბნება, რადგან ვლადიმერი უსახლკაროა. „მუდმივი საცხოვრებელი ადგილი“ სავალდებულო მოთხოვნაა შემწეობის მისაღებად. ვლადიმერ ჩიტაიას სარჩელი წარმოებაში საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს მიიღო.

„კანონმდებლობაში არსად წერია განმარტება, რა იგულისხმება „მუდმივ საცხოვრებელ ადგილში“. შესაბამისად, არსებობს განსხვავებული პრაქტიკა. უსახლკარო ადამიანები სოციალურ შემწეობას ძირითადად ვერ იღებენ, რადგან ისინი ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს“, – გვიყვება ლინა ღვინიანიძე, მოსარჩელის ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრიდან“.

„ბათუმელები“ ეცადა გაერკვია, რა პრაქტიკაა ამ კუთხით ბათუმში.

„უსახლკარო თუა, მერიას უნდა მიმართონ და მოიძიონ სახლ-კარი. ქუჩაში დეკლარაცია არ ივსება“, – გვითხრა თემურ ქარცივაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსმა. მისი განმარტებით, თუკი ადამიანი სოციალური შემწეობის დანიშვნის დროს აღარ ცხოვრობს იქ, სადაც აგენტმა მონაცემები შეავსო, დეკლარაცია გაუქმებულად ჩაითვლება.

თემურ ქარცივაძე მიიჩნევს, რომ უსახლკაროებზე, ამ შემთხვევაში, თვითმმართველობამ უნდა იზრუნოს, ხოლო „ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს არ აქვს  უფლებამოსილება უსახლკაროებს სოციალური შემწეობა მისცეს.“

სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელს ვთხოვეთ, დაესახელებინა ის შემზღუდავი სამართლებრივი ნორმა, რაც სოციალური დაცვის სამინისტროს უსახლკაროებისთვის შემწეობის მიცემას უკრძალავს. „არ ვიცი, ეს იურისტებს ჰკითხეთ. თუ დაგვიწესებენ და სავალდებულო იქნება, მაგის მექანიზმიც შეიქმნება, რომ უსახლკარომ მიიღოს დახმარება“, – გვპასუხობს თემურ ქარცივაძე.

გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, ბათუმის მერიისგან 4567 ადამიანი მოითხოვდა საცხოვრებლის მიღებას. 

„ჩვენი სარჩელის მიზანი არის ის, რომ სახელმწიფომ შექმნას სისტემა, რომელიც ამ უთანასწორობას გამორიცხავს. თავდაპირველად საჭიროა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც ქუჩაში დარჩენილ ადამიანს შემწეობის მიცემაზე უარს ეუბნება“, – ამბობს იურისტი ლინა ღვინიანიძე.

სარჩელის მიხედვით, არსებული რეგულაცია სხვადასხვა მუხლთან ერთად არღვევს „საქართველოს კონსტიტუციის“ მე-14 მუხლს, სადაც წერია, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორი „განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: