მთავარი,სიახლეები

აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

10.02.2017 • 8422
აქციაზე დაკავებული მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არაადეკვატურ ფასს სთავაზობს

ბათუმში დღეს, 10 თებერვალს, ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები სულიკო გვიანიძე დააკავეს წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. შს სამინისტროს ინფორმაციით,  დაკავებულს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173- მუხლებით ედება ბრალი.

სულიკო გვიანიძის დაკავებას წინ უძღოდა აქცია, რომელსაც ხიხანის ქუჩაზე მცხოვრებლები უკვე მესამედ მართავენ. ამ ქუჩაზე  ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი გადის, რისთვისაც მოსახლეობის ნაწილს საკუთრების დათმობა მოუწევს. მოსახლეობა საკუთრების დათმობის სანაცვლოდ „არაადეკვატური ფასის შეთავაზებას“ აპროტესტებს.

აქციაში მონაწილეობდა თამაზ ბაკურიძე, რომელიც ხიხანის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს კარგად იცნობს. მისი თქმით, ელექტროგადამცემი ბოძების დამონტაჟება ხიხანის ქუჩაზე უკვე დაიწყო, გუშინ კომპანია სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე მუშაობდა, დღეს კი მშენებელი კომპანია სულიკო გვიანიძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში შევიდა.

„ასამდე პოლიციელი იყო ადგილზე მობილიზებული, პოლიციის ძალით მოხდა შესვლა ტერიტორიაზე, ამ დროს დააკავეს სულიკო გვიანიძე.  ხიხანის ქუჩის მოსახლეობა არ ეთანხმება იმ კონპენსაციას, რომელსაც თავაზობს კომპანია და ამან გამოიწვია ეს დაპირისპირება და მოსახლეობის პროტესტი,“ – ამბობს თამაზ ბაკურიძე.

„სულიკო გვიანიძის საკუთრებაში არსებული 313 კვ.მ ფართობი უკვე სააქციო საზოგადოება „საქართველოს ელექტროსისტემის საკუთრებაშია“, რადგან გვიანიძეს ექსპროპრიაციის წესით ჩამოერთვა საკუთრება, ამ ადგილას ელექტროგადამცემი ბოძი განთავსდება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ სააქციო საზოგადოება საქართველოს ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი გიორგი შარკოვი.

„აღნიშნულ ნაკვეთზე, სადაც იდგმება მაღალი ძაბვის გადამცემი ანძა, მიმდინარეობდა ექსპროპრიაციის პროცედურა, რომელიც დასრულდა და საკუთრებაში გადმოგვეცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი. ელექტროგადამცემი ხაზის უსაფრთხოების ზოლი ამ ქუჩაზე წარმოადგენს 62-მეტრიან ბუფერს. ამ ზოლში რამდენი მოსახლეც ხვდება, მათ ყველას ეკუთვნის კომპენსაცია.

რაც შეეხება საკომპენსაციო თანხას, ბატონ სულიკოს სასამართლოს წესით შეუძლია გაასაჩივროს საკომპენსაციო თანხის ოდენობა და თუ სასამართლო დაადგენს უფრო მეტ საკომპენსაციო თანხის ოდენობას, ვიდრე ჩვენ ვთავაზობთ, ჩვენ დავემორჩილებით სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – ამბობს გიორგი შარკოვი.

იგი განმარტავს, რომ საკომპენსაციო თანხა ითვლება ყოველი კონკრეტული მოსახლისათვის იმის გათვალისწინებით, თუ კონკრეტულად სად მდებარეობს მიწის ნაკვეთი, არის თუ არა ნაკვეთზე ხე-მცენარეები, შენობა-ნაგებობები და ა.შ. „ამის მიხედვით არის რამდენიმე ტიპის კომპენსაციის თანხა. ეს დგინდება საბაზრო ღირებულებით, დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. კომპენსაციის თანხა შეთანხმებულია როგორც მსოფლიო ბანკთან, ასევე საქართველოს მთავრობასთან,“ – ამბობს გიორგი შარკოვი.  მისი თქმით, ამ ეტაპზე დაახლოებით ოთხი მილიონი ლარის კომპენსაციაა გაცემული ბათუმი-შუახევის მონაკვეთზე მცხოვრებ მოსახლეობაზე.

აჭარაში მაღალი ძაბვის ახალციხე-ბათუმის 220-კილოვოლტიან ელექტროგადამცემ სისტემას საქართველოს სახელმწიფოს დაკვეთით ინდური კომპანია KEC-ი აშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის. პირველადი მონაცემებით, ბუფერულ ზონაში 50 ოჯახი მოხვდება. მშენებლობა 2018 წლის დასაწყისისთვის უნდა დასრულდეს. ამ ქსელით ახალაშენებული ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ერთ სისტემაში მოქცევა და თურქეთისთვის მიწოდება იგეგმება.

ხიხანის ქუჩის მოსახლეობამ დახმარებისთვის აჭარაში სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიმართა.

ფოტოზე: აქცია ხიხანის ქუჩაზე. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან. 

ამავე თემაზე: 

აქცია ადექვატური კომპენსაციის მიღების მოთხოვნით

გადაბეჭდვის წესი


ასევე: